Home Blog Page 47

ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან -რისი თქმის საშუალებას იძლევა უახლესი მაკროეკონომიკური ინდიკატორები?

სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელია. ფაქტორებიდან აღსანიშნავია, რომ კვლავ ძლიერია ტრადიციული ტურიზმი და დაკრედიტება, ხოლო ჯამურ ხარჯებში გამოხატული მიგრაციის ეფექტი მცირედით, მაგრამ მაინც ნაკლებია. თიბისის არხებით განხორციელებულ ტრანსაქციებზე დაყრდნობით, ოქტომბერშიც დაახლოებით მსგავსი ტენდენცია იკვეთება.

ლარის კურსის მხრივ, მნიშვნელოვნად გაძლიერდა იურიდიული და ფიზიკური პირების მხრიდან ვალუტის წმინდა შესყიდვა და ეს მაჩვენებელი სექტემბერში ისტორიულად მაღალ დონეზეა. მაშინ, როდესაც ოქტომბრის მონაცემები ჯერ არაა ხელმისაწვდომი, ჩვენი შეფასებით, სექტემბერთან შედარებითაც კი მნიშვნელოვან მატებას ჰქონდა ადგილი. თუ წინა თვეებში ეს ფაქტორი ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებებით პრაქტიკულად მთლიანად ბალანსდებოდა, ახლა უკვე სებ-ის სავალუტო ინტერვენციებმა არსებითი როლი შეასრულა.

ამ მხრივ, როგორც ჩვენს არაერთ პუბლიკაციაშია განხილული, მნიშვნელოვანია, რომ სენტიმენტების ცვლილებისას, კონვერტაციები უკვე ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს და ერთგვარად, ეს ფაქტორი დაგროვილი ბუფერის კუთხით უნდა იყოს განხილული. პროგნოზებს რაც შეეხება, მართალია არაერთი დაშვების გათვალისწინებით, თუმცა, როგორც ჩანს, თიბისი კაპიტალის ზაფხულის შემდეგ უცვლელი საბაზო სცენარი, რომელიც 2024 და 2025 წლების პერიოდის ბოლოსათვის აშშ დოლართან ლარის დაახლოებით 2.8-სა და 2.7-იან ნიშნულებს ითვალისწინებს, კვლავ დიდწილად ძალაშია.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.

 საზოგადოება ექვსდღიანი ბულინგის ქვეშ არის, თითქოს არჩევნები გაყალბდა, თუმცა არავის წარმოუდგენია მტკიცებულება, ტოპტვინებმაც, როგორც ჩანს, ჯერ ვერაფერი მოტვინეს, თენგოც არაფერს ამბობს -მამუკა მდინარაძე

ჩვენი საზოგადოება ექვსდღიანი ბულინგის ქვეშ არის, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ხმები მოიპარეს, თუმცა ამის შესახებ არცერთი მტკიცებულება და რეალური ფაქტი არავის წარმოუდგენია. როგორც ჩანს, ტოპტვინებმაც ჯერჯერობით ვერაფერი მოტვინეს, თენგოც არაფერს ამბობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ცოტა უფრო სერიოზულად თუ დავუბრუნდებით ამ საკითხს, დღეს წარმოგიდგენთ მტკიცებულებებს და კონკრეტულ ფაქტებს, როგორ იპარავდნენ ის ადამიანები კონკრეტულ ხმებს, „ქართული ოცნების“ ხმებს, რა სქემა იყო, რას აკეთებდნენ, რას კადრულობდნენ.  მათ რომ არ ეგონათ, გაუხმაურდებოდათ ეს ამბავი, ასეთი ფაქტებია აღმოჩენილი. როდესაც აქეთ გვაბრალებენ, ახლა მათ ვაჩვენებ, რეალობა რა არის. გვაქვს 81 დადასტურებული ფაქტი, ეს უკვე სისტემურობაზე მიუთითებს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოწოდების შესაბამისად, კიდევ მრავალი ფაქტი ამოვარდება. 81 დადასტურებულ, იდენტიფიცირებულ ფაქტს დღესვე წარვუდგენთ საქართველოს პროკურატურას, რადგან ისინი მტკიცებულებებს ვერ წარუდგენენ, არ წარუდგენენ. ამას ჩვენ გავაკეთებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, უკვე ექვსი დღე გავიდა არჩევნების შემდეგ და „სამართლიან არჩევნებს“ დღემდე არ გამოუქვეყნებია დოკუმენტი, რომელიც მათ შექმნეს.

