Home Blog Page 5

ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას ტემპერატურის მატების ფონზე ტყეში ხანძრების გაჩენის რისკის შესახებ აფრთხილებს

ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას ხანძრების გაჩენის რისკის ზრდის შესახებ აფრთხილებს.

„ტემპერატურის მატება ტყეში ხანძრების გაჩენის რისკს ზრდის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და დაემორჩილონ დადგენილ აკრძალვებს.

ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.

ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვება ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად – გამოიწვევს დაჯარიმებას 300- დან 500 ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ახალი საქმის დაწყება არასასურველია – შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს. კომერციულ გარიგებებში მოსალოდნელია ფინანსური ზარალი. გირჩევთ, ხალხმრავალ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს ერიდოთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი აურა ძლიერდება და მომხიბვლელობა იზრდება. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენა გელით. არ არის გამორიცხული, რომ პირადი ცხოვრების ან სასიყვარულო პრობლემა წარმატებით მოაგვაროთ.

კურო

გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს თქვენს აქტიურ ქმედებებს ფინანსური ზარალი მოჰყვება. მოერიდეთ აჩქარებას, ზედმეტად ნდობას და ახლობლებთან დაპირისპირებას. ამ ღამის სიზმრები პირიქით უნდა განიმარტოს.

ტყუპები

ამ დღეს ბიზნესსაქმიანობა ფინანსურ ზარალს გამოიწვევს. სამთავრობო ორგანიზაციებთან ან დოკუმენტებთან მუშაობის დროს, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას და გადაჭარბებულ ნდობას უნდა ერიდოთ. სავარაუდოდ, ახალი ხანმოკლე გატაცება გელით.

კირჩხიბი

ამ დღეს ვარსკვლავების მხარდაჭერას იგრძნობთ. ის, რაც ადრე მიუწვდომელი გეჩვენებოდათ, გამორიცხული არ არის, რომ ძალიან ადვილად მიიღოთ. ძველი მეგობრების ან ნათესავებისგან მოულოდნელი დახმარება გელით. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების დროს მოთმინება გამოიჩინოთ და საკუთარ ინტუიციას ენდოთ.

ლომი

სასიცოცხლო პოტენციალი დაბალ დონეზეა, ამიტომ საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას ვერ შეძლებთ. ნებისმიერი საქმის დასრულებას დიდი სირთულეები მოჰყვება. ვარსკვლავების განლაგება კომერციულ გარიგებებში მოტყუების საშიშროებაზე მიუთითებს. მოულოდნელი პრობლემები გაიძულებთ, სრული დატვირთვით იმუშაოთ, რათა რთული ვითარებიდან გამოსვლა შეძლოთ.

ქალწული

ამ დღიდან თქვენი აურა ძლიერდება. იზრდება შრომის ნაყოფიერება და პიროვნული ხიბლი. ამასთან, მერკურის რეგრესული მოძრაობა ბიზნესსაქმიანობაში მეტი ყურადღებისკენ მიგანიშნებთ. უარი თქვით ძვირად ღირებული ნივთების შეძენაზე და ეცადეთ, ამ დღეებში ხალხმრავალ ადგილებში არ იაროთ. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რათა პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.

სასწორი

ეს დღე აურის შესუსტებას, დეპრესიას და ცდუნებებისკენ სწრაფვას განასახიერებს. ფრთხილად იყავით, სამსახურში ან პირად ცხოვრებაში შეცდომები არ დაუშვათ. სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება და მოვლენების ობიექტურად შეფასება გიჭირთ.

