Home Blog Page 5

“დარღვევა არ გამოვლენილა” -კომპანია IDS ბორჯომი საქართველო განცხადებას ავრცელებს

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, რომელიც წყალ “ბაკურიანი ციდას” აწარმოებს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კერძოდ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან წყლის დალევის შედეგად მცირეწლოვან ბავშვს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს აცხადებს, რომ მათ მიერ მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა ნიმუშები კონკრეტულ მაღაზიაში  და დარღვევა არ გამოვლენილა.

“სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა. პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას.“ – ნათქვამია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

გამორიცხულია, “ნაცებმა? არ იცოდნენ, რომ აღმაშენებლის ხეივანის გადაკეტვა დანაშაულია, მათი მიზანია, გაწირონ პროტესტის მონაწილეები -მამუკა მდინარაძე

გამორიცხულია, „ნაცებმა“ არ იცოდნენ, რომ აღმაშენებლის ხეივანის გადაკეტვა დანაშაულია. მათი მიზანია, გაწირონ პროტესტის მონაწილეები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, აღმაშენებლის ხეივანი ცენტრალურ მაგისტრალს განეკუთვნება და მისი გადაკეტვა დანაშაულია.

„როგორც ვიცი, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრენერები და მათგან დატრენინგებული „ნაცები“ ცდილობენ, თუ არ ვცდები, ხვალ აღმაშენებლის ხეივანი გადააკეტინონ პროტესტის მონაწილეებს, მომიტინგე ადამიანებს. მათ ეუბნებიან, მოვასწროთ იქამდე, ვიდრე დანაშაული არ არისო. გამორიცხულია, არ იცოდნენ, რომ ეს დანაშაულია, რადგან ცენტრალურ მაგისტრალში გადის, ცენტრალური მაგისტრალი კი სტრატეგიული ობიექტების ნუსხაშია შესული. აქედან გამომდინარე, დღეს ეს დანაშაულია. ვინაიდან ეს იციან, მათი მიზანია, გაწირონ პროტესტის მონაწილეები – გადააკეტინონ, შემდეგ დააკავონ ადამიანები, დააჭერინონ პოლიციას და თქვან, რომ რეჟიმის პატიმრები არიან.

პირდაპირ ეუბნებიან, რომ ეს არ არის დანაშაული. პროტესტის ყველა მონაწილეს ვთხოვ – იმ 400 დატრენინგებული ადამიანის იქით ხომ არის 200, 500 ადამიანი, ხომ ემატებათ ხოლმე – ყველას ვთხოვ, ყურადღება მიაქციონ, რას უკეთებდნენ აქციების რეალური ორგანიზატორები. ატყუებდნენ, რომ არ არის დანაშაული, დააკეტინებდნენ გზას, რასაც შეიძლებოდა, მოჰყოლოდა მათი დაკავება  სისხლისსამართლებრივი წესით. შემდეგ იტყოდნენ, რომ ხალხმა არ იცოდა, უდანაშაულოები და რეჟიმის პატიმრები არიანო“, – განაცხადა მდინარაძემ.

აშშ-მა შექმნა საგარეო დახმარების გასაჯაროების და გადამოწმების პროცესის წამოწყების მაგალითი. ამის ფონზე, სხვა დონორების უმოქმედობა მიუღებელია – შალვა პაპუაშვილი

აშშ-მა შექმნა საგარეო დახმარების გასაჯაროების და გადამოწმების პროცესის წამოწყების მაგალითი. ამის ფონზე, სხვა დონორების უმოქმედობა მიუღებელია, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, უნდა გადამოწმდეს და გასაჯაროვდეს ბრიუსელიდან და სხვა დედაქალებიდან ქართულ პოლიტიკაში დახარჯული თითოეული ცენტი.

,,აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის აღიარების შემდეგ, რომ საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ შიდა პოლიტიკაში მავნე ჩარევა ფინანსდებოდა, გასაკვირი აღარაა, რატომ ააჯანყეს დონორებმა მათი ენჯეოები გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ.

