Home Blog Page 5

გურამ შარაძე იყო ეროვნული ადამიანი, დაუპირისპირდა სოროსის ფონდს, „თავისუფლების ინსტიტუტს”, „რადიო თავისუფლებას”, „საიას“, „კავკასიურ სახლს” – რუსუდან შარაძე

გურამ შარაძე იყო ეროვნული მოღვაწე, ეროვნული ადამიანი. 1996 წლიდან, დაუპირისპირდა ჯორჯ სოროსს, მის ფონდს, “თავისუფლების ინსტიტუტს”, “რადიო თავისუფლებას”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”, “კავკასიურ სახლს”. არ არსებობდა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომ არ შეხებოდა, – განაცხადა ქართველი მეცნიერისა და ფილოლოგის, გურამ შარაძის შვილმა, რუსუდან შარაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

მისი თქმით, გურამ შარაძე იბრძოდა სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადებისთვის, პასპორტებში ეროვნებისა და მამის სახელის აღდგენისთვის, ისევე როგორც ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებისთვის.

რუსუდან შარაძის განცხადებით, გურამ შარაძე იბრძოდა ეროვნული საგანძურის საზღვრებს გარეთ გატანის წინააღმდეგაც, რომელიც მისი მკვლელობიდან მალევე გაიტანეს, და განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის.

„ის იბრძოდა სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადებისთვის და იმ კაცთმოძულე სექტების წინააღმდეგ, რომლებიც სისხლს არ უსხამენ, დედა შვილს კლავს, შვილი – დედას და ა.შ. ის იბრძოდა პასპორტებსა და დაბადების მოწმობებში ეროვნების და მამის სახელის აღდგენისთვის, იბრძოდა ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებისთვის, თუმცა, მუხლი არსებობდა, მაგრამ რომელიღაც ქვემუხლით არ იყო ამოქმედებული, ასე რომ, საქართველოს ყველა მოქალაქე არ იყო ვალდებული, სცოდნოდა ქართული ენა და ამის წინააღმდეგ იბრძოდა.

რაც მთავარია იბრძოდა 400 ათასი ე.წ. თურქი მესხის საქართველოში ჩამოსახლებისთვის, იყო კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის უშუალო მოვალეობა იყო ეს და იყო წინააღმდეგი და მაშინ არც ერთი თურქი მესხი გარდა კვოტებისა და ქართული სანამ არ ისწავლეს, სანამ არ მოერგნენ აქაურობას, არ მიუნიჭებია მანამდე საქართველოს მოქალაქეობა.

იბრძოდა ეროვნული საგანძურის გატანის წინააღმდეგ, რასაც აპირებდა ვინმე გუროვი, რომელსაც მთელი ჩვენი განძეულობა, ექვთიმე თაყაიშვილმა რაც სისხლით და ოფლით დააბრუნა და ტყუილად აბრალებენ, რომ იქ რაიმე დაკარგული იყო – არაფერი ყოფილა დაკარგული, ის განძი უნდა გაეტანათ და ორი წელი ემოგზაურა ამერიკაში, იქიდან რა ჩამოვიდოდა, ჩვენი მხრიდან პრეზიდენტის გარანტია უნდა ყოფილიყო და იქითა მხრიდან სახელმწიფო კი არა, ვინმე ქორ-ვაჭარი გუროვი. ეს საკითხი წლების მანძილზე გრძელდებოდა, ბოლოს, სასამართლოც მოუგო და არ გაატანა.

როგორც მე მსმენია თავად მუზეუმის თანამშრომლებისგან, მოკლეს თუ არა მამაჩემი, გაიტანა ეს განძი. რაც მთავარია, იბრძოდა განათლების სისტემისთვის. რაც ჩამოვთვალე, ყველაფრის თავი და ბოლო არის სოროსი – სოროსი იყო ამ ყველაფრის დამფინანსებელი, განათლების სისტემა, მეცნიერებათა აკადემია, უნივერსიტეტი ხომ მოსპეს, რამდენი ინსტიტუტი გააუქმეს და თვითონ განათლების სისტემა მოისპო.” – განაცხადა რუსუდან შარაძემ.

უშბაზე ექსპედიციის დროს, მთამსვლელი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა

უშბაზე ექსპედიციის დროს, მთამსვლელი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი Adrenaline ავრცელებს.

„დიდი მწუხარება დაგვატყდა თავს, დღეს შევიტყვეთ ნიკოლოზ ფალიანის ტრაგიკულ დაღუპვის შესახებ უშბაზე ექსპედიციის დროს.

ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში.

მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია როგორც მისი ოჯახის, მეგობრებისა და სვანეთისთვის, ასევე მთელი სპორტის და ტურიზმის საზოგადოებისათვის.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, თანამოაზრეებს, სვანეთს და საქართველოს მთელ საზოგადოებას.