მორიელი

ჭეშმარიტების შეცნობისა და სულიერ პრობლემებზე ფიქრის დღეა. ამ ტენდენციამ შეიძლება, პროფესიული საქმიანობის შეცვლისკენ გიბიძგოთ. სავარაუდოდ, პერსპექტიულ წინადადებას მიიღებთ და დათანხმდებით. ახალი ბიზნესი, რომლის გახსნაზეც ფიქრობთ, ფინანსურ მოგებას მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. თუ ამის გაკეთება გადაწყვიტეთ, არასდროს ინანებთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა სამთავრობო ორგანიზაციებთან დასაკავშირებლად ან დოკუმენტებთან მუშაობისთვის, მაგრამ აჩქარებას შეიძლება, ფინანსური ზარალი მოჰყვეს. სავარაუდოდ, ახალი ხანმოკლე გატაცება გელით.

თხის რქა

ამ დღიდან თქვენი აურა იზრდება, ძლიერდება მიზნების მიღწევის უნარი და პირადი ხიბლი. ამასთან, სატურნის გავლენა ჯანმრთელობის მცირე პრობლემებს და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში გართულებებს გამოიწვევს. წარმატებისკენ სწრაფვა ან გარშემო მყოფების მიმართ გადაჭარბებული პრეტენზიები ნერვულ სტრესს მოგიტანთ. ეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებში ვიზიტი თავიდან აიცილოთ.

მერწყული

ოპტიმისტური განწყობითა და ენთუზიაზმით სავსე დღეა. ეცადეთ, მთელი ყურადღება სამუშაოსკენ გადაიტანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, პოზიციების განმტკიცების შესანიშნავი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვათ. მერწყული ქალების უნიკალურობა და იდუმალება ბევრს მიიზიდავს.

თევზები

არახელსაყრელი დღეა მოგზაურობის, საბუთების გაფორმებისა და ქორწინებისთვის. ამჟამად თევზების ფინანსურ მდგომარეობას სტაბილურს ვერ ვუწოდებთ. მოულოდნელი ხარჯები შეიძლება სახლში და სამსახურში ნეგატიურ ცვლილებებთან ასოცირდეს. სავარაუდოდ, ძველი ვალების დაბრუნება მოგიწევთ. არასტაბილურ წყვილებს დაშორება ელით.

მეუფე შიო: დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა

„დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა. 

მისივე თქმით, თუ ჩვენ გვინდა, რომ სიყვარული უფლისადმი იყოს გულწრფელი, მაშინ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოყვასიც.

„გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ლოცვა-კურთხევას.

დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე. თუ ჩვენ გვინდა, რომ სიყვარული უფლისადმი იყოს გულწრფელი, მაშინ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოყვასიც. როგორც ამბობს უფალი, რომ ამ ორ მცნებას ეფუძნება მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თორმეტ მოციქულს იხსენებს.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი, სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული.

წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ აღავლინა. დასრულების შემდეგ, კი მრევლს ქადაგებით მიმართა. 

 ,,ყოველი ქვეყანა ახლა გადაიხდის არსებითად მეტ ფულს თავდაცვაში” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში ნატო-ს პრობლემა მოაგვარა და ახლა წევრი ქვეყნები მშპ-ს 5%-ს გადაიხდიან. ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ყოველი ქვეყანა ახლა გადაიხდის არსებითად მეტ ფულს თავდაცვაში.

„ისინი 2%-ს არ იხდიდნენ, მაგრამ ახლა 5%-ს იხდიან. ასე რომ, ჩვენ წელიწადში ტრილიონ დოლარს ვხარჯავთ და ნატო-ში ძლიერი პოზიცია გვაქვს. ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა ძლიერი პოზიცია ბაიდენის შემთხვევაში. მან არ იცოდა, სად იყო“, – აღნიშნავს ტრამპი.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სატარიფო პოლიტიკაზე და ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებაზე. მისი თქმით, ბევრი ქვეყანა ახლა იმედგაცრუებულია, რადგან ისინი ამერიკის უპირატესობით 30-40 წელიწადი სარგებლობდნენ.

