Home Blog Page 47

რა ეღირება დოლარი და ევრო 10 ივნისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7311 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7311 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7315 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1186 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1202 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.

პირველი ზღაპარი არ არის, რომელიც ბოკუჩავასგან მოვისმინეთ – გაწაფულია ეს ქალბატონი რაღაცების შეთხზვაში – დავით მათიკაშვილი

პირველი ზღაპარი არ არის, რომელიც ბოკუჩავასგან მოვისმინეთ – გაწაფულია ეს ქალბატონი რაღაცების შეთხზვაში, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია გააჩნია, შეუძლია სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს.

„ამ ქვეყანას ჰყავს თავისი სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო სისტემა და თუ ვინმეს პრეტენზიები გააჩნია, შეუძლია შესაბამის ორგანოებს მიმართოს. ბოკუჩავასგან რომ არაერთი სისულელე, ტყუილი და ზღაპარი გვაქვს მოსმენილო, კარგად ახსოვს საზოგადოებას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი “მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში”.

ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.

შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართა

სტარტაპ დაჯილდოების მთავარ მიზანს გიორგის სახელის უკვდავყოფა და იმ ადამიანების აღიარება წარმოადგენდა, რომლებიც მის ღირებულებებსა და თვისებებს იზიარებენ. 

გიორგი ტუხაშვილი წარმატებული ქართული სტარტაპის — Kernel-ის თანადამფუძნებელი, სტარტაპ გრაინდ თბილისის დირექტორი, კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი და, ზოგადად, ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მშენებელი იყო. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე 35 წლის ასაკში შეწყდა, თუმცა მან მოასწრო წარუშლელი კვალი დაეტოვებინა ქართულ სამეწარმეო სივრცეში.

წლევანდელი ღონისძიების თემატიკა მიეძღვნა გიორგი ტუხაშვილის ერთ-ერთ გამორჩეულ თვისებას – ანტრეპრენერობას. 2025 წლის დაჯილდოებისთვის წარმოდგენილი იყო 4 ნომინაცია, რომლებშიც დაინტერესებულ პირებს როგორც საკუთარი თავის, ასევე, სხვების ნომინირება შეეძლოთ.

50-ზე მეტი შემოსული განაცხადების საფუძველზე, გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა. გაიცანით წლევანდელი ჯილდოს მფლობელები:

  • Ecosystem Hero – რუსუდან ჩაჩანიძე, მედიალაბის ხელმძღვანელი
  • Boldest Startup – ტექნოლოგიური სტარტაპი KLIPY
  • Super Connector –  ირო ცაგარეიშვილი, AXEL-ის მმართველი დირექტორი
  • Growth Catalyst – რობინ ბატლერი, Sturgeon Capital-ის პარტნიორი

ნომინაციაში გამარჯვება დაკავშირებული იყო ისეთ მნიშვნელოვან პრიზებთან, როგორებიცაა: 5,000 ლარიანი სამოგზაურო გრანტი საერთაშორისო სტარტაპ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, გრძელვადიანი მენტორინგი და სხვა. ნომინანტების შესახებ ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაჯილდოების ვებ-გვერდზე: GT Startup Awards .

ღონისძიებაზე დაანონსდა ახალი ინიციატივაც – გიორგი ტუხაშვილის სახელობის მენტორობის შეხვედრები, სადაც რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც მენტორებს, ისე მენტორის მოძებნის მსურველ სტარტაპებს. შეხვედრები გაიმართება ორ თვეში ერთხელ, თვის ბოლო პარასკევს. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა  ბმულზე .

გიორგის მეგობრების ღრმა რწმენით, ერთობლივი თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ გიორგის მემკვიდრეობის გაგრძელება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის მშენებლობისთვის. 

ეს დაჯილდოება იქნება მუდმივი შეხსენება მომავალი თაობებისთვის,რომ ჩვენ ყველას გვაქვს ძალა, შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ.

ვფიქრობ, უნიჭო სპექტაკლია – გიორგი ვოლსკი ბოკუჩავას განცხადებაზე

რასაკვირველია, კოტიკოს [იოსელიანი] უნდა დაუძახონ, გამოიკითხოს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი გამოეხმაურა თინა ბოკუჩავასა განცხადებას, რომ მისი მეუღლე მოიტაცეს.

„ვფიქრობ, მაინც უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ, ამავე დროს, ახლავს სიბოროტის ის დონე, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ახასიათებდა მაშინ, როცა ბოკუჩავა ერთ-ერთი ლიდერი იყო და დღესაც რჩება, უბრალოდ მართვის ბერკეტები არ გააჩნია ხელში“, – აცხადებს ვოლსკი.

თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ კოტე იოსელიანს ღამით დახვდა ხუთი ნიღბიანი, თუმცა მისივე სიტყვებით მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება მათ ვერ შეძლეს. ბოკუჩავა ამბობს, რომ იოსელიანი მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.

