Home Blog Page 5

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

პირად ცხოვრებაში, სასიამოვნო ცვლილებების ალბათობაა, მიენდეთ გულს და შესაძლოა, თქვენს გატაცებას ნაყოფიერი დასასრული ჰქონდეს.

კურო

კარგია, თუ დღეს ეცდებით, განაწყენებული ადამიანები შემოირიგოთ. შეცვალეთ გარემო, ატმოსფერო თქვენს ირგვლივ, ეს აუცილებლად დაგიფასდებათ, ბევრი რამ თქვენზეა დამოკიდებული.

ტყუპები

პირად საკითხებთან დაკავშირებით, შესაძლოა, მეტად სერიოზული გადაწყვეტილების მიღებამ მოგიწიოთ, ან გადაწყვიტოთ, რომ წინ უკეთესი პერსპექტივები გექნებათ და წერტილი დაუსვათ ახლანდელ ურთიერთობას.

კირჩხიბი

მოულოდნელად შესაძლოა, ჰორიზონტზე გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თქვენში დიდ ინტერესს იწვევდა, ასევე, შესაძლოა, აღმოაჩინოთ რომ მასთან საერთო ინტერესებიც გაერთიანებთ.

ლომი

მეტად დაისვენეთ და შეეცადეთ, გამხიარულდეთ. იურთიერთეთ სასიამოვნო და უფროს ადამიანებთან, გამოიყენეთ მათი ცოდნა და გამოცდილება.

ქალწული

პირადი და სოციალური ცხოვრება მეტად საინტერესო და მაცდურია, მაგრამ ნუ დაივიწყებთ თქვენს ახლობელ ადამიანებს. სიყვარულის მაძიებლებისთვის კი ახალი ნაცნობობა შესაძლოა, საინტერესოდ განვითარდეს.

სასწორი

სიმშვიდე და წესრიგი თქვენი განწყობის მამოძრავებელი ძალაა, არის ალბათობა, დაინტერესდნენ თქვენი პერსონით. თუ მეწყვილე არ გყავთ, ამ დღეს კარგი შანსი გეძლევათ.

მორიელი

ნუ გასცემთ ისეთ დაპირებებს, რომელსაც ვერ შეასრულებთ, ნუ აუბნევთ გზას სხვებს, მეტი სიცხადე შეიტანეთ თქვენს სურვილებში.

მშვილდოსანი

ეს დღე ხელს უწყობს ახალ ნაცნობობას, გამონახეთ დრო რაიმე სიახლისთვის, გახალისდით, აიმაღლეთ გუნება-განწყობა.

თხის რქა

პირად საქმეებში წარმატებების ალბათობა მატულობს, ელოდეთ მეგობრების თანადგომას, ვარსკვლავების რჩევა – თქვენს პირად ცხოვრებასა და საიდუმლოებებში ნუ ჩარევთ ახალ ნაცნობებს.

მერწყული

სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალ ნაცნობებთან და იზრუნეთ თქვენს ირგვლივ კომფორტული გარემოს შექმნაზე.

თევზები

უფრო მეტი სასიკეთო საქმეების გაკეთებას შეძლებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. თქვენი მოპოვებული ინფორმაციითა და ძალისხმევით შეძლებთ უსიამოვნო მოვლენების აღკვეთას. იზრუნეთ საკუთარ თავზეც.

,,9 მაისს პროვოკაციებია მოსალოდნელი და უცხოელმა ლიდერებმა, რომლებიც მოსკოვს ეწვევიან, შესაძლოა, ეს საკუთარ თავზე გამოსცადონ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთისგან 9 მაისს პროვოკაციებია მოსალოდნელი. ზელენსკის თქმით, უცხოელმა ლიდერებმა, რომლებიც მოსკოვს ეწვევიან, შესაძლოა, ეს საკუთარ თავზე გამოსცადონ.

აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთში, ქვეყნის პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვესმის, ვინ არიან ეს მეზობლები – რუსეთი. და რაზე არიან მზად რადიკალური პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად, პირველ რიგში თავიანთ ქვეყანაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთის მიერ გამოცხადებული აღდგომის „ცეცხლის შეწყვეტის“ დროსაც კი, მათ 100-ზე მეტი შეტევა განახორციელეს.

