Home Blog Page 47

ვაპირებთ, განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება -ანა დოლიძე

ვაპირებთ, განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა დოლიძემ ოპოზიციის გეგმაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს იქნება საუბარი იმ გეგმაზე, მოკლევადიან პერიოდში რომლითაც ვაპირებთ, განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დოლიძის განცხადებით, დღეს, 20:00 საათზე ოპოზიცია საზოგადოებას არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამასთან, როგორც დოლიძემ აღნიშნა, ოპოზიცია საზოგადოებას ეტყვის იმ გეგმის შესახებაც, რა ქმედებების განხორციელებას ფიქრობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

„მტკიცებულებების მოგროვების პროცესი დასრულდა. ჩვენ ახლა რამდენიმე სქემის სურათი გვაქვს. დღეს საღამოს 20:00 საათზე ოპოზიცია განუცხადებს საზოგადოებას, რა არის მოპოვებული, მაგრამ გარდა ამისა, განუცხადებს გეგმას, უმოკლეს ვადებში რა ქმედებების განხორციელებას ფიქრობს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ჩვენ გვიხარია, რომ ამ საკითხში ჩვენი თანამოაზრე არის საქართველოს პრეზიდენტი და რაც მთავარია, ამ წინააღმდეგობის გეგმის დამკვეთი პირველ რიგში, ქართველი ხალხია, რომლის ნება მიტაცებულია“, – განაცხადა დოლიძემ.

გააუქმეთ ანტი ლგბტ და გამჭვირვალობის შესახებ კანონები და არჩევნებს გიღიარებთო – ანუ, თუ კაცები გათხოვდებიან საქართველოში, ის 300 000 ხმა აღარ იქნება გაყალბებული? -გურამ მაჭარაშვილი

„არ მწამს“, „აღქმა მაქვს, რომ გაყალბდა“, „დათვლა სწორი იყო, მაგრამ ტანით ვგრძნობ, რომ გაყალბდა“ , „ის ქალი იჯდა და იღიმოდა, მაგრამ ამ ღიმილში ზეწოლის ფაქტები იყო“ და ა.შ., რაღაც, რიტუალური პროცესები დაასახელა [არჩევნების „გაყალბების“] მიზეზად ოპოზიციამ, რის გამოც თურმე ცესკომ უნდა თქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულებები არ არსებობს, თავიდან უნდა ჩატარდეს არჩევნებიო. ამ წრეში ტრიალებს ოპოზიცია და იმიტომ არის ასეთი შედეგების მქონეც“, – განაცხადა მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ლოგიკური შედეგი მიიღო არჩევნებზე, როცა დამარცხდა, რადგან მთელი წინასაარჩევნო კამპანია ლგბტ დროშით ხელში გაატარა.

„აბა, სხვა რა შედეგებს ელოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, როცა მთელი წინასაარჩევნო კამპანია ლგბტ დროშა ხელიდან არ გაუშვეს? როცა ტრადიციების გინებას თავი არ დაანებეს? ეკლესიის ლანძღვას არ შეეშვნენ და არაფერი ქართული არ დატოვეს, რასაც კი შეეხნენ. ამიტომ, ისეთმა ხალხმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, მანამდე რომ არ მიუღიათ, რადგან ამისკენ თავად ოპოზიციამ და მათმა პატრონებმა უბიძგეს, კაცების გათხოვების მოთხოვნით. არ გვინდა ეს კაცების გათხოვება, თუ ოპოზიციას უნდა, უნდა გათხოვდნენ და რაც უნდათ, ის აკეთონ. დღესაც იმავეს ამბობენ [ქვეყნის გარეთაც] – ოღონდ კაცები გაათხოვეთ და არჩევნებს ვაღიარებთო. ანუ, გააუქმეთ ანტი ლგბტ კანონიო, გააუქმეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, შავი ფული შემოგვატანინეთ და არჩევნებს გიღიარებთო. ანუ, თუ კაცები გათხოვდებიან საქართველოში, ის 300 000 ხმა აღარ იქნება გაყალბებული? ეს არის ის რეალობა, რასაც საქართველო არასდროს მიიღებს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა

ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს – მას წარმატებები ვუსურვე -ორბანი

JPG edited with https://ezgif.com/resize

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს წარმატებები უსურვა.

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ახლახან ვესაუბრე. მომავალი სამშაბათისთვის წარმატებები ვუსურვე. მხოლოდ ხუთი დღე დარჩა. იმედი უნდა ვიქონიოთ“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

რა ეღირება დოლარი და ევრო 1 ნოემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7427 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7427 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9810 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9759 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0051 ლარი შეადგინა.

სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ოღონდ არ მსურს, ჩემს უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი ისიც აღმოჩნდეს-მიხეილ სააკაშვილი

არ მსურს, რომ ჩემს უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი პრეზიდენტი ზურაბიშვილიც აღმოჩნდეს, რომელსაც რეალურად შეეძლო ამ უსამართლობის აღმოფხვრა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მე სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მომეწონა, რომ ის არ წამოეგო პროვოკაციას და არ დათანხმდა რუსული პროკურატურის მოთხოვნას.

მე ვნახე, რომ ქ-ნ სალომეს არც მედვედევის მუქარა გამორჩენია მხედველობიდან.

ოღონდ სამართლიანობა მოითხოვს, რომ ზუსტად ასეთი, მოსკოვიდან მოსული ინსტრუქციების შედეგად, უკვე სამ წელზე მეტი ვიმყოფები თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით პატიმრობაში და არ მსურს, რომ ამ უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი პრეზიდენტი ზურაბიშვილიც აღმოჩნდეს, რომელსაც რეალურად შეეძლო ამ უსამართლობის აღმოფხვრა.

თქვენ რას ფიქრობთ ხალხო?“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ევროკომისიის ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კონკრეტულად აფასებს ბევრ მიმართულებას, კარგად ასახავს იმ პროგრესს, რაც საქართველოს აქვს-მაკა ბოჭორიშვილი

ანგარიში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან კონკრეტულად აფასებს ძალიან ბევრ მიმართულებას საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობეში, კარგად ასახავს იმ პროგრესს, რა პროგრესიც საქართველოს აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი.

„ამას ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობა და მუშაობის გაგრძელება სჭირდება. ეს არის ჩვენი სურვილიც და მიზანიც. ჩვენ არ დაგვიმალავს და ვამბობთ, რომ 2028 წლისთვის საქართველოს ასოცირების შეთანხმების 90%-ზე მეტი შესრულებული ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად ეს ანგარიში იქნება იმ პროგრესის ამსახველი, რასაც საქართველო მიიღებს სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება კრიტიკულ მხარეებს, იქ არის რეკომენდაციები და კრიტიკული შეფასებებიც, ამას ჩვენ ძალიან ყურადღებით შევისწავლით, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ვუპასუხოთ ევროკომისიის კრიტიკულ შეფასებებს. რაც შეეხება კანონებს, კანონები, რომლებიც მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ, ეფუძნება იმ ობიექტურ საჭიროებებს, რა საჭიროებების წინაშეც დგას ქვეყანა, ქართული საზოგადოება. იმ წუხილებზე, რაც ჰქონდა ევროკავშირს, შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, მაგალითად, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდას, სინამდვილეში ეს არის ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ კანონი. წუხილი იმის შესახებ, თითქოს ეს კანონი დისკრიმინაციულია, შეგვიძლია ამაზეც ვიმსჯელოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და რისი მოლოდინიც ქართულ მხარეს აქვს, არის ის, რომ ჩვენ გვექნება კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობა ევროკავშირთან, ისევე როგორც სხვა კანდიდატ ქვეყნებს აქვთ. საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის მხრიდან არ იქნება განსხვავებული მიდგომა გამოყენებული, რისი საფუძველიც არ არსებობს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო დააზიანოს, არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქვეყნის კონსტიტუციას, ამას უკვე საერთაშორისო საზოგადოებაც კარგად ხედავს-მაკა ბოჭორიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო დააზიანოს, არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქვეყნის კონსტიტუციას, ამას უკვე საერთაშორისო საზოგადოებაც კარგად ხედავს, –  საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, კამპანია, რომელიც არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

„შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა ამ ყველაფერზე რეაგირება იყოს. სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული და სათანადო პასუხი გაეცეს, თუ არსებობს საფუძველი იმ განცხადებების, რაც მოვისმინეთ. მძიმე ბრალდებები თუ უსაფუძვლოა, მაშინ ამ ადამიანებმა უნდა გაგვცენ პასუხი, რას ემსახურება მათი უსაფუძვლო ბრალდებები, რომლებიც ცალსახად აზიანებს საქართველოს ინტერესებს. 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთი იყო არჩევნები, რომელიც საქართველოს უნდა ჩაეტარებინა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კამპანია, რომელიც არჩევნების დააზიანებისკენ არის მიმართული, პირდაპირ ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ნაბიჯის გადადგმას. ამიტომ, ადამიანებმა, რომლებიც აწარმოებენ კამპანიას, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროპულ მომავალთან, უნდა ახსნან, რას ემსახურება მათი უსაფუძვლო განცხადებები. ამის საფუძველი თუ აქვთ, რა თქმა უნდა, საქართველოში შესაბამის ორგანოებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ეს ყველაფერი გამოიძიონ. სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო, სახელმწიფო დააზიანოს. არ აღიარებს იმ სახელმწიფოს, რომელი სახელმწიფოს პრეზიდენტის თანამდებობაც უკავია. არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და არ აღიარებს ქვეყნის კონსტიტუციას. ჩვენი საზოგადოება ამას კარგად ხედავს და ახლა უკვე კარგად ხედავს საერთაშორისო საზოგადოებაც. ამის დასტურია ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაჟღერდა მოთხოვნა და თხოვნა ადამიანის მიმართ, რომელიც პირველი უნდა იყოს სახელმწიფოსა და სახელმწიფოს ინსტიტუტების დაცვის გარანტი, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ბრალდებები, რომლებიც მან გააჟღერა, დაადასტუროს ან შესაძლებლობა მოგვცეს, ვიცოდეთ, რა არის ტყუილი და რა – მართალი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ცესკოს თავმჯდომარე მოადგილესთან და უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ცესკოს ინფორმაციითვე, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს გიორგი კალანდარიშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების დღიდან ამ დრომდე განვითარებულ მოვლენებთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა საარჩევნო პროცესთან მიმართებაში.

„ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა დელეგაციის წევრებისთვის ყველა საინტერესო ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად მიწოდების შესახებ.

გიორგი კალანდარიშვილმა მისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ობიექტურად, მიუკერძოებლად და დადებითად შეფასებისთვის. როგორც მან აღნიშნა საარჩევნო ადმინისტრაცია გაეცნო ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს და ყველა იმ მიგნებასა თუ წუხილს, რომელიც დოკუმენტში არის აღნიშნული. კალანდარიშვილმა დაადასტურა მზაობა, რომ მოხდება ამ ინფორმაციის გაანალიზება და კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინება.

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ეს იყო პირველი არჩევნები, რომელზეც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით იქნა გამოყენებული და მნიშვნელოვანია ამ პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ობიექტური მოსაზრებების და რეკომენდაციების მოსმენა.

ეუთო/ოდირის მისიას ოუენ მერფი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ მისიის უფროსის მოადგილე მარსელ ნაჯი, საარჩევნო საკითხების ანალიტიკოსი მარცელა მაშკოვა, ანალიტიკოსი ანა მელიქიანი.
საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი.

შეხვედრა ცესკოში 31 ოქტომბერს გაიმართა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ბაიდენის ადმინისტრაცია, სხვა დასავლური მთავრობები თავიანთი მისიების ანგარიშებს არ დაელოდნენ და საქართველოში არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, ბაიდენის შეფასება აბსურდულია -“ქუინსი ინსტიტუტი”

ბაიდენის ადმინისტრაცია და სხვა დასავლური მთავრობები თავიანთი სადამკვირვებლო მისიების დეტალურ ანგარიშებს არ დაელოდნენ და არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, – ამის შესახებ ნათქვამია ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციის, „ქუინსი ინსტიტუტის“ მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი, ევრაზიის პროგრამის დირექტორი ანატოლ ლივენი წერს, ბაიდენის შეფასება, რომ, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების თანახმად, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა, აბსურდულია.

ანატოლი ლივენი აღნიშნავს, რომ დასავლური მედია წინასწარ შემუშავებული ნარატივით ხელმძღვანელობს, რომლის მიხედვითაც, მთავრობის მიერ არჩევნების მოგების ერთადერთი გზა მის გაყალბებაზე გადის.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესაძლო შედეგებისა და მოსალოდნელი განვითარების სცენარის შესახებ „ქუინსი ინსტიტუტი“ დიდი ხნით ადრე საუბრობდა. კვლევითი ორგანიზაციის პროგნოზით, არჩევნების წაგების შემთხვევაში ოპოზიციასა და პროდასავლურ „ენჯეოებს“ უნდა ეთქვათ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის გასაპროტესტებლად ქუჩაში გადიან. ამასთან, დასავლური ქვეყნების უმრავლესობაში ქართული ოპოზიციის მოწოდებები უნდა გაეზიარებინათ და მხარი დაეჭირათ. ლივენის თქმით, საქართველოში ეს სცენარი უკვე ამოქმედებულია.

