Home Blog Page 5

დონალდ ტრამპი:  რუსეთის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის – პირველ ორ წუთში ზუსტად მეცოდინება, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა

შემდეგი შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის, ან ზელენსკის, პუტინსა და ჩემ შორის იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგზე განაცხადა.

„მე ვლადიმერ პუტინთან ვისაუბრებ და ვეტყვი, რომ ეს ომი უნდა დაასრულოს. მის ქვეყანაში ჩვენი ჩასვლის ნაცვლად, რუსეთის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან „კონსტრუქციული“ საუბრის იმედი აქვს.

„სავარაუდოდ, პირველი ორი წუთის განმავლობაში ზუსტად მეცოდინება, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა. ეს არის ის რასაც მე ვაკეთებ, მე შეთანხმებებს ვაღწევ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის ცნობით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს.

„გამოფრენისას, შესაძლოა ოთახიდან გამოსვლის შემდეგაც კი, მე ევროპელ ლიდერებს დავურეკავ, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მე ზელენსკისაც კარგად ვუგებ, მაგრამ არ ვეთანხმები იმას, რასაც აკეთებს. ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო, მაგრამ მე ზელენსკისთან ვისაუბრებ. შემდეგი შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის, ან ზელენსკის, პუტინსა და ჩემ შორის იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ვაშინგტონში გაფორმებული სამშვიდობო დეკლარაციის სრული ტექსტი გამოაქვეყნეს

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ვაშინგტონში გაფორმებული სამშვიდობო დეკლარაციის სრული ტექსტი გამოაქვეყნეს. დოკუმენტის ტექსტი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 8 აგვისტოს თეთრ სახლში მოაწერეს ხელი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ, აღიარონ და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.

„მხარეები ადასტურებენ, რომ ყოფილი სსრკ-ის სოციალისტური რესპუბლიკების საზღვრები გახდა შესაბამისი დამოუკიდებელი სახელმწიფოების საერთაშორისო საზღვრები და აღიარებულია, როგორც ასეთად საერთაშორისო საზოგადოების მიერ, მხარეები აღიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, სომხეთი და აზერბაიჯანი ადასტურებენ, რომ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ და არ წამოაყენებენ ასეთ პრეტენზიებს მომავალშიც.

„მხარეები არ ახორციელებენ არანაირ ქმედებებს, მათ შორის დაგეგმვას, მომზადებას, წახალისებას და ისეთი ქმედებების მხარდაჭერას, რომლებიც მიმართულია მეორე მხარის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური ერთიანობის დაშლისა ან დარღვევისკენ, მთლიანად ან ნაწილობრივ“, – ვკითხულობთ ტექსტში.

ამასთან, მიღწეულია შეთანხმება, რომ მხარეები თავს შეიკავებენ ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენების მუქარისგან, რომელიც მიმართული იქნება ტერიტორიული მთლიანობისა ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

ამავე მუხლში ნათქვამია, რომ „მხარეები რ დაუშვებენ მესამე მხარის მიერ თავიანთი ტერიტორიის გამოყენებას მეორე მხარის წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად, რაც შეუთავსებელია გაეროს ორგანიზაციის წესდებასთან“.

ტექსტის მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი თავს შეიკავებენ ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე, თუმცა დეკლარაციაში არ არის მითითებული კონკრეტული ვადა.

მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ გააგრძელებენ მუშაობას საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციაზე და ასევე აღნიშნულია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი თანხმდებიან, რომ არ განალაგებენ საზღვრის გასწვრივ ნებისმიერი მესამე ქვეყნის სამხედრო ძალებს.

„საერთო საზღვრის დემარკაციამდე და მომდევნო დემარკაციამდე მხარეები განახორციელებენ ურთიერთშეთანხმებულ უსაფრთხოების ღონისძიებებსა და ნდობის განმტკიცების ზომებს, მათ შორის სამხედრო სფეროში, სასაზღვრო რაიონებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – ვკითხულობთ ტექსტში.

ამასთან, მხარეები პირობას დებენ, რომ „მხარეები გმობენ და იბრძოლებენ შეუწყნარებლობას, რასობრივ სიძულვილს და დისკრიმინაციას, სეპარატიზმს, ძალადობრივ ექსტრემიზმსა და ტერორიზმს მათი ყველა გამოვლინებით, თითოეული თავისი იურისდიქციის ფარგლებში“.

მხარეები ასევე იღებენ ვალდებულებას „გადაწყვიტონ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და ძალადობრივი გაუჩინარების საკითხები, მათ შორის ასეთ პირებზე ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაციის გაცვლის გზით, პირდაპირ ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით“.

ასევე ტექსტში ნათქვამია, რომ „მხარეებს შეუძლიათ დადონ შეთანხმებები სხვადასხვა სფეროში, რომელიც წარმოადგენს საერთო ინტერესს, მათ შორის ეკონომიკის, სატრანზიტო-სატრანსპორტო, ეკოლოგის, ჰუმანიტარული და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“.

ამავე დეკლარაციაში სომხეთი და აზერბაიჯანი პირობას დებენ, რომ უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების სრულად იმპლემენტაციას და შექმნიან ორმხრივ კომისიას, რომელიც ამ პროცესს მონიტორინგს გაუწევს.

ამასთან, მხარეები პირობას დებენ, რომ „ეს შეთანხმება არ შეზღუდავს მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან და ხელშეკრულებებიდან, რომლებიც დაიდო თითოეული მხარის მიერ გაერო-ს ორგანიზაციის სხვა წევრ სახელმწიფოებთან“.

ამასთან ერთად, „მხარეები უზრუნველყოფენ, რომ მოქმედი საერთაშორისო შეთანხმებები მათსა და ნებისმიერ მესამე მხარეს შორის არ მიაყენებს ზიანს ამ შეთანხმების მიხედვით გაწერილი ვალდებულებების შესრულებას“.

„თავიანთ ორმხრივ ურთიერთობებში მხარეები ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და ამ შეთანხმებით. არცერთ მხარეს არ აქვს უფლება, მიმართოს თავის ეროვნულ კანონმდებლობის დებულებებს, როგორც ამ შეთანხმების დაუცველობის გამართლებას. მხარეები „საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლის შესახებ ვენის კონვენციის“ შესაბამისად თავს შეიკავებენ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების მიზნებსა და ამოცანებს, მისი ძალაში შესვლამდე“, – ნათქვამია ტექსტში.

ამ შეთანხმების ძალში შესვლიდან ერთ თვეში მხარეებმა უნდა გაიწვიონ ნებისმიერი სახელმწიფოთაშორისი პრეტენზიები, საჩივრები, აპელაციები, დავები, რომლებიც შეტანილია ნებისმიერ სამართლებრივ ფორუმზე და რომლებიც ეხება ამ შეთანხმების ხელმოწერამდე არსებულ საკითხებს.

„ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში მხარეებმა უნდა გაიწვიონ უკან, გააუქმონ ან სხვაგვარად მოაგვარონ ნებისმიერი და ყველა სახელმწიფოთაშორისი პრეტენზია, საჩივარი, აპელაცია, საქმისწარმოება და დავა, რომელიც შეტანილია ნებისმიერ იურიდიულ ფორუმზე ამ შეთანხმების ხელმოწერამდე მხარეებს შორის არსებულ საკითხებთან დაკავშირებით და არ უნდა მოახდინონ ინიცირება ასეთ პრეტენზიებს, საჩივრებს, აპელაციებს, საქმისწარმოებისა და არ უნდა იყვნენ ჩართულნი ნებისმიერი ასეთი პრეტენზიების, საჩივრების, აპელაციებსა და საქმისწარმოებაში, რომელიც შეტანილია რომელიმე მესამე მხარის მიერ მეორე მხარის წინააღმდეგ. მხარეები არანაირი ფორმით არ განახორციელებენ, წაახალისებენ ან არ მიიღებენ მონაწილეობას ერთმანეთის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებში დიპლომატიურ, საინფორმაციო ან სხვა სფეროებში, რომელიც ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას და ჩაატარებენ რეგულარულ კონსულტაციებს ამ მიზნით“, – ვკითხულობთ ტექსტში.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც მხარეები გაცვლიან შეტყობინებებს შიდა პროცედურების დასრულების შესახებ, რომლებსაც ითვალისწინებს ხელმომწერი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობა.

პოლიტიკო“ – დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. „პოლიტიკოს“ ცნობით, საგანგებო ვირტუალური სამიტი 13 აგვისტოს გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ინიციატივით გაიმართება.

როგორც გამოცემა წერს, სამიტის მონაწილეები იმსჯელებენ რუსეთზე ზეწოლის გაზრდის შესაძლებლობებზე, ასევე რუსეთის მიერ მიტაცებული უკრაინული ტერიტორიების საკითხზე, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე და შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.

„პოლიტიკოს“ მიხედვით, მერცი და სხვა ევროპელი ლიდერები მოითხოვენ, რომ პუტინი თვადაპირვლად დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებები ან მოსკოვსა და კიევს შორის ტერიტორიის გაცვლაზე მსჯელობა ამის შემდეგ დაიწყო.

13 აგვისტოს დაგეგმილ ვირტუალურ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ფინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის ლიდერები ასევე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები და უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი.

გეგმის თანახმად, ევროპელი ლიდერები, დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან ერთად ერთსაათიან დისკუსიას გამართავენ.

გამოცხადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის პრემიის კონკურსი მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის!

🔊გამოცხადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის პრემიის კონკურსი მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის!

🔷 კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა  წახალისება წარმატებული და გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობის, აკადემიური კომპეტენციების ფარგლებში დარგის განვითარებისა და  საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.

🔷 დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე : ⤵️

https://shorturl.at/kbzOU

გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი დასრულდა. მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა, განაჩენი ხვალ გამოცხადდება.

მანამდე ბრალდების და დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვეს. პროკურორმა მთავარ მტკიცებულებებზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა, მათ შორის ბაჩიაშვილის პირად მიმოწერაზე, სადაც ის აღიარებს, რომ 6.5 მილიონიდან მისი წილი მხოლოდ მილიონ ნახევარია, შესაბამისად, დანარჩენი ინვესტორის, ანუ ბიძინა ივანიშვილის. მსჯავრდადებული ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს.

„ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა.

მერობის კანდიდატები პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

“როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გავხსენით საარჩევნო კამპანია, წარვადგინეთ დედაქალაქის მერობის კანდიდატი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. დღეს, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მინდა წარმოგიდგინოთ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით – 63 მუნიციპალიტეტში.

პრინციპში, ხშირ შემთხვევაში, უკვე ცნობილია კანდიდატების ვინაობა, ბანერები და ბილბორდებიც არის გამოკრული, თუმცა, მინდა რომ ერთიანად წარმოგიდგინოთ 63-ვე მერობის კანდიდატი.

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა გამოკითხვის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა სარგებლობს გამორჩეულად მაღალი ნდობით საზოგადოებაში. ბუნებრივია ჩვენი ამოცანა არის ამ ნდობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცება. ეს არის ჩვენი პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლების, ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერების, მერების, საკრებულოს თავმჯდომარეების, საკრებულოს წევრების, ადგილობრივი ხელისუფლების თითოეული თანამშრომლის დამსახურება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, და ამისათვის, ყველა მათგანს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტების მერებს, რომლებიც გასული 4 წლის განმავლობაში პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით ემსახურებოდნენ საკუთარ მუნიციპალიტეტებს და ადგილობრივ მოსახლეობას.

უნდა აღინიშნოს, რომ დღეს წარსადგენი 63 კანდიდატიდან უმრავლესობა მოქმედი მერი ან მერის მოვალეობის შემსრულებელია. ასევე, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ კანდიდატებსაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.

დავიწყებ კახეთით, სადაც 8 მუნიციპალიტეტიდან 5-ში კანდიდატებად მოქმედ მერებს წარვადგენთ. ესენია:

ახმეტაში: ალექსი ფიცხელაური

გურჯაანში: გიორგი მაჭავარიანი

დედოფლისწყაროში: ნიკოლოზ ჯანიაშვილი

ლაგოდეხში: ჯონდო მდივნიშვილი

სიღნაღში: მალხაზ ბეგიაშვილი

ყვარელში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ყვარლის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე – ილია მზექალაშვილი; საგარეჯოში წარმატებული და სტაჟიანი საჯარო მოსამსახურე – ვახტანგ კაკუტაშვილი, რომელიც დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქმიანობდა; ხოლო თელავში კახეთის საოლქო პროკურორის მოქმედი მოადგილე – ვაჟა მაღრაძე.

ქვემო ქართლში მოქმედ მერებს წარვადგენთ 7-დან 4 მუნიციპალიტეტში. ესენია:

რუსთავში: ნინო ლაცაბიძე;

გარდაბანში: დავით კარგარეთელი;

დმანისში: კობა მურადაშვილი;

წალკაში: ილია საბაძე.

მარნეულში ჩვენი კანდიდატი იქნება დაური ისმაილოვი, რომელსაც აქვს საჯარო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება და სტაჟი; თეთრიწყაროში წარვადგენთ თეთრიწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედ მოადგილეს – მიხეილ აფციაურს; ხოლო ბოლნისში წარმატებულ იურისტს საჯარო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილებით – ზამური ჭითანავას.

მცხეთა-მთიანეთში მოქმედ მერს – ლევან წიკლაურს წარვადგენთ თიანეთის მუნიციპალიტეტში.