„ნდობა არ არსებობს, პროვოკაციები შეიძლება, იყოს. მაგრამ ეს რუსებზეა დამოკიდებული. თუ ვინმე მათ კიდევ ენდობა, დაე, საკუთარ თავზე გამოსცადონ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი „შერიგების“ თაობაზე პუტინის განცხადებას გამოეხმაურა

უკრაინას რუსეთთან ხანგრძლივი ომი არ სურს. უფრო მეტიც, დღეს უკვე გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ ეს სწრაფად დავასრულოთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კერძოდ, ზელენსკიმ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ როგორ ეხმაურება კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „უკრაინასთან შერიგება გარდაუვალია“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მოკავშირეების მხარდაჭერის გარეშე არ დარჩება.

„ჩემი აზრით, თუ უკრაინა ძლიერი იქნება, ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება. ყველა ინსტრუმენტი, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატებისა და ჩვენი ევროპელი კოლეგების ხელშია. ამერიკასა და ევროპას შორის ალიანსის შენარჩუნება ნომერ პირველი ამოცანაა. აიძულონ რუსეთი, დათანხმდეს სრულ, უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. უფრო მეტიც, ეს წინადადება შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა და ჩვენ მას მხარი დავუჭირეთ. ესეც პრიორიტეტული ამოცანაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინა 2025 წლის ბოლომდე 3 მილიონ ჭურვს მიიღებს. მისი თქმით, რუსებმა ეს უნდა იცოდნენ.

„ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ხანგრძლივი ომი სურს, ჩვენ მისი დასრულება გვინდა. ყველა ომი მთავრდება, ნებისმიერ შემთხვევაში, რაშიც დარწმუნებული ვარ, ომი დასრულდება, ისევე, როგორც  ხანგრძლივი დიქტატორული რეჟიმები მთავრდებიან ყოველთვის, როგორც მთავრდება ნებისმიერი იმპერიის სიცოცხლე, რომელიც უბრალოდ ომის პრინციპებზეა აგებული, ადამიანების, მათი უფლებების უპატივცემულობის პრინციპებზე“, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს მას ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ ჰქონდა. მისივე თქმით, „უკრაინასთან შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია“.

პუტინმა აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, „სურდათ რუსეთის პროვოცირება“, რათა უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოეყენებინა. კრემლის ლიდერის თქმით, „იმედი აქვს“, რომ ამის საჭიროება არ იქნება.

,,მე ვიქნები პრეზიდენტი ორი ვადით” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში მკაფიოდ მიანიშნა, რომ მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ თეთრ სახლს დატოვებს.

ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა რესპუბლიკური პარტიიდან რამდენიმე კანდიდატს, რომლებიც, მისი თქმით, შეძლებენ კენჭისყრას, მას შემდეგ, რაც ის რესპუბლიკური პარტიის არჩეული ლიდერის თანამდებობას დაასრულებს.

მან ახსენა არა მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, არამედ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც მისი მეორე ადმინისტრაციის ცენტრალურ ფიგურად იქცა.

„მე რვა წლით პრეზიდენტი ვიქნები, მე ვიქნები პრეზიდენტი ორი ვადით. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა ტრამპმა.

,,შესაძლოა, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდეს მხარეებს შორის არსებული დიდი სიძულვილის გამო”- დონალდ ტრამპი

უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეიძლება, შეუძლებელი აღმოჩნდეს მხარეებს შორის არსებული დიდი სიძულვილის გამო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა ტრამპს უკრაინაში მიმდინარე ომსა და ამ ომის დასასრულებლად მისი ადმინისტრაციის ძალისხმევის შესახებ ჰკითხა, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ იყო მომენტები, როდესაც ის ახლოს იყო შუამავლის როლზე უარის თქმასთან.

„ზოგჯერ მე მივდივარ ამასთან ახლოს, მაგრამ დადებითი მოვლენები ხდება“, – თქვა ტრამპმა. ამავე დროს, მან დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ შეუძლია ამის გაკეთება.

