Home Blog Page 5

დიდი პატივია, კვლავ ვიყო თბილისის სამსახურში, ერთად ყველაფერს შევძლებთ, გაიმარჯვებს თბილისი, გაიმარჯვებს საქართველო, მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე ჩვენს ულამაზეს თბილის ქალაქს -კახა კალაძე

ზედიზედ მესამედ წარვდგე თბილისის მერობის კანდიდატად – ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა, ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს და თბილისელებს, – ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოგესალმებით, მეგობრებო, მივესალმები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს,

მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, რეგიონების წარმომადგენლებს, თბილისის საკრებულოს და მთავრობის წევრებს, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას. მივესალმები ჩემს თბილისს და თბილისელებს.

ზედიზედ მესამედ წარვდგე თბილისის მერობის კანდიდატად – ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა, ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს და თბილისელებს. გამოცხადებული ნდობისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მხარდამხარ 2011 წლიდან ბრძოლა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩემთვის უდიდესი პატივია. მინდა, ცოტა გადახვევა გავაკეთო და გავიხსენო 2011 წელი, როდესაც პირველად შევხვდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენი საუბარი, რა თქმა უნდა, ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, იმ მძიმე პოლიტიკურ ფონს და მახსოვს ბატონი ბიძინას შეკითხვა – თუ სად მოვიაზრებდი საკუთარ თავს პოლიტიკაში და როგორ ვხედავდი ჩემს მომავალს. მაშინ ჯერ კიდევ ფეხბურთით ვიყავი დაკავებული. სპორტში ვმოღვაწეობდი. არ მქონდა არანაირი პოლიტიკური გამოცდილება და ჩემი პასუხი იყო ძალიან მარტივი, რომ მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, ვიყო იქ, სადაც ჩემს ხალხს სჭირდება. დღეს, 14 წლის შემდეგ ცხადია, დავაგროვე უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება და შემიძლია, იგივე სიტყვები გავიმეორო, რომ მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს და ვიყო იქ, სადაც სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს.

მადლობას ვუხდი  ჩვენს მხარდამჭერებს – თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც, მიუხედავად უამრავი სირთულისა, ჩვენთან, მათ შორის, პირადად ჩემ გვერდით იდგა და დგას მთელი ამ წლების განმავლობაში. 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერი გავხდი, ერთად ბევრი რამ შევძელით. ყველა დიდ წამოწყებას დიდი სირთულეები ახლავს, მაგრამ ჩვენი გუნდურობით, მიზანსწრაფულობით, თბილისელების ნდობით და ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლის რწმენით, ყველამ ერთად, თბილისის განვითარებაში არაერთი გარდამტეხი ცვლილება შევიტანეთ.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ნდობისა და თანამშრომლობისთვის, თითოეული გამამხნევებელი სიტყვისთვის, საქმიანი კრიტიკისთვის და თითოეული იმ ინიციატივისთვის, რომლის განხორციელების შემდეგ, ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი, მწვანე, განვითარებული, მოწესრიგებული და სიცოცხლით სავსე გახდა.

დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ როგორც მერობის კანდიდატი, არამედ ადამიანი, რომელიც ბოლო რვა წელია, თბილისის თითოეული რაიონის, თითოეული უბნის ცხოვრებით ცხოვრობს, ბედნიერია იმ ცვლილებებით, რამაც თბილისი აქცია თანამედროვე ქალაქად, იცის, რა პრობლემები აწუხებს თბილისელებს და გულწრფელად სჯერა, რომ თბილისი ამოუწურავი შესაძლებლობების ქალაქია.

კარგად მესმის, რომ თბილისი არ არის უბრალოდ ქალაქი – ის ჩვენი კულტურის, რელიგიის, ტრადიციების, ქართული სულის გამოძახილია. მის უძველეს ქუჩებში საქართველოს ისტორია სუნთქავს.

ეს ქალაქი საუკუნეებია, დგას, როგორც გზაჯვარედინი – აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა ეთნიკური კულტურის გადაკვეთის სივრცე. თუმცა, ამ მრავალფეროვნებაში მას არ დაუკარგავს თავისი სული, არ დაუკარგავს ეროვნული ღირებულებები, რაც ძვირფასია თითოეული ქართველისთვის. ერთდროულად ქართული იდენტობა და მრავალმხრივი მრავალფეროვნება განსაზღვრავს ჩვენი ქალაქის უნიკალურობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით ისაუბრა იმ დაპირებების შესახებ, რომლის შესრულებასაც გეგმავს.

„დღეს, როდესაც თქვენ წინაშე ვდგავარ როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ვფიქრობ, შემიძლია მოგცეთ ორი საერთო დაპირება ჩემს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით: თბილისი, როგორც პასუხისმგებლობა და თბილისი, როგორც შესაძლებლობების ქალაქი – ესაა ის ორი მთავარი პირობა, რომლის შესრულებასაც ვპირდები თბილისელებს.

თბილისი ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა – არა მხოლოდ მის აწმყოსა და მომავალზე, არამედ მის წარსულზეც. თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნება ნიშნავს ქალაქის სულის გადარჩენას. ვაცნობიერებ, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ისტორიით სავსე ამ უძველესი ქალაქის მერი.

თბილისი შესაძლებლობების ქალაქია. დიახ, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ სიძველის მიუხედავად, დღეს თბილისი საოცრად თანამედროვე ქალაქია, თავისი პარკებით, სკვერებით, კულტურული სივრცეებით, სპორტული მოედნებით, მოდერნიზებული ქუჩებით, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მაგრამ თბილისი კიდევ უფრო უნდა განვითარდეს – უნდა განვითარდეს სწორად, თანმიმდევრულად, სწორი და ზუსტი ხედვითა და გეგმით.

