Home Blog Page 5

საქართველოს საკურორტო პოტენციალს ამერიკის შეერთებულ შტატებში სპა მემკვიდრეობის საერთაშორისო ფესტივალზე გაეცნენ

ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის, EHTTA-ს მიწვევით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს დელეგაციამ სპა მემკვიდრეობის პირველ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპაქალაქ სარატოგა სპრინგსში (ნიუ იორკის შტატი) გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ კურორტების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფესტივალის ფარგლებში „ევროპის თერმული მემკვიდრეობის“ კონფერენციაზე კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა. მან აუდიტორიას საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების ისტორია და კურორტების განვითარების მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები გააცნო.

საფესტივალო პროგრამის ფარგლებში კურორტების განვითარების სააგენტოს დელეგაცია, EHTTA-ს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ასოციაციის წევრის სტატუსით შეხვდა სპაქალაქ სარატოგა სპრინგსის მერს, ჯონ საფორდს, ნიუ იორკის შტატის ტურიზმის განყოფილების აღმასრულებელ დირექტორსა და ვიცე-პრეზიდენტს, როს ლევის, ნიუ იორკის შტატის პარკების კომისარსა და შტაბის უფროსს, რენდი სიმონსს, სარატოგა სპრინგსის ეროვნული პარკის დირექტორს, ალენ ბალ ჩინიანს. გაიმართა B2B შეხვედრები თერმული კურორტების მმართველობაში ჩართულ, ასევე, ტურიზმის სექტორის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან.

„კურორტების განვითარების სააგენტოს, როგორც EHTTA-ს წევრ ორგანიზაციას, მოგვეცა შესაძლებლობა, ამჟამად უკვე ამერიკელ საზოგადოებას გავაცნოთ საქართველოს მდიდარი ბალნეოლოგიური პოტენციალი. ამდენად, ევროპის თერმული მემკვიდრეობის ფესტივალს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს სააგენტოსთვის, რადგან ხდება საქმიანი კავშირების დამყარება და ურთიერთობის გაღრმავება ევროპელ თუ ამერიკელ პოტენციურ პარტნიორებთან,“ -აღნიშნა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

„ოფიციალური ნაწილის გარდა, საფესტივალო პროგრამა ტურისტულ გამოფენასაც მოიცავდა, სადაც 2 დღის განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების, და მათ რიცხვში, როგორც ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების მარშრუტში შემავალი დესტინაციის – საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების მდიდარ მემკვიდრეობას.

SPA მემკვიდრეობის საერთაშორისო ფესტივალს 300-მდე ექსპერტი, საზოგადოების ფართო წრეები და მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ კურორტების განვითარების სააგენტო ფესტივალზე EHTTA-ს წევრი ორგანიზაციის სტატუსით მონაწილეობდა. სააგენტო ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრი გასულ თვეში გახდა. საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებას წინ უძღოდა წარმატებით განხორციელებული არაერთი ერთობლივი აქტივობა.

ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაცია (EHTTA) არის ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ასოციაცია და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის, UNWTO-ს აფილირებული წევრი. ორგანიზაცია ევროპის 18 ქვეყნის 51 წევრს აერთიანებს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს, რომ მაქსიმალურად ტრანსფარენტული და ობიექტური იყოს ჩვენი საარჩევნო პროცესი -ლევან დავითაშვილი

ჩვენთვის ახალი არ არის ის რიტორიკა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, სუბიექტურად ხდება პროცესების შეფასება, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, რადგან ვართ საარჩევნო პროცესში და ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ყველაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება ყველა ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანას, იმიტომ, რომ მაქსიმალურად ტრანსფარენტული და ობიექტური იყოს ჩვენი საარჩევნო პროცესი, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებს უპასუხა დასმულ შეკითხვაზე, რომელიც ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადების შეფასებას ეხებოდა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, სხვა შეფასება, ამ ეტაპზე, ზედმეტია.

