Home Blog Page 48

რა ეღირება დოლარი და ევრო 5 სექტემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6956 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6956 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6906 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9792 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9699 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0093 ლარი შეადგინა.

მალხაზ გულაშვილს საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის სტატუსი მიენიჭა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორს, პოლიტოლოგს, მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელს და პრეზიდენტს მალხაზ გულაშვილს – მიენიჭა საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის სტატუსი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დარგში.

ამავე ღონისძიებაზე წევრ-კორესპონდენტების სტატუსი მიენიჭათ: გურამ მარხულიას, ვახტანგ მაისაიას, აკადემიკოს ზურაბ ხონელიძეს.

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” გუნდი ულოცავს კომპანიის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს, საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის სტატუსის მინიჭებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას.

ოპოზიციას წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი აქვს, გამარჯვების შანსი არ აქვთ, მათი სისუსტე, შეიძლება, პროვოკაციებში აისახოს-მამუკა მდინარაძე

ოპოზიცია რაც უფრო სუსტია, მით უფრო საშიშია მისი მხრიდან გარე დავალებების შესრულება. მოვუწოდებ თითოეულ მათგანს, ნუ შეასრულებენ დავალებებს და ქვეყანა გარანტირებულად მშვიდ ცხოვრებას გააგრძელებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი აქვს, გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ, ხოლო მათი სისუსტე, ლოგიკაც ასეთია და ინფორმაციებიც, შეიძლება, პროვოკაციებში აისახოს.

„ეს ბუნებრივი ამბავია, რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით უფრო საშიშია მისი მხრიდან გარე დავალებების შესრულება. შემიძლია, მოვუწოდო თითოეულ მათგანს, ნუ შეასრულებენ დავალებებს და ეს ქვეყანა გარანტირებულად მშვიდ ცხოვრებას გააგრძელებს. უარი თქვან დავალებების შესრულებაზე. თავიანთი ინიციატივით ისინი აღარ ინძრევიან, იციან, რომ წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი აქვთ, არანაირი შანსი არათუ გამარჯვების, არამედ ერთი-ორი პარტიის იქით პარტიებს ბარიერის გადალახვაც კი უჭირთ და ზღვართან მიახლოებულად პოზიციონირებენ. არანაირი შანსი არ აქვთ, მათი სისუსტე შეიძლება აისახოს, ლოგიკაც ასეთია და ინფორმაციებიც, პროვოკაციებში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საზოგადოებას სთხოვს, ძალიან ყურადღებით დააკვირდნენ ყველაფერს, რადგან ერთადერთი, რაც ამ ძალებს დარჩენიათ, ან წინასაარჩევნოდ, ან არჩევნების შემდეგ რაღაცა სახის პროვოკაციების მოწყობაა.

„დღის წესრიგში ისეთი სერიოზული საკითხები დადეს, რომლებიც, მათი აზრით, საზოგადოებას აღაშფოთებს. ამ დღის წესრიგს მიჰყვებიან, სხვა შანსი არ აქვთ და ამიტომ, როგორც ჩანს, გეგმა „ბე“-დ ამას მოიაზრებენ. მოვუწოდებ თითოეულ მათგანს, ხელი აიღონ დავალებების შესრულებაზე და ეს ქვეყანა გააგრძელებს მშვიდ ცხოვრებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ლელოს“ ფული აქვს და შეუძლია, ცნობადი სახეები მიიზიდოს, მარგველაშვილს „ლელო“ აძლევს ფულს, შეიძლება, ცოდნაც მისცეს -იაგო ხვიჩია

„ლელოს“ ფული აქვს და შეუძლია, ცნობადი სახეები მიიზიდოს. მარგველაშვილს „ლელო“ აძლევს ფულს, შეიძლება, ცოდნაც მისცეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ ხვდება, რომ საარჩევნო ბარიერის გადასალახად ახალ-ახალი სახეებია საჭირო.

