Home Blog Page 5

“ო, ეს ტუჩები…”: ტრამპი თავისი პრეს-მდივნის მიმართ ორაზროვან კომენტარებს აკეთებს”-Frankfurter Rundschau

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, აღფრთოვანებულია თავისი პრეს-მდივნით – ქეროლაინ ლილითით – და არამხოლოდ მისი პროფესიული თვისებებით“, – წერს გერმანული გაზეთი „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ (Frankfurter Rundschau) სტატიაში სათაურით: „ო, ეს ტუჩები…“: ტრამპი თავისი პრეს-მდივნის მიმართ ორაზროვან კომენტარებს აკეთებს“ (ავტორი – ინეს ალბერტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

მკაცრად კონსერვატიული, იდეოლოგიურად ერთგული, მახვილგონიერი და მიმზიდველი გარეგნობის ქალი – ასეთი კრიტერიუმები ჰქონდა დონალდ ტრამპს, როცა პირად პრეს -მდივანს არჩევდა. 27 წლის ქეროლაინ ლილითმა „გამოცდა“ იდეალურად ჩააბარა – იგი ყველაზე ახალგაზრდა პრეს-მდივანი გახდა თეთრი სახლის ისტორიაში. ასევე ჯერჯერობით იგი ერთადერთია, რომელიც პრეს-მდივნად რჩება პრეზიდენტის მეორე ვადის დროსაც. შეგახსენებთ, რომ ქეროლაინ ლილითმა თანამდებობა ჯერ კიდევ 2017 წლის ივლისში დაიკავა და, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ახლაც კმაყოფილია თავისი 8 წლის წინანდელი არჩევანით.

რა თქვა ტრამპმა პრეს-მდივანზე, რომელიც შვილიშვილად ეკუთვნის

ტელეარხ Newsmax-ის წამყვანთან რობ ფინერტისთან ინტერვიუში დონალდ ტრამპი ქეროლაინ ლილითისადმი კომპლიმენტებში „დადნა“: როცა ჟურნალისტმა პირდაპირ ჰკითხა, „რას აფასებთ ყველაზე მეტად თქვენს პრეს-მდივანშიო“, პრეზიდენტს არ მოერიდა და პასუხი სწრაფად გასცა, თან აქცენტი გარეგნობაზე გააკეთა: „იგი ვარსკვლავი გახდა. ყველაზე მეტად მე პირადად ვაფასებ მის გარეგნობას, ჭკუა-გონებას და… ტუჩებს. მისი ტუჩები ტყვიამფრქვევით მოძრაობენ“, – ღიმილით თქვა დონალდ ტრამპმა. უეცრად მან მიმოიხედა: „ქეროლაინი აქ არის?“. „დიახ, აქ არის“, – დაადასტურა წამყვანმა. ტრამპმა უკვე სერიოზული ტონით განაგრძო: „იგი მშვენიერი ადამიანია და საუკეთესო პრეს-მდივანი, რომელიც ოდესმე რომელიმე პრეზიდენტს ჰყავდა“.

როგორი რეაგირება მოახდინა თვითონ ქეროლაინ ლილითმა 79 წლის პრეზიდენტის ნათქვამზე, რომელსაც იგი შვილიშვილად ეკუთვნის, ჯერჯერობით უცნობია. ზოგადად ყველამ იცის, რომ იგი პრეზიდენტის ერთგული მომხრე და თანამოაზრეა. ივლისში, მაგალითად, მან „ინსტაგრამის“ ქსელში ასეთი პოსტი განათავსა თავისი ხელმოწერით: „ექვსი თვე ყველაზე საუკეთესო პრეზიდენტთან ისტორიაში, მის გუნდთან ერთად“. ქეროლაინ ლილითი თავის უფროსს თავგამოდებულად იცავს ყველა საკითხში, მაგალითად, როცა პრეზიდენტმა მექსიკის ყურეს სახელი გადაარქვა და მას ამერიკის ყურე უწოდა.

ქეროლაინ ლილითმა დონალდ ტრამპთან მეორედ მუშაობა 2024 წელს დაიწყო, როცა პრეზიდენტობის კანდიდატმა იგი თავის საარჩევნო შტაბში მიიწვია. უფრო ადრე იგი კენჭს იყრიდა ნიუ-გემპშირიდან კონგრესის წევრად, მაგრამ დემოკრატებთან ბრძოლა წააგო. საარჩევნო კამპანიის დროს ქეროლაინმა გაიცნო თავისი მომავალი ქმარი, 59 წლის მშენებელი ნიკოლას რიჩო. წყვილს ერთი წლის ვაჟი ჰყავთ.
ცნობილია, რომ დონალდ ტრაპი არ ერიდება საჯარო განცხადებების გაკეთებას ქალთა გარეგნობაზე, მათ შორის თავისი ქალიშვილის ივანკას მიმართაც.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული

ქართველებს პიედესტალები გვიყვარს. მარტივად შემოვსვამთ მასზე ადამიანს და კიდევ უფრო მარტივად მოვთხოვთ მის დატოვებას. და, რადგან შელამაზებაც ჩვენი კულტურის ნაწილია, ყოველდღიურ ცხოვრებაში კომპლიმენტის გასამყარებლად ბოლოში „მართლა“-ს ვუმატებთ.