„არჩევნების ჩატარებამდე დაგვრჩა ათ დღეზე ნაკლები დრო, შესაბამისად, მოსახლეობას უნდა მივცეთ საშუალება, ობიექტურად, ზეწოლის გარეშე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთონ სწორი არჩევანი“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თიბისის ტექსკოლაში 600-მა უფროსკლასელმა ტექნოლოგიების შესწავლა დაიწყო

ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით.

ტექსკოლის მე-4 სემესტრზე ჯამში 1123 უფროსკლასელი დარეგისტრირდა, კონკურსის საფუძველზე, მათგან 600 მოსწავლე შეირჩა, რომლებიც მომავალი სამი თვის განმავლობაში ტექნოლოგიებს უფასოდ შეისწავლიან.

თიბისიმ ტექსკოლა, ჯეოლაბთან პარტნიორობით გასულ წელს დაარსდა და მთელი საქართველოდან, 2000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა 18%-ზე მეტმა მოსწავლემ, ტექსკოლაში, სხვადასხვა მიმართულებით ტექნოლოგიების შემსწავლელი რამდენიმე კურსი გაიარა.

თიბისისთვის ახალი თაობის ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა პრიორიტეტია. თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით და მათი პრაქტიკაში გამოყენებით, თიბისი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და იდეების რეალობად გადაქცევა.

(R)

 კვლავაც მაქვს შესაძლებლობა, მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღე, რომელიც ყველას ახსენებს თქვენს ღვაწლს, ჩვენი ახლო წარსულის ცოცხალ მაგალითს, ქვეყნისა და მოყვასის სამსახურისთვის გაწეულს -პატრიარქი ვეტერანებს

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მეუფე ეფრემმა ვეტერანებს პატრიარქის მილოცვა და ლოცვა-კურთხევა გადასცა.

„ჩვენო ვეტერანებო, ქვეყნისთვის დამაშვრალო, ჩვენო სულიერო შვილებო!

ღვთის შეწევნით, კვლავაც მაქვს შესაძლებლობა, მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღე, რომელიც ყველას ახსენებს თქვენს ღვაწლს, ჩვენი ახლო წარსულის ცოცხალ მაგალითს, ქვეყნისა და მოყვასის სამსახურისთვის გაწეულს. მიუხედავად იმისა, რომ 2-ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე ჩვენი ერის საუკეთესო ნაწილი ეწირებოდა ქრისტეს რწმენასა და სამშობლოს დაცვას, მიუხედავად იმისა, რომ ათეისტური რეჟიმის პირობებში ყველაზე ღირსეული და გამორჩეული მამულიშვილნი ერთიანად მოსპეს და გაანადგურეს, ქართულ გენში გმირული სული მაინც ვერ ჩაკლეს! თქვენც ამ გენის გამოვლინებანი ხართ. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ქვეყნის სამსახურისთვის კვლავაც დაუღალავი მუშაკობა.

ასევე, მინდა დავლოცო თქვენი გარდაცვლილი თანამოძმენი და შევთხოვო უფალს მათ სულთა ცხონება, ხოლო მათი შთამომავლების ოჯახის წევრებისა და ახლობლების მშვიდობით კურთხევა.

მაცხოვრისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მადლი და წყალობა და ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მეოხება არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, რომლის მისალოცი წერილი ღონისძიებაზე მეუფე ეფრემმა წაიკითხა.

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა. ამ დღეს საქართველო 2014 წლიდან აღნიშნავს. ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

 

ვეტერანებმა ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი, მადლობას გიხდით გმირობისთვის, სამშობლოსათვის თავდადებისთვის, იმ წვლილისათვის, რაც შეგაქვთ საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში -ირაკლი კობახიძე

გავაგრძელებთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელშეწყობას და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების გაფართოებას. მათ შორის, ამ საკითხებზე გვექნება მსჯელობა 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფომ ვეტერანებისა და მათი ოჯახების ხელშეწყობისთვის აამოქმედა.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის დაწესდა ყოველთვიური სახელმწიფო კომპენსაცია, რომელიც მზარდია და თუ 2014 წელს 500 ლარი იყო, დღეისათვის უკვე 1200 ლარს შეადგენს. მოიხსნა შეზღუდვა, რომლის თანახმად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება ჰქონდათ მხოლოდ საპენსიო ასაკის ვეტერანებს; შედეგად, დახმარების მიღება შეძლო დაახლოებით 45 000-მა ვეტერანმა;დაწესდა შეღავათები, მათ შორის საგადასახადო კუთხით, მუნიციპალური ტრანსპორტით და მატარებლით მგზავრობაზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებით და სხვა მომსახურებებით სარგებლობაზე. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში შეიქმნა ვეტერანთა პაკეტი, რომლის ფარგლებშიც ვეტერანებს სამედიცინო მომსახურება 15 000-ლარიანი წლიური ლიმიტის ფარგლებში 100%-ით უფინანსდებათ. ამოქმედდა ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის პროგრამა. განათლების მიმართულებით სოციალური პროგრამის ფარგლებში, ვეტერანთა შვილები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდებიან. პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობისას უპირატესი უფლება ვეტერანებს ენიჭებათ;სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამების ფარგლებში ჩამოყალიბდა ვეტერან ფერმერთა ასოციაციები, კოოპერატივები, მეურნეობები,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს ვეტერანთა ხელშეწყობას და შესაბამისი პროგრამების გაფართოებას, მათ შორის, აღნიშნული საკითხები გათვალისწინებული იქნება 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშიც.

„ეს ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების მხოლოდ ნაწილია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს იმ ძალისხმევისათვის, რომლის შედეგადაც დღეს ვითარება არსებითად არის გაუმჯობესებული. თუმცა, მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით, ჩვენ გავაგრძელებთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელშეწყობას და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების გაფართოებას. მათ შორის, ამ საკითხებზე გვექნება მსჯელობა 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშიც.

ჩვენი გეგმების განსახორციელებლად და ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის უმთავრესი პირობაა მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცება. თქვენ, ვეტერანებმა ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი. მადლობას გიხდით გმირობისთვის, სამშობლოსათვის თავდადებისთვის, იმ წვლილისათვის, რაც შეგაქვთ საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ,”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

აშშ თანამშრომლობს უკრაინასთან “გამარჯვების გეგმასა” და სხვა საკითხებზე – მეთიუ მილერი

აშშ თანამშრომლობს უკრაინასთან „გამარჯვების გეგმასა“ და სხვა საკითხებზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერს არ დაუკონკრეტებია, რა „პროდუქტიულ ნაბიჯებს“ ხედავს აშშ-ის ხელისუფლება გეგმაში, რომელიც ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს გააცნო.

ასევე, მეთიუ მილერს არ დაუზუსტებია, რომელ პუნქტებს უჭერს მხარს აშშ ამ ინიციატივაში.

„არ ვაპირებ სხვადასხვა დეტალზე საუბარს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას უკრაინის მთავრობასთან ამ გეგმაზე. დარწმუნებული ვარ, ეს იყო ბაიდენსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის დროს ერთ-ერთი თემა. ჩვენ განვაგრძობთ მათთან თანამშრომლობას ისეთ საკითხებზე, რომლებიც, ჩვენი აზრით, დაეხმარება უკრაინას, გაიმარჯვოს ბრძოლის ველზე და უზრუნველყოს სამართლიანი მშვიდობა“, – აღნიშნა მილერმა.

გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „გამარჯვების გეგმის“ დეტალები უკრაინელ დეპუტატებს გააცნო. დეპუტატ ალექსეი გონჩარენკოს ინფორმაციით, ის ხუთი პუნქტისგან შედგება და ფაქტობრივად წარმოადგენს „რუსეთის მშვიდობისკენ იძულების გეგმას“. გეგმის პირველი პუნქტი ნატო-ში უკრაინის დაუყოვნებლივ მიწვევას ითვალისწინებს.

  წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები ვეტერანებისთვის, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით-ირაკლი კობახიძე

ვეტერანი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით, როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები ვეტერანებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მმართველმა გუნდმა დაიწყო აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით.