ის, რაც გუშინ თინა ბოკუჩავას მეუღლეს და მის ოჯახს მოუწყვეს, ეს აღარ არის რუსეთი – ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი – მიხეილ სააკაშვილი

ეს არის დაშინების მცდელობა ერთუჯრედიანი, უინტელექტო, გაუნათლებელი ქონდრისკაცების მხრიდან. ჩვენ ამას არასდროს დავნებდებით, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას დღევანდელ განცხადებას, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა და გაიტაცეს.

როგორც სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, ეს არის უკიდურესად მხდალი რეჟიმის ქმედება.

„მინდა მივესალმო საამაყო, უმაგრეს თინათინ ბოკუჩავას, უმაგრეს პოლიტიკურ ლიდერს. ის, რაც გუშინ მის მეუღლეს და მის ოჯახს მოუწყვეს, ეს აღარ არის რუსეთი. ჩვენ ვამბობთ, რომ აღარ გვინდა რუსეთი საქართველოში. ეს რუსეთი აღარ არის, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი. კადიროვი იტაცებს ასე ხალხს. კადიროვი აწერინებს ვიდეოებს, ამ ბანდიტებით საქართველოში კადიროვში ვართ ხალხო. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. არ მეშინია, არ გავჩუმდები!“ – განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში სამართალი და სამართლიანობა საერთოდ არ არის.

„ახლოს არ არის და არაფერ კავშირშია ეს ე.წ. სასამართლო რაიმე ტიპის იურიდიულ პროცესთან, მაგრამ ვიყენებ ამ შესაძლებლობას, რათა მოგმართოთ, თუნდაც ცუდი ხარისხით, თუნდაც ჩახშობის პირობებში. რეჟიმს ჩემი ძალიან ეშინია. ჩემი წინა გამოსვლა პრაქტიკულად, ჩაახშეს. 7 ნოემბრის საქმე სინამდვილეში არის ოლიგარქიული დიქტატურის დამყარების საქმე. სინამდვილეში, ეს არის კლასიკური ყაჩაღური დიქტატურის საბოლოოდ დამყარების მცდელობა. მინდა ყველა პოლიტპატიმარს მივესალმო, მათ შორის ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს. ყველა იმ ადამიანს, ვინც უსამართლოდ ზის ციხეში. ახალგაზრდებს, მათ მშობლებს, რომლებიც ძალიან მაგრად იბრძვიან. მინდა ვთქვა, რომ მაგრად იყვნენ, ძალიან მალე ისინი თავისუფლები იქნებიან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, „არცერთ დამპყრობელს ისე არ უძარცვია საქართველო, როგორც ხელისუფლება ძარცვავს.

„მე რა სულელი ვიყავი, რომ თითზე გადასახვევი არ წამიღია საქართველოდან? მდიდარი ადამიანები განსაკუთრებით საშიშები არიან ხელისუფლებაში. ყველაფერი, რასაც მე გაფრთხილებდით და გეუბნებოდით, ახლა ხომ ახდა?! მე რატომ ჩამოვედი აქ 2021 წელს. თანამდებობა არ მქონდა, შემოსავალი არ მქონდა, სახლი არ მქონდა, კარი არ მქონდა ცხოვრებაში თუ რა? ჩამოვედი იმიტომ, რომ საქართველოს ვკარგავდით. ჩამოვედით იმიტომ, რომ ვიწინასწარმეტყველე ყველაფერი ეს. ყველაფერი, რაც ახლა მოხდა, 2012 წელს გაფრთხილებდით ამის შესახებ. ჩვენ მივიღეთ ეს გამოცდილება და ახლა დროზე უნდა მოვაშოროთ ესენი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ქვეყანა აღარ შეგვრჩება“,-განაცხადა სააკაშვილმა.

“ტერორიდან – ტურიზმისაკენ-როგორ შეცვალა საქართველოს პანკისის ხეობამ თავისი ისტორია”-BBC

 „საქართველოს პანკისის ხეობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ექსტრემისტთა გავლენის ადგილს წარმოადგენდა, ამჟამად ტურისტებს და მოგზაურებს მიესალმება – თავისი სუფიური რიტუალებით, მთის ბილიკებით და ქისტური სამზარეულოთი“, – ასე იწყება ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) მიერ გამოქვეყნებული სტატია სათაურით: „ტერორიდან – ტურიზმისაკენ: როგორ შეცვალა საქართველოს პანკისის ხეობამ თავისი ისტორია“ (ავტორი – ელოიზ სტარკი).

ვრცელ პუბლიკაციაში (რუბრიკით „მოგზაურობა“) გადმოცემულია პანკისის ხეობის ახლო წარსული და დღევანდელობა, ისლამის მიმდევარი ადგილობრივი მოსახლეობის განწყობები, მათი პოზიციები, ყოფა-ცხოვრება და ადათ-წესები.