„გავიგეთ ჯერ მხოლოდ ის, რომ მათი ხმის პარალელური დათვლის მონაცემები ემთხვევა ცესკო-ს მონაცემებს, მაგრამ იქ არის უამრავი დეტალი, რაც აინტერესებს საზოგადოებას და ისინი ჩადიან უპრეცედენტო რამეს, რომ არ აქვეყნებენ, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, თავიანთ მონაცემებს. წინა შემთხვევაში გააყალბეს, ახლა საერთოდ არ აქვეყნებენ. მსოფლიოში ერთიც უპრეცედენტო იყო და მეორეც, როდესაც ხმის პარალელური დათვლის მონაცემები ჯერ ყალბდება, მეორე შემთხვევაში კი საერთოდ არ ქვეყნდება, რადგან თურმე ასე მიაჩნიათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციის გეგმაა, რომ ორშაბათს იქნება გეგმა -მამუკა მდინარაძე

ოპოზიციის გეგმაა, რომ ორშაბათს იქნება გეგმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს კითხვა დაუსვეს, როგორ ფიქრობს, რატომ ვერ მოისმინა საზოგადოებამ გუშინ ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებისგან კონკრეტული გეგმა?

„როგორ არ მოისმინეთ? მათი გეგმაა, რომ ორშაბათს იქნება გეგმა. ეს არის უსერიოზულესი გეგმა. სოციალური ქსელი გადაჭედილი იყო მათი მომხრეების გაბრაზებით. მათ როდესაც თქვეს, ახლა უნდა განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზებაო, გააბრაზეს თავიანთი ამომრჩეველი. გაბრაზების განხორციელება რაღაც ახალი ტერმინია. უნდა გავაბრაზოთ თქვან, გაბრაზებული იქნეს მაგივრად თქვან, რომ გაბრაზდა, ასეთი რაღაცები თქვან, რას ლაპარაკობენ?! უკვე აჭრილი არიან, სწორად ვეღარც მეტყველებენ. გაბრაზება უნდა განვახორციელოთ ქართველი ხალხისო, ჩახლართეს სიტყვათა წყობით, მაგრამ, რეალურად, გააბრაზეს თავიანთი ამომრჩეველი. გულწრფელად მესმის მათი, ამომრჩეველს როდესაც ეუბნები, რომ „ქართულ ოცნებას“ 25 პროცენტი აქვს და შემდეგ 54 პროცენტს იღებს, უბედურ მდგომარეობაში ვარდები და რაღაც უნდა ქნა. რა უნდა ქნა, ვერ ხვდები, ვერც ტოპტვინები გიტვინავენ, ვერც თენგო ამბობს ვერაფერს და ამ საოცარ მდგომარეობაში ხარ, როცა არსად გაქვს გასაქცევი, არსად გაქვს შესასვლელი. ამ შემთხვევაში, არგუმენტებს ვგულისხმობ და არა სხვა გაქცევას, რამე რომ არ დაგვაბრალონ. შემდეგ იგონებ გეგმას, რომლის მიხედვითაც, გეგმა იქნება ორშაბათს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გუშინ სამი ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ორშაბათს შეიკრიბებიან რუსთაველზე და სამოქმედო გეგმას იქ წარადგენენ.

“სად არის გიორგი გახარია – მოდი, შე დალოცვილო და გვითხარი, რასაც ფიქრობ – რა არის ეს, რა პრანჭვაა?” – ელისაშვილი

მეც მაქვს კითხვა, სად იყო გიორგი გახარია, სად არის და სად არიან მისი პარტიის ხალხი? – ამის შესახებ  „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.

ელისაშვილს კითხვა დაუსვეს, რატომ არ ესწრებოდა სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენელთა შეხვედრას გიორგი გახარია?

„ძალიან დამავალებთ, თუ ამ კითხვას დაუსვამთ გიორგი გახარიას. ჩვენი კოალიცია ვდგავართ ეპიცენტრში დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან, ბრძოლაში შევედით და ვსწავლობთ კოალიციურ ურთიერთობებს. ამისთვის მადლობა „ოცნებას“. სად არის გახარია, მას ჰკითხეთ, მე არ ვიცი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილს ჟურნალისტმა ასევე კითხვა დაუსვა გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს: „საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ არჩევნების მოთხოვნა არის საჩუქარი „ოცნებისთვის“, ვინც ამას აკეთებს, ან ადეკვატურობა აკლიათ, ან სასარგებლო იდიოტები არიან“.

ელისაშვილის შეფასებით, გახარიას მხრიდან ამ კრიტიკას ვერ მიიღებს.

