Home Blog Page 5

ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას.

ხაზი გაესვა ჩინეთის ელჩის განსაკუთრებულ როლს ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ, კულტურულ და ხალხთაშორის ურთიერთობებში.

24 დიპლომატიური წარმომადგენლობა მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

24 დიპლომატიური წარმომადგენლობა მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადება საქართველოში პოლონეთის საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

განცხადების თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობები გმობენ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს და მოუწოდებენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

„ჩვენ, ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, რომლებიც წარმოვადგენთ მედიის თავისუფლების კოალიციის წევრ ქვეყნებსა და მოკავშირე დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში, ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებულმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

მზია ამაღლობელის საქმე და „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთზე“ განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევის გზით.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ 2024 წლის 20 დეკემბერს მედიის თავისუფლების კოალიციის მიერ გავრცელებული განცხადების გზავნილს, ვგმობთ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე ყველანაირ ძალადობასა და მათ დაშინებას. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – ნათქვამია 24 დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

ყადაღა ვრცელდება “ლელოს” ანგარიშებზე არსებულ არა მთლიან თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც 1500 ლარს არ აღემატება -აღსრულების ეროვნული ბიურო

ყადაღა ვრცელდება „ლელო – საქართველოს“ ანგარიშებზე არსებულ არა მთლიან თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც 1500 ლარს არ აღემატება, – ამის შესახებ ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ „ლელო – საქართველოს“ მიმართ მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. აღსასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟი და ადმინისტრაციული ჯარიმა. აღსანიშნავია, რომ ყადაღა ვრცელდება არა მთლიანად ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატება 1500 ლარს. აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს „ლელო – ძლიერ საქართველოში“ განაცხადეს, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარტიის ანგარიშები დააყადაღა.

საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო.

საარჩევნო ადმინისტრაცია, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად,

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევის პროცესს ღიად და გამჭვირვალედ წარმართავს.  შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება კანდიდატების შერჩევის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა – კომისიის წევრობის მსურველების თანხმობის შემთხვევაში მათთან გასაუბრება ღიად, ლაივ რეჟიმში განხორციელდება. ჩართულ მხარეებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გასაუბრებას უშუალოდ დააკვირდნენ ცესკოს ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით.

რაც შეეხება კონკურსის დეტალებს – საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადდა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილია. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველების განაცხადების მიღება დღეს დაიწყო.

მივმართავთ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, იაქტიურონ და დროულად შემოიტანონ საკონკურსო დოკუმენტაცია.

აქვე შეგახსენებთ, რომ საკონკურსო საბუთები მიიღება 2025 წლის 6 აგვისტოდან 7 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია შესაძლებელია ასევე წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით.

დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე, ინფორმაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ მიმართოთ კონტაქტ-ჰაბს – 2 51 00 51

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ და განცხადების ფორმა იხილეთ ბმულზე – https://cesko.ge/ge/siakhleebi/pres-relizebi/singleview/11036599-konkursebi-saolko-saarchevno-komisiebis-droebiti-tsevrebis-vakantur-tanamdebobebze

(R)

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

სასჯელის ათვლა დაიწყება 12 იანვრიდან, დაკავების დღიდან.

მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი, ხელმეორედ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

შეუძლიათ თუ არა რუსეთს, ინდოეთს და ჩინეთს ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა აზიაში სტაბილიზაციის მისაღწევად? – South China Morning Post

ჩინეთის გაზეთ South China Morning Post-ის (იბეჭდება ჰონკონგში) 6 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შეუძლიათ თუ არა რუსეთს, ინდოეთს და ჩინეთს ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა აზიაში სტაბილიზაციის მისაღწევად?“ (ავტორი – საგინა ვალიათი). „ახალი რეალიზმი სამი ქვეყნის ურთიერთობებში შეიძლება გასაღები გახდეს აზიაში რეალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად იმ დროს, როცა მსოფლიო სულ უფრო მრავალპოლუსიანი ხდება“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

 იმ გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რომელმაც ძალის გლობალური ცენტრების გადანაცვლება გამოიწვია, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის (RIC – Russia, India, China) სამმხრივი ფორუმის კონცეფცია დიპლომატების ყურადღებას ისევ იპყრობს. იმ დროს, როცა მოსკოვი ოპტიმიზმს გამოხატავს ამ ფორმატის ასაღორძინებლად, ხოლო პეკინი, როგორც ჩანს, ამ იდეას მხარს უჭერს, დელი ფრთხილ და თავშეკავებულ პოზიციას ამჟღავნებს – ერთგვარ ბალანსს იცავს მის მხარდაჭერასა და საკუთარი სტრატეგიული ავტონომიის კურსის შენარჩუნებას შორის.

