Home Blog Page 47

კობა კობალაძე ქუთაისში ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს,მორიგი შეხვედრა, ქუთაისში გაიმართა; კობა კობალაძე იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა,მათ სამსახურის მუშაობის 10 წლიანი ანგარიში წარუდგინა და ყველა იმ პროექტსა და ინიციატივაზე ესაუბრა, რაც სამსახურის ბენეფიციართა წინაშე, სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად,სამსახურისა და სახელმწიფო ინსტიტუციების ერთობლივი ძალისხმევით და, ასევე, ბიზნესსექტორის ჩართულობით ხორციელდება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ვეტერანებმა ყურადღება გაამახვილეს რამდენიმე,მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის შეღავათის გავრცელებაზე საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებაზე,საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა და დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდაზე.

შეხვედრას,ასევე,ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, სამსახურის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონში,საქართველოს გენერალთა კლუბის ხელმძღვანელი,მალხაზ ჩიხლაძე.

კობა კობალაძე რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ნიდერლანდებმა უკრაინას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია გადასცა

ნიდერლანდებმა უკრაინას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია გადასცა. სამხედრო დახმარება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა დაადასტურა, რომელიც დაუანონსებელი ვიზიტით, გუშინ უკრაინაში ჩავიდა. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ დაპირებული 24 თვითმფრინავიდან დანარჩენი F-16 -ები უკრაინას უახლოეს თვეებში მიეწოდება, ასევე ნიდერლანდები უკრაინასთან დრონების წარმოებაში 400 მილიონ ევროს ჩადებს.

„ოფიციალურად ვადასტურებ, რომ ნიდერლანდებმა ცოტა ხნის წინ უკრაინას, ნიდერლანდური F-16-ების პირველი პარტია გადასცა. ისინი უკვე უკრაინის საჰაერო სივრცეშია. ასევე ვაცხადებ, რომ ჩვენ გვაქვს უკრაინისთვის დრონების მიწოდების სამოქმედო გეგმა. ამისთვის ნიდერლანდებმა 400 მილიონი ევროს ოდენობით ინვესტიცია გამოყო. მე ვიყავი ხარკოვში, ქალაქის დაცვის ერთადერთი საშუალება, რუსეთის სამხედრო ობიექტების მწყობრიდან გამოყვანაა. ამისთვის კი, დრონებია საჭირო. ომი ყოველდღიურად უფრო აქტიურდება და უკრაინას მეტი და უწყვეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება“, – აღნიშნა ბრეკელმანსმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 ოქტომბერს ქუთაისში +34 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი დღეა ფოთში. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი ამინდია მოსალოდნელი სოხუმში. +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +25 იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.

გორში უნალექო დღე იქნება. დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით +18, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +26 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.

თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +24 გრადუსი იქნება.

რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას არასდროს დათანხმდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი არ დათანხმდება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, სანამ ის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს.

“სანამ სლოვაკეთის მთავრობის მეთაური ვიქნები, მივმართავ დეპუტატებს, რომლებიც ჩემი, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარის, კონტროლის ქვეშ არიან, არასოდეს დაეთანხმონ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას“, – აღნიშნა ფიცომ ადგილობრივ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, ომი უკრაინაში მხოლოდ იმიტომ გრძელდება, რომ მას “დასავლეთი უჭერს მხარს, რათა რუსები დააჩოქონ”.

სლოვაკეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2025 წელს, „მეორე მსოფლიო ომის“ დასრულების 80 წლისთავთან დაკავშირებით, მოსკოვში ჩასვლას გეგმავს. მისი მტკიცებით, რუსეთის მიერ „მეორე მსოფლიო ომის“ დროს გაღებულმა მსხვერპლა ხელი შეუწყო სლოვაკეთის ნაცისტური მმართველობისგან გათავისუფლებას.

”თავისუფლება მოვიდა აღმოსავლეთიდან და აბსოლუტურად ვერაფერი შეცვლის ამ ჭეშმარიტებას. გთხოვთ, ნუ ვიტანჯებით ამ რუსოფობიით. როცა დადებითად ვსაუბრობთ წითელ არმიაზე ან ყოფილ საბჭოთა კავშირზე, მაშინვე, ავტომატურად ნუ ვიტყვით, რომ პუტინის აგენტები ვართ“, – აღნიშნა რობერტ ფიცომ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სლოვაკეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს ომის შემდეგ რუსეთთან ეკონომიკური და სტანდარტული ურთიერთობების განახლებისთვის.