ანა გოგუაძე და მის მიერ შექმნილი კაფე „მზიური“ სხვა შემთხვევაა. სივრცეს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაუღო კარი მიუსაფარ ოთხფეხა მეგობრებს, მოაწყო პლასტმასას  ურნა და ხილვადი, ადაპტირებული გახადა  გარემო  ეტლით მოსარგებლეებისთვის, „მართლა“-ს დამატებას არ საჭიროებს. 9 წლის განმავლობაში, „მზიური“ გახდა ადგილი,  სადაც მხოლოდ ყავის დასალევად  არ მიდიხარ.

ამიტომ  გასაკვირიც არ იყო, როდესაც თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული მზიური გახდა და „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოც“ ერგო. არადა,  წლევანდელ დაჯილდოებაზე  დარეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა რეკორდული იყო – 443.

თავიდანვე შევთანხმდეთ: მზიური მხოლოდ კაფე არ არის. ეს ზუსტად იცოდა ანა გოგუაძემ როდესაც 9 წლის წინ  დანგრეულ შენობას უყურებდა და გონებაში ნოდარ დუმბაძის სამყაროს აცოცხლებდა.

„გული მწყდებოდა მიტოვებულ მზიურის პარკზე. ის ნამდვილად არ ჰგავდა იმ ადგილს, რომელზეც ნოდარ დუმბაძე წერდა და ოცნებობდა. დუმბაძის შემოქმედება ჩემთვის ყოველთვის იყო ჰუმანურობისა და ადამიანობის მაგალითი. 12 წელი თანამოაზრეებთან ერთად ვაკეთებდით ფესტივალს, რომლის მიზანიც ამ ადგილის გამოცოცხლება იყო. ვგულშემატკივრობდი ქალბატონს, რომელმაც თავდაპირველად ამ მიტოვებულ შენობაში სეზონური კაფე გახსნა, თუმცა შემდგომ ფინანსური პრობლემების გამო დაიკეტა“, – გვიყვება ანა.

2015 წელს მეგობარმა სოციალური მეწარმეობის კონცეფცია აუხსნა. სოციალური კაფის  მიზანიც კომერციულ მოგებას სცდება და სოციალურ, საზოგადოებრივ თუ ეკოლოგიური იდეების მხარდაჭერას მოიცავს.

„ანუ რა გამოდის, რაც მეტ ყავას გავყიდით, მეტი ღონისძიების ჩატარებას შევძლებთ??“- კონტრკითხვა დასვა ანამ და მიხვდა, რომ მის იდეას შესაძლოა ხორცი შესხმოდა.  მზიური უნდა გამხდარიყო ცოცხალი ფუნქციურად დატვირთული არა მხოლოდ პირველ ივნისს, არამედ მთელი წლის განმავლობაში.

პირველი მხარდამჭერი და ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი თიბისი იყო, რომელმაც პროექტისთვის 50 000 ლარის ოდენობის დონაცია გამოყო, მას შემდეგ რაც თბილისის მერიამ  მიტოვებული შენობა „მზიურს“ დროებით სარგებლობაში გადასცა. თანხა არა მხოლოდ კაფის მოწყობას მოხმარდა, ანამ და მისმა მეგობრებმა ამორტიზირებული ამფითეატრის გარემონტებაც შეძლეს. თიბისის  ნდობა პატარა კომპანიებისთვისაც ბიძგი აღმოჩნდა, რომლებმაც სხვადასხვა ფორმით „მზიურის“ იდეას შეეხიდნენ.

„ჩვენ  მომსწრე ვართ, როგორ იცვლება  ადამიანების ქცევა. თავიდან პრობლემად მიაჩნდათ რომ კაფის წინ მანქანას ვერ აპარკინგებდნენ, ახლა ზოგი ველოსიპედით, ზოგი სკუტერით გვსტუმრობს., ზოგიც სპეციალურად გრძელ გზას ირჩევს პარკის მხრიდან რომ ჩვენთან შემოისეირნოს. როდესაც პლასტმასას ყუთი დავდგით, მას ნაგვის ურნადაც იყენებდნენ, შემდეგ ვხედავდით როგორ მოჰქონდათ მაცხოვრებლებს პლასტმასის ჭუჭყიანი ბოთლები, მალევე გამჭვირვალე ყუთში უკვე გარეცხილი ბოთლები იყრებოდა. ბავშვებს, აღარ  უკვირთ ეტლით მოსარგებლე ადამიანი, იმდენად ბუნებრივი ამბავია მათთვის“,- ამბობს ანა.