მსოფლიოს მრავალპოლუსიანობის სულ უფრო შესამჩნევი ტენდენციის პირობებში იბადება კითხვა: შეუძლიათ თუ არა ერთად ცეკვა დათვს, დრაკონს და სპილოს? და თუ შეუძლიათ, ეს იქნება მხოლოდ სტრატეგიული ქორეოგრაფია, აუცილებლობით ნაკარნახევი?

მოსკოვისათვის RIC-ის ფორმატის აღორძინების სურვილი ორ სტრატეგიულ მიზანს ემსახურება: პირველი – უკრაინასთან ომის გამო დასავლეთისაგან იზოლირებული და ფართომასშტაბიანი სახით სანქცირებული რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული აზიელ პარტნიორებზე, რომ ეკონომიკის გარკვეული დონე შეინარჩუნოს და წინააღმდეგობა გაუწიოს საერთაშორისო იზოლაციას. კრემლი ამ „ტრიუმვირატს“ განიხილავს როგორც შესაძლებლობას – აჩვენოს დასავლეთს, რომ მას ჰყავს ძლიერი პარტნიორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აზიაში სტაბილიზაციით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოწოდება RIC-ის ასაღორძინებლად, რომელიც მან ივლისში გააჟღერა, ასახავს მოსკოვის დიპლომატიურ მოთხოვნილებას და სწრაფვას რეგიონული მოთამაშის როლში გამოვიდეს.

რუსეთისათვის ჯერ კიდევ 1998 წელს გაჟღერებული RIC-ის იდეა წარმოადგენს არადასავლური სახელმწიფოების სოლიდარობის დემონსტრაციას, მრავალმხრივ ფორუმს და, აქედან გამომდინარე, კრემლი თვლის, რომ მისი აღორძინება „ბრიკს“-ის (BRICS) ბლოკის განმტკიცებასაც გამოიწვევს, რომელსაც რუსეთისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლურ ინსტიტუტებთან, მაგალითად, „დიდ შვიდეულთან“ და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაპირისპირების თვალსაზრისით. შეიძლება თამამად ვამტკიცოთ, რომ RIC-ის აღორძინებით ყველაზე მეტად მოიგებს მოსკოვი, რომელსაც შეუძლია ამ პლატფორმით სარგებლობა როგორც თავისი გავლენის დასადასტურებლად ევრაზიაში, ასევე იმავდროულად ჩინეთზე მზარდი დამოკიდებულების დელიკატურად დასაბალანსებლად. RIC-ის აღორძინებით მოკოვს შესაძლებლობა ექნება დელისთან და პეკინთან თანასწორი უფლებებით იყოს, განიმტკიცოს თავისი დამოუკიდებლობის იმიჯი, შეინარჩუნოს სტრატეგიული მოქნილობა და შეამციროს იმის რისკი, რომ ჩინეთის ჩრდილში აღმოჩნდება.

მაგრამ რამდენად შესაძლებელია ჩინეთისა და ინდოეთის ერთმანეთისადმი სოლიდარობა იმ პირობებში, როცა ორ მოსაზღვრე სახელმწიფოს ჰიმალაებში ტერიტორიული დავა აქვთ?

ჰიმალაები – „განხეთქილების ვაშლი“?

ის მხარდაჭერა, რომელსაც პეკინი აფიქსირებს RIC-ის აღორძინების მიმართ, არც სენტიმენტალურ და არც სიმბოლურ ხასიათს არ ატარებს. როგორც ამასწინანდელ ბრიფინგზე განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლინ ციანმა, ჩინეთს, რუსეთს და ინდოეთს შორის თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონული სტაბილურობისათვის. ამ დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ ნიუანსაც: ჩინეთი ამჟამად დაკავებულია საკუთარი არმიის მოდერნიზებით, რომ მზად დახვდეს ტაივანთან დაკავშირებულ პოტენციურ მოულოდნელ გარემოებებს. იმის კვალობაზე, რომ პეკინი დღეს მეტ ყურადღებას უთმობს თავის საზღვაო პრიორიტეტებს, ის ასევე დაინტერესებულია თავისი სახმელეთო (კონტინენტური) საზღვრების სტაბილიზაციით, ინდოეთთან მიმართებით, რომელთანაც ურთიერთობა პერიოდულად მწვავდება 2020 წლის შემდეგ, როცა მდ. გალვანის ხეობაში სამხედრო შეტაკება მოხდა. პეკინისათვის მისასალმებელია სასაზღვრო პრობლემის RIC-ის ჩარჩოებში მოგვარება (ისევე როგორც ინდოეთისათვის).