 ზურაბიშვილმა თურმე არჩევნებამდე უნდა „დანიშნოს“ მომავალი პრემიერი და ყველა პარტიამ ის უსიტყვოდ მოიწონოს, ქარტიაში ასე არ წერია -გიორგი ბარამიძე

რა დროს თანამდებობების გადანაწილებაზე საუბარია? ჯერ ყველამ ერთად და ერთიანობით კრიმინალური რეჟიმი ხელისუფლებიდან მშვიდად უნდა გავუშვათ. ხალხის ყურადღების თანამდებობების გადანაწილებაზე გადატანა არასწორია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბარამიძე აღნიშნავს, მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური მხარდამჭერების მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საყვედურების საჯაროდ გამოთქმა იმის გამო, რომ არ აპირებენ მათი პოლიტიკური გეგმების შესაბამისად მოქმედებას.

„მინდა ვიყო მკაფიო სალომე ზურაბიშვილის იმ სურვილზე, თურმე მან არჩევნებამდე ფაქტიურად უნდა „დანიშნოს“ მომავალი პრემიერ-მინისტრი და თურმე მის მიერ შემოთავაზებული პიროვნება ყველა პარტიამ უსიტყვოდ და მორჩილად მოიწონოს. თურმე ეს წერია ქარტიაში, ამაზე დღეს „ტვ პირველის“ ეთერში საუბრობდა სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, ქალბატონი ეკა ბესელია. ქართულ ქარტიაში ეს ასე არ წერია და მისი ამგვარი ინტერპრეტაცია, სწორედაც ქალბატონი ეკას (და ალბათ სალომესიც) ინტერპრეტაციაა და არა ის, რაზეც პარტიები ქარტიის ხელმოწერით შევთანხმდით.

მეორე, რა დროს ახლა თანამდებობების გადანაწილებაზე საუბარია? ჯერ ჩვენ ყველამ ერთად და ერთიანობით მოღალატური და კრიმინალური რეჟიმი ხელისუფლებიდან მშვიდად უნდა გავუშვათ.ხალხმა პარტიებს უნდა მიანიჭოს მათი მხარდაჭერის შესაბამისი პოლიტიკური მანდატი. მხოლოდ ამის შემდეგ, ქარტიის ტექსტის ზუსტი შესაბამისობით, სალომე ზურაბიშვილის და სხვების მონაწილეობით, ხალხის შესაბამისი მანდატით ააღჭურვილი, საპარლამენტო ახალი კოალიციური უმრავლესობა ჩამოაყალიბებს ახალ (გარდამავალ) მთავრობას, სადაც იქნებიან პატრიოტი პროფესიონალები, მათ შორის უპარტიოებიც. ამიტომ ახლა ამ თემაზე მსჯელობა და ნაცვლად რეჟიმის გასტუმრებისა, თანამდებობების გადანაწილებაზე ყურადღების გადატანა ძირშივე მცდარი და არასწორი მგონია.

ამასთან ერთად, ყველას გავახსენებთ, რომ ენმ ამომრჩეველს – ქალბატონი ზურაბიშვილისთვის ნდობის პოლიტიკური მანდატი (მოგეხსენებათ) არასდროს მიუცია, მით უფრო იმ სამწუხარო გარემოების გათვალისწინებით, რადგან იგი ჯიუტად არ ასრულებს თავის კონსტიტუციურ მოვალეობას და უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან, პუტინის პირად ტყვეს პრეზიდენტ სააკაშვილს არ ათავისუფლებს.

ასევე შევახსენებ ყველას, რომ საზოგადოებრივი აზრის ყველა კომპეტენტური გამოკითხვით, მიშას გათავისუფლებას მხარს უჭერს ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდი უმრავლესობა. ასევე, ასობით ათასმა ჩვენმა თანამემამულემ ხელმოწერები შეაგროვა და ქალბატონ სალომეს (როგორც დე ფაქტო პრეზიდენტს) მიშას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. ქალბატონი სალომეს რეაგირება სამწუხაროდ იყო ნოლი.