ავტორი მკითხველს აცნობს პანკისის ხეობის სოფელ დუისს (ახმეტის მუნიციპალიტეტი), სადაც იგი აღწერს „ზიქრს“ – სუფიურ რიტუალს, რომელიც არაბული სიტყვაა და „გახსენებას“, „მოგონებას“ ნიშნავს. „ზიქრის“ დროს ადამიანის სული ალაჰს უახლოვდება. „დუისი, პანკისის ხეობის ერთ-ერთი სოფელი, კავკასიაში ერთადერთ ადგილს წარმოადგენს, სადაც „ზიქრს“ მეჩეთში ქალებიც ასრულებენ მამაკაცებთან ერთად. იქვე უცხოელები – ამერიკელი, ევროპელი და ახლო აღმოსავლელი ტურისტები დგანან, რომლებიც რიტუალს თვალს ადევნებენ“.

ორი ათეული წლის წინათ პანკისის ხეობაში წასვლას ვერცერთი ტურისტი ვერ გაბედავდა. კავკასიის მთების სამხრეთ კალთებზე მდებარე მწვანე ხეობაში ეთნიკურ ქისტები ცხოვრობენ – ჩეჩნური წარმოშობის მუსლიმანური თემის წარმომადგენლები. პანკისმა 1990-იან და მომდევნო წლებშიც ურყევი ავბედითი რეპუტაცია მოიპოვა: მას „უკანონობის ხეობას“ უწოდებდნენ და უცხოელებს ურჩევდნენ, იქით არ გაეხედათ და არ მიახლოებოდნენ. დღეს კი ადგილობრივ მოსახლეობა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი წარსულის სტერეოტიპები შეცვალონ და ტურისტებს ნამდვილი პანკისის ხეობა მთელი თავისი სილამაზით, ბრწყინვალებით და მიმზიდველობით აჩვენონ – ცხენებზე ჯირითით, ხინკლით, სიმღერებით, ცეკვებით…

პანკისის საეჭვო რეპუტაცია მას შემდეგ გაჩნდა, როცა აქ ჩრდილოეთ კავკასიიდან რუსეთის ჯართან საომარ მოქმედებას გამორიდებული ჩეჩნები გადმოვიდნენ. იმის გამო, რომ ადგილობრივი ქისტები ჩეჩნური ენის დიალექტზე საუბრობენ, ხოლო ხეობის ჩრდილოეთი ნაწილი თითქმის პირდაპირ ჩეჩნეთს ესაზღვრება, ამ გარემოებების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ პანკისი ჩეჩენი ლტოლვილებისათვის ლოგიკურ თავშესაფარს წარმოადგენს.

სამოქალაქო ლტოლვილებს შორის რამდენიმე საველე მეთაური და „ბოევიკი“ – მებრძოლიც აღმოჩნდა: გავრცელდა ხმები, რომ ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის „ალ-ქაიდას“ წევრები და თვით უსამა ბენ-ლადენიც კი იმალებოდა. აშშ-სა და რუსეთის ზეწოლით საქართველოს მთავრობამ მარგინალიზებულ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაცია განახორციელა, თუმცა, რადგანაც ხეობის მოსახლეობა ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს განიცდიდა (ლტოლვილების გამო ისედაც მწირმა რესურსებმა კიდევ უფრო მეტი დატვირთვა მიიღო), მთავრობის ძალისხმევამ ჯეროვანი შედეგი ვერ გამოიღო.

ე.წ. „პანკისის კრიზისი“ თითქმის განეიტრალდა, როცა ბევრი ჩეჩენი ლტოლვილი ევროპაში წავიდა, მაგრამ 2010 წლიდან პანკისის ხეობაში თავი იჩინა მორიგმა საფრთხემ – „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენამ. იმდროინდელი ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების წყალობით, პანკისის ხეობამ კარი გაუღო „დაიშის“ ემისრებს, დაიწყო პროპაგანდისტული მანქანის მუშაობა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და საქართველოდანაც, კონკრეტულად კი პანკისის ხეობიდანაც დაუსაქმებელ ახალგაზრდებს იზიდავდა. 2010-2016 წლებში, სხვადასხვა მონაცემებით, პანკისის ხეობიდან სირიაში 50-დან 200-მდე ახალგაზრდა წავიდა, რომელთაგან ზოგიერთი ცნობილი საველე მეთაურები გახდნენ – მაგალითად, აბუ ომარ ალ-შიშანი პანკისელი იყო. ამ ფაქტის გამო ხეობას ისევ „ტერორიზმის ბუდედ“ მოიხსენიებდნენ. მართალია, ბოლო წლებში პანკისის ხეობაში დამნაშავეობამ მნიშვნელოვნად იკლო, მაგრამ მისი სახიფათო იმიჯი დღემდე არ გამქრალა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

ავტორი ესაუბრება ადგილობრივ ექსკურსიამძღოლს, დუისში მცხოვრებ გიდ ფატიმას, რომელიც იხსენებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდს, როცა პანკისის ხეობა არასახარბიელო სახელით სარგებლობდა. „ამჟამად იმდროინდელი პრობლემები წარსულს ჩაბარდა. ხეობაში სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია უმჯობესდება, ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა“, – ამბობს ფატიმა.