აშშ-მა შექმნა საგარეო დახმარების გასაჯაროების და გადამოწმების პროცესის წამოწყების მაგალითი. ამის ფონზე, სხვა დონორების უმოქმედობა მიუღებელია.

უნდა გადამოწმდეს და გასაჯაროვდეს ბრიუსელიდან და სხვა დედაქალებიდან ქართულ პოლიტიკაში დახარჯული თითოეული ცენტი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოს ენერგეტიკის სფეროში „აჭარ ენერჯის“ მიერ 460 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია აღნიშნულ სექტორს დამატებით სიმძლავრეს შესძენს – ლევან დავითაშვილი

Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯისთვის“ საქართველო და საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი არის მიმზიდველი, აქედან გამომდინარე, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება უპრეცედენტოდ დიდი, 460 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელების შესახებ, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში 460 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და კომპანიის ხელმძღვანელების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

„კომპანია „აჭარ ენერჯი“ წარმოადგენს Exim Holding-ის შვილობილ კომპანიას. Exim ჯგუფი თურქეთის ენერგეტიკულ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, რომელსაც თურქეთში 800 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრე აქვს. კომპანია საქართველოში წარმატებით ოპერირებს, ბოლო წლებში 2 მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, 2 ჰიდროელექტროსადგური, რომელშიც 200 მლნ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. მათთვის საქართველო და საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი არის მიმზიდველი, აქედან გამომდინარე, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება უპრეცედენტოდ დიდი საინვესტიციო გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენ, დაახლოებით, 360 მგვტ-მდე სიმძლავრის პროექტებზე უკვე შევთანხმდით მთავრობასთან ერთად და კომპანია მიმდინარე წელს აქტიურად იწყებს 460 მლნ აშშ დოლარიანი ინვესტიციების განხორციელებას, რაც საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორს შემატებს დამატებით სიმძლავრეს და კონკურენტუნარიანობას აამაღლებს. უკვე 2025 წელს ჩვენ პირველი პროექტების გახსნას შევძლებთ და შემდეგი 3-4 წლის განმავლობაში ჩვენ 360 მგვტ-ის სიმძლავრის ახალ პროექტებს გავხსნით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირდაპირ ხელისგულზე დევს, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას – მამუკა მდინარაძე

ეს არის მტკიცებულება, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლების მხრიდან ხდებოდა საქართველოში რევოლუციის დაფინანსების ლობირება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, საიდანაც ირკვევა, თუ რა გზებით შემოდიოდა საქართველოში USAID-ის დაფინანსება და რას ხმარდებოდა ის.

მისი თქმით, ამერიკელი გადამხდელების ფული ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას და ამაზე რატომღაც აშშ-ს საელჩო დუმს.

„პირდაპირ ხელისგულზე დევს, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული, მათი ნების საწინააღმდეგოდ ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას.

სამწუხაროა აშშ-ს საელჩოს დამოკიდებულება, რომელიც ნამდვილად სცდება ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის განწყობას. გუშინ საელჩოს მოუწია პირადად ჩემს განცხადებაზე რეაქციის მიცემა, სადაც ძალიან ზოგადი ტექსტი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიდგომებს და ღირებულებებს იზიარებენ ისინი ტრამპის თუ რუბიოსი, რომელიც არის მათი უშუალო ხელმძღვანელი. არც ერთი სიტყვა არ იყო იქ ნათქვამი, რა დამოკიდებულება აქვს შტატების ლიდერების დღევანდელ პოზიციებთან დაკავშირებით საელჩოს. მაგალითად, ოჯახურ ღირებულებებთან და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ რა დამოკიდებულება აქვთ? გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, USAID-ის ასე მავნებლურ ნახარჯ თანხებთან დაკავშირებით, მშვიდობასთან დაკავშირებით, ის, რომ ქვეყნებმა საკუთარი საკითხები თავადვე უნდა გაარკვიონ? არც ერთი სიტყვა სამწუხაროდ, არ იყო, რეალურად იმ შეცვლილ ნარატივთან დაკავშირებით, რაც გახმოვანებულია პრეზიდენტ ტრამპის მიერ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, თუ აშშ-ს საელჩო იზიარებს პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკას, ეს უნდა იყო გახმოვანებული მისი მხრიდან.

