Home Blog Page 49

მოვუწოდებთ საზოგადოებას, რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი პროვოკაცია სათანადოდ შეაფასოს, ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას მკაცრი სასჯელი დაუპირისპირდება -ირაკლი კობახიძე

მოვუწოდებთ საზოგადოებას, იყოს ფხიზლად და რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცირე თუ მსხვილი პროვოკაცია სათანადოდ შეაფასოს. რადიკალებს არ უნდა მივცეთ იმის იმედი, რომ პროვოკაციებს რაიმე წარმატება შეიძლება მოჰყვეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ვერცერთი პროვოკაცია წარმატებას ვერ მიაღწევს და ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას მკაცრი სასჯელი დაუპირისპირდება.

„უნდა აღინიშნოს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე არის შვიდი კვირა დარჩენილი. დღემდე საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, არ გამოვლენილა არცერთი მეტ-ნაკლებად სერიოზული დარღვევა ან ინციდენტი. გამოვთქვამთ იმედს, რომ საარჩევნო პროცესები მომდევნო შვიდი კვირის განმავლობაშიც ანალოგიურ გარემოში წარიმართება. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს. თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს უარყოფითი მოლოდინი რადიკალური ოპოზიციის სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს, რაც რადიკალურმა ოპოზიციამაც ძალიან კარგად იცის. ასეთ ვითარებაში ისინი მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებით, ბუნებრივია, ნაკლებად არიან დაინტერესებული; ყველა წინა არჩევნების გამოცდილება შეგვახსენებს, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, გამონაკლისის გარეშე, ყოველთვის საარჩევნო გარემოს არევას ცდილობს ხოლმე; შესაბამისად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს არჩევნები იქნება ამ მხრივ გამონაკლისი;  26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც გადაწყდება, შეძლებს „ომის პარტია“ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას თუ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს. როგორც „გლობალური ომის პარტიისთვის“, ისე საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის სასწორზე იმდენად მნიშვნელოვანი რამ დევს, რომ ამ ფონზე რისკები, ბუნებრივია, ერთიათად არის მომატებული.

ყველა ვხედავთ, რა მოვლენები ვითარდება ევროპასა და ამერიკაში. სლოვაკეთში – ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმეტეს სასიკვდილოდ. ყველას გახსოვთ ღია მუქარაც, რომელიც ერთ-ერთი ევროკომისრის პირით შემოგვითვალეს. გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარიმართება გამოძიება ბატონ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის მომზადების საქმეზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია. სწორედ ამიტომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით, საარჩევნო შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით, რაც რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულისწუხილის მიზეზია და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ, პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს. იგულისხმება იმგვარი მოვლენები, როგორიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს მოჰყვა, აგრეთვე რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირება და ა.შ. ამ შემთხვევაშიც, ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება.

დასასრულ, აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების მოგების არავითარი იმედი არა აქვს და არჩევნების შემდეგ ვითარების ასარევად ემზადება. მათ ლექსიკონიდან ამოღებული აქვთ სიტყვები – „ქართულმა ოცნებამ არჩევნები თუ მოიგო“ და მუდმივად საუბრობენ სიტყვებით – „ქართულმა ოცნებამ არჩევნები თუ გააყალბა“. სრულიად ცხადია, რომ ისინი მორიგ ჯერზე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, შეეცდებიან სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას, თავდასხმას და ქვეყნის არევას, რასაც, მათი გათვლით, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და რადიკალური ოპოზიციის მიერ მეორე ფრონტის გახსნის დავალების შესრულება უნდა მოჰყვეს. ამ შემთხვევაშიც, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ საქართველოში ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. მინდა, რადიკალებს და მათ მფარველებს შევახსენო, რომ დღეს სახელმწიფო და საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები დგანან მოწოდების სიმაღლეზე. სახელმწიფოს აქვს საკმარისზე მეტი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში არეულობა ვერავინ შემოიტანოს. შესაბამისად, ვერცერთი პროვოკაცია წარმატებას ვერ მიაღწევს და ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას მკაცრი სასჯელი დაუპირისპირდება.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, იყოს ფხიზლად და რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცირე თუ მსხვილი პროვოკაცია სათანადოდ შეაფასოს. მშვიდი საარჩევნო გარემო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი პირობაა. აქედან გამომდინარე, რადიკალებს არ უნდა მივცეთ იმის იმედი, რომ პროვოკაციებს რაიმე წარმატება შეიძლება მოჰყვეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის მერია სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს

4 სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის  წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა ყოველწლიურად ვითარდება და პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ფინანსური მხარდაჭერა 20 000-მდე სტუდენტს გაეწია.