პუბლიკაციაში ჩამოთვლილია ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც საინტერესოდ და მიმზიდველად არის აღწერილი: „ფატიმა მათვალიერებინებს დუისს და ჯოყოლოს. ირგვლივ სიმწვანე და სიწყნარეა, მთები ტყეებით არის დაფარული, შორს კი თოვლიან-ყინულიანი კავკასიის მწვერვალებიც მოჩანს. სოფლებში ლამაზი სახლებია საოცარი ჩუქურთმებით… აქ ყველაფერი ნატურალურია. პანკისის ხეობის სამხრეთით კახეთია, ალაზნის ველი, რომელიც საქართველოს უმთავრეს მეღვინეობა-მევენახეობის რეგიონს წარმოადგენს.

„აქაურებს ძალიან უყვართ გარეთ, ბუნებაში ყოფნა – ეწყობა ცხენით ჯირითი და უამრავი დღესასწაულები“, – ამბობს ფატიმა, – მე პირადად ქალაქში ცხოვრება არ შემიძლია, როცა ასეთი მშობლიური სოფელი მაქვს“.

მე კარგად მესმის ფატიმას პოზიცია: პანკისის ხეობა იდილიური ადგილია. ხეობის ბოლო სოფელში გზა წყდება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კავკასიის მაღალი მთების კედელს მივადექით. თითქოსდა მსოფლიოს დასალიერში ვარ. „ბევრი ტურისტი საქართველოში ადგილობრივი სტუმართმოყვარეობის გამო ჩამოდის. პანკისის ხეობა ქვეყნის ის კუთხეა, სადაც ჯერ-ჯერობით ყველაფერი პირველყოფილი და ხელუხლებელია – ბუნების, კულტურის, ტრადიციების და სამზარეულოს თვალსაზრისით“, – ამბობს ემილი ლუში, საქართველოს შესახებ ტურისტული რესურსის Wander-Lush-ის შემქმნელი.

ქისტები, რომლებიც საქართველოში მე-19 საუკუნეში დასახლდნენ, ისლამური (სუფიზმის) მიმდევრები არიან და ამით ისინი საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანულ მოსახლეობისაგან, თავიანთი ტრადიციებით, ძალიან განსხვავდებიან. კულტურის უნიკალურობის მიუხედავად, ხეობაში ტურისტების მიზიდვა ძალიან ძნელი იყო. არადა, ხეობა თბილისიდან ორ საათ ნახევრის სავალზე იმყოფება და მუნიციპალიტეტის ცენტრს – ახმეტას მხოლოდ 20 კილომეტრი აშორებს. ახმეტის სოფლების მოსახლეობა უამრავ უცხოელ ტურისტს მასპინძლობს და განთქმულნი არიან თავისი ვენახებით და ღვინით“, – წერს ავტორი.

„ნაზი ყურაშვილი პირველი იყო, რომელმაც უცხოელი ტურისტები და მოგზაურები პანკისში მიიყვანა. 2013 წელს მან გახსნა რეგიონში პირველი სასტუმრო Nazy’s Guesthouse, თუმცა ბევრი დრო დაჭირდა, რათა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას თავის ვებ-გვერდზე პანკისის შესახებ ინფორმაცია განეთავსებინა. 2018 წელს ნაზი ყურაშვილმა დააარსა პანკისის ხეობაში ტურიზმის განვითარების ასოციაცია, რათა სხვებს დახმარებოდა წარმატების მიღწევაში. ნელ-ნელა ამ თვალწარმტაცი კუთხის არსებობა ბევრმა გაიგო“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ავტორი ესაუბრება ხათუნა მარგოშვილს, რომელმაც საზღვარგარეთში ყოფნის დროს გარკვეული რაოდენობის თანხა დააგროვა, სამშობლოში დაბრუნდა და ტურისტულ ბიზნესს მიჰყო ხელი – იგი საკუთარი წარმატების „საიდუმლოებაზე“ ლაპარაკობს.

„ქისტური სამზარეულო, ისევე როგორც მათი კულტურა, ჩეჩნური და ქართული გავლენის ნარევს წარმოადგენს. აქ ყველა საკვები ნატურალურია – ბოსტნეული, რძის ნაწარმი, თაფლი, ასკილზე მომზადებული ლუდი…ძალიან პოპულარულია ადგილობრივი საჭმელები – ქისტური ჯიჯიგ გალანიში და ქართული ხინკალი. საღამოობით სტუმრებს საერთო მაგიდა ელოდებათ, სადაც ისინი ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს… მოკლედ, ეწვიეთ საქართველოს პანკისის ხეობას“, – ნათქვამია ვრცელი პუბლიკაციის დასასრულს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

ყველა საფინანსო ინსტიტუტი გამოთქვამს მზადყოფნას, არათუ გააგრძელონ მიმდინარე თანამშრომლობა, არამედ დააფინანსონ ახალი პროექტები -ლაშა ხუციშვილი

ყველა საფინანსო ინსტიტუტი გამოთქვამს მზადყოფნას, არათუ გააგრძელონ მიმდინარე თანამშრომლობა, არამედ დააფინანსონ ახალი პროექტები, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფორუმზე „საქართველოს საფინანსო და საინვესტიციო პოლიტიკა“ განაცხადა.