„მინდა მოგილოცოთ ვეტერანთა დღე ჩვენს ძვირფას ვეტერანებს, თავდაცვის ძალების, პოლიციის, სპეციალური სამსახურების ღირსეულ მებრძოლებს, სამშობლოსთვის თავდადებულ ადამიანებს.

ვეტერანი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით, როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი. ამიტომ, თქვენს კეთილდღეობაზე ზრუნვა, თქვენი ღვაწლისა და გმირობის სათანადო დაფასება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ის, რომ წელს ამ დღეს მეათედ აღვნიშნავთ, სწორედ ამის დასტურია.

წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები, საყოველთაო დაზღვევის მინიმალური პაკეტიც კი ვეტერანებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით; საფუძველი ჩავუყარეთ ვეტერანთა საქმეების სამსახურის შექმნას და ვეტერანებზე ზრუნვა პრიორიტეტად ვაქციეთ. ამ წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით თქვენი დამსახურებების სათანადოდ დასაფასებლად”, – განაცხადა პრემიერმა.

აშშ-მა B-2 ტიპის ბომბდამშენებით „ჰუსიტების“ მიწისქვეშა იარაღის შესანახ საწყობებს დაარტყა – ლოიდ ოსტინი

აშშ-მა B-2 ტიპის ბომბდამშენებით „ჰუსიტების“ მიწისქვეშა იარაღის შესანახ საწყობებს დაარტყა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ავრცელებს.

„აშშ-ის ძალებმა „ჰუსიტების“ მიწისქვეშა ობიექტებს დაარტყეს, სადაც იმ ტიპის იარაღების კომპონენტები იყო განთავსებული, რომლებსაც „ჰუსიტები“ სამოქალაქო და სამხედრო გემების წინააღმდეგ იყენებდნენ“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ლოიდ ოსტინის ცნობით, სარაკეტო დარტყმებისთვის აშშ-მა B-2 Spirit ბომბდამშენები გამოიყენა და ხუთ მიწისქვეშა საწყობს დაარტყა.

„აშშ-ის საჰაერო ძალების B-2 სტელსის ბომბდამშენების გამოყენება აშშ-ის გლობალურ შესაძლებლობას აჩვენებს, რომ აღნიშნულ სამიზნე ობიექტებს ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას დაარტყას“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

 უსამშობლო ოპოზიციური სუბიექტები გარკვეული არეულობის მოსაწყობად ემზადებიან -გიორგი ვოლსკი

უსამშობლო ოპოზიციური სუბიექტები ემზადებიან გარკვეული არეულობის მოსაწყობად, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მშვიდობიან პოლიტიკას რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა დაუჭიროს მხარი.

„არის ქვეყნები ჯგუფი, რომლებსაც, რასაკვირველია, ხელისუფლების შეცვლა აწყობთ, იმიტომ რომ ისინი ჰპირდებიან, რომ შეასრულებენ ყველაფერს, რასაც უბრძანებენ. და არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც არის ტერიტორიების 20%-ის ოკუპანტი. აი ამ ვითარებაში, რასაკვირველია, ჩვენი ქვეყნისთვის იქნება გადარჩენის ერთადერთი გზაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაუჭიროს მხარი სამშვიდობო პოლიტიკას, სტაბილურობის პოლიტიკას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება -კამალა ჰარისი

ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. კამალა ჰარისმა პირველად მისცა ინტერვიუ „Fox News“-ს, სადაც არალეგალური იმიგრაციისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შესახებ ისაუბრა.

„მინდა, ძალიან ნათლად ვთქვა, ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება. როგორც ყოველი ახალი პრეზიდენტი, რომელიც მოვა თანამდებობაზე, მე მოვიტან ჩემს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ჩემს პროფესიულ გამოცდილებას და ახალ იდეებს“, – განაცხადა ჰარისმა.

25- წუთიანი ინტერვიუს დროს ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტმა ჰარისს ჰკითხა, არიან თუ არა ადამიანები, რომლებიც კვლავ უჭერენ მხარს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.