„თბილისის მერია ახორციელებს სტუდენტთა მხარდაჭერის, მათი სწავლის ხელშეწყობის და პროფესიული განვითარების არაერთ საგანმანათლებლო პროგრამას. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა მოიცავს სტუდენტების სწავლის დაფინანსებას, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს უფინანსდებათ სწავლა სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა).

ძალიან კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტების ხელშეწყობა, მხარდაჭერა, შესაბამისად, ეს პროგრამა გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.

„გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე, რომლის მიხედვით სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში, რომელიც 1125 ლარია, 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება. განცხადებების მიღება გაგრძელდება 2024 წლის 30 ნოემბრის   ჩათვლით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ჩვენ არავინ მიგვყავს „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე, ეს არის სამარცხვინო ტყუილი, ტრანსპორტით დახმარება ჩვეულებრივი მოვლენაა -ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სიცრუეა, თითქოს „ქართულ ოცნებას“ რეგიონებში ღონისძიებებზე საჯარო მოსამსახურეები მიჰყავს.

კობახიძის თქმით, რეგიონებში საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობა ათჯერ ნაკლებია ხალხის იმ რაოდენობაზე, ვინც „ქართული ოცნების“ შეხვედრებს ესწრება.

„ტყუილს ამბობთ. გურიაში რამდენი საჯარო მოსამსახურეა? მე გეტყვით, იმაზე დაახლოებით ათჯერ ნაკლები, ვიდრე იყო მისული ღონისძიებაზე. სულ ყველა, ყველა საჯარო მოსამსახურე რომ მიგვეყვანა, მაინც ათჯერ მეტი გვეყოლებოდა მისაყვანი ადამიანი. ხვდებით, რაშია საქმე? სამარცხვინო ტყუილებია, რასაც თქვენ ავრცელებთ. ჩვენ არავინ არ მიგვყავს. საჯარო მოსამსახურე იმავდროულად თუ არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში ისიც მიდის აქციაზე. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. რაც შეეხება ტრანსპორტით დახმარებას, ზოგადად, ტრანსპორტით დახმარებაც აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა. არაფერზე არ გაქვთ არგუმენტი და ამბობთ ტყუილებს, რაც ძალიან ცუდია. არავის არ სჭირდება საჯარო მოსამსახურეების მობილიზება იქ. რატომ? იმიტომ, რომ საჯარო მოსამსახურეების რაოდენობა რეგიონებში დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები მაინცაა იმაზე, ვიდრე ხალხი მიდის აქციებზე. ხომ ხედავთ, რამხელა ტყუილს ამბობთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი დანიაში დააკავეს-Reuters

დანიის პოლიციამ ქალაქ კოპენჰაგენში შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი ღაზის სექტორში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო მიტინგზე დააკავა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტუნბერგი საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად კოპენჰაგენის უნივერსიტეტში საპროტესტო აქციას მართავდა. დემონსტრანტების 20-კაციანმა ჯგუფმა უნივერსიტეტის შესასვლელის ბლოკირება მოახდინა, ხოლო სამი აქტივისტი შენობაში შეიჭრა. ამის შემდეგ პოლიციამ დაკავებები დაიწყო. საერთო ჯამში, სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულების ვინაობის გამხელაზე უარი განაცხადა, თუმცა ორგანიზაცია „სტუდენტები ოკუპაციის წინააღმდეგ“ წევრებმა დაადასტურეს, რომ დაკავებულთა შორის შვედი ეკოაქტივისტიც არის.

დარჩა 5 დღე ტექნოლოგიური კონფერენცია Tester’s Day 2024-მდე

8-9 სექტემბერს თბილისში თიბისის მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება და 2-დღიანი ღონისძიება ჩატარდება.

კონფერენცია შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი უმასპინძლებს, სადაც საქართველოსა და ევროპის წამყვანი კომპანიები და საერთაშორისო სპიკერები მიიღებენ მონაწილეობას.