„ამით ჩვენ ვეუბნებით ქვეყნებს, რომ მივცემთ მათ პრივილეგიას, იყიდონ და იმუშაონ ჩვენს ქვეყანაში. და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ დავდებთ გარიგებებს. ჩვენ უკვე დავდეთ გარიგება რამდენიმე ქვეყანასთან, მაგრამ ეს უზარმაზარი ფულია ამ ქვეყნისთვის. ეს ნამდვილად წარმოუდგენელია. ამ ქვეყნის პოტენციალი წარმოუდგენელია. ის იყო ძალიან სულელურად მართული“, – განაცხადა ტრამპმა ტარიფებზე საუბრისას.

დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის – ამ ფონზე, არც ევროპარლამენტის აბსურდული რეზოლუციები, არც 18 ევროპელი ჩინოვნიკის დეზინფორმაციული წერილი არავის უკვირს – „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

აღნიშნულ განცხადებაში საუბარია, იმაზე, რომ დღევანდელობაში ევროპის დემოკრატია უკუსვლას განიცდის, რის ფონზეც მათ მიერ დაწესებული სანქციები, თუ დეზინფორმაციული წერილები არავის უკვირს.

„დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის. ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობას წართმეული აქვს სუვერენიტეტი და ისინი ერთი ხელით იმართებიან, უკონტროლო მიგრაცია, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა, სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტების დაკნინება სწრაფი ტემპით აკარგვინებს ევროპას იდენტობას. არასასურველი პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო გამარჯვების არაღიარება და არჩევნების გაუქმება, ოპონენტების პოლიტიკური დევნა, მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა ევროპისთვის დღეს ნორმად არის ქცეული. ამ ფონზე, არც ევროპარლამენტის აბსურდული რეზოლუციები, არც 18 ევროპელი ჩინოვნიკის დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, არც მათი სანქციები და ქართველ ხალხზე სხვა თავდასხმები არავის უკვირს“,-ვკითხულობთ განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო გამოხატავს სრულ მზაობას ნებისმიერ სახელმწიფოსთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ აღნიშნულ ბრძოლაში ვერავითარ კომპრომისს ვერ დაუშვებენ ქართველი ხალხის საზიანოდ.

„ჩვენ ვერავის დავესხმებით თავს, მაგრამ ვერც იმას დავპირდებით ვინმეს, რომ ქვეყანას, მის სუვერენიტეტსა და იდენტობას და ქართველი ხალხის ინტერესებს არ დავიცავთ. ამ ბრძოლაში ვერავითარ კომპრომისს ვერ დავუშვებთ. ამავდროულად, გამოვხატავთ სრულ მზაობას, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი თანამშრომლობის სურვილი აქვს. მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, არანაკლებ, ევროკავშირსაც ჭირდება საქართველო“, – ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლებიც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველო მზად არის პარტნიორებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად და ევრაზიულ სატრანზიტო მარშრუტებში საკუთარი როლის გასაძლიერებლად – მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა კიდევ უფრო გადამწყვეტი გახდა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხორვატიაში, დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში შემდგარ პანელურ დისკუსიაზე „ევროპისა და აზიის დაკავშირება: გზა პარტნიორობისა და კეთილდღეობისკენ”.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ კავშირებში, ისაუბრა ევროკავშირთან, აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნების დაკავშირების შესაძლებლობებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია გახდეს ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის დამაკავშირებელი ჰაბი.

„ჩვენ უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს და აქტიურად ვმუშაობთ შუა დერეფნის განვითარებაზე, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობით. ეს საკვანძოდ მნიშვნელოვანია როგორც ევროპისთვის, ასევე ჩვენი რეგიონისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ წარმატებაზე და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველო ეკონომიკური თავისუფლების, ღია ბაზრებისა და ბიზნესისთვის საიმედო გარემოს დამსახურებით, წარმატებული რეფორმებისა და სწრაფი განვითარების მაგალითად იქცა, რაც საერთაშორისოდაა აღიარებული.