ნიკოლოზის ძალა, სიმამაცე და სიყვარული მთების მიმართ მუდამ დარჩება ჩვენთან. Adrenaline-ის გუნდი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მან პირველი შეხვედრა გამართა აშშ-ში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელ, ხათუნა კვესილავასთან და საქართველოს სამხედრო ატაშესთან, იროდი ქადაგიშვილთან.

შეხვედრაზე განიხილეს ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები, რომელთაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაცია გამართავს. კობა კობალაძის განცხადებით, ვიზიტის მიზანია საქართველოში ვეტერანებისთვის სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დანერგვა და განხორციელება.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივი პროექტების შემუშავებას, რაც გააუმჯობესებს ქართველი ვეტერანების ფსიქო-სოციალურ მდგომარეობას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჭანტურიძე და პროტოკოლის განყოფილების უფროსი მარიამ ადამაშვილი, აშშ-ში საქართველოს სამხედრო ატაშის მოადგილეები, გიორგი დუმბაძე და რომან სანიკიძე. სამსახურის დირექტორი ვიზიტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე შეხვედრას გამართავს.

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

თიბისი კამპუსი განათლების მიღების განსხვავებული და გამორჩეული პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდების მზარდ ცნობისმოყვარეობას, მუდმივი განვითარების სურვილსა და მიზანსწრაფულობას პასუხობს.

თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული 21 წლის საბა კენჭიშვილი გვიზიარებს თავის გამოცდილებას კამპუსში სწავლის შესახებ.

„ვსწავლობ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. პარალელურად, მაინტერესებს კინო და აქტიურად ვარ ჩართული კინემატოგრაფიულ პროექტებში. მოკლემეტრაჟიან ფილმებზე ოპერატორად და სინემატოგრაფად ვმუშაობ ხოლმე. ახლაც ახალ ფილმზე ვმუშაობ. ჩემი სადებიუტო ფილმი – „პალატა 222”, ისეთ საერთაშორისო ფესტივალებზე მოხვდა, როგორებიცაა: Stockholm City Film Festival, Rome Prisma Film Awards, New York Film & Cinematography Awards.

თიბისი კამპუსში ვისწავლე სარეკლამო კონტენტის შექმნა. მინდოდა აღმომეჩინა ჩემი შესაძლებლობები და წვდომა მქონოდა თანამედროვე ცოდნაზე და პრაქტიკულ გამოცდილებაზე. კურსი, რომელიც გავიარე იყო ძალიან ახლოს იყო ჩემს ინტერესებთან: სულ ვეძებ შემოქმედებით მიდგომებს და თანამედროვე პლატფორმებს. ვისწავლე შემოქმედებითი პროცესის სწორად დაგეგმვა იდეის ფორმულირებიდან – რეალიზაციამდე“.

თიბისი ზრუნავს, რომ განათლება ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. კამპუსში სწავლა სრულად უფასოა, ონლაინ ფორმატი კი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მთელი საქართველოდან მიიღონ, ამიტომ სწავლობ და ქმნი იქ, სადაც ხარ.

„ლექტორი ცდილობდა თითოეული ჩვენგანის იდეაში დაენახა პოტენციალი და მაქსიმალურად გაეზარდა ჩვენი თვითგამოხატვის სივრცე. მისგან ვისწავლე, რომ შეცდომა არ არის მარცხი, არამედ შემოქმედებითი პროცესის ერთ-ერთი ეტაპია“.

კამპუსის პირველი ნაკადი 202-მა მონაწილემ წარმატებით დაასრულა, მათი ნაწილი კი სწორედ თიბისი კამპუსის კურსების გავლის შემდეგ დასაქმდა და მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში იყენებს. კამპუსის გაზაფხულის ნაკადზე, მთელი საქართველოდან, ამჟამად 330 ახალგაზრდა სწავლობს. სწორედ მათ ურჩევს საბა, რომ „არ შეგეშინდეს კრეატიული ექსპერიმენტების, იყავი გულწრფელი, თავისუფალი და თამამად ჩართე კამერა“.

ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

მაკრონის ნაპოლეონური ოცნებები – რას წერს გამოცემა Myśl Polska

რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის ყველაზე აქტიურ მომხრედ ითვლება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, – წერს პოლონური გაზეთი „მისლ პოლსკა“ (Myśl Polska – პოლონური  აზრი“) სტატიაში სათაურით „მაკრონის ნაპოლეონური ოცნებები“ (ავტორი – მათეუშ პისკორსკი). პუბლიკაციის მიხედვით, ფრანგი ლიდერი აშკარად უკმაყოფილოა იმით, რომ მისმა  გეგმებმა ევროპის მილიტარიზების თაობაზე შეიძლება აზრი დაკარგოს და, შესაბამისად,  საფრანგეთი ვერ მოახდენს სამხედრო თვალსაზრისით ძლიერ და ძლევამოსილ სახელმწიფოდ დემონსტრირებას. ემანუელ მაკრონს საკუთარი თავი ნაპოლეონ ბონაპარტად წარმოუდგენია და ევროპა უფსკრულისაკენ მიჰყავს.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ემანუელ მაკრონი ზედიზედ აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებშიც ეწინააღმდეგება ნებისმიერ დიპლომატიურ მცდელობას უკრაინის პრობლემის მოგვარების ირგვლივ. სწორედ ემანუელ მაკრონი მოუწოდებს თითქმის ღიად ბირთვული დაპირისპირებისაკენ, როცა აცხადებს – ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ბირთვული რაკეტები უნდა განლაგდესო.