რასაკვირველია, ამხელა ტვირთს საკუთარ თავზე ვერ ავიღებდი, რომ არ მქონდეს თქვენი, თბილისელების დიდი მხარდაჭერა. რომ არ იდგეს ჩემს ზურგს უკან ძლიერი პოლიტიკური გუნდი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც გამორჩეული წვლილი აქვს შეტანილი ქართული სახელმწიფოს განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის განმტკიცებაში. ცხადია, რთული იქნებოდა დედაქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევა, რომ არა თბილისის მერიის გამოცდილ, პროფესიონალ თანამშრომელთა უზარმაზარი არმია.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ მუნიციპალიტეტის თანამშრომელს, დაწყებული მეეზოვედან, დამთავრებული ვიცე-მერამდე მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ 24-საათიან რეჟიმში ჩვენ ვართ ქალაქის, თბილისელების სამსახურში. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, რომელიც ესწრება დღევანდელ ღონისძიებას და ჩემს უფროს ვაჟს, ლევანს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

როგორც უკვე ვახსენე, თბილისი შესაძლებლობების ქალაქია, ამის გარანტი კი ხართ თქვენ, ახალგაზრდები, მომავალი თაობა – ჩვენი ხვალინდელი დღის საყრდენი და იმედი. თითქმის ყოველდღიური შეხება მაქვს ახალგაზრდობასთან, რომელთა ენერგია და იდეები ჩვენი ქალაქის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. გაძლევთ პირობას, ამ ძალას მომავალშიც გამოვიყენებთ მეტი განვითარებისთვის, შენებისთვის. ეს არ გულისხმობს მხოლოდ ქალაქის განვითარებას – ესაა პასუხისმგებლობის გაზიარება, იდეების გაცვლა და ერთობლივი შრომა უკეთესი თბილისისთვის.
ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, თქვენი სიყვარული ქვეყნისა და ქალაქისადმი გვაძლევს იმედს, რომ თბილისი ნამდვილად იქნება ცოცხალი, თანამედროვე და განახლებაზე ორიენტირებული ქალაქი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განმარტებით, დღეს თბილისი და მისი თითოეული უბანი არის ბევრად სიცოცხლით სავსე, ვიდრე იყო რვა წლის წინ.

„როდესაც რვა წლის წინ პირველად წარვდექი თბილისელების წინაშე თბილისის მერობის კანდიდატად, ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირება იყო „სიცოცხლით სავსე ქალაქი“. მაშინ, როდესაც ქალაქში დავდიოდი, ვცდილობდი, ჩემთვის ცხადად წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა, შესხმოდა ხორცი ამ დაპირებას, როგორი უნდა გამხდარიყო თბილისი ამ დაპირების შესრულების შემდეგ. პირველი, რაც მაშინ შევამჩნიე, იყო ცარიელი ეზოები, პარკები, სკვერები და სხვა საჯარო სივრცეები. სამწუხაროდ, 2017 წლის თბილისში სიცოცხლე არ ჩქეფდა ისე, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქალაქში მინახავს. და მაშინ გავიაზრე, რომ მთავარი, რამაც ქალაქს მეტი სიცოცხლე შეიძლება შესძინოს, არის ადამიანების ხალისი, ჰქონდეთ მეტი ურთიერთობა საკუთარ ქალაქთან და თანაქალაქელებთან. დღეს, ალბათ, ყველა ვამჩნევთ ადამიანების სიმრავლეს ეზოებში, სკვერებსა და პარკებში, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, თუ გარეუბნებში, კულტურულ და სპორტულ სივრცეებში. დღეს თბილისი და მისი თითოეული უბანი არის ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ.

დღეს ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირებაა – „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“. ჩვენ ვამაყობთ, რომ გამოწვევებით სავსე თანამედროვე სამყაროში დღეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული, რაც მის განვითარებას განსაკუთრებულ პერსპექტივას უქმნის. მშვიდობა გვაძლევს იმაზე ზრუნვის საშუალებას, რომ მეტი სიკეთე მივანიჭოთ ჩვენს ულამაზეს ქალაქს. მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია საუბარი ქალაქის განვითარებაზე, წინსვლაზე და ის, რომ დღეს ქვეყანაში ჩვენ გვაქვს მშვიდობა, არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და აქაც მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

სიტყვა „სიკეთეს“ ორი მნიშვნელობა აქვს – მატერიალური და არამატერიალური. ჩვენს ქალაქს სჭირდება მეტი სიკეთე მატერიალური თვალსაზრისით. ეს არის კიდევ უფრო უკეთესი ინფრასტრუქტურა, ძველი თბილისის ახალი რეაბილიტირებული უბნები, კიდევ უფრო მეტი სიმწვანე და სილამაზე, კიდევ უფრო მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა, ახალი კულტურული და სპორტული ობიექტები, სკოლები და ბაღები. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ამ დაპირებას და მომდევნო 4 წელიწადში შევუქმნით მეტ მატერიალურ სიკეთეს თბილისს და თბილისელებს.

სიკეთეს, მატერიალურთან ერთად, აქვს არამატერიალური დატვირთვაც. თბილისი ტრადიციულად იყო ურთიერთობების ქალაქი, სიკეთით სავსე ქალაქი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავამარცხოთ სიძულვილი და თბილისელებს შორის ურთიერთობის მთავარ მორალურ ღერძად ვაქციოთ სიკეთე. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს – ეს არის დაპირება, რომელსაც მომდევნო 4 წლის მანძილზე მთელი პასუხისმგებლობით და გულისყურით შევასრულებთ.