„სულელები“. „მე არასდროს ვიტყოდი ამას ამერიკელ ხალხზე“, – აღნიშნა ჰარისმა.

ამასთან, ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, რატომ არის მისი საარჩევნო დაპირებებიდან ერთ-ერთი „ახალ ეტაპზე გადასვლა“, მაშინ როცა უკვე სამ წელზე მეტია ვიცე-პრეზიდენტია, ჰარისმა პასუხად ტრამპი გააკრიტიკა.

ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომზე ამბობს, კრემლის ნარატივია – რასა იუკნევიჩიანე

ევროპისა და კრემლის მომხრე ერთდროულად ვერ იქნები – ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომზე ამბობს, რასაც ის და სხვა ოფიციალური პირები ევროპარლამენტის შესახებ ამბობენ, კრემლის ნარატივია – ევროკავშირის ინსტიტუტებზე თავდასხმა და არადემოკრატიული ქცევა,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს.

ევროპარლამენტარის განმარტებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არის „უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რატომაც საქართველო ასეთ მძიმე მდგომარეობაშია“.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი, ან ვიტყოდი, რომ უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რატომაც საქართველო ასეთ მძიმე მდგომარეობაშია. ვგულისხმობ, საქართველოს სამომავლო გზას. ვხედავთ, რომ რასაც ის ამბობს, რა გადაწყვეტილებებსაც მისი მთავრობა იღებს, შეუთავსებელია ევროკავშირის მოთხოვნებთან და ღირებულებთან.

[ევროკავშირის] წევრობის შემდგომი ნაბიჯები ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დონეზე შეჩერებულია იმის გამო, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. ყველა მათი ქმედება აჩვენებს, რომ [ევროკავშირის წევრობისთვის] საჭირო ნაბიჯებს არ მიჰყვებიან. ევროპისა და კრემლის მომხრე ერთდროულად ვერ იქნები. ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომზე ამბობს; რასაც ის და სხვა ოფიციალური პირები ამბობენ ევროპარლამენტის შესახებ, კრემლის ნარატივია – ევროკავშირის ინსტიტუტებზე თავდასხმა და არადემოკრატიული ქცევა“, – აცხადებს რასა იუკნევიჩიანე.

ამასთან, როგორც ამავე ინტერვიუში იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის მიერ 9 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, „ხმების მოსყიდვა ევროპული ღირებულებები არ არის და ეს ევროპარლამენტში არ ხდება“.

„რაც შეეხება თანხის გადახდას და სხვა ბრალდებებს. ვშიშობ, ისინი [„ქართული ოცნება“] სხვებზეც ისე ფიქრობენ, როგორც თავად იქცევიან. თუ თვლიან, რომ შესაძლებელია აქ ხმების მოსყიდვა ისე, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, მაშინ ვეტყვი, რომ ეს არაა ევროპული ღირებულებები და ეს არ ხდება ევროკავშირის პარლამენტში. თითქმის 500-მა [პარლამენტარმა] მისცა ხმა [რეზოლუციას]. ეს დიდი რამაა, გზავნილია და შეუძლებელია, რომ ასეთი რამ იყიდო“,- აცხადებს ევროპარლამენტარი „ამერიკის ხმასთან“.

საპარლამენტო არჩევნებისთვის ბიულეტენები 3 სტამბაში იბეჭდება

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს. ბიულეტენები იბეჭდება პარლამენტის, საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის.

თბილისის 3 სტამბაში მიმდინარე ბეჭდვის პროცესს ცესკოს წევრებთან ერთად საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან. საერთო ჯამში იბეჭდება 3 325 100 ბიულეტენი, აქედან 2,838,600 ბიულეტენი ტექნოლოგიური უბნებისთვის, ხოლო ტრადიციული უბნებისთვის 486,500.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის ბიულეტენები იბეჭდება ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე. ბეჭდვის დასრულების შემდეგ ბიულეტენები კანონით განსაზღვრულ ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიებს, მოგვიანებით კი საუბნო საარჩევნო კომისიებს გადაეცემათ.