ჩინეთი სავარაუდოდ, RIC-ის აღორძინებას ერთგვარ დიპლომატიურ ბერკეტად განიხილავს, რომ თავიდან აიცილოს ეკონომიკური გართულებები სავაჭრო ომოს რამდენიმე ფრონტზე – აშშ-სთან და ევროკავშირთან. გარდა ამისა, RIC-ის აღორძინებაში პეკინის აქტიური როლი ერთგვარი სიგნალი იქნება გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებისთვისაც – იმის სადემონსტრაციოდ, რომ ჩინეთი ტრადიციულად გამოდის ინკლუზიური და მრავალმხრივი ინსტიტუტების მხარდასაჭერად.

ჩინეთისა და ინდოეთის ურთიერთდამოკიდებულება მრავალფენიანი რჩება – მასში შეიმჩნევა როგორც პოზიტივი, ასევე ნეგატივიც. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა მხარი დაუჭირა დელის ძალისხმევას ტერორიზმის წინააღმდეგ და ირიბად მოახდინა ზეწოლა პაკისტანზე, სი ძინ პინმა იმავდროულად ნარენდრა მოდის ისიც მიანიშნა, რომ მზად არის ინდოეთის იძულების ზომაც გამოიყენოს: ამას წინათ ჩინეთმა ჩინეთმა შეამცირა იშვიათმიწა ელემენტების ექსპორტი მეზობელ ქვეყანაში, რომელიც ძალიან ჭირდება ინდოეთის საავტომობილო მრეწველობას. ასევე შეაჩერა სასოფლო-სამეურნეო სასუქების მიწოდებაც. ეს იმას აჩვენებს, რომ ჩინეთი ინდოეთთან მიმართებით ძველებურად ანიჭებს უპირატესობას თავის ძლიერ ეკონომიკურ ინსტრუმენტებს. ამ მხრივ საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პეკინმა მოუწოდა ინდოეთში დასაქმებულ თავის თანამემამულეებს ჩინეთში დაბრუნდნენ. ხდება პირიქითაც: ინდოეთმა, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ჩინეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა აღადგინა და პეკინთან პირდაპირი ავიარეისები განაახლა.

დათვი, დრაკონი და სპილო აშშ-ის წინააღმდეგ?

დონალდ ტრამპი კი ინდოეთისათვის სულ მალე მკაცრი სანქციების გამოცხადებას აპირებს რუსული ნავთობის შესყიდვის გამო. ესე იგი, RIC-ის ფორმატი ამ შემთხვევაში ინდოეთისათვის ერთგვარი მაშველი რგოლის როლს შეასრულებს – მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც. ნარენდრა მოდისათვის, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ძველი მეგობარია, არჩევანის გაკეთება შედარებით ადვილი იქნება. საერთოდ, დელი ცდილობს ვაშინგტონთან კავშირები არ დაირღვეს (მათ შორის სამხედროც) და პეკინთანაც რბილი ურთიერთობა ჰქონდეს.

RIC-ის აღდგენა იმის სიგნალი იქნება, რომ მსხვილი აზიური ქვეყნები მზად არიან მჭიდრო ურთიერთობის გასაგრძელებლად იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ერთმანეთს რაღაც კონკრეტულ საკითხებში არ ეთანხმებიან. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს რეგიონულ სტაბილურობას გეოპოლიტიკური გაურკვევლობის პირობებში.

ჩინური დრაკონი, რუსული დათვი და ინდური სპილო, შესაძლოა, მართლაც ვერასოდეს ვერ „იცეკვებენ“ იდეალურ სინქრონში, მაგრამ მათ, პრინციპში, ეს არც ჭირდებათ. ახალი რეალიზმი , რომელიც მათ ურთიერთდამოკიდებულებას განსაზღვრავს, სრულიად საკმარისია დღევანდელ მომენტში აზიური გეოპოლიტიკისათვის. იმ პირობებში, როცა თანამედროვე მსოფლიო სულ უფრო მეტად ხდება მრავალპოლუსიანი, მაგრამ იმავდროულად ფრაგმენტული, RIC-ის ასაღორძინებლად გაწეული ძალისხმევა ასახავს იმ ახალ სიტუაციას, რაც აზიის სტრატეგიული ლანდშაფტის სტაბილიზების აუცილებლობას და რეგიონში ორმხრივი უთანხმოებების შერბილებას განაპირობებს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ეს გეგმა არის იმ დიდი ცვლილების დასაწყისი, რომელიც თბილისს წარადგენს, როგორც მწვანე, უსაფრთხო და მდგრადი განვითარების გზაზე მყოფ მუნიციპალიტეტს – კახა კალაძე