ლაშა ხუციშვილმა ფორუმი გახსნა და ისაუბრა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე, მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და საშუალოვადიან პროგნოზებზე.

ამასთან, ფინანსთა მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების (EBRD, ADB, WB, IMF, AIIB) წლიური შეხვედრების ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს მიერ გამართული მოლაპარაკებების შესახებ.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჰქონდა გარკვეული გამოწვევები, რომელიც ეხებოდა ეკონომიკის სიძლიერის ფუნდამენტურ საკითხებს.

„პირველ რიგში, ქვეყანას უნდა მიეღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ფისკალური მდგრადობისთვის, რათა შექმნილიყო საფუძველი შემდგომი განვითარებისთვის, რადგან, ქვეყანას თუ არ აქვს მაკროეკონომიკური და ფისკალური მდგრადობა, სხვა ყველაფერი, რაზეც შეიძლება დაშენდეს ეკონომიკური სტრატეგია, ვერ იქნება მყარი და გრძელვადიანი. ბოლო ოთხ წელიწადში ქვეყანამ სრულად მიაღწია მაკროეკონომიკურ სტაბილურობას იმდაგვარად, რომ მასზე შეიძლება აიგოს ძლიერი ეკონომიკური მომავალი. ბიუჯეტის დეფიციტი 9.3%-დან შემცირდა 2.4%-მდე, საგარეო ვალის მაჩვენებელი, რომელიც იყო 60%-მდე, ჩამოვიდა 36%-მდე – თითქმის განახევრდა ოთხ წელიწადში მშპ-თან მიმართებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, როცა გვქონდა ორნიშნა, ახლა გვაქვს ისტორიული მინიმუმი 4.4%-ის ოდენობით, ინფლაციის მაჩვენებელი ახლოსაა მიზნობრივთან და ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი არის შესაბამისობაში“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, საქართველო არის იშვიათ ქვეყანათა ჩამონათვალში, რომელმაც მოკლე დროის მონაკვეთში შეძლო, აღედგინა ფისკალური მდგრადობა, რითიც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პარტნიორია საფინანსო ინსტიტუტებისთვის.

„ისევე როგორც ბანკებისთვის, საფინანსო ინსტიტუტებისთვისაც მნიშვნელოვანია ის, რომ რა თანხასაც დააბანდებს თუ ინვესტიციას გააკეთებს ქვეყანაში, არ დადგეს რისკის ქვეშ. ამ მხრივ ალბათ მსოფლიოს 3-4 ქვეყანას შორის ვართ, რომელთანაც ფისკალურ მდგრადობასთან დაკავშირებით კითხვები საერთოდ არ არის და, პრინციპში, ესეც იყო იმის შედეგი, რომ პრაქტიკულად ყველა საფინანსო ინსტიტუტმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ არათუ გააგრძელონ მიმდინარე თანამშრომლობა, არამედ დააფინანსონ ახალი პროექტები. მაგალითად, აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაზე ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც დაახლოებით 700-800 მეგავატ განახლებადი ენერგიის წყაროებს შეჰმატებს საქართველოს ელექტროსისტემას. შესაბამისად, მინდა, აღვნიშნო, რომ საფინანსო ინსტიტუტების მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, პროგნოზები და, ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდებში გვექნება განახლებები და სიახლეები“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორკვირიანი მისიის შედეგებსა და გამოთქმულ შეფასებებზე. მისი თქმით, ფონდმა დაადასტურა ყველა ის ფინანსური, ეკონომიკური პარამეტრი, რაც ფინანსთა სამინისტროს ჰქონდა მიმდინარე პროცესსა და პროგნოზებში.

„ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათლად არის მითითებული, რომ საქართველოს ეკონომიკამ შექმნა იმ რაოდენობისა და მოცულობის ბუფერები, რომელიც გაუმკლავდება ნებისმიერ პოტენციურ კრიზისს, რაც შეიძლება, თეორიულად იქნეს წარმოქმნილი, გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით ყველა ფისკალური პარამეტრი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყანაში გაგრძელდეს მსხვილი საინვესტიციო პროექტები საგზაო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა თუ ლოგისტიკის მიმართულებით, ასევე ყურადღება გამახვილდეს IT სექტორის განვითარებაზე, რომელიც მზარდია და აქვს დიდი შესაძლებლობები.

ამასთან, საინვესტიციო ბანკებთან გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მიერ საკრედიტო რეიტინგებში მიღწეული პროგრესი, როგორც ეკონომიკური, ისე მმართველობითი ხარისხის მიმართულებით და საინვესტიციო ბანკების მხრიდან მზაობა, ქვეყანასთან გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ.