„უკვე ერთი წელია მზიურის მომავალი  გაურკვეველია, რადგან თბილისის მერიას კაფე მზიურისთვის კონტრაქტი არ განუახლებია. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, პირველი რასაც ვაკეთებ, არის ის, რომ შევდივარ მერიის ვებ-გვერდზე და ვამოწმებ აუქციონი ხომ არ დაიდო. მზიური არ არის მხოლოდ კაფე, ამდენი წლის შრომა ჩავდეთ, მერიის როლი დიდია რადგან ამ საქმის პარტნიორები თავადაც იყვნენ. მჯერა, რომ გადაწყვეტილებას შეცვლიან და დიალოგის რეჟიმს დავუბრუნდებით. თიბისის დაჯილდოების აპლიკაცია შევავსე, თუმცა დედლაინამდე ერთი საათით ადრე გავგზავნე. გავიფიქრე, თუ გავიმარჯვებთ ეს იქნება ნიშანი, რომ ჩვენი სჯერათ და მზიური ბევრისთვისაა მნიშვნელოვანი“, – ამბობს ანა.

მისი დინჯი ოპტიმიზმი გადამდებია. ადამიანები, რომლებიც მზიურს ხშირად სტუმრობენ, შემდეგ ამ ღირებულებების ერთგვარი ელჩებიც ხდებიან. სხვაგანაც ითხოვენ ადაპტირებულ სივრცეს, ცდილობენ სოციუმში რაღაც უკეთესობისკენ შეცვალონ. მთავარია სჯერათ, რომ წარმატება გზაშია!

(R)

მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება 6 აგვისტოს გამოცხადდება

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება 6 აგვისტოს გამოცხადდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის.

„ჩემი დაპატიმრების პირველი დღიდან ამ სასამართლო დარბაზში არაერთგზის მკაფიოდ დამიფიქსირებია, რომ პასუხისმგებლობას არ გავუბრივარ, განსხვავებით, ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან. კანონში არსებობს ჩემი ქმედების – სილის გაწვნისთვის ადეკვატური მუხლი. არ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ. ნურც ჯანმრთელობის მდგომარეობას გაითვალისწინებთ. მტკიცებულებებიც საკმარისია.

ხშირად ვხედავ მარცხნივ საელჩოებს, ორგანიზაციებს, რომლებიც მედიისა და ჟურნალისტების უფლებებზე მუშაობენ. მათი აქ ყოფნა ჩემს პერსონალურ მხარდაჭერად არ აღმიქვამს. ისინი აქ ჩვენი მომავლის, ღირებულებების, ევროპული მომავლის, თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად არიან. მათი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ მარტო არ ვართ და დიქტატურისკენ მიმავალ რეჟიმთან ბრძოლაში გვერდით გვყვანან. მადლობა საქართველოს მეგობრებს.

მადლობა ჩემს კოლეგებს, ჟურნალისტებს. კრიტიკულ მედიაში მომუშავე ყველა პირს, სამოქალაქო სექტორს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც წინააღმდეგობის ჯგუფს წარმოადგენს.

ბოდიშიც მაქვს მოსახდელი. ჩემს ოჯახს, მეგობრებს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გუნდს, მინდა, ვუთხრა, რომ ძალიან ვწუხვარ, ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან დროს თქვენთან რომ არ ვარ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა, იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად ვთვლი. არ გატყდეთ! მე თქვენი მჯერა. მჯერა იმის, როგორი მტრული და საფრთხის შემცველი გარემოც არ უნდა გქონდეთ, თქვენი ყველა ნაბიჯი იქნება ღირსეული, აზრის, სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მიმართული. თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს! ჩვენ დამნაშავეები არ ვართ“, – განაცხადა მზია ამაღლობელმა.

ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად ბათუმის საქალაქო სასამართლოს გარე პერიმეტრზე შეკრებილი არიან ამაღლობელის კოლეგები, მეგობრები და მხარდამჭერები.

მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ხელმეორედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ერთობლივი საგრანტო კონკურსის შედეგები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ერთობლივი საგრანტო კონკურსის შედეგები
გამოვლინდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა  და თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK)  ერთობლივი საგრანტო კონკურსის 2024 წლის გამარჯვებული პროექტები.
Შედეგების გასაცნობად ეწვიეთ ფონდის ვებგვერდს: https://shorturl.at/wCx7L
(R)

კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა

ბიზნესების გაციფრულების ხელშეწყობის მიზნით, თიბისიმ პარტნიორ კომპანიასთან- „ტრანზაქციული სისტემები Transaction Systems”- ერთად, ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის – ინტეგრირებული სალარო ტერმინალი დანერგა, რომელიც მერჩანტებს გადახდების მართვას კიდევ უფრო უმარტივებს.

