Home Blog Page 49

 მანქანამ ნორმალურად დაითვალა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა ჩასძახეს ამ მანქანას -მამუკა ხაზარაძე

ოპოზიციის წარმომადგენლები სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ელჩებს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ელჩებს თავად სთხოვეს შეხვედრა.

„მივაწოდეთ ინფორმაცია. ანა ნაცვლიშვილმა ექვს საათზე გამართა ბრიფინგი, ვითხოვთ, გამოქვეყნდეს და გაიხსნას ის მონაცემები, რომლებიც ჩაიტვირთა მანქანაში. რა თქმა უნდა, მანქანამ სწორად დაითვალა, ჩვენ ფარული დათვლა გვქონდა და ამობეჭდილი ქვითრის და მანქანის ციფრები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ გაყალბება, მიტაცება მოხდა იქ, როცა ჩაიტვირთა სიები მანქანაში. უკვე იმდენი დარღვევაა, რაც სისტემურ დარღვევაზე მიუთითებს. „ქართულმა ოცნებამ“ და ცესკო-მ უნდა გახსნან სიები და საზოგადოება ძალიან მარტივად მიხვდება, როგორი მასშტაბის ფალსიფიკაციას ჰქონდა ადგილი. ეს გავუზიარეთ უცხოელ მეგობრებს. ჩვენ ტყუილად არ ვეძახით ამას სპეცოპერაციას. ეს სპეცოპერაცია იყო. სამწუხაროდ, ყველა არჩევნებზე პოსტსაბჭოთა სივრცეში და საქართველოში მიჩვეული ვართ გაყალბებას. ეს არ იყო გაყალბება ერთი და ორი პროცენტით, ეს იყო მასობრივი, სისტემური ხმების მითვისება. ჩვენ, „ლელომ“ და „ძლიერმა საქართველომ“ მოვითხოვეთ ამ სიების გახსნა, ის, რაც ჩაიტვირთა მანქანებში. შეცდომა იქნება, ადამიანმა ილაპარაკო, მანქანამ კარგად დაითვალა, ცუდად დაითვალა. მანქანამ ნორმალურად დაითვალა, მაგრამ რა ჩასძახეს ამ მანქანას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ინტერესი დიდია, იყო ორმხრივი ინიციატივა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთხოვეთ შეხვედრა. ეს გაგრძელდება. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გახსნას ეს ფაქტები, თუ არ გახსნა, მაშინ ყველასთვის ნათელი იქნება, რამხელა ფალსიფიკაცია ჩაატარეს და რამხელა დანაშაული ჩაიდინეს ქართველი ხალხის წინაშე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე, რომელი ქვეყნის ელჩებთან ჰქონდათ შეხვედრა, ხაზარაძემ აღნიშნა:

„ვერ გეტყვით სახელებს. ჩამოგითვალოთ რომელი ელჩები? ვერ ჩამოგითვლით, დიდი ბოდიში“.

 სამართლებრივად, პრეზიდენტის ფუნქცია არ არის არჩევნების აღიარება ან არაღიარება, ის ვალდებულია, მოიწვიოს პარლამენტის სხდომა, თუ არ მოიწვევს, კონსტიტუციას დაარღვევს -ვახუშტი მენაბდე

პრეზიდენტის ფუნქცია, სამართლებრივი თვალსაზრისით, არ არის არჩევნების შედეგების აღიარება, ან არ აღიარება, ის ვალდებულია, მოიწვიოს პარლამენტის სხდომა, თუ არ მოიწვევს, ამით კონსტიტუციას დაარღვევს, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.

„პრეზიდენტის ფუნქცია, სამართლებრივი თვალსაზრისით, არ არის არჩევნების შედეგების აღიარება, ან არ აღიარება. ეს ფუნქცია მას კონსტიტუციურად განსაზღვრული არ აქვს. პრეზიდენტი ვალდებულია, მოიწვიოს პარლამენტის სხდომა და თუ არ მოიწვევს, ამით კონსტიტუციას დაარღვევს. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ ასეთი პირდაპირი ჩანაწერი არ არის კონსტიტუციაში. თუმცა მმართველი პარტია ამბობს იმას, რომ ისინი გამოიყენებენ სხვა ჩანაწერის ანალოგიას. ამ სხვა ჩანაწერში წერია, რომ თუ პარლამენტის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სხდომას პრეზიდენტი არ მოიწვევს, მაშინ პარლამენტი მაინც შეიკრიბება. ამ ჩანაწერს გაავრცელებენ და პარლამენტი მაინც შეიკრიბება“,- აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ გადაცემაში „საქმის კურსი“.