გერმანიის ელჩი ოპოზიციის წარმომადგენლების პროცესებს არ აცდენს, როგორც ჩანს, არის მოცლილი, ბევრი თავისუფალი დრო აქვს და ვთავაზობ, დაესწროს საგამოძიებო კომისიის სხდომებს -თეა წულუკიანი

გერმანიის ელჩი ოპოზიციის წარმომადგენლების სასამართლო პროცესებს არ აცდენს, როგორც ჩანს, მას ბევრი თავისუფალი დრო აქვს და მინდა, შევთავაზო, დაესწროს საგამოძიებო კომისიის სხდომებს თარჯიმანთან ერთად, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე ნიკოლოზ გოგუაძეს მოუსმინეს.

წულუკიანის თქმით, საგამოძიებო კომისიაზე დასწრების შემდეგ შესაძლებელი იქნება ინფორმირებული შეფასებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, ვინ იყო სააკაშვილი.

„გერმანიის ელჩი, ბატონი ფიშერი, გვარი ხომ არ მეშლება, როგორც ჩანს, არის მოცლილი, რადგან პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების სასამართლო პროცესებს არ აცდენს. რომელიმე მათგანი თუ მოხვდა საპატიმროში, ნამდვილად საუკეთესო პირობებში უწევთ ყოფნა. გაგვაკრიტიკეს კიდეც, ზედმეტად ჰუმანურები ხართო. როგორც ჩანს, მას სცალია, ბევრი თავისუფალი დრო აქვს და მინდა, შევთავაზო გერმანიის ელჩს, ბატონო ელჩო, მობრძანდით. ჩვენი კარი ღიაა. ჩვენ ვიმსჯელებთ, მივიღებთ გადაწყვეტილებას და მოგცემთ უფლებას, რომ ამ სხდომებს დაესწროთ თქვენს თარჯიმანთან ერთად. მოუსმინეთ, რას ყვება ბატონი ნიკოლოზ გოგუაძე დღეს ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე. როგორ ცემეს, როგორ იხტუნავეს ცოცხალ ადამიანებზე, როგორ დაუმტვრიეს ხერხემალი, აწამეს. როგორ აყურებინეს ერთ-ერთ მათგანს მეორე მათგანის წამება, რის შემდეგაც ყველას მოუწია აღიარებითი ჩვენების მიცემა, როგორ აწამებდნენ გლდანში პატიმრებს და შემდეგ გააკეთეთ შეფასებები, ბატონო ელჩებო. განზრახ არ გვინდა, დავაკონკრეტოთ გვარები და წამების შინაარსი, რადგან სააკაშვილისგან განსხვავებით, ვიცავთ პირადი ცხოვრების და პირადი ღირსების ხელშეუხებლობის უფლებას. ჩვენს კომისიაზე არის ადგილი, დაბრძანდით და მხოლოდ უსმინეთ, შემდეგ უკვე გააკეთებთ ინფორმირებულ შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, ვინ იყო სააკაშვილი, როგორც ბატონმა ნიკოლოზმა ბრძანა, ვერავინ მოახერხა სააკაშვილის გარდა, რომ ეტირებინა ქართველი კაცები ხმით. ეს მან მოახერხა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

თბილისის მთავარ სამმართველოში თითები დაგვამტვრიეს, დამოუკიდებლად ფეხზე ვეღარ ვიდექი. არავის ეგონა, რომ გადავრჩებოდი ისეთ დღეში ვიყავი. ციხესაც არ უნდოდა ჩემი მიღება, აქ მოგვიკვდებაო-ნიკა გოგუაძე

„თბილისის მთავარ სამმართველოში თითები დაგვამტვრიეს, მე მაგალითად ფრჩხილები დამატეხეს ხელზე სკრეპის ამოსაღებით“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულმა ნიკოლოზ გოგუაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

ნიკოლოზ გოგუაძე იხსენებს სამმართველოში ყოფნის პერიოდს და ამბობს, რომ ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ დროებითი დაკავების იზოლატორის უფროსმა და შემდეგ ციხემაც მის მიღებაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ „აქ მოგვიკვდებაო“.

„თითები მქონდა დამტვრეული. საერთოდ მთავარი სამმართველოს შემდეგ დამოუკიდებლად ფეხზე ვეღარ ვიდექი და იძულებულები იყვნენ, გადამიკიდებდნენ წამიყვანდნენ და წამომიყვანდნენ. მთავარი სამმართველოს „კაპეზემ“, ჩემდა გასაოცრად, უარი განაცხადა ჩემს მიღებაზე. არ მივიღებთო, გაწვა ის კაცი, ვინც იყო მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორის უფროსი, რომ მოკვდებაო. ნამდვილად არავის ეგონა, რომ გადავრჩებოდი ისეთ დღეში ვიყავი და სადმე სხვაგან წაიყვანეთო. საბოლოო ჯამში მაინც გამაფორმეს და შემიყვანეს. ზუსტად იგივე პრობლემა ჰქონდა ციხესაც ჩემი მიღების. ციხემაც გააპრობლემა, არ უნდოდათ ჩემი მიღება იმიტომ, რომ აქ მოგვიკვდებაო“, – განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.