ქალბატონ სალომეს მიშას გათავისუფლების მოთხოვნით აგრეთვე მიმართა უკრაინის, პოლონეთის, მოლდოვასა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, მისი რეაგირება იყო ნოლი.

ამასწინ პრეზიდენტის რეზიდენციაში მიღებაზე ქალბატონ სალომეს პირადად ვესაუბრე და ვუთხარი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება არის მისი უფლებაც და მოვალეობაც. მისი რეაქცია იყო ნეგატიური.

ახლახან კი ევროპის ყველაზე დიდმა პარტიამ – სახალხო პარტიამ, მათ შორის ეუთო-ს ფორმატშიც, ლიბერალთა პარტიამაც პრეზიდენტ სააკაშვილის „უპირიბო და დაუყოვნებელი“ გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, რომლის ნაწილიცაა ქალბატონი ზურაბიშვილი, ამაზეც მისი რეაქცია იყო ნოლი.

ასე რომ, ქალბატონი ზურაბიშვილის პოლიტიკური მხარდამჭერების მხრიდან ენმ-ს მიმართ საყვედურების საჯაროდ გამოთქმა, იმის გამო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ქარტიის ტექსტის ისეთ ინტერპრეტირებას როგორც მათ აწყობთ და ესმით და არ ვაპირებთ მათი პოლიტიკური გეგმების შესაბამისად მოქმედებას, არის არასწორი და მიუღებელი.

ყველას მოვუწოდებთ, ამბიციები უკანა პლანზე გადავდოთ და ვკონცენრტირდეთ მართლაც ჩვენი ხალხისთვის უმთავრესზე – მოღალატეთა რეჟიმის 26-ში ხელისუფლებიდან მშვიდობიანად გაშვებაზე!

ერთიანობით გავიმარჯვოთ და შემდეგ ქართველი ხალხის მიერ მოცემული მანდატის შესაბამისად, პასუხისმგებლიანად, საქართველოს კონსტიტუციისა და ხალხისადმი და ერთმანეთისადმი (ქართული ქარტიის ჩათვლით) დადებული პირობების შესაბამისად გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს სჭირდება და მოემსახურება.

დიდება საქართველოს! თავისუფლება მიშას“, – წერს გიორგი ბარამიძე.

https://www.facebook.com/baramidzeg/posts/3520355151558511?ref=embed_post

“ავერსში”სიახლეა:  თვითმომსახურების აპარატით მედიკამენტებსაც შეიძენთ

“ავერსის” სააფთიაქო ქსელში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს გერმანული კომპანია #PYRAMID-ის უახლესი, საუკეთესო ხარისხის თვითმომსახურების აპარატები სწრაფი გადახდისთვის.

„ავერსი“ საქართველოში პირველი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც მომხმარებელს ასეთი სერვისი შესთავაზა.

ბოლო ხანს კი „ავერსმა“ კიდევ ერთი სიახლე დანერგა: თავის მოვლას, სამკურნალო კოსმეტიკასა და საბავშვო პროდუქციასთან ერთად თვითმომსახურების აპარატით უკვე შესაძლებელია  ურეცეპტო მედიკამენტების შეძენა სწრაფად, მარტივად და ურიგოდ!

გამოყენების სამი მარტივი საფეხური:

  1. ასკანერებთ შერჩეულ პროდუქტს, ეცნობით ანოტაციას და ეკრანზე ხედავთ სრულ ინფორმაციას გადასახდელი თანხის, ფასდაკლებისა და საბოლოო ღირებულების შესახებ.
  2. ასკანერებთ მტრედი ბარათს ან უთითებთ თქვენს პირად ნომერს. ამის შემდეგ სარგებლობთ ფასდაკლებით.
  3. ბოლოს ირჩევთ გადახდის სასურველ წყაროს.

„ავერსი“ მარტივი გზით აღწევს საუკეთესო შედეგებს.

მედიკამენტების სანახავად ეწვიეთ ბმულს: aversi.shop/7zWX

იმ აფთიაქების სანახავად, სადაც დგას თვითმომსახურების აპარატი, ეწვიეთ ბმულს: aversi.shop/LzG6

,ეს ქმედებები უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი”-ხატია დეკანოიძე

წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, რადგან მოახლოებული 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება მათი ხელისუფლების მომავლისთვის, – განაცხადა ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ხატია დეკანოიძემ სოფელ კარდენახში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, “ეს ქმედებები უშედეგოდ ჩაივლის”, რადგან საზოგადოებაში “შიშის დანერგვის მცდელობა ვერ მოახერხებს ოპოზიციის დასუსტებას”.

