Home Blog Page 5

მშვიდობიანი დამხობა გულისხმობს, რაც მოხდა 2003 წელს საქართველოში და რაც მოხდა ჩვენს სამეზობლოში, სომხეთში და ეს ფაშინიანმა გააკეთა, ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია და გავაკეთებთ -ლევან ხაბეიშვილი

მშვიდობიანი დამხობა გულისხმობს, რაც მოხდა 2003 წელს საქართველოში და რაც მოხდა ჩვენს სამეზობლოში, სომხეთში და ეს ფაშინიანმა გააკეთა. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია და გავაკეთებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლაშა ცანავას ჰქონდა საკმარისი შემოსავალი, რომ ორჯერ 50 ათასი ლარი პარტიისთვის შეეწირა.

„ოხანაშვილს, მდინარაძეს, კობახიძეს, თავისნაირი ქვეშაფსია და პრ**ები ჰგონია ყველა. ლაშა ცანავა, ჩემი მეგობარი, ადამიანი ჩემს უსაფრთხოებას იცავდა და სადაც იყო ჩემი შუბლი და კისერი, იქ იყო მისი მუშტი. „ტიტუშკების“ თავდასხმა, ქვების სროლა, კვერცხის სროლა, ყოველთვის ჩემ გვერდით იყო ჩემი ძმაკაცი, ჩემი თანამებრძოლი ლაშა ცანავა. გახსოვთ, რომ სანამ ცანავას დააკავებდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე დაწერეს, ლევან ხაბეიშვილისთვის ციხის კარი გაიხსნაო, და ზუსტად იმ საღამოს სუს-მა ლაშა ცანავა მოიტაცა. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ბრალს, რომელსაც ედავებიან, თაღლითობის მცდელობაა, თაღლითობაც არა, სუს-ი ამაზე არ იჭერს, ეს პოლიციის საქმეა. თუმცა, წაიყვანეს სუს-ში და დღეს ლაშა ცანავამ, ვაჟკაცმა კაცმა, რომელიც ვერ შეაშინეს, ვერც ბევრი ფული რომ დაუდეს და უთხრეს, რომ რაღაც კადრები გვაქვს შეკერილი და აირჩიე, ან 9 წელი, ან ხაბეიშვილს უთვალთვალე, ჩაწერე, გვითხარი, სად გადაადგილდება, კამერა დაიბნიე და სდიე შენს მეგობარს, რომ მერე ჩვენ, ფოხანაშვილმა, ჯეკამ, მდინარაძემ ხაბეიშვილი დავიჭიროთ, მოვყვეთ როგორი ბრუტალურია და როგორ აპირებს რევოლუციის მოწყობას და მერე ამ ხმაში ამღერებს გარკვეულ ოპოზიციონერებს. ძალიან შეგეშალათ, ჩემ გვერდით თქვენნაირი მშიშრები, მხდლები და პრ**ები არ არიან. ჩემ გვერდით საქართველოს პატრიოტები არიან. ასე თავაწეულად და ღირსეულად ლაშა ცანავამ თავისი საკნის კარი თავად გააღო. ცხადია, მის ბრძოლას ჩვენ გავაგრძელებთ. მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ხომ მაგარი ბიჭი ხარ, ხომ დააყენე ახალი ჯეელი, მოდი, აბა, შევერკინოთ.

ლაშა ცანავა მეოჯახე ადამიანია, რომელიც კეთილსინდისიერად მუშაობდა დაცვაშიც, მძღოლადაც, ჩემთანაც უანგაროდ იყო. ის ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში და ჰქონდა ანაზღაურება. თქვენ თუ გგონიათ, რომ ფოხანაშვილივით და კობახიძესავით მერე ეს ფული სახლში მიაქვს, ძალიან ცდებით. ლაშა ცანავა პარლამენტში მუშაობდა, რათა პარლამენტში „ტიტუშკები“ რომ თავს დამესხმებოდნენ, ახლოს ყოფილიყო და ჩემი უსაფრთხოება დაეცვა. მას 4 წლის განმავლობაში იმხელა შემოსავალი ჰქონდა, რომ თუნდაც ორჯერ 50 ათასი შემოეწირა. ჩვენი პარტია სახალხო პარტიაა, ხალხი ლუკმას იღებს და ამ ფულს პარტიას წირავს, რომ რუსული ხელისუფლება გავისტუმროთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, 4 ოქტომბერი ქართველი ხალხის გამარჯვების თარიღია.

„ჩვენ, ქართველი ხალხი და შენ – შენი რუსალკებით. მოდი, თუ ერთი ადგილი გაქვს, დაგველოდე, ბევრ დროს არ გთხოვთ, 4 ოქტომბრამდე დაგველოდეთ. მივმართავ საზოგადოებას, 4 ოქტომბერს, უმნიშვნელოვანესია, არავინ დარჩეს სახლში, რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უფრო მარტივად, მშვიდად დავამარცხებთ და გავუშვებთ ამ ხელისუფლებას. 4 ოქტომბერი ქართველი ხალხის გამარჯვების თარიღია და რომ გეშინიათ ამ თარიღის, უკვე კოჭებზე გეტყობათ, ვერც ვერანაირ ბრალს ვერ შეთითხნით, ვერც ციხის კარით დამემუქრებით და მეტსაც გეტყვით, არ ვაპირებ ციხეში წასვლას. იქით ვეპატიჟები ფოხანაშვილს, ჯეკას, მდინარაძეს, სვეტლანას და კობახიძეს ციხეში, რადგან ქართველი ხალხი გაძარცვეს.