ძლიერი ზრდა და გარკვეულწილად მომატებული ინფლაცია

საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა ზრდამ 7.5%, ხოლო წლის პირველ ოთხ თვეში საშუალოდ 8.8% შეადგინა, რაც კვლავ აღემატება ჩვენს მოლოდინებს. ამავდროულად, როგორც მაისის ყოველთვიურ განახლებაში გავუსვით ხაზი, მაისში, წინასწარი ინდიკატორების უმეტესობა ეკონომიკური აქტივობის აჩქარებაზე მიუთითებს. კერძოდ, აღსანიშნავია მთლიანი უნაღდო დანახარჯებისა და არა-რეზიდენტების ხარჯების ზრდის დინამიკა, ხოლო მიგრანტებისა და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე გაწეულ დანახარჯებში მხოლოდ მცირე კლება შეინიშნება. აპრილის მდგომარეობით, კვლავ ძლიერი რჩება საკრედიტო აქტივობაც, თუმცა, განსაკუთრებით ინფლაციის გათვალისწინებით, ზრდის ნორმალიზების ტრენდი თებერვლიდან მოყოლებული აშკარაა როგორც ფიზიკური პირების, ასევე ბიზნეს სექტორის დაკრედიტების დინამიკაში. მეორე მხრივ, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვანი მატება ფიქსირდება ექსპორტის მიმართულებით.

 ამ ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 6.0%-დან 7.2%-მდე გააუმჯობესა, ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში ფონდი ეკონომიკური ზრდის 5%-იანი ნიშნულის გარშემო ნორმალიზებას ვარაუდობს.

 ზოგადად, მაღალი ეკონომიკური აქტივობა ასევე მაღალ ინფლაციასთან ასოცირდება. ამასთან, საქართველოს მსგავს მცირე ზომის ეკონომიკებში გასათვალისწინებელია იმპორტის დიდი ხვედრითი წილი, მათ შორის ადგილობრივ წარმოებასა და მომსახურებაში გამოყენებული შუალედური საქონლის სახით. ამ კუთხით, სამომხმარებლო ფასების ბოლოდროინდელი დინამიკა გარკვეულწილად შერეულ სურათს იძლევა. კერძოდ, მაისში სამომხმარებლო ფასების ჯამურმა ინფლაციამ წლიურად 3.5%, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0.4% შეადგინა, რაც, სეზონურად შესწორებისა და გაწლიურების შემთხვევაში, 5.3%-ს უტოლდება და ეროვნული ბანკის 3%-იან სამიზნე ნიშნულს აღემატება. ინფლაციის აჩქარების მთავარ განმაპირობებლად ადგილობრივი და შერეული კატეგორიის საქონლის, განსაკუთრებით კი სურსათის გაზრდილი ფასები რჩება, მომსახურების ფასების ზრდა კი მაისში, გასულ თვეებში აჩქარების შემდეგ, შესამჩნევად შენელდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი შეფასებით, ისტორიულად, მაღალი ადგილობრივი მოთხოვნა უპირველესად სწორედ მომსახურების ინფლაციაში აისახება. ამავდროულად, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ფასების შემცირების კუთხით მაისშიც მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდა გლობალურად გაიაფებულ ნავთობსა და სხვა იმპორტულ საქონელს.

 მთლიანობაში, ფასების დინამიკა მოლოდინებთან შესაბამისი რჩება, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად ვინარჩუნებთ წლის ბოლოსთვის ინფლაციის დაახლოებით 4.1%-იან ნიშნულამდე გაზრდის პროგნოზს, რაც ოქტომბერ-ნოემბერში ფასების ზრდის კიდევ უფრო მაღალ დონეს, მომდევნო თვეებში კი 3%-იან სამიზნესთან ეტაპობრივ დაახლოებას მოიაზრებს. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში ინფლაციური რისკები გარკვეულწილად მომატებულია, ვფიქრობთ, ფასების დინამიკაზე დამატებითი წნეხის რეალიზების შემთხვევაში, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის სიჭარბისა და ლარის გამყარების სხვა არგუმენტების გათვალისწინებით, აშშ დოლარის მიმართ საქართველოს ეროვნული ვალუტის შედარებით მეტად გამყარებაა მოსალოდნელი.

 იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006875-macro-update-georgia

(R)

ტრამპის სასაზღვრო სამსახურის უფროსი დაპატიმრებით მემუქრება, მოდი და ამიყვანე, მაგარო ბიჭო, არ მადარდებს-კალიფორნიის გუბერნატორი

კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მას დაკავებით ემუქრება.

„ტრამპის სასაზღვრო სამსახურის უფროსი დაპატიმრებით მემუქრება ლაპარაკისთვის. მოდი და ამიყვანე, მაგარო ბიჭო. მე არ მადარდებს. ეს არ შემაჩერებს კალიფორნიის დაცვისგან“, – დაწერა კალიფორნიის გუბერნატორმა სოციალურ ქსელ X-ში.