„ამგვარი ეკონომიკური სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რადგან ევროკავშირში ინტეგრაცია მოითხოვს თანმიმდევრულ განვითარებას, ეკონომიკურ ზრდასა და უწყვეტ რეფორმებს’’, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებს.

საქართველო-ევროკავშირის შესახებ საუბრისას, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა მკაფიოდ ჩამოყალიბებული ევროპული იდენტობითა და საუკუნოვანი ევროპული მისწრაფებებით.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს გარეშე, ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევა რთული იქნება, ხოლო ძლიერი, ეკონომიკურად მდგრადი, მშვიდობიანი და სტაბილური ევროკავშირის შესახებ ხედვა – არასრული’’ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა გამოსვლაში აღნიშნა, რომ რუსეთის ოკუპაცია საქართველოს უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ რჩება და საქართველოში არსებული ვითარების შეფასებისას, მნიშვნელოვანია ობიექტურობის შენარჩუნება, ფართო გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინება და საქართველოს როლის აღიარება.

2025 წლის 11-12 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვიზიტით იმყოფება ხორვატიაში, სადაც ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრ გორდან გრლიჩ რადმანის მიწვევით დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმში მონაწილეობს. აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც მონაწილეები რეგიონულ, ევროპულ და გლობალურ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე მსჯელობენ.

კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერები, საგარეო საქმეთა მინისტრები, ექსპერტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.

ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა გამართა ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.

ტრამპი უკრაინისთვის ახალი დაფინანსების გამოყოფაზე ფიქრობს – CBS

დონალდ ტრამპი უკრაინისთვის ახალი დაფინანსების გამოყოფას გეგმავს. ინფორმაციას CBS News-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, ახალი დაფინანსება შესაძლოა პასუხი იყოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დრონებითა და რაკეტებით მასშტაბურ თავდასხმებზე. დამტკიცების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ახალი დახმარება მას შემდეგ, რაც ტრამპი იანვარში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას დამატებით თავდაცვით იარაღს მიაწვდის, რათა ქვეყანამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს.

დასავლეთმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის ინტერესების იგნორირება გადაწყვიტა – ვლადიმერ პუტინი

სსრკ-ს დაშლის შემდეგ, დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ ისინი იცხოვრებდნენ იმ წესებით, რომლებიც თავად შექმნეს, რუსეთის ინტერესების უგულებელყოფით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოთა კავშირმა აუტოდაფე მოახდინა, თვითლიკვიდაცია მოახდინა, ისინი ითვალისწინებდნენ, რომ რუსეთი გახდებოდა ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. დასავლეთში გადაწყვიტეს: კარგი, საბჭოთა კავშირი არ არსებობს, რატომ უნდა დავიცვათ წესები რუსეთთან მიმართებაში, რომელსაც არ აქვს ის პოტენციური ძალა, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა; კარგი, ახლა ჩვენ რაღაცას ისე გამოვთვლით, როგორც გვინდა და ვიცხოვრებთ იმ წესებით, რომლებიც ჩვენ თვითონ შევქმენით ჩვენთვის, რუსეთის ინტერესების იგნორირებით“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, დასავლეთს რუსეთზე გეოპოლიტიკური უპირატესობის მიღწევა სურდა.

მისი მტკიცებით, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, დასავლეთმა შეინარჩუნა აგდებული დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესების მიმართ.

„ეს იყო არა მხოლოდ აგდებული დამოკიდებულება, არამედ ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო გარკვეული გეოპოლიტიკური უპირატესობის მიღწევის აშკარა სურვილთან“, – აღნიშნა პუტინმა.

აშშ-სთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებებში ჩავერთვებით, თუ იქნება მტკიცე გარანტია, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა აღარ განხორციელდება – ირანის საგარეო მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, მისი ქვეყანა მზად იქნება, ვაშინგტონთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ხელახლა ჩაერთოს, თუ მის წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტის გარანტიებს მიიღებს.

