Home Blog Page 5

15 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ზოგან მოსალოდნელია წვიმა. 

დედაქალაქში +30 გრადუსი დაფიქსირდება.

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +29 – წვიმა 

სოხუმი +26 – უმეტესად მზიანი  

ზუგდიდი +28 – მზიანი 

მესტია +21 – წვიმა 

ფოთი +28 – მზიანი 

ბათუმი +28 – მზიანი 

ოზურგეთი +28 – მზიანი 

ქუთაისი +29 – მზიანი 

ამბროლაური +26 – მზიანი 

ახალციხე +17 – წვიმა  

ბორჯომი +22 – უმეტესად მზიანი 

ბაკურიანი +20 – მზიანი 

გორი +29 – მზიანი 

ცხინვალი +26 – მზიანი 

სტეფანწმინდა +17 – წვიმა 

გუდაური +15 – უმეტესად მზიანი 

თელავი +26 – წვიმა 

რუსთავი +31 – უმეტესად მზიანი 

თბილისი +30 – უმეტესად მზიანი 

აშშ-ის ხაზინის მდივანი: ევროპელმა პარტნიორებმა ან უნდა იმოქმედონ, ან დადუმდნენ

ევროპელმა პარტნიორებმა ან უნდა იმოქმედონ, ან დადუმდნენ, – განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში.

წამყვანის კითხვაზე – თქვენ თქვით, რომ პრეზიდენტი მზად არის პუტინს ძალიან მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს სანქციების შესახებ. თქვენ ასევე მოუწოდებთ ევროპას, მხარი დაუჭიროს ვაშინგტონის ინიციატივას მეორადი სანქციების დაწესების შესახებ იმ ქვეყნებზე, რომლებიც კვლავაც ყიდულობენ რუსულ ნავთობს. რას ელით ამ საუბრისგან და რას ეტყოდით ევროპელ ლიდერებს ამ საკითხზე? – აშშ-ის ხაზინის მდივანმა უპასუხა:

პრეზიდენტ ტრამპს აქვს მოლაპარაკების სტრატეგია – ბოლო რამდენიმე კვირისა და დღის განმავლობაში, მან ბევრი ნაბიჯი გადადგა ამისთვის. ასე რომ, ის [ამ დიალოგში] შევა ძალიან ძლიერი პოზიციით. მინდა ვთქვა, რომ ევროპელმა პარტნიორებმა ან უნდა იმოქმედონ, ან დადუმდნენ. ისინი კვლავ ამბობენ: ო, ამერიკამ უნდა გააკეთოს ეს, ამერიკამ უნდა გააკეთოს ის. პრეზიდენტმა ტრამპმა ინდოეთს დაუწესა მეორადი სანქციები ან მეორადი ტარიფები რუსული ნავთობის მოხმარების გამო, ხოლო ევროპელებს ჯერ ეს არ გაუკეთებიათ. უფრო მეტიც, ევროპელები ყიდულობენ გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებს, რომლებსაც ინდოელები აწარმოებენ. ამიტომ, საჭიროა კოორდინაცია. თუ გვინდა, რომ გვქონდეს ერთიანი ფრონტი, რაც პრეზიდენტ ტრამპს მისცემს მაქსიმალურ ბერკეტს, მაშინ ვფიქრობ, რომ ევროპელმა პარტნიორებმა თავიანთი წილი უნდა შეასრულონ.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს – გიორგი მიქაძეს, გიორგი კაჭკაჭაშვილს, მამუკა ბაღდავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დავით მიქაძეს და გიროგი ჯოხაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

გიორგი კაჭკაჭიშვილის ადვოკატი ბრალდებულის გათავისუფლებას 10 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, 30 000 ლარის გირაოს შუამდგომლობა დააყენა, გიორგი ჯოხაძის ადვოკატმა, რაც შეეხება გიორგი და დავით მიქაძეებს, ადვოკატმა გიორგი მიქაძის გათავისუფლება მოსამართლეს 50 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შესთავაზა.