მცხეთაში ჩვენი კანდიდატი იქნება წარმატებული არქიტექტორი და მენეჯერი – გოგი აბუაშვილი; დუშეთში წარვადგენთ დუშეთის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს – კახაბერ ჩიტაურს; ხოლო ყაზბეგში წარმატებულ ინჟინერს მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილებით – კობა გელაძეს.

შიდა ქართლში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 4-დან 3 მუნიციპალიტეტში. ესენია:

გორში: კონსტანტინე ბუზალაძე;

ქარელში: ზაზა გულიაშვილი;

კასპში: ვახტანგ მაისურაძე.

ხაშურში ჩვენი კანდიდატი იქნება პაატა ჩადუნელი, რომელსაც აქვს კერძო სექტორში უმაღლეს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება.

სამცხე-ჯავახეთში მოქმედ მერებს წარვადგენთ 6-დან 4 მუნიციპალიტეტში. ესენია:

ადიგენში: გოჩა ქიმაძე

ასპინძაში: როსტომ მაგრაქველიძე

ახალქალაქში: მელქონ მაკარიანი

ნინოწმინდაში: ანივარდ მოსოიანი

ახალციხეში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური, ხოლო ბორჯომში მამუკა გელაშვილი, რომელსაც აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.იმერეთში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 12-დან 9 მუნიციპალიტეტში. ესენია:

ქუთაისში: დავით ერემეიშვილი

საჩხერეში: ლევან ივანაშვილი

ჭიათურაში: გივი მოდებაძე

ხარაგაულში: კობა ლურსმანაშვილი

თერჯოლაში: მანუჩარ რობაქიძე

ვანში: ალექსანდრე გოგორიშვილი

სამტრედიაში: დავით ბახტაძე

ხონში: ლადო ჯურხაძე

წყალტუბოში: გენადი ბალანჩივაძე

ბაღდათში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ბაღდათის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე – ნოდარ გიორგიძე; ზესტაფონში ზესტაფონის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე – ვახტანგ ღამბაშიძე; ხოლო ტყიბულში – დავით კუბლაშვილი, რომელიც წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნების“ ტყიბულის პარტიულ ორგანიზაციას.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში 2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარეებს. ესენია:

ცაგერში: ჭაბუკი ჭაბუკიანი

ლენტეხში: გიორგი გაზდელიანი

რაჭაში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ წარმატებულ მეწარმეებს: ამბროლაურში – ზაზა ქევანიშვილს, ხოლო ონში – დავით ლობჟანიძეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში მოქმედ მერებს წარვადგენთ 9-დან 5 მუნიციპალიტეტში. ესენია:

ფოთში: ბექა ვაჭარაძე

ხობში: დავით ბუკია

სენაკში: ვახტანგ გადელია

აბაშაში: გიგა გაბელაია

მესტიაში: კაპიტონ ჟორჟოლიანი

ზუგდიდში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრი – დათო კოდუა; ჩხოროწყუში ყოფილი პარლამენტარი – ჯუმბერ იზორია; მარტვილში წარმატებული მეწარმე – გიორგი ნაჭყებია; ხოლო წალენჯიხაში წარმატებული საჯარო მოსამსახურე – ნიკა კანკია.

გურიაში მოქმედ მერს – ალექსანდრე სარიშვილს წარვადგენთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ოზურგეთში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება წარმატებული ლექტორი და მენეჯერი – პაატა კუნჭულია, ხოლო ჩოხატაურში, ჩოხატაურის მერის მოქმედი მოადგილე – მინდია ჟღერია. და ბოლოს, აჭარაში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 6-დან 3 მუნიციპალიტეტში. ესენია:

  • ქობულეთში: ირაკლი ცეცხლაძე
  • ხელვაჩაურში: ზაზა დიასამიძე
  • შუახევში: ომარ ტაკიძე

2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოქმედ დეპუტატებს. ესენია:

  • ქედაში: მამუკა თურმანიძე
  • ხულოში: ვახტანგ ბერიძე

ბათუმში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი – გიორგი ცინცაძე.

ასეთია ჩვენი კანდიდატების ჩამონათვალი. დარწმუნებული ვართ, უკლებლივ ყველა კანდიდატი მოიგებს არჩევნებს შესაბამის მუნიციპალიტეტში. ჩვენი ამოცანა არის ცხადი – ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. კვლევებიც ადასტურებს იმას, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალური და რეალისტური ამოცანა. ბუნებრივია, ჩვენი საარჩევნო შტაბი, პარტია იქნება მაქსიმალურად მობილიზებული, იმისათვის, რომ ამ შედეგს მივაღწიოთ. წარმატებებს ვუსურვებ მერობის კანდიდატებს”, – განაცხადა კობახიძემ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 12 აგვისტოს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6948 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6948 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6964 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1381 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1367 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0014 ლარი შეადგინა.

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია

ხშირად გვესმის, რომ ყოველი ადამიანი საკუთარი ცხოვრების პერსონალურ ამბავს ქმნის. ამ გზის ერთგული მეგზური, რომელიც ჩვენი მიზნებისკენ შეუპოვარი სწრაფვის პროცესში მარტო არასდროს გვტოვებს – განათლებაა. განათლება, როგორც საკუთარი თავის პოვნის, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებისა და ზოგჯერ უბრალოდ დაჯერების მთავარი ინსტრუმენტია.

თიბისიშიც ამის სჯერათ და ამიტომ, განათლებით საკუთარი ამბის შექმნაში აქტიურად ეხმარებიან ახალგაზრდებს და სწორედ ამ მიზნით დაუპარტნიორდა თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის”. გაგაცნობთ სტუდენტებიდან ერთ-ერთს, რომლის ამბავიც განათლებით იქმნება და ყოველ ჯერზე, თვითრწმენის განცდით, სრულიად ახლებურად იწერება.

ანი გოგია სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია და ადამიანების იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ბავშვობიდან ზუსტად იციან საით უნდა წავიდეს მათი კარიერული ორიენტირი. მისი ისტორია გვახსენებს, რომ ხშირად, სრულიად შემთხვევით, ამბის დასაწყისში გვკარნახობს შინაგანი ხმა სწორ გზას, მისი უბრალოდ უნდა დავიჯეროთ.

„იმის მიუხედავად, რომ ბავშვობიდანვე მიზიდავდა სამედიცინო სფერო, უშუალოდ სტომატოლოგობა სკოლის ბოლო წლებში გახდა ჩემი მიზანი. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ჩემთვის განათლება აღმოჩნდა მნიშვნელოვანი გზამკვლევი. ბავშვობის ინტერესი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, ბიოლოგიის და ქიმიის სწავლამ უფრო გამიღრმავა, ხოლო შემდეგ უნივერსიტეტმა საშუალება მომცა, მეტი პრაქტიკული გამოცდილება მიმეღო”.