სამხედრო კოალიციის სათავეში

ყველაფერი მარტში დაიწყო. სწორედ მაშინ ემანუელ მაკრონმა თანამოაზრე ევროპელი ლიდერები შეკრიბა და ე.წ. „უკრაინის დახმარების მსურველთა“ სამიტი ჩაატარა. მას სურდა ნებისმიერი სახით ეჩვენებინა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი სოლიდარულნი არიან საფრანგეთთან უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის საკითხში. მოგვიანებით მათ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკიც დაემატა. ამას წინათ ოთხივე კიევში იმყოფებოდა და ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოს ევროპელი წევრების მხარდაჭერა აჩვენეს.

ფრანგი პოლიტიკოსების კომენტარები და ქცევა (საკმარისია გავიხსენოთ საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან ნოელ-ბაროს ნათქვამი „რუსეთის საბოლო მოგუდვის აუცილებლობის“ შესახებ) ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ფრანგების იდეაფიქსი გახდა უკრაინის კონფლიქტის გაგრძელება და დიპლომატიური მოლაპარაკებისათვის ყველანაირი დაბრკოლების შექმნა. პარიზის მიზანი აშკარად გამოიხატება იმით, რომ რუსეთი დასუსტდეს და მისი სამხედრო-ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალი დაზარალდეს. ელისეის სასახლე ამას უკვე აღარ მალავს.

როგორი იქნება ემანუელ მაკრონის შემდეგი ნაბიჯი რუსეთთან დაპირისპირებაში? ეს საკმაოდ გაუგებარია. ძალიან ძნელია იმის დაჯერება, რომ საფრანეთის პოლიტიკური კლასი დარწმუნებულია რუსეთის დამარცხებაში. შესაძლოა მაკრონის გუნდი ფიქრობს, რომ საფრანგეთი, როგორც ევროპის  ყველაზე ძლიერი ბირთვული სახელმწიფო, ისარგებლებს თავისი შესაძლებლობით, ევროპას დარაზმავს რუსეთის წინააღმდეგ, მოსკოვთან ომის ზღურბლზე მიიყვანს, თვითონ კი ბოლო მომენტში პრაქტიკული შეჯახებისგან განზე გადგება და უვნებელი გადარჩება.

მოლაპარაკების წინააღმდეგ

პარიზის განცხადებები მოწმობენ, რომ მაკრონისეული საფრანგეთი აშკარად უკმაყოფილოა სტამბოლში დაწყებული მოლაპარაკებით. როგორც ჩანს, ფრანგი პრეზიდენტი შიშობს, რომ თუ მშვიდობა დამყარდება, მაშინ ელისეის სასახლე ფლაგმანის როლს დაკარგავს ევროპის ძალადობრივ მილიტარიზებაში. როგორც პარადოქსული არ უნდა იყოს, მაკრონის მილიტარიზმს ანტიამერიკული ან უფრო სწორად, ამჟამინდელი რეალიის გათვალისწინებით, ანტიტრამპული განზომილება აქვს. აშშ-ის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტა და დაზავება სურს, მისი ფრანგი კოლეგა კი „ევროპის ბირთვულ ქოლგაზე“ ლაპარაკობს, რომელშიც ფრანგულ ბირთვულ პოტენციალს უპირველესი მნიშვნელობა აქვს და რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული და უკრაინის მფარველობასაც გულისხმობს. ეს არის ომის ესკალაციის პრელიუდია.  შესაძლოა ნატოს გაფართოების ლოზუნგის გარეშე, მაგრამ მისი არსი ამით არ იცვლება.

დასავლური სამხედრო ინფრასტრუქტურის ნებისმიერი სახით მიახლოება რუსეთის საზღვრებთან კრემლის ობიექტურ გაღიზიანებას გამოიწვევს, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როცა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში შემუშავებული ურთიერთკონტროლის მექანიზმი ამჟამად აღარ არსებობს. ეს მშვენივრად იციან დონალდ ტრამპმა და მისმა მოადგილე ჯეიმს ვენსმა – ორივე აკრიტიკებს უკრაინის ნატოს წევრად მიღების იდეას. რა თქმა უნდა, მათ მხარეზეა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ხეგსეთიც, რომელმაც ამას წინათ განაცხადა: „შეერთებული შტატები არ განიხილავს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას როგორც რეალისტურ ნაბიჯად, მიმდინარე მოლაპარკებების ფონზე“. ამრიგად, ან ნატო/მილიტარიზაცია, ან მშვიდობა. არჩევანი მარტივია, თუმცა, როგორც ჩანს, ყველასათვის ნათელი არ არის.