„საქსტატისა“ და არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა რაოდენობის ერთმანეთთან შედარებით ინფორმაციით მანიპულაცია ხდება, თითქოს არჩევნებში მონაწილეობა იმაზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ვიდრე სიაშია – გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი – ცესკო

დღეს დილიდან დაინტერესებული მხარეები არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რამაც უკვე კამპანიური ხასიათი მიიღო, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, „საქსტატის“ მონაცემებისა და არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა რაოდენობის ერთმანეთთან შედარებით ხდება ინფორმაციით მანიპულაცია და ვითარების ისე წარმოჩენა თითქოს არჩევნებში მონაწილეობა იმაზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ვიდრე სიაშია.

„დღეს დილიდან დაინტერესებული მხარეები არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რამაც უკვე კამპანიური ხასიათი მიიღო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებისა და არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა რაოდენობის ერთმანეთთან შედარებით ხდება ინფორმაციით მანიპულაცია და ვითარების ისე წარმოჩენა თითქოს არჩევნებში მონაწილეობა იმაზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ვიდრე სიაშია.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი. დაინტერესებული მხარეების მიერ გამოქვეყნებული რიცხვები არ ემთხვევა რეალურად ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემებს.

ნათელია, რომ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად. რეალურად არჩევნების პროცესი იმდენად გამჭვირვალე იყო რომ დაინტერესებული მხარეები პროცესის დისკრედიტაციას არარეალური ფაქტებით ცდილობენ.

ამომრჩეველთა ერთიანი სია, მათ შორის ოლქების მიხედვით საჯაროა ახლაც და საჯარო იყო ყველა ჩართული მხარისთვის არჩევნებამდეც.

საარჩევნო წლის მანძილზე საარჩევნო ადმინისტრაციისგან ამომრჩეველთა ერთიანი სია სხვადასხვა დროს გაითხოვეს პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რაც ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა სიის ხელმისაწვდომობა იყო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. საარჩევნო სუბიექტები და დამკვირვებელი ორგანიზაციები ხელმძღვანელობდნენ ამომრჩეველთა ერთიანი სიის იმ მონაცემებით, რომლითაც ჩატარდა არჩევნები.

ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას და არ მივცემთ დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას შეცდომაში შეიყვანონ ამომრჩევლები“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოშია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი თვითმფრინავი ამ წუთებში დაჯდა. მას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 29 ოქტომბერს გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.

ველით საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ გამოიძიებს კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს გამოვლენილ დარღვევებს – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 

შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს საკანონმდებლო არჩევნების შესახებ ახლახან გამოქვეყნებული პირველი დასკვნების შემდეგ, რომელიც მიუთითებს ამომრჩევლების მიმართ „ზეწოლაზე, დაშინებასა და მუქარაზე” და „დემოკრატიულ უკუსვლაზე”, – ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ საფრანგეთს საქართველოს ხელისუფლებისგან აქვს მოლოდინი, კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს გამოვლენილი დარღვევები დროულად იქნება გამოცხადებული.

“გამოვთქვამთ შეშფოთებას ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ საქართველოს საკანონმდებლო არჩევნების შესახებ ახლახან გამოქვეყნებული პირველი დასკვნების შემდეგ, რომელიც მიუთითებს ამომრჩევლების მიმართ „ზეწოლაზე, დაშინებასა და მუქარაზე” და „დემოკრატიულ უკუსვლაზე”.

ველით საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ გამოიძიებს კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს გამოვლენილ დარღვევებს და განახორციელებს ეუთოსა და ევროპის საბჭოს კომისიის სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად, ცნობილი, როგორც ვენეციის კომისია, რეკომენდაციებს.

