Home Blog Page 5

,,საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი პოლიტიკურად მიკერძოებულია”- ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი

საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი პოლიტიკურად მიკერძოებულია, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ჰანს ნოიჰოფმა „სუვერენულ ერთა ევროპის“ (ESN) ჯგუფის სახელით ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე, სადაც კომიტეტის წევრებმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი დაამტკიცეს.

„მსურს, ESN ჯგუფის სახელით უმცირესობის პოზიცია დავაფიქსირო. ნება მომეცით, რომ სამი პუნქტი წარვადგინო. ჩვენ უარვყოფთ პროექტის მეხუთე პუნქტს, რომელიც მოითხოვს პერსონალური სანქციების დაწესებას წინასწარი სამართლებრივი პროცედურების გარეშე, რაც კანონის უზენაესობისა და ინდივიდუალური უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს. მეტიც, მსგავსი სანქციების ოჯახის
წევრებზე გავრცელება კოლექტიური დასჯის ფორმას წარმოადგენს, რაც ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების აშკარა დარღვევაა.

ჩვენ უარვყოფთ მერვე პუნქტს, რომელიც ევროკავშირს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის არაღიარებისკენ მოუწოდებს, რაც სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის აშკარა დარღვევას წარმოადგენს.

ჩვენ უარვყოფთ მეათე პუნქტს, რომელიც საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთსულოვნების პრინციპისთვის გვერდის ავლას ცდილობს, რაც ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებს ძირს უთხრის. ამგვარად, ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ საქართველოს შესახებ კომისიის ანგარიშის პროექტს, რომლის ტექსტი აშკარად პოლიტიკურად მიკერძოებულია. ასევე, ის შეიცავს რამდენიმე დებულებას, რომლებიც ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით იურიდიულად და ინსტიტუციურად მიუღებელია“, – განაცხადა ჰანს ნოიჰოფმა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით, 55 ხმით დაამტკიცა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 5 ივნისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7320 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7320 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7321 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1087 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1162 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0075 ლარი შეადგინა.

ვორქშოფ ფესტივალი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა – “მთავარია გჯეროდეს”

საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა დაუვიწყარი თავგადასავალია, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გამოცადოს. ამ პროცესს უამრავი განსხვავებული ემოცია ახლავს თან: ცნობისმოყვარეობა, სიახლის ძიების სურვილი, აღფრთოვანება, ხშირად შიშიც კი, რომლის საწინააღმდეგო საუკეთესო იარაღად გამბედაობა იქცევა ხოლმე. 31 მაისსა და 1 ივნისს, სწორედ ვორქშოფ ფესტივალი იქცა იმ ადგილად, რომელმაც საკუთარი შემოქმედებითი უნარების აღმოსაჩენად, გამბედაობა მოგვცა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა – „მთავარია გჯეროდეს“.

ფესტივალმა ერთი დიდი შემოქმედებითი სამყარო შექმნა, სადაც ადამიანები ორი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი მიმართულებით საკუთარ თავს ყოველ ჯერზე განსხვავებულად აღმოაჩენდნენ და შთაგონებით ივსებოდნენ. სტუმრებს, რომლებსაც აქამდე ეგონათ, რომ ხატვა, ცეკვა, პიცის მომზადება და კიდევ უამრავი რამ არ შეეძლოთ, დარწმუნდნენ, რომ საკუთარი თავის რწმენა ადამიანს შეუძლებელს შეაძლებინებს.

ფესტივალზე სტუმრებს საშუალება მიეცათ, დიდი ხნის ნანატრი ჩანაფიქრები აესრულებინათ. ესწავლათ, როგორ უნდა გასინჯონ ღვინო, მოუარონ შინაურ ცხოველებს, გაუწიონ ადამიანებს პირველადი დახმარება, შექმნან კერამიკული ჭურჭლები და ა.შ. ფესტივალი სტუმრებს დაეხმარა, რომ თავიანთი შესაძლებლობებისთვის აქამდე დაწესებული საზღვრები გაბედულად გაერღვიათ და აქამდე შეუძლებელი, დაუჯერებელი გამოცდილებები რეალობად ექციათ.

მზიანი ამინდი, კარგი მუსიკა, ფესტივალის მხიარული დინამიკა, საკუთარი თავის აღმოჩენის სურვილით შეკრებილი ადამიანები ერთად ქმნიდნენ გაზაფხულის საუკეთესო დასასრულსა და ზაფხულის საუკეთესო დასაწყისს. თითოეული ვორქშოფი ახსენებდა ადამიანებს, რომ სწავლა არა მხოლოდ ცოდნის მიღება, არამედ თვითრწმენის უსასრულო გაღვივებაა.

„ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ სივრცე არის განკუთვნილი ყველა ინტერესის მქონე ადამიანისთვის. შეიძლება გიყვარდეს ძერწვა, კერვა, ხატვა, ცხობა, ალკოჰოლის მომზადება, ჯანსაღი ცხოვრების წესი – ფესტივალი ნებისმიერი სახის ადამიანს დააკმაყოფილებს. ფერადი და სიცოცხლით სავსე გარემო კი გაძლევს სურვილს, რომ თავი სხვადასხვა კუთხით გამოცადო,“ -ქეთევან ჯანიაშვილი, ფესტივალის სტუმარი

სწორედ ამიტომ, თიბისის გუნდი ხშირად ვამბობთ, რომ ყველაფერი სწორედ იმ მომენტში იწყება, საკუთარ თავს აქამდე წარმოუდგენელი ვერსიით სწორედ იმ მომენტში პოულობ, როდესაც დაიჯერებ. „მთავარია გჯეროდეს“ არ ყოფილა გზავნილი, რომელიც ვორქშოფ ფესტივალის კედლებზე დარჩა, ის ყველა სტუმარმა ყოველი ვორქშოფისას მთელი არსებით იგრძნო და საკუთარ თავზე ახლებურად გამოცადა.

„ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უამრავ განსხვავებულ და უცნობ რამეს ეცნობიან არა მხოლოდ ზრდასრულები, არამედ ბავშვებიც. ასევე, ამ პროცესში, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ გამოცდილებას იღებ და მომავალშიც უფრო საინტერესოდ ვითარდები“, –მარიამ გაბრიჩიძე, ფესტივალის სტუმარი

ასე რომ, ვორქშოფ ფესტივალმა დაგვაჯერა – ახალი დასაწყისი ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია. და რომ ცხოვრების ყველაზე საინტერესო ამბები მოულოდნელად, საკუთარი თავის აღმოჩენით იწყება. ის ემოციები, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ტრიალებდა, ადამიანებს ცხოვრების გზაზე სამუდამოდ გაჰყვებათ, რადგან ფესტივალმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა – „შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს“.

(R)

თიბისი კონცეპტიშავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალს წარმოგიდგენთ

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალი ბათუმში ბრუნდება. ლეგენდარული არტისტების მონაწილეობით დაუვიწყარი საღამოები შავი ზღვის სანაპიროზე 11-13 ივლისს გაიმართება.

  • 11 ივლისი|ლედისი / LEDISI
  • 12 ივლისი|ვინსენ გარსია / GARCIA VINCEN | ნექსთ მუვმენტი / NEXT MOVEMENT
  • 13 ივლისი|სისთერ სლეიჯი / SISTER SLEDGE

წელს ფესტივალი, ტრადიციულ ადგილას, ბათუმის კორტებზე გაიმართება.

VIP აბონემენტის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, სამივე საფესტივალო ღამეს, კლუბში – „Take 5“, დაესწრონ ჯემსეშენს, რომელსაც ჯგუფი TNM უმასპინძლებს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.

თიბისი კონცეპტის წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათის მფლობელებს, 9 ივნისის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.

წინასწარი გაყიდვის შემდეგ, თიბისი კონცეპტის Visa ბარათზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება. შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი კონცეპტის საკრედიტო ბარათებზე.

შავი ზღვის ჯაზფესტივალის ორგანიზატორია „ისთერნ პრომოუშენსი“.

ფესტივალის წარმდგენია თიბისი კონცეპტი.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: VISA, საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ბათუმის მერია, თეგეტა, პორშე, ისი პარი,  რესტორანი გრილ თაუნი, ალმა, Tkt.ge.

(R)

“2025 წლის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა” – ევროპარლამენტი ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ რელიზს ავრცელებს.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა შესწორებებით საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში 55 ხმით 14-ის წინააღმდეგ, ოთხმა თავი შეიკავა. ანგარიშის მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეა.

როგორც ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ახალ ანგარიშში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ „საქართველოში 2024 წლის ოქტობრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები იყო აშკარა გარდმტეხი მომენტი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში ავტორიტარული მთავრობისკენ“.

მათი თქმით, „ამ ნაკლოვანმა კენჭისყრამ გზა გაუხსნა მმართველ პარტიას, „ ქართულ ოცნებას“, უკანონოდ მიიტაცოს სახელმწიფო ინსტიტუტები და დემოკრატიული გარანტიები, წინ წაწიოს რეპრესიული კანონმდებლობა და ასევე ჩაახშოს პოლიტიკური ოპონენტები, ჟურნალისტები და მშვიდობიანი დემონსტრანტები“.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების ამჟამინდელი კურსი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ევროპარლამენტის წევრებმა გაიმეორეს მოწოდება საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლების მონიტორინგით. ვიდრე ასეთი არჩევნები არ იქნება ორგანიზებული, ევროპარლამენტის წევრები შეინარჩუნებენ საქართველოს ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკას და მოუწოდებენ ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ ორმხრივი და კოორდინირებული პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ საკვანძო მაღალჩინოსნებისა და რეჟიმის ხელშემწყობებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე. მზარდი რეპრესიული საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივ გადახედვას და მოუწოდებენ ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას“, – ნათქვამია პრესრელიზში.

პრესრელიზის თანახმად, „ქართული ოცნებისთვის“ დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე დაბრუნებისკენ მოწოდებასთან ერთად, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ ადასტურებენ სოლიდარობას ქართველი ხალხის და მათი ლეგიტიმური პროევროპული მისწრაფებების მიმართ.

„ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, როგორც უკვე ნაჩვენები იყო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოს ამჟამინდელი შემზღუდველი მედიაგარემოსა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმების გამო, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებების გამო, რომლებიც მიუთითებენ განზრახვაზე, არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ ოპოზიციური პარტიები“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ანგარიშს ევროპარლამენტს კენჭისყრაზე მომავალ პლენარულ სესიაზე წარუდგენენ.

რეფორმის შესახებ სპეკულაციები მიზნად ისახავს პროცესის დისკრედიტაციას, რაც ცხადყოფს რეფორმის აუცილებლობას-ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი

საგარეო უწყების რეფორმასთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციები მიზნად ისახავს დესტრუქციას და პროცესის დისკრედიტაციას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას, – ამის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ დირექტორი თამარა წულეისკირი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც თამარა წულეისკირი აღნიშნავს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ცოდნისა და მართლშეგნების ამაღლება, საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების თანახმად, მთლიანად გახდა ამ სტრუქტურის საქმიანობისა და მისი მთავარი ამოცანების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი.

„საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორციელდება კომპლექსური რეფორმა. სტრუქტურული ცვლილებები ეხება, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

სამინისტროს ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს. შესაბამისად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ცოდნისა და მართლშეგნების ამაღლება, უკვე სამინისტროს დებულების თანახმად, გახდა მთლიანად სტრუქტურის საქმიანობისა და მისი მთავარი ამოცანების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის პროცესი ხორციელდება სრულიად გამჭვირვალედ და თითოეულ თანამშრომელს მიეწოდება ინფორმაცია მიმდინარე ცვლილებების შესახებ.

შესაბამისად, საგარეო უწყების რეფორმასთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციები მიზნად ისახავს დესტრუქციას და პროცესის დისკრედიტაციას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას“, – წერს თამარა წულეისკირი.

ევროპარლამენტის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს, ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება -კახა კალაძე

ამ ტიპის რეზოლუცია ბევრი გვინახავს, ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება, რამდენს იხდიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული ყოველწლიური ანგარიშის შესახებ.

როგორც საპასუხოდ კალაძემ აღნიშნა, მსგავსი ლობიზმით შეფუთული რეზოლუციებისა და აგენტურისადმი ქართველი ხალხის უმრავლესობას შესაბამისი დამოკიდებულება აქვს.

„ამ ტიპის რეზოლუცია ბევრი გვინახავს. ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება, რამდენს იხდიან. ეს ყველაფერი ლობიზმითაა შეფუთული. ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვთ. ამ ადამიანებს, რომლებიც აგენტურას წარმოადგენენ ქვეყანაში, საზოგადოების უმრავლესობას მათ მიმართ და მათი თანაგუნდელების მიმართ აქვთ შესაბამისი დამოკიდებულება, რასაც იმსახურებენ. აგენტებს და უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მსახურებს ყოველთვის შესაბამისი დამოკიდებულება ექნებათ ხალხის მხრიდან. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ბიუროკრატები, ოდიოზური პირები საკმაოდ მრავლადაა, თუმცა შეიცვლება ყველაფერი და ისეთ ევროპას მივიღებთ, რომლისკენაც ვისწრაფვით ოდითგანვე და არა ისეთს, როგორიც დღესაა, დაფუძნებული ტყუილზე, ცილისწამებაზე. ეს არის ზუსტად განსხვავება ჩვენსა და რადიკალებს შორის. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ქართველი ხალხის დავალებას ვასრულებთ. ჩვენთვის ჩვენი ქვეყანაა მნიშვნელოვანი. რადიკალების ამოსავალი წერტილია, რას უბრძანებენ გარედან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რომ მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაცია, ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ, პირველ რიგში, გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს -კახა კალაძე

ვიღაცები ცდილობენ, პოლიტიკური სპეკულაციებით შეფუთონ პროცესები და ისე წარმოაჩინონ, როგორც თავიანთი პოლიტიკური შეხედულებებისთვის აწყობთ. სიმართლე არის ერთი – ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მედიის წარმომადგენლებმა კალაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისადმი შალვა პაპუაშვილის წერილზე.

„სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა – გარედან წახალისებული ექსტრემისტული დაჯგუფებები, რადიკალები, თანხები, რომლებიც გარედან შემოედინებოდა, მიმართული იყო იმაზე, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო. თავიანთი განცხადებებით, პოლიტიკური პოზიციებით პირდაპირ ერეოდნენ საპარლამენტო არჩევნებში, რაც, რა თქმა უნდა, არის უდიდესი პრობლემა. ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს, რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და დგას იქ, სადაც ჩვენს სამშობლოს სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, ევროპის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებული პოლიტიკური შეფასებები ძალიან უხერხულია.