მილიარდები მილიტარიზაციისათვის

800 მილიარდი ევრო – სწორედ ამდენი თანხა იქნება დახარჯული ევროპის გადაიარაღებისათვის უახლოეს რამდენიმე წელიწადში. რა თქმა უნდა, ასეთი რაოდენობის ფული არც ევროკომისიას არ აქვს და მით უმეტეს, არც ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანას, შესაბამისად, გადაიარაღება მოხდება შიდა სახელმწიფო ვალის გაზრდით, რომელიც ისედაც უკვე ყველა საზღვრებს გადასცილდა. ვინ გადაიხდის ამ ვალს? რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასახადის გადამხდელები, ანუ ჩვეულებრივი მოქალაქეები. უკვე ისმის ხმები, რომ ბიუჯეტის ოპტიმიზება უნდა მოხდეს, რაც ნიშნავს სოციალური პოლიტიკის დღევანდელ მოდელზე უარის თქმას და სახელმწიფო სექტორისადმი მხარდაჭერის შეწყვეტას.

ამასობაში კი ევროპისათვის მატულობს იმ საფრთხეების რეალობა, რომლებიც უკრაინის ომის ესკალაციით იქნება გამოწვეული: ზოგიერთი მონაცემით, კონფლიქტის გაგრძელება (როგორც ეს საფრანგეთს სურს) ხელს შეუწყობს იარაღის უკანონოდ შეტანას პოლონეთში და სხვა ქვეყნებში. უკრაინის არმიაში არსებული სუსტი კონტროლის გამო არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ იარაღი ტერორისტული ორგანიზაციების ხელში მოხვდება. ამ საფრთხეებთან ბრძოლა და მათი თავიდან აცილება ძალზე ძვირადღირებულია. სამწუხაროდ, ევროპა იმ ადამიანის წინამძღოლობით, რომელსაც თავი თანამედროვე ნაპოლეონ ბონაპარტად წარმოუდგენია, მტკიცედ მიაბიჯებს პირდაპირ უფსკრულისაკენ.

ძალიან დასანანია, რომ პოლონეთიც იმავე მიმართულებით მოძრაობს. ამის ნეგატიური შედეგი აშკარად ჩანს საპრეზიდენტო არჩევნებითაც, რომელშიც მმართველი პარტიის „სამოქალაქო კოალიციის“ კანდიდატმა რაფალ ტშასკოვსკიმ ხმების სასურველი რაოდენობა ვერ მიიღო და ამიტომ წინ მეორე ტური ელოდება. შესაძლოა ამის მიზეზი ისაა, რომ კიევში  პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მაკრონ-„ნაპოლეონის“ კამპანიის შემადგენლობაში აღმოჩნდა…

წყარო

 იმ სრულიად პროვოკაციულ და ტყუილებით გაჯერებულ კითხვაზე, რომელიც ანტიქართული განწყობებით სავსე ჯო უილსონმა დაუსვა მარკო რუბიოს, საკმაოდ აბსტრაქტული პასუხი იყო გაცემული – დავით მათიკაშვილი 

იმ სრულიად პროვოკაციულ და ტყუილებით გაჯერებულ კითხვაზე, რომელიც ანტიქართული განწყობებით სავსე ჯო უილსონმა დაუსვა მარკო რუბიოს, საკმაოდ აბსტრაქტული და ზოგადი პასუხი იყო გაცემული – ნახსენები არ იყო არც „ქართული ოცნება“ და არც საქართველო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი განცხადებით, მარკ რუბიოს პასუხი ნიშნავს იმას, რომ მთლიანად რეგიონთან და კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით ჩამოუყალიბებელი პოზიციაა და მათი მხრიდან გარკვეული გარემოებებისა და მტკიცებულებების მოკვლევა-მოძიება ხდება.