წელს ტესტერთა დღე 5 წლის ხდება და შესაბამისად განსაკუთრებით გამორჩეულია. ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ პროფესიონალებს საქართველოდან და მსოფლიო მასშტაბით. დაამყარონ მნიშვნელოვანი ურთიერთობები, გააზიარონ ცოდნა და გააძლიერონ პროფესიული ქსელი.

დღის განმავლობაში იქნება რეალურ ქეისებზე ინსპირაციული საუბრები როგორც ქართველი სპიკერბისგან ისე მსოფლიოდან, დინამიური პანელური დისკუსიები, საინტერესო ვორკშოპები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ QA-ს (ხარისხის უზრუნველყოფის – Quality Assurance ) – ის  ბაზრის უახლეს კვლევას, რომელიც მოიცავს ბოლო 5 წლის მიმოხილვას.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, უკვე მესამე წელია მხარს უჭერს ტესტირების საერთაშორისო დღეს,  რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

რეგისტრაციისა და ბილეთების შესაძენად  გადადით ბმულზე https://tkt.ge/event/428255/testers-day-2024

(R)

 

 გლობალურ ომის პარტიას აქვს სერიოზული გავლენა კონკრეტულ სტრუქტურებზე, მათ შორის აშშ-ში, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ეს გავლენები მომავალი წლიდან შესუსტდება -ირაკლი კობახიძე

გლობალურ ომის პარტიას აქვს სერიოზული გავლენა კონკრეტულ სტრუქტურებზე, მათ შორის აშშ-ში, სახელმწიფო დეპარტამენტზე, შესაბამისად, ჩვენ გვესმის ასეთი გზავნილები, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია ეროვნული ინტერესები.

„ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანა არ აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც აღმოჩნდა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა. დღეს ისმის პოზიტიური გზავნილები უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობაშია ეს ქვეყანა. ჩვენ მთავარი ამოცანა გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა არ მივიდეს იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობამდეც სამწუხაროდ უკრაინაა მისული. რაც შეეხება 95 მილიონს, ჩვენ ვერ მივაგენით ამ თანხის შინაარსს. დანარჩენი არ ვიცი, შეიძლება, თავად განმარტონ, რა 95 მილიონზეა საუბარი, ჩვენ ამას ვერ მივაგენით. სამწუხაროდ, ოფიციალურ სტრუქტურებზე გლობალურ ომის პარტიას აქვს სერიოზული გავლენა, რაც არის ძალიან სამწუხარო და ძალიან შემაშფოთებელი. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ეს გავლენები შესუსტდება აუცილებლად მომავალი წლიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

 რაც მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა საქართველოში, მით უკეთესი, რადგან ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სრულად აქვთ შელახული საკუთარი რეპუტაცია-ირაკლი კობახიძე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სრულად აქვთ შელახული საკუთარი რეპუტაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებს რაც მეტი იქნება საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება, უკეთესი იქნება.

„გახსოვთ, რა მოხდა წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა გაყალბდა „პივიტი“, როცა ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ცესკო-მ დაგვიანებით გამოაქვეყნა შედეგები და ა.შ. ასევე, გახსოვთ, საერთო ყალბი შეფასება, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ათეულმა ე.წ. ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. შელახულია ადგილობრივი დამკვირვებლების იმიჯი ძალიან სერიოზულად. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს. ჩვენ ჯერ კიდევ თებერვალში მოვიწვიეთ ეუთო-ოდირის მისია, ეს მისია ჩამოვა საქართველოში, ისევე როგორც უზრუნველყოფილი იქნება რამდენიმე სხვა საერთაშორისო მისიის ჩამოსვლა. ჩვენი პოლიტიკა არის ღია ამასთან დაკავშირებით, რაც მეტი, მით უკეთესი, აქცენტი გაკეთდება საერთაშორისო დამკვირვებლებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

ბორჯომში, ტყის ხანძრის ქრობაში 4 ვერტმფრენი ჩაერთო

ბორჯომში ტყის ხანძრის ქრობის პროცესში 4 ვერტმფრენი ჩაერთო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ. ცეცხლის ქრობის პროცესში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი ჩაერთო.

მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.

ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 150 მეხანძრე-მაშველი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები არიან ჩართულნი. საჭიროების შემთხვევაში, პროცესში სხვა ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერებიც შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით ჩაერთვებიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სპეციალური საველე შტაბი მოეწყო, საიდანაც ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია მიმდინარეობს. ხანძრის მონიტორინგი კი დრონების საშუალებით ხორციელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ე.წ. ნეძვის ტერიტორიაზე, ტყის მასივში ცეცხლი გუშინ გაჩნდა.