ფუნდამენტური თავისუფლებების, პოლიტიკური პლურალიზმისა და სამოქალაქო საზოგადოების პატივისცემა და დაცვა საჭიროა, რათა საქართველომ დაადასტუროს თავისი ევროპული საფუძველი”, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

მის დანაშაული დააბრალეს საკუთარ ჯარისკაცებს და საქმეების აღძვრა არ დავიწყებიათ მათ წინააღმდეგ – მამუკა მდინარაძე

მათ ომის დანაშაული დააბრალეს საკუთარ ჯარისკაცებს და დეზერტირობაზე ვინც დააკავეს, დაიჭირეს გასაგებია, მაგრამ საქმეების აღძვრა არ დავიწყებიათ ჯარისკაცების წინააღმდეგ. დღეს შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენ, ომის თემის გამოძიებაზე როცა ვლაპარაკობდით წინასაარჩევნოდ და ახლაც შეგვიძლია გავიმეოროთ, იქ სამხედროებზე საუბარი არავისზე არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით არსებულ არც ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობდა ან არსებობს, ჯარისკაცების დადანაშაულება არ შეიძლება იყოს შედეგის მომტანი.

შესაბამისად, მდინარაძე აღნიშნავს, რომ როდესაც „ქართული ოცნება“ ომის დანაშაულის გამოძიებაზე საუბრობს, იგი არ ეხება არც ერთ ჯარისკაცს, „ვინაიდან დანაშაული ჩაიდინა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ“.

„არც ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეიძლება ამ მიმართულებით ოდესმე – დღეს, ხვალ არსებობდეს ან არსებობდა, არ შეიძლება იყოს შედეგის მომტანი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, არც ერთ ჯარისკაცს, არც ერთ გენერალს, მათ მომხრესაც კი – ეს გოგავა იქნება, ყურაშვილი იქნება თუ სხვა, არ შეიძლება შეეხოს, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ისინი იყვნენ, ვინც მათ დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა – ეს დაშვება გააკეთეს რეზოლუციაზე ხელმოწერით და მერე დაიწყეს დეზერტირობაზე და სხვადასხვა მუხლებით გამოძიება. ჩვენ ვართ ის ხალხი, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, არც ერთ მათგანს, არანაირი საფრთხე სისხლისსამართლებრივი მიმართულებით არ ემუქრება. იმიტომ, რომ თუ რამე დანაშაული ჩაიდინა, ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ, მთავრობამ. ეს იყო მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე და თან ღალატი ერქვა ამ დანაშაულს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა ისიც, რომ 2008 წლის ომამდე რამდენიმე თვით ადრე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი საერთოდ ამოიღო კანონიდან.

„სხვათა შორის, რამდენიმე თვით ადრე, სამშობლოს ღალატის მუხლი, სახელმწიფოს ღალატის მუხლი საერთოდ ამოიღეს, გააქრეს კანონიდან და სამხედროებთან დაკავშირებით, დიდი ბოდიში და სულ ფეხებზე ეკიდათ, რა იქნებოდა. საქმეების გამოძიება დაიწყეს, ათეულობით საქმეა დაწყებული – არც ერთზე შედეგი დღეს არ დადგება, არ გაგრძელდება და სამხედროები, გენერლით დაწყებული, რიგითი ჯარისკაცით დამთავრებული, არასდროს არ იქნებიან იმ რისკის ქვეშ, რასაც მათ მიმართ ომთან დაკავშირებით რაიმე სახის ომთან დაკავშირებული გამოძიება შეიძლება ერქვას. ეს შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო და ვინ არის რუსის საქმის მკეთებელი, თუნდაც ამ ერთი მაგალითიდან კარგად ჩანს. ევროპისკენ მიმავალია თურმე რუსი და საქმით სიბნელეში ჩამთრევი, გაუპატიურებაში, მკვლელობაში, ბიზნესის რეკეტში და ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მხილებულია თურმე ევროპელი. ვერ იქნება ევროპის სახე მწამებელი ვერასდროს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არჩევნების შედეგები საქართველოში “პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა” – The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და თავის 28 ოქტომბრის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით „არჩევნების შედეგები საქართველოში „პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა“ (ავტორები – ვიქტორ სუეიზი და ჩარლზ გორივენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარ დარღვევებში და „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩევლების მოსყიდვაში, ბიულეტენების გაყალბებაში და ძალადობაში ბრალი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიუძღვის. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ამ კვირაში, როცა კრემლი, მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების შემდეგ ანალოგიურად საქართველოშიც დაადანაშაულეს.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ საქართველოს არჩევნებში ბევრი დარღვევა იქნა დაფიქსირებული, რომელთა შედეგად, როგორც ჩანს, პრორუსულმა მმართველმა პარტიამ წარმატება მოიპოვა, თუმცა ორი საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები საწინააღმდეგოს მიუთითებს.

