Home Blog Page 5

სტუდენტებმა არასამთავრობო ორგანიზაცია “იაზროვნე” ჩამოაყალიბეს, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდას აერთიანებს

“იაზროვნე” – ასე ჰქვია, სტუდენტების მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდას აერთიანებს. ამბობენ, რომ ორგანიზაციის მიზანია, შეიქმნას ალტერნატიული სივრცე, რომელიც ღია იქნება სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსიისთვის.

ამ ეტაპზე, ორგანიზაცია საკუთარი სახსრებით იწყებს ფუნქციონირებას, თუმცა, სამომავლო თანამშრომლობის შემთხვევაში, ამბობენ, რომ მათი ფინანსები სრულად გამჭვირვალე იქნება.

პოლონეთში ძლიერმა წყალდიდობამ კაშხალი დააზიანა, რის გამოც ქალაქი სტრონე-შლესკი დაიტბორა

პოლონეთში ძლიერმა წყალდიდობამ კაშხალი დააზიანა, რის გამოც ქალაქი სტრონე-შლესკი დაიტბორა. სტიქიის ზონიდან მოქალაქეები ვერტმფრენებით გამოჰყავთ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვედა სილეზიის სავოევოდოს ქალაქში კატასტროფული ვითარებაა. წყლის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივი მოსახლეობა ევაკუაციას სახლის სახურავებიდან ითხოვს. ქალაქის უმეტეს ნაწილში ისეთი ვითარებაა, რომ მხოლოდ ვერტმფრენით შეიძლება მისვლა.

ძლიერი წვიმისგან ადიდებულმა მდინარე გლუხოლაზიმ ორი ხიდი დაანგრია.

,,კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ოპოზიციის სურვილი, რომ ისინი არ ემხრობიან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”- გურამ მაჭარაშვილი

კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ოპოზიციის სურვილი, რომ ისინი არ ემხრობიან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მათ საერთოდ არ მიაჩნიათ, რომ ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

იგი ბიძინა ივანიშვილის გზავნილის საპასუხოდ რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.

„ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ აფხაზებთან და ოსებთან ჩვენ უნდა შევიდეთ სამხედრო კონფლიქტში. ამას პირდაპირი გზავნილებითაც ამბობენ. მე საზოგადოებას გავახსენებ „ნაციონალური მოძრაობის“ სიტყვებს 2008 წლის ომში, როდესაც ამბობდნენ, რომ რუსეთი აგვისტოს ომში არაფერ შუაშია, თურმე, ეს მხოლოდ ოსები და აფხაზები იყვნენ სამხედრო კონფლიქტში ქართველებთან. გავიხსენოთ, ახლა რომ ტუფლებიდან ხტებიან – რუსეთი ოკუპანტია და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთი ოკუპანტია! სამწუხაროდ, ამ ყველაფერს თვითონ შეუწყვეს ხელი და დღეს ხსენება აღარ ყოფილა რუსეთის, როგორც ოკუპანტის!

როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის შემდეგ უნდა მოხდეს შერიგება, სხვაგვარად როგორ წარმოგვიდგენია?! ამ ტერიტორიებზე ხომ აფხაზებმა და ოსებმა უნდა იცხოვრონ! შერიგების გარეშე ეს ვის წარმოუდგენია?!

რაც შეეხება ბოდიშის მოხდას, რა თქმა უნდა, მან იგულისხმა, თუ კარგად დააკვირდებით, ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომ ხელახლა გააღვივა კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასთან ერთად „ნაცმოძრაობამ“ ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის, ამაზეა სწორედ საუბარი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი“.

დასავლეთს არაერთხელ ჩაუნერგავს ადამიანი-ტერმინატორები, მოლდოვაში – სანდუ, უკრაინაში – ზელენსკი, საქართველოში – სააკაშვილი – მარია ზახაროვა

დასავლეთმა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ხელისუფლებაში მოიყვანა, როგორც “ადამიანი-ტერმინატორი”, ისევე, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში, უპირველეს ყოვლისა, ეს ადამიანები ძირს უთხრის თავიანთი სახელმწიფოების ტრადიციულ საფუძვლებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