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

განცხადებას აბაშიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მინდა, საზოგადოებას ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობო. დღეს მე ვტოვებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას. 2019 წლიდან, დღემდე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ჩემს გუნდთან ერთად, ჩვენი საზოგადოების ინტერესების დასაცავად ბევრ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხეთ. საფუძველი ჩავუყარეთ ბევრ ახალ ინიციატივას და გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. მადლობა მინდა, გადავუხადო აფხაზეთის მთავრობის წევრებს, ერთობლივად განხორციელებული საქმიანობისთვის, სამშვიდობო პოლიტიკის, ინსტიტუციური გაძლიერების, დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ეკონომიკური საქმიანობისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროგრამებისა და პროექტებისთვის. განსაკუთრებული თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა, გადავუხადო აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს. მადლობა საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ჩვენი საქმიანობის მხარდაჭერისთვის.

მადლობას ვუხდი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა ჩართულობით, ამ წლების განმავლობაში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ღონისძიება განხორციელდა. განსაკუთრებული მადლობა აფხაზეთის საზოგადოებას. ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო, ვყოფილიყავი  მათ სამსახურში და ერთად გვეკეთებინა საქმე, რომელიც კიდევ უფრო მიგვაახლოებდა მიზანთან, რომელსაც გაყოფილი საზოგადოებების გაერთიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს. მჯერა რომ, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, მოხდება ჩვენი ერთობლივი მიზნის განხორციელება – ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობის უზრუნველყოფა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემი გუნდის წევრებს, უდიდესი მადლობა ჩემს ოჯახს“, – ნათქვამია აბაშიძის განცხადებაში.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=910962620850811&set=a.347193417227737&type=3&ref=embed_post

რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი  სამეცნიერო -კვლევითი  საგრანტო კონკურსი  გამოაცხადა

რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი  სამეცნიერო -კვლევითი  საგრანტო კონკურსი  გამოაცხადა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2024 წლის სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობ სამეცნიერო -კვლევით  საგრანტო კონკურსს.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო ენის სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, ახალი ცოდნისა და რესურსების შექმნას, რომლებიც საფუძვლად დაედება სახელმწიფო ენის დაცვას, განვითარებას, სრულფასოვან ფუნქციონირებასა და პოპულარიზაციას.

კონკურსის პირობების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებგვერდზე

https://shorturl.at/ZcflS

4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ყველა პრობლემა რომ დაძლიოთ და სასურველ შედეგს მიაღწიოთ, ამ დღეს თქვენი საუკეთესო საქმიანი თვისებები უნდა გამოავლინოთ. ეცადეთ, ცოტა მეტი იაქტიუროთ, რათა საჭირო ადამიანების ყურადღება მიიქციოთ. საკუთარ ინტუიციას მეტი უნდა უსმინოთ, ვიდრე გარშემო მყოფებს. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რომ დაპირისპირება თავიდან აიცილოთ.

კურო

რაც უფრო მეტ ადამიანს დაუკავშირდებით, აზრებს გაცვლით და აქტუალურ პრობლემებს განიხილავთ, მით უფრო წარმატებული იქნება ეს დღე. თუ რაღაც არ გამოდის, შეისვენეთ და სიტუაციას მეორე მხრიდან შეხედეთ. თქვენი პრინციპულობა დღეს სარგებელს არ მოგიტანთ, ვითარება მალე შეიცვლება. ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს თქვენით მანიპულირების საშუალებას, მაგრამ თუ დახმარება შეგიძლიათ, უნდა დაეხმაროთ.

ტყუპები

კოლეგებთან ან საქმიან პარტნიორებთან შეხვედრა საშუალებას მოგცემთ, რომ საჭირო ინფორმაცია მიიღოთ. კარგი დღეა ძველი პროექტების დასასრულებლად. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ყველა სიტყვა და ინფორმაცია კარგად გადაამოწმოთ. პლანეტების განლაგება და ოპტიმიზმი დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. დროა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ვარჯიში დაიწყოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს სასურველი შედეგის მიღწევას მხოლოდ გუნდური მუშაობით შეძლებთ. იმისათვის, რომ ყველაფერი დროულად მოასწროთ და შეცდომები თავიდან აიცილოთ, სამოქმედო გეგმა უნდა შეადგინოთ. რაც შეიძლება მეტის და რაც შეიძლება სწრაფად გაკეთების სურვილმა შეიძლება ბევრი შეცდომა გამოიწვიოს. გირჩევთ ვარდისფერი სათვალე მოიხსნათ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალური პრობლემები დაინახოთ.