მშვიდობიანი დამხობა გულისხმობს, რაც მოხდა 2003 წელს საქართველოშივე და რაც მოხდა ჩვენს სამეზობლოში, სომხეთში და ეს ფაშინიანმა გააკეთა. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია და ამას გავაკეთებთ. მე ძალიან ბევრი დამაკნინებელი მომისმენია ჩემზე. როგორ შეიძლება, ლევანი ვარ, ხაბეიშვილი და თქვენ რომ გითხრათ, გოჩა ხართ-მეთქი, შეურაცხმყოფელია. მოიტანოს ეს დოკუმენტი და აჩვენოს საზოგადოებას, თუ არადა მტყუანის დედა მოვ**ან , ასე გადაეცით კობახიძეს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა

გილოცავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 10 წლის იუბილეს- საქართველოს მოსახლეობის სახელით თითოეულ თქვენთაგანს მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული, დაცული, უსაფრთხო და ყველასთვის მიმზვიდველი -მიხეილ ყაველაშვილი

გილოცავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ათი წლის იუბილეს. ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული, თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ყველაფერი თქვენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ათი წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტი ღონისძიებას დაესწრო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილსა და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული, თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ყველაფერი თქვენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა. რომ არა სახელმწიფო უსაფრთხოება, რომ არა თითოეული მოქალაქის ის გრძნობა, რომ ჩვენი ქვეყანა დაცულია, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა ის განვითარების პროცესები, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს. ჩვენ ვხედავთ თქვენს მაღალ შეფასებებს და ბრძოლას კორუფციასთან, ტერორიზმთან, ვიცით, რომ არაერთი მცდელობაა იმისა, რომ სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო ჩვენს ქვეყანაში და როგორ მაღალ დონეზე შეძელით ამ ყველაფრის აღმოფხვრა. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ იმედს აძლევს ჩვენს მოქალაქეებს, უფრო მყარად იყვნენ ამ ქვეყანაში.

ვისარგებლებ შემთხვევით და პატივს მივაგებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ თქვენს თანამშრომლებს. არსებობენ გმირები, რომლებიც შეიძლება, არ იცოდეს საზოგადოებამ, როგორ პროფესიონალურად უძღვებიან ეს ადამიანები თავიანთ საქმეს. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და საქართველოს მოსახლეობის სახელით თითოეულ თქვენგანს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული,  დაცული, უსაფრთხო და ყველასთვის მიმზიდველი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის -ირაკლი კობახიძე

დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს საიუბილეო თარიღი მიულოცა და ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც თქვენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს, განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომის შედეგია, რომ სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა შიდა თუ გარე ძალების მიერ დაგეგმილი არაერთი სცენარი, რომლებიც პოლიტიკურ დესტაბილიზაციასა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას ისახავდა მიზნად. თქვენი დამსახურებით ქვეყანამ დაძლია უმწვავესი კრიზისები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობას. შავი ზღვის რეგიონში არსებული რთული ვითარების ფონზე ჩვენი ქვეყანა კვლავაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. საფრთხეების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ კვლავ საქართველოს რეგიონების დროებითი ოკუპაცია რჩება. თქვენი ძალისხმევა უზრუნველყოფს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილური გარემოს შენარჩუნებას. განსაკუთრებულია თქვენი წვლილი როგორც უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებაში, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვაში. ბატონო ანრი, მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო პირადად თქვენი და თქვენი უწყების ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. კორუფცია უდიდესი საფრთხეა სახელმწიფოსთვის – ის ხელს უშლის საჯარო უწყებების ეფექტიან ფუნქციონირებას, ძირს უთხრის მოქალაქეთა ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და აფერხებს ქვეყნის განვითარებას, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით. ჩვენი პრიორიტეტია ეფექტიანი ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერება, რაშიც თქვენს სამსახურს საკვანძო როლი აკისრია. მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ მთავრობის სრული მხარდაჭერა ამ მიმართულებით”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს სამსახურის 10 წლის იუბილე მიულოცეს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა და მთავრობას და პარლამენტს უწყების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილმა სამსახურის თანამშრომლები სხვადასხვა ხარისხის სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი ხარისხისა და საპატიო მედლები უწყების 328 თანამშრომელს გადაეცა.

საგამოძიებო სამსახურმა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის მოქმედი უფროსი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2025 წლის პირველ  აგვისტოს ბრალდებულის სახით სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის მოქმედი უფროსი თ.კ. დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებული პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და, სააგენტოს ყოფილ თანამშრომელთან, ლ.დ.-სა და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ახდენდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხების ურთიერთშორის განაწილებას.

„საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 2025 წლის 18 ივლისს „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაცემული გრანტების, ჯამში, 826 815 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულია 11 პირი, მათ შორის ერთ-ერთი ორგანიზატორი – ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ ყოფილი თანამშრომელი ლ.დ. გამოძიებით დადგენილია, რომ 2021-2024 წლებში ბრალდებულებმა გრანტების მისაღებად სხვადასხვა ბენეფიციარის სახელით არაერთხელ მიმართეს ააიპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და წარუდგინეს ყალბი ინვოისები, სასაქონლო ზედნადებები, ტექნიკის მიღება-ჩაბარების აქტები და აუდიტორული დასკვნები.

წარდგენილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტომ ბრალდებულებს მათივე მფლობელობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე ჩაურიცხა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი თანადაფინანსების თანხა – 826 815 ლარის ოდენობით. სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ იქნა ბრალდებულისა და მასთან კავშირში მყოფი პირების სახელზე რიცხული დიდი ოდენობით ქონება და საბანკო ანგარიშები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით. სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის სრული ოდენობის დადგენისა და დამნაშავე პირთა წრის გაფართოების მიზნით ინტენსიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გაატარებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

“აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთზე არანაირ გავლენას არ მოახდენს, თვითონ ამერიკა კი ნამდვილად დაზარალდება”- Asia Times

„აშშ-სა და რუსეთს შორის ვაჭრობა 2021 წლიდან 90%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის სადამსჯელო ზომები მხოლოდ პროფორმა და მოჩვენებითობა იქნება“, – ნათქვამია კანადის გაზეთ Asia Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: “აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთზე არანაირ გავლენას არ მოახდენს, თვითონ ამერიკა კი ნამდვილად დაზარალდება” (ავტორები – კიტ პრებლი, კაროლინის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის დოცენტი და შარმინ უილისი, ნორფოლკის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის დოცენტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშშ-ის კონგრესმა ორპარტიული ინიციატივა საბაჟო ტარიფების 500%-იანი ზრდის თაობაზე, რომელიც რუსული პროდუქციის იმპორტიორ ქვეყანას დაეკისრება, მხოლოდ იმიტომ შეაჩერა, რომ შესაძლებლობა მიეცა დონალდ ტრამპისათვის საკუთარი ეკონომიკური სანქციების რეალიზება მოეხდინა. ამერიკის პრეზიდენტმა თავისი სანქციების შესაფასებლად ასეთი ეპითეტები გამოიყენა – „უმკაცრესი“, „დრაკონული“, „გამანადგურებელი“… მაგრამ როგორი იქნება სინამდვილეში ისინი? რა რეალურ ზემოქმედებას მოახდენენ სანქციები, თუ აშშ-ის ადმინისტრაცია სიტყვიდან საქმეზე გადავა?

როგორც ეკონომიკური სანქციების ექსპერტები, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მსგავსი ილუზიური და მოჩვენებითი სანქციები მხოლოდ პროფორმა და თავის მოტყუებაა. რეალობა ისეთია, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ოდესღაც არსებული ეკონომიკური ურთიერთობებისაგან მხოლოდ მკრთალი ჩრდილიღა დარჩა: ორ ქვეყანას შორის სავაჭრო საქონელთბრუნვა 2021 წლიდან 90%-ით არის შემცირებული.

ამასობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში თავისი ძალიხმევის დასახმარებლად  საკვანძო პარტნიორების მთელი ქსელი შექმნა, რომელშიც ვხედავთ ჩინეთს, ირანს, ინდოეთს და ჩრდილოეთ კორეას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა ცალკეულ პრობლემებს განიცდის, 2022 წლიდან კრემლი შესანიშნავად უძლებს დასავლური სანქციების ტვირთს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს 1,5%-ით გაიზრდება, ინფლაცია საკმაოდ მაღალი, მაგრამ იმავდროულად სტაბილური იქნება.

სირთულეეები აშშ-სათვის

ტრადიციულად, ეკონომიკური სანქციების შემოღების მიზანია აიძულოს ესა თუ ის ქვეყანა კურსი შეცვალოს. სანქციების ვარირება (ცვალებადობა) ხდება ექსპორტ-იმპორტის შეზღუდვიდან აქტივების გაყინვამდე, საბანკო ოპერაციების შეზღუდვამდე, მოქალაქეთა გადაადგილებისა და ვიზების გაცემის აკრძალვამდე. სანქციები შეიძლება იყოს ყოვლის მომცველნი და მთელი ეკონომიკის წინააღმდეგ მიმართულნი, ან დარგობრივი და მიმართულნი კონკრეტული ორგანიზაციებისა და პირების წინააღმდეგ.

რუსეთის მიმართ ახალი დამატებითი სანქციების შემოღების იდეა დონალდ ტრამპის მეორე ადმინისტრაციის სტრატეგიაში მკვეთრ შემობრუნებას წარმოადგენს.

ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა, როგორც ცნობილია, რუსეთის მიმართ უფრო რბილი დამოკიდებულება დაიკავა, ვიდრე მის წინამორბედს ჯო ბაიდენს ჰქონდა.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ 2025 წლის 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მორიგ წლისთავზე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთის მიმართ რაიმე ახალი სანქციები არ დაუწესებია, განსხვავებით ჯოზეპ ბაიდენის ადმინისტრაციისაგან, რომელიც ყოველწლიურად აღნიშნავდა ამ თარიღს სიმბოლური ზომებით.

მიუხედავად იმისა, რომ სანქციების ლანდშაფტი ტრამპის ადმინისტრაციის დროს პრაქტიკულად არ შეცვლილა – მას არ შეურბილებია ან არ გაუუქმებია ჯო ბაიდენის მიერ მიღებული რომელიმე ზომა – პერსპექტივაში ახალი სანქციების დაწესება და მათი რეალიზება ამერიკას გაუჭირდება.

პირველ რიგში იმიტომ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ერთ-ერთია იმ სამი ძირითადი უწყებიდან, რომლებიც სანქციების აღსრულებაზე არიან პასუხისმგებელნი, შემცირდა თითქმის სამი ათასი თანამშრომლით (დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული სახელმწიფო მოსამსახურეების რაოდენობის შემცირების ჩარჩოებში) და ამიტომ ზომების აღსრულების გარკვეული გამოცდილება უკვე დაიკარგა. ეს გარემოება, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის ამერიკას გამოიყენოს მთელი თავისი ეკონომიკური ძლიერება რუსეთის წინააღმდეგ.

მეორე – აშშ-მა დაიწყო თავის არიდება სხვა ქვეყნებთან მრავალმხრივი კომპლექსური თანამშრომლობისაგან. ვაშინგტონმა უარი თქვა რუსეთთან მოლაპარაკება ეწარმოებინა უკრაინასთან და ევროკავშირთან ერთად. ამერიკა უარს აცხადებს აგრეთვე საკუთარი სანქციების კორექტირებაზე ევროკავშირის სანქციებთან უკეთესი კოორდინირების მიზნით, რის შედეგადაც ევროკავშირმა თავისი სანქციების მე-18 პაკეტი აშშ-საგან დამოუკიდებლად მიიღო – თეთრმა სახლმა მხარი არ დაუჭირა რუსულ ნავთობზე ფასების ზღვრის მიზნობრივ დაწევას.

მეტი ზარალი, ვიდრე სარგებელი?

ამჟამად ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ძალისხმევა მიმართულია უკვე მოქმედი სანქციების რეჟიმის განმტკიცებისაკენ, თუმცა იმ წინადადებების რეალიზებას, რომლებიც აშშ-ში განიხილება, უფრო მეტად ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებლისა.

კონგრესში მომზადებული კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. მეორად სანქციებს, რომლებიც მიმართულია უკვე სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნის სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ. მართალია, ჯერ-ჯერობით სენატი თავს იკავებს მისი განხილვისაგან, მაგრამ ამასობაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკვე დაემუქრა საბაჟო ტარიფების ზრდით რუსეთს და მეორადი ბაჟების მომატებით იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობენ. ამ ზომების რეალიზება დაკავშირებული იქნება დიპლომატიურ გართულებებთან იმდენად, რამდენადაც რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან ჩინეთი და ინდოეთი.  საინტერესოა ფაქტია, რომ აშშ ორივესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს სავაჭრო შეთანხმების დასადებად, ამავე დროს კი მათ ემუქრება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მტრული მოქმედება ჩინეთ-ინდოეთის მხრიდან საპასუხო ანტიამერიკული ზომების მიღების რისკს ზრდის.

გარდა ამისა, დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის ნებისმიერ დამატებით სანქციას თუ ბაჟის ზრდას შეუძლიათ ზიანი მიაყენონ მსოფლიო ეკონომიკას, რომელიც ისედაც საკმაოდ ირყევა დონალდ ტრამპის მუდმივი სატარიფო მუქარებით.

ნაკლები ვაჭრობა = ნაკლები გავლენა

გრძელვადიანი სანქციების პრობლემა იმაშია, რომ ვაჭრობის მოცულობის შემცირების კვალობაზე ისინი, როგორც წესი, თავიანთ ეფექტურობას კარგავენ. როგორც ცნობილი ეკონომისტი ალბერტ ხირშმანი ამტკიცებდა თავის ცნობილ ნაშრომებში, ვაჭრობა – ეს ერთდროულად ძალაუფლების დაუფლების ერთ-ერთი საშუალებაც არის და მისი დაკარგვის წყაროც, როცა ის იძულების განსახორციელებლად შეიძლება იქნას გამოყენებული.

აშშ-ის ვაჭრობის მოცულობა რუსეთთან ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა: 38 მილიარდი დოლარიდან (2021 წელს) 4 მილიარდამდე (2024 წელს). ანუ აშშ-ის ექსპორტი რუსეთში და იმპორტი რუსეთიდან მკვეთრად შემცირდა – 73% და 51%-ით შესაბამისად.