ბუნებრივია, რომ ამბის პირველ ეტაპებზე კარიერული გზის შემდგომი ეტაპები ბუნდოვანია, მეტიც, შეიძლება სვლასთან ერთად კიდევ უფრო მეტად ბუნდოვანდება, თუმცა ანის ამბავი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ განათლება ამ კარიერულ საფეხურებს ყველაზე უკეთ გვინათებს ხოლმე.

„განათლება გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ პროფესიული განვითარება, ეს არის ერთგვარი ძალა, რომელიც გიბიძგებს, იყო შენი თავის უკეთესი ვერსია, იყო მეტად თავდაჯერებული, ჯიუტი და უშიშარი.”

ანისთვის განათლებაა ის, რაც ხშირად ახსენებს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია და ამ გზაზე მხარდაჭერას მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევს. ამიტომ, თითქოს შენი თავის დაჯერება და ფიქრი იმაზე, რომ არაფერი არსებობს, რაც არ გამოვა, განათლების მიღების აუცილებელი და განუყოფელი სულისკვეთება აღმოჩნდა. რასაც მისი სიტყვებიც ადასტურებს:

„განათლების მიღების გზაზე, ვფიქრობ, უნდა გახსოვდეს, რომ თუ გჯერა, მართლა ყველაფერი შესაძლებელია. თუ გჯერა, მომავლის იმედი მოგცემს ძალას, რომ ყველა მიზანს მიაღწიო”

ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების. თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

რუსები მიესალმებიან ვლადიმერ პუტინის მიწვევას ალასკაზე, თუმცა არავინ არ ელოდება, რომ კრემლი უკრაინის საკითხში რაიმე დათმობაზე დათანხმდება – The Washington Post

FILE PHOTO: U.S. President Donald Trump and Russia's President Vladimir Putin talk during the family photo session at the APEC Summit in Danang, Vietnam November 11, 2017. REUTERS/Jorge Silva/File Photo - RC1287F1C9B0

ამერიკული გაზეთის „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) 11 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსები მიესალმებიან ვლადიმერ პუტინის მიწვევას ალასკაზე, თუმცა არავინ არ ელოდება, რომ კრემლი უკრაინის საკითხში რაიმე დათმობაზე დათანხმდება“ (ავტორები – ფრანჩესკა ებელი და ქეთრინ ბელტონი). პუბლიკაციაში გადმოცემულია ამერიკელი და რუსი ანალიტიკოს-ექსპერტთა და მიმომხილველთა თვალსაზრისები დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ალასკის შტატში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა და მასმედიის კომენტატორებმა ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სამიტი, რომელიც ალასკაზე 15 აგვისტოს გაიმართება, აღფრთოვანებით მიიღეს. ეს პირველად მოხდება 2007 წლიდან, როცა რუსეთის ლიდერი შეერთებულ შტატებში პირდაპირ გაემგზავრება, უშუალოდ პრეზიდენტის მიწვევით და არა როგორც გაეროს მეშვეობით. როგორც ჩანს, რადგანაც კრემლმა ოფიციალური მიწვევა თეთრი სახლიდან მიიღო, მოსკოვი უკან არ დაიხევს და არანაირ დათმობაზე არ წავა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების საკითხში.

ამასობაში ევროპელმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ნეგატიური რეაგირება მოახდინეს თეთრი სახლის პოზიციის უეცარ ცვლილებაზე: რამდენიმე დღის წინათ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გმობდა უკრაინის ქალაქების დაბომბვას, ულტიმატუმებს უცხადებდა რუსეთს და სანქციებით ემუქრებოდა კრემლის მოკავშირეებს რუსეთთთან ენერგორესურსებით ვაჭრობისათვის, ახლა კი მეგობრულად იწვევს მოსალაპარაკებლად…

რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა ეკონომიკურ საკითხებში კირილე დმიტრიევმა, რომელიც კრემლის სახე გახდა ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებში, განაცხადა, რომ ალასკის შერჩევა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის ადგილად ძალიან სიმბოლურია ორმხრივი ურთიერთობებისათვის: როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა ალასკის ტერიტორია რუსეთის იმპერიისაგან 1867 წელს იყიდა 7,2 მილიონ დოლარად, ანუ ერთი ჰექტარი 4 ცენტად. „ალასკა რუსულ ამერიკას წარმოადგენს – თავისი მართლმადიდებლური ფესვებით, ციხე-სიმაგრეებით, ბეწვეულის წარმოებით… ალასკა ასახავს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების ისტორიას… ალასკამ აშშ არქტიკულ სახელმწიფოდ გადააქცია“, – დაწერა კირილე დმიტრიევმა თავის სოციალურ „იქს-ქსელში“.

კონსტანტინე მალოფეევმა – რუსმა მილიარდერმა, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშ ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროიდან იმყოფება უკრაინაში პროკრემლური სეპარატისტების დაფინანსების გამო – განაცხადა, რომ ალასკის მცხოვრებლებს „პატივისცემით ახსოვთ თავიანთი რუსული წარსული და ქრისტიანული დღევანდელობა“.

რუსი სამხედრო ბლოგერებიც, თავის მხრივ, გარკვეულ ოპტიმიზმს და პოზიტიურ ემოციებს ამჟღავნებენ, მაგრამ სამიტისაგან რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას არ ელოდებიან: „ალასკის შეხვედრას აქვს ყველა შანსი, რომ ისტორიული გახდეს, – წერს პროკრემლური სამხედრო კორესპონდენტი ალექსანდრე კოცი თავის „ტელეგრამ-არხზე“, – „თუ, რა თქმა უნდა, დასავლეთი არ შეეცდება და თავის მორიგ ხრიკიან ნაბიჯს არ გადადგამს“

დასავლელი ანალიტიკოსები, თავის მხრივ, თვლიან, რომ დონალდ ტრამპმა ძალზე ფრთხილად უნდა იმოქმედოს. „ტრამპმა გადაწყვიტა პუტინი რუსეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე მიიღოს“, – წერს მაიკლ მაკფოლი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში და ბარაკ ობამას დროინდელი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი, – „საინტერესოა, იცის თუ არა ჩვენმა პრეზიდენტმა რუსი ნაციონალისტების პოზიცია? მათ მიაჩნიათ, რომ ალასკის გაყიდვით რუსეთის მხრიდან არაშორსმჭვრეტელური და უსამართლო ნაბიჯი იყო გადადგმული, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს“.