მეგობრებო, თბილისი არჩევანზე მეტია. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ თბილისის მომავალზე და ვაქციოთ ის კიდევ უფრო განვითარებულ ქალაქად.

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მადლობა ნდობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ მაძლევთ შესაძლებლობას, ვემსახურო ჩემს ქალაქს, ჩემს ხალხს და ჩემს სამშობლოს. ჩემო თბილისელებო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გასული 8 წლის მანძილზე გამოხატული დიდი მხარდაჭერისთვის, რამაც ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთების შესაძლებლობა მოგვცა.

ჩემთვის დიდი პატივია, კვლავ ვიყო თბილისის სამსახურში. მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.  გაიმარჯვებს თბილისი, გაიმარჯვებს საქართველო, მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე ჩვენს ულამაზეს თბილის ქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა.

მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიება მთაწმინდის პარკში იმართება.

კახა კალაძე დედაქალაქის მერობის კანდიდატად „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა. ღონისძიებას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

„ჩვენ დღეს შეგვეძლო, თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი ან უბრალოდ კარგი პატრიოტი, მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს. ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე, ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა კალაძემ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პოლიტიკურ გუნდს და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

„ზედიზედ მესამედ წარვდგე თბილისის მერობის კანდიდატად – ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა, ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს და თბილისელებს. გამოცხადებული ნდობისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მხარდამხარ 2011 წლიდან ბრძოლა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩემთვის უდიდესი პატივია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე თბილისის მერად მესამე ვადითაა წარდგენილი. კალაძე დედაქალაქის მერად პირველად – 2017 წელს, მეორე ვადით კი 2021 წელს აირჩიეს.

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.

დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემიდან შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, გამშვებ პუნქტ “დარიალიდან” მოხდა დასაქმებულთა ევაკუაცია, პრევენციის მიზნით დაკეტილია საავტომობილო გზა -შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე.

„მონიტორინგის მიზნით ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფები. დაშავებული არავინ არის.

ამავდროულად, პრევენციის მიზნით მოხდა საავტომობილო გზის დაკეტვა. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

“თურქეთის მხარესთან განვიხილეთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს შუა დერეფნის განვითარებას და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას” -მარიამ ქვრივიშვილი

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ასევე გვქონდა შედეგზე ორიენტირებული ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში ვიმსჯელეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
თბილისში საქართველო-თურქეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულკადირ ურალოღლუს თანათავმჯდომარეობით გაიმართა. სხდომაზე ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები და საკითხები განიხილეს. ორი ქვეყნის წარმომადგენელებმა ასევე იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონული მნიშვნელობის შუა დერეფნის მარშრუტის განვითარებას.
„მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის სექტორზე. ამავდროულად განვიხილეთ ის მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს შუა დერეფნის განვითარებას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას. საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმდინარე სამშენებლო პროცესს და   მაგისტრალური გზების მშენებლობას. ასევე ვისაუბრეთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის  წინსვლის შესახებ, რომელიც, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია არამარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ აზერბაიჯანის და თურქეთის რესპუბლიკისთვისაც. დღევანდელი შეხვედრის შედეგად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის  ეკონომიკური თანამშრომლობა გაიზრდება”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმისა და ავიაციის მიმართულებით საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება კიდევ ერთი საკითხია, რომელიც მხარეებმა განიხილეს. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო რამდენიმე ხნის წინ მის შეხვედრას თურქეთის წამყვანი ავიაკომპანიის – Turkish Airlines-ის – ხელმღვანელობასთან, სადაც ქვეყნებს შორის ახალი საჰაერო მარშრუტის გახსნის პერსპექტივები იქნა განხილული.
„Turkish Airlines-სთან ერთად უკვე ვმუშაობთ ანკარა-თბილისის მიმართულებით პოტენციური პირდაპირი ფრენის დაწყების თაობაზე. ეს გააძლიერებს ქვეყნებს და ხალხთა შორის კავშირებს. რა თქმა უნდა, პირდაპირი ფრენების სიხშირეების ზრდა, ისევე როგორც ახალი მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას და ინვესტიციების მოზიდვას თურქეთიდან საქართველოში”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველო-თურქეთის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ნაყოფიერს უწოდებს თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულკადირ ურალოღლუ. „განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ტრანსპორტის მიმართულებას – ვისაუბრეთ სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის კუთხით თანამშრომლობაზე. ყურადღება გავამახვილეთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით მის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება”, – განაცხადა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

საქართველო: დებიტორი და კრედიტორი

წმინდა სავალუტო შემოდინებების ჩვენი ყოველთვიური შეფასება, რომელიც საქონლით ვაჭრობას, ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსა და ფულად გზავნილებს აერთიანებს, ივნისში კვლავ გაუმჯობესდა. ბალანსის გაუმჯობესება განპირობებულია როგორც უფრო ძლიერი სავალუტო შემოდინებებით, ასევე – შესუსტებული გადინებით. სახელდობრ, ივნისის მდგომარეობით, საგარეო ვაჭრობაში კვლავ ნარჩუნდება ბოლო თვეებისათვის დამახასიათებელი დინამიკა – ექსპორტი ძლიერი რჩება მეტწილად ავტომობილების რე-ექსპორტის ხარჯზე, ხოლო იმპორტის ზრდა სუსტია, მათ შორის სწორედ ავტომობილების შემცირებული იმპორტის შედეგადაც. გაუმჯობესება გრძელდება ფულადი გზავნილების დინამიკაში, რომელიც ივნისში 12.2%-ით გაიზარდა. ამავდროულად, ტურიზმიდან შემოსავლების წლიურმა ზრდამ მეორე კვარტალში 5% შეადგინა, რაც პირველი კვარტლის მაჩვენებელს მცირედით აღემატება (2.3%), ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიდან გარკვეული დროებითი უარყოფითი ეფექტის მიუხედავად. სავალუტო ნაკადების ყველაზე დიდი წყარო კვლავ ევროკავშირია, რომელზეც მეორე კვარტალში ჯამური შემოდინებების 20.3% მოდიოდა, ნაცვლად პირველი კვარტლის 21.7%-ისა. 