„საუბარი იყო იმაზე, რომ აშშ იკვლევს კონკრეტულ გარემოებებსა და მტკიცებულებს, ის ეყრდნობა ადგილობრივ ბიუროებს და ისე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი კონტექსტის მოძიებაა, თუ რა კონტექსტში იყო ეს ყველაფერი ნათქვამი, რაზე საუბრობდა მარკ რუბიო მანამდე. როგორც კი დაიწყო მან კითხვაზე პასუხის გაცემა, სწორედ ეს სიტყვები თქვა: „მე როგორც უკვე მოგახსენეთ, როგორც აქამდე ვამბობდი, მოცემულობა, რომ აშშ-მ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს იმ ხელისუფლებაზე, რომელიც ანტიამერიკულია, ეს ბუნებრივია, შეერთებული შტატების ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, როგორც თანამედროვე ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია…“ ეს პასუხი ნიშნავს იმას, რომ მთლიანად რეგიონთან და კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით ჩამოუყალიბებელი პოზიციაა და მათი მხრიდან გარკვეული გარემოებებისა და მტკიცებულებების მოკვლევა-მოძიება ხდება. თუკი ჩვენ ცალსახად შევხედავთ და გავიაზრებთ ისტორიულ ჭრილში ჩვენსა და აშშ-ს შორის ურთიერთობას, აქ რა თქმა უნდა, სულ ტყუილად უხარიათ რადიკალებს, რომლებიც ზეიმობენ ამ განცხადებას…

ბუნებრივია, რომ აშშ-ში ახალ ხელისუფლებას სხვა დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს და ამიტომაც, რეგიონთან მიმართებით ხდება ამ საკითხების მოძიება და მათ არანაირი კონკრეტული და ცალსახა პოზიცია არ აქვთ ჩამოყალიბებული. ამასვე ადასტურებს ელჩის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე. ეს რადიკალების ჟრიამული არის მათი მხრიდან იმ სიტყვების მოსმენა, რომელიც მათ სურთ და არა რეალურად რაც იყო ნათქვამი. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას არამხოლოდ საქართველოსთან, არამედ რეგიონთან მიმართებითაც არ აქვს მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

რასაც საქართველომ მიაღწია ბოლო 25 წლის განმავლობაში, მართლაც მაგალითია, როგორ იყენებს ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობას ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის -ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი

ის, რასაც საქართველომ მიაღწია ბოლო 25 წლის განმავლობაში, მართლაც მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს ქვეყანა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობას ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის, – ამის შესახებ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გაწევრიანების დირექტორატის ხელმძღვანელმა, მაი კოშიკავამ განაცხადა, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ორგანიზაციის შტაბ-ბინაში საქართველოს WTO-ში გაწევრიანების 25 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

„საქართველოსთან თანამშრომლობა 25 წლის წინ დავიწყეთ ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, რადგან საქართველოთი ძალიან ვამაყობთ. ის, რასაც საქართველომ მიაღწია ბოლო 25 წლის განმავლობაში, მართლაც მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს ქვეყანა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობას ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის, შემდეგ კი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის, ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის, რათა გახდეს ერთგვარი ეკონომიკური ჰაბი“, – განაცხადა მაი კოშიკავამ.

როგორც ორგანიზაციის გაწევრიანების დირექტორატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველო არის ტრანსპორტისა და ვაჭრობის ჰაბი და მიზნად ისახავს საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის ცნობადობის გაზრდას.

„რთულია, ისეთივე სამაგალითო სხვა ქვეყანა გაიხსენო, როგორიცაა საქართველო. ასე რომ, მე მაქვს თხოვნა საქართველოსადმი: გთხოვთ, გააზიარეთ თქვენი გამოცდილება, თუ რა სარგებელი მოაქვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობას ქვეყნისთვის, ხალხისთვის, განსაკუთრებით კი გაუზიარეთ მათ, ვინც ჯერ კიდევ გაწევრიანების პროცესშია. რეგიონში ჯერ კიდევ დარჩენილია რამდენიმე ასეთი ქვეყანა“, – აღნიშნა მაი კოშიკავამ.

დათო გამყრელიძე რომ გამოდის და ყვირის, “არა რუსულ კანონს”, ჯობია, მოიკითხოს, მის ოფისში, “ალდაგში” როგორ მონაწილეობდნენ გურამ შარაძის მკვლელობაში -რუსუდან შარაძე

კამერების, ვიდეოთვალის მთავარი დანიშნულებაა, რომ ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით ეყენოს, რომ გაკონტროლდეს ყველა მხრიდან პერიმეტრი. მკვლელობის მომენტში, მელიქიშვილზე, „ალდაგის“ ორივე კამერა ეყენა ერთნაირი მიმართულებით და იყურებოდა ვაკისკენ, – ამის შესახებ აკადემიკოს გურამ შარაძის შვილმა, რუსუდან შარაძემ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ განაცხადა.

რუსუდან შარაძის თქმით, აღნიშნული სათვალთვალო კამერების გარდა, შანიძის ქუჩაზე დამონტაჟებული მესამე კამერა შეტრიალებული იყო საცხოვრებელი კორპუსისკენ, რითაც დამალეს მკვლელის სახე, ვინაიდან, მისივე განმარტებით, გურამ შარაძისთვის სროლის შემდეგ, მკვლელმა სწორედ ამ ქუჩაზე აირბინა.