„საქართველოში არსებული სურათი ნათელია – არჩევნების შედეგები ვლადიმერ პუტინის მიერ შექმნილმა თბილისის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კვირას, როცა არჩევნებში ჩარევის დამადასტურებელი პირველი ვიდეომტკიცებულებები გავრცელდა, – „მე მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს თავისუფლებისა და მომავლისათვის ბრძოლაში“.

ალისია კერნსმა, ჩრდილოვანი კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სოციალურ ქსელში ასეთ ჩანაწერი გამოაქვეყნა: „ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იმსახურებს“.

მრავალი ფაქტი ადასტურებს იმას, თუ როგორი დარღვევებით ჩატარდა გასულ შაბათს საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელი რამდენიმე ბიულეტენს ყრის ურნაში. ეს ინციდენტი საქართველოს სამხრეთ რეგიონში, მარნეულში მოხდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ უბანზე შედეგები გააუქმა. მარნეულშივე დაფიქსირდა ძალადობა და ჩხუბი, რომლის დროსაც დაშავებული აზატ ქერიმოვი საავადმყოფოში გადაივანეს.

პროდასავლურმა ოპოზიციამ არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პროევროპული კურსის ხელის შეშლაში დაადანაშაულა. ამ არჩევნებს შეუძლია საქართველოს მომავალი ბედი გადაწყვიტოს – გახდება თუ არა ქვეყანა ევროკავშირის წევრი.

იულიან ბულაი, რომელიც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა დელეგაციას მეტაურობს, ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედება ისეთ შეგრძნებას ტოვებს, რომ ყველაფერს „დიდი ძმა აკონტროლებს“.

„დეილი ტელეგრაფის“ ჟურნალისტმა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე თბილისში (ვაკეში), ვიდეოკამერა შეამჩნია, თუმცა მან ვერ გაარკვია, იყო თუ არა ამომრჩევლების თვალის დევნების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ტელეარხმა „ფორმულამ“ აჩვენა კადრები საარჩევნო უბნის თანამშრომლების შესახებ, რომლებსაც ხელში ფურცლები უჭირავთ ამომრჩეველთა გვარებით, რომლებსაც ფული გადაუხადეს.

როგორც დენ ტვინინგმა – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (აშშ-ის არაკომერციული ორგანიზაციის) წარმომადგენელმა აღნიშნა პრესისათვის გამართულ ბრიფინგზე, „არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. იმსახურებს თუ არა ასეთი არჩევნების შედეგები ნდობას, ეს საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ“.

ევროპელი დამკვირვებლების მისიის განცხადებით, არცევნების შედეგები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიის პრინციპებიდან უკან იხევს“ და რომ მმართველი პარტია ქვეყნის ევროკავშირისაკენ ინრეგრირების პროცესს ამუხრუჭებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარი დაუჭირა ევროპული დელეგაციის დასკვნებს და „იქს-ქსელში“ დაწერა, რომ „არჩევნების შედეგები მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს სამომავლო პროგრესზე და მის ევროპულ გზაზე“.