დედაქალაქის მერიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), ასევე, გერმანულ კომპანია ICP-თან თანამშრომლობით, შეიმუშავა თბილისის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა აღნიშნულ უცხოურ კომპანიასა და საფინანსო ორგანიზაციას მხარდაჭერისთვის, რაც დედაქალაქისთვის აუცილებელი პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია.

„ჩვენ დიდი გამოცდილება არ გვაქვს ამ მხრივ, არც შესაბამისი კომპანიები, ექსპერტები გვყავს, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებენ, ამიტომ ჩავრთეთ უცხოური კომპანიები, საფინანსო ორგანიზაციები. მადლობას ვუხდი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) თანამშრომლობისთვის და კომპანია ICP-ის ჩართულობისთვის. მათი მხარდაჭერით ვახორციელებთ ქალაქისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული სტრატეგია მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის მოდერნიზებისთვის საჭირო პროექტების განხორციელებას, რაც გააუმჯობესებს გარემოს დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას.

„პირადად ჩემთვის, პრიორიტეტია იმ პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრა, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ და რაც ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ხვალინდელ, უკეთეს ცხოვრებას განაპირობებს. წლების განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ნარჩენების მართვის ყველაზე გავრცელებული გზა მათი ნაგავსაყრელებზე განთავსება იყო, თუმცა, გარემოს დაცვის გლობალური გამოწვევების ფონზე, ეს მიდგომა უკვე არაეფექტურია. დოკუმენტი უკვე მზადაა და უახლოეს პერიოდში ის თბილისის საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილია 5-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისთვის.

„მომდევნო წლებში დედაქალაქში დავიწყებთ ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებასა და გადამუშავებას, რის შემდეგაც მასალის რეალიზება მოხდება; დაინერგება საყოფაცხოვრებო ნარჩენების ორი და სამკონტეინერიანი სისტემა; ნაგავსაყრელზე მოეწყობა რეციკლირების, გაზშემკრები სისტემის, ნაჟური წყლების გამწმენდი ინფრასტრუქტურა.

შესასრულებელ სამუშაოებზე გამოცხადებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვა და გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს სამუშაოების განხორციელებას უცხოელი ექსპერტების ზედამხედველობით; გარდა ამისა, მოვიკვლიეთ და შევარჩიეთ რამდენიმე ახალი არეალი, სადაც შეიძლება მოეწყოს ნაგავსაყრელი. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას. რეციკლირებული მასალის რეალიზება ქალაქის ბიუჯეტში მილიონობით ლარის შემოსავლებს და დამატებით სამუშაო ადგილებს გააჩენს. აგრეთვე, ნარჩენების მართვის სისტემაში კერძო სექტორის როლი გაძლიერდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესების პარალელურად, თბილისის მერია გეგმავს ფართომასშტაბიან ცნობიერების ამაღლების კამპანიას.

„თბილისში ყოველწლიურად გროვდება დაახლოებით 411 000 ტონა ნარჩენი. მათი უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ ნაგავსაყრელზე ხვდება, მათ შორის ბიოდეგრადირებადი ნარჩენებიც, რაც გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის პირდაპირი რისკის შემცველია. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, არამედ საზოგადოების აქტიური ჩართვა გარემოზე ზრუნვის პროცესში. ჯანსაღი გარემოს შექმნაში თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი. ეს გეგმა არის იმ დიდი ცვლილების დასაწყისი, რომელიც თბილისს სჭირდება. ცვლილების, რომელიც ჩვენს ქალაქს წარადგენს, როგორც მწვანე, უსაფრთხო და მდგრადი განვითარების გზაზე მყოფ მუნიციპალიტეტს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსებას პირველი სექტემბრიდან დაიწყებს

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტის დაფინანსების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება თბილისის მერიის ვებგვერდზე, ხოლო განაცხადების მიღება დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბრიდან, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, მოქალაქემ, მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.

„მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან პროგრამას, რომლის დაწყებაც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. თბილისის მერია პირველი სექტემბრიდან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტს დააფინანსებს, რაც ძვირადღირებული მედიკამენტის „აქტემრას“ მისაღებად მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სახსრების ანთებით პროცესს, შემდეგ მათ დეფორმაციას, საბოლოოდ კი, მოქმედებისა და გადაადგილების შეზღუდვას იწვევს. მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე კი, შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. აღნიშნულის შედეგად კი, პროგრამის მოსარგებლეები ქმედუნარიანები ხდებიან და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მოქალაქე განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის რეგისტრირებული უნდა იყოს თბილისის მუნიციპალიტეტში.

„ბევრჯერ მითქვამს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება დავუდგებით გვერდით. არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. თუ გადავხედავთ სტატისტიკას ვნახავთ, რამდენი დახმარებაა გაცემული ჩვენი შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების მიერ – სხვადასხვა სოციალური პროგრამები გვაქვს, ოპერაციებს ვაფინანსებთ და ა.შ.

თბილისის მერიის აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა კი ექნებათ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ქულა DAS28 ინდექსით არის 3.2 ან მასზე მეტია. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, 100%-ით, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80%-ით.“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსების მისაღებად, განცხადებას უნდა ერთვოდეს:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის საინფორმაციო ბარათი;

ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა, რომელიც უნდა მოიცავდეს სრულყოფილ ინფორმაციას ევროპული (EULAR) ან/და ამერიკული (ACR) „გაიდლაინებით“ გათვალისწინებული კვლევების ჩატარებისა და მათი შედეგების თაობაზე;

ინფორმაცია გამოყენებული სინთეზური მამოდიფიცირებელი პრეპარატების ან/და ამავე პრეპარატების მიმართ წინააღმდეგ ჩვენების/აუტანლობის დაფიქსირების შესახებ;

კონსილიუმის ვადიანი დასკვნა, პაციენტისთვის შესაბამისი მედიკამენტით მკურნალობის ჩატარების აუცილებლობისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე;

კალკულაცია მედიკამენტის მიმწოდებელი ორგანიზაციიდან;

სხვა დოკუმენტი, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად.

თბილისის მერი მუნიციპალურ ინსპექციას ავალებს, მშენებლობადასრულებული კორპუსების ექსპლუატაციაში დროულად მისაღებად შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს

თბილისის მერი მუნიციპალურ ინსპექციას ავალებს, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, განხილვის პროცესში მყოფი მშებლობადასრულებული საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციაში დროულად მიღების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.

როგორც კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული დროებითი წესის ფარგლებში, ამჟამად განხილვის პროცესშია 230 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი, რომელიც 10 000-მდე ოჯახს ეხება.

„როგორც მოგეხსენებათ სამშენებლო საქმიანობის ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ჩვენთვის, მათ შორის არის ქალაქში მშენებლობადასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადასტურება.

ამ კუთხით წლების განმავლობაში არსებობდა კონკრეტული გამოწვევები, რაც უკავშირდებოდა სხვადასხვა არქიტექტურული დარღვევის გამო მრავალბიანიანი საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღების პრობლემას. აღნიშნული პრობლემის გამო, ათასობით ოჯახს, კეთილსინდისიერ მესაკუთრეებს ექმნებოდათ სირთულეები, ცხოვრობდნენ უმძიმეს პირპობებში, რადგან მათი საცხოვრებელი კორპუსი არ იყო დასრულებული. ვინაიდან მათ საკუთრებას არ ჰქონდა დასრულებულის სტატუსი, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ვერ იქმნებოდა ბინამეთსაკუთრეთა ამხანაგობები და მესაკუთრეები ვერ სარგებლობდნენ მუნიციპალური პროგრამების სიკეთეებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა მსგავსი სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი, პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება და 2023 წლის 27 ივლისამდე ხდებოდა განაცხადების მიღება მსგავსი ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით.

მერის ინფორმაციით, აღნიშნული წესის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული საექსპერტო ბიუროების დასკვნებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ექსპლუატაციაში უკვე მიღებულია 910 დასრულებული შენობა, 30 000-მდე ოჯახმა (მესაკუთრემ) მიიღო უფლებრივად უნაკლო ქონება და შესაძლებლობა ისარგებლონ ბისათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამებით და სხვა მუნიციპალური სერვისებით.