რუსეთის პოლიტიკის პროფესორი ლონდონის სამეფო კოლეჯში სემ გრინი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ შერჩეული ადგილი მოსკოვისათვის სიმბოლურად სასარგებლო და სტიმულის მიმცემია, საერთაშორისო სამართლისათვის კი საშინელებას წარმოადგენს: „ალასკის სამიტი მოწოდებულია იმის დემონსტრირება მოახდინოს, რომ სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები შეიძლება მის დაუკითხავად შეიცვალოს, ხოლო მიწები შეიძლება შეისყიდონ და გაყიდონ. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს კრემლის პოპულარულ თვალსაზრისს, რომ ალასკა ისტორიულ რუსულ მიწა-წყალს წარმოადგენს, რომელიც, სამართლიანობის აღდგენის მიზნით, ნამდვილ მფლობელს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს“.

რუსები უკრაინის ტერიტორიის ოკუპირებას ალასკასთან გარკვეულად აკავშირებენ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს საკვანძო განსხვავება: რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ თვითონ გამოიჩინა ინიციატივა ალასკის გაყიდვის თაობაზე, ვლადიმერ პუტინმა კი ძალით მიიტაცა უკრაინის ტერიტორია და უკანონოდ მიიერთა ყირიმი 2024 წელს, ასევე უკანონოდ გამოაცხადა რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, ოთხი ოლქით.

დონალდ ტრამპს ყველასათვის დასანახად და გასაგონად ხშირად გამოუხატავს აღტაცება ვლადიმერ პუტინის მიმართ, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტი თავისი რუსი კოლეგის მოქმედებით უკმაყოფილო იყო: იგი რეგულარულად ამბობდა, რომ ვლადიმერ პუტინი ჯიუტობს და არ სურს დაუყონებლივ და ულაპარაკოდ შეწყვიტოს სისხლისმღვრელი ომი, რაც, უკრაინისა და მისი ევროპელი მოკავშირეების აზრით, ლეგიტიმური სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს.

რუსი პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები კი, თავის მხრივ, ამტკიცებენ, რომ დონალდ ტრამპმა რამდენიმე თვის წინ პირველმა დაიწყო თავის არიდება ორი ლიდერის სავარაუდო შეხვედრიდან. გარდა ამისა, პუტინის პოზიცია მყარია და ომის სამი წლის განმავლობაში არ შეცვლილა (იგულისხმება უკრაინის დემილიტარიზაცია, პრორუსული რეჟიმის დამყარება, ქვეყნის ნეიტრალური ბლოკებსგარეშე სტატუსი და ოფიციალური უარი ნატოს წევრობაზე).

„დონალდ ტრამპს არასოდეს არ სურდა რუსეთთან კონფრონტაციის დაწყება, – ამბობს ტატიანა სტანევაია, ბერლინში არსებული კარნეგის ევრაზიული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, – იგი თვითონაც ღიად აცხადებდა, რომ ვლადიმერ პუტინს პოზიციას ვერანაირი სანქცია ვერ შეუცვლისო. ის, რომ ალასკაზე შეხვედრის ანონსი იმ დროს მოხდა, როცა 8-დღიანი ულტიმატუმის ვადა ჯერ ამოწურული არ იყო, იმას მიანიშნებს, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჯერ კიდევ ცდილობს თავის რუს კოლეგასთან მოლაპარაკებას“.

„ვაშინგტონ პოსტის“ რედაქციას ამ დღეებში ხელში ჩაუვარდა რუსი ყოფილი მაღალჩინოსნის ვრცელი კომენტარი (მან ანონიმად ყოფნა ისურვა), რომლის თანახმად, მოსკოვი დიდი ხანია მზად არის კომპრომისებისათვის და განზრახული აქვს საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტოს.

„პოლიტიკური თვალსაზრისით, კრემლისათვის ბევრად უფრო იოლია გააგრძელოს შეტევა უკრაინის სრულ დარღვევა-ჩამოშლამდე, ვიდრე ხელი მოაწეროს რაღაც სამშვიდობო შეთანხმებას, – ამბობს რუსი ჩინოვნიკი, – სწორედ ამიტომ კიევში სასოწარკვეთილად ეჭიდებიან  ცეცხლის დროებითი შეწყვეტის ნებისმიერ შესაძლებლობას. ხაზს ვუსვამ – არა მუდმივს, არამედ დროებითს. და როცა ქვემეხები დადუმდებიან, ისინი სწრაფად მოახერხებენ მათთვის სასურველი შედეგების მქონე არჩევნების ჩატარებას“.

მოსკოვს არასოდეს არ დაუმალავს თავისი სურვილი – ტოტალური კონტროლი დაამყაროს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. ამისათვის კრემლს ჭირდება კიევში პრორუსული პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დასვას. თვითონ უკრაინელებს კი დიამეტრალურად საწინააღმდეგო კურსის მხარდამჭერები არიან: ისინი თავიანთ ადგილს ევროკავშირში ხედავენ, თავისუფალი და დემოკრატიული მომავლის იმედით.

გასულ შაბათს, 9 აგვისტოს, უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები ლონდონში ევროპელ ლიდერებს და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსს შეხვდნენ, რომლის შემდეგ ნატოს რამდენიმე წევრმა – დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ფინეთის, გერმანიის, იტალიის და პოლონეთის სახით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს. მათი აზრით, უკრაინის ლიდერი მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა და მას დახმარება ჭირდება. ისინი ასევე ეთანხმებიან კიევის მოთხოვნას, რომ ალასკის სამიტის ლეგიტიმიზებისათვის აუცილებელია საომარი მოქმედებები შეწყდეს.

განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს – ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენიც შეუერთდა, ასევე ნათქვამია, რომ უკრაინაში საომარ მოქმედებებზე პასუხიმგებელია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი და ამიტომ დაუშვებელია მოსკოვს უფლება ჰქონდეს თვითნებურად შეცვალოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები.

ევროპელი ლიდერების საუბარი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯეიმს ვენსთან იმ დროს დაემთხვა, როცა ამერიკულ პრესაში აჟიოტაჟი იყო ატეხილი სტივ უოტკოფის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით. სწორედ ამ დროს გაჟღერდა ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომ კრემლი მზად არის თავისი არმიის წინსვლა შეჩეროს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. ეს განცხადება ამერიკულმა ისტებლიშმენტმა მოსკოვის უკანდახევად შეაფასა.

სინამდვილეში პუტინს არაფერი ისეთი არ უთქვამს, რომ უკანდახევად შეფასებულიყო: რუსეთმა წინადადება მისცა კიევს, რომ უარი თქვას დონბასზე, კრემლი კი სანაცვლოდ მხოლოდ ცეცხლს შეწყვეტს და სხვას არაფერს.

და რას ნიშნავს ტრამპის ნათქვამი, რომ სამიტის დროს „შეიძლება რაღაც ტერიტორია რაღაცაზე გაიცვალოს“?