ლომი

გირჩევთ ნებისმიერი მოწვევა მიიღოთ და რაც შეიძლება მეტი ახალი ადამიანი გაიცნოთ. ახლობელმა ადამიანმა შეიძლება თავისი საქციელით გაგაკვირვოთ ან გაგაბრაზოთ. ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს, სანამ სიტუაციის შესახებ მეტი ინფორმაცია არ გექნებათ. მოემზადეთ იმისთვის, რომ ამ დღეს, მუშაობის გარდა, საყოფაცხოვრებო საკითხის მოგვარება და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა მოგიწევთ.

ქალწული

თქვენი შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი დაამტკიცოთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ, კარიერული წინსვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგათ. საღამოს სასურველია, მასაჟზე ან აუზზე წასვლა დაგეგმოთ. სასიამოვნო პროცედურების წყალობით ენერგიის აღდგენას და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებას შეძლებთ.

სასწორი

ეცადეთ, ეს დღე აქტიურად და მხიარულად გაატაროთ, მაგრამ უსარგებლო საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ. ამით დროსაც დაზოგავთ და უსიამოვნებებსაც თავიდან აიცილებთ. ნუ მოგერიდებათ, რომ საკუთარ უნარებზე და მიღწევებზე საჯაროდ ისაუბროთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და ახალი პროექტები დაგეგმოთ. ხელსაყრელი დროა სამომავლოდ გადადებული საქმეების დასრულებისთვის, მით უმეტეს, რომ ენერგიით სავსე ხართ და აქტიური მოქმედების სურვილით იწვით.

მორიელი

შეწყვიტეთ ქარაგმებით ლაპარაკი და ხალხით მანიპულირება. თუ რამე გინდათ, ამაზე ღიად და გულწრფელად უნდა ისაუბროთ. ეცადეთ, ოჯახს მეტი ყურადღება მიაქციოთ – საყვარელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. გსურთ თუ არა, ბევრი უსიამოვნო საკითხის მოგვარება და რთული დავალების შესრულება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი პრინციპები და შეხედულებები დაიცვათ.

მშვილდოსანი

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს ეცადეთ, სიტყვები აკონტროლოთ, რათა ვიღაცას დაუმსახურებლად გული არ ატკინოთ. ყურადღებით უსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს – ამ დღეს მიღებული ინფორმაცია ძალიან გამოგადგებათ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, მით უმეტეს, თუ მათ გარეშეც თავს მშვენივრად გრძნობთ. ახლა ყველაზე მეტად პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და საყვარელი საქმეების კეთება გჭირდებათ.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შინაგანი რესურსები რაციონალურად გამოიყენოთ. ეცადეთ, სამსახურში არ გადაიღალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. თქვენი ინიციატივები ჯერჯერობით არავის მოსწონს, ამიტომ გირჩევთ სამომავლოდ შეინახოთ. გირჩევთ, სათადარიგო გეგმა მოამზადოთ, რომ შეფერხების შემთხვევაში დრო არ დაკარგოთ.

მერწყული

თქვენი ხანგრძლივი და დაძაბული შრომა ამ დღეს სათანადოდ დაფასდება. შეიძლება ფინანსური ბონუსი ან სასიამოვნო სიურპრიზი მიიღოთ. მუშაობაში შემოქმედებითი უნარები და მდიდარი ფანტაზია დაგეხმარებათ. რთულ სიტუაციებში უსმინეთ საკუთარ ინტუიციას. დროა, დამატებითი შემოსავლის წყარო მოძებნოთ.

თევზები

ყურადღება მიაქციეთ საქმეს, რომელიც დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეთ და დაივიწყეთ. ენერგიით სავსე ხართ და ურთულესი საკითხების გადაჭრა შეგიძლიათ. პირად ურთიერთობებში ეძებეთ კომპრომისები და საყვარელ ადამიანებზე ზეწოლას მოერიდეთ.

ბორჯომის ტყეში ხანძარია

ბორჯომის ტყეში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, ადგილზე ამ დროისთვის, ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყების განმარტებით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები თბილისიდანაც მიემართებიან.