„დადგება დრო, როდესაც ვიტყვი: კარგი, გააგრძელეთ. გააგრძელეთ სისულელე და გააგრძელეთ ომი“, – განაცხადა ტრამპმა. მან აღიარა, რომ ორ მებრძოლ ქვეყანას შორის შეთანხმების მიღწევა შეიძლება არარეალისტური იყოს, თუმცა ასევე თქვა, რომ მისი აზრით, შეთანხმება შეიძლება, საკმაოდ ახლოს იყოს.

„შესაძლოა, ეს შეუძლებელი იყოს… რომ იცოდეთ, ამ ორ კაცს შორის (ზელენსკი და პუტინი), აგრეთვე, გულწრფელად რომ ვთქვა, ზოგიერთ ჯარისკაცს შორის, არსებობს უზარმაზარი სიძულვილი. გენერლებს შორის. ისინი სამი წელია სასტიკად ომობენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმებასთან ახლოს იყო ერთ მხარესთან, მაგრამ მეორესთან არა. თუმცა, რომელ მხარესთან ვერ მიაღწია შეთაბხმებას, რუსეთთან თუ უკრაინასთან, ეს არ დაუკონკრეტებია.

ცოტნე დადიანის ქუჩაზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით შეიზღუდა

ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის მდებარე მონაკვეთზე, სადაც დღეს საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვისა და მერიის შესაბამისი სამსახურები.

მიმდინარე სალიკვიდაციო ღონისძიებების გამო, ტერიტორიაზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა გართულდა და საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით აიკრძალა.

ამჟამად, 12-მეტრიანი ავტობუსები დროებით გადართულია ალტერნატიულ მარშრუტებზე. კერძოდ: ავტობუსი N323, N317 და N370 იმოძრავებენ თორნიკე ერისთავის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ კი წერეთლის გამზირის გავლით, დაუკავშირდებიან სადგურის მოედანს. ავტობუსი N323 სადგურის მოედნიდან გააგრძელებს გადაადგილებას გიორგი ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით და იმოძრავებს დადგენილი სქემით, მათ შორის უკუმიმართულებითაც.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

„ჩვენ წარსულში თავს დავესხით, მომავალშიც შევუტევთ“-  ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ „ჰუსიტებზე“ შურს იძიებს მას შემდეგ, რაც დაჯგუფების მიერ გაშვებული რაკეტა ისრაელის მთავარი აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში ნეთანიაჰუ დაჯგუფებას დარტყმებით დაემუქრა და განაცხადა: „ჩვენ წარსულში თავს დავესხით, მომავალშიც შევუტევთ“.

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფების მიერ იემენიდან გაშვებული რაკეტა 4 მაისის დილას თელ-ავივის გარეუბანში მდებარე ბენ გურიონის აეროპორტის მთავარ ტერმინალთან დაეცა.

აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, კიდევ ორმა გაქცევის დროს მიიღო დაზიანება.

„ჰუსიტების“ სამხედრო წარმომადგენელმა იაჰია სარიმ ტელევიზიით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რომ ისრაელის აეროპორტი „საჰაერო მიმოსვლისთვის უსაფრთხო აღარ არის“.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა: „ნებისმიერს, ვინც ჩვენ დაგვარტყამს, ჩვენ შვიდჯერ უფრო ძლიერად დავარტყამთ“.

ებრაული მედიის ცნობით, ბენ გურიონის აეროპორტის ტერიტორიაზე „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ დღეს 20-ზე მეტი რეისი გაუქმდა.

ზოგიერთი ავიაკომპანია ასევე აუქმებს ფრენებს მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში. მათ შორის, British Airways-ი აცხადებს, რომ 7 მაისამდე აჩერებს ყველა რეისს თელ-ავივის მიმართულებით და თელ-ავივიდან. Air India აცხადებს, რომ 6 მაისამდე შეაჩერა ფრენები. Lufthansa Group-მა, რომელიც მოიცავს Austrian Airlines-ს, Swiss-ს, Brussels Airlines-ს და Eurowings-ს, ასევე შეაჩერა ფრენები 6 მაისამდე.