“ეს არის ჩანერგილი ადამიანი-ტერმინატორი, ასეთი ადამიანები დასავლელებს არაერთხელ ჩაუნერგავთ. მოდით ჩამოვთვალოთ გვარები. მოლდოვაში – ეს არის სანდუ, უკრაინაში – ეს არის ზელენსკი, საქართველოში იყო სააკაშვილი. ეს ადამიანი-ტერმინატორები იმ მომენტში ფეთქდებიან, როდესაც დასავლეთში “გაშვების” ღილაკს აჭერენ. რას ანადგურებენ ისინი? ისტორიას, კულტურას, ყველა იმ ქვეყნის ტრადიციას, რომელშიც ჩანერგილები არიან“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ისინი ძირს უთხრიან ამ ყველაფერს თავიანთი პოლიტიკით და ფარული ქმედებებით, რომლებიც არ ჩანს.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩამოდის

საქართველოს 16 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.

გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკანონო ომის მხარდაჭერა და შეაჩეროს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების და დრონების მიწოდება – „დიდი შვიდეული“

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას უმკაცრესად გმობენ.

„ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი ომის მხარდაჭერა და შეაჩეროს ბალისტიკური რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატების (დრონები) და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გადაცემა, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის უკრაინელ ხალხს, ასევე ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“, – ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.

მათი მტკიცებით, ირანს რუსეთის უკანონო ომის მიმართ მხარდაჭერისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

„ვინარჩუნებთ მტკიცე ვალდებულებას, დაეკისროს ირანს პასუხისმგებლობა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის უკანონო ომის მიმართ მიუღებელი მხარდაჭერისთვის, რაც კიდევ უფრო ძირს უთხრის გლობალურ უსაფრთხოებას. ამ საკითხზე ჩვენი წინა განცხადებების შესაბამისად, უკვე ვპასუხობთ ახალი და მნიშვნელოვანი ზომებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ივანიშვილი პოლიტიკურ პასუხს აგებს უკიდურესად მოღალატეობრივი და სამარცხვინო განცხადებისთვის – ზურაბ ჭიაბერაშვილი

მოღალატეობრივი, სამარცხვინო განცხადება, – ასე შეაფასა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადება.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი 26 ოქტომბერს ამ უკიდურესად მოღალატეობრივი და სამარცხვინო განცხადებისთვის პოლიტიკურ პასუხს აგებს.

„მან შეურაცხყოფა მიაყენა ანწუხელიძეს, ჟიული შარტავას, „შინდისის“ გმირებს, ათეულობით და ასეულობით ქართველ გმირს, რომელიც ღირსეულად იბრძოდა იმისთვის, რომ საქართველო არსებობდეს, როგორც სახელმწიფო. „ქართული ოცნება“ არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ საქართველოა დადანაშაულებული, ეს არის უზარმაზარი ბზარი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ეს ძირს უთხრის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. ეს არის ის, რაც უნდა მოსკოვს-საქართველოს დანაწევრება, დაშლა და დაქუცმაცება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ივანიშვილი პოლიტიკურ პასუხს აგებს ამ უკიდურესად მოღალატეობრივი და სამარცხვინო განცხადებისთვის. ამ პასუხს აგებს 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის წინაშე. ქართველი ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ ასეთმა მოღალატეობრივმა პოლიტიკურმა ძალამ ქვეყნის მართვა გააგრძელოს და ბღალოს ჩვენი გმირების სახელი“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დღეს დაანონსებულ აქციას, ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ ძალიან დიდია ქართველ ხალხში აღშფოთება.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ არჩევნებში ქართველი ხალხი იმარჯვებს. არ შეიძლება ასეთმა მოღალატეობრივმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გაიმარჯვოს. ეს იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრა“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთპატიებით ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგენტურას უკიდურესად აღიზიანებს – მამუკა მდინარაძე

არათუ ანწუხელიძის, არავის მკვლელებს არ უხდიან ბოდიშს. მკვლელებს ასამართლებენ!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მდინარაძე განმარტავს, მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთპატიებით ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგენტურას უკიდურესად აღიზიანებს.

„მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთპატიებით ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგენტურას უკიდურესად აღიზიანებს. სრული ლუსტრაციაა.

„ნაცების“ ამაზრზენი, სპეკულაციური და კოორდინირებული მესიჯბოქსის საპასუხოდ:

არათუ ანწუხელიძის, არავის მკვლელებს არ უხდიან ბოდიშს. მკვლელებს ასამართლებენ!