ამასთან, რუსუდან შარაძე ამბობს, რომ დავით გამყრელიძის კომპანიის, „ალდაგის“ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც 2007 წელს ფუნქციონირებდა, არის გურამ შარაძის მკვლელობის მონაწილე.

„დამალეს მკვლელის სახე, რადგან როდესაც მკვლელი კადრში შემოდის, ის მხოლოდ ზურგიდან ჩანს. ეს შემთხვევით ვერ მოხდებოდა. მესამე კამერა, რომელიც შანიძის ქუჩაზე ეყენა, წესით, სულ მცირე, გზას მაინც ხომ უნდა უყურებდეს, თუ მთელ პერიმეტრს, ტროტუარებით არ უყურებს. ეს კამერა იყო შეტრიალებული ტროტუარისკენ, სადაც სადარბაზოები ჩანს, ამით იმის თქმა მინდა, რომ ზუსტად ამ გზაზე აირბინა მკვლელმა და ის დამალეს. ეს შემთხვევით ვერ მოხდებოდა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ „ალდაგის“ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც 2007 წელს ფუნქციონირებდა, არის გურამ შარაძის მკვლელობის მონაწილე – შეიძლება მთელი შემადგენლობით არა, მაგრამ ნაწილი მაინც. ბატონი დათო გამყრელიძე რომ გამოდის და „არა რუსულ კანონს“ ყვირის, ჯობია, ის მოიძიოს და მოიკითხოს, მის ოფისში როგორ მონაწილეობდნენ გურამ შარაძის მკვლელობაში. გთხოვთ, ვინც მისმენთ, გადაეცით დათო გამყრელიძეს, რომ მის კომპანია „ალდაგში“ არიან გურამ შარაძის მკვლელები“, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.

გურამ შარაძის მკვლელობის სცენარი წინასწარ იყო მოფიქრებული, დადგმული და შესრულებული, საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული – რუსუდან შარაძე

მე ვამტკიცებ, რომ გურამ შარაძის მკვლელობის სცენარი წინასწარ იყო მოფიქრებული, დადგმული და შესრულებული. საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული, – ამის შესახებ აკადემიკოს გურამ შარაძის შვილმა, რუსუდან შარაძემ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ განაცხადა.

რუსუდან შარაძის თქმით, 2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების კუთხეში, 18 ნომერთან გურამ შარაძე მოკლეს სამი გასროლით.

„სამი ტყვია თავში – პირველი იყო უკნიდან კეფაში, პირველივე სასიკვდილო და შემდეგ იქვე ჩაკეცილზე საფეთქელზე ორი საკონტროლო გასროლა დაახალეს. „ალდაგი“არის სადაზღვევო კომპანია, რომელიც იმ დროს განთავსებული იყო ზუსტად იმ ადგილას, ჰქონდა ხუთი კამერა. ორი კამერა ეყენა მელიქიშვილზე, რომელშიც გამოჩნდნენ მამაჩემი და მკვლელი, ორივე კამერაზე, ოღონდ სხვადასხვა რაკურსით. ორი ჯანაშიაზე ეყენა და ერთი შანიძის ქუჩაზე. ეს ადგილი სპეციალურად, შეგნებულად იყო შერჩეული, რომ გურამ შარაძე ზუსტად იმ ადგილას, იმ კამერების წინ უნდა მოეკლათ. ჩვენი ოჯახის მიმართ ხორციელდებოდა თვალთვალი, ძალიან დიდი ხანი. ზეპირად იცოდნენ მამაჩემის განრიგი. გურამ შარაძე იყო ძალიან მოწესრიგებული კაცი, განსაკუთრებით საქმეში ძალიან პუნქტუალური, გაწერილი გრაფიკით. ყოველ კვირა დღეს მთელი ცხოვრება მუშაობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში და საღამოობით, ვინაიდან უყვარდა ვარჯიში, მოძრაობა, ყოველთვის ბრუნდებოდა ფეხით. გარდა ეროვნული ბიბლიოთეკისა, კვირა დღეს „ასავალ დასავალში“ იბეჭდებოდა მისი „ასი წერილი ქართველ ერს“. 33 წერილის დაწერა მოასწრო, ესეიგი, 33 კვირა დღე იქ გაიარა. ორშაბათს გამოდიოდა გაზეთი და ყოველთვის გადაიკითხავდა კვირა დღეს, სხვანაირად გამორიცხული იყო. ბარათელსაც ყოველ დღე უთვალთვალებდნენ, ის შემთხვევით იქ არ მოხვედრილა. გიორგი ბარათელი გახლავთ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მსჯავრდებული, რომელმაც სასჯელი მოიხადა. ბარათელს პოლიცია უთვალთვალებდა, რასაც პოლიცია არ მალავს. საქმეში დევს ამის მტკიცებულებები. მამაჩემი მოკლეს 20 მაისს და ვითომ 5 მაისს გიორგი ბარათელი საკუთარ ექიმს, გვარად ტირზიკიანს სახლში მიუვარდა და მსუბუქად დაჭრა. ეს არის ოფიციალური ვერსია. ვთქვათ დაჭრა ან რაღაც შეურაცხყოფა მიაყენა, სააკაშვილის პოლიცია 5 მაისიდან 20 მაისამდე ბარათელს აკვირდებოდა? როგორც წარმოგიდგენიათ, 5 მაისიდან 20 მაისამდე  უთვალთვალებდნენ და ხელს არ კიდებდნენ“, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.