ავტორის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნებს რუსული სპეცოპერაცია უწოდა; თუმცა დასავლელი ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეეძლო თუ არა პრეზიდენტს ამის დასაბუთება, მან მხოლოდ ის უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობამ რუსული მეთოდოლოგია გამოიყენა.

სტატია დასავლური ხელისუფლებებისა და მედიის მიერ გაკეთებულ შეფასებებსაც ეხმაურება. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ არც ბაიდენის ადმინისტრაცია და არც სხვა დასავლური მთავრობები თავიანთი სადამკვირვებლო მისიების დეტალურ ანგარიშებს არ დაელოდნენ და არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.

პრეზიდენტ ბაიდენის შეფასებას, რომ, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების თანახმად, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა, ანატოლ ლივენი აბსურდულს უწოდებს.

„აბსურდულია იმიტომ, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები იმ „ენჯეოებს“ წარმოადგენენ, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ქართულ ოპოზიციასთან. იმაზე აღარ ვსაუბრობთ, რომ ამ დამკვირვებელთა დიდ ნაწილს, ძნელია, ობიექტური უწოდო“, – ამბობს ლივენი.

 პოლონეთმა იპოვა ახალი მიზეზი, რომ „მიგ-29“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები უკრაინას არ გადასცეს-ზელენსკი

პოლონეთმა იპოვა ახალი მიზეზი, რომ არ გადასცეს „მიგ-29“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები უკრაინას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თვითმფრინავების საკითხზე მოლაპარაკება ჰქონდა ნატო-ს ხელმძღვანელობასთან.

„ძალიან გვინდოდა „მიგები“ მიგვეღო პოლონეთიდან, მაგრამ ვერ მოგვცეს, რადგან თავისთვის არ ჰქონდათ საკმარისი. ამიტომ ჩვენ შევთანხმდით ნატო-სთან, რომ, ჩვენი ბალტიელი მეგობრების მსგავსად, მათთვის საპოლიციო მისია გამოეყოთ. ჩვენ ამაზე შევთანხმდით. და რა ამის შემდეგ? პოლონეთმა მოგვცა თვითმფრინავები? არა. სხვა მიზეზი იყო? დიახ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება მუდმივად სთხოვდა პოლონეთს, ჩამოეგდო პოლონეთის მიმართულებით მფრენი რუსული რაკეტები, თუმცა პოლონელებმა უარი განაცხადეს და თქვეს, რომ ამისთვის ნატო-ს მხარდაჭერა სჭირდებათ.

„იქ არის სტრიი, გაზსაცავი. ქვეყანა ამ გაზმომარაგებაზეა დამოკიდებული, ჩვენი ცხოვრება. რაც შეეხება პოლონელებს, აგდებენ რაკეტებს? არა. პოლონელებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ჩამოაგდონ, თუ ამ გადაწყვეტილებაში მარტო არ იქნებიან, თუ ნატო მათ მხარს დაუჭერს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 ქართველ ხალხს მინდა მივმართო, რომ ჩვენი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ, შედეგს მივაღწევთ, ქვეყანაში სამართლიანობა იზეიმებს! -ნიკა გვარამია

ქართველ ხალხს მინდა მივმართო, რომ ჩვენი იმედი შეგიძლიათ რომ გქონდეთ, ჩვენ შედეგს მივაღწევთ, ქვეყანაში სამართლიანობა იზეიმებს! – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ოპოზიციის კონსულტაციების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია დღეს ბრიფინგს გამართავს, სადაც „ყველაფერი ცნობილი გახდება“.

„ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით და ეფექტიანობით მოქმედებენ ოპოზიციური პარტიები, ჩვენი კოალიციაც და სხვებიც, ვინც აქ ვიყავით ყოველ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრა მე პირადად ყველა ჩემს კოლეგას, ვინც აქ იმყოფებოდა. ქართველ ხალხს მინდა მივმართო, რომ ჩვენი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ, ჩვენ შედეგს მივაღწევთ, ქვეყანაში სამართლიანობა იზეიმებს!

დღეს იქნება ბრიფინგი, სადაც მინიმუმ, ჩვენ სამნი, შეიძლება სხვაც, გამოვა თავისი წინადადებებით. იქნება კოალიციის ლიდერების სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირებით განცხადებები, მაგრამ სამივე ტექსტი, სამივე პოზიცია არია შეთანხმებული. პირდაპირ მინდა გითხრათ, ჩვენ საბჭოებს და კომისიებს კი არ ვქმნით, ჩვენ ვმოქმედებთ შეთანხმებულად როგორც ერთიანი ორგანიზმი, რომელსაც სამშობლო უნდა გადაარჩინოს. ჩვენ არ გვაქვს შეცდომების დაშვების ფუფუნება, არც დრო, სამშობლოს გადარჩენაზე ვსაუბრობთ,“ – განაცხადა გვარამიამ.