“ძალადობა და ორგანიზებული “ტიტუშკების” მიქსევა ჩვეულებრივი წინასაარჩევნო კამპანიაა, რომელსაც მუდმივად ახორციელებს „ქართული ოცნება“, მაგრამ ახლა განსაკუთრებით იციან, რომ 26 ოქტომბერს გადამწყვეტ არჩევნებზე, პრაქტიკულად, მათი ხელისუფლება ჩამოიშლება და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. ამიტომ ჩვენი თანაპარტიელებზე თავდასხმა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ რაღაც ოდნავი შიში შეიტანონ ადამიანებში, თუმცა, რა თქმა უნდა, არავის ეშინია მათი.

განსაკუთრებით მინდა, გავაფრთხილო “ქართული ოცნების” ზუსტად ეს ზონდერ-ჯგუფები, რომ 26 ოქტომბერს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ყველა სისხლის სამართლის დარღვევაზე და სხვა მიმართულებით. ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანებთან მივარდნა და ოპოზიციური პარტიების დაშინების მცდელობა არ გამოუვათ და ამას არ ექნება არავითარი პოზიტიური შედეგი”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, პარტიის ლიდერებს სოფელ კარდანახში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს “ქართული ოცნების” აქტივისტები თავს დაესხნენ. ჯანდაცვის მიმართულების მდივანს, ლევან მეტრეველს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის “ნიუ ჰოსპიტალში” გადაიყვანეს.

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს მნიშვნელოვანია საკუთარი მოქმედებები აკონტროლოთ და შეცდომები თავიდან აიცილოთ. გაითვალისწინეთ, რომ ერთმა პატარა შეცდომამაც კი შეიძლება გააფუჭოს შთაბეჭდილება, რომლის მოხდენასაც ცდილობთ. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენით მანიპულირებას ცდილობენ – ისინი ამ დღეს უჩვეულოდ აქტიურდებიან. გირჩევთ, ნაკლები ილაპარაკოთ და მეტი მოისმინოთ. გუნდურად მუშაობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.

კურო

ეს დღე რომ წარმატებული იყოს, სამოქმედო გეგმა უნდა შეადგინოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ. მცირე უსიამოვნებებმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ და ემოციური სტრესი გაზარდოს. გირჩევთ საკუთარი ქმედებები და შესრულებული სამუშაო საგულდაგულოდ აკონტროლოთ – ამ დღეს შეცდომების დაშვების უფლება არ გაქვთ. გარშემომყოფების ჩარევამ შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეგიშალოთ.

ტყუპები

მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სანამ ძველი არ დაგისრულებიათ. შესაძლოა, მეგობრების დახმარებით იპოვოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. გირჩევთ, საკუთარ პროექტში კოლეგები ან ის ადამიანები ჩართოთ, რომლებსაც ყველაზე მეტად ენდობით – ისინი დავალებას შესანიშნავად გაუმკლავდებიან. სასურველია, რომ ცოტა ხნით განმარტოვდეთ და საკუთარ ინტუიციას უსმინოთ.

კირჩხიბი

თქვენს წამოწყებას თავიდანვე უამრავი სირთულე და დაბრკოლება ელის. თუ სირთულეების მიუხედავად არ დანებდებით, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. ეცადეთ, ვარსკვლავების კეთილგანწყობა თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ და თაროზე შემოდებული, გაჭიანურებული საქმეები დაასრულოთ. წარუმატებლობის შემთხვევაში, ეცადეთ, ბრაზი უდანაშაულო ადამიანებზე არ იყაროთ.

ლომი

თუ მოინდომებთ, ამ დღეს შეიძლება ძალიან საჭირო და სასარგებლო ადამიანების კეთილგანწყობა და მხარდაჭერა მოიპოვოთ. სევდიანი მოგონებები და წარსულის შეცდომებზე ფიქრი მუშაობაში ხელს გიშლით. გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბრისთვის – ეს ახლა ორივეს გჭირდებათ. გირჩევთ, წვრილმან უსიამოვნებებს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ, მით უმეტეს, რომ ხვალ მათ სხვა თვალით შეხედავთ. საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ – იარეთ ფეხით და სწორად იკვებეთ.