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ, როგორც ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ აღვნიშნეთ, სწორედ ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები წარმოადგენს ლარის მხარდამჭერი სამი მთავარი ფაქტორიდან ერთ-ერთს. დარჩენილი ორი ფაქტორის კუთხით, აღსანიშნავია, რომ აშშ დოლარი აშშ-ევროკავშირის წინასწარი სავაჭრო შეთანხმების შემდეგ გარკვეულწილად გამყარდა, ხოლო დეპოზიტების უკან ლარში კონვერტაციების მიმდინარე დინამიკა ივლისში შედარებით შერეულ სურათს აჩვენებს. მიუხედავად ამისა, ლარის გამყარების მიმართულებით ზეწოლა კვლავ ძლიერი რჩება, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მხრიდან განგრძობით სავალუტო ინტერვენციებში ვლინდება. კერძოდ, ჩვენი შეფასებით, ივლისში სებ-ის მიერ შეძენილი აშშ დოლარის მოცულობა წინა თვეებთან შედარებით უფრო მაღალია. ამის ფონზე, თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი და გრძელვადიანი წონასწორობის მოდელები მიუთითებს, რომ ლარი წონასწორულ დონესთან შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც უფრო სუსტია.

გასული თვეების დინამიკის მსგავსად, ინფლაცია კვლავ მზარდია და ივნისის მდგომარეობით წლიურად 4.0%-ს უტოლდება. აჩქარება შეინიშნება წინა თვესთან შედარებითაც, თუმცა ეს მაჩვენებელი დიდწილად მოლოდინების შესაბამისია. ფასების ზრდის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად კვლავ სურსათი რჩება, მაგრამ ივნისში შედარებით მაღალი იყო მომსახურების ინფლაციაც. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ ივლისსა და აგვისტოში ამოიწურება ინტერნეტის გადასახადის კლების ეფექტიც, რომელიც ჯამურ ინფლაციას დაახლოებით 0.4 პროცენტული პუნქტით ამცირებს. როგორც ადრეც აღინიშნა, ინფლაციური ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, რაც, ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე, სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ სიმყარეში აისახება. ამ ფონზე, როდესაც არჩევანი შემცირებასა და უცვლელად დატოვებას შორის იყო, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 30 ივლისის შეხვედრისას 8%-ის დონეზე შეინარჩუნა, გადაწყვეტილების მიზეზად კი ორმხრივი რისკების შეფასება გამოყო.

ამავდროულად, უახლესი ინდიკატორების კუთხითაც საკმაოდ შერეული სურათია. საკუთრივ, ჯამური უნაღდო დანახარჯები ივნისსა და ივლისში დაახლოებით ერთ დონეზე ნარჩუნდება, რამაც, ზედიზედ სამთვიანი მატების შემდეგ, წლიური ზრდის შენელება გამოიწვია. დინამიკა მსგავსია მიგრანტების დანახარჯების კუთხითაც, ხოლო, როგორც ზემოთ აღინიშნა, არარეზიდენტების ხარჯვაში, რომელიც ტურისტული შემოსავლების რეალურ დროში შეფასებისთვის გამოიყენება, ივლისში გაუმჯობესება ფიქსირდება. საქსტატის წინასწარი შეფასებით, ივნისში ეკონომიკური ზრდის ტემპმა 6.3% შეადგინა, ხოლო, შესაბამისად, მეორე კვარტლის საშუალო ზრდამ – 7.1%.

რაც შეეხება უფრო სტრუქტურულ ნაწილს, 2022 წლის შემდეგ საქართველოს საგარეო ბალანსის გაუმჯობესების მიუხედავად, მიმდინარე ანგარიში კვლავ დეფიციტში რჩება. ამის ფონზე, საყურადღებოა პორტფელური ინვესტიციების დინამიკა, სადაც საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხოური სავალო ფასიანი ქაღალდების შეძენა იკვეთება, რაც ისტორიულად საქართველოს საგადასახდელო ბალანსისთვის დამახასიათებელი მოვლენა არ ყოფილა. ამავდროულად, სახეზეა რეზიდენტების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდების ნაწილობრივი გამოსყიდვაც.

საქართველოს საგადასახდელო ბალანსის ანალიზი გვთავაზობს მნიშვნელოვან დასკვნებს როგორც მიმდინარე, ასევე ფინანსური ანგარიშის ნაწილში. რიგ შემთხვევებში ბოლოდროინდელი დინამიკა ისტორიული ტენდენციებისგან მკვეთრ გადახვევასაც წარმოადგენს. კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის მხრივ: ა) ტურიზმიდან შემოსავლების ზომიერი ზრდის პარალელურად, ინფორმაციისა და კომუნიკაციის (ICT) და ბიზნეს სერვისების ექსპორტი სწრაფ ზრდას განაგრძობს, რაც დიდწილად ცვლის მომსახურების ექსპორტის სტრუქტურას; ბ) მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რეინვესტიციის გარეშე, ისტორიულ საშუალოსთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი რჩება; გ) მიუხედავად ამისა, პირველ კვარტალში საგარეო ბალანსი საკმაოდ გაუარესდა, თუმცა, ამავდროულად, უახლესი ინდიკატორები მეორე კვარტალში გაუმჯობესებაზე მიუთითებს. ფინანსური ანგარიშის მხრივ: ა) როგორც ზემოთ აღინიშნა, პორტფელური ინვესტიციების კუთხით, 2022 წლიდან გააქტიურებულია საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხოური აქტივების შეძენა; ბ) პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რეინვესტიციის გამოკლებით, კვლავ დაბალ ნიშნულზეა; გ) ბოლო პერიოდში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეჰქონდა სესხებსაც, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში; დ) დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა სავალუტო რეზერვებიც, თუმცა სებ-ის მიერ აშშ დოლარის მოცულობითი შესყიდვის პარალელურად, მეორე კვარტალში ეს ტენდენცია შეიცვლება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007041-monthly-macro-update-georgia