პროკურორი ლევან ვეფხვაძე სხდომაზე განმარტავდა, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაული ჩადენის, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებებია განადგურების საფრთხე, რასაც ბრალდებულების ადვოკატები არ დაეთანხმნენ.

დაცვის მხარის მტკიცებით, არ არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაკავებულების წინააღმდეგ, გარდა პოლიციელის ჩვენებისა.

ადვოკატების თქმით, მკვლელობის შეკვეთის ბრალდება არის აბსურდული და დაუსაბუთებელი.

სიტყვით ისარგებლა გიორგი მიქაძემ. მისი თქმით, ის არაერთხელ გააფრთხილეს იმასთან დაკავშირებით, რომ დააკავებდნენ, თუმცა ქვეყანა მაინც არ დატოვა.

“ამ საქმესთან არ მაქვს არანაირი შემხებლობა. სანამ დამაკავებდნენ გამაფრთხილეს, არაერთ გზის,რომ დამაკავებდნენ, მაინც არ წავედი. ვარ შეურაცხყოფილი. ვითხოვ თავისუფლებას”,- აღნიშნა გიორგი მიქაძემ.

საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 6 ოქტომბერს , 12:00 საათზე, ჩაინიშნა.

,,ნებისმიერი თავმოყვარე პარტიისათვის საარჩევნო პოლიტიკის და კანდიდატურების დაკავშირება და შეთანხმება უცხოურ ძალებთან, არის ხარაკირის ჩატარება”- ირაკლი ქადაგიშვილი

ნებისმიერი თავმოყვარე პარტიისათვის საარჩევნო პოლიტიკის და კანდიდატურების დაკავშირება და შეთანხმება უცხოურ ძალებთან, არის ჰარაკირის ჩატარება, – რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიას შეხვდნენ.

„ნებისმიერი თავმოყვარე პარტიისათვის საარჩევნო პოლიტიკის და კანდიდატურების დაკავშირება და შეთანხმება [უცხოურ ძალებთან], თუ ეს ასე არის, არის სირცხვილი. ეს არის თვით ჰარაკირის ჩატარება. მათი ყველა გადაწყვეტილება იქნება იმპულსური, აქედან გამომდინარეც შედეგებიც იმპულსური იქნება და არა რაიმე სისტემური“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი კუპრაძე და გახარიას პარტიის წარმომადგენელი ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან იმყოფებოდნენ. ფაქტი დაადასტურეს გახარიას პარტიაშიც და ლელოშიც. არსებული ინფორმაციით, პარტიები საარჩევნო სიასა და კანდიდატებზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. „ლელოს” წევრმა ირაკლი კუპრაძემ შეხვედრა დაადასტურა და განაცხადა, რომ გახარიას პარტიასა და „ლელოს” აუცილებლად საერთო კანდიდატი ეყოლებათ.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დასრულდა

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ განიხილა ყველა წარდგენილი განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია. შედეგად, 14 პარტიაა რეგისტრირებული, რომელთაც მიენიჭათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

ცესკოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 17-მა პარტიამ მიმართა. მათგან სამს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ვინაიდან მათ ვერ დააკმაყოფილეს კანონით დადგენილი მოთხოვნები.

პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების, მაჟორიტარი და მერობის კანდიდატების წარდგენას, რომელსაც პარტია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგენს (არაუგვიანეს 4 სექტემბრისა), რის შემდგომაც დაიწყება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებისა და შემდეგ უკვე რეგისტრაციის პროცესი.

https://cesko.ge/ge/siakhleebi/pres-relizebi/singleview/11036757-munitsipalitetis-organota-archevnebistvis-partiebis-registratsia-dasrulda

რა ეღირება დოლარი და ევრო 15 აგვისტოს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7263 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7263 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7226 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1870 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1909 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0039 ლარი შეადგინა.

ძლიერი ინსტიტუტების ინდექსით საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირა და მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა

ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ძლიერი ინსტიტუტების ინდექსი გამოაქვეყნა.

საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით ახალი ისტორიული მაქსიმუმი – 63% მიიღო და მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა.

ინსტიტუციური სიძლიერით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირისა და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს: პორტუგალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთს, თურქეთს და ა.შ.