ეს პროდუქტი პირველია საქართველოში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მერჩანტის სალარო პროგრამას და ერდროულად იღებს, როგორც ნაღდ, ისე უნდაღდო გადახდებს. აქამდე ნაღდი გადახდების მისაღებად, მერჩანტებს ცალკემდგომი ტერმინალი სჭირდებოდათ, რაც მათთვის მეტი დროისა და რესურსის ხარჯვასთან იყო დაკავშირებული.

მოწყობილობა შეესაბამება საქართველოს შემოსავლების სამსახურის ფისკალურ რეგულაციებს და ნაღდი გადახდების მონაცემები შემოსავლების სისტემაში ავტომატურად აისახება, შესაბამისად, პოს ტერმინალი სრულად ანაცვლებს სალარო აპარატს და მერჩანტებს მხოლოდ ერთი მოწყობილობით შეუძლიათ ყოველდღიური ოპერაციების განხორციელება.

მაქსიმალურად გამარტივებულია ტერმინალის ინსტალაცია- გამოყენებაც, რაც ბიზნესებისთვის პროცესს კიდევ უფრო მოქნილს ხდის. ინტეგრირებული სალარო აპარატების გამოყენება განსაკუთრებით მიმზიდველია იმ კომპანიებისთვის, ვინც აქტიურად არის დაინტერესებული ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლით.

(R)

ხელისუფლებაში თუ მოვლენ, ჩემი ფეხით გამოვცხადდები იქ, სადაც მეტყვიან, საქართველოს დაღუპვის დანახვა არ მინდა, ღმერთმა დამიფაროს, ხელმეორედ ვიხილო ესენი ხელისუფლებაში -თენგიზ შარმანაშვილი

ხელისუფლებაში თუ მოვლენ, ჩემი ფეხით გამოვცხადდები იქ, სადაც მეტყვიან. საქართველოს დაღუპვის დანახვა არ მინდა, თუ მომკლავენ, უკეთესი იქნება, არ მინდა, ეს დავინახო, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას არ განიხილავს.

„პასუხისმგებლობას არ გრძნობენ დანაშაულებზე, რომ დიდი შეცდომები დაუშვეს. ღმერთმა არ მანახოს იმის გამეორება, რაც იყო. გინახავთ, რამეს არ ემიჯნებოდნენ, წარსულს არ ემიჯნებოდნენ? იმასაც კი გაემიჯნენ, მათთვის შარლ მიშელი რომ ჩამოვიდა და ისეთი დოკუმენტი შექმნა, რომელიც კონსტიტუციიდან არ გამომდინარეობდა, ვალდებულებები ააღებინა სახელმწიფოს და ხელისუფლებას. ყველაფერი მათ სასარგებლოდ იყო ამ დოკუმენტში, ყველა პუნქტი ხელისუფლების საწინააღმდეგო იყო, მაგრამ მაინც დაეთანხმა ხელისუფლება, იმასაც კი არ დაეთანხმნენ, რასაც მოაწერეს ხელი. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც სიტყვა „კონსტრუქციულზე“ ფერი მისდით. არ არიან ადამიანები, რომლებთანაც შეიძლება პოლიტიკური დიალოგი გამართო, საერთო მოიფიქრო. ოპონენტი იმას კი არ ნიშნავს, დადიოდე და ლამობდე, როგორმე მიახრჩო სადმე. ოპონენტი ნიშნავს იმას, რომ ამტკიცებდეს, შენზე უკეთესად შეუძლია იმ საქმის გაკეთება, რასაც აკეთებ და კონსტიტუციით დადგენილი სფეროებითა და წესებით გამოგცადოს ხელისუფლებაში და მერე კონსტიტუციურად გააგრძელოს ხელისუფლების მართვა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა შეაფასოს, ვისთან აქვს საქმე.

„ყველა ნაბიჯზე ამბობენ – არ მოგვწონს, არ ვცნობთ, არ მინდა, არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ, პარლამენტში ამირჩიეს, მაგრამ მაინც არ შემოვალთ, შარლ მიშელი ჩამოვიყვანე ევროპის საბჭოდან, დოკუმენტი შევადგენინე ჩემი სასარგებლო, მაგრამ მაინც არ ვეთანხმები. ქართველმა ხალხმა შეაფასოს, ვისთან გვაქვს საქმე. ასეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთ შეცდომებზე და დანაშაულებზე იოტისოდენადაც კი არ ნანობენ, არც გააზრება აქვთ, ღმერთმა დამიფაროს, ასეთი გაუაზრებელი ადამიანები ხელმეორედ ვიხილო ხელისუფლებაში“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ღალატის კომისიის თითოეული წევრი მეორე თაობის საბჭოთა ჯალათთან, თეა წულუკიანთან ერთად დაისჯება, პასუხს აგებს ქართული სახელმწიფოს და დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დიახ, ღალატის კომისიის თითოეული წევრი აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე და ეს ძალიან მალე მოხდება“.