„სიმართლე არ იმალება, ადრე თუ გვიან, ყველაფერი ცხადი და ნათელი ხდება. ოფიციალური თანამდებობის პირები როდესაც პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ ევროკავშირის გაფართოება 2030 წლამდე წარმოუდგენელია, ამაზე პირდაპირ ვისაუბრეთ. გახსოვთ, რა პროცესები მოჰყვა ამას. ვიღაცები ცდილობენ, პოლიტიკური სპეკულაციებით რაღაცები შეფუთონ და ისე წარმოაჩინონ, როგორც თავიანთი პოლიტიკური შეხედულებებისთვის აწყობთ, მაგრამ სიმართლე არის ერთი – ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რომ მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაცია. ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ, პირველ რიგში, გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველა თანხა, რომელიც შემოდის უცხოეთიდან, უნდა იყოს გამჭვირვალე.

„ყველა თანხა, რომელიც შემოდის უცხოეთიდან, უნდა იყოს იდენტიფიცირებული და ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალედ – ვისგან ფინანსდებიან და რა კონკრეტულ პროექტებს ხმარდება. როდესაც ხდება მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება, რადიკალიზმის გაღვივება, საზოგადოების პოლარიზაცია და ამას უცხოეთიდან აფინანსებენ, ეს ძალიან მძიმეა, რასაც ყოველთვის შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა კალაძემ.

ცესკოს დელეგაცია გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით მექსიკაში იმყოფებოდა

საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით, მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტისა და ქალაქ მეხიკოს საარჩევნო ინსტიტუტის  მიწვევით, მექსიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც გიორგი კალანდარიშვილთან ერთად შედიოდნენ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და  ცესკოს საფინანსო დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი ლიპარტია, მონაწილეობა მიიღო 30-31 მაისს გამართულ საერთაშორისო საინფორმაციო ფორუმში.

ფორუმი ორგანიზებული იყო მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტისა და ფედერალური საარჩევნო ტრიბუნალის მიერ და მონაწილეებმა არაერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხი განიხილეს. მათ შორის, მექსიკის სასამართლო ხელისუფლების არჩევნების მომზადება, გატარებული საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმები,  კენჭისყრის დღის პროცედურები, საარჩევნო დავები, ამომრჩეველთა ინფორმირება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, შედეგების დათვლა, არჩევნების ლოგისტიკა და შესაბამისი ბიზნეს პროცესები და არჩევნების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.

პირველ ივნისს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია მექსიკის ადგილობრივი და ფედერალური სასამართლო ხელისუფლების არჩევნებს დააკვირდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო მექსიკის საარჩევნო ისტორიაში პირველი არჩევნები, როდესაც საარჩევნო უფლების მქონე პირებს შეეძლოთ აერჩიათ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები როგორც ფედერალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. არჩევნებისთვის 84 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი და გამოყენებული იყო 9 სხვადასხვა ტიპის ბიულეტენი.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში დელეგაციის წევრები, საერთაშორისო დამკვირვებლებთან და სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ მეხიკოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ. ისინი დააკვირდნენ როგორც საარჩევნო უბნების გახსნას, ისე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობასა და კენჭისყრის დახურვას, ასევე ზემდგომ კომისიებში ხმის დათვლის პროცედურებს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარე  მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტისა და ფედერალური საარჩევნო ტრიბუნალის ხელმძღვანელობას და წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციამ ასევე გამართა შეხვედრა ქალაქ მეხიკოს საარჩევნო ინსტიტუტის ხელმძღვანელთან და წარმომადგენლებთან.

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრები ასევე გამართა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და  ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, ასევე დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხები და ისაუბრეს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა თუ ღონისძიებებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართულობასთან დაკავშირებით. პარალელურად სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს უსკოს თავმჯდომარემ და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა.

საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით მექსიკაში 29 მაისი -2 ივნისის პერიოდში იმყოფებოდა.

 

 “უკრაინა აჩვენებს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია ომის სცენარის შეცვლა”-The New York Times

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 3 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა ვრცელი სტატია სათაურით: „უკრაინა აჩვენებს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია ომის სცენარის შეცვლა: კიევის დრონების შეტევამ ცხადჰყო, რომ იაფფასიან უპილოტო საფრენ აპარატებს ძვირადღირებული თვითმფრინავების განადგურება შეუძლიათ და თანაც უკრაინის საზღვრებიდან ძალიან შორს“ (ავტორები – ჰელენ კუპერი, ჯულიან ბარნსი, ერიკ შმიტი, ლარა ჯეიკსი და ადამ ენთოუსი). პუბლიკაციაში განხილული და გაანალიზებულია უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ პირველ ივნისს განხორციელებული ოპერაცია, რომლის შედეგად რუსეთის სამხედრო ძლიერებას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ავტორები ესაუბრებიან ექსპერტებს, რომლებიც პროგნოზებს აკეთებენ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების ბაზების დაცვის თაობაზე ახალი საფრთხეების გათვალისწინებით: „შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი „ოქროს გუმბათის“ ანტირაკეტული დაცვის პროექტით აშშ-ის დაცვის უზრუნველყოფას არამარტო ბალისტიკური რაკეტებისგან, არამედ ჩვეულებრივი დრონებისგან?“.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ამერიკელი ოფიციალური პირებისა და სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე აეროდრომებზე და თვითმფრინავებზე დრონებით განხორციელებული გაბედული შეტევებით კიევი აგრძელებს 21-ე საუკუნის ომების წარმოების მეთოდთა ცვლილებებს.