მსოფლიოში სახელმწიფო მმართველობების ინსტიტუციური სიძლიერე შეფასდა 4 კრიტერიუმით: კოორდინაცია; მონაცემთა შესაძლებლობები; იმპლემენტაცია; ბიუროკრატიის ხარისხი. საქართველო კოორდინაციის მიხედვით მსოფლიოში 24-ე ადგილზე გავიდა; ბიუროკრატიის ხარისხით კი 25-ე პოზიცია დაიკავა.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასებით: „ ინსტიტუტები, როგორიცაა სამინისტროები, საჯარო დეპარტამენტები და საკანონმდებლო ორგანოები, წარმოადგენენ კარგად მოქმედი მთავრობის ქვაკუთხედს. ძლიერი ინსტიტუტები ეფუძნება მიზანს, შეუძლიათ კოორდინაცია და ეფექტური მუშაობა სხვებთან, გაანალიზონ და კარგად იმოქმედონ ახალი ინფორმაციის საფუძველზე და შეუძლიათ გეგმებისა და პოლიტიკის კონკრეტულ ქმედებებად და პროგრამებად გარდაქმნა“.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი სინგაპურში მდებარეობს.

ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.

ერთადერთი, რაც „ლელოს” და გახარიას პარტიას აერთიანებთ, საკუთარი ქვეყნის სიძულვილია – დავით მათიკაშვილი

ერთადერთი, რაც „ლელოს” და გახარიას პარტიას აერთიანებთ, საკუთარი ქვეყნის სიძულვილია,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიას შეხვდნენ. გორდულაძე გახარიას „მშიშარა ადამიანს“ უწოდებს.

„რადიკალებს აქვთ ნულოვანი შანსი თვითმმართველობის არჩევნებზე და ეს მათაც ძალიან კარგად იციან. იციან, რამეთუ ვერც შეთანხმდნენ საერთო კანდიდატებზე. დღეს იკრიბებიან უცხოეთში, სურვილი აქვთ, რომ იმსჯელონ ამ საკითხებზე და ვინ? გიორგი გახარია, რომელიც გაქცევითა და ღალატით არის ცნობილი ჩვენს ქვეყანაში, წარმოადგენს კოლექტიური „ნაცმოძრაობის” ერთ განშტოებას. მეორე მხრივ, „ლელო” თაღლითების და „ნაცმოძრაობასთან” არსით დაკავშირებული პირების პარტია. ერთადერთი შეგვიძლია ვთქვათ – რა აერთიანებთ ამ ძალებს? საკუთარი ქვეყნის სიძულვილი“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი კუპრაძე და გახარიას პარტიის წარმომადგენელი ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან იმყოფებოდნენ. ფაქტი დაადასტურეს გახარიას პარტიაშიც და ლელოშიც. არსებული ინფორმაციით, პარტიები საარჩევნო სიასა და კანდიდატებზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.

ისინი ითხოვენ, რომ ჩვენ დავთმოთ ის ცივილიზაციური საწყისები, რომლებიც გვაქვს – ბიძინა გიორგობიანი ბრიუსელზე

ბრიუსელის მოთხოვნის საპასუხოდ, რომელიც გამჭვირვალობასთან და ოჯახური ღირებულებების დაცვასთან დაკავშირებული კანონების გაუქმებას გულისხმობს, ხელისუფლებას თვითმმართველობის არჩევნებზე პლებისციტის ჩატარებისკენ მოუწოდებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ნეიტრალური საქართველო“.

როგორც მოძრაობაში განმარტავენ, კითხვა შემდეგნაირად უნდა ჩამოყალიბდეს – ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ, გაწევრიანდეს ქვეყანა ევროკავშირში.