ამასთან, რუსუდან შარაძის განცხადებით, „ალდაგის“ორივე კამერა ერთმანეთის მიმართულებით იყურებოდა ვაკისკენ და ამით დამალეს მკვლელის სახე. რუსუდან შარაძე ამბობს, რომ დათო გამყრელიძის კომპანია „ალდაგის“ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც 2007 წელს ფუნქციონირებდა, არის გურამ შარაძის მკვლელობის მონაწილე.

„მოგეხსენებათ, კამერების, ვიდეოთვალის მთავარი დანიშნულებაა, ეყენოს ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით, რომ გაკონტროლდეს პარამეტრი ყველა მხრიდან. მკვლელობის მომენტში, მელიქიშვილზე „ალდაგის“ორივე კამერა ერთმანეთის მიმართულებით იყურებოდა ვაკისკენ. ამით დამალეს მკვლელის სახე. მკვლელი რომ კადრში შემოდის, ის მხოლოდ ჩანს ზურგიდან. ჩვენთვის ესეც საკმარისია, მაგრამ თავად ეს გააკეთეს, შემთხვევით ვერ მოხდებოდა. მესამე კამერა, რომელიც ეყენა შანიძის ქუჩაზე და წესით უნდა ეკონტროლებინა გზა, იყო შეტრიალებული ტროტუარისკენ, ჩანს სადარბაზოები და საცხოვრებელი სახლი. ზუსტად ამ გზაზე აირბინა მკვლელმა და დამალეს. ეს ფაქტები შემთხვევით ვერ მოხდებოდა.

„ალდაგის“ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც 2007 წელს ფუნქციონირებდა, არის გურამ შარაძის მკვლელობის მონაწილე, შეიძლება, მთელი შემადგენლობით არა, მაგრამ ნაწილი მაინც. და ბატონი დათო გამყრელიძე რომ გამოდის და არა რუსულ კანონს ყვირის, სჯობს, ის მოიძიოს და მოიკითხოს, მის ოფისში როგორ კლავდნენ გურამ შარაძეს, უფრო სწორად, მონაწილეობდნენ გურამ შარაძის მკვლელობაში. თუ არ მისმენს, გადაეცით დათო გამყრელიძეს, მის კომპანია „ალდაგში“ არიან გურამ შარაძის მკვლელები“, – აღნიშნა რუსუდან შარაძემ.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 15 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 15 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოდან გაძევებულ იქნა თურქეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიის, ეგვიპტის, რუმინეთის, ბანგლადეშის, ლიბანის, ირანისა და რუსეთის, ჯამში, 15 მოქალაქე.

„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ლატვიის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1979 წელს დაბადებულ ნ.კ. და 1978 წელს დაბადებულ გ.გ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: ნახევარ კილომდე „კოკაინი“ და კილოგრამამდე „კეტამინის“, „მდმასა“ და „მეფედრონის“ შემცველი ნივთიერება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე ტერცია და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.

18 კვადრატულ მეტრ კამერაში 35 პატიმარი იყო, 16 დღე არც დავმჯდარვარ, არც დავწოლილვარ, ჯოჯოხეთი იყო გლდანის ციხე 2010 წელს, შეიძლება ითქვას, ჯოჯოხეთზე უარესი-ალექსანდრე მეგუთნიშვილი

გლდანის ციხეში რომ გადმოგვიყვანეს მე და ჩემი ბიძაშვილი, ლექსო მეგუთნიშვილი, სამი პოლიციელი ჩამომყვა. ვისაც ჩააბარეს ჩვენი დოკუმენტაცია, თელავის პოლიციელებმა უთხრეს, რომ მაგ განჩინებაში რაც წერია, ეგრე არ არის, გაითვალისწინეთო. მე შემიყვანეს პირველ კამერაში, კარანტინში, ჩემი ბიძაშვილი – მესამეში. კარი რომ გაიღო, ვიღაც ბიჭი იჯდა ჩაცუცქული, ეტყობა, კარის ღრიჭოსთან ჰაერს სუნთქავდა. კარი რომ გაიღო, წამოდგა და მითხრა, 35-ე ხარო, რაც ნიშნავდა, რომ 18 კვადრატულ მეტრ კამერაში 35 პატიმარი იყო. 16 დღე არც დავმჯდარვარ, არც დავწოლილვარ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ალექსანდრე მეგუთნიშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ განაცხადა.