ცესკოს თავმჯდომარე შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან არჩევნების მნიშვნელობაზე და საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის, მათი ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ მათ ასევე მიაწოდა ინფორმაცია 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით და დეტალურად ისაუბრა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად ახორციელებს.

გიორგი კალანდარიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დეზინფორმაციის საკითხს დაუთმო და ის საარჩევნო პროცესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა, ამასთან მან ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია. ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე.

„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და ურთიერთობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ჩავერთოთ ახალ საბანაკე სეზონში და შევხვდეთ ასობით ახალგაზრდას, ხელი შევუწყოთ მათი ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიც არის, მაგალითად, დეზინფორმაცია საარჩევნო პროცესებში, პროგრესი რაც ტექნოლოგიურმა ინტერვენციამ უზრუნველყო და, რა თქმა უნდა, ასეთი ჯანსაღი დისკუსიების ფონზე წავახალისოთ მათი აქტიური ჩართულობა“,-აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

ახალგაზრდებთან შეხვედრა საარჩევნო ადმინისტრაციისა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა.

დონალდ ტრამპმა რუს „ქორს“ „ბირთვული მატყუარა“ უწოდა – The Daily Telegraph

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპმა რუს „ქორს“ „ბირთვული მატყუარა“ უწოდა“ (ავტორი – ენდრიუ ბლომფილდი), რომელშიც რუსეთის ექს-პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების ფონზე კრემლისა და თეთრი სახლის ურთიერთდამოკიდებულებაა განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩვეულებრივ, როცა აშშ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს, ვლადიმერ პუტინი სწრაფ რეაგირებას ახდენს იგივე ფორმებითა და მეთოდებით: სანქციებით – სანქციებზე, აკრძალვებით  – აკრძალვებზე, გაძევებით – გაძევებებზე. „პროპორციული ნაცვალგება“ და „სიმეტრიული პასუხები“ – კრემლის ლექსიკონის ძირითადი ელემენტებია, რომლებსაც ტრადიციულად თან სდევს რუსული ოფიციოზის აღშფოთებები, შეურაცხმყოფელი შეძახილები და ვაშინგტონის „პროვოკაციული მოქმედების“ დაგმობები.

მაგრამ მას შემდეგ, რაც გასულ პარასკევს დონალდ ტრამპმა ორი ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი რუსეთის ნაპირების ახლოს გაგზავნა – ეს აშშ-ის პრეზიდენტის უჩვეულო დრამატული ნაბიჯია, რომელიც სერიოზული გეოპოლიტიკური კრიზისის სიგნალს იძლევა –  ვლადიმერ პუტინი რატომღაც საეჭვო დუმილს ინარჩუნებს. არადა, იგი მსგავს მოქმედებას მყისვე პასუხობს ხოლმე.

თვითონ განსაჯეთ: ვლადიმერ პუტინს რომ „პროპორციული ნაცვალგების“ დოქტრინით ეხელმძღვანელა, რუსეთის წყალქვეშა ნავებიც ახლა აშშ-ის ნაპირებთან ახლოს იქნებოდნენ და მსოფლიო სუნთქვაშეკრული მიადევნებდა თვალს მოვლენებს, ისევე როგორც „კარიბის კრიზისის“ დროს. ამის ნაცვლად კრემლმა თავისი მოქმედებით აჩვენა ის, რომ მისტერ ტრამპის ნაბიჯი განპირობებულია არა იმდენად აშშ-ის ბირთვული პოზიციის შეცვლით, არამედ სამხედრო თეატრის მდგომარეობით – უკრაინასთან დაკავშირებით.

ვლადიმერ პუტინი იმ თამაშს თამაშობს, რომელიც ძალიან კარგად არის ცნობილი რუსებისათვის. კრემლი ბირთვულ მუქარებზე ჯერ კიდევ უკრაინასთან ომის დაწყებამდე ლაპარაკობდა და არავინ ისე ხმამაღლა არ ამბობდა, ამას როგორც დიმიტრი მედვედევი, პუტინის კარის ხუმარა და მთავარი „მეომარი“ სოციალურ ქსელებში.

ამ კვირაში დიმიტრი მედვედევმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტი იყო 2008-2012, ხოლო პრემიერ-მინისტრი – 2012-2020 წლებში, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ 10-დღიან ვადას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე „ომისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა და ტრამპი გააფრთხილა, რომ „რუსეთს შეუძლია ბირთვული იარაღი გამოიყენოს ბოლო საშუალების სახით“.

სწორედ ეს სიტყვიერი შეხლა-შემოხლა გახდა დონალდ ტრამპის ბრძანების მიზეზი, რომ ამერიკული წყალქვეშა ნავები რუსეთის ნაპირებს მიახლოვებულიყვნენ. ამ მოქმედებით, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის ბლეფი ამხილა და სრულებით გამართლებულად, თუ კრემლის დუმილს გავითვალისწინებთ: ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, საპასუხო იგივე დონის მოქმედებისაგან თავს იკავებს. რასაკვირველია, კრემლის კომენტატორებმა რუსეთის მასმედიაში ერთი ამბავი ატეხეს, თუმცა მათი წიოკის ფონზე ტრამპის გადაწყვეტილებას მნიშვნელობა არ დაუკარგავს.