,,სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის”- მეუფე შიო

სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის. მან გაიხარა, რომ მენელსაცხებლე დედებმა ეს უკვე ისწავლეს, რადგან ისინი ჯვართანაც იყვნენ, გარდამოხსნაშიც მონაწილეობდნენ, დაფვლაშიც და ახლა მიირბინეს საფლავთან, რათა მის სხეულს ნელსაცხებელი სცხონ, – განაცხადა ჩხოროწყუს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი).

მან მრევლს მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღე მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მენელსაცხებლე დედების როლი განსაკუთრებულია ეკლესიის ისტორიაში. მათ გვაუწყეს ყველას პირველად აღდგომის სიხარული. მიტროპოლიტის განმარტებით, სიყვარული ქალის განსაკუთრებული თვისებაა და იგი არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის.

„დღეს არის წმინდა მენელსაცხებლე დედების ხსენება, რომლებიც სულ იყვნენ იესო ქრისტეს გვერდით და უზრუნველყოფდნენ პირველი ქრისტიანული თემის ცხოვრებას. მათ ეწოდებათ მენელსაცხებლე დედები, რადგან მიიტანეს ნელსაცხებელი, მაცხოვრის სხეულისთვის რომ ეცხოთ მისი სიკვდილის შემდეგ. ისინი დილაუთენია მიდიან საფლავზე, მაგრამ ქრისტეს სხეულს ვერ აღმოაჩენენ, რადგან იგი უკვე აღდგა მკვდრეთით. მაცხოვარი არაერთხელ ამბობდა, რომ მესამე დღეს მკვდრეთით აღდგებოდა, მაგრამ ეს დედები იმდენად შეძრული იყვნენ მომხდარით, რომ დაავიწყდათ მისი სიტყვები და მაინც მიირბინეს საფლავთან, რათა ეს დაკრძალვის წესი შეესრულებინათ. თითქოს, ისინი ამაოდ გაისარჯნენ, იქ აღარ იყო ქრისტეს სხეული, მაგრამ ეკლესია მაინც მიესალმება და აკურთხებს მათ ამ საქციელს, იმიტომ რომ, როგორც ამბობს წმინდა წერილი, „ღმერთი გულის ზრახვებსაც განიკითხავს“ (ებრ. 4,12). ამ მგლოვიარე ქალების გულის ზრახვები გამოიხატა ამ საქციელში, რისთვისაც მათ უფალმა აღირსა ანგელოზთან საუბარს, რომელიც იჯდა ფერხთით იმ ადგილას, სადაც სულ ცოტა ხნის წინ დასვენებული იყო იესო ქრისტეს სხეული და უთხრა: „რასა ეძიებთ ცოცხალსა მას მკუდართა თანა, აქ აღარ არის, რადგან აღდგა მკვდრეთით“ (ლკ. 24, 5-6).

რას გვიჩვენებს ამით უფალი? რა არის მისთვის ყველაზე ძვირფასი? რას აფასებს ის ჩვენში ყველაზე მეტად? – არც ფიზიკურ სილამაზეს, არც ჭკუას, არც სიმდიდრეს, არც რაიმე ცოდნას თუ ხელოვნებას, რომელსაც ადამიანი ფლობს, არამედ რას? – მისდამი სიყვარულს აფასებს ყველაზე მეტად.

და აი, მენელსაცხებლე დედების სიყვარული აღემატა მოციქულთა სიყვარულსაც კი, რომ ისინი აღმოჩნდნენ მოციქულებისთვის, მამაკაცებისთვის, რომლებიც იყვნენ მუდამ ქრისტესთან, მაუწყებელნი ქრისტეს აღდგომისა. რატომ? იმიტომ რომ მათი გული უფრო ახლოს აღმოჩნდა უფალთან.