როგორც რუსმა ინსაიდერებმა განუცხადეს „ვაშინგტონ პოსტს“ (ანონიმურობის დაცვით), ალასკის შეხვედრის დროს მოსკოვს არ აქვს განზრახული 2022 წელს დაკავებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიების დაბრუნება, ვინაიდან ისინი უზრუნველყოფენ სახმელეთო გზის უსაფრთხოებას – ყირიმის ნახევარკუნძულიდან დონბასამდე.

„კრემლი არასოდეს არ დათანხმდება იმ ტერიტორიების გაცვლას, რომელსაც მოსკოვი 2022 წლიდან აკონტროლებს. რუსეთის არმია უკან იოტის ოდენადაც არ დაიხევს“, – აცხადებს სერგეი მარკოვი, პროკრემლური ანალიტიკოსი. მისი თქმით, ერთადერთი კომპრომისი, რომელზეც რუსეთს შეუძლია წავიდეს, არის საომარი მოქმედებების შეჩერება ოდესისა და ხარკოვის ოლქების მიმართულებით, აგრეთვე ხერსონისა და ზაპოროჟიეს დაბომბვების შეწყვეტა, რომლებსაც უკრაინა აკონტროლებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი მტკიცედ და უკომპრომისოდ აცხადებს, რომ ტერიტორიების არანაირ გადაცემას ან გაცვლას არ აღიარებს, რომელიც უკრაინის მონაწილეობის გარეშე იქნება მიღებული – ასეთი ქმედება კონსტიტუციით არის აკრძალული.

გაუგებარია, შეიცავს თუ არა რუსეთის წინადადება რაიმე გარანტიებს იმისას, რომ კრემლი საომარ მოქმედებებს არ განაახლებს. მოსკოვი აქცენტს ძველებურად იმაზე აკეთებს, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს მიმართული იმ „სიღრმული მიზეზების“ აღმოფხვრისათვის, რომელმაც ომი გამოიწვია, ანუ ისევ და ისევ მხედველობაშია დემილიტარიზება, პრორუსული მთავრობა და უკრაინის ნეიტრალიტეტი, ნატოს გარეშე.

„როცა უკრაინა აცხადებს, რომ მას იმის გარანტია არ აქვს, რომ რუსეთის არმია ბრძოლებს არ განაახლებს, მაშინ არც ჩვენ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ კიევი ევროპელების დახმარებით ომს არ დაიწყებს“, – ამბობს სერგეი მარკოვი. მისი თქმით, ახლა სწორედ უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები უშლიან ხელს დონალდ ტრამპის მიზნის მიღწევას – გახდეს მთავარი სამშვიდობო შუამავალი რუსეთ-უკირაინის ომში.

„რუსეთს იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპი საბოლოოდ მიხვდება, რომ ამ უბედურებისა და სისხლისღვრის თავი და თავი, მთავარი მიზეზი მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკია, ხოლო მეორე მიზეზი – ევროპელი ლიდერების პოზიცია… ისინი დონალდ ტრამპის მტრები არიან“, – რეზიუმეს აკეთებს სერგეი მარკოვი, – „ვლადიმერ პუტინი კი დონალდ ტრამპის ისეთი ერთგული პოლიტიკური მეგობარია, რომლის მსგავსიც აშშ-ის პრეზიდენტს ძალიან ცოტა ჰყავს. ადრე თუ გვიან ამას ტრამპი გააცნობიერებს“.

მაგრამ როგორც საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების გერმანული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე იანის კლუგე ამბობს, ვლადიმერ პუტინის წინადადებები თავისთავად კრემლის აგრესიული შემტევი კამპანიის ნაწილს წარმოადგენს: „ცეცხლის დროებითი შეწყვეტა ტერიტორიების შენარჩუნების მიზნით არავითარი კომპრომისი არ არის. პირიქით, ამით ვლადიმერ პუტინი უპირატესობას იღებს უკრაინისა და დასავლეთის მიმართ, გრძელვადიანი პერსპექტივით“.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

ყველა ნაბიჯი, რომელსაც მშვიდობა მოაქვს და რომელიც აჩერებს ომს, არის „დიფ სთეითის“ შესუსტება, ვინაიდან ომის პარტია ზუსტადაც, რომ „დიფ სთეითია“ – შალვა პაპუაშვილი 

ყველა ნაბიჯი, რომელსაც მშვიდობა მოაქვს და რომელიც აჩერებს ომს, არის „დიფ სთეითის“ შესუსტება, ვინაიდან ომის პარტია ზუსტადაც, რომ „დიფ სთეითია“ – მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარი პოლიტიკური ნებისა და პოლიტიკური წონის გამოყენებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დასრულება რამდენიმე დღეში შეძლო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმითვე, ათწლეულების განმავლობაში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებას ეუთო-ს ფორმატი კურირებდა, სადაც „საერთოდ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს“.

„უმნიშვნელოვანესი მომენტია, როდესაც ათწლეულების კონფლიქტი დასრულდა ამ შეთანხმებით. ეს პირველყოვლისა, წაადგება რეგიონის, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. ეს იყო დიდი ტვირთი, რომელიც ჩვენს რეგიონსა და თითოეულ ქვეყანას აწვა, მათ შორის, საქართველოს, რომელიც უშუალოდ არ იყო ამ კონფლიქტის ნაწილი, თუმცა ის გავლენას ახდენდა მოსახლეობაზეც, ჩვენ ქვეყანაზეც, საინვესტიციო მიზიდულობაზეც და ა.შ.

საქართველო ყოველთვის იყო ყველაზე დიდი გულშემატკივარი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებისა და მდგრადი მშვიდობის ჩამოყალიბებისა. ძალიან გვიხარია, რომ ეს შეთანხმება შედგა. მე პირადად მივულოცე როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეებს. მათ იციან, ყოველთვის გვქონდა შეთავაზება, რომ როგორც კი სამშვიდობო შეთანხმება იქნება ხელმოწერილი, შემდეგ უკვე გზა იხსნება პოლიტიკური ფორმატებისთვის, მათ შორის საპარლამენტო ფორმატებისთვის.

იცით, რომ ათწლეულების განმავლობაში, ამ კონფლიქტის მოგვარებას კურირებდა ეუთო-ს ფორმატი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილი. ვხედავთ, რომ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს საერთოდ. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარი პოლიტიკური ნებისა და პოლიტიკური წონის გამოყენებით, ამ კონფლიქტის დასრულება რამდენიმე დღეში შეძლო.

ყველა ნაბიჯი, რომელსაც მშვიდობა მოაქვს და რომელიც აჩერებს ომს, არის „დიფ სთეითის“ შესუსტება, ვინაიდან ომის პარტია ზუსტადაც, რომ „დიფ სთეითია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას, „როგორ აფასებს რეგიონში რუსეთის გავლენის შესუსტებას“ და აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გააცნობიეროს, რომ მის ქვეყანაში მხოლოდ საკუთარი ხალხის გავლენა უნდა არსებობდეს.