როგორც ამერიკული და ევროპული უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები აცხადებენ, ჯერ კიდევ არ დასრულებულა იმ ზარალის სრული დეტალური სურათის შედგენა, რომელიც უკრაინამ რუსეთს მიაყენა, მაგრამ მათი შეფასებით, უკვე ნათელია, რომ შორი მოქმედების სტრატეგიული დანიშნულების ავიაციის დაახლოებით 20-მდე ერთეული (ბომბდამშენ-ბირთვულრაკეტმზიდი და რადარული თვითმფრინავები) განადგურებულია ან სერიოზულადაა დაზიანებული, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობა, შორი მანძილიდან მიაყენოს დარტყმები მოწინააღმდეგეს.

ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის ავიაციის დანაკარგები შეადგენს 10 შორი მოქმედების სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენებს – ექვს Ту-95-ს და ოთხ Ту-22М-ს, აგრეთვე სამხედრო თვითმფრინავ-რადარს А-50-ს, რომელიც გამოიყენება ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებისა და მართვადი რაკეტების აღმოსაჩენად.

შემტევითმა ოპერაციამ, რომელიც ცნობილი გახდა კოდური სახელწოდებით „ობობას ქსელი“ („აბლაბუდა”), ერთია, რომ რუსეთის სტრატეგიულ ძალებს დიდი ზიანი მიაყენა, მაგრამ მეორე და უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინამ მოახდინა თავისი შესაძლებლობისა და უნარის დემონსტრაცია – დარტყმა მიაყენოს რუსეთის ნებისმიერ წერტილს და გაანადგუროს 100 მილიონ დოლარად შეფასებული სამხედრო თვითმფრინავები 500-დოლარიანი დრონებით.

როგორც აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, უკრაინას დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია წინასწარ საქმის კურსში არ ჩაუყენებია იმის შესახებ, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაგეგმა შეტევის განხორციელება, რომლის სამიზნეს რუსეთის ტერიტორიაზე, ღრმა ზურგში მდებარე რამდენიმე ავიაბაზა წარმოადგენდა, მათ შორის ერთი აღმოსავლეთ ციმბირში.

დარტყმის მისაყენებლად უკრაინამ თავისი აგენტები საზღვრიდან შორს, რუსეთის სხვადასხვა ოლქებში გაგზავნა (და გადაიბირა). მაგალითად, ავიაბაზა „ბელაია” ირკუტსკის ოლქში, ბაიკალის ტბასთან ახლოს არის დისლოცირებული და კიევიდან თითქმის 3 ათასი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით,  უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები) კონტრაბანდული სახით ფარულად იქნენ შეტანილნი რუსეთის ტერიტორიაზე და ხისგან დამზადებულ კონტეინერებში იყვნენ შეფუთულები, მათი სახურავის გახსნა მოხდებოდა დისტანციურად, ადგილობრივ მობილურ კავშირთან მიერთებით. დრონები ჩაიტვირთა სატვირთო მანქანებში (ავტოტრაილერ-ფურებში) და დანიშნულების ადგილთან მაქსიმალურად ახლოს იქნა მიტანილი.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა უკრაინის მოქმედება ისრაელის მიერ გასულ წელს განხორციელებულ ოპერაციას შეადარა, როცა „მოსადმა“ „ჰეზბოლას“ მებრძოლებს ლიბანში კოდური სიგნალებით პეიჯერები აუფეთქა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ დრონების მეშვეობით მიყენებულმა დარტყმამ სერიოზულად დაასუსტა რუსეთის სამხედრო პოტენციალი და კრემლის მიერ წარმოებული საომარი ოპერაციები. „ოპერაცია „აბლაბუდამ“ აჩვენა, თუ როგორ გამოიყურება რეალურად თანამედროვე ომი და რატომ არის მნიშვნელოვანი ერთი ნაბიჯით წინ ყოფნა ტექნოლოგიების განვითარებაში“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ ოპერაცია წელიწადნახევრის განმავლობაში მზადდებოდა..

ამასთან, როგორც აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, არც რუსეთი არ დარჩება  ვალში და უკრაინას საპასუხო შურისმაძიებლური დარტყმით უპასუხებს, თუმცა ამერიკულ დაზვერვას ჯერ-ჯერობით არ აქვს განსაზღვრული ის სამიზნეები, რომლებსაც რუსეთი დაარტყამს. როგორც ჩანს, კრემლი განაახლებს მნიშვნელოვანი სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას, მწყობრიდან გამოიყვანს ენერგოსისტემის ინფრასტრუქტურას ან გაუშვებს საშუალო მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტებს უკრაინის ზურგის ობიექტების გასანადგურებლად.

მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა 2022 წლის თებერვალში, უკრაინის შეიარაღებული ძალები მუდმივად აუმჯობესებენ მოძველებულ საბჭოურ და დასავლურ იარაღს და მათ მოდერნიზებას ახდენენ, თანამედროვე ტექნოლოგიების მიხედვით – მაგალითად, გადასატან სარაკეტო პორტატულ კომპლექსებს „ჯაველინებს“, „სტინგერებს“, „ჰარპუნის“ ტიპის რაკეტებს, სწრაფმავალ საზღვაო კატერებს, სახმელეთო და საზღვაო დრონებს და ა.შ. ამ საქმეში ამერიკამ თავის დროზე უკრაინას მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია და მილიონობით დოლარი დახარჯა ადგილობრივი საწარმოო სიმძლავრეების აღდგენაში, ასევე გადასცა კიევს თანამედროვე მოწინავე ტექნოლოგიებიც.

„მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ უკრაინამ სამხედრო მოქმედებები ახალ დონეზე აიყვანა“, – ამბობს ეველინ ფარკასი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი თანაშემწე რუსეთისა და უკრაინის საკითხებში,  რომელიც დღეს მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობს, – „კიევი აჩვენებს, რომ ახლა თვითონ უკრაინელებს შეუძლიათ ოპერაციების დაგეგმვა და მათი წარმატებით განხორციელება“.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსის ეკატერინე სტეპანენკოს თქმით, უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმები მოწმობს, რომ რუსეთის არცერთი ადგილი უსაფრთხო არ არის და რომ კიევის ხელი მტერს ყველგან მისწვდება: „უკრაინა ომის წარმოების ახალ ფორმებს და მეთოდებს აყალიბებს“.

როგორც ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი სამხედრო მოსამსახურე აღნიშნავს, ჯერ-ჯერობით ძალიან ადრეა უკრაინული ოპერაციის სრული ზეგავლენის შეფასება რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების ავიაციაზე – იმიტომ, რომ რუსები, ალბათ, შეძლებენ ზოგიერთი დაზიანებული თვითმფრინავის აღდგენას. „დიახ, დრონებმა რუსეთის არმიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს, მაგრამ საეჭვოა რუსეთმა უკრაინის ფრონტზე თავისი შეტევითი ოპერაციები შეასუსტოს“, – ხაზი გაუსვა ჩინოვნიკმა.

ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ოპერაციის საიდუმლოდ შენახვა გასაკვირი არ არის იმდენად, რამდენადაც ინფორმაციის ნებისმიერი გაჟონვა მის წარმატებით რეალიზებას საფრთხეს შეუქმნიდა.

უკრაინა ყოველთვის ზრუნავდა თავისი უსაფრთხოების ოპერატიულ დაცვაზე, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ბოლო თვეებში, როცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა სოციალურ ქსელ Signal group-ში საუბრის დროს უნებლიედ გაამჟღავნეს აშშ-ის არმიის დარტყმების ოპერატიული გეგმები (იემენელი ჰუსიტების მიმართ).

როგორც ცნობილია, დღეისათვის აშშ არ მონაწილეობს უკრაინასთან რაიმე ერთობლივი ოპერაციის განხორციელებაში რუსეთის ტერიტორიაზე. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, მათი უკრაინელი კოლეგები, [როცა ოპერაციას გეგმავდნენ], ალბათ, აცნობიერებდნენ იმ გარემოებას, რომ [უმიზეზოდ] დარტყმის მიყენება რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენებზე, რომლებსაც ბირთვული იარაღის ტარება შეუძლიათ, აშშ-სათვის დაუშვებელია. ამიტომაც უკრაინელებმა ამერიკელები საქმის კურსში არ ჩააყენეს – კიევმა კარგად იცოდა, რომ ვაშინგტონი წინააღმდეგი იქნებოდა.

ნატოს წევრი ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ანონიმური წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა ბიძგი მისცა დისკუსიის დაწყებას – საჭიროა თუ არა მოკავშირეებმა გადახედონ თავიანთ უსაფრთხოებას ახალი მოწყვლადი ადგილების გამოსავლენად, რათა ისეთ მდგომარეობაში არ ჩავარდნენ, როგორშიც რუსეთი აღმოჩნდა.

სემიუელ ბენდეტი, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ანალიზის ცენტრის ექსპერტი რუსულ დრონებთან დაკავშირებულ საკითხებში, ამბობს: „ჩვენ თანდათანობით ვაცნობიერებთ იმ საფრთხეს, რასაც უპილოტო საფრენი აპარატები უქმნიან აშშ-ის სამხედრო ბაზებს. როცა საქმე ეხება მსხვილ ავიაბაზებს, რომელთა ასაფრენ-დასაშვებ ზოლზე ბევრი თვითმფრინავი დგას, უკრაინის შეტევის გაკვეთილი გამოიხატება იმაში, რომ ასეთი დარტყმა პოტენციურად ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. დღეისათვის  უკვე ნაკლებად ვართ დარწმუნებულები, რომ ჩვენს ბაზებს კომპლექსური დაცვა აქვთ ახლო რადიუსის მქონე საფრთხეებისგან“.