ქალწული

დღის პირველი ნახევარი დაძაბული და ემოციურად რთული იქნება. ნათესავებთან დაპირისპირება და სამსახურში მოულოდნელი უსიამოვნებები გელით. ეცადეთ, რომ მარტივ და ნაცნობ აქტივობებს მეტი დრო დაუთმოთ. ამ დღეს ნებისმიერი ახალი საქმე ჩვეულებრივზე რთული იქნება. მარტოობა არ გემუქრებათ! პირიქით, თქვენ გვერდით ყოფნისთვის ნამდვილი კონკურსია გამოცხადებული. ეცადეთ ეს შესაძლებლობა სწორად გამოიყენოთ.

სასწორი

ამ დღეს საკუთარ პრობლემებზე საუბრისა და გულწრფელობისგან თავის შეკავება ჯობს. სირთულეების მიუხედავად, ეცადეთ, ნებისყოფა გამოიჩინოთ და გარშემო მყოფების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ. ამ დღეს თქვენი ამოცანა ახლობელი ადამიანის დახმარებაა. ეცადეთ, მოთმინებით მოუსმინოთ და პრაქტიკული რჩევებით დაეხმაროთ. დასკვნების გამოტანამდე მეტი ინფორმაცია უნდა მოაგროვოთ. როდესაც მომხდარის ნამდვილ მიზეზებს გაიგებთ, შესაძლოა, აზრი შეიცვალოთ.

მორიელი

ამ დღეს რთული და მოსაწყენი საქმეების კეთება მოგიწევთ. დავალების სწრაფად შესრულებაში კოლეგები ან მეგობრები დაგეხმარებიან. მოულოდნელი სიახლე გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ეცადეთ, გარემოებებს მოერგოთ და ახალი, მოგებიანი შესაძლებლობები იპოვოთ. გირჩევთ, საღამო სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ, სტუმრად წახვიდეთ და მხიარულ ადამიანებთან ერთად გაერთოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ჩანაფიქრის განხორციელებისთვის პრინციპულობა და შეუპოვრობა უნდა გამოიჩინოთ. კოლეგებთან ურთიერთობა სასიამოვნოა და სავსეა სიურპრიზებით. ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებების ან ურთიერთობების გარკვევისთვის. საკუთარი აზრების გამოხატვას და თანამოსაუბრის მოხიბვლას ადვილად ახერხებთ. ნებისმიერი საქმე, სადაც ურთიერთობების ცოდნაა საჭირო, თქვენი სრული გამარჯვებით დასრულდება.

თხის რქა

ემოციური თვალსაზრისით რთული დღეა, ამიტომ მნიშვნელოვანია, საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. კარგი განწყობა ნაყოფიერ მუშაობაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებს ოპტიმისტურად შეხედოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად დრო გამონახოთ – გულწრფელი საუბარი ნებისმიერ გაუგებრობას გააქრობს.

მერწყული

ამ დღეს განწყობა მარტის ამინდივით სწრაფად გეცვლებათ, რაც მუშაობაში ხელს გიშლით. შესაძლოა, პარტნიორმა იმედები გაგიცრუოთ, მაგრამ ეს სამყაროზე გაბრაზების უფლებას არ გაძლევთ. სერიოზული გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, მომხდარის მიზეზი გაარკვიოთ. თავი შორს დაიჭირეთ ნეგატიურად განწყობილი ადამიანებისგან.

თევზები

წვილმანებს იმაზე მეტ ყურადღებას აქცევთ, ვიდრე საჭიროა და ამასობაში შეიძლება მნიშვნელოვანი მოვლენები ვერ შენიშნოთ. კარგი დღეა ძველი და უსიამოვნო საკითხის მოსაგვარებლად, რომელიც გამუდმებით თავს გახსენებთ. თქვენი სიტყვა ან საქციელი შეიძლება თქვენს კარიერასა და ფინანსურ შემოსავალზე აისახოს, ამიტომ ეცადეთ, მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ.

 ,,ემიგრანტები განსაკუთრებულად გრძნობენ სამშობლოს განსაცდელს”- სოზარ სუბარი

ქვეყნის მომავლის მშენებლობის საქმეში ემიგრაციის როლზე ისაუბრა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა, რომელიც სალონიკიში ემიგრანტებს შეხვდა.