როცა 2008 წელს დემიტრი მედვედევმა პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ პუტინი შეცვალა, ევროპელი ოპტიმისტები მას პროდასავლურ რეფორმატორს უწოდებდნენ, ხოლო თვითონ იგი საკუთარ თავს ტექნოლოგიების მოყვარულ მოდერნიზატორად და მოქალაქეთა უფლებების დამცველად პოზიციონირებდა.

მაგრამ სინამდვილეში დიმიტრი მედვედევი არასოდეს არ ყოფილა არც რუსეთის მოქალაქეთა საშუალო კლასის დამცველი და მით უმეტეს, არც დასავლეთზე ორიენტირებული, როგორსაც იგი თავის თავს წარადგენდა. ამის ნაცვლად იგი აღმოჩნდა მხოლოდ საშუალო დონის პიროვნება, რომელიც პუტინს საკონსტიტუციო მანევრის განხორციელებაში დაეხმარა – პრეზიდენტობის საათის ისრები ერთი ვადით წინ გადასწია.

თავის დროზე რიგითმა რუსმა მოქალაქეებმა ეს სპექტაკლი ნიკოლაი გოგოლის პიესას „რევიზორს“ შეადარეს, სადაც „გაიძვერა აფერისტი“ [ივან ხლესტაკოვი] თავის თავს გავლენიან ჩინოვნიკად ასაღებს. როგორი ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს დიმიტრი მედვედევისა და ვლადიმერ პუტინის გათამაშება, რუსებმა იმ დროს ეს სატყუარა „გადაყლაპეს“.

ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ დიმიტრი მედვედევმა უკანა პლანზე გადაინაცვლა, თუმცა ყურადღების მიზიდვას კვლავ ცდილობდა. იმავდროულად სულ უფრო ემსგავსებოდა ყოყოჩ კარიკატურულ პიროვნებას, რომელსაც სერიოზულად არავინ უყურებდა.

გასულ წელს ერთ-ერთმა დასავლურმა ანტიკრემლურმა საიტმა The Insider-მა კვლევის შედეგად დაადგინა, რომ დიმიტრი მედვედევის ყველაზე „გიჟური პოსტები“ სოციალურ ქსელში მას შემდეგ გავრცელდა, რაც მან იტალიაში (ტოსკანაში) არსებული თავისი ვენახებიდან წითელი ღვინო მიიღო.

ხმები ექს-პრეზიდენტის ლოთობაზე თითქმის ათი წლის წინ გავრცელდა და სულ უფრო ხშირი ხდებოდა კიეველი „ნაბიჭვრებისა და დეგენერატების“ მიმართ. გაჩნდა ვიდეოკადრებიც, რომლებშიც დიმიტრი მედვედევი ოფიციალურ ღონისძიებებზე თვლემდა.

შესაძლოა ალკოჰოლის ხშირი მოხმარებით ნაწილობრივ აიხსნას იმ პოლიტიკოსის ტრანსფორმაცია, რომელსაც ოდესღაც დასავლეთი ელოლიავებოდა და რომელიც ახლა დასავლელ ლიდერებს „ღრუტუნა ღორებს“ უწოდებს. თუმცა, ალბათ, უფრო სავარაუდო ისაა, რომ მას, უბრალოდ ყურადღების მიპყრობა სურს. ახლაც დიმიტრი მედვედევმა დონალდ ტრამპის ყურადღება დაიმსახურა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის ყოფილ ლიდერს „შეუმდგარ ადამიანს“ უწოდებს.

ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავების მანევრების რეალურ მიზანს, როგორც ჩანს, უფრო ვლადიმერ პუტინის რეაქციის გაგება წარმოადგენს (იმ ადამიანისა, რომლითაც ტრამპი ჯერ აღტაცებას გამოხატავდა, შემდეგ კი იმედი გაუცრუვდა), ვიდრე დიმიტრი მედვედევის გამოხტომისადმი პასუხის გაცემა.

დონალდ ტრამპის 10-დღიან ულტიმატუმს ვადა 8 აგვისტოს გასდის, ანუ სიტუაცია ფინალს უახლოვდება: ან რუსეთი უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვაზე, ან სანქციები დაწესდება და ტარიფები მომატებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ (რუსეთის შემოსავლების შემცირების მიზნით).