R

რა ეღირება დოლარი და ევრო პირველ აგვისტოს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7061 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7061 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7067 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0936 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1230 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0294 ლარი შეადგინა.

ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს – The Daily Telegraph

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად

2 აგვისტოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ერთად აღინიშნება საეკლესიო და სახალხო დღესასწაული ელიაობა და დედოფლისწყაროობა. 

სახალხო დღესასწაული წელსაც მასშტაბურად აღინიშნება და 2024 წლის შემდეგ უკვე მეორედ, მასში მონაწილეობას თიბისიც მიიღებს.

დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. თიბისი კი, საკუთარი სივრცით იქნება წარმოდგენილი, სადაც ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს სხვადასხვა სახის გასართობი და თიბისის ბრენდირებული საჩუქრები დახვდებათ.

სახალხო დღესასწაული უკვე მეთორმეტე წელია ტარდება, რომლის ფარგლებშიც, ტრადიციულად ასახელებენ საპატიო დედოფლისწყაროელებს, იმართება საზეიმო კონცერტი და სხვადასხვა სახის აქტივობები.

დეჰიდრატაცია – ზაფხულის ჩუმი საფრთხე: რა უნდა ვიცოდეთ და როგორ დავიცვათ თავი სიცხეში?

ზაფხულის შუა პერიოდიდან ტემპერატურის მატება საგრძნობლად შესამჩნევი გახდა. სინოპტიკოსების ვარაუდით კი აგვისტო კიდევ უფრო ცხელი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ტემპერატურა დიდხანს დარჩება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად. გაუსაძლისი სიცხეები პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ჩვენს პროდუქტიულობაზე და ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე.

ალბათ გქონიათ ის განცდა, როცა შუადღის მზის ქვეშ ქუჩაში ხართ და თითქოს წამიერად ძალ-ღონეს კარგავთ, უცებ გიჩნდებათ დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა და უსიამოვნო შეგრძნებები. ეს ყველაფერი შესაძლოა იყოს დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) გამოვლინების კლასიკური ნიშნები, რომელიც ზაფხულის მაღალი ტემპერატურის ფონზე განსაკუთრებით ხშირად ვითარდება.

სიცხეში ორგანიზმი შინაგანი ტემპერატურის გასაკონტროლებლად ოფლის გამოყოფის მექანიზმს ამუშავებს. ოფლთან ერთად კი სწრაფად იკარგება არა მხოლოდ წყალი, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელექტროლიტები, მაგ. ნატრიუმი, კალიუმი და სხვ. მათი დანაკარგი აზიანებს უჯრედულ ფუნქციებს, არღვევს ენერგიის ბალანსს და სწორედ ისეთ სიმპტომებს იწვევს, როგორიცაა თავბრუსხვევა, სისუსტე და გულისრევა. ამ მხრივგანსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ბავშვებსა და ხანდაზმულებს, რადგან ისინი დეჰიდრატაციის კუთხით ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები არიან.

ბავშვები აქტიური დღის რეჟიმისა და ჯერ კიდევ, ჩამოუყალიბებელი თვითშეგნების გამო, ხშირად ვერ აფიქსირებენ წყურვილის მოთხოვნას. რაც უფრო მცირეა ბავშვის ასაკი, მით მეტია მის ორგანიზმში წყლის პროცენტული შემცველობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვის ორგანიზმი სითხის დანაკარგს ძალიან სწრაფად გრძნობს. თუ ბავშვს დროულად არ მიეწოდა წყალი ან მინერალებით გამდიდრებული ხსნარები, შესაძლოა გამოვლინდეს სისუსტე, გაღიზიანება, მადის დაკარგვა ან სხვა სერიოზული სიმპტომები.

მოხუცებში კი პრობლემა კიდევ უფრო სიღრმისეულ ხასიათს იძენს – ასაკის მატებასთან ერთად წყურვილის შეგრძნება დათრგუნულია, უჯრედები ნაკლებად რეაგირებენ ელექტროლიტების დანაკლისზე, ხოლო ხშირი მედიკამენტოზური თერაპიები, მაგ. შარდმდენები, კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს სითხის დაკარგვას. შედეგად, ერთი შეხედვით თითქოს მსუბუქი და „უვნებელი“ სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, საერთო სისუსტე და არტერიული წნევის დაქვეითება, უკვე შეიძლება სერიოზული დეჰიდრატაციის ნიშნებად ითვლებოდეს.