„„ლელო“ ხვდება, რომ საარჩევნო ბარიერის გადასალახად ახალ-ახალი სახეებია საჭირო. იგივე პრობლემა აქვს გახარიებსაც და მიკვირს, ეს პარტიები შორს რომ იყურებიან, გარე-გარე, ჯერ ერთმანეთს შეხედონ, რადგან ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და პოლიტიკაშიც ერთმანეთის გამო არიან. „ლელოს“ ფული აქვს და შეუძლია, ცნობადი სახეები მიიზიდოს. ბევრი ხალხია გასაერთიანებელი და „ლელოს“ ფულს ბევრი შეუძლია. მარგველაშვილს „ლელო“ აძლევს ფულს, შეიძლება, ცოდნაც მისცეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“ნაცები” და “ოცნება” ისეთ სიტყვებს იყენებენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი გუნდისთვის, არც ბექა ოდიშარიას სიძულვილია მისაღები და არც ლაშა ბაქრაძის სიტყვები -ანა ბუჩუკური

„ნაცები“ და „ოცნება“ ისეთ სიტყვებს იყენებენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი გუნდისთვის, არც ბექა ოდიშარიას სიძულვილია მისაღები და არც ლაშა ბაქრაძის სიტყვები, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

„„ნაცები“ და „ოცნება“ ერთი ჯოხის ორი ბოლოა. ძალადობა, სიძულვილის ენა, აგრესია, ერთმანეთისთვის აგენტურის ძახილი – არის ერთი. როდესაც გახარიას გუნდი გამოვდივართ და ვამბობთ, „ქოცებო, თქვე ნაცებო“ – ამას ვგულისხმობთ. ეს მეთოდები და რიტორიკა ერთი და იგივეა. ისეთ სიტყვებს იყენებენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი გუნდისთვის. თუ იმას მეკითხებით, მისაღებია თუ არა, არც ბექა ოდიშარიას სიძულვილია მისაღები და არც ამ ადამიანის სიტყვები, რადგან ეს ჩემთვის არის ერთი და იგივე და მიუღებელი“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა: „ჩვენ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ და არა, ბოდიში და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“.

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა „საქართველოს კულტურის დეკლარაციას“ მოაწერეს ხელი

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა „საქართველოს კულტურის დეკლარაციას“ ხელი მოაწერეს.

როგორც მამუკა ხაზარაძემ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, კულტურის სფერო უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი და წარმატებული.

„კრიზისი, რომელშიც ხელისუფლებამ შეიყვანა ქართული კულტურა, უნდა დასრულდეს. საჭიროა რეფორმები, სფეროს დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივები, სახელოვნებო ინსტიტუციების მდგრადობის სტიმულირება და, სწორედ კულტურით, ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირების გაზრდა“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

პოლიტიკური გაერთიანების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ძლიერი საქართველო“ სრულად იზიარებს ქართველი ხელოვანების საინიციატივო ჯგუფის, „კულტურა დემოკრატიისთვის“ მიერ მომზადებულ „საქართველოს კულტურის დეკლარაციას“, რომელიც კულტურის სფეროს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებებისთვის წინადადებებს და რეკომენდაციებს მოიცავს.

„კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ვიზიარებთ „საქართველოს კულტურის დეკლარაციით“ განსაზღვრულ კულტურის სფეროს როლს, ღირებულებებს და სფეროს განვითარებისა და დამოუკიდებლობისთვის გადასადგმელ ყველა ქმედით ნაბიჯს. მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ სახელოვნებო სფეროს ყველა წარმომადგენელსა და დარგობრივ ჯგუფთან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 სექტემბერს, დღის ბოლოდან 6 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს პატარა მდინარეებზე, შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
 
ცეცხლის ქრობის პროცესში, დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი მონაწილეობდა.
 
მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
 
 
ხანძრის ქრობის პროცესში 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.
 