„რაც შეეხება გავლენებს. მთავარია ყველა ქვეყანამ გააცნობიეროს, რომ ერთადერთი გავლენა, რომელიც მის ქვეყანაში უნდა არსებობდეს, ეს არის საკუთარი ხალხის გავლენა. ნებისმიერი სხვა გავლენა, ნებისმიერი სხვა ქვეყნის გავლენა [იქნება ეს] ოკუპანტი, მეგობარი, შორეული მეგობარი, ახლობელი, მეზობელი, მნიშვნელობა არ აქვს. სხვა ქვეყნის გავლენა შენს ქვეყანაში არის ცუდი, ნებისმიერ მდგომარეობაში. ვინაიდან, ეს არის სწორედ ანტიდემოკრატია, როდესაც შენი ქვეყანა იმართება არა შენი ხალხის ინტერესებით და გავლენით, არამედ სხვა ქვეყნების ინტერესებითა და გავლენით, ამიტომ მთავარი არის ის, რომ იმ ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები გატარდეს. ამიტომ, ამ მხრივ უპირველესად, ეს აქვს მისალოცი აზერბაიჯანსა და სომხეთს, რომ მათ შეძლეს მშვიდობის დამყარება, რაც მათი ხალხის ინტერესია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

შინდისში, დაღუპული სამხედროების მემორიალური კომპლექსი აშენდება

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, შინდისში, ბრძოლის ადგილზე დაღუპული სამხედროების მემორიალი დაიდგმება და ასევე, მემორიალური სივრცე მოეწყობა.

როგორც მან ჟურნალისტებს შინდისის მემორიალთან განუცხადა, მემორიალური სივრცე ადგილზე მისულ მოქალაქეებს დაღუპული სამხედროების მიერ განვლილი გზის სრულად აღქმის შესაძლებლობას მისცემს.

„დღეს შინდისის გმირების დღეა. ეს არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენს ისტორიაში. შეუპოვარი ბრძოლის, თავდაუზოგავი ბრძოლის დღე და ქართული ხასიათისა და სულის გამოვლინების დღე. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ დღეს უკვე ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელსაც განახორციელებს თავდაცვის სამინისტრო. აქ შინდისის გმირების მემორიალი იქნება მოწყობილი, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური. ერთი მხრივ ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ სრულად იქნება შენარჩუნებული ის იერსახე, რომელ იერსახესაც აქაურობა ატარებს და უზრუნველყოფილი იყოს ავთენტურობა. მეორე მხრივ, ასევე დაემატება სხვა ელემენტები, რომელიც გამოყოფს იმ ადამიანებს, ვინც აქ, 17 წლის წინ, გმირობა ჩაიდინა.

დღესაც ეს ადგილი ძალიან ბევრი ადამიანის თავშეყრის ადგილია. ოჯახის წევრების, ჭირისუფლების, ჩვენი თანამებრძოლების, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეების. ასევე, დარწმუნებული ვარ, ამ მემორიალს მომავალში სხვებიც, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სტუმრებიც ნახავენ. ამ ტერიტორიას მთლიანად მემორიალური დატვირთვა მიეცემა. ორივე შენობა მაქსიმალურად შენარჩუნებული იქნება თავის ავთენტური შეხედულებით. ასევე, იქნება შესაძლებლობა, რომ აქ მოსულმა ადამიანებმა სრულად გაიარონ ის მომენტები და აღიქვან, რომელიც ჩვენმა მებრძოლმა ბიჭებმა გაიარეს ომის პერიოდში. მოწყობილი იქნება შესაბამისი ბილიკები, რათა ერთი წრით სრულად იქნას აქაურობის აღქმის შესაძლებლობა“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინფორმაციისთვის, სამუზეუმო სივრცის სამშენებლო სამუშაოები ორ ფაზად განხორციელდება. პირველი ფაზა უკვე დასრულებულია – შემუშავებულია კომპლექსის არქიტექტურული კონცეფცია, პროექტი და ესკიზები, რომლებიც დღეს შინდისში გამოფენილ სურათებზე წარმოადგინეს.

“მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა რუსეთთან უკრაინის “ტერიტორიების გაცვლა” გამოაცხადა, ევროპელი მოკავშირეები კიევის დაცვას ცდილობენ”-Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 10 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა რუსეთთან უკრაინის „ტერიტორიების გაცვლა“ გამოაცხადა, ევროპელი მოკავშირეები კიევის დაცვას ცდილობენ“ (ავტორები – ქრისტოფერ მილერი და ფაბრის დეპრე). „კიევი შეშფოთებულია ალასკის შეხვედრის მოსალოდნელი შედეგებით… ზელენსკის ადმინისტრაცია თეთრ სახლს აკრიტიკებს და ევროპელებს ერთიანი ანტიამერიკული პოზიციისაკენ აქეზებს“, – ასეთია მასალის დედააზრი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვოლოდიმირ ზელენსკი მთელი ძალებით ცდილობს ევროპა რუსეთის საწინააღმდეგოდ მიმართოს, რათა არ დაუშვას უკრაინის მიწების იურიდიულად გადაცემა კრემლის კონტროლქვეშ. კიევის აქტიური მოქმედების მიზეზი გახდა დონალდ ტრამპის ამასწინანდელი განცხადება, რომ მომავალ სამშვიდობო შეთანხმებაში შეტანილი იქნება მოსკოვთან რაღაც „ტერიტორიების გაცვლა“.
როგორც „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტებს უკრაინის ლიდერის გარემოცვიდან რამდენიმე წყარომ აცნობა, ვოლოდიმირ ზელენსკი ძალიან არის შეშფოთებული დონალდ ტრამპის პოზიციით, რომელიც ვლადიმერ პუტინის სურვილს გამოხატავს – არ იქნას დაშვებული უკრაინის პრეზიდენტი ალასკის სამიტზე..

თვით ის ფაქტი, რომ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი უკრაინის ბედს დახურულ კარს მიღმა გადაწყვეტენ, კიევში სერიოზული ალიაქოთის გამომწვევი გახდა. პრეზიდენტის ოფისთან დაახლოებული მაღალჩინოსნების თქმით, გასულ შაბათს ვოლოდიმირ ზელენსკი იმდენად იყო შეშფოთებული, რომ სასწრაფოდ გაგზავნა ლონდონში დაგეგმილ მოკავშირეთა შეხვედრაზე უკრაინელი წარმომადგენლებიც.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია კიევისათვის ის ფაქტი, რომ ადრე უკრაინის საკითხები შედარებით უფრო დაბალი დონის მოლაპარაკებებზე განიხილებოდა, ახლა კი უმაღლესი დონის შეხვედრაზე, თანაც უკრაინის გარეშე. დონალდ ტრამპს, უკრაინის მრავალწლიანი კონფლიქტის სწრაფი გადაჭრის მიზნით, ვლადიმერ პუტინისათვის მნიშვნელოვანი ტერიტორიული დათმობების შეთავაზება შეუძლია. როგორც ჩანს, ლაპარაკი რაიმე გაცვლაზე კი არ იქნება, არამედ მხოლოდ დათმობაზე: სკეპტიკოსები უკვე საუბრობენ არამარტო ყირიმის ლეგიტიმიზაციაზე რუსეთის შემადგენლობაში, არამედ სხვა ტერიტორიულ დათმობებზეც – დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა 9 აგვისტოს მტკიცედ განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს არ აქვს არავითარი იურიდიული და პოლიტიკური უფლებამოსილება – უბრძანოს კიევს, რომ ტერიტორიები რუსეთს გადასცეს. დონალდ ტრამპმა რომც მოისურვოს გარიგების დადება, მან უნდა იცოდეს, რომ „არავის არ აქვს კანონიერი უფლება ჩვენი მიწის სხვაზე გადაცემა დაგვაძალოს“.

