Home Blog Page 5

კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა

ბიზნესების გაციფრულების ხელშეწყობის მიზნით, თიბისიმ პარტნიორ კომპანიასთან- „ტრანზაქციული სისტემები Transaction Systems”- ერთად, ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის – ინტეგრირებული სალარო ტერმინალი დანერგა, რომელიც მერჩანტებს გადახდების მართვას კიდევ უფრო უმარტივებს.

ეს პროდუქტი პირველია საქართველოში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მერჩანტის სალარო პროგრამას და ერდროულად იღებს, როგორც ნაღდ, ისე უნდაღდო გადახდებს. აქამდე ნაღდი გადახდების მისაღებად, მერჩანტებს ცალკემდგომი ტერმინალი სჭირდებოდათ, რაც მათთვის მეტი დროისა და რესურსის ხარჯვასთან იყო დაკავშირებული.

მოწყობილობა შეესაბამება საქართველოს შემოსავლების სამსახურის ფისკალურ რეგულაციებს და ნაღდი გადახდების მონაცემები შემოსავლების სისტემაში ავტომატურად აისახება, შესაბამისად, პოს ტერმინალი სრულად ანაცვლებს სალარო აპარატს და მერჩანტებს მხოლოდ ერთი მოწყობილობით შეუძლიათ ყოველდღიური ოპერაციების განხორციელება.

მაქსიმალურად გამარტივებულია ტერმინალის ინსტალაცია- გამოყენებაც, რაც ბიზნესებისთვის პროცესს კიდევ უფრო მოქნილს ხდის. ინტეგრირებული სალარო აპარატების გამოყენება განსაკუთრებით მიმზიდველია იმ კომპანიებისთვის, ვინც აქტიურად არის დაინტერესებული ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლით.

(R)

ხელისუფლებაში თუ მოვლენ, ჩემი ფეხით გამოვცხადდები იქ, სადაც მეტყვიან, საქართველოს დაღუპვის დანახვა არ მინდა, ღმერთმა დამიფაროს, ხელმეორედ ვიხილო ესენი ხელისუფლებაში -თენგიზ შარმანაშვილი

ხელისუფლებაში თუ მოვლენ, ჩემი ფეხით გამოვცხადდები იქ, სადაც მეტყვიან. საქართველოს დაღუპვის დანახვა არ მინდა, თუ მომკლავენ, უკეთესი იქნება, არ მინდა, ეს დავინახო, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას არ განიხილავს.

„პასუხისმგებლობას არ გრძნობენ დანაშაულებზე, რომ დიდი შეცდომები დაუშვეს. ღმერთმა არ მანახოს იმის გამეორება, რაც იყო. გინახავთ, რამეს არ ემიჯნებოდნენ, წარსულს არ ემიჯნებოდნენ? იმასაც კი გაემიჯნენ, მათთვის შარლ მიშელი რომ ჩამოვიდა და ისეთი დოკუმენტი შექმნა, რომელიც კონსტიტუციიდან არ გამომდინარეობდა, ვალდებულებები ააღებინა სახელმწიფოს და ხელისუფლებას. ყველაფერი მათ სასარგებლოდ იყო ამ დოკუმენტში, ყველა პუნქტი ხელისუფლების საწინააღმდეგო იყო, მაგრამ მაინც დაეთანხმა ხელისუფლება, იმასაც კი არ დაეთანხმნენ, რასაც მოაწერეს ხელი. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც სიტყვა „კონსტრუქციულზე“ ფერი მისდით. არ არიან ადამიანები, რომლებთანაც შეიძლება პოლიტიკური დიალოგი გამართო, საერთო მოიფიქრო. ოპონენტი იმას კი არ ნიშნავს, დადიოდე და ლამობდე, როგორმე მიახრჩო სადმე. ოპონენტი ნიშნავს იმას, რომ ამტკიცებდეს, შენზე უკეთესად შეუძლია იმ საქმის გაკეთება, რასაც აკეთებ და კონსტიტუციით დადგენილი სფეროებითა და წესებით გამოგცადოს ხელისუფლებაში და მერე კონსტიტუციურად გააგრძელოს ხელისუფლების მართვა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა შეაფასოს, ვისთან აქვს საქმე.

„ყველა ნაბიჯზე ამბობენ – არ მოგვწონს, არ ვცნობთ, არ მინდა, არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ, პარლამენტში ამირჩიეს, მაგრამ მაინც არ შემოვალთ, შარლ მიშელი ჩამოვიყვანე ევროპის საბჭოდან, დოკუმენტი შევადგენინე ჩემი სასარგებლო, მაგრამ მაინც არ ვეთანხმები. ქართველმა ხალხმა შეაფასოს, ვისთან გვაქვს საქმე. ასეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთ შეცდომებზე და დანაშაულებზე იოტისოდენადაც კი არ ნანობენ, არც გააზრება აქვთ, ღმერთმა დამიფაროს, ასეთი გაუაზრებელი ადამიანები ხელმეორედ ვიხილო ხელისუფლებაში“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ღალატის კომისიის თითოეული წევრი მეორე თაობის საბჭოთა ჯალათთან, თეა წულუკიანთან ერთად დაისჯება, პასუხს აგებს ქართული სახელმწიფოს და დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დიახ, ღალატის კომისიის თითოეული წევრი აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე და ეს ძალიან მალე მოხდება“.

ცესკოს თავმჯდომარე შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან არჩევნების მნიშვნელობაზე და საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის, მათი ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ მათ ასევე მიაწოდა ინფორმაცია 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით და დეტალურად ისაუბრა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად ახორციელებს.

გიორგი კალანდარიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დეზინფორმაციის საკითხს დაუთმო და ის საარჩევნო პროცესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა, ამასთან მან ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია. ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე.

„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და ურთიერთობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ჩავერთოთ ახალ საბანაკე სეზონში და შევხვდეთ ასობით ახალგაზრდას, ხელი შევუწყოთ მათი ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიც არის, მაგალითად, დეზინფორმაცია საარჩევნო პროცესებში, პროგრესი რაც ტექნოლოგიურმა ინტერვენციამ უზრუნველყო და, რა თქმა უნდა, ასეთი ჯანსაღი დისკუსიების ფონზე წავახალისოთ მათი აქტიური ჩართულობა“,-აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

ახალგაზრდებთან შეხვედრა საარჩევნო ადმინისტრაციისა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა.

დონალდ ტრამპმა რუს „ქორს“ „ბირთვული მატყუარა“ უწოდა – The Daily Telegraph

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპმა რუს „ქორს“ „ბირთვული მატყუარა“ უწოდა“ (ავტორი – ენდრიუ ბლომფილდი), რომელშიც რუსეთის ექს-პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების ფონზე კრემლისა და თეთრი სახლის ურთიერთდამოკიდებულებაა განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩვეულებრივ, როცა აშშ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს, ვლადიმერ პუტინი სწრაფ რეაგირებას ახდენს იგივე ფორმებითა და მეთოდებით: სანქციებით – სანქციებზე, აკრძალვებით  – აკრძალვებზე, გაძევებით – გაძევებებზე. „პროპორციული ნაცვალგება“ და „სიმეტრიული პასუხები“ – კრემლის ლექსიკონის ძირითადი ელემენტებია, რომლებსაც ტრადიციულად თან სდევს რუსული ოფიციოზის აღშფოთებები, შეურაცხმყოფელი შეძახილები და ვაშინგტონის „პროვოკაციული მოქმედების“ დაგმობები.

მაგრამ მას შემდეგ, რაც გასულ პარასკევს დონალდ ტრამპმა ორი ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი რუსეთის ნაპირების ახლოს გაგზავნა – ეს აშშ-ის პრეზიდენტის უჩვეულო დრამატული ნაბიჯია, რომელიც სერიოზული გეოპოლიტიკური კრიზისის სიგნალს იძლევა –  ვლადიმერ პუტინი რატომღაც საეჭვო დუმილს ინარჩუნებს. არადა, იგი მსგავს მოქმედებას მყისვე პასუხობს ხოლმე.

თვითონ განსაჯეთ: ვლადიმერ პუტინს რომ „პროპორციული ნაცვალგების“ დოქტრინით ეხელმძღვანელა, რუსეთის წყალქვეშა ნავებიც ახლა აშშ-ის ნაპირებთან ახლოს იქნებოდნენ და მსოფლიო სუნთქვაშეკრული მიადევნებდა თვალს მოვლენებს, ისევე როგორც „კარიბის კრიზისის“ დროს. ამის ნაცვლად კრემლმა თავისი მოქმედებით აჩვენა ის, რომ მისტერ ტრამპის ნაბიჯი განპირობებულია არა იმდენად აშშ-ის ბირთვული პოზიციის შეცვლით, არამედ სამხედრო თეატრის მდგომარეობით – უკრაინასთან დაკავშირებით.

ვლადიმერ პუტინი იმ თამაშს თამაშობს, რომელიც ძალიან კარგად არის ცნობილი რუსებისათვის. კრემლი ბირთვულ მუქარებზე ჯერ კიდევ უკრაინასთან ომის დაწყებამდე ლაპარაკობდა და არავინ ისე ხმამაღლა არ ამბობდა, ამას როგორც დიმიტრი მედვედევი, პუტინის კარის ხუმარა და მთავარი „მეომარი“ სოციალურ ქსელებში.

ამ კვირაში დიმიტრი მედვედევმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტი იყო 2008-2012, ხოლო პრემიერ-მინისტრი – 2012-2020 წლებში, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ 10-დღიან ვადას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე „ომისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა და ტრამპი გააფრთხილა, რომ „რუსეთს შეუძლია ბირთვული იარაღი გამოიყენოს ბოლო საშუალების სახით“.

სწორედ ეს სიტყვიერი შეხლა-შემოხლა გახდა დონალდ ტრამპის ბრძანების მიზეზი, რომ ამერიკული წყალქვეშა ნავები რუსეთის ნაპირებს მიახლოვებულიყვნენ. ამ მოქმედებით, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის ბლეფი ამხილა და სრულებით გამართლებულად, თუ კრემლის დუმილს გავითვალისწინებთ: ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, საპასუხო იგივე დონის მოქმედებისაგან თავს იკავებს. რასაკვირველია, კრემლის კომენტატორებმა რუსეთის მასმედიაში ერთი ამბავი ატეხეს, თუმცა მათი წიოკის ფონზე ტრამპის გადაწყვეტილებას მნიშვნელობა არ დაუკარგავს.

როცა 2008 წელს დემიტრი მედვედევმა პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ პუტინი შეცვალა, ევროპელი ოპტიმისტები მას პროდასავლურ რეფორმატორს უწოდებდნენ, ხოლო თვითონ იგი საკუთარ თავს ტექნოლოგიების მოყვარულ მოდერნიზატორად და მოქალაქეთა უფლებების დამცველად პოზიციონირებდა.

მაგრამ სინამდვილეში დიმიტრი მედვედევი არასოდეს არ ყოფილა არც რუსეთის მოქალაქეთა საშუალო კლასის დამცველი და მით უმეტეს, არც დასავლეთზე ორიენტირებული, როგორსაც იგი თავის თავს წარადგენდა. ამის ნაცვლად იგი აღმოჩნდა მხოლოდ საშუალო დონის პიროვნება, რომელიც პუტინს საკონსტიტუციო მანევრის განხორციელებაში დაეხმარა – პრეზიდენტობის საათის ისრები ერთი ვადით წინ გადასწია.

თავის დროზე რიგითმა რუსმა მოქალაქეებმა ეს სპექტაკლი ნიკოლაი გოგოლის პიესას „რევიზორს“ შეადარეს, სადაც „გაიძვერა აფერისტი“ [ივან ხლესტაკოვი] თავის თავს გავლენიან ჩინოვნიკად ასაღებს. როგორი ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს დიმიტრი მედვედევისა და ვლადიმერ პუტინის გათამაშება, რუსებმა იმ დროს ეს სატყუარა „გადაყლაპეს“.

ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ დიმიტრი მედვედევმა უკანა პლანზე გადაინაცვლა, თუმცა ყურადღების მიზიდვას კვლავ ცდილობდა. იმავდროულად სულ უფრო ემსგავსებოდა ყოყოჩ კარიკატურულ პიროვნებას, რომელსაც სერიოზულად არავინ უყურებდა.

გასულ წელს ერთ-ერთმა დასავლურმა ანტიკრემლურმა საიტმა The Insider-მა კვლევის შედეგად დაადგინა, რომ დიმიტრი მედვედევის ყველაზე „გიჟური პოსტები“ სოციალურ ქსელში მას შემდეგ გავრცელდა, რაც მან იტალიაში (ტოსკანაში) არსებული თავისი ვენახებიდან წითელი ღვინო მიიღო.

ხმები ექს-პრეზიდენტის ლოთობაზე თითქმის ათი წლის წინ გავრცელდა და სულ უფრო ხშირი ხდებოდა კიეველი „ნაბიჭვრებისა და დეგენერატების“ მიმართ. გაჩნდა ვიდეოკადრებიც, რომლებშიც დიმიტრი მედვედევი ოფიციალურ ღონისძიებებზე თვლემდა.

შესაძლოა ალკოჰოლის ხშირი მოხმარებით ნაწილობრივ აიხსნას იმ პოლიტიკოსის ტრანსფორმაცია, რომელსაც ოდესღაც დასავლეთი ელოლიავებოდა და რომელიც ახლა დასავლელ ლიდერებს „ღრუტუნა ღორებს“ უწოდებს. თუმცა, ალბათ, უფრო სავარაუდო ისაა, რომ მას, უბრალოდ ყურადღების მიპყრობა სურს. ახლაც დიმიტრი მედვედევმა დონალდ ტრამპის ყურადღება დაიმსახურა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის ყოფილ ლიდერს „შეუმდგარ ადამიანს“ უწოდებს.

ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავების მანევრების რეალურ მიზანს, როგორც ჩანს, უფრო ვლადიმერ პუტინის რეაქციის გაგება წარმოადგენს (იმ ადამიანისა, რომლითაც ტრამპი ჯერ აღტაცებას გამოხატავდა, შემდეგ კი იმედი გაუცრუვდა), ვიდრე დიმიტრი მედვედევის გამოხტომისადმი პასუხის გაცემა.

დონალდ ტრამპის 10-დღიან ულტიმატუმს ვადა 8 აგვისტოს გასდის, ანუ სიტუაცია ფინალს უახლოვდება: ან რუსეთი უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვაზე, ან სანქციები დაწესდება და ტარიფები მომატებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ (რუსეთის შემოსავლების შემცირების მიზნით).

ვლადიმერ პუტინი ჯერ-ჯერობით აუღელვებელი და მშვიდია. იგი, ალბათ, თვლის, რომ ვაშინგტონი მეორად სანქციებს არ დააწესებს და ენერგომატარებლების ექსპორტზე დამოკიდებული რუსული ეკონომიკა არ დაზარალდება – იმის გათვალისწინებით, რომ თვითონ დონალდ ტრამპსაც დიპლომატიური ზიანი მიადგება ინდოეთისგან და სხვა ქვეყნებისაგან.

ასეა თუ ისე, წყალქვეშა ნავების გადაადგილება ვლადიმერ პუტინზე ზეწოლად უნდა ჩავთვალოთ. თუმცა ამ შემთხვევაში, კრემლის დუმილის შუქზე, თეთრი სახლის მოქმედება არა იმდენად ტრიუმფად გამოიყურება, რამდენადაც იმის დადასტურებად, რომ პუტინს თვალიც კი არ დაუხამხამებია. ჯერ-ჯერობით.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

როდესაც ვუსმენდით დაზარალებულებს, ის საშინელება ისე ცოცხლდებოდა, რომ წარმოუდგენელი იყო ემოციის გარეშე მოსმენა – ადამიანური განცდა დაწერილ ტექსტში ვერ გადმოვა, მაგრამ ფაქტები ასახულია და ეს მნიშვნელოვანია – სოზარ სუბარი

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, გაწეული სამუშაო შეაფასა.

მისი თქმით, საზოგადოებაში დიდი მოლოდინი იყო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, რაც დოკუმენტში აისახა. სუბარმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ დასკვნაში არსებული ფაქტები მნიშვნელოვანია არამხოლოდ წარსულის შეფასებისთვის, არამედ, მომავლის პრევენციისთვის, რათა მსგავსი რამ საქართველოში აღარასდროს განმეორდეს.

„უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა, ძალიან დიდი იყო მოლოდინი საზოგადოებაში და მგონია, რომ ეს მოლოდინი აისახა. აქ ვართ ადამიანები, რომლებმაც ეს ყველაფერი თითქოს ვიცოდით, მაგრამ, როდესაც ვუსმენდით დაზარალებულებს, თითოეული ჩვენგანისთვისაც ეს განცდა იმდენად მძაფრი იყო, ის საშინელება ისე ცოცხლდებოდა, რომ წარმოუდგენელი იყო ამ ყველაფრის მოსმენა ემოციის გარეშე და ვფიქრობ, ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად ასახულია დასკვნაში. რა თქმა უნდა, ადამიანური განცდა დაწერილ ტექსტში ვერ გადმოვა, მაგრამ ფაქტები ასახულია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ წარსულის შეფასებისთვის, არამედ, მომავლის პრევენციისთვის, რომ მომავალში არასდროს განმეორდეს მსგავსი რამ და არ გაეხსნას გზა მსგავს დამნაშავე ხელისუფლებას”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანია იმით, რომ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც სჩადიოდა „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი და სხვა პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით – თეა წულუკიანი

ჩვენი დასკვნა არის 400-გვერდიანი, უფრო ზუსტად, 430 გვერდია. გვერდების ამ ოდენობაში არ შედის დანართების ნუსხა, რომელიც რამდენიმე ათეულ გვერდს მოიცავს. რა თქმა უნდა, ეს დასკვნა, პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმით, რომ ამ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც სჩადიოდა “ნაციონალური მოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, – განაცხადა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე.

წულუკიანის თქმით, ეს არის დოკუმენტი, რომლის გაცნობის შემდეგაც, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ნათელი გახდება, თუ როგორი ვითარება იყო საქართველოში, ვინაიდან, დასკვნაში ფაქტებია მოცემული და არამხოლოდ კომისიის შეფასებები.

„ეს არის ის დოკუმენტი, რომელსაც, როდესაც გაეცნობა ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად ასაკისა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდები გაეცნობიან მას, ნახავს, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ფაქტები როგორი იყო და არა რომელიმე წევრის ან კომისიის შეფასებები მხოლოდ. აქ არის, ასე ვიტყოდი, ქრონოლოგიურად, ჩვენი უახლესი ისტორიის შესატყვისი ფაქტები და ინფორმაციები ერთ დოკუმენტში თავმოყრილი, რაც საკუთრივ მხოლოდ ამიტომ არის ამ დოკუმენტის ღირებულება.

მოცემული დოკუმენტი, ასევე, იმედი მაქვს, გამოადგება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსაც სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად და ასევე, შესაბამის სასამართლოებს, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან იმისთვის, რომ ნამდვილი ანალიზი, ნამდვილი კვლევა აწარმოონ და ის გამოიყენონ თავიანთი სამშობლოსა და სახელმწიფოს ინტერესებისათვის. ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც, სხვათა შორის, არსებობს და გაძლიერება სჭირდებათ, ეს მასალა ასევე გამოადგებათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს სხდომაზე განსახილველი საკითხია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტის თაობაზე მსჯელობა და დამტკიცება

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლეგენდარული რეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლეგენდარული რეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო.

ელდარ შენგელაია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი შემოქმედებით ქართული ხელოვნება გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა, ქართველი ხალხის გულებსა და ცნობიერებაში კი, წარუშლელი კვალი დატოვა. ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის.

გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებთ დიდი რეჟისორის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელს ქართულ საზოგადოებას.

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

როდესაც სრულად დისკრედიტირებული ევროპული ლიდერშიპი პირისპირ დარჩება საზოგადოების წინაშე, გაჟღერდება ინიციატივა – უუნაროა არსებული პოლიტიკური სისტემა, ამიტომ საჭიროა მმართველობის ახალი ფორმა – კორპორაციული მმართველობა – შათირიშვილი

როდესაც პოლიტიკურად, ეკონომიკურად და მორალურად სრულად დისკრედიტირებული ევროპული ლიდერშიპი პირისპირ დარჩება საზოგადოების წინაშე, რაც ფაქტიურად უკვე მომხდარია, ღიად გაჟღერდება ახალი და მთავარი ინიციატივა – უუნაროა არსებული პოლიტიკური სისტემა, გაუმკლავდეს დიპ სტეიტის მიერვე ხელოვნურად შექმნილ პრობლემებს, ამიტომ საჭიროა მმართველობის ახალი ფორმა და ეს ფორმა იქნება კორპორაციული მმართველობა, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

როგორც მის მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, ქვეყნებს მართავენ ის კორპორაციები, რომლებიც ფორმალურადაც და ფაქტობრივადაც დიპ სტეიტის საკუთრებაა, შესაბამისად, კორპორაციული მმართველობის შემოღება ოლიგარქიული ოჯახების მმართველობის პირდაპირი ლეგალიზაცია იქნება.

„რომელი კორპორაციები მომართავენ ქვეყნებს? კორპორაციები, რომლებიც ფორმალურადაც და ფაქტობრივადაც სწორედ დიპ სტეიტის საკუთრებაა. ეს იქნება ოლიგარქიული ოჯახების მმართველობის პირდაპირი ლეგალიზაცია.
აშშ-შიც ფაქტობრივად იგივე პროცესები მიდის, ერთი განსხვავებით – აქ ეკონომიკის დანგრევა არაფერში სჭირდებათ. დიპ სტეიტი ისედაც სრულად აკონტროლებს აშშ-ის ყველა სტრუქტურას და ქვეყნის ეკონომიკა “ბლეკ როკისა” და “ვანგარდის”, ანუ ოლიგარქიული ოჯახების ხელშია. ამიტომ, მათ შორის ევროპის ნგრევის ხარჯზე, როდესაც ისინი აშშ-ის ეკონომიკას აძლიერებენ, ერთმნიშვნელოვნად აძლიერებენ საკუთარ თავს და ძლიერ მუშტს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.“ – წერს შათირიშვილი.

მისივე განცხადებით, პოლიტიკოსების დისკრედიტაციის კუთხით, აშშ-ში უფრო დრამატული ვითარებაა, რის მაგალითადაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც გამოდგება. შათირიშვილი მიიჩნევს, რომ ამ მასკარადის მიზანი, საზოგადოების თვალში პოლიტიკოსების, სახელმწიფოს ცნების დაკნინება და მმართველობის ახალი ფორმის, კორპორაციული მმართველობის შემოღებაა.

„აი პოლიტიკოსების დისკრედიტაციის კუთხით კი, აშშ-ში კიდევ უფრო დრამატული ვითარებაა. გაიხსენეთ ბაიდენი, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ერქვა და ქაღალდზე ხელმოწერის უნარი ჰქონდა დაკარგული. როგორ დაატარებდნენ მას ქალაქ-ქალაქ და როგორ გახადეს მსოფლიოს დასაცინად. გაიხსენეთ კამალა ჰარისი, რომელიც თავისი გონებრივი გაქანებით კოლეჯის პედაგოგადაც კი ვერ იმუშავებდა, ამ დროს, ამერიკელებს პრეზიდენტობის კანდიდატად შესთავაზეს. შეხედეთ დონალდ ტრამპს – თუ როგორ ექცევიან პატრონები, დღეს ერთს ათქმევინებენ, ხვალ სრულიად საპირისპიროს, ხან გრენლანდიის აღებით იმუქრება, თან ნობელის პრემიას ითხოვს მშვიდობის დარგში და თან ირანს ბომბავს. ალაპარაკეს რომ ყველა ომს 3 დღეში დაასრულებდა, მისი მოსვლის შემდეგ კი 5 ახალი ომი დაიწყო. ცხადია, ამ მასკარადის მიზანიც საზოგადოების თვალში პოლიტიკოსების, სახელმწიფოს ცნების დაკნინება და მმართველობის ახალი ფორმის, კორპორაციული მმართველობის შემოღებაა“, – აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

ვერც „ლელოს“ და ვერც ALDE-ს წარმომადგენლებს ვერ ჩამოხსნიდი დღის წესრიგიდან, ტელევიზიებიდან და სააგენტოებიდან – გურამ მაჭარაშვილი

x

ALDE-ს დუმილი ანაკლიის პორტის საქმეზე, ხაზარაძე-ჯაფარიძის მორიგ მარცხთან დაკავშირებით – „ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ ამ დრომდე არ გამოხმაურებია ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებას. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ALDE-ს დუმილი იმის ფონზე, რომ ის ხაზარაძე-ჯაფარიძის საკითხებს მაშინვე ეხმიანებოდა, ორმაგი სტანდარტის მანიშნებელია.

„დავუშვათ თეორიულ დონეზე, რომ ამ საარბიტრაჟო სასამართლოს საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგო განცხადება მიეღო. ვერც „ლელოს“ და ვერც ALDE-ს წარმომადგენლებს ვერ ჩამოხსნიდი დღის წესრიგიდან, ტელევიზიებიდან და სააგენტოებიდან. ALDE, რომელიც არის დიდი ლიბერალურ-დემოკრატიული ალიანსი ევროკავშირში და რომლის წევრიც არის „ლელო“, დღეს ჩირგვებშია შემძვრალი პირდაპირი გაგებით. მისი წევრი პარტიის წარმომადგენელი დამარცხდა თავისივე ქვეყნისა და ხალხის წინაშე. აი ეს არის პირდაპირი ორმაგი სტანდარტები“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სურვილის შემთხვევაში, ამ დღეს ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთებას შეძლებთ, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გარშემომყოფებისთვის. დროა, თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა, ცოდნა და გამოცდილება ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გამოიყენოთ. ამაში კარგად გამოცდილი საიმედო მოკავშირეები დაგეხმარებიან. პრობლემების დროს შინაგან ხმას უსმინეთ და სწორ გამოსავალს გიკარნახებთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და უმნიშვნელო წყენა დიდ დაპირისპირებად არ აქციოთ.

კურო

დილა საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ ეს გაღიზიანების მიზეზი არ უნდა გახდეს. ახლობლებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა. სავარაუდოდ, უსიამოვნებები დიდხანს არ გაგრძელდება და მალე დაივიწყებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად ჩამოაყალიბოთ საკუთარი იდეები, სანამ სხვებს გაუზიარებთ.

ტყუპები

ურთიერთობების თვალსაზრისით რთული დღეა. გირჩევთ მნიშვნელოვან საკითხებში მხოლოდ საკუთარ თავს არ დაეყრდნოთ – დახმარება იქიდან მოვა, საიდანაც არ ელოდით. თუ გარშემომყოფთა აზრი მეტისმეტად გაწუხებთ და ცდილობთ ყველას მოეწონოთ, ეცადეთ დახმარების თხოვნაზე უარით არავის უპასუხოთ. თუ მარტოხელა ხართ, მოსალოდნელია ახალი, საინტერესო ნაცნობობა ან სამსახურებრივი რომანი, რომელიც სასიამოვნო ემოციებს მოგანიჭებთ.

კირჩხიბი

დილა ძალიან ნაყოფიერი იქნება – რამდენიმე საათში იმდენს მოასწრებთ, რამდენსაც ზოგჯერ მთელი დღის მანძილზე ვერ ახერხებთ. შემთხვევით გაცნობილი ადამიანი შეიძლება პროფესიულ წინსვლაში დაგეხმაროთ. მოსალოდნელია საქმიანი მგზავრობა რომანტიკული ელფერით. სჯობს, დიდი ხარჯებისგან თავი შეიკავოთ – ახლა ნაჩქარევი და გაუმართლებელი შენაძენებისთვის საუკეთესო დრო არაა. ეცადეთ კონფლიქტები თავიდან აიცილოთ – თუ ვინმეს აწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოიბოდიშოთ.

ლომი

პროფესიული თვალსაზრისით წარმატებული დღეა. თქვენი რჩევები სასარგებლო იქნება, გადაწყვეტილებები – საუკეთესო. გირჩევთ, მიმდინარე საკითხებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. შეადგინეთ სამოქმედო გეგმა, რათა მთავარი საკითხები არ გამოტოვოთ და ეტაპობრივად მიჰყევით. რთული და მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება უმჯობესია სამომავლოდ გადადოთ და უკვე დაწყებული საქმის დასრულებაზე იზრუნოთ. გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ახალი პოზიციის დახმარებით საჭირო გამოცდილება მიიღოთ.

ქალწული

ამ დღეს რომანტიკული განწყობა პროფესიულ საქმიანობაში ხელს გიშლით, ამიტომ ეცადეთ, მუშაობისთვის განეწყოთ და მეტი იაქტიურეთ. შეგიძლიათ, მომავლის გეგმები შეადგინოთ, შესაძლებლობები შეაფასოთ და სამომავლო პერსპექტივები შეისწავლოთ. ამჟამად როგორც საკუთარ შესაძლებლობებს, ისე მთლიან სიტუაციას რეალურად აფასებთ, რაც სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. ოჯახში გულწრფელი საუბარი დაძაბულობას განმუხტავს და ურთიერთობებს გააუმჯობესებს.

სასწორი

ეს დღე სავსეა მოულოდნელობებით. წინასწარ შედგენილი გეგმის განხორციელება რთული იქნება – შექმნილი გარემოება თქვენგან იმპროვიზაციას მოითხოვს. შესაძლოა, დახმარება იმ ადამიანისგან მიიღოთ, ვისგანაც არ ელოდით. ეს დღე დაგეხმარებათ გააცნობიეროთ, სინამდვილეში რა გჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება დიდი ხნის უნახავ ახლობელს შეხვდეთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

მორიელი

თუ დროს დავასა და უაზრო საუბრებში არ დაკარგავთ, დღე სასიამოვნოდ ჩაივლის. უმჯობესია მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ, რადგან ამ დღეს თქვენთვის არავის სცალია. თუ დახმარება მაინც დაგჭირდათ, მხოლოდ იმ ადამიანებს მიმართეთ, ვისაც ნამდვილად ენდობით. შესანიშნავი დროა ახალი ცოდნისა და უნარების ასათვისებლად.

მშვილდოსანი

სასიამოვნო დამთხვევებითა და პოზიტიური მოვლენებით სავსე დღეა, რაც კარგ განწყობას შეგიქმნით. მოსალოდნელია შეხვედრა დიდი ხნის უნახავ, მონატრებულ ადამიანებთან. სავარაუდოდ, საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. ახლა მთავარია, დაწყებული საქმის დროულად დასრულება შეძლოთ. დროა, ახალი მოკავშირეები ეძებოთ – სავსებით შესაძლებელია, როგორც მეგობარი, ისე საყვარელი ადამიანიც იპოვოთ.

თხის რქა

ვარსკვლავების მხარდაჭერა ზურგს გიმაგრებთ და ეს ბევრი საკითხის მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოთ. საზოგადოებრივ საქმეებში, კონფერენციებსა და მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობა სასარგებლო იქნება. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ნაცნობებს დაეხმაროთ და ახლობლებს მხარი დაუჭიროთ. დღის ბოლოს მიიღებთ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ.

მერწყული

გირჩევთ, დილის საათები პირადი საკითხების მოსაგვარებლად გამოიყენოთ. სამსახურში მოსალოდნელია ახალი მოვალეობები და საქმიანობის ასპარეზის გაფართოება. სამომავლო გეგმები საიდუმლოდ შეინახეთ – გამორიცხული არ არის, რომ კონკურენტმა თქვენი იდეა მიითვისოს. დღის მეორე ნახევარში ყურადღების მოკრება გაგიჭირდებათ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას, რადგან შეიძლება მნიშვნელოვანი რამ გამოგეპაროთ.

თევზები

მზად იყავით, რომ ამ დღეს შედეგის მისაღწევად ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევა მოგიწევთ. ისეთი განცდა გაქვთ, თითქოს მთელმა სამყარომ თქვენ წინააღმდეგ პირი შეკრა. მდგომარეობა საღამოსკენ გაუმჯობესდება, თუმცა, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება არასასურველია. უახლოესი დღეების ამოცანაა, კომპრომისი იპოვოთ და სერიოზული კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. ფრთხილად იყავით მგზავრობისას – შესაძლებელია, მნიშვნელოვანი რამ გამოგეპაროთ.

როგორი ამინდი იქნება 4 აგვისტოს საქართველოში

4 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რეგიონში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა.

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +30 – წვიმა

სოხუმი +30 – უმეტესად ღრუბლიანი

ზუგდიდი +31 – უმეტესად ღრუბლიანი

მესტია +28 -მზიანი

ფოთი +29 – უმეტესად მზიანი

ბათუმი +28 – წვიმა

ოზურგეთი +29 – წვიმა

ქუთაისი +32 – უმეტესად მზიანი

ამბროლაური +33 – მზიანი

ახალციხე +25 – მზიანი

ბორჯომი +29 – უმეტესად მზიანი

ბაკურიანი +27 – მზიანი

გორი +36 – მზიანი

ცხინვალი +33 – მზიანი

სტეფანწმინდა +26 – მზიანი

გუდაური +22 – მზიანი

თელავი +34 – მზიანი

რუსთავი +39 – მზიანი

თბილისი +37 – მზიანი

,,რუსეთ-უკრაინის ომში ერთადერთი, ვისაც გადარჩენის არანაირი შანსი არ დაუტოვეს – ევროკავშირია”- დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ანალიტიკურ მიმოხილვას აქვეყნებს, რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო სამომავლო შედეგებზე მსჯელობს.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში ერთადერთი, ვისაც გადარჩენის არანაირი შანსი არ დაუტოვეს – ევროკავშირია.

„როდესაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აანონსებს აგვისტოს ბოლოს სტამბოლში სამი ლიდერის (ტრამპი-პუტინი-ზელენსკი) სავარაუდო შეხვედრას, უდიდესი ალბათობით, ეს განუხორციელებელი ამბავი, უბრალოდ, პოლიტიკური მნიშვნელობის განცხადებად ჩავთვალოთ. ამაზე გაცილებით დიდი ალბათობაა სექტემბერში სხვა სამი ლიდერის (ტრამპი-სი ძინპინი-პუტინი) შეხვედრისა პეკინში, რაც უკვე შერაცხეს „იალტა-2-ის“ მნიშვნელობის მოვლენად. მის ხორცშესხმას სულ „მცირე დეტალი“ აკლია – ვინ იქნება არჩეული „განტევების ვაცად“, ვინაიდან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მონაწილე არცერთ ფიგურანტს ამ ეტაპზე საკუთარი მიზნები და ამოცანები ბოლომდე მიყვანილი არა აქვს, ამიტომ რომელიღაც მხარის დამარცხება ხელოვნურად უნდა დაჩქარდეს. განვიხილოთ, ვინ იქნება ეს „განტევების ვაცი“, რომლის პოზიციაზე ნომინაცია უკვე თავის კულმინაციას უახლოვდება.

ვარიანტი 1

„განტევების ვაცი“ უკრაინაა – ამ სცენარის განვითარების „საგზაო რუკა“: ტრამპი (სი ძინპინთან და პუტინთან ერთად) იწყებს მოლაპარაკებებს ახალ მსოფლიო წესრიგზე; რუსეთი მყარად აკონტროლებს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებს; აშშ ევროკავშირს თამაშიდან გამოთიშავს, რის გამოც ისინი „გატეხილი ღარის“ მდგომარეობაში რჩებიან და ამერიკულ გაზსა და იარაღზე არიან დამოკიდებულნი; ჩინეთი შუამავლის როლს ასრულებს და თავის ბონუსებს ტაივანის სახით, მისთვის „სპეციალური სტატუსის“ მინიჭების გზით იღებს.

ამ სცენარით: აშშ აძლიერებს თავის კონტროლს ევროპაზე; რუსეთი ყინავს ფრონტის ხაზს საკუთარი პირობებით; ჩინეთი ირგებს მშვიდობისმყოფელის სტატუსს და დე ფაქტო (ნაწილობრივ მაინც) აღადგენს თავის იურისდიქციას ტაივანზე. ეს სცენარი იმით არის რეალისტური, რომ ამ ომით ყველა გადაღლილია და იზრდება მხოლოდ რესურსების ჭარბი და ფუჭი (უკრაინული კორუფციის გათვალისწინებით) მოხმარება. მაგრამ, ასეთი „სამშვიდობო პაქტისთვის“ აუცილებელია ზელენსკის რბილად მოშორება − სულ ცოტა, პოლიტიკური გზით. ამის ალბათობა მოკლევადიან პერსპექტივაში (1-2 წლის განმავლობაში) საკმაოდ მაღალია.

ვარიანტი 2

„განტევების ვაცი“ ევროკავშირია – ამ სცენარის განვითარებაში უკრაინა მხოლოდ ფონია: აშშ და დიდი ბრიტანეთი გაჭიანურებული კონფლიქტის გზით საბოლოოდ ანადგურებენ გერმანიის ინდუსტრიას, ანულებენ საფრანგეთის ამბიციებს და ევროკავშირს „ვასალად“ აქცევენ. ამის მკაფიო მაგალითი დავინახეთ შოტლანდიაში, ტრამპის „გოლფ კლუბში“ გამართულ შეხვედრაზე ურსულა ფონ დერ ლაიენთან, სადაც მოხდა ამ უკანასკნელის პოლიტიკურად „გაუპატიურება“ და ევროკავშირის ცინიკური „გაროზგვა“. ამ ყველაფერს დიდი ალბათობით მოჰყვება ფერმერების ფართო პროტესტი, მიგრანტების ჯანყი, საყოველთაო გაფიცვები, ინდუსტრიული საწარმოო ხაზების გაჩერება, სოციალური აფეთქებები, ენერგეტიკული კრიზისი და ა.შ. ეს ყველაფერი უკვე დუღილის წერტილამდეა მიყვანილი. ევროკავშირი, ფაქტობრივად, უკვე დღეს არის ორ ბლოკად დაყოფილი: „აშშ-ის ვასალებად“ (პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები) და „ევროსკეპტიკოსებად“ (უნგრეთი, იტალია, სლოვაკეთი).

ვის ინტერესებში შედის აღნიშნული სცენარის განვითარება: დიდი ბრიტანეთი იბრუნებს თავის გავლენას კონტინენტზე, როგორც „ალტერნატიული ცენტრი“; აშშ საბოლოოდ ატყვევებს ევროპას სამხედრო და ენერგეტიკული დამოკიდებულების გზით; რუსეთი დასავლეთ საზღვარზე უფრო სუსტ მოწინააღმდეგეს იძენს. ეს სცენარიც საკმაოდ რეალისტურია, ვინაიდან ევროკავშირი არ არის ერთსულოვანი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერი ახალი კრიზისი (მაგალითად, მიგრაციის ზრდა ან ეკონომიკური ვარდნა) დააჩქარებს გარდაუვალ კოლაფსს. ამ პერსპექტივების ალბათობა 2027 წლამდე საკმაოდ მაღალია.

ვარიანტი 3

„კონტროლირებადი ქაოსი“, სადაც „განტევების ვაცი“ ყველაა, მათ შორის რუსეთიც და უკრაინაც. მისი ძირითადი არსია: ომის გაგრძელება განზრახ არის გაჭიანურებული ყველას დასასუსტებლად, ხოლო ოლიგარქიული კორპორაციები და დახურული ელიტები („დიფ სთეითი“) აგრძელებენ კლანურ გამდიდრებას ამ გლობალური ქაოსიდან: უკრაინა რჩება „ხორცსაკეპ მანქანად“, რუსეთი რესურსებს ფლანგავს, ევროპა კრიზისებში იხრჩობა. რამდენიმე წელიწადში ეს ყველაფერი ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნამდე მიგვიყვანს, სადაც „გამარჯვებული“ ქვეყნების ნაცვლად ახალი გლობალური სტრუქტურები გაიმარჯვებენ ციფრული ვალუტებით, ტრანსნაციონალური ბლოკებით და ტექნოკრატიული კორპორაციული მმართველობით.

ამ სცენარის განვითარებით დაინტერესებული არიან: ტრანსნაციონალური კორპორაციები; აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი; გლობალური ბანკირები; ჩინეთი, რომელიც სათავისოდ ხელსაყრელ დროს ელოდება და ეკონომიკურ ქსელებს ავითარებს. ეს სცენარი წინა ორზე უფრო რეალისტურია, ვინაიდან ომის დასრულებას არცერთი მთავარი მოთამაშე არ ჩქარობს, რადგან ამ ომს ფული, გავლენების გაძლიერება და კონტროლის გაფართოება მოაქვს.

ამ სამივე განხილულ ვარიანტში გამარჯვებული გამოვა: აშშ − თუ მას შეუძლია შიდა სტაბილურობის შენარჩუნება და ფულის ბეჭდვის გაგრძელება, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მაქსიმალურად ამოქმედების ჩათვლით; ჩინეთი − თუ დაელოდება მომენტს, როდესაც დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთს გამოფიტავენ; რუსეთი − თუ მას შეუძლია გაუძლოს ეკონომიკურ ზემოქმედებას და ფრონტის ხაზზე „უკან დახევის გარეშე“ გამაგრდეს. ერთადერთი, ვისაც ამ ომში გადარჩენის არანაირი შანსი არ დაუტოვეს − ევროკავშირია, თუ, რა თქმა უნდა, ის საქართველოს სავიზო რეჟიმს არ გაუუქმებს. ეს, რა თქმა უნდა, შავი იუმორით, რეალურად კი, მას, პრაქტიკულად, არანაირი შანსი არ აქვს იმავე ფორმატში დარჩეს, როგორშიც ახლაა და მისი ტრანსფორმირება „ევროსაბჭოთა კავშირიდან“ ახალ ევრო СНГ (დსთ) კონფიგურაციაში მხოლოდ დროის საკითხია“, – წერს დავით ქართველიშვილი.