ზაფხულის პიკში, როდესაც ტემპერატურა ყოველდღიურად 35 გრადუსს აჭარბებს, დეჰიდრატაცია მხოლოდ ბავშვებისა და ხანდაზმულების პრობლემა აღარ არის და ის თითოეული ჩვენგანის გამოწვევაც ხდება. სიცხეში ორგანიზმი უწყვეტ რეჟიმში ცდილობს ტემპერატურის კონტროლს და ამ პროცესში ჩვენ ვკარგავთ უზარმაზარი რაოდენობით სითხესა და აუცილებელ მინერალებს. ეს მდგომარეობა კი ხშირად შეუმჩნევლად ვითარდება, სანამ არ გამოჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა საერთო სისუსტე, კონცენტრაციის დაქვეითება, თავბრუსხვევა ან პულსის აჩქარება.

დეჰიდრატაციის პრობლემა ასევე განსაკუთრებულად მწვავედ დგას ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის ან მათთვის, ვინც დიდ დროს ატარებს ღია სივრცეში.

დეჰიდრატაციის პრევენცია და მის პირველ ნიშნებზე სწორი რეაგირება გადამწყვეტია, განსაკუთრებით ზაფხულის მაღალი ტემპერატურის დროს.  როგორ მოვიქცთ დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად?

დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ წყლის დალევა ხშირად საკმარისი არ არის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ორგანიზმი ინტენსიურად კარგავს სითხეს ოფლის, სიცხისგან გაძლიერებული ცირკულაციის ან მედიკამენტების ზემოქმედების შედეგად. ამ დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სითხის, არამედ ელექტროლიტების სწრაფი და ეფექტური აღდგენა.

დეჰიდრატაციის მართვის იდეალური სტრატეგია უნდა მოიცავდეს ისეთი ფორმულის გამოყენებას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც წყლის სწორ შეწოვას, ისე ნატრიუმის, კალიუმის და სხვა მიკროელემენტების დეფიციტის სწრაფ შევსებას.

ამ მხრივ, ყველაზე ეფექტური და უალტერნატივო გადაწყვეტილებაა ჰიდრო-ბალანსი – გერმანული წარმოების საკვები დანამატი, რომელიც ელექტროლიტების, C ვიტამინისა და დექსტროზას უნიკალურ კომბინაციას წარმოადგენს. ჰიდრო-ბალანსის გამზადებული ხსნარი, ჩვეულებრივ სასმელ წყალთან შედარებით, შეიცავს 10-ჯერ უფრო მეტი რაოდენობით მინერალებს და შესაბამისად, ერთი ჭიქა (200 მლ) ჰიდრო-ბალანსით ვიღებთ მინერალების იმ რაოდენობას, რისი მიღებისთვისაც მინიმუმ 2 ლიტრი წყალია საჭირო.

ჰიდრო-ბალანსში შემავალი ელექტროლიტები (კალიუმი და ნატრიუმი) უზრუნველყოფს ნერვული სისტემის, კუნთების, გულის, თირკმელებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. მასში შემავალი კომპონენტების სინერგიული მოქმედება ხელს უწყობს არა მხოლოდ ორგანიზმის შინაგან ბალანსს, არამედ კანის ელასტიკურობისა და ჯანმრთელი იერის შენარჩუნებასაც.

ჰიდრო-ბალანსი ის შემთხვევაა, როცა სითხის მიღება სასარგებლოსთან ერთად სასიამოვნოცაა. ჰიდრო-ბალანსის შუშხუნა ტაბლეტი იხსნება 1 ჭიქა (200 მლ) გრილ წყალში და აქვს ფორთოხლის სასიამოვნო გემო. მიღებული ხსნარი უნდა მივიღოთ მომზადებისთანავე.

ჰიდრო-ბალანის შუშხუნა ტაბლეტი მიიღება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ. მაქსიმალური დღიური დოზაა 3 ტაბლეტი.

ჰიდრო-ბალანსი – როცა მხოლოდ წყალი საკმარისი არ არის.

„ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია – გიორგი შარაშიძე

„ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია – შეუძლებელია ერთი მხრივ, იჭერდე ყოფილ საშუალო რგოლის მაღალჩინოსნებს და ამავდროულად კახა კალაძეს, რომელიც კორუფციასთან ყველაზე მეტად ასოცირდება, წარადგენდე თბილისის მერობის კანდიდატად მესამე ვადით, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ოცნება“ ადასტურებს რომ მისი კორუფციასთან ბრძოლის ფაფხური მხოლოდ და მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლის იმიტაციაა და სინამდვილეში არანაირი სერიოზული ზომების გატარებას არ აპირებს.“

„ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია. ნებისმიერი თბილისელი რომ გამოჰკითხოთ, უმრავლესობა დაგიდასტურებთ, რომ კახა კალაძე არის ყველაზე მეტად ასოცირებული და დაკავშირებული კორუფციასთან. ამით „ოცნება“ ადასტურებს იმას, რომ მისი თითქოს კორუფციასთან ბრძოლის ფაფხური მხოლოდ და მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლის იმიტაციაა და სინამდვილეში ის არ აპირებს არანაირი სერიოზული ზომების გატარებას კორუფციის წინააღმდეგ. შეუძლებელია ერთი მხრივ, იჭერდე ყოფილ საშუალო რგოლის მაღალჩინოსნებს და ამავდროულად კახა კალაძეს, რომელი კორუფციასთან ყველაზე მეტად ასოცირდება, წარადგენდე თბილისის მერობის კანდიდატად მესამე ვადით“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

შარაშიძემ ასევე ისაუბრა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ მერობის კანდიდატზე და აღნიშნა, რომ პრიორიტეტი არის ნეიტრალური კანდიდატი, მაგრამ ამავდროულად, პარტიული კანდიდატებიც განიხილებიან.