აი, ასეთია ძვირფასო ძმებო და დებო, მენელსაცხებლე დედების განსაკუთრებული როლი ეკლესიის ისტორიაში, რომ მათ გვაუწყეს ყველას პირველად აღდგომის სიხარული. რატომ? იმიტომ რომ, ვიმეორებ, მათ უფრო მეტად უყვართ. ეს ქალის განსაკუთრებული თვისებაა. ეს არის მთავარი თვისება და გადარჩენაც სწორედ ამაშია; ეს თვისება, სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის. მან გაიხარა, რომ მენელსაცხებლე დედებმა ეს უკვე ისწავლეს, რადგან ისინი ჯვართანაც იყვნენ, გარდამოხსნაშიც მონაწილეობდნენ, დაფვლაშიც და ახლა მიირბინეს საფლავთან, რათა მის სხეულს ნელსაცხებელი სცხონ. მოციქულებმა კი რა გააკეთეს? ერთის გარდა, ყველა გაიქცა, ამ ქალების სიყვარულმა კი დაძლია ყოველგვარი შიში. აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც უნდა მოვიპოვოთ ისეთი სიყვარული, რომ ყოველგვარი შიში დავძლიოთ, როგორც ამბობს წმინდა წერილი: „სრულყოფილი სიყვარული შიშს განდევნის“ (I ინ. 4,18). ღმერთმა შეგვაძლებინოს ასეთი სიყვარულის მოხვეჭა.

მენელსაცხებლე დედების ხსენება არის მართლმადიდებელი ქალების დღესასწაული. ამიტომ თქვენ განსაკუთრებით, ჩვენო ძვირფასო დედებო, დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა გაგახაროთ, დაგლოცოთ, მოგცეთ წყალობა და შეწევნა ღვთისა და ყოფილიყავით თქვენი წინამორბედი წმინდა დედების ნამდვილი მემკვიდრეები და მათი საქმის გამგრძელებლები“, – განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

,,დადიანის ქუჩაზე კორპუსიდან ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში, არავინ დარჩება ღია ცის ქვეშ”- ნაძალადევის რაიონის გამგებელი

ჩვენ ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში, არავინ დარჩება ღია ცის ქვეშ, – ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ დადიანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საცხოვრებელი კორპუსი რომ ავარიული იყო, ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მოსახლეობასთან შეთანხმება ვერ მოხდა, რადგან ისინი არ იყვნენ თანახმა, რომ სახლები დაეტოვებინათ და გამაგრებითი სამუშაოები დაწყებულიყო.

“მე თვითონ ლაბორატორიის, შსს-ს და სამაშველოს თანამშრომლებთან ერთად დავათვალიერე ადგილი. მიმდინარეობს მოკვლევა და რა საკვირველია, იტყვიან ყველაფერს. ჩვენ ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში. არავინ დარჩება ღია ცის ქვეშ. შემდეგ, პირველადი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებლად გავიყვანთ ქირით და პრობლემა არცერთ ოჯახს არ ექნება.

ავარიულობის შესახებ ჩვენ ინფორმაცია ყოველთვის გვქონდა. არაერთხელ გვქონდა შეხვედრა. საუბარი იყო ინვესტორებთან, გამაგრებასთან დაკავშირებით, მაგრამ რატომღაც მოსახლეობასთან ვერ შედგა შეთანხმება. აქედან გამომდინარე, კატასტროფული მდგომარეობა არ იყო… შეთანხმება ვერ მოხდა, რადგან თვითონ მცხოვრებლები არ იყვნენ თანახმა, რომ გასულიყვნენ და გამაგრებითი სამუშაოები დაწყებულიყო”, – განაცხადა გამგებელმა.

რომელიმე ცნობადი „მოლაპარაკე თავის“ უეცარი აქტიურობის უკან, რომელიც საზოგადოებაში ავრცელებს „შულერულ“, გადაუმოწმებელ „ფობიებს“, როგორც წესი, დგას დაფინანსების ახალი წყარო და ახალი დავალება – დავით ქართველიშვილი

„მედიაში, სოციალურ ქსელებში რომელიმე ცნობადი „მოლაპარაკე თავის“ უეცარი აქტიურობის უკან, რომელიც საზოგადოებაში ავრცელებს „შულერულ“, გადაუმოწმებელ „ფობიებს“, როგორც წესი, დგას დაფინანსების ახალი წყარო, ახალი დონორი და ახალი დავალება,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ „დიფ-სთეითის“ დამარცხებას „ბოლო ჟამამდე“ არ უნდა ველოდოთ.