იმ დროს, როცა „ქართული ოცნება“ ბოლო დროს სამოქალაქო საზოგადოებას უხეშად უსწორდება და აცხადებს, რომ არასასურველ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავს, დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ხმის მიცემის შედეგების დიდი ნაწილი ხელოვნურად არის ჩაწყობილ-მანიპულირებული. ერთ-ერთი საჯაროს სკოლის ექს-დირექტორის განცხადებით, მასზე ზეწოლას ახდენდნენ [მმართველი] პარტიის წარმომადგენლები, რომ მას ხმა მიეცა მათ სასარგებლოდ. იგი თანამდებობიდან იმისთვის გაათავისუფლეს, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრა და ომის დაწყება გააკრიტიკა.

ევროპული მისიის განცხადებით, 16 მუნიციპალიტეტში გამოვლინდა იმის დამადასტურებელი ფაქტები, თუ როგორ ახდენს ზეწოლას „ქართული ოცნება“ სახელმწიფო მოსამსახურეებზე და სოციალური დახმარების მიმღებ მოქალაქეებზე.

წყარო

რა ეღირება დოლარი და ევრო 29 ოქტომბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7255 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7255 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7198 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0057 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9484 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9442 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0042 ლარი შეადგინა.

დამალულები რომ არიან და არ ჩანან, გამოვიდნენ და კეთილი ინებონ, დადონ შედეგები -კახა კალაძე ISFED-ზე

ნინო დოლიძე გამოვიდა და თქვა, რომ ერთი ერთში ემთხვევა მათ მიერ ჩატარებული დათვლები მიღებულ შედეგებს, – ასე ეხმაურება კახა კალაძე არჩევნების შედეგებისადმი სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) მოუწოდებს, დადოს პარალელური დათვლის შედეგები.

„მინდა მოვუწოდო ISFED-ს, დამალულები რომ არიან და არ ჩანან, გამოვიდნენ და კეთილი ინებონ, დადონ შედეგები. სხვათა შორის, ნინო დოლიძე გამოვიდა და თქვა, რომ ერთი ერთში ემთხვევა მათ მიერ ჩატარებული დათვლები მიღებულ შედეგებს. ამ ორგანიზაციას USAID, რომელიც იცით, რომ არის ამერიკის მთავრობის ორგანიზაცია. კეთილი ინებონ და გამოვიდნენ. ჩვენ გვახსოვს, 2020 წელს რა იკადრეს და რომ გააქარწყლონ ის დამოკიდებულება, რაც ქართულ საზოგადოებაში და ქართველ ხალხში არის ამ ორგანიზაციის მიმართ, კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ და დადონ კონკრეტული შედეგები, აჩვენონ საზოგადოებას ეს ყველაფერი. თუკი ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, გაერთიანდნენ, მობრძანდნენ და რამდენი უბანიც უნდათ, დაითვალონ. გამოსაძიებელი არაფერია. ყველაფერი ხელისგულზეა და ჩანს ნათლად. 2020 წელს ხომ გახსოვთ, გაყვიროდა ყველა, რომ გაყალბებულია. რეალურად რა აღმოჩნდა, ვიყავით მართლები? – იგივეა ახლაც, ჩვენ არ გვჭირდება გაყალბება. ეს ადამიანები მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, ცრუ კვლევებით აჯერებდნენ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდნენ. ამაზე მათ, პირველ რიგში, მათმა ამომრჩეველმა უნდა მოსთხოვოს პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სალომე ზურაბიშვილი არის წარმავალი, რამდენიმე დღე დარჩენია ამ ადამიანს – კახა კალაძე

მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ თუკი ვინმე გაბედავს ამ ქვეყანაში კანონის წინააღმდეგ წასვლას, ის მიიღებს ძალიან მკაცრ პასუხს ასევე კანონის ჩარჩოებში. ეს არის ჩემი დამოკიდებულება, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„საქართველოს მოსახლეობა დადგა იქ, სადაც ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა, რადიკალურმა ოპოზიციამ კი მიიღო ის, რასაც იმსახურებდნენ

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება. საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ ცხადია, ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს.

ნურავის ექნება ამის ილუზია და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ძალით, ხელების გადაგრეხით ვიღაცას დაუპირისპირდეს. ყველას, ვინც კანონის ჩარჩოს გასცდება, კანონის ფარგლებში შესაბამისი ძალიან მკაცრი პასუხი გაეცემა.