„ჩვენ ახლა მოლაპარაკებების და კონსულტაციების აქტიურ ფაზაზე ვართ. პრიორიტეტი არის ნეიტრალური კანდიდატი, მაგრამ ამავდროულად, პარტიულ კანდიდატებსაც განვიხილავთ – რაც სხვადასხვა მეთოდოლოგიით იზომება. ძალიან მალე გაიგებს ამ კანდიდატის შესახებ საზოგადოება. ჩვენ ვადა 4 სექტემბრამდე გვაქვს, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უფრო მალე წარვადგინოთ თბილისის მერობის კანდიდატი. ჩვენი კანდიდატი ვინც არ უნდა იყოს, იქნება ადამიანი, რომელიც შეძლებს, რომ თბილისში ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხოს კორუფცია და თბილის კორუფციისგან თავისუფალი ქალაქი გახდეს. თბილისი კორუფციის გარეშე – ეს იქნება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი დაპირება და ჩვენი კანდიდატიც იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ კალაძეს ჩამოვაცილებთ მმართველობას და თბილისის ბიუჯეტი მთლიანად თბილისელების კეთილდღეობას მოხმარდება“, – განაცხადა შარაშიძემ.

თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის

მოსწავლე გოგონებს ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიების სფერო და სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, თიბისიმ მათთვის შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც მათ სრულიად უფასოდ შეისწავლეს ტექნოლოგიების და დაეულებიან თავიანთ მომავალ პროფესიას.

ხელოვნური ინტელექტის, მობილური აპლიკაციების შექმნის, ვებგვერდები პროგრამირების Back-End (Python & Flask) და Front-End (HTML,CSS) შესავალი – ეს იმ ონლაინ კურსების ჩამონათვალია, სადაც 9-12 კლასის 140-მა მოსწავლე გოგონამ, მთელი საქართველოდან, სრულიად უფასოდ შეისწავლეს ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგიური პროფესიების საწყისი ეტაპები.

თიბისი ზრუნავს, რომ განათლება ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. Crash კურსებზე მიღებული ცოდნა გოგონებისთვის ორიენტირად იქცევა მათი სამომავლო პროფესიის შერჩევაში. სურვილის შემთხვევაში კი შემოდგომიდან თიბისი ტექსკოლაში შეძლებენ ტექნოლოგიების შესწავლას.

ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

დონალდ ტრამპი აღიარებს: ანტირუსული მეორადი ფინანსური სანქციები კრემლზე ან იმოქმედებს, ან არა – The New York Times

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი აღიარებს: ანტირუსული მეორადი ფინანსური სანქციები კრემლზე ან იმოქმედებს, ან არა“ (ავტორი – ერიკ გრინი). შეშინდება თუ არა ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის მუქარით და დათანხმდება თუ არა ომის შეწყვეტის მოთხოვნას? კიდევ რა ბერკეტები აქვს თეთრ სახლს კრემლზე ზეწოლის მოსახდენად? – ასეთი კითხვებია დასმული პუბლიკაციაში, რომლებზეც ავტორი პასუხის გაცემას ცდილობს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული 10-დღიანი ულტიმატუმი რაიმე შედეგს მოიტანს: „მე არ ვიცი, მოახდენს თუ არა გავლენას ეს რუსეთზე, რომელიც სამხედრო მოქმედებებს აგრძელებს. შეიძლება იმომედოს, შეიძლება არ იმოქმედოს… მაგრამ ჩვენ მაინც უნდა შევეცადოთ“, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა თვითმფრინავში მყოფ ჟურნალისტებს.

იყო, დრო, როცა დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ დაურეკავდა ვლადიმერ პუტინს და მასთან კაცურად ისაუბრებდა – „როგორც მამაკაცი მამაკაცთან“. იგი ცდილობდა რუსეთ-უკრაინის ომის ისტორიის გადაწერას და უკრაინის პრეზიდენტის ბოროტმოქმედად წარმოჩენას… მაგრამ ახლა, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი რუსი კოლეგის მიმართ პოზიცია შეიცვალა, ჩნდება კითხვები, თუ რა ბერკეტები აქვს დარჩა შეერთებულ შტატებს რუსეთზე ზეწოლისათვის და განზრახული აქვს თუ არა დონალდ ტრამპს ამ ბერკეტებით სარგებლობა.

„საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ დონალდ ტრამპი  მხოლოდ ახლა აცნობიერებს იმას, რასაც ბევრი თავდაპირველად ხედავდა… პრობლემა ვოლოდიმირ ზელენსკიში არ არის და არც უკრაინაში. პრობლემა ვლადიმერ პუტინშია“, – ამბობს მეთიუ დასი, საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, – „აშკარაა, რომ დონალდ ტრამპი სრულიად იყო დარწმუნებული თავის უნარებსა და შესაძლებლობებში – „მე რომ გარიგების დადების ოსტატი ვარ, ამას პუტინთან ურთიერთობაშიც დავამტკიცებ“ – მაგრამ რეალობა მტკივნული აღმოჩნდა“.

ნაკლებადსავარაუდოა, რომ დონალდ ტრამპის ულტიმატუმი ვლადიმერ პუტინის თვალსაზრისს შეცვლის. რუსეთის ლიდერს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ განსაზღვრული ისტორიული მისია შეასრულოს – დააბრუნოს უკრაინა მოსკოვის კონტროლქვეშ.

რუსეთის არმია საზაფხულო შეტევას აგრძელებს. ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ მას ბრძოლის ველზე უპირატესობა აქვს. მართლაც, ეს რეალობაა: უკრაინის ცოცხალი ძალის რესურსები იფიტება, მოსკოვი კი ახალ წარმატებებს აღწევს.