„ეს მოთხოვნები გახდა ჩვენი ინიციატივის საფუძველი, რომ ჩაგვეტარებინა პლებისციტი – ნაცვლად იმისა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიის ინსტრუქციებით და მოქმედებებით ვიხელმძღვანელოთ და ვიცხოვროთ, დავუბრუნდეთ პირდაპირ დემოკრატიას და ვკითხოთ საქართველოს მოქალაქეებს, სურთ თუ არა მათ იმ ინსტრუქციებით იცხოვრონ, რომლებიც ბრიუსელიდან მოდის და რომლებიც მოითხოვენ ჩვენგან სუვერენიტეტის დათმობას, ვიდრე ჩვენთან ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

7 რეზოლუციაა მიღებული საქართველოს წინააღმდეგ. ეს არ არის რეზოლუციები პოლიტიკურ ან ეკონომიკურ პირობებზე. ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციები, რომლებშიც გარკვევით არის აღნიშნული, რომ საქართველომ უნდა გაიწვიოს ესა თუ ის კანონი. განსაკუთრებული გართულება აქვთ ამ ორ კანონზე, რომლებიც ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელია. ისინი ითხოვენ, რომ ჩვენ დავთმოთ ის ცივილიზაციური საწყისები, რომლებიც გვაქვს“, – აღნიშნა მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა.

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ბრიუსელი საქართველოს გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას სთხოვს – წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება.

საპასუხოდ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ინიციატივით გამოვიდა. საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადებაში აღნიშნულია: „მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება“.

დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება – ვენეცია დაემატება

2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება, ვენეცია დაემატება. ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით იტალიის უკვე მესამე ქალაქში იქნება მოხვედრა შესაძლებელი. ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანიაWizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის ხომალდით შეასრულებს. ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისში, Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებები აღადგინა, ხოლო ივნისიდან სრულიად ახალი, ლიონის მიმართულებით დაიწყო კვირაში ორი სიხშირით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება.

2022 წლიდან ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. 2025 წლის 7 თვის მონაცემებით Wizz Air საქართველოში 900 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. მხოლოდ 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში კი, ავიაკომპანიამ ქუთაისიდან და პირიქით, დაახლოებით 4 800 რეისი შეასრულა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით თითქმის 9%-ით მეტია.

ამ ეტაპზე,Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს.

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

„ავტონომიური გუნდების მართვა“ – სწორედ, ამ კატეგორიაში მოიპოვა თიბისიმ ჯილდო, რომელიც DORA Awards-ის ფოკუსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არეაა.

DORA Awards არის Google Cloud-ის ყველაზე მასშტაბური და გრძელვადიანი კვლევითი პროგრამა, რომელიც ადგენს, რა შესაძლებლობები დგას პროგრამული უზრუნველყოფისა და ოპერაციების პერფორმანსის უკან.

თიბისის, როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია, საერთაშორისო ტექ საზოგადოებას აჩვენოს, როგორ აქტიურადაა ჩართული საქართველო მსოფლიოს მიმდინარე ტექნოლოგიურ პროცესებში.

ამ ჯილდოს მიღება ნიშნავს, რომ ორგანიზაცია ქმნის მაღალი პერფორმანსის მქონე ჯგუფებს, რომლებიც:

  • მუშაობენ დამოუკიდებლად, მაღალი დონის პასუხისმგებლობით;
  • მინიმალურად არიან დამოკიდებული სხვა გუნდებზე;
  • შეუძლიათ ავტონომიურად დანერგონ, გატესტონ და შეცვალონ კოდი ან ინფრასტრუქტურა;
  • აქვთ ეფექტიანი კოლაბორაცია სხვა გუნდებთან, მათი ბლოკერებისა და თანხმობების საჭიროების გარეშე;

თიბისის ეს გამარჯვება, Google-s მხრიდან ოფიციალურად ადასტურებს, რომ ჩვენი გუნდების სტრუქტურა, კომპანიის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურა არის თანამედროვე, ეჯაილური, DevOps პრაქტიკებთან შესაბამისი, რაც სწრაფად, ეფექტიანად და მაღალი პასუხისმგებლობით მუშაობის საშუალებას იძლევა.

ბიძინა მაცაბერიძე (თიბისის ტექნოლოგიების ინფორმაციის მართვის დირექტორი): „ჩვენი, როგორც ქვეყნის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია, ტექნოლოგიების გამოყენებით შევქმნათ მარტივი და კომფორტული პროდუქტები და სერვისები ჩვენი მომხმარებლებისთვის.