ჯეიმს პატონ-როჯერსი, დრონების წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტი კორნელის უნივერსიტეტიდან, ამბობს, რომ დასავლეთის ის სახელმწიფოები, რომლებთაც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში აქვთ სამხედრო ბაზები, განსაკუთრებით მოწყვლადები ხდებიან, ვთქვათ, ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში, სადაც მრავალრიცხოვანი ექსტრემისტული დაჯგუფებები მოქმედებენ. უკრაინის შეტევის გათვალისწინებით, მათი დაცვა სტანდარტული ზომებით პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. მსგავსი ინციდენტი მოხდა 2024 წელს, იორდანიაში, სადაც, სირიის საზღვართან ახლოს, უდაბნოში დისლოცირებულ ამერიკულ პოსტზე თავდასხმა განახორციელა ერაყელი ექსტრემისტების მიერ მართულმა დრონმა და რომლის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების შეტევის შედეგები აშშ-სათვის ერთგვარ საჩუქარს წარმოადგენს.

ლინდსი გრემმა, რესპუბლიკელმა სენატორმა სამხრეთ კაროლინიდან, რომელიც ბოლო დროს არაერთგზის ამტკიცებდა, რომ უკრაინას რუსეთისათვის – როგორც აშშ-ის მოწინააღმდეგისათვის – მნიშვნელოვანი ზარალის მიყენება და მისი დასუსტება შეუძლიაო, ორშაბათს სოციალურ ქსელში ასე დაწერა: „უკრაინა მუდმივად იყენებს კრეატიულ ტაქტიკას და ომის წარმოების ისეთ მეთოდებს იგონებს დრონების დახმარებით, რომ წარმატებით ასუსტებს რუსებს – მათი სტრატეგიული ბომბდამშენების განადგურებით“.

ბენ ჰოჯესის, აშშ-ის ევროპული არმიის ყოფილი სარდლის განცხადებით, „შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის შესაძლებლობები ფრთოსანი ბირთვული რაკეტების გაშვების საკითხებში მნიშვნელოვნად შესუსტდა“. იმავდროულად გენერალმა ჰოჯესმა და რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანმა სამხედრო პირმა აღნიშნეს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწევს გადასინჯოს თავისი გეგმები რაკეტსაწინააღმდეგო ფარის „ოქროს გუმბათის“ შექმნის მიზნით, რომელიც პრეზიდენტმა გასულ თვეში გააჟღერა.

პენტაგონის წარმომადგენლების თქმით, „ოქროს გუმბათის“ პროექტი (ისრაელის „რკინის გუმბათის“ მსგავსად) ახალი თაობის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას წარმოადგენს, რომლის მიზანია ქვეყანა დაიცვას ისეთი სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური, ჰიპერბგერითი და ფრთოსანი რაკეტების ზემოქმედებისაგან, რომლებიც აქვს აშშ-ის ზოგიერთ მოწინააღმდეგეს, მაგალითად, რუსეთს.

მაგრამ ანტირაკეტული ფარი ისეთი სახით, როგორითაც არის ჩაფიქრებული, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ალბათ, ვერ დაიცავს იმ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებისაგან, რომლებსაც უკრაინა ქმნის და იყენებს.

„უკრაინის შეტევები რუსეთის აეროდრომებზე აჩვენებს, რომ 175 მილიარდი დოლარი, რომლის დახარჯვას მისტერ ტრამპი პროექტის რეალიზების მიზნით აპირებს,  რესურსების არამიზნობრივ ხარჯვას წარმოადგენს“, – ამბობს ალექსანდრე ვიდმანი, უკრაინული წარმომავლობის მქონე აშშ-ის არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელიც 2019 წელს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მუშაობდა, – „უკრაინის დაზვერვის მიერ წარმატებით განხორციელებული ოპერაცია რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების წინააღმდეგ იმაზე მიანიშნებს, რომ შეერთებული შტატები უნდა დაფიქრდეს, თუ როგორ უნდა დაიცვას საიმედოდ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები არამარტო ბალისტიკური რაკეტებისგან, არამედ სრულიად ჩვეულებრივი დრონებისაგან“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

გიგი თევზაძემ მითხრა: „ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა უნდა იყოს ინგლისური“ – გიორგი გოგოლაშვილი

განათლების სამინისტროს მაშინდელმა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, გიგი თევზაძემ მითხრა: „ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა უნდა იყოს ინგლისური“. ეს გახლავთ გიგი თევზაძის განმარტება, რატომ იყო შეტევა ქართულ ენაზე, – ამის შესახებ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ენათმეცნიერმა, გიორგი გოგოლაშვილმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის ფაქტი. ამ საკითხზე საუბრის ფარგლებში ენათმეცნიერმა გიორგი გოგოლაშვილმა გაიხსენა გიგი თევზაძესთან შეხვედრის ფაქტი, რა დროსაც მას დაუსვა შეკითხვა, „ რატომ ხდებოდა შეტევა ქართულ ენაზე“.

„რა იყო ძირითადი იმ კანონში, რაც ჩვენთვის იყო პრინციპულად მიუღებელი და რამაც უნივერსიტეტი აღაშფოთა? კანონის მიხედვით, უნივერსიტეტს მოეხსნებოდა სახელმწიფო დახმარება, სახელმწიფო უნივერსიტეტი რჩებოდა სახელმწიფო დაფინანსების გარეშე, მას უნდა ეზრუნა თავისი თავი თავად ერჩინა. სამეცნიერო სექტორი, ფაქტობრივად, კანონის მიხედვით აღარ არსებობდა, სიტყვა „მეცნიერი“ აღარ იყო კანონში ნახსენები. შემოღებული იქნებოდა ასაკობრივი ცენზი – 65 წელი. ერთი პუნქტი იყო ქართულთან დაკავშირებით, ამოღებული იყო წინა კანონიდან პუნქტი, რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ენა უნდა იყოს ქართული. ეს პუნქტი ამოიღეს, საბედნიეროდ შემდეგ ბრძოლით მოხერხდა, რომ იმ პერიოდში, ეს პუნქტი დავაბრუნებინეთ. როცა ას საკითხზე პირადად მე დავუსვი კითხვა განათლების სამინისტროს იმჟამინდელ ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, გიგი თევზაძეს, რა ხდება, რაშია საქმე-მეთქი, ასეთი პასუხი არსებობს, რომელიც მაშინ არაერთგზის დაიწერა: „ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა უნდა იყოს ინგლისური“ . ეს გახლავთ გიგი თევზაძის იმ დროინდელი ერთ-ერთი ზეპირი განმარტება, რატომ იყო შეტევა ქართულ ენაზე“, – განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.

ამასთან, გიორგი გოგოლაშვილმა ისაუბრა იმ დროს, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.

„2002 წლის აგვისტოში მე დამიკავშირდა „რუსთავი 2“-დან „კურიერის“ წამყვანი ეკა ხოფერია და მთხოვა მონაწილეობის მიღება დებატებში. პარმენ მარგველაშვილს და მე უნივერსიტეტის პოზიცია უნდა დაგვეცვა. ჩვენს პირისპირ დასხდნენ გიგი თევზაძე და დავით უსუფაშვილი, რომელიც იმჟამად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ იყო. მთელი საღამო გვიმტკიცებდნენ იმას, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი არის კორუმპირებული და მოკლედ, უარყოფითი ყველანაირი კუთხით. მაშინ მე მქონდა შეკითხვა, რომელიც უპასუხოდ რჩება, რომ ამხელა სივრცეში, 200-მდე უნივერსიტეტი იყო, 20-ზე მეტი სახელმწიფო, რატომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი? ამ კითხვას პასუხი არ აქვს“-განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი იყო უნივერსიტეტის დისკრედიტაცია მოეხდინათ, პროფესორ-მასწავლებლებისა და დაწესებულებების შესახებ კი, „ჭორები ვრცელდებოდა“.

„მერე გაირკვა ისიც, რომ ეს იყო მათი მეთოდი იყო – თუ გაუტეხ სახელს. ტერმინიც კი შემოიღეს და მინისტრებიც ხმარობდნენ ტერმინს „დაჩმორება“, თუ სახელს გაუტეხ, შეარცხვენ და ა.შ. იოლია ასე გამარჯვება“, – განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.

თიბისის მხარდაჭერით 3 ქართული სტარტაპი Microsoft AI Fintech & Insurtech Accelerator-ისფინალურეტაპზე მოხვდა

Microsoft-ისა და Nvidia-ს მიერ ორგანიზებული AI Fintech & Insurtech Accelerator-ის ფინალურ ეტაპზე, სადაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით სულ 16 სტარტაპი შეარჩიეს, თიბისის მხარდაჭერით 3 ქართული სტარტაპი მოხვდა.

HALF-CHAIN, FINA და GAIN საერთაშორისო ფინალისტთა ჯგუფში მოხვდნენ. ფინალისტი სტარტაპები მონაწილეობენ ექვსკვირიან ინტენსიურ აქსელერაციაში, რომელიც მოიცავს Microsoft-ისა და Nvidia-ს ტექნიკური და სტრატეგიული ექსპერტების მენტორობას. პროგრამის კულმინაციაა 13 ივნისს, ვარშავაში დაგეგმილი დემო დღე, სადაც სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქტები წარუდგინონ გლობალური, ტექნოლოგიური და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს, მათ შორის: Mastercard, Microsoft, Nvidia და სხვა საერთაშორისო საბანკო და სადაზღვევო კორპორაციებს.

პროგრამის მხარდამჭერ პარტნიორთა შორის, წელს პირველად გამოჩნდა თიბისი — რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს ადგილობრივი ტექ ეკოსისტემისა და სტარტაპების განვითარებას და მათ საერთაშორისო პლატფორმებთან ინტეგრაციას.

13 ივნისს, დემო დღეზე, თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერი- გიორგი ყანჩაველი მიწვეულია ჟიურის წევრად, რაც ხაზს უსვამს კომპანიის რეპუტაციასა და ტექნოლოგიური ლიდერობის სტატუსს რეგიონში. ჟიურის წევრობა ნიშნავს უშუალო ჩართულობას სტარტაპების შეფასების პროცესში და ხელოვნური ინტელექტის მომავლის შესახებ თიბისის ხედვის გაზიარებას ფინანსურ სექტორში.

თიბისი განაგრძობს აქტიურ ჩართულობას ტექნოლოგიურ ინიციატივებში როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით, და მიზნად ისახავს ქართული სტარტაპების გლობალურ წარმატებაში თანამონაწილეობას.