 ყველაზე სანდო მისიის, ეუთო/ოდირის შეფასებით არჩევნების გაყალბება არ მტკიცდება, ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ხმა “ქართულ ოცნებას” მისცა -“ქუინსი ინსტიტუტი”

ისტორიულად ყველაზე სანდო მონიტორინგის მისიის, ეუთო/ოდირის შეფასებით არჩევნების გაყალბება არ მტკიცდება, ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა, – ამის შესახებ ნათქვამია ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციის, „ქუინსი ინსტიტუტის“ მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მორიგ სტატიაში.

სტატიის ავტორის, ევრაზიის პროგრამის დირექტორის, ანატოლ ლივენის მოსაზრებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნებისთვის ნაჩქარევი განაჩენის გამოტანა სამწუხაროა.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ დასავლური მედიის დიდი ნაწილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ისე წარმოაჩენს, თითქოს მთავრობას მხარდაჭერა საერთოდ არ ჰქონდეს.

ავტორის თქმით, ყველა დასავლური ინსტიტუტი, დასკვნების გაკეთებამდე ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებას უნდა დაელოდოს. „არჩევნებზე ორი რამ შეიძლება ითქვას – შესაძლოა, ადგილი ჰქონდა  საარჩევნო მანიპულაციებს, თუმცა იმისთვის, რომ ლეგიტიმურად შეცვალო ხმების რაოდენობის 53 პროცენტი და 38 პროცენტამდე დაიყვანო, მასობრივი გაყალბების მტკიცებულება გჭირდება“, – ამბობს ლივენი.

სტატიაში ნათქვამია, რომ დასავლეთის მხრიდან გაკეთებულ კომენტარებს, შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს არამარტო საქართველოსთვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

„დასავლურ მედიაში საქართველოს შესახებ მოვლენების გაშუქება ძირითადად ქართული ოპოზიციის წევრებთან ჩაწერილ ინტერვიუებზე დაყრდნობით ხდება. ძალიან იშვიათია, მოისმინო იმ მოქალაქეების აზრი და ახსნა-განმარტება, რომლებმაც ხმა მთავრობას მისცეს. ასევე, დასავლეთში ბევრი ჟურნალისტი ფიქრობს (შესაძლოა გაუცნობიერებლადაც), რომ მათ ყურადღებას მხოლოდ პროდასავლურად განწყობილი ქართველები იმსახურებენ“, – წერს სტატიის ავტორი.

მისივე თქმით, შესაძლოა, მთავრობა აზვიადებდეს, როდესაც ამბობს, რომ დასავლეთი და ქართული ოპოზიცია მათ რუსეთთან ახალი ომის დაწყებისკენ უბიძგებენ, თუმცა გაზვიადებული შესაძლოა, არ იყოს მოწოდებები რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, რაც ქართულ ეკონომიკას დააზიანებს.

„ამასთან, ძალიან უხერხულია, როდესაც ვაშინგტონში, ლონდონსა და ბერლინში უსაფრთხოდ მოკალათებული მაღალანაზღაურებადი დასავლელი კომენტატორები იმთავითვე არალეგიტიმურს და სულელურს უწოდებენ პატარა და ღარიბი ქვეყნის მოქალაქეების შიშებს, რომელიც მათ დიდ და საშიშ მეზობელთან ურთიერთობებს უკავშირდება“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

დასკვნით ნაწილში ავტორი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მმართველ პარტიას მხარს ორი ფაქტორიდან გამომდინარე უჭერს: სტაბილურობის შენარჩუნება, რუსეთთან კონფრონტაციის თავის არიდება და დასავლეთის ქედმაღლური დირექტივებით გამოწვეული გულისწყრომა, რომელიც ხშირად, ქართულ ეროვნულ ინტერესებსა და ტრადიციებს საერთოდ არ ითვალისწინებს.

„ცუდი იდეაა ადამიანებთან საუბრის დაწყება იმის თქმით, რომ მათ შეხედულებებს შედეგზე გავლენა ვერ ექნება, რადგან ისინი უცოდინარი და გაუნათლებელი რუსული მარიონეტები არიან, რომლებიც წესით იმასაც არ იმსახურებენ, რომ ხმის უფლება ჰქონდეთ“, – ვკითხულობთ სტატიაში.