ვიყენებთ ტექ ინდუსტრიაში საერთაშორისოდ აღიარებულ საზომებსა და ნიშნულებს (ე.წ benchmark-ებს) და Google-ის DORA პროგრამაც ზუსტად იმიტომ შევარჩიეთ, რომ ყოველთვის ვხედავდეთ ობიექტურ სურათს, თუ როგორ ვპოზიციონირდებით, როგორც ტექნოლოგიური კომპანია.

Google-ისგან მიღებული აღიარება და ის, რომ მსოფლიოს მასშტაბით ამ პროგრამაში ჩართული უამრავი კომპანიიდან თიბისი გამოარჩიეს, ნიშნავს ჩვენი ტექნოლოგიური გუნდის მიერ კომპანიის სწორი სტრატეგიით მართვას. ამასთან, ბიზნესი იყენებს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად.

ასევე, ეს გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან პროდუქტებისა და სერვისების შექმნის ტექნოლოგიური პროცესები, მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიების საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისია. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრისთვის, ეს საინტერესო და დიდი გამოცდილების მიმცემია.“

გიგა შუბითიძე (SDLC მმართველობის ლიდერი): „ეს გამარჯვება უდიდესი აღიარებაა იმ ტრანსფორმაციული ინიციატივებისა, რაც თიბისიმ ბოლო წლებში განახორციელა და ორმაგად სასიამოვნოა ისეთი ტექნოლოგიური გიგანტის მხრიდან, როგორიცაა Google.

რაც შეეხება ნომინაციას, რომელშიც გავიმარჯვეთ, მარტივი ენით რომ ავხსნა, მომხმარებლამდე ახალი ფუნქციონალის მიწოდება საგრძნობლად დავაჩქარეთ, რაც განპირობებული იყო სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტორით და ძლიერი DevOps კულტურის ჩამოყალიბებით – შენ ქმნი, შენვე მართავ.

ამ  პროცესების შედეგად, პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების გატარების ხანგრძლივობა თვეებიდან დღეებამდე შევამცირეთ და დანერგვების სიხშირე 600%-ზე მეტით გავაუმჯობესეთ.

Google-ის კონკურსში გამარჯვება თიბისის ტექნოლოგიების გუნდისთვის უდიდესი სტიმულია. ჩვენ გავაგრძელებთ უწყვეტ განვითარებას, რათა მომხმარებლებს უფრო სწრაფად მივაწოდოთ არაერთი ინოვაციური ციფრული სერვისი.“

რთულ ვითარებაში მყოფი ბაჩიაშვილი, ყველანაირად ცდილობს გავიდეს სამართლებრივი ჩარჩოდან და ე.წ. დაცვის სტრატეგია ააგოს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებზე – ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

ბიძინა ივანიშვილი ითხოვს მის კუთვნილ, ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებულ კრიპტოვალუტას. აღნიშნული გარემოებების საპირწონე, მათი გამაბათილებელი არაფერი წარმოუდგენია მსჯავრდებულს, რადგან ეს შეუძლებელია, – წერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე.

ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაჩიაშვილი, რომელსაც საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ გააჩნია, ყველანაირად ცდილობს, სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლას და პოლიტიკურ განცხადებებზე დაცვის სტრატეგიის აგებას.