ბუნებრივია, როცა რუსეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო კავშირები გაუარესებულია, არსებითად სუსტდება აშშ-ის შესაძლებლობაც ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე ვაჭრობის მეშვეობით.

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ გამოუცხადებია საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთთან მიმართებით, თუნდაც 100%-იანმა სავარაუდო ბაჟებმა ძალიან საეჭვოა, რომ რუსეთის ეკონომიკა დააზარალოს. თვითონ განსაჯეთ: 2024 წელს რუსეთ- აშშ-ის ვაჭრობის მოცულობამ მხოლოდ 3 (სამი) მილიარდი დოლარი შეადგინა – თითქმის 90%-ით ნაკლები, ვიდრე 2021 წელს.

ამრიგად, ამერიკამ ბაჟები თუნდაც 1000%-ით რომ გაზარდოს, რუსული პროდუქცია ისეთი მცირე მოცულობით შედის აშშ-ში, რომ ეს ზომა ვლადიმერ პუტინს ვერანაირად ვერ აიძულებს მოლაპარაკება დაიწყოს.

გარდა ამისა, აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ბევრი ეკონომისტის გაფრთხილება: მომატებული ბაჟები იგივე მომატებული გადასახადებია. და ამ გაზრდილ გადასახადებზე დამატებით ხარჯებს კრემლი კი არ იხდის, არამედ ის ფირმები და კომპანიები, რომლებიც აშშ-ში უცხოური (რუსული) საქონლის იმპორტს ახორციელებენ. ისინი შემდეგ ამ ხარჯებს ანაწილებენ მომხმარებელზე, რომელსაც გაძვირებულ პროდუქციის ყიდვა უწევს.

გაეროს მონაცემთა ბაზა აჩვენებს, რომ აშშ-ში რუსეთის ექსპორტის ძირითადი პროდუქცია იყო სასოფლო-სამეურნეო სასუქები. უკრაინასთან ომის დაწყებამდე რუსეთი სასუქების უდიდესი ექსპორტიორი იყო მსოფლიოში, მეორე და მესამე ადგილზე იყვნენ ჩინეთი და კანადა. რა თქმა უნდა, სასუქებზე ბაჟების ზრდა ამერიკელ ფერმერებს ნამდვილად არ გაეხარდებათ, რომლებსაც ისედაც ბევრი ხარჯები აქვთ.

თავის მხრივ, მკვეთრად შემცირდა ამერიკული პროდუქციის ექსპორტიც რუსეთში, რომელიც მხოლოდ იოტისოდენას თუ შეადგენს ოთხი წლის წინანდელის მოცულობისას. მას შემდეგ რუსეთმა თავისი ვაჭრობა გადაამისამართა, ძირითადად განვითარებად ქვეყნებში, ან უბრალოდ, სანქციების გვერდის ავლა დაიწყო და დასავლურ (ამერიკულ) პროდუქციას მესამე ქვეყნებში ყიდულობს.

მოსკოვის 8 მეგობარი

რუსეთის სავაჭრო ურთიერთობების ანალიზი გასაღებს გვაძლევს იმის გასაცნობიერებლად, რა ხდება როცა სანქციები მუშაობენ და როცა არ მუშაობენ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ სანქციების შეზღუდული გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე ბევრად არის განპირობებული კრემლის უნარით და მოხერხებით იპოვოს ისეთი სასურველი სავაჭრო პარტნიორები, რომლებიც მზად იქნებიან ყურადღება არ მიაქციონ აშშ-ის სანქციებს და მუქარებს.

ჩინეთი, თურქეთი, გერმანია, ინდოეთი და იტალია რუსეთში მნიშვნელოვანი რაოდენობის პროდუქციის ექსპორტს ახდენენ. იმავდროულად, თავიანთი მხრივ, ჩინეთიც, ინდოეთიც, თურქეთიც, ბრაზილიაც და უზბეკეთიც მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენენ რუსული პროდუქციისათვის.

ჩრდილოეთი კორეა არამარტო ეხმარება რუსეთს სამხედრო კონტინგენტით (ცოცხალი ძალით), არამედ ივალდებულა ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება. რუსეთ-ჩინეთის ვაჭრობის დონეც იზრდება, მათი ურთიერთდამოკიდებულების რთული ისტორიის მიუხედავად.

რუსეთ-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მთავარ კატალიზატორად იქცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მუქარა საბაჟო ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით. ორივე ქვეყანა დიდი ხანია ისწრაფვის, რომ შეცვალოს აშშ-ის ლიდერობით არსებული  ლიბერალური მსოფლწესრიგი. ეს იდეა სულ უფრო პოპულარული ხდება „ბრიკსის“ (BRICS) ჩარჩოებში, მოსკოვისა და პეკინის ხელმძღვანელობით, რომლებმაც საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნები მიიზიდეს.