„პირველ რიგში, უნდა არსებობდეს მტკიცე გარანტია, რომ ასეთი ქმედებები აღარ განმეორდება. ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმამ მოლაპარაკებებზე დაფუძნებული გადაწყვეტის მიღწევა კიდევ უფრო გაართულა“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, არაღჩი ზაფხულში ბირთვულ საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ირანის წამყვანი მომლაპარაკებელი იყო. მოლაპარაკებები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ისრაელმა 13 ივნისს ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელა. რამდენიმე დღეში, 22 ივნისს კი ირანის ბირთვულ ობიექტებს შეერთებულმა შტატებმაც დაარტყა.

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერების და მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე, 2005 წელს დაბადებული ს.გ., 1999 წელს დაბადებული ა.ყ., 1998 წელს დაბადებული გ.ყ. და წარსულში ნასამართლევი 1992 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს.

დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეთადონი“, „პრეგაბალინი“, „კეტამინი“, „მდმა“, და „გამომშრალი მარიხუანა“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და ელექტრო სასწორი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, 260-ე კვარტა, 261-ე, 19-260-ე ტერცია მუხლით და 273 -ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული „დიპ სტეიტის“ არაფორმალური მმართველობა – „ქართული ოცნება“

18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული „დიპ სტეიტის“ არაფორმალური მმართველობა, რომლის პირობებშიც ევროპულ ბიუროკრატიაში არავითარი მორალური ზღვარი აღარ არსებობს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ეხმაურებიან 17 ევროპული ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას.

ამასთან, აღნიშნულია, რომ დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის. ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა „დიპ სტეიტის“ პრინციპული გავლენის ქვეშ მოქმედებს.

“ქართული ოცნების განცხადებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები “აღრმავებს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ თავის დროზე „დიპ სტეიტმა“ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს კონკრეტული მიზნით დააშორა”. „ბრექსიტის“ საფუძველზე კი ჩამოყალიბდა მესამე, განცალკევებული ცენტრი, რომელიც „დიპ სტეიტის“ გლობალური დღის წესრიგის რეალიზებას ემსახურება.

პარტია გამოხატავს “სრულ მზაობას”, ითანამშრომლოს ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც “საქართველოსთან სამართლიანი თანამშრომლობის სურვილი აქვს”. აღინიშნება, რომ “მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, არანაკლებ, ევროკავშირსაც ჭირდება საქართველო”.

„17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელდა წერილი, რომელიც, სამწუხაროდ, უნდა შეფასდეს როგორც მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე. განცხადება გაჯერებულია საბჭოური სტილის დეზინფორმაციით და ცრუ ბრალდებებით. შესაბამისად, მოვუწოდებთ წერილის თითოეულ ხელმომწერს, საკუთარ განცხადებებს მომავალში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.

ქართველი ხალხის წინააღმდეგ ორკესტრირებულ თავდასხმას, რომელმაც 26 ოქტომბრის შემდეგ ახალი შინაარსი შეიძინა, აქვს ერთადერთი მიზეზი – ქართველმა ხალხმა არ დაუშვა ხელისუფლებაში „დიპ სტეიტის“ აგენტურის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, რასაც ღიად გულშემატკივრობდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში და კონკრეტული ევროპელი და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკები.

ყველა ხედავს, რომ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ვერავინ აყენებს ეჭქვეშ. გარდა ობიექტური სინამდვილისა, არჩევნების ლეგიტიმურობას ამყარებს როგორც ეუთო/ოდირის დასკვნა, ისე ეუთოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების განცხადებები, მათ შორის ეუთოს გენერალური მდივნის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება იმის შესახებ, რომ 2024 წლის არჩევნები ქართველი ხალხის ნებას სრულად ასახავდა. აშკარაა, რომ ევროპელი ჩინოვნიკები არა არჩევნების შინაარსით, არამედ მისი შედეგით არიან უკმაყოფილო.