ვლადიმერ პუტინი ჯერ-ჯერობით აუღელვებელი და მშვიდია. იგი, ალბათ, თვლის, რომ ვაშინგტონი მეორად სანქციებს არ დააწესებს და ენერგომატარებლების ექსპორტზე დამოკიდებული რუსული ეკონომიკა არ დაზარალდება – იმის გათვალისწინებით, რომ თვითონ დონალდ ტრამპსაც დიპლომატიური ზიანი მიადგება ინდოეთისგან და სხვა ქვეყნებისაგან.

ასეა თუ ისე, წყალქვეშა ნავების გადაადგილება ვლადიმერ პუტინზე ზეწოლად უნდა ჩავთვალოთ. თუმცა ამ შემთხვევაში, კრემლის დუმილის შუქზე, თეთრი სახლის მოქმედება არა იმდენად ტრიუმფად გამოიყურება, რამდენადაც იმის დადასტურებად, რომ პუტინს თვალიც კი არ დაუხამხამებია. ჯერ-ჯერობით.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

როდესაც ვუსმენდით დაზარალებულებს, ის საშინელება ისე ცოცხლდებოდა, რომ წარმოუდგენელი იყო ემოციის გარეშე მოსმენა – ადამიანური განცდა დაწერილ ტექსტში ვერ გადმოვა, მაგრამ ფაქტები ასახულია და ეს მნიშვნელოვანია – სოზარ სუბარი

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, გაწეული სამუშაო შეაფასა.

მისი თქმით, საზოგადოებაში დიდი მოლოდინი იყო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, რაც დოკუმენტში აისახა. სუბარმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ დასკვნაში არსებული ფაქტები მნიშვნელოვანია არამხოლოდ წარსულის შეფასებისთვის, არამედ, მომავლის პრევენციისთვის, რათა მსგავსი რამ საქართველოში აღარასდროს განმეორდეს.

„უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა, ძალიან დიდი იყო მოლოდინი საზოგადოებაში და მგონია, რომ ეს მოლოდინი აისახა. აქ ვართ ადამიანები, რომლებმაც ეს ყველაფერი თითქოს ვიცოდით, მაგრამ, როდესაც ვუსმენდით დაზარალებულებს, თითოეული ჩვენგანისთვისაც ეს განცდა იმდენად მძაფრი იყო, ის საშინელება ისე ცოცხლდებოდა, რომ წარმოუდგენელი იყო ამ ყველაფრის მოსმენა ემოციის გარეშე და ვფიქრობ, ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად ასახულია დასკვნაში. რა თქმა უნდა, ადამიანური განცდა დაწერილ ტექსტში ვერ გადმოვა, მაგრამ ფაქტები ასახულია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ წარსულის შეფასებისთვის, არამედ, მომავლის პრევენციისთვის, რომ მომავალში არასდროს განმეორდეს მსგავსი რამ და არ გაეხსნას გზა მსგავს დამნაშავე ხელისუფლებას”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანია იმით, რომ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც სჩადიოდა „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი და სხვა პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით – თეა წულუკიანი

ჩვენი დასკვნა არის 400-გვერდიანი, უფრო ზუსტად, 430 გვერდია. გვერდების ამ ოდენობაში არ შედის დანართების ნუსხა, რომელიც რამდენიმე ათეულ გვერდს მოიცავს. რა თქმა უნდა, ეს დასკვნა, პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმით, რომ ამ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც სჩადიოდა “ნაციონალური მოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, – განაცხადა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე.

წულუკიანის თქმით, ეს არის დოკუმენტი, რომლის გაცნობის შემდეგაც, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ნათელი გახდება, თუ როგორი ვითარება იყო საქართველოში, ვინაიდან, დასკვნაში ფაქტებია მოცემული და არამხოლოდ კომისიის შეფასებები.

„ეს არის ის დოკუმენტი, რომელსაც, როდესაც გაეცნობა ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად ასაკისა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდები გაეცნობიან მას, ნახავს, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ფაქტები როგორი იყო და არა რომელიმე წევრის ან კომისიის შეფასებები მხოლოდ. აქ არის, ასე ვიტყოდი, ქრონოლოგიურად, ჩვენი უახლესი ისტორიის შესატყვისი ფაქტები და ინფორმაციები ერთ დოკუმენტში თავმოყრილი, რაც საკუთრივ მხოლოდ ამიტომ არის ამ დოკუმენტის ღირებულება.

მოცემული დოკუმენტი, ასევე, იმედი მაქვს, გამოადგება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსაც სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად და ასევე, შესაბამის სასამართლოებს, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან იმისთვის, რომ ნამდვილი ანალიზი, ნამდვილი კვლევა აწარმოონ და ის გამოიყენონ თავიანთი სამშობლოსა და სახელმწიფოს ინტერესებისათვის. ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც, სხვათა შორის, არსებობს და გაძლიერება სჭირდებათ, ეს მასალა ასევე გამოადგებათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს სხდომაზე განსახილველი საკითხია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტის თაობაზე მსჯელობა და დამტკიცება

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლეგენდარული რეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლეგენდარული რეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო.