შაბათის საღამოს მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა დონალდ ტრამპის ნათქვამი, რომ რუსეთთან დასადები სამშვიდობო შეთანხმება „რაღაც ტერიტორიების გაცვლას“ ითვალისწინებს და ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინელები მშობლიურ მიწა-წყალს მტერს არ აჩუქებენ. უკრაინის ტერიტორიების საკითხზე პასუხი ქვეყნის კონსტიტუციაშია მოცემული და არავინ ამ დებულებას არ გადაუხვევს“.

რა თქვა პარასკევს დონალდ ტრამპმა? „რა თქმა უნდა, საკითხი მარტივი არ არის, ეს ძალიან რთულად გადასაწყვეტი პრობლემაა. ზოგადად გეტყვით, რომ ჩვენ რაღაცას დავუბრუნებთ უკრაინას და ასევე რაღაცას გადავცვლით ურთიერთსარგებლობის პრინციპით“, – ასე განაცხადა თეთრი სახლის მეთაურმა.

უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერი მსგავსი დოკუმენტი უკრაინის პარლამენტში უნდა იქნას რატიფიცირებული. მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ ბევრმა დეპუტატმა „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი ხმას არ მისცემენ იმ კანონპროექტს, რომელიც უკრაინის ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსადმი გადაცემას ითვალისწინებს და შესაბამისად, ანტიეროვნული და ანტიკოსტიტუციურია.

ევროპის დედაქალაქებში სურთ 15 აგვისტომდე დარწმუნდნენ იმაში, თუ რამდენად „ძლიერია“ დონალდ ტრამპის იდეა და სურვილი ვლადიმერ პუტინთან გარიგების დადების მიზნით. „ევროპელმა ლიდერებმა მკაფიოდ უნდა გააცნობიერონ, როგორი იქნება გარიგების შედეგები, თუ უკრაინა იძულებული გახდება დათანხმდეს ტერიტორიულ დათმობებს“, – განუცხადეს „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის ჩინოვნიკებმა საუბრის დროს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში დღეს წარმოუდგენელი განხეთქილებაა უკრაინის საკითხზე, ბევრს ერთმანეთის საწინააღმდეგო თვალსაზრისები აქვთ. ხშირად კეთდება ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები როგორც სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსაგან, ასევე სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფისაგან და რაღა შორს წავიდეთ, თვით აშშ-ის პრეზიდენტის პირიდან.

უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა კონფიდენციალურად აცნობეს „ფაინენშელ თაიმსის“ რედაქციას, თუ რას ითვალისწინებს რუსეთის წინადადება ომის მშვიდობიანი დარეგულირების თაობაზე. საქმე ეხება ფრონტის ხაზის გაყინვას სამხრეთ-აღმოსავლეთის მონაკვეთზე იმ პირობით, რომ კიევი დაუყოვნებლივ გაიყვანს თავის ჯარებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან, ანუ უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, იმ რაიონებიდან, რომელსაც ჯერ კიდევ კიევის ადმინისტრაცია აკონტროლებს. კრემლი ითხოვს, რომ უკრაინის არმია გავიდეს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდანაც, თუმცა საოლქო ცენტრები კვლავ კიევის კონტროლქვეშ არის. დნეპროპეტროვსკისა და სუმის ოლქების ტერიტორიის ის ნაწილები, რომლებიც რუსეთს აქვს დაკავებული, სამომავლო განხილვის საგანი იქნება.

ბალტიის ქვეყნების ლიდერებმა მკაცრად გააკრიტიკეს ნებისმიერი მცდელობა, რომელიც უკრაინის ნების წინააღმდეგ იქნება მიმართული, მოსკოვისათვის მისი ტერიტორიის გადაცემის საკითხში. ისინი შიშობენ, რომ თუ ისე მოხდება, როგორც ვლადიმერ პუტინს აქვს გამიზნული და თუ მას დონალდ ტრამპიც მხარს დაუჭერს, მაშინ კრემლის არმიის შემდგომი სამიზნე უკვე ბალტიისპირეთის ქვეყნები გახდებიან. „თუ სახელმწიფოს საზღვრების ცვლილება ძალით შეიძლება, მაშინ არცერთი ქვეყანა არ იქნება უსაფრთხო პირობებში… სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა – ეს გლობალური სტაბილურობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ წავაქეზებთ მსგავს აგრესიებს – არც უკრაინაში და არც სადმე“, – განაცხადა მარგუს წაჰკნამ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი ლატვიელი კოლეგის ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, „სამართლიანი, მტკიცე და ღირსეული მშვიდობა – ეს სწორედ ისაა, რაც ჩვენ გვსურს და რა თქმა უნდა, უპირველესად უკრაინელებს. ასეთი მშვიდობა ითვალისწინებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას“.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინა დონბასის იმ ქალაქებს იცავდა და ამაგრებდა, რომლის გადაცემასაც ახლა რუსეთი ითხოვს. საქმე ეხება ორ მსხვილ ქალაქს – კრამატორსკს და სლავიანსკს, რომლებშიც 120 ათასი ადამიანი ცხოვრობს და რომლებსაც კიევი ჯერ კიდევ აკონტროლებს.

„თუ უკრაინა ტერიტორიას მოწინააღმდეგე მხარის ტოლფასი ნაბიჯების გარეშე დათმობს, მაშინ მოსკოვი უფრო მეტ ჩვენს მიწა-წყალს დაიპყრობს“, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის არმიის ყოფილი ოფიცერი, ამჟამად კი ანალიტიკური ჯგუფის Frontelligence Insight-ის ხელმძღვანელი, – „მიიღებს რა ესოდენ მომგებიან პოზიციას, მოსკოვი დაუყოვნებლივ და სრულიად დაუსჯელად განაახლებს საბრძოლო მოქმედებებს მთელ ფრონტზე“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: