Home Blog Page 5

2024 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ გამოწვევას კვლავ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული პროცესი წარმოადგენდა -სუს-ის ანგარიში

2024 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ გამოწვევას კვლავ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული პროცესი წარმოადგენდა, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გასული წლების მსგავსად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, სხვა დესტრუქციულ აქტივობებთან ერთად, განაგრძობდა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის სამხედრო წვრთნას.

„2024 წელს უმნიშვნელოვანესი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ (ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე), რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თანამდევი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხებოდა და პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებდა.

ერთ-ერთ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ეფექტური კონტროლის განხორციელების შეუძლებლობის მიუხედავად, ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებულ რეგიონში პირთა საკუთრების უფლების დასაცავად ყველა შესაძლებელი და გონივრული ღონისძიება გაატარა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს მის ხელთ არსებული მექანიზმებისა და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გასათავისუფლებლად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას განაგრძობს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE), ევროპის საბჭოს (CoE) და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) წარმომადგენლებთან“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

“ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი ნაბიჯების გადადგმით და არჩევნების გზით მიიღო და არა სხვა სახის ქმედებებით” -ირაკლი ქადაგიშვილი

x

ამ ქვეყანაში კანონები არსებობს, რომელებიც დემოკრატიულია, ამიტომ როცა გინდა, კანონის დარღვევა იმით გაამართლო, რომ რაღაც გეკუთვნის, რადგან ოპოზიციაში ხარ და რაღაცას აპროტესტებ, ეს ასე არ გამოვა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ კეთილი ინებოს და კანონის მიხედვით იმოქმედოს.

„„ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი ნაბიჯების გადადგმით და არჩევნების გზით მიიღო და არა სხვა სახის ქმედებებით. ამიტომ ოპოზიციამ კეთილი ინებოს და გაითვალისწინოს, რომ კანონის დარღვევა და საბოტაჟის შენიღბვა რაღაც ლოზუნგებით გამართლებული არ არის და მიზანს ვერ მიაღწევენ. პროკურატურა კანონის მიხედვით მოქმედებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ღირსეულად, ჩვენი ტრადიციებით, კულტურით, იდენტობით გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა -ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ავნონ, თუმცა ქვეყანა მაინც მყარად დგას და განვითარებას აგრძელებს.

„ქვეყნის მავნებლები და უსამშობლოები საქართველოს წინააღმდეგ ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც მყარად ვდგავართ და ყველანაირ წარმატებას ვაღწევთ. ევროკავშირის გაცხადებული პოზიციის თანახმად, რომ 2030 წელს მისი გაფართოება მოხდება, ამ დროისთვის საქართველო ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს შორის. ჩვენ ყველა ძირითადი მონაცემით უკვე ვასწრებთ კანდიდატ ქვეყნებს და მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გვიწინასწარმეტყველა, რომ ის უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, რაც ბოლო წლებია, გვაქვს, 2030 წლის ჩათვლით გაგრძელდება და დიდი ალბათობით, საქართველო მაღალ შემოსავლიანი ქვეყნების რანგში გადავა. შესაბამისად, ჩვენ ყველაზე მომზადებული ვიქნებით და ღირსეულად, ჩვენი ტრადიციებით, კულტურით და კეთილდღეობით, ჩვენი იდენტობით ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სუვერენიტეტი და იდენტობა შევინარჩუნოთ, რასაც „ქართული ოცნება“ წლებია, ვახერხებთ და ყოველთვის ვიქნებით ქვეყანაში ამის გარანტი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მიხეილ ყაველაშვილი ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებებზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურის საკითხებზე.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ თბილისმა უმასპინძლა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სამმხრივ შეხვედრას და იმედი გამოთქვა, რომ რეგიონის კეთილდღეობისთვის ამ ფორმატში თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო გამოხატავს მზაობას, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ დიალოგსა და თანამშრომლობას.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პროკურატურა რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

x

საქართველოს პროკურატურა რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს „ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკება“.

უწყების განმარტებით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება.

„საქართველოს პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2025 წლის 17 მარტს ყადაღა დაედო „ნანუკას ფონდი“-ს „ფროსფერითი“-ს, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, „სირცხვილია“-ს და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში, ისევე როგორც სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში.

სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოუკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პარტიის თავმჯდომარის საკითხი არის ყრილობის გადასაწყვეტი – პროცედურები დავიწყეთ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ყრილობის თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თავდაპირველად ჩატარდება რეგიონული კონფერენციები და შემდეგ გაიმართება „ქართული ოცნების“ ყრილობა.

„არის პროცედურები, რომლის შედეგადაც ხდება ყრილობის მოწვევა, შემდეგ ყრილობაზე გადაწყვეტილებების მიღება. ყრილობის თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის. თუმცა, ჩვენ პროცედურები დავიწყეთ და ვფიქრობ, ყრილობის მოწვევა მალევე იქნება შესაძლებელი. ‘

რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის საკითხს, ეს არის ყრილობის გადასაწყვეტი საკითხი, ამიტომ არასწორია, ამაზე წინასწარი კომენტარები გაკეთდეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილება თუ არა პარტიის თავმჯდომარის კანდიდატებად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი, კახა კახაძე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკითხი, რომელიც პოლიტსაბჭომ და ყრილობამ უნდა გადაწყვიტოს, მასზე წინასწარ საუბარი კორექტული არ იქნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სავარაუდოდ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არის ჩხრეკები – შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ვიცით, რომ პროკურატურა იძიებს სხვადასხვა საქმეს. ამაზე მე დეტალურად ვერაფერს გეტყვით, იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდოდ, ამ გამოძიების ფარგლებში არის ჩხრეკები, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

„ჩვენ არ დავივიწყოთ, რომ შარშან დეკემბერში იყო მცდელობა პარლამენტის შტურმისა, იყო ძალადობის ბევრი ფაქტი, მათ შორის იყო პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციელზე თავდასხმა. ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი მათ შორის წახალისებული გარედან იყო. ისიც ვნახეთ, რომ როდესაც შესაბამისმა სტრუქტურებმა იმ პარტიების თუ დაჯგუფებების ოფისებიდან ამოიღო სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები, ზუსტად იმ მომენტიდან შეწყდა ძალადობა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობა, პოლიციელებზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით თავდასხმა. ასე რომ, მაშინაც ეფექტიანად იმუშავა ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურამ. რაც შეეხება დღევანდელ საკითხს, ამაზე მე დეტალურად ვერაფერს გეტყვით, იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდოდ, ამ გამოძიების ფარგლებში არის ჩხრეკები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული სურათი.

„როგორც შევიტყვეთ, ეს არის პროკურატურის მიერ გამოძიების წარმოების პროცესში ჩატარებული ჩხრეკები, რომელიც მიმდინარეობს კანონიერი პროცედურების შესაბამისად. ჩვეულებრივი პროცედურაა, რომელიც მნიშვნელოვანია პროკურატურამ ჩაატაროს, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის მოლოდინია, რომ ის გამოძიებები, რომელიც მიმდინარეობს, ამ გამოძიებებს ექნება სრული სურათი და პასუხი ჩვენი საზოგადოებისთვის. ვხედავთ ჩვენ ცალსახად, რომ არის მცდელობა გარედან მოაწყონ დესტაბილიზაცია, შეეცადონ არადემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლას, ამიტომ პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი ქართველ ხალხს. ეს არის მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯები იმ მხრივ, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი რასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინის ანკესიდან თავისუფლდება – The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინის ანკესიდან თავისუფლდება“ (ავტორი – ჰემიშ ბრეტონ-გორდონი), რომელშიც კომენტირებულია რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამდღიანი დაზავების გამოცხადების შესახებ (8 მაისის დილის 07 საათიდან 10-11 მაისის 00 საათამდე) , გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ითვლება თუ არა რუსეთის ბოლო განცხადება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, 9 მაისთან დაკავშირებით, მორიგ უაზრო ჟესტად? შესაძლოა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება მიმართულია აშშ-ის პრეზიდენტის დასამშვიდებულად, რომელმაც, როგორც ჩანს, კრემლის დიქტატორთან მეგობრობა შეწყვიტა? ანდა მართლაც გულწრფელი განზრახვაა და მცდელობა იმისა, რომ საბოლოოდ დასრულდეს სისხლისღვრა უკრაინაში? რა თქმა უნდა, ყველას იმედი გვაქვს, რომ რუსეთის პრეზიდენტს გულწრფელად უნდა ომის დასრულება, მაგრამ ბევრი რამ ძალიან საეჭვოდ გვეჩვენება.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ბოლო პერიოდში ისეთი წინააღმდეგობრივი მოვლენები ხდება, რომ მათ ფონზე რთულია რუსეთის პოლიტიკის გამოცნობა.

პირველი – კრემლმა გამოაცხადა, რომ კურსკის ოლქი მთლიანად დაიბრუნა და აკონტროლებს. ეს ნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაკარგა თავისი ერთ-ერთი საკვანძო კოზირი, ვლადიმერ პუტინმა კი უპირატესობა მიიღო. შესაბამისად, კრემლს პოლიტიკური ვაჭრობის მეტი შესაძლებლობა გაუჩნდა.

მეორე საყურადღებო მომენტია მოსკოვში, ორი დღის წინ მომხდარი რუსი გენერლის მკვლელობა – თანაც კრემლთან ძალიან ახლოს, რაც ნიშნავს, რომ უკრაინის სპეცსამსახურები მოსკოვში თავისუფლად მოქმედებენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა „შეშინებულია“. კრემლი მიანიშნებს, რომ უკან იხევს და მშვიდობის სურვილს ამჟღავნებს.

მესამე – რომის პაპის დაკრძალვამდე ისე ჩანდა, რომ უპირატესობა ვლადიმერ პუტინის მხარეს იყო. ამას ადასტურებდა დონალდ ტრამპის სპეციალური დესპანის სტივ უიტკოფის მოქმედებაც, რომელიც ვლადიმერ პუტინის მიმართ კეთილად იყო განწყობილი, ვოლოდიმირ ზელენსკის კი პირიქით, ემუქრებოდა. მაგრამ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამ, დონალდ ტრამპისათვის, ალბათ, „დამასკოს გზის“ როლი შეასრულა (ბიბლიური პავლე მოციქულის მსგავსად, რომელიც ქრისტიანებს დევნიდა. დამასკოსაკენ მიმავალ გზაზე პავლეს მოულოდნელად ზეციდან საყვედურის ხმა ჩაესმა და დაბრმავდა, შემდეგ კი, როცა მას ქრისტიანმა ანანიამ უმკურნალა, პავლემ უფლის ძალა ირწმუნა და ქრისტიანად მოინათლა). ამრიგად, დონალდ ტრამპს „გონება გაუნათდა“ და ის უფრო ხისტად იმოქმედებს, რაც კრემლისათვის არასასურველია. რუსეთი იძულებულია ითვალთმაქცოს და ამ ეტაპზე სამაისო დაზავება გამოაცხადოს

მაგრამ სინამდვილეში ვლადიმერ პუტინისადმი ნდობის საფუძველი ძალიან მცირეა.

ბოლოსდაბოლოს, გავიხსენოთ, რომ რუსეთი დათანხმდა 1994 წელს, ბუდაპეშტის მემორანდუმით, უკრაინის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება დაეცვა, მაგრამ თვითონ დაარღვია დოკუმენტის პირობები. რუსეთმა ასევე დაარღვია როგორც შავ ზღვაზე 30-დღიანი დაზავება, ასევე სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტაც, როცა უკრაინის ქალაქი სუმი დაბომბა და მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი გამოიწვია. ვლადიმერ პუტინი საკუთარ თავს ქრისტიანად და მორწმუნედ ასაღებს, სინამდვილეში კი არაქრისტიანულად მოქმედებს. სწორედ მისი ბრძანებით იქნა გამოყენებული სოლსბერიში ქიმიური იარაღი, რუსი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის განადგურების მიზნით. კრემლი არც დაფიქრებულა იმაზე, რომ იმ ნივთიერებით შეიძლებოდა ათასობით ადგილობრივი მცხოვრები მოწამლულიყო, ანუ ვლადიმერ პუტინს პირადი მიზნების მისაღწევად ადამიანების ბედი არ აღელვებს.

დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ არ არის გამორიცხული, ვლადიმერ პუტინზე გავლენას ახდენს საზოგადოებრივი მოძრაობა „რუსეთის დედების“ ომის საწინააღმდეგო საქმიანობა. ვინ-ვინ და რუსეთის პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რომ სწორედ რუსმა დედებმა აიძულეს 1988-89 წლებში საბჭოთა მთავრობა ავღანეთიდან ჯარები [სამარცხვინო დამარცხების ფონზე] გამოეყვანა. არადა, იმ ომში მოსკოვმა მხოლოდ 17 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, უკრაინაში კი ბევრად მეტს კარგავს. ბევრი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინს ეკისრება პასუხისმგებლობა დაახლოებით მილიონი რუსი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა-დასახიცრების გამო. შესაძლოა ხელისუფლების მიერ კონტროლირებული რუსული მასმედიაც კი მივიდა დასკვნამდე, რომ მსხვერპლის დიდი რაოდენობის დამალვა უკვე აღარ შეიძლება.

ევროპელი სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთის არმიის მდგომარეობა თავის კულმინაციურ წერტილს უახლოვდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის ჯარები „სულს ვეღარ ითქვამენ“. იმის გათვალისწინებით, რომ დონალდ ტრამპი ბოლო დროს სულ უფრო იხრება ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერისაკენ, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, სანამ დრო მის სასარგებლოდ მუშაობს, მანამ შეწყვიტოს ომი, რაც დიდ გამარჯვებად მოინათლება. საწინააღმდეგო შემთხვევაში მას ავღანეთის პრეცედენტის გამეორება ელოდება.

ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინის ბოლო „სამშვიდობო-საზავო“ განცხადება მის ერთგვარ მცდელობას წარმოადგენს, რომ დონალდ ტრამპი ანკესზე ჰყავდეს წამოგებული და მარჯვედ ახერხებდეს მის მანიპულირებას. შესაძლოა, ვცდები, მაგრამ ამის რეალური საფუძველი არსებობს.

წყარო

დარბევიდან მეორე დღეს, ეკლებით შემოვღობეთ მწერალთა კავშირი, ეს იყო ჩვენი აქცია, რომ ვარდების რევოლუციიდან მხოლოდ ეკლებიღა დარჩა – მაყვალა გონაშვილი

პოლიციამ [მწერალთა კავშირის დარბევიდან] მეორე დღეს, რკინის ღობე შემოარტყა მწერალთა კავშირს, მთელმა თბილისმა გაიგო ეს, ისმის ადამიანების საშინელი ხმები, – ასე იხსენებს პოეტი მაყვალა გონაშვილი მწერალთა კავშირში „ნაცმოძრაობის“ დროს განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

მისი თქმით, მწერალთა კავშირის დარბევიდან მეორე დღეს, თანამოაზრეებთან ერთად ჩაატარა აქცია და მწერალთა კავშირის შენობას ეკლები შემოავლო გარს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვარდების რევოლუციიდან მხოლოდ ეკლები დარჩა.

„პირველი რაც მოვიფიქრე, ყვავილების გამყიდველებთან გავიქეცი, ვთხოვე, ძველი, დამჭკნარი ვარდები თუ გაქვთ მომეცით – მეკითხებიან, რად გინდა ძველი ვარდები და ავუხსენი, ასეთი ამბავი რომ მოხდა და ამ ქალებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ მხოლოდ ამ ყვავილების გაყიდვით, უეცრად მოიტანეს მაკრატლები, ყველამ მოაჭრა თავები ახალთახალ ვარდებს და ეკლების უშველებელი თაიგული გამომატანეს – ასე შემოვღობეთ მწერალთა კავშირი, ეს იყო ჩვენი აქცია და ვთქვი, რომ ვარდების რევოლუციიდან მხოლოდ ეკლებიღა დარჩა“, – აღნიშნა მან.

გონაშვილმა ასევე წაიკითხა ჭაბუა ამირეჯიბის მიერ მისთვის გამოგზავნილი ხელნაწერი, რომლითაც მხარდაჭერას უცხადებდა.

„ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი უკვე ისე იყო, რომ ვერ მოდიოდა ჩვენთან მიტინგებზე, ამიტომ, წერილებს ყოველდღე მიგზავნიდა, ხელნაწერი მაქვს მისი და ასეთ რამეს მწერდა: “მაყვალა, გენაცვალე, მოგეხსენება, ცხოვრება ბრძოლაა და ქვეყანაზე ცუდი კაცები ჭარბობენ. ეგენი არ გაახარო შვილო. ათონის მონასტრის ფილაქანზე ამოტვიფრული, იდექი მკვიდრად და ურყევად“, – განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.

რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბა – დაიღუპა მცირეწლოვანი ბავშვი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა, რის შედეგადაც ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსეთის სამიზნეს საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა. დაბომბვის შედეგად სახლი ნაწილობრივ ჩამოიშალა. ნანგრევებში რამდენიმე ბავშვი მოყვა.

„ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა თავად გამოიყვანეს ერთი ბავშვი, თუმცა 2012 წელს დაბადებული გოგონა, სამწუხაროდ, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. კიდევ ერთი გოგონა, 2019 წლეს დაბადებული, ჩვენმა მაშველებმა ექიმებს გადასცეს“, – ციტირებს მედია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს.

პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლშიც მივიდნენ

პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლშიც მივიდნენ. ფაქტის ამსახველ ვიდეოს აქტივისტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვიდეოდან ირკვევა, რომ პროკურატურის თანამშრომლები აქტივისტის სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდნენ.

ამასთან, ჩხრეკა მიმდინარეობს ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. ასევე, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის, ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც.

პროკურატურის თანამშრომლები „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლშიც შევიდნენ

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლში პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ.

სახლის ჩხრეკამდე პროკურატურის თანამშრომლებმა ალეკო ცქიტიშვილი ჯერ სახლთან შეაჩერეს და პირადი ნივთები, მათ შორის ტელეფონი ჩამოართვეს, რომელიც დალუქეს.

პროკურატურის თანამშრომლებმა ცქიტიშვილს განუმარტეს, რომ ჩხრეკის პროცედურა სასამართლო განჩინების საფუძველზე ტარდება.

პირადი ჩხრეკის შემდეგ პროკურატურის თანამშრომლებმა ცქიტიშვილს განუმარტეს, რომ ახლა მისი საცხოვრებელი სახლი უნდა შეემოწმებინათ.