„რთულ ვითარებაში მყოფი, მისი პოზიციის დამადასტურებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არმქონე ბაჩიაშვილი, ყველანაირად ცდილობს გავიდეს სამართლებრივი ჩარჩოდან და ე. წ დაცვის სტრატეგია ააგოს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებზე. ასევე, ეყრდნობა თითქოსდა ,,მორალურ საფუძვლებს“ (კაცი, რომელიც კრედიტის სათხოვნელად მიდის სხვა ადამიანთან და ამ საუბარს იწერს!) იმის სამტკიცებლად, რომ მას კრედიტი ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილისგან და რომ ამჟამად ,,ისჯება“ მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამ ,,სერიიდან“ არის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მან უარი განაცხადა ანტიდასავლურ რიტორიკაზე, მხარს უჭერს უკრაინის სახელმწიფოს და თურმე ამის გამო ისჯება. ასევე, განცხადებები თითქოს მის მიერ წარმოდგენილმა ,,გერმანულმა დასკვნამ“ აუდიო ჩანაწერის შესახებ, თითქოს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კითხვებზე პასუხის გაუცემლობამ, დაადასტურა მისი პოზიციების სისწორე.
აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას დეტალურად განვუმარტეთ რეალურად არსებული ვითარება ზემოაღნიშნულ საკითხებზე, კიდევ ერთხელ მოკლედ შევეხები მსჯავრდებული ბაჩიაშვილის ამ ე.წ არგუმენტებს.

აბსურდია ბაჩიაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულმა მას მოსთხოვა ანტიდასავლური რიტორიკის წარმოება. ამის დამადასტურებელი არაფერი არ აქვს წარმოდგენილი ბაჩიაშვილს, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ცხადია, ამგვარ განცხადებას არ აქვს სამართლებრივი დატვირთვა, იგი შესაძლოა მსჯავრდებულის მიერ განიხილებოდეს ერთგვარ ,,სტრატეგიულ“ სვლად, როდესაც მთავარია რომ გაჟღერდეს გარკვეული დეზინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა მეთოდებით შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის (მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაბალი დონის მანიპულაციასთან გვაქვს საქმე) და საბოლოოდ ხელი შეუწყოს დამნაშავის მიზნების მიღწევას (ანუ სახეზე გვაქვს მხოლოდ ,,შიშველი პიარი“, რომელსაც სჭირდება საინფორმაციო მხარდაჭერა გავრცელებისათვის).

მტკიცებულების არარსებობას რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისათვის, როგორ შეიძლება დამაჯერებელი იყოს ის, რომ ბაჩიაშვილი, რომელსაც არავინ არ იცნობდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე, რომელსაც არ გააჩნია არც აკადემიური ცოდნა პოლიტიკის მიმართულებით და არც პრაქტიკული გამოცდილება, ვინმეს გამოეყენებინა გარკვეული პოლიტიკური აგიტაციისათვის? გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბაჩიაშვილის ,,ტაქტიკა“ მუდმივ განახლებას ექვემდებარებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ეს უბადრუკი პოზიციაც შემდგომ იქნა მის მიერ ,,შემოგდებული“ საქმეში.“ – წერს თეიმურაზ წიქვაძე.

მისივე თქმით, ბაჩიაშვილი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ თითქოს, უკრაინის მიმართ გამოთქმული სიმპათიების გამო სხდება მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. წიქვაძე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულმა ეს განცხადება მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაციის მიზნით გააკეთა.

„ასეთივე უბადრუკი ტყუილია, რომ თითქოს უკრაინის სახელმწიფოს მიმართ გამოთქმული სიმპატიებისა თუ მხარდაჭერის გამო ხდება მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. ადრეც განვმარტე საზოგადოებისათვის, რომ ბაჩიაშვილი არასოდეს დაინტერესებულა პოლიტიკით და არ გამოუხატავს მისი პოლიტიკური შეხედულებები. პოლიტიკური შინაარსის ერთ შეკრებასაც კი არ დასწრებია, ვიდრე ეს ჩათვალა აუცილებლად იმისთვის, რომ რამენაირად მოეხდინა მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაცია. აქედან აშკარაა, რომ ბაჩიაშვილის ,,თანაგრძნობა“ ვინმეს ან რამის მიმართ არის ფასადური, მხოლოდ მისი პირადი ინტერესებით გამოწვეული მოვლენა. ვერავინ ნახა და არც ბაჩიაშვილს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ გამოძიების დაწყებამდე, მან რაიმე პოლიტიკურად აქტიური ქმედება განახორციელა. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, საქმე გვაქვს ,,სტრატეგიულ დეზინფორმაციასთან“, რომელსაც სამართლიანობასთან და სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – აღნიშნულია თეიმურაზ წიქვაძის განცხადებაში.