„ასევე, დაუჯერებელია საელჩო ცდილობდეს, რომ „დიფ სთეითის“ აგენტურა სხვანაირად მოქმედებდეს და ისინი თვითნებობას აგრძელებდნენ. წარმოუდგენელია. თუ ისინი იმ ხალხს, რომლებიც დღეს ქუჩის პროტესტს აორგანიზებენ, მიუთითებენ, ერთ წუთში დამთავრდება ის მავნებლობა, რაც საქართველოს წინააღმდეგ ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამიტომ „ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს“. იმ ხალხის მოქმედებები და საელჩოს განცხადება თანხვედრაში არ არის და მარტივად შეუძლიათ იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად იზიარებენ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის მიდგომებს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში 460 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს

საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში 460 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციებს განახორციელებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და კომპანიის ხელმძღვანელების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

საინვესტიციო პროექტით დაგეგმილია ქარის ხუთი და მზის ერთი ელექტროსადგურების მშენებლობა, რაც ჯამში, დაახლოებით, 360 მგვტ დადგმულ სიმძლავრეს მოიცავს და ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებას, ისე ამ მიმართულებით საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ Achar Energy-Eksim Holding -ის წარმომადგენელმა აღნიშნა, ქვეყნის დიდი საინვესტიციო პოტენციალი და ის ხელშეწყობა, რომელიც ბიზნესმენებს საქართველოს მთავრობისგან აქვთ, საქართველოს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის უცხოელი ინვესტორებისთვის. უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციის განხორციელებას კომპანია მიმდინარე წელს დაიწყებს და პროექტები ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა.

Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ საქართველოში ბოლო წლებია წარმატებით ოპერირებს და 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი უკვე განახორციელა, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 200 მლნ აშშ დოლარს აღემატება.

განსხვავებულობის მიუხედავად, უნდა დავდგეთ ერთად, ასე შეგვიძლია ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო – მიხეილ ყაველაშვილი

ჩვენ ერთად დგომით შეგვიძლია, საბოლოოდ ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც თითოეული ქართველის გულში ცოცხლობს, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

პრეზიდენტმა საზოგადოების პოლარიზაციას ხელოვნურად თავსმოხვეული მოვლენა უწოდა და ამ პროცესში გულწრფელი ახალგაზრდების გამოყენების სამწუხარო შემთხვევებზე ისაუბრა.

„მსურს, კვლავ დავუბრუნდე თავსმოხვეულ ხელოვნურ პოლარიზაციას. სამწუხაროდ, ამ პროცესში აქტიურად იყენებენ არაერთ გულწრფელ და გულანთებულ ახალგაზრდას. კარგად მახსოვს ჩემი თავი, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი. ვიცი, რამდენად მოჭარბებულია ემოციები ამ პერიოდში, რამდენად იმპულსური, მეამბოხე და ფეთქებადი ხარ, როგორი მძაფრია შეფასებები და განწყობა ამა თუ იმ საკითხის მიმართ. სწორედ მსგავს ემოციებზე თამაშობენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველები. ჩემთვის წარმოუდგენელია, არსებობდეს ქართველი ადამიანი, ვინც არ ეთანხმება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ჩვენი ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვას, ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობას. თუკი არსებობს ასეთი ადამიანი, ის არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა და შეცდომების აღიარებისა და სიმართლისთვის თვალის გასწორების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, ჩვენ, ქართველები, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, წარმოუდგენელია, ვიყოთ ერთმანეთის მტრები. ჩვენ გვაქვს ერთი ენა, ერთი კულტურა, ერთი ისტორია და ერთი სამშობლო, რომელსაც სჭირდება მოფრთხილება. თუკი ჩვენ ეს ყველაფერი გვაერთიანებს, როგორ შეიძლება, სხვა დანარჩენ საკითხებში განსხვავებული შეხედულებების გამო უარი ვთქვათ ერთმანეთზე და ერთმანეთთან საუბარზე. დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი აუცილებლად უშვებს, რომ სადღაც შეიძლება, ცდებოდეს. ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი შეცდომის დანახვა და აღიარება, სიმართლისთვის თვალის გასწორება. ჩვენ, განსხვავებულობის მიუხედავად, მოგვიწევს, გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება, ამიტომ, უნდა შევძლოთ რეალობისთვის თვალის გასწორება და ერთმანეთთან დიალოგი. ჩვენ უნდა შევძლოთ და ვაჯობოთ სიბრაზეს საკუთარ თავში, მოვახერხოთ და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. განსხვავებულობის მიუხედავად, უნდა დავდგეთ ერთად და დავიცვათ ჩვენი ღირებულებები. ჩვენ ერთად დგომით შეგვიძლია, საბოლოოდ ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც თითოეული ქართველის გულში ცოცხლობს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ორმაგი სტანდარტი საქართველოსთან მიმართებაში ზიანს აყენებს ევროპულ ღირებულებებს და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას – მიხეილ ყაველაშვილი