„სახელებისა და გვარების გარეშე, ჩემი ყოფილი პროფესიის (უსაფრთხოების სფერო) საუკეთესო ტრადიციებზე ისედაც ყველაფერს გეტყვით, ვინაიდან ჩვენი მკითხველის უმეტესი ნაწილის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს უდიდეს პატივს ვცემ. მედიაში, სოციალურ ქსელებში რომელიმე ცნობადი „მოლაპარაკე თავის“ უეცარი აქტიურობის უკან, რომელიც საზოგადოებაში ავრცელებს „შულერულ“, გადაუმოწმებელ „ფობიებს“, როგორც წესი, დგას დაფინანსების ახალი წყარო, ახალი დონორი და ახალი დავალება. ეს არის აქსიომა, ეს არის ორჯერ ორი. ზოგს, წლების წინ დაკონსერვებულს „აღვიძებენ“, ზოგს კი ახალ საინიექციო ფინანსურ შპრიცზე სვამენ.

ძირითადი დონორი, „არარსებული დიფ სთეითის“ შევიწროების, დასუსტების მიუხედავად არსად გამქრალა. მის დამარცხებას „ბოლო ჟამამდე“ ტყუილად ნუ ველოდებით. უბრალოდ, მას კარგად ესმის, რომ ნაცადი მისამართით (პარტიული ნაცაქტივი, მათი მედია და „ენჯეო სექტორი“) დიდია რისკი პროგრამების შეჩერების, თანხების დაბლოკვის. ამიტომ, დედა-ამოცანის შესასრულებლად: აყირავება, გადატრიალება, „მაიდანი“ − ახალ არასტანდარტულ გზებს ეძებენ. მადლობა ეშმაკს, ამ გზაზე ახალი „იუდა ისკარიოტელის“ როლზე დროში გაწელილი რაიმე რთული „კასტინგის“ ჩატარება საქართველოში არაა საჭირო. ამოცანის გაიოლების ტექნიკურად ხელსაყრელი პირობაა, თუ რომელიმე ცნობადი „მოლაპარაკე თავის“ ახლობელი აშშ-ში საქმიანობს და მასზე გარკვეული ზემოქმედების ფასად თავის ახლობელთან ბმაში ინსტრუმენტის როლის შესასრულებლად მზადყოფნას გამოთქვამს. ამის მერე ირჩევა საზოგადოებრივი შფოთვის რაიმე ახალი თემა და მოსახლეობის ის სეგმენტი, რომელზეც ეს „სენსიტიური“ დეზინფორმაცია, მათში „ეროვნულ“ და „რელიგიურ“ აღელვებას გამოიწვევს. ანუ, საუბარია ნაცების საწინააღმდეგო ბანაკში იმავე ამოცანების შესასრულებლად ახალი პლაცდარმის შექმნაზე.

„სარწმუნოებითა“ და „პატრიოტიზმით“ შენიღბული ეს თემა შეიძლება იყოს ქვეყანაში პაკისტანელების თუ ავღანელების „უკონტროლო მიგრაცია“, ჩინეთთან უვიზო რეჟიმის შედეგად ქვეყანაში პირველი „10 მილიონი ჩინელი მიგრანტის“ მოლოდინი, ექვს მილიარდად საქართველოს გაყიდვა უცხოტომელებზე, „უამრავი“ არაბული სოფელი მშენებარე მეჩეთებით, საკუთარ ქვეყანაში ქართველების დემოგრაფიულ უმცირესობაში გადანაცვლება და ა.შ. იმაზე მინიშნებაც კი, რომ თავის ამ „ეროვნულ“ შეშფოთებაში ისინი ნაცების სიტუაციურ მოკავშირეებს წარმოადგენენ, მათ საშინლად აღიზიანებთ. არადა, მათი სარწმუნოებრივი ცენზიდან გამომდინარე, ამ პოსტსააღდგომო დღეებში მაინც, ჩემ მიერ მოყვანილი მაგალითი მაინც ხომ უნდა ახსოვდეთ? ორი ათასი წლის წინ, რომაელი აგენტოკრატების რეზიდენტურის ხელმძღვანელი ისრაელში, პონტოელი პილატე იყო, რომელიც ებრაელებს ასკინკილათი რომის იმპერიაში ყოფნის სიხარულის გამოხატვას ასწავლიდა. იმავე პერიოდში, „ჭეშმარიტი“ ეროვნული და სარწმუნოებრივი სწავლებების აპოლოგეტებს − სინედრიონი, ფარისევლები და სადუკეველები წარმოადგენდნენ. რომაელებს ისინი ფორმალურად ვერ იტანდნენ, მაგრამ როდესაც ერთიანმა ზეამოცანამ გააერთიანა მათი მისწრაფებები − ზიზღი და სიძულვილი დავიწყებას მიეცა და მათ ერთობლივად გააკრეს ჯვარზე მაცხოვარი. დღეს ერთმანეთის გარეგნულად მოძულე მათი იდეოლოგიური შთამომავლები, ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს ჯვარცმას ცდილობენ, ისედაც ზე-დანევროზებულ მოსახლეობაში ფეიკ-ფობიების გავრცელების სახით.