სოზარ სუბარის თქმით, ემიგრანტები განსაკუთრებულად გრძნობენ სამშობლოს განსაცდელს.

„დღეს საქართველოს გადის ბეწვის ხიდზე – შევინარჩუნებთ მშვიდობას, თუ არა. ამაზეა დამოკიდებული იარსებებს თუ არა საქართველო და ეს კარგად აქვს გასიგრძეგანებული ყველა ემიგრანტს. განსაკუთრებით ემიგრანტებს, რომლებიც მოწყვეტილები არიან სამშობლოს. მე იმედი მაქვს, რომ ეს ოფისი გააგრძელებს ფუნქციონირებას მას შემდეგაც, რაც არჩევნები ჩაივლის და ეს იქნება ერთგვარი ხიდი სამშობლოსა და სამშობლოს დროებით მოწყვეტილ ადამიანებს შორის,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

,,მიეცით უფლება ქართველ ხალხს, რომ თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი”- დანილო დელა ველე

ევროპარლამენტარმა დანილო დელა ველემ მედიასთან საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გარე ჩარევის დაუშვებლობაზე ისაუბრა.

ევროპარლამენტარს მიაჩნია, რომ ქართველ ხალხს უნდა მიეცეს უფლება, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.

„იმედის კვირამ“ ევროპარლამენტარს გარე ჩარევის თავიდან არიდების მნიშვნელობის შესახებ დაუსვა კითხვა: „26 ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად , როგორ ფიქრობთ, არის თუ არა გადამწყვეტი მნიშვნელობის, რომ თავიდან ავირიდოთ ყველა ფორმის გარე ჩარევა, რომელმაც შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიულ პროცესებს? რა ზომები უნდა მიიღოს ევროკავშირმა იმისათვის რომ მხარი დაუჭიროს გამჭვირვალობის პროცესს ისე, რომ არ გამოიწვიოს უარყოფითი გავლენები, რაც საბოლოოდ რუსეთს მოუტანს სარგებელს?“

პასუხად ევროპარლამენტარმა განაცხადა:

„ვფიქრობ, ძალიან მარტივად – მიეცით უფლება ქართველ ხალხს რომ თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი. არცერთი ქვეყანა არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყანაში, არც შიგნით, არც გარეთ. არც რუსეთი, არც ევროკავშირი და არც ამერიკის შეერთებული შტატები არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის არჩევნებში.“

„კარგია, რომ ქართული ოცნება ამბობს, რომ არ აპირებს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას“ – ალექსანდრე რაქვიაშვილი

მამუკა მდინარაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც ის ეხმაურება ინფორმაციას, თითქოს “ქართული ოცნება” ქვეყნის გაერთიანებას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით აპირებს, შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი წერს, რომ “არანაირი აღიარება და მსგავსი ანტიეროვნული საკითხები არ განიხილება.”

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ გაკეთებული განცხადებებიდან გარკვეული ეჭვები ჩნდება.

“ერთი მხრივ, კარგია, რომ “ქართული ოცნება” ამბობს, რომ არ აპირებს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ რუსეთთან ფლირტი, ასეთი უცნაური განცხადებები, ბოდიშის მოხდაზე და ა.შ. საბოლოო ჯამში, იმგვარ ფონს ქმნის, რომ არადამაჯერებელია ასეთი პოზიცია. მაშინ, უბრალოდ, უცნაურად გამოიყურება ყველაფერი, რასაც მანამდე ამბობდნენ. როცა ამერიკას ეჩხუბები და იწონებ ლავროვის განცხადებებს და ბოდიშების მოხდას აპირებ, ეს ბუნებრივად აჩენს ეჭვს, რომ გინდა რუსეთთან დალაგდე. რადგან ისინი ამბობენ, რომ ყველა ვარიანტში უნდა აღიაროთ ოკუპირებული ტერიტორიებიო, აქედან ჩნდება ეჭვი, რომ ალბათ “ქართული ოცნება” აღიარებას აპირებს,” – აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

,,ევროკავშირის ელჩის განცხადებამ გამოიწვია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კანონის დარღვევა”- შალვა პაპუაშვილი

ცალსახაა, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, რომ “ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი არ გაუშვან. ეს არის აბსოლუტური თვითნებობა და კანონის დარღვევა, რომელსაც სამი ტელევიზია სჩადის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

კერძოდ, პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა სამი ტელევიზიის განცხადებაზე, რომლის თანახმად, „შესაძლო ჯარიმების დაკისრების საფრთხის მიუხედავად, ისინი არ აპირებენ ხელი შეუწყონ “”ქართული ოცნების” რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას” და უარს აცხადებენ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.