სამწუხაროა რომ, ბოლო პერიოდში საქართველო უსამართლო თავდასხმის სამიზნე ჩვენი არაერთი ევროპელი პარტნიორის მხრიდანაც გახდა, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მისი შეფასებით, ორმაგი სტანდარტი საქართველოსთან მიმართებაში ზიანს აყენებს ევროპულ ღირებულებებსა და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას.

„განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ეს იმ სივრციდან, რომლისკენ სვლა ქართველმა ხალხმა სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, კანონის უზენაესობის დაცვის, ეროვნული იდენტობისა და სუვერენულობის შენარჩუნების იმედით გადაწყვიტა. ორმაგი სტანდარტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ფაქტობრივად ყოველდღიურობად იქცა, სამწუხაროდ, ზიანს აყენებს ევროპულ ღირებულებებს და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას. საქართველო, ევროპული იდეისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ, არ იმსახურებს ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას და გაძლიერებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საბედნიეროდ, ამ რთულ პერიოდში სახელმწიფო და ხალხი ერთად დგას ქვეყნის სადარაჯოზე – მიხეილ ყაველაშვილი

საბედნიეროდ, ამ რთულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი ერთსულოვანია და ერთად დგას საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხი დღეს სახელმწიფოებრიობის გამოცდის მნიშვნელოვან ეტაპს გადის.

„ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი დღეს სახელმწიფოებრიობის გამოცდის მნიშვნელოვან ეტაპს გადის. მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, მდიდარი ისტორია, კულტურა, ქართველი ერის ღირსება და მტკიცე ხასიათი ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რომელიც საქართველოს წინ ანთებული ლამპარივით მიუძღვის ამ რთულ და სახიფათო გზაზე. ჩვენი წინაპრების გამოცდილებამ გვასწავლა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს შეუპოვრობასა და უსამართლობასთან ბრძოლას; უფლის, სამშობლოსა და საკუთარი თავის რწმენას. ჩვენი პატარა, თუმცა ამაყი ერი სწორედ ამ პრინციპების დაცვამ გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე, თანაც ისე, რომ შეინარჩუნა საკუთარი ენა, დამწერლობა, კულტურა, სარწმუნოება, ადათ-წესები და იდენტობა, მაშინ როდესაც, საქართველოს დამპყრობელი არაერთი უძლიერესი ერი დაინგრა და განადგურდა. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ქართველებმა, ზუსტად ვიცით, რა პრინციპებისა და ღირებულებების დაცვა გვევალება, რას უნდა მოვუფრთხილდეთ და საბოლოოდ როგორი საქართველო ავაშენოთ. საბედნიეროდ, ამ რთულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი ერთსულოვანია და ერთად დგას საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე. განსხვავებულობის მიუხედავად, ერთმანეთის გვერდში დგომით, მტკიცედ იცავს საკუთარ სამშობლოს, როგორც ერთიან, დიდ ოჯახს რომელსაც საქართველო ჰქვია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარებს სერვისის მიღება, დამატებით, თურქეთის კიდევ სამ კლინიკაში შეეძლებათ – პროგრამას „მედიკანას საერთაშორისო კლინიკა“, „ემსი ჰოსპიტალი“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ დაემატა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტები, მომსახურებას უკვე 8 კლინიკაში – თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში მიიღებენ. ახალ პარტნიორ კლინიკებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა.