ვერც ისტორიამ ასწავლა ვერაფერი, საქართველოს ჯვრიდან ვერ ჩამოხსნი, მისი მხოლოდ გარდამოხსნაა შესაძლებელი, ისიც სიცოცხლით სიკვდილზე გამარჯვების ფასად. ვერც იმ 30 ვერცხლის ამბავმა ვერაფერი ასწავლა − ფულს აქვს სუნი და ხშირად ეს არის სისხლის სუნი. შენი სამშობლოს, შენი ღმერთის სისხლის სუნი და მას არ გაეკარო. ნუ შეგაშინებს ეს გმირობა, უსასყიდლოდ გიყვარდეს მაცხოვარი და მისი ზეციური დედის წილხვდომილი საქართველო. როგორ შეიძლება შიშმა განაპირობოს შენი „სიმამაცით“ და „უშიშრობით“ გაჟღენთილი „პატრიოტული“ ტექსტები მედიასა თუ სოციალურ ქსელებში. ქართველები ვართ, მართლმადიდებლები და ეს პუბლიკაციაც იქნებ შთაგონებად მიიღოთ. შიში და ვერცხლისმოყვარეობა უკუაგდოთ მაცხოვრისა და სამშობლოს მიმართ სიყვარულის სანაცვლოდ. გამგები გაიგებს. ამიტომ გირჩევთ, აპრიორი წაგებულ პროექტში არ შეაბიჯოთ…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი ჩეხეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში ჩავიდა, – ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში იუწყება.

მისი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ პეტრ პაველთან და პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასთან, დეპუტატთა პალატისა და სენატის ხელმძღვანელებთან, საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან, ასევე თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელებთან, სტუდენტებთან და უკრაინულ საზოგადოებასთან.

“რაც მთავარია, ჩვენ მადლობას ვუხდით ჩეხეთს პრინციპული მხარდაჭერისა და ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. ჩეხეთის საარტილერიო ინიციატივა ეფექტური აღმოჩნდა და ჩვენ ამ ძალისხმევას გავაგრძელებთ. თანამშრომლობის კიდევ ერთი სფეროა ჩვენი სამხედრო ავიაციის განვითარება, პილოტების მომზადების პროგრამების გაფართოება და ჩვენი F-16 ფლოტის მხარდაჭერა. ჩეხეთის რესპუბლიკასთან და საავიაციო კოალიციის სხვა წევრებთან ერთად, ჩვენ უკრაინისთვის კარგ ამბებს ვამზადებთ”, – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ჩეხეთში გამართულ შეხვედრებზე ასევე განიხილავენ ომის დასრულების მიზნით რუსეთზე ერთობლივი ზეწოლის განხორციელებას.

„ჩვენ ასევე განვიხილავთ დიპლომატიურ ძალისხმევას და რუსეთზე ჩვენს ერთობლივ ზეწოლას, რათა მივარწიოთ ცეცხლის ხანგრძლივ შეწყვეტას და ომის დასრულებას“, – აცხადებს ზელენსკი.

საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„2005 წელს დაბადებულ ს.ტ.-ს და 2005 წელს დაბადებულ ო.კ.-ს ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ასევე, გასაღების მომზადებასა და გასაღების მცდელობაში.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 103 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ელექტრო სასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.