ამერიკული სანქციების პერსპექტივა

აშშ-სა და რუსეთს შორის საქონელთბრუნვის შემცირება, ჩვენი აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ ბაჟების გაზრდა მიზანშეწონილი არ იქნება – თუ, რასაკვირველია, ვაშინგტონი მართლაც სერიოზულად ეძებს საშუალებას ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისაკენ უბიძგოს. იმავდროულად არც მეორადი ბაჟების შემოღება იქნება საზარალო რუსეთისათვის, პირიქით კი მოხდება – ამერიკას თავისი ნასროლი ბუმერანგი უკან დაუბრუნდება: დაზარალდებიან ამერიკელი მომხმარებლები და ბიზნესმენები.

ამიტომაც ჩვენ ვთვლით, რომ სანქციებმა (არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მიიღებს – თეთრი სახლი თუ კონგრესი) საეჭვოა ოდნავ მაინც რომ შეცვალონ რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა ან მოაახლოვონ დონალდ ტრამპის მიერ დაპირებული და ესოდენ სასურველი სამშვიდობო ხელშეკრულების დადება.

წყარო:

4 ოქტომბრის ირგვლივ ატეხილი ამბავი აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებების მიღების წესზე ვიდრე არ შევთანხმდებით, სულ ამ საგიჟეთში ვიქნებით, ძალა ერთობაშია და არა დაქსაქსულობაში -გიორგი ვაშაძე

4 ოქტომბრის ირგვლივ ატეხილი ამბავი აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებების მიღების წესზე ვიდრე არ შევთანხმდებით, სულ ამ საგიჟეთში ვიქნებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, საჭიროა ერთიანი სამოქმედო სისტემა.

„4 ოქტომბრის ირგვლივ ატეხილი ამბავი აჩვენებს, რომ სანამ გადაწყვეტილებების მიღების წესზე არ შევთანხმდებით, მანამდე სულ ამ საგიჟეთში ვიქნებით. 8-პუნქტიან გეგმაში სწორედ ეს დავწერეთ, ერთიანობის ურღვეობისთვის უნდა შევთანხმდეთ გადაწყვეტილებების მიღების წესზე. მხოლოდ ერთიანი მიზანი საკმარისი არ არის, საჭიროა ერთიანი სამოქმედო სისტემა, სწორედ ეს არის 8-პუნქტიანი გამარჯვების გეგმაც.

მთავარ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, როგორ ვაღწევთ კომპრომისს განსხვავებული პოზიციების დროს? „თუ არ მეთანხმები, მაშინ მტერი ხარ“ – არის მცდარი მიდგომა. რვა პუნქტში არის გადაწყვეტილებების მიღების ორი მექანიზმი – პარიტეტული საბჭო უმრავლესობით და შემდეგ ეტაპზე ზურას ინიცირებული ბაზა, სადაც მოხდება ხალხის პირდაპირი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში. ვინც ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით ამ მიდგომას, გთხოვთ, დააფიქსიროთ პოზიცია, მზად ვარ მოვისმინო ყველას აზრი. ძალა ერთობაშია და არა დაქსაქსულობაში“, – აღნიშნულია გიორგი ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

აბიტურიენტებისათვის 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ასევე უცხოური ენების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც.

ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ოსური ენის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა კი – 15 ქულაზე მეტი. უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. მინიმალური გამსვლელი ქულა – 14 ქულაზე მეტი.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ოსურ ენაში ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 15-ზე მეტი.

რაც შეეხება უცხოური ენების გამოცდებს, ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 14-ზე მეტი.

დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).

ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა

ოსური ენის საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა

ინგლისური ენა – ტესტების პასუხები

გერმანული ენა – ტესტის პასუხები

ფრანგული ენა – ტესტის პასუხები

რუსული ენა – ტესტის პასუხები

უცხოური ენა – თემის შეფასების სქემა

გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება 6 აგვისტოს 18:00 საათამდე.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრს, ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს, ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 სექტემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

დაკავებული ლაშა ცანავა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დამფინანსებელია და ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის დროს, მისი თანაშემწეც იყო.

ლაშა ცანავა, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით 31 ივლისს დააკავეს.

მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება თაღლითობას, კერძოდ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.

სუს-ის ცნობით, ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 დოლარი მოსთხოვა.

“მოთხოვნილი თანხის ნაწილი ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მის ანგარიშზე ჩაარიცხინა, ნაწილი კი – 2500 აშშ დოლარი 2025 წლის მაისში და ივნისში შეხვედრებისას გამოართვა”. – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირები: 1972 წელს დაბადებული ლ.ა. და 1972 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულები საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდნენ.

სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლ.ა.-ს თან ნაქონი მცირე ზომის ჩანთიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ხოლო გ.ჭ.-სგან ამოღებულია 336 აბი ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოტექსი”, რომელიც ბრალდებულმა საქართველოში სხეულით შემოიტანა.

პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი შემცირებულია -შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე  2025 წლის პირველ ექვს თვეში ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, დანაშაულის მაჩვენებელი წინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 795 ფაქტით (-2,96%) არის შემცირებული.

ამასთან, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაზრდილია და 66,16%-ს შეადგენს.

ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ გატარებული შედეგიანი სამართლებრივი პოლიტიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უკომპრომისო ბრძოლის შედეგად, 2025 წლის ორ კვარტალში ნარკოდანაშაულის ფაქტების გამოვლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წლის ექვს თვეში, ჯამში ნარკოდანაშაულების 3919 შემთხვევა იქნა სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით მეტია. პოლიციის მხრიდან გატარებული აქტიური ღონისძიებების შედეგად, 2025 წლის ორ კვარტალში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით 263 პირი იქნა პასუხისგებაში მიცემული, რაც თითქმის ორჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2025 წლის 6 თვეში ასევე შემცირებულია საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. მათ შორის, შემცირებულია ბინიდან ქურდობის, ყაჩაღობის, თაღლითობის, გამოძალვისა და მითვისება/გაფლანგვის შემთხვევები.

2025 წელს ასევე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაკლებია სქესობრივი დანაშაულები, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანთა ვაჭრობის ფაქტები, კიბერდანაშაული (-80 ფაქტი) და სამოხელეო დანაშაულები (-46 ფაქტი).

მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში გაზრდილია სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტები და სატრანსპორტო დანაშაულების რაოდენობა, მათ შორის 175 ერთეულით მომატებულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტები. თუმცა, ამავდროულად, მომატებულია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი.

ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

კობა კობალაძემ და ვეტერანებმა უკრაინაში დაღუპული ვალერი ბაძაღუა უკანასკნელ გზაზე გააცილეს

კობა კობალაძემ და ვეტერანებმა უკრაინაში დაღუპული ვალერი ბაძაღუა უკანასკნელ გზაზე გააცილეს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის წარმომადგენლები, წალენჯიხაში იმყოფებოდნენ, სადაც უკრაინაში დაღუპული ვალერი ბაძაღუას ოჯახს მიუსამძიმრეს და ქართველი მეომარი უკანასკნელ გზაზე გააცილეს.
კობა კობალაძესთან ერთად, ვალერი ბაძაღუას ხსოვნას პატივი მიაგეს მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ”ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” დირექტორმა, ედუარდ ჯიშკარიანმა, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც თავად იბრძოდნენ უკრაინაში, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, მალხაზ ჩიხლაძემ და ვეტერანებმა.
დედით უკრაინელი და მამით ქართველი, 23 წლის უკრაინის მოქალაქე, ვალერი ბაძაღუა, წარმოშობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალიდან იყო. ინფორმაცია, მისი დაღუპვის შესახებ, 25 ივლისს გავრცელდა. 26 ივლისს, იგი, თბილისში ჩამოასვენეს, შემდეგ კი_ წალენჯიხაში გადაასვენეს; ვალერი ბაძაღუა, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.
მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა!
ინფორმაციისთვის, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ, რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი, საქართველოდან, უკრაინაში, 2022 წლის მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან და ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დღემდე, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

1 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს შესაძლოა, მოვლენები ვერძებისთვის არასასურველი სცენარით წარიმართოს. თქვენს განწყობაზე უარყოფით გავლენას მოახდენენ „გარედან“ მოსული ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი მიზეზის გარეშე თავიანთი წყენისა და აგრესიის თქვენზე გადმოტანას ეცდებიან. მათთან კონტაქტი მაქსიმალურად უნდა შეამციროთ — კონფლიქტები მხოლოდ სასიცოცხლო ძალას წაგართმევთ და გამოგფიტავთ. რთული დილის მიუხედავად, დღის მეორე ნახევარი მშვიდად, ძლიერი ემოციური რყევების გარეშე ჩაივლის.

კურო

გარშემომყოფები შენიშნავენ, რომ გაღიზიანებული ხართ და კამათის მიზეზს ეძებთ. ამას ყველა სხვადასხვანაირად შეხვდება: ვიღაც გაითვალისწინებს და წვრილმანებით თავს არ მოგაბეზრებთ, ზოგი საერთოდ ურთიერთობას თავს აარიდებს, ხოლო ზოგი კი, პირიქით, კონფლიქტის გამოწვევას ეცდება. დღეს თქვენ აფეთქების ზღვარზე მყოფ დენთის კასრს ჰგავხართ — ერთი ნაპერწკალიც საკმარისია, რომ აინთოთ.

ტყუპები

ამ დღეს შეიძლება თქვენ მიმართ გამოვლენილ სიცრუეს და უსამართლობას შეეჯახოთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვიღაც ცდილობს, საკუთარი წყენა და ბოღმა თქვენზე გადმოაფრქვიოს ან წარსულში არსებული კონფლიქტის გამო თქვენზე შური იძიოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ იმავე ხერხით არ უპასუხოთ, თორემ ეს ყველაფერი ხანგრძლივ მტრობაში გადაიზრდება. გახსოვდეთ: შურისძიება ადამიანს ბედნიერს ვერ ხდის.