ხანძრის ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. ადგილზე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი პროვოკაცია სათანადოდ შეაფასოს, ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას მკაცრი სასჯელი დაუპირისპირდება -ირაკლი კობახიძე

მოვუწოდებთ საზოგადოებას, იყოს ფხიზლად და რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცირე თუ მსხვილი პროვოკაცია სათანადოდ შეაფასოს. რადიკალებს არ უნდა მივცეთ იმის იმედი, რომ პროვოკაციებს რაიმე წარმატება შეიძლება მოჰყვეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ვერცერთი პროვოკაცია წარმატებას ვერ მიაღწევს და ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას მკაცრი სასჯელი დაუპირისპირდება.

„უნდა აღინიშნოს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე არის შვიდი კვირა დარჩენილი. დღემდე საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, არ გამოვლენილა არცერთი მეტ-ნაკლებად სერიოზული დარღვევა ან ინციდენტი. გამოვთქვამთ იმედს, რომ საარჩევნო პროცესები მომდევნო შვიდი კვირის განმავლობაშიც ანალოგიურ გარემოში წარიმართება. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს. თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს უარყოფითი მოლოდინი რადიკალური ოპოზიციის სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს, რაც რადიკალურმა ოპოზიციამაც ძალიან კარგად იცის. ასეთ ვითარებაში ისინი მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებით, ბუნებრივია, ნაკლებად არიან დაინტერესებული; ყველა წინა არჩევნების გამოცდილება შეგვახსენებს, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, გამონაკლისის გარეშე, ყოველთვის საარჩევნო გარემოს არევას ცდილობს ხოლმე; შესაბამისად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს არჩევნები იქნება ამ მხრივ გამონაკლისი;  26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც გადაწყდება, შეძლებს „ომის პარტია“ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას თუ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს. როგორც „გლობალური ომის პარტიისთვის“, ისე საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის სასწორზე იმდენად მნიშვნელოვანი რამ დევს, რომ ამ ფონზე რისკები, ბუნებრივია, ერთიათად არის მომატებული.

ყველა ვხედავთ, რა მოვლენები ვითარდება ევროპასა და ამერიკაში. სლოვაკეთში – ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმეტეს სასიკვდილოდ. ყველას გახსოვთ ღია მუქარაც, რომელიც ერთ-ერთი ევროკომისრის პირით შემოგვითვალეს. გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარიმართება გამოძიება ბატონ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის მომზადების საქმეზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია. სწორედ ამიტომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით, საარჩევნო შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით, რაც რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულისწუხილის მიზეზია და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ, პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს. იგულისხმება იმგვარი მოვლენები, როგორიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს მოჰყვა, აგრეთვე რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირება და ა.შ. ამ შემთხვევაშიც, ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება.

დასასრულ, აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების მოგების არავითარი იმედი არა აქვს და არჩევნების შემდეგ ვითარების ასარევად ემზადება. მათ ლექსიკონიდან ამოღებული აქვთ სიტყვები – „ქართულმა ოცნებამ არჩევნები თუ მოიგო“ და მუდმივად საუბრობენ სიტყვებით – „ქართულმა ოცნებამ არჩევნები თუ გააყალბა“. სრულიად ცხადია, რომ ისინი მორიგ ჯერზე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, შეეცდებიან სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას, თავდასხმას და ქვეყნის არევას, რასაც, მათი გათვლით, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და რადიკალური ოპოზიციის მიერ მეორე ფრონტის გახსნის დავალების შესრულება უნდა მოჰყვეს. ამ შემთხვევაშიც, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ საქართველოში ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. მინდა, რადიკალებს და მათ მფარველებს შევახსენო, რომ დღეს სახელმწიფო და საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები დგანან მოწოდების სიმაღლეზე. სახელმწიფოს აქვს საკმარისზე მეტი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში არეულობა ვერავინ შემოიტანოს. შესაბამისად, ვერცერთი პროვოკაცია წარმატებას ვერ მიაღწევს და ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას მკაცრი სასჯელი დაუპირისპირდება.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, იყოს ფხიზლად და რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცირე თუ მსხვილი პროვოკაცია სათანადოდ შეაფასოს. მშვიდი საარჩევნო გარემო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი პირობაა. აქედან გამომდინარე, რადიკალებს არ უნდა მივცეთ იმის იმედი, რომ პროვოკაციებს რაიმე წარმატება შეიძლება მოჰყვეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის მერია სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს

4 სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის  წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა ყოველწლიურად ვითარდება და პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ფინანსური მხარდაჭერა 20 000-მდე სტუდენტს გაეწია.