გამოვიდნენ, შეიკრიბონ. რადიკალური ოპოზიცია დღეს დამარცხებული და განადგურებულია. მიიღეს ის, რასაც რეალურად იმსახურებდნენ.

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო 1 მილიონ 120 000 ადამიანს, ვინც გამოვიდა და მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ღირსებას, ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას და ეკონომიკურ განვითარებას.

რადიკალიზმი, ბოროტება და ის სიბინძურე, რასაც ბოლო წლებსა და თვეებში ვხედავთ, ხელისუფლების სათავეში ვერასდროს მოვა.

ქართველი ხალხი ბრძენია, ზურგის ტვინით გრძნობს ყველაფერს. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობა დადგა იქ, სადაც ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ორგანიზაციის ისტორიაში პირველად, ხმების პარალელური დათვლის მონაცემები არ გამოვაცხადეთ, ვინაიდან იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც 2024 წლის საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი -ISFED

„სამართლიანმა არჩევნებმა“, ორგანიზაციის ისტორიაში პირველად, ხმების პარალელური დათვლის მონაცემები არ გამოაცხადა, ვინაიდან იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც 2024 წლის საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი, – ამის შესახებ აღნიშნულია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ფეისბუქპოსტში.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ განიხილება როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება.

აქედან გამომდინარე, „სამართლიანმა არჩევნებმა“, ორგანიზაციის ისტორიაში პირველად, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული ხმების პარალელური დათვლის მონაცემები არ გამოაცხადა, ვინაიდან იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც 2024 წლის საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი“,- აღნიშნულია ISFED-ის ფეისბუქპოსტში.

ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგები გაბათილდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს – ნიკა გვარამია

ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგები გაბათილდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს – ეს „ქართული ოცნება“ ვერ იქნება, აგერ ნახავთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ყველაფერი გამოძიებული იქნება.

როგორც გვარამია აღნიშნავს, „არალეგიტიმური არჩევნები ნიშნავს ქვეყანაში დემოკრატიის ჩამოქცევას ერთხელ და სამუდამოდ“.

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. ჩვენ ამაზე ვთანხმდებით ყველანი. ჩვენ განცხადება გუშინ გავაკეთეთ მანდატებზე უარის თაობაზე. საერთოდ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ პარლამენტში და როგორც კი სიების ჩახსნა იქნება შესაძლებელი, იმიტომ, რომ ეს შედეგების აღიარების შემდეგ არის შესაძლებელი, ამ სიებსაც ჩავხსნით, იმიტომ, რომ ამასთან დაკავშირებით ყველას თანხმობა არსებობს.

გაყალბება ხდებოდა „კარუსელის“ მეშვეობით. ერთი ადამიანი ბევრ უბანზე აძლევდა ხმას და ასევე „კარუსელის“ ახალი ფორმა იყო, როცა ორ ბიულეტენს აძლევდნენ „ქოცების“ მომხრეებს,“ – განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ „სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში არის ამ ქვეყნის ისტორიული ლიდერი, რომელსაც მივყავართ ევროპისკენ“.

„ცხადია, ის აუცილებლად იქნება აქციაზე, იმიტომ, რომ ეს მისი მოწვეული აქციაა,“ – აღნიშნავს გვარამია.

გარდა ამისა, მან ეუთო/ოდირის შეფასებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ყველა პუნქტი მისაღები არ არის.

მისივე თქმით, ოდირის დასკვნა მისთვის არ არის ბიბლია, რომ ყველაფერს დაეთანხმოს.

„ოდირის შეფასებას ძალიან ბევრ პუნქტს ვეთანხმები დარღვევებთან დაკავშირებით, თუმცა შეფასების ყველა პუნქტი ჩემთვის მისაღები არ არის. ოდირის დასკვნა ჩემთვის არ არის ბიბლია, რომ ყველაფერს დავეთანხმო. ბოდიშს გიხდით, რა თქმა უნდა,“ – განაცხადა გვარამიამ.