„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და პროტონოთერაპიას.

ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 157 ბენეფიციარი ჩაერთო. მკურნალობა უკვე დაასრულა 100-მა პაციენტმა.

მინისტრი, თურქეთში, „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელ ხათუნა ჩაჩავასთან და ფონდის წარმომადგენელ ქეთევან კარტოზიასთან ერთად იმყოფებოდა.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს, სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ: ესპანეთში, „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“; ისრაელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრში“; თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“; „აჯიბადემის ჰოსპიტალში“; „ჰოსპიტალ მემორიალში“; „მედიკანას საერთაშორისო კლინიკაში“, „ემსი ჰოსპიტალსა“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“.

საქართველოსთან ერთად, სახელმწიფო, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის პარტნიორ კლინიკებში, ყველა ბენეფიციარის მკურნალობას სრულად აფინანსებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

USAID-მა, პოლიტიკური ენჯეოების გავლით, საქართველოში 41,7 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა არჩევნებზე. მოსახლეობის რაოდენობის თანაფარდობას თუ ავიღებთ აშშ-ის არჩევნებში უცხოეთიდან 3,78 მილიარდი დოლარის ჩასხმის ეკვივალენტია – პაპუაშვილი

USAID-მა, პოლიტიკური ენჯეოების გავლით, საქართველოში 41,7 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა არჩევნებზე, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, მოსახლეობის რაოდენობის თანაფარდობას თუ ავიღებთ ეს თანხა აშშ-ის არჩევნებში უცხოეთიდან 3,78 მილიარდი აშშ დოლარის ჩასხმის ეკვივალენტია.

„USAID-მა, პოლიტიკური ენჯეობის გავლით, საქართველოში 41,7 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა არჩევნებზე. მოსახლეობის რაოდენობის თანაფარდობას თუ ავიღებთ ეს თანხა აშშ-ის არჩევნებში უცხოეთიდან 3,78 მილიარდი აშშ დოლარის ჩასხმის ეკვივალენტია. ეს შედარება კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება თუკი საფუძვლად ქვეყნების GDP-ს ავიღებთ.
შეუძლებელია, სხვა ქვეყნის არჩევნებზე 41,7 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავდე და არანაირ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობდე ამ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ.

USAID-მა, რომელიც 2020 წელს თავად იყო პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელების და არჩევნების აყირავების მცდელობის მონაწილე და 2024-შიც იგივე გააგრძელა, უნდა განმარტოს, როგორ ხდება, რომ ათეულობით მილიონი იხარჯება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც, ყოველ ჯერზე, არჩევნების აყირავების მოთავეები არიან“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს

პეკინი აშშ-დან იმპორტირებულ ზოგიერთ პროდუქტზე, მათ შორის ნედლ ნავთობზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და თხევად ბუნებრივ გაზზე, საპასუხო ტარიფებს აწესებს, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა.

ტელეკომპანიის ცნობით, ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ზომები გულისხმობს 15%-იანი ტარიფის დაწესებას ქვანახშირსა და თხევად ბუნებრივ აირზე და 10%-იან ტარიფს – ნედლ ნავთობზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, დიდგაბარიტიან ავტომობილებსა და პიკაპებზე.

აღნიშნული ტარიფები 10 თებერვლიდან ამოქმედდება.

პეკინმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე დაწესებული 10%-იანი ტარიფები ძალაში შევიდა.