„ასევე, დროებითი წესის ფარგლებში, ამჟამად, განხილვის პროცესშია 230 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი, რომელიც ეხება 10 000-მდე ოჯახს (მესაკუთრეს). ვინაიდან, აღნიშნულ კორპუსების მცხოვრებლების მხრიდან შემოვიდა არაერთი თხოვნა, მინდა, დავავალო მუნიციპალურ ინსპექციას, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, პროცესის დაჩქარებისა და აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსების დროულად ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, ადგილზე ობიექტის შეფასების, კანონდებლობით წარმოსადგენი დოკუმენტაციიის მომზადების ხელშეწყობისა და დამატებითი კონსულტაციების კუთხით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა გაამკაცრა კანონმდებლობა შენობების ესპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით, რათა გაზრდილიყო ერთი მხრივ, მშენებლობის ხარისხი და მეორე მხრივ, დაინტერესება და მოტივაცია ნებართვის მფლობელი სამშენებლო კომპანიების/დაინტერესებული პირების, დროულად მოახდინონ მშენებლობადასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებაზე მომართვა და სანებართვო პიროებების შესრულების დადასტურება.

„ამ მიმართულებით გვაქვს ხელშესახები შედეგები, გაზრდილია როგორც მომართვიანობა, ასევე ექსპლუატაციაში მიღების მაჩვენებელი. 2018 წლიდან დღემდე მუნიციპალურმა ინსპექციამ მოქმედი კანონმდებლობის, სამშენებლო ნორმების, სტანდარტებისა და სანებართვო პირობების დაცვით აშენებული 7 000-მდე შენობა მიიღო ექსპლუატაციაში“, -აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, მესაკუთრეების კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, გაამკაცროს მონიტორინგი და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ზომა იმ შემთხვევებზე, როდესაც მშენებელობა დასრულებულია და არ ხდება დამკვეთის/კომპანიის მხრიდან ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება შენობების ექსპლუატაციაში მისაღებად.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ხელვაჩაურში მამაკაცი დაჭრეს – ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

ხელვაჩაურში მამაკაცი დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა მომხდართან დაკავშირებით ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ა.პ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე – 2004 წელს დაბადებულ ბ.ფ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ბ.ფ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს – Financial Times

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი სანქციები რუსეთზე ზეწოლის გაზრდის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას 8 აგვისტომდე არ დათანხმდება.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ახალი სანქციების დაწესების საკითხი ოთხშაბათს მოსკოვში, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ვიზიტის შედეგებზეა დამოკიდებული.

„ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შედეგებით დაბრუნდება უიტკოფი. თუ ის ყოველგვარი შედეგის გარეშე დაბრუნდება, მაშინ ტრამპი გაბრაზდება“, – აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ, ანა კელიმ განაცხადა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტომდე უკრაინაში ომის დასრულებას არ დათანხმდება, მაშინ დონალდ ტრამპი „მტკივნეულ სანქციებს“ დააწესებს.

„პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ პუტინი ომის დასრულებას არ დათანხმდება, მაშინ მტკივნეული სანქციები იქნება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ.

ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო

ანტიკორუფციული ბიურო „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება ეთმობა დეკლარაციაში იმ მონაცემების ასახვის სიზუსტეს, რომლებიც უკავშირდება მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს.

მათივე ცნობით, განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გააფორმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ სსიპ – ანტიკორუფციული ბიურო ახორციელებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგს.

მონიტორინგის მიზანია დადგინდეს დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირს ეკისრება კანონით დადგენილი ვალდებულება, დეკლარაციაში სრულად და სწორად ასახოს პირის და პირის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ქონება და ყველა ტიპის გარიგება.

ბიუროს მიერ მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება ეთმობა დეკლარაციაში იმ მონაცემების ასახვის სიზუსტეს, რომლებიც უკავშირდება მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს.

განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გააფორმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან.

მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს, იყო თუ არა ხელშეკრულების დამალვა მიზანმიმართული, უკავშირდება თუ არა შემოსავლის დაფარვის მცდელობას და რამდენად შეესაბამება ეს ქმედება კანონით დადგენილ ვალდებულებებს.

ამასთანავე, ბიურო აგრძელებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მუდმივ მონიტორინგს, რაც გულისხმობს შემოწირულებების კანონიერების შეფასებას.

ამ კონტექსტში მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის მიერ დეკლარირებულ შემოწირულებებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა, რათა სრული სურათი შეიქმნას პოლიტიკური კორუფციის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით”,- აღნიშნულია განცხადებაში.