„თბილისის მერია ახორციელებს სტუდენტთა მხარდაჭერის, მათი სწავლის ხელშეწყობის და პროფესიული განვითარების არაერთ საგანმანათლებლო პროგრამას. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა მოიცავს სტუდენტების სწავლის დაფინანსებას, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს უფინანსდებათ სწავლა სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა).

ძალიან კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტების ხელშეწყობა, მხარდაჭერა, შესაბამისად, ეს პროგრამა გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.

„გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე, რომლის მიხედვით სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში, რომელიც 1125 ლარია, 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება. განცხადებების მიღება გაგრძელდება 2024 წლის 30 ნოემბრის   ჩათვლით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ჩვენ არავინ მიგვყავს „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე, ეს არის სამარცხვინო ტყუილი, ტრანსპორტით დახმარება ჩვეულებრივი მოვლენაა -ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სიცრუეა, თითქოს „ქართულ ოცნებას“ რეგიონებში ღონისძიებებზე საჯარო მოსამსახურეები მიჰყავს.

კობახიძის თქმით, რეგიონებში საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობა ათჯერ ნაკლებია ხალხის იმ რაოდენობაზე, ვინც „ქართული ოცნების“ შეხვედრებს ესწრება.

„ტყუილს ამბობთ. გურიაში რამდენი საჯარო მოსამსახურეა? მე გეტყვით, იმაზე დაახლოებით ათჯერ ნაკლები, ვიდრე იყო მისული ღონისძიებაზე. სულ ყველა, ყველა საჯარო მოსამსახურე რომ მიგვეყვანა, მაინც ათჯერ მეტი გვეყოლებოდა მისაყვანი ადამიანი. ხვდებით, რაშია საქმე? სამარცხვინო ტყუილებია, რასაც თქვენ ავრცელებთ. ჩვენ არავინ არ მიგვყავს. საჯარო მოსამსახურე იმავდროულად თუ არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში ისიც მიდის აქციაზე. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. რაც შეეხება ტრანსპორტით დახმარებას, ზოგადად, ტრანსპორტით დახმარებაც აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა. არაფერზე არ გაქვთ არგუმენტი და ამბობთ ტყუილებს, რაც ძალიან ცუდია. არავის არ სჭირდება საჯარო მოსამსახურეების მობილიზება იქ. რატომ? იმიტომ, რომ საჯარო მოსამსახურეების რაოდენობა რეგიონებში დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები მაინცაა იმაზე, ვიდრე ხალხი მიდის აქციებზე. ხომ ხედავთ, რამხელა ტყუილს ამბობთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი დანიაში დააკავეს-Reuters

დანიის პოლიციამ ქალაქ კოპენჰაგენში შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი ღაზის სექტორში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო მიტინგზე დააკავა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტუნბერგი საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად კოპენჰაგენის უნივერსიტეტში საპროტესტო აქციას მართავდა. დემონსტრანტების 20-კაციანმა ჯგუფმა უნივერსიტეტის შესასვლელის ბლოკირება მოახდინა, ხოლო სამი აქტივისტი შენობაში შეიჭრა. ამის შემდეგ პოლიციამ დაკავებები დაიწყო. საერთო ჯამში, სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულების ვინაობის გამხელაზე უარი განაცხადა, თუმცა ორგანიზაცია „სტუდენტები ოკუპაციის წინააღმდეგ“ წევრებმა დაადასტურეს, რომ დაკავებულთა შორის შვედი ეკოაქტივისტიც არის.