რუსმა ტექნოკრატებმა ეკონომიკის მართვაშიც თავი გამოიჩინეს: ომის განმავლობაში მათ ისეთი ეკონომიკა შექმნეს, რომელიც დასავლურ ყოვლისმომცველ სანქციებს უკვე მეოთხე წელია წარმატებით უძლებს, ხოლო მოსკოვის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი გეგმავს, რომ ეკონომიკურ სწავლებაში ახალი ხარისხი შემოიღოს – მაგისტრი სანქციებიდან თავის არიდებაში. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსეთი ძველებურად დამოკიდებულია ნავთობისა და გაზის ექსპორტზე, რომელიც ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლების ერთ მესამედს უზრუნველყოფს.

დონალდ ტრამპის მუქარა მეორადი ანტირუსული ბაჟები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ყიდვას აგრძელებენ – ჩინეთს, ინდოეთს, თურქეთს და სხვებს – აშშ-ის პრეზიდენტის გლობალური სავაჭრო ომის პოტენციურ ესკალაციას წარმოადგენს.

როგორც რუსი კომენტატორები აღნიშნავენ, პრობლემა ისაა, რომ თუ ჩამოთვლილი ქვეყნები რუსულ ნავთობს არ იყიდიან, ანუ თუ რუსული ნავთობი მსოფლიო ბაზარზე არ იქნება, ისინი მათთვის აუცილებელ ენერგომატარებლებს (რომლის მოცულობა ძალიან დიდია) სხვაგან დაუწყებენ ძებნას, ნავთობის ფასი მოიმატებს, რაც საერთაშორისო ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. დასავლელი პოლიტიკოსები რუსეთის შემოსავლების შესამცირებლად ისეთ პოლიტიკას ახორციელებენ, რომელიც ნავთობზე „გონივრულად ზღვრულ“ ფასებს გულისხმობს, რომელმაც მსოფლიო ბაზრის რყევა არ უნდა გამოიწვიოს, მაგრამ ეს სტრატეგია შეფერხებით მუშაობს და ის ვლადიმერ პუტინს ვერ აჩერებს.

დონალდ ტრამპს სრულიად არ ადარდებს, თუ რა გავლენას მოახდენს მეორადი ანტირუსული სანქციები ნავთობის ბაზარზე. ექსპერტები ამბობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს აქვს სხვა ეკონომიკური ბერკეტები რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად, რათა კრემლი იძულებული გახდეს და ომი შეწყვიტოს. დიახ, რუსეთმა შეძლო თავისი ეკონომიკის დაცვა სანქციების გავლენისაგან, მაგრამ ის მაინც მოწყვლადი რჩება. არსებობს ეკონომიკის ისეთი სეგმენტებიც, რომელთა გამოყენება ამერიკას შეუძლია.

თეთრ სახლს ჯერ არ განუცხადებია, განზრახული აქვს თუ არა დონალდ ტრამპს სხვა  ვარიანტებით სარგებლობა. როგორც ეველინ ფარკასი – აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი თანაშემწე – ამბობს, პრეზიდენტს ხელში სხვა კოზირებიც აქვს, სენატის კანონპროექტის ჩათვლით, რომელიც 500%-იანი ბაჟის დაწესებას ითვალისწინებს იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც რუსული ურანის იმპორტს ეწევიან. „მაგრამ მთავარი ისაა, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთის დარწმუნება უნდა შეძლოს – კრემლი ომს ვერ მოიგებს. აშშ-ის პრეზიდენტი და მის მიერ დანიშნული მომლაპარაკებლები ფიქრობდნენ, რომ რუსეთის კომპრომისზე წასვლას მიაღწევდნენ, მაგრამ პუტინი კომპრომისით დაინტერესებული არ არის“, – აღნიშნავს ეველინ ფარკასი.

კრემლს პრაქტიკულად არანაირი რეაქცია არ მოუხდენია დონალდ ტრამპის მუქარებზე. პუტინის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ნათქვამი „ცნობად იქნა მიღებული“. მაგრამ კრემლის ელიტამ დონალდ ტრამპის მიერ ვადების ცვლილება აბუჩად აიგდეს და დამცინავი დამოკიდებულება გამოხატეს.

დენიელ ფრიდი, ყოფილი მაღალჩინოსანი დიპლომატი, რომელიც ახლა ვაშინგტონში არსებული კვლევითი ცენტრის – „ატლანიკური საბჭოს“ მეცნიერ-მუშაკია და რომელსაც რუსებთან მოლაპარაკების გარკვეული გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ აქვს შანსი მთლიანად გამოასწოროს დაშვებული საშინელი შეცდომა – როცა პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ უკრაინას მხარს არ უჭერს. დენიელ ფრიდის აზრით, აშშ-ის ასეთმა პოზიციამ რუსეთს ხანგრძლივი თამაშის შესაძლებლობა მისცა: რაც შეიძლება მეტად გაეხანგრძლივებინა ტრამპისათვის პასუხის გაცემა და ამ დროს შეტევა გაეგრძელებინა. „როგორც ჩანს, დონალდ ტრამპმა გააცნობიერა, რომ პუტინი თამაშობს, ამიტომაც ხისტი მოქმედება დაიწყო“

ჩარლ კუპჩანი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, ამბობს, რომ დონალდ ტრამპი სიტყვიდან საქმეზე გადადის და იგი, ალბათ, თავის რუს კოლეგას რეალურად აჩვენებს დასავლური ძალისმიერი დიპლომატიის („იძულებითი მშვიდობის“) ზემოქმედებას. „ვლადიმერ პუტინი მხოლოდ მაშინ გაჩერდება, როცა მას გაჩერებას აიძულებენ. აშკარაა, რომ დონალდ ტრამპს არ სურს ისტორიაში აშშ-ის ისეთ პრეზიდენტად შევიდეს, რომელმაც უკრაინა დაკარგა“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