ბოდიშს ჭირისუფლებს უხდიან!“, – წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, გუშინ გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

ჩემი ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი, დავამტკიცე, რომ საუკეთესო ვარ – შონი კარგია, მაგრამ დღეს ჩვეულებრივ ბიჭად ვაქციე – მერაბ დვალიშვილი

ამ ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი – დავამტკიცე, რომ დღესდღეობით საუკეთესო ვარ, – ამის შესახებ UFC-ის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მას თავისუფლად შეუძლია, 15 რაუნდიან ბრძოლას გაუძლოს.

“ამ ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი. შონი კარგია, მაგრამ დღეს ჩვეულებრივ ბიჭად ვაქციე. დავამტკიცე, რომ დღესდღეობით საუკეთესო ვარ. შედეგით გაკვირვებული საერთოდ არ ვარ. სპორტდარბაზში როგორც წონით დიდ, ასევე პატარა ბიჭებთან ვვარჯიშობ, თავისუფლად შემიძლია 15 რაუნდიან ბრძოლას გავუძლო”, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს ექვსმა პარტიამ მოაწერა ხელი

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი ექვსმა მოაწერა. აღნიშნულ არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმება საარჩევნო ადმინისტრაციამ შესთავაზა.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, 2024 წლის არჩევნებისთვის არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ აერთიანებს. ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ნეიტრალური ორგანო, მიუკერძოებელი ფასილიტატორის როლს ასრულებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს საარჩევნო კულტურის გრძელვადიან განვითარებას.

ქცევის კოდექსი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით პოლიტიკური პარტიებისთვის შეიმუშავა, 2024 წელს ევროპის პარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს ეფუძნება. ხელმოწერის პროცესის დაწყებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის პროექტი გაცნობისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით პარტიებს გაუგზავნა და საბოლოო ვერსია სწორედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებით შემუშავდა.

ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 9 სექტემბრიდან შეეძლოთ. ხელმოწერილი დოკუმენტი საჯაროა და განთავსებულია ვებგვერდზე.

მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა

UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.

შედეგად, დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.

მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.

ევროკავშირი აქტიურად იცავს დემოკრატიას როგორც ჩვენს საზღვრებში, ასევე, მის გარეთ – ათწლეულებია საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში ვეხმარებით – პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირი აქტიურად იცავს დემოკრატიას როგორც ჩვენს საზღვრებში, ასევე ამ საზღვრებს გარეთ – ათწლეულების მანძილზე საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში ვეხმარებით , – ამის შესახებ დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ელჩი აღნიშნავს, რომ დემოკრატიამ მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა, ამავდროულად, მას საფრთხე ბევრგან ემუქრება.

ჰერჩინსკის არჩევნების მნიშვნელობას უსვამს და განმარტავს, რომ ხმის მიცემა მოქალქეების კონსტიტუციური უფლება და სამოქალაქო მოვალეობაა და თითოეული ხმა საქართველოს მომავალს გადაწყვეტს.

“დღეს დემოკრატიის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. დემოკრატიამ მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა. ამავდროულად, მას საფრთხე ბევრგან ემუქრება.

დემოკრატიები დაფუძნებულია მარტივ, მაგრამ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, როგორებიცაა თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

ჯანსაღი დემოკრატია მრავალფეროვნების საფუძველზე აღწევს წარმატებას. ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.

წელს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, რაც საქართველოსაც მოიცავს. ხმის მიცემა თქვენი კონსტიტუციური უფლება და სამოქალაქო მოვალეობაა. თითოეული თქვენგანის ხმა საქართველოს მომავალს გადაწყვეტს.

ევროკავშირი აქტიურად იცავს დემოკრატიას როგორც ჩვენს საზღვრებში, ასევე ამ საზღვრებს გარეთ.

ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მისი ძლიერი მოკავშირეა. ათწლეულების მანძილზე საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში ვეხმარებით.

ამ დღეს და ყოველდღე უნდა უზრუნველვყოთ, რომ დემოკრატიული ფასეულობები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ, ყველა ჩვენგანის საკეთილდღეოდ იყოს დაცული.

საქართველოს მოსახლეობას გვერდში ვუდგავართ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. წინ, საქართველო, წინ!””,- წერია ელჩის განცხადებაში.