შაბათს ტრამპის სასაზღვრო სამსახურის უფროსმა, ტომ ჰომანმა განაცხადა, რომ, პროტესტის მიუხედავად, იმიგრანტების წინააღმდეგ რეიდები გაგრძელდება. მან ასევე მიანიშნა, რომ დააკავებენ იმ პირებს, ვინც ოფიცრების მუშაობაში ჩაერევა. NBC News-თან საუბრისას ჰომანმა განაცხადა, რომ ეს წესი გავრცელდება ყველაზე, მათ შორის თანამდებობაზე არჩეულ პირებზე.

„თქვენ ზღვარს გადადიხართ. არალეგალი უცხოელის მფარველობა და დამალვა არის სისხლის სამართლის დანაშაული. ასევე, სისხლის სამართლის დანაშაულია სამართალდამცავი ორგანოების მუშაობაში ხელის შეშლა“, – განაცხადა ჰომანმა.

კალიფორნიაში საიმიგრაციო აღსრულების სამსახურის ოპერაციების გამო დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები, უკვე სამი დღეა, გრძელდება. დონალდ ტრამპის განკარგულებით, არეულობის ფონზე ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის ორი ათასი წევრი განთავსდა.

ხუთმა ნიღბიანმა პირმა გაიტაცა ჩემი მეუღლე, 8 საათი ახორციელებდნენ ზეწოლას -თინა ბოკუჩავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილს ბოდიში მას შემდეგ მოუხადა, რაც გაიტაცეს და მასზე ზეწოლა განახორციელეს. ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

„საზოგადოების ნაწილმა ნახა ვიდეო, რომელიც გუშინ ჩემმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა გამოაქვეყნა, სადაც თითქოს ბოდიშს იხდის მის მიერ 2018 წელს გაკეთებული საჯარო კომენტარის გამო უტა ივანიშვილთან დაკავშირებით. მინდა, მოვყვე, რა მოხდა ამ ვიდეოს ჩაწერამდე. მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, სადაც ვცხოვრობთ ჩვენს სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ღამით ჩაუსაფრდა ხუთი ნიღბიანი პირი. მას თავს დაესხნენ, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება ვერ შეძლეს. ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში, აუხვიეს თვალები და თვალებახვეული, ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით. ჩვენთვის შეუძლებელია, დავადგინოთ ზუსტი ლოკაცია მისი გატაცების, რადგან იყო თვალებახვეული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.

ადგილზე მიყვანის შემდეგ, გამტაცებლები რვა საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს. მათ შორის ჩვენი უფროსი, ათი წლის შვილის სკოლის და ჩვენი 2.5 წლის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა. ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით. მიუხედავად იმისა, რომ მე მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი მეუღლესთან დაკავშირებას, მას არ აძლევდნენ თავის პირად ტელეფონთან წვდომას. ყველას პირადი ცხოვრება პირადია, წერტილი, მაგრამ, ყველას კარგად გვესმის, რომ უტა ივანიშვილზე შვიდი წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომელზეც კოტემ ფაქტიდან სამ დღეშივე საჯაროდ მოიხადა ბოდიში, გუშინდელი კოტეს ძალადობრივი გატაცების რეალური მიზეზი არ არის და ეს არის მხოლოდ საბაბი. რეალური მიზეზი კი არის ჩემი დაშინება და ჩემი გაჩუმება. ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის ყველა წევრის, კოტეს გამტაცებლების და გატაცების დამკვეთების, მათ შორის გელა გელაძის, რომელიც, როგორც მეუბნებიან, მე, როდესაც აშშ-ში პოლიტიკურ მეცნიერებას ვსწავლობდი, ვანო მერაბიშვილის ყურმოჭრილი მონა იყო, ყველას გასაგონად მინდა, გარკვევით ვთქვა – არ მეშინია, არ გავჩუმდები და ვიბრძოლებ თქვენი ძალადობრივი, მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის. რეჟიმმა ჩათვალა, რომ ისინი მე ვერ მიჭერენ და ამიტომ გადაწყვიტეს ჩემზე განახორციელონ ზეწოლა ჩემი ოჯახით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ მეშინია, არ გავჩუმდები და ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს, რადგან მხოლოდ სიმართლით შეგვიძლია, დავამარცხოთ რეჟიმის სიცრუე, სიმხდალე, რეჟიმის ბოროტება და მათი ღალატი.

აქვე ვიტყვი – მორიგი სიცრუე და თვალთმაქცობაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილთან ვითომ შერკინება. ეს არის თავისა და ხალხის მოტყუება. აქაც უნდა ითქვას სიმართლე. ამ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში შესვლა, შეიძლება, იყოს მხოლოდ ივანიშვილთან გარიგების შედეგი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები ივანიშვილთან ასეთ გარიგებაში არ შევლენ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კოტე იოსელიანმა გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.