18 ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებაში მოცემული ერთ-ერთი დეზინფორმაცია უკავშირდება რადიკალი პოლიტიკოსების დაპატიმრებას, რომელსაც „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებენ და მის მიზნად ადგილობრივი არჩევნების წინ „პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას“ ასახელებენ. პირველ რიგში, ყველას უნდა შევახსენოთ, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გეგმავდნენ/გეგმავენ. ხელმომწერ ჩინოვნიკებს ისიც უნდა შევახსენოთ, რომ კანონი, რომლის საფუძველზეც პოლიტიკოსებს პატიმრობა შეეფარდათ, საქართველოში სამი ათეული წლის წინ არის მიღებული და ის ევროპულ პრაქტიკას და სტანდარტებს სრულად შეესატყვისება. შესაბამისი სისხლის სამართლის საქმეები სრულიად მარტივი და გამჭვირვალეა. კონკრეტული პოლიტიკოსები არ გამოცხადდნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში, რისთვისაც კანონმდებლობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ამ დანაშაულისთვის მათ 7-8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ვინც გამოცხადდა, მას არც არავითარი სასჯელი შეფარდებია. მეტიც, სწორედ თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ შეიწყალებდა ყველა პოლიტიკოსს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდა და შესაბამისი განცხადებით პრეზიდენტს მიმართავდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც რადიკალმა პოლიტიკოსებმა გამოხატეს სრული უპატივცემულობა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, რასაც ევროპელი ჩინოვნიკები მდუმარე მხარდაჭერით შეხვდნენ.

წერილი შეიცავს კიდევ ერთ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ, თითქოს, აქტივისტები „უსამართლოდ არიან დაკავებული“. ეს განცხადება სხვა არაფერია, თუ არა იმ ფაქტის მორიგი ლუსტრაცია, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მომიტინგეების ბრუტალური ძალადობა სწორედ გარედან იყო მხარდაჭერილი. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის ძალადობრივ მცდელობას გაუმჭვირვალედ აფინანსებდნენ USAID, NED, EED და სხვა მსგავსი ფონდები და ღიად უჭერდნენ მხარს კონკრეტული ევროპელი და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკები. მათვე შერაცხეს ბრუტალური ძალადობა „მშვიდობიან პროტესტად“, რასაც საბჭოური პროპაგანდაც კი არ იკადრებდა. როგორც ცნობილია, მოძალადე მომიტინგეების მიმართ წარმართული ყველა პროცესი არის სრულიად გამჭვირვალე. ამასთან, დეზინფორმაციით გაჯერებულ წერილზე ხელმომწერ ჩინოვნიკებს შევახსენებთ, რომ რამდენიმე ასეული მოძალადიდან მხოლოდ 30-მდე მოძალადეა დაკავებული, რაც გამოძიების მაღალ სტანდარტს ადასტურებს. ხელმომწერებს ასევე შევახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, შვედეთში, ესპანეთში და სხვა შესაბამის ევროპულ ქვეყნებში პოლიციელზე თავდასხმისთვის მრავალწლიანი (მათ შორის 5-8 წელი) პატიმრობაა გათვალისწინებული.

როდესაც ვინმეს პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, ყველას გვინდა შევახსენოთ, რომ თუკი სადმე შეიძინა პოლიტიკური ელფერი პოლიტიკოსების სამართლებრივმა დევნამ, ეს სწორედ გერმანია და საფრანგეთია. გერმანიასა და საფრანგეთში მთავარი ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების დევნის ფონზე, მათი მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია. ასევე, უნდა გავიხსენოთ რუმინეთში მომხდარი გაუგონარი ამბავი, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს ჯერ არჩევნები საერთოდ გაუუქმეს, ხოლო მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს და არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. ევროპული ბიუროკრატიისგან, რომელმაც დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვის ამ აქტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, ქართული დემოკრატიის დაწუნება სრულიად უადგილოა.