ალექსანდრე მეგუთნიშვილმა დეტალურად გაიხსენა გლდანის ციხეში გატარებული პერიოდი და უფლებების შელახვის ფაქტებზე ისაუბრა.

მეგუთნიშვილის განცხადებით, 16 დღე-ღამის განმავლობაში არ ეძინა და პატიმრების სიმრავლის გამო, მხოლოდ კედელზე მიყრდნობილი თუ ჩაიძინებდა.

„ჯოჯოხეთი იყო გლდანის ციხე 2010 წელს, შეიძლება ითქვას, ჯოჯოხეთზე უარესი. ზოგან 40 კაცი იყო, ზოგან იმაზე მეტი. კარანტინში სულ შვიდი კამერაა, მაგრამ მხოლოდ სამი იყო დატვირთული, რომ სპეციალურად ვყოფილიყავით ასეთ სიტუაციებში, დანარჩენი ოთხი თავისუფალი იყო, თვითონ იმათი ნათქვამია. 16 დღის შემდეგ, ხელს რომ ვერ დაიბან, პირს რომ ვერ დაიბან, შეიძლებოდა, პურის ყუა მოგეტეხა, რაღაცები შემოდიოდა, მაგრამ არავინ არაფერს ჭამდა, ისეთი ანტისანიტარია იყო. რომელ კბილის ჯაგრისზე, რომელ დაბანაზეა ლაპარაკი? ეს ხომ გამორიცხულია. მარიამობას, 28 აგვისტოს ციხეში შევხვდი, შემოსული იყო გამომძიებელი, ვინმე ბერძენაშვილი და ერთი ადვოკატი იყო, რაღაცაზე მომაწერინეს ხელი. შემთხვევით ჩემი ნაცნობი შემხვდა, უკვე ექვსი თვე იქ იჯდა და რომ მნახა, გაუკვირდა. ვუთხარი, შენ თუ რამე შეგიძლია, იქნებ მაღლა კარანტინზე „ამომწიონ“, უკვე გაუსაძლისია, ფეხები მეკეცება-თქო. მე ყველა კარანტინის დაშლაზე გავყავდი, მცემდნენ და შემდეგ შემოვყავდი უკან. ასე იყო ცნობილი, რომ მეგუთნიშვილი დაბლა უნდა ყოფილიყო. 16 დღე-ღამე არ მეძინა, შეიძლება, ერთადერთი კედელზე ხელი მიმედო და ისე მივყუდებულიყავი, იქ ვერ დაიძინებდი, შუქი სულ ენთო, ან სად უნდა დაგვეძინა, საწოლებზე მორიგეობით წვებოდნენ და საწოლი ერქვა რკინის დაწნულ ბადეს. ამ დროის განმავლობაში 32 კილო დავიკელი. 16-17 დღის გასვლის შემდეგ, ამომიყვანეს კამერაში. E კორპუსი იყო, კამერა N 72. იქ ხუთი პატიმარი დამხვდა, მომეხმარნენ ბიჭები, გამომაცვლევინეს, შეძლებისდაგვარად მოვწესრიგდი. დილა გათენდა, ჯერ იმ ბიჭებთან დალაპარაკებულიც არ ვიყავი, კარი გაიღო და ოთხი შავ ფორმებში ჩაცმული, ნიღბიანი კაცი შემოვიდა, მეგუთნიშვილი რომელიაო და რატომღაც ჩავთვალე, ალბათ მიშვებენ-მეთქი და მე ვარ-თქო. შენ გვერდზე კამერაზე რა გადაძახილი გქონდაო, ჩამიყვანეს „ფუქსებში“ და დაიწყო იქ ჩემი წამება. შემდეგ კუდ-ში რომ მოვხვდი, ციხიდან როცა გამოვედი, იმ ფაშისტებში რომ მოვხვდი, ჩვენ ვაკონტროლებდით ყველაფერსო. ორ კვირაზე მეტი ისევ კარანტინში ვიყავი, „ფუქსებში“ ვიყავი სამი დღე, სადაც დაბმულიც ვიყავი – დაბლა სულ ბეტონია და პატივი იყო, თუ იქ „ფლოსტებზე“ დაგსვამდნენ, ხელებს უკან გაგაშვერინებდნენ და ბორკილებით გაბამდნენ. „შლემიც“ მეფარა, რომ თვითდაზიანება აღარ მიმეყენებინა, ვეღარ ვუძლებდი ფიზიკურად. ერთხელ ისე მცემეს, გონება დავკარგე, როგორც შემდეგ მითხრეს, ექიმი შემოვიდა და შარვლის ტოტები ამიწია, კუნთებზე ნემსები მიკეთა, არ ვიცი, რას ამოწმებდა, ალბათ, მკვდარი ვიყავი, თუ ვსიმულიანტობიდი. მთელი ფეხები გაშავებული მქონდა“, – განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.