ელდარ შენგელაია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი შემოქმედებით ქართული ხელოვნება გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა, ქართველი ხალხის გულებსა და ცნობიერებაში კი, წარუშლელი კვალი დატოვა. ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის.

გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებთ დიდი რეჟისორის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელს ქართულ საზოგადოებას.

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

როდესაც სრულად დისკრედიტირებული ევროპული ლიდერშიპი პირისპირ დარჩება საზოგადოების წინაშე, გაჟღერდება ინიციატივა – უუნაროა არსებული პოლიტიკური სისტემა, ამიტომ საჭიროა მმართველობის ახალი ფორმა – კორპორაციული მმართველობა – შათირიშვილი

როდესაც პოლიტიკურად, ეკონომიკურად და მორალურად სრულად დისკრედიტირებული ევროპული ლიდერშიპი პირისპირ დარჩება საზოგადოების წინაშე, რაც ფაქტიურად უკვე მომხდარია, ღიად გაჟღერდება ახალი და მთავარი ინიციატივა – უუნაროა არსებული პოლიტიკური სისტემა, გაუმკლავდეს დიპ სტეიტის მიერვე ხელოვნურად შექმნილ პრობლემებს, ამიტომ საჭიროა მმართველობის ახალი ფორმა და ეს ფორმა იქნება კორპორაციული მმართველობა, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

როგორც მის მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, ქვეყნებს მართავენ ის კორპორაციები, რომლებიც ფორმალურადაც და ფაქტობრივადაც დიპ სტეიტის საკუთრებაა, შესაბამისად, კორპორაციული მმართველობის შემოღება ოლიგარქიული ოჯახების მმართველობის პირდაპირი ლეგალიზაცია იქნება.

„რომელი კორპორაციები მომართავენ ქვეყნებს? კორპორაციები, რომლებიც ფორმალურადაც და ფაქტობრივადაც სწორედ დიპ სტეიტის საკუთრებაა. ეს იქნება ოლიგარქიული ოჯახების მმართველობის პირდაპირი ლეგალიზაცია.
აშშ-შიც ფაქტობრივად იგივე პროცესები მიდის, ერთი განსხვავებით – აქ ეკონომიკის დანგრევა არაფერში სჭირდებათ. დიპ სტეიტი ისედაც სრულად აკონტროლებს აშშ-ის ყველა სტრუქტურას და ქვეყნის ეკონომიკა “ბლეკ როკისა” და “ვანგარდის”, ანუ ოლიგარქიული ოჯახების ხელშია. ამიტომ, მათ შორის ევროპის ნგრევის ხარჯზე, როდესაც ისინი აშშ-ის ეკონომიკას აძლიერებენ, ერთმნიშვნელოვნად აძლიერებენ საკუთარ თავს და ძლიერ მუშტს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.“ – წერს შათირიშვილი.

მისივე განცხადებით, პოლიტიკოსების დისკრედიტაციის კუთხით, აშშ-ში უფრო დრამატული ვითარებაა, რის მაგალითადაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც გამოდგება. შათირიშვილი მიიჩნევს, რომ ამ მასკარადის მიზანი, საზოგადოების თვალში პოლიტიკოსების, სახელმწიფოს ცნების დაკნინება და მმართველობის ახალი ფორმის, კორპორაციული მმართველობის შემოღებაა.

„აი პოლიტიკოსების დისკრედიტაციის კუთხით კი, აშშ-ში კიდევ უფრო დრამატული ვითარებაა. გაიხსენეთ ბაიდენი, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ერქვა და ქაღალდზე ხელმოწერის უნარი ჰქონდა დაკარგული. როგორ დაატარებდნენ მას ქალაქ-ქალაქ და როგორ გახადეს მსოფლიოს დასაცინად. გაიხსენეთ კამალა ჰარისი, რომელიც თავისი გონებრივი გაქანებით კოლეჯის პედაგოგადაც კი ვერ იმუშავებდა, ამ დროს, ამერიკელებს პრეზიდენტობის კანდიდატად შესთავაზეს. შეხედეთ დონალდ ტრამპს – თუ როგორ ექცევიან პატრონები, დღეს ერთს ათქმევინებენ, ხვალ სრულიად საპირისპიროს, ხან გრენლანდიის აღებით იმუქრება, თან ნობელის პრემიას ითხოვს მშვიდობის დარგში და თან ირანს ბომბავს. ალაპარაკეს რომ ყველა ომს 3 დღეში დაასრულებდა, მისი მოსვლის შემდეგ კი 5 ახალი ომი დაიწყო. ცხადია, ამ მასკარადის მიზანიც საზოგადოების თვალში პოლიტიკოსების, სახელმწიფოს ცნების დაკნინება და მმართველობის ახალი ფორმის, კორპორაციული მმართველობის შემოღებაა“, – აცხადებს ზაზა შათირიშვილი.