შემაშფოთებელია დეზინფორმაციით გაჯერებულ წერილში მოცემული დირექტივაც იმის შესახებ, რომ უნდა „გაუქმდეს ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონები“. საუბარია კანონებზე, რომელთა მიზანი გარე დაფინანსებით საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების აღკვეთაა. ყველა ეს კანონი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და სტანდარტებთან. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე საქართველოს პარლამენტისთვის იმის მითითება, თუ რა კანონი უნდა მიიღოს და რა არა, საპარლამენტო სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.

18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული „დიპ სტეიტის“ არაფორმალური მმართველობა, რომლის პირობებშიც ევროპულ ბიუროკრატიაში არავითარი მორალური ზღვარი აღარ არსებობს. არსებობს ერთადერთი პრინციპი – ქვეყანას მართავს „დიპ სტეიტის“ აგენტურა ან ის ხდება გამუდმებული თავდასხმის ობიექტი ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან. ერთადერთი, რასაც ვერ პატიობენ, საქართველოს, უნგრეთს, სლოვაკეთს და სერბეთს, სწორედ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აღრმავებს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ თავის დროზე „დიპ სტეიტმა“ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს კონკრეტული მიზნით დააშორა. „ბრექსიტის“ საფუძველზე, ჩამოყალიბდა მესამე, განცალკევებული ცენტრი, რომელიც „დიპ სტეიტის“ გლობალური დღის წესრიგის რეალიზებას ემსახურება. უნდა გავიხსენოთ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ლიზ ტრასის სიტყვები, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს ბრიტანეთს სწორედ „დიპ სტეიტი“ მართავს. იმედი გვაქვს, დონალდ ტრამპი შეძლებს დაპირების შესრულებას და „დიპ სტეიტის“ დამარცხებას, რაც ევროპულ ქვეყნებსაც დაუბრუნებს სუვერენიტეტს. ვხედავთ, რომ „დიპ სტეიტის“ სიმძიმის ცენტრმა აშშ-დან ევროპაში გადმოინაცვლა. თუ „დიპ სტეიტი“ არ დამარცხდა და მან მხოლოდ რებრენდინგი განიცადა, სამწუხაროდ, გაგრძელდება როგორც ევროპის დასუსტება, ისე თავდასხმები ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე. დონალდ ტრამპს კიდევერთხელ ვუსურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვან საქმეში.

დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის. ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა „დიპ სტეიტის“ პრინციპული გავლენის ქვეშ მოქმედებს. უკონტროლო მიგრაცია, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა, სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტების დაკნინება სწრაფი ტემპით აკარგვინებს ევროპას იდენტობას. არასასურველი პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო გამარჯვების არაღიარება და არჩევნების გაუქმება, ოპონენტების პოლიტიკური დევნა, მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა ევროპისთვის დღეს ნორმად არის ქცეული. ამ ფონზე, არც ევროპარლამენტის აბსურდული რეზოლუციები, არც 18 ევროპელი ჩინოვნიკის დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, არც მათი სანქციები და ქართველ ხალხზე სხვა თავდასხმები არავის უკვირს.

ჩვენ ვერავის დავესხმებით თავს, მაგრამ ვერც იმას დავპირდებით ვინმეს, რომ ქვეყანას, მის სუვერენიტეტსა და იდენტობას და ქართველი ხალხის ინტერესებს არ დავიცავთ. ამ ბრძოლაში ვერავითარ კომპრომისს ვერ დავუშვებთ. ამავდროულად, გამოვხატავთ სრულ მზაობას, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი თანამშრომლობის სურვილი აქვს. მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, არანაკლებ, ევროკავშირსაც ჭირდება საქართველო“,-აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულის ხსენების დღეს – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს “წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას” – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი 12 მოციქულის სახელზეა აგებული, რის გამოც 13 ივლისის დღესასწაული სვეტიცხოვლობადაც იწოდება.

სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამ დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას, ანდრიას, იაკობსა და მის ძმას, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.

სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.