პაპუაშვილმა წუხილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ტელევიზიების აღნიშნული განცხადებების საფუძველი სწორედ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინკის განცხადება გახდა.

პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ როგორი თამამიც იყო ელჩი ჰერჩინსკი სარეკლამო რგოლის შეფასებაში, ასევე თამამი იქნება საარჩევნო დარღვევის შეფასებაშიც.

„კანონის დარღვევა რა თქმა უნდა, შედეგს იწვევს. საგზაო მოძრაობაში არსებობს სიჩქარის ლიმიტი. ლიმიტს თუ გადააჭარბებთ, არის სანქციები. იმისთვის, რომ სანქციები არ იყოს, კანონს უნდა დაემორჩილოს და სიჩქარის ლიმიტს არ გადააჭარბოს. იგივე არის ამ შემთხვევაში. ცალსახაა, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, რომ “ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი არ გაუშვან. ეს არის აბსოლუტური თვითნებობა და კანონის დარღვევა, რომელსაც სამი ტელევიზია სჩადის. ეს აჩვენებს ერთ რამეს, რომ უნდათ „ქართული ოცნებისთვის“ არათანაბარი საარჩევნო პირობები შექმნან.

ამავე დროს, სამწუხაროა და ჩვენ ვნახეთ, როგორც ტელევიზიების, ისევე არასამთავრობოების განცხადებაში, საფუძვლად აღებული იყო არა საქართველოს კანონმდებლობა, არამედ ევროკავშირის ელჩის განცხადება. ეს იმის დასტურია, რომ არჩევნებში საგარეო ჩარევას მავნე შედეგი აქვს. კერძოდ, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის ელჩის განცხადებამ გამოიწვია “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კანონის დარღვევა, მათ შორის გამოიწვია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან ამის გამართლება. ამიტომ, როგორი თამამიც იყო ევროკავშირის ელჩი ამ სარეკლამო რგოლის შეფასებაში, იმედია, ასევე თამამი იქნება ის საარჩევნო დარღვევის შეფასებაში და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობოების მხრიდან კანონდარღვევის გამართლების დაგმობაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი შეფასება მათ პარტიულობას ადასტურებს.

„ეს არის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან მათ პარტიულობის პირდაპირი დასტური, ვინაიდან, ისინი ამას არათუ დარღვევას ისე ასახავენ, არამედ ახალისებენ და იწონებენ ამ დარღვევას. გავეცანი ამ ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ შეფასებას. ეს ის NGO-ები არიან, რომლებმაც 2020 წლის 4 ნოემბერს ყალბი დასკვნა გამოაქვეყნეს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვგულისხმობ, საია-ს, „გამჭვირვალობას“, „სამართლიან არჩევნებს“ და სხვებს. ყალბი დასკვნა, რომელშიც ისინი პარალელური დათვლის ყალბ შედეგებს იშველიებდნენ ისე, თითქოს არჩევნების შედეგები გვიან გამოქვეყნდა. თითქოს უბნების 8%-ში დისბალანსი იყო. აი, ამ ყალბი დასკვნის საფუძველზე ოპოზიციას რევოლუციურ სცენარის განვითარებისთვის საბაბი მისცეს. ახლაც ვხედავთ, თუ საით მიდიან ეს NGO-ები. ეს არის პირველი ყალბი დასკვნა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ახლა ვნახეთ, სადაც თუ არ ვცდები, 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ პირდაპირ ყალბი დასკვნა გამოაქვეყნა და მოუწოდა, რომ სარეკლამო საარჩევნო რგოლი არ გაუშვან და ეს დარღვევა გაამართლა. ეს აჩვენებს, თუ რისთვის ემზადება ე.წ. ადგილობრივ დამკვირვებელთა ჯგუფი ამ არჩევნებზე. მოლოდინი არის, რომ 26 ოქტომბერს, დღის ბოლოს ან 27 ოქტომბერს იგივე სიყალბე იქნება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.