კირჩხიბი

კირჩხიბებო, ამ დღეს საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის დრო უნდა გამონახოთ. გაითვალისწინეთ, რომ გადაღლამ შეიძლება ნერვიული სტრესი გამოიწვიოს. ვარსკვლავები გირჩევენ, მუშაობა ცოტა ხნით შეწყვიტოთ და დაისვენოთ. დროა, საკუთარ თავს პატარა საჩუქარი გაუკეთოთ – იშოპინგეთ, სილამაზის სალონს ეწვიეთ ან მასაჟი გაიკეთეთ. თუ საშუალება გაქვთ, რამდენიმედღიანი შვებულება აიღეთ და გარემო შეიცვალეთ.

ლომი

ამ დღეს შეიძლება საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ და გაუბედაობაც კი იგრძნოთ. იმუშაოთ ამ პრობლემაზე და რამდენიმე დღეში თავს უკეთ იგრძნობთ. თუ კოლეგებთან ან პარტნიორებთან სამუშაო გეგმების განხილვას გეგმავთ, ეცადეთ უფრო რბილად იმოქმედოთ და მოწინააღმდეგეზე ზეწოლა არ მოახდინოთ. შემოქმედებითი მიდგომა და მუშაობის უჩვეულო მეთოდები ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

უახლოეს ხანებში შესაძლოა ისეთი სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომელიც თქვენგან მტკიცე ხასიათის გამოჩენას მოითხოვს. სავარაუდოდ, ეს თქვენზე ემოციურად იმოქმედებს, რადგან შფოთვისა და პანიკისკენ ხართ მიდრეკილი. გირჩევთ, საკუთარი თავი დაარწმუნოთ, რომ ეს მხოლოდ ცხოვრებისეული გამოცდაა, თანაც დროებითი. დღის მეორე ნახევარი მშვიდად და სტაბილურად ჩაივლის, ემოციური რყევების გარეშე.

სასწორი

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ დასვენების ან საინტერესო ფილმის საყურებლად. ერთად გატარებული დრო საყვარელ ადამიანებთან უფრო დაგაახლოებთ და ბავშვობას გაგახსენებთ, როცა ადამიანური ურთიერთობისთვის მეტი დრო გქონდათ. დაფიქრდით სწავლების განახლებაზე — მიღებული ცოდნა თქვენი შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში დაგეხმარებათ და თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება გარშემო მყოფებისთვის მიზიდულობის ცენტრად იქცეთ და ადამიანებმა რჩევის, მხარდაჭერის ან დახმარების თხოვნით მოგმართონ. ვიღაცამ შეიძლება ძველი წყენაც კი გაგახსენოთ. მოიქეცით ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით და ნუ ეცდებით ყველას ასიამოვნოთ. ახლობელი ადამიანის თითქოს საწყენი სიტყვები გულთან ახლოს არ მიიტანოთ – ზოგჯერ დაუფიქრებელ სიტყვებს ყველა ვამბობთ.

მშვილდოსანი

ეს დღე წარმატებულია ნებისმიერი ახალი საქმისთვის. მოემზადეთ მოულოდნელი შეხვედრებისთვის — ძველმა ნაცნობებმა შეიძლება თავი შეგახსენოთ, თუმცა ეს შეხვედრები, მეგობრული ურთიერთობის აღდგენაზე მეტად სასარგებლო კავშირების დამყარებისკენ იქნება მიმართული.

თხის რქა

თხის რქებო, გაანებივრეთ თავი რაიმე სასიამოვნოთი. უარს ნუ იტყვით იმ ნივთების შეძენაზე, რომლებზეც დიდი ხანია ოცნებობთ. რაც მეტი დადებითი ემოცია გექნებათ, მით უფრო გაუმჯობესდება თქვენი განწყობა და შრომის უნარი. შემოსავლის გაზრდით არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ საყვარელი ადამიანების გახარებასაც შეძლებთ. ეს შეგახსენებთ, რამდენად დამოუკიდებელი და ფინანსურად ძლიერი გახდით.

მერწყული

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ საკუთარი გონიერება და ინტელექტი გამოაჩინოთ. გარშემომყოფები თქვენს უნარებს ღირსეულად დააფასებენ და თავადაც კმაყოფილი დარჩებით საკუთარი თავით. კვირის ბოლო სახლის მოწესრიგებას და დასუფთავებას დაუთმეთ. გადახედეთ ნივთებს, რომლებსაც დიდი ხანია აღარ იყენებთ. გადაყარეთ ან გააჩუქეთ ის, რაც თქვენთვის უკვე უსარგებლოა.

თევზები

თქვენი გეგმები შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს — ამის მიზეზი რაღაც ახალი ინფორმაცია იქნება, რომელსაც მოგვიანებით გაიგებთ. ნუ აჰყვებით საკუთარ კაპრიზებს — ამან შეიძლება ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაზე იმოქმედოს. შეცდომების თავიდან ასაცილებლად ყოველი ნაბიჯი ყურადღებით უნდა დაგეგმოთ, შედეგები შეაფასოთ და პასუხის გაცემა არ იჩქაროთ. ამ ეტაპზე შემთხვევითი ნაცნობობა კარგი იდეა არ არის — ამის გამო შეიძლება საკუთარ ვალდებულებებს უღალატოთ.