„ჩვენ ერთმანეთის გვერდით დავდექით, რადგან ყველას მოგვპარეს არჩევანი. ჯამში, ოპოზიციამ გაიმარჯვა და უნდათ, რომ ეს გამარჯვება აგვწაპნონ. ამიტომ შევქმენით შტაბი და გავაერთიანეთ ძალისხმევა. ამ ძალისხმევაში გახარია რატომ არ არის, არ ვიცი. ღიად არის მისთვის შეთავაზება. უფრო მეტიც, ჩვენ რაღაცაზე ვიკრიბებით, ვმსჯელობთ, ყოველ ჯერზე ვპატიჟებთ გახარიას ან მის წარმომადგენლებს. მოვიდეს და გვითხრას უკეთესი აზრი. ყოველ ჯერზე ვეძახით, ვურეკავთ მასაც და მის წარმომადგენლებსაც, ვეუბნებით, რომ აქა და აქ ვიკრიბებით. ახლა უკვე გასაგებია ჩვენი შეკრების ადგილი – ჩვენი კოალიციის ოფისი, რომელიც ერთობლივ შტაბად გადაკეთდა. მოდი, შე დალოცვილო და გვითხარი, რასაც ფიქრობ. ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ და დაგვარწმუნე. ჩვენ რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებთ და შემდეგ გამოდგება და გვლანძღავს. ეს რა წესია? მოვიდეს და გვითხრას, რა მოთხოვნები უნდა იყოს, არავინ კარს არ უჭედავს. ყველას უნდა, ვიღაცას ხელი შეაწმინდოს და არავის არ უნდა მოქმედება. ჩვენ ვმოქმედებთ, ვფიქრობთ და რაღაცებს ვაკეთებთ. თუ არ მოგწონს, შე დალოცვილო, მოდი და დახურულ კარს მიღმა გვითხარი შენი აზრი. რა არის ეს, რა პრანჭვაა? რაღაცას ვიტყვით, არ მოდის, შემდეგ დგას და იქიდან გაბუტული გენიოსივით რაღაცებს გეუბნება. არ გამოდის ეს ამბავი, მოდი, დაჯექი კაცურად, სახელმწიფოებრივად, განსაცდელშია ქვეყანა“ , – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღეს სამი ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ორშაბათს შეიკრიბებიან რუსთაველზე და სამოქმედო გეგმას იქ წარადგენენ.  შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.

თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება

გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თემატიკაზე მათგან მრავალფუნქციური ჩანთები შექმნა.

ქუჩაში განთავსებული სარეკლამო ბანერები ქუჩის ესთეტიკის და ვიბრაციის ნაწილია, ამიტომ გრაფიტ არტისტმა მიშიკო სულაკაურმა a.k.a. LAMB თითოეული ჩანთა ინდივიდუალურად მოხატა, რამაც ჩანთებს უნიკალური დიზაინი, მრავალფეროვანი, სასიამოვნოდ ქაოტური გამოძახილი და სტრიტარტის ხასიათი  შესძინა.

თიბისი საქართველოში პირველი კომპანია, რომელმაც, პარტნიორებთან ერთად, ჩამოხსნილი ქუჩის სარეკლამო ბანერები ახალ, ფუნქციურ ნივთებად გარდაქმნა. რამდენიმე თვის წინ, პირველი ასეთი პროექტი თიბისიმ რაგბის კამპანიას – „ერთად გავიმარჯვებთ“-ს მიუძღვნა, ახლა კი „თიბისი – შენი ერთგულის“ ფარგლებში ჩამოხსნილი ბანერები გადამუშავდა. პროექტის პარტნიორია კომპანია „ალმა“.

„სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე – ეს ის პროექტია, რომელიც თიბისის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას აერთიანებს. თიბისიში ვნერგავთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის და მდგრადი განვითარების მაღალ სტანდარტებს. ასევე, ბევრი წელია ახალ თაობას, მათ შორის სთრით-არტისტების კომუნას სხვადასხვა ფორმით ვუჭერთ მხარს. ამ მიდგომებს არაერთი პროექტის განხორციელებით ვაძლიერებთ, სწორედ ასეთია ბანერების გადამუშავების ინიციატივა და მათგან ახალი, ფუნქციური ნივთების შექმნის კამპანიაც“ – მარიამ მიქელაშვილი, თიბისის ბრენდის მარკეტინგის ლიდერი.

თიბისი, როგორც ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუცია, აცნობიერებს პასუხისმგებლობას, თუ რამდენად პოზიტიური გავლენა შეიძლება იქონიოს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებაზე. თიბისი გეგმავს, რომ გამოყენებული სარეკლამო ბანერებით, ახალი პროდუქციის შექმნა ტრადიციად აქციოს და მათგან ფუნქციური ნივთები შექმნას.

(R)

 ევროინტეგრაცია არც შეჩერებულა, ვერც შეჩერდება, ჩვენმა მიღწევებმა გვასწავლა, რომ ეს გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა იმწუთიერი პოლიტიკური კონიუნქტურის აყოლა -შალვა პაპუაშვილი

გამოქვეყნდა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, სადაც საუბარია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. საერთო შეფასებით, საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროკომისიის შეფასებით, 35 თავიდან გასული ერთი წლის მანძილზე საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა 12 თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი – 13 თავზე.

მისივე თქმით, ისინი ყურადღებით შეისწავლიან გაფართოების დოკუმენტს და დაგეგმავენ სამომავლო ნაბიჯებს.

„ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს. ევროკომისიის შეფასებით, 35 თავიდან გასული ერთი წლის მანძილზე საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა 12 თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი – 13 თავზე. ეს არის იმის ძალიან მკაფიო დასტური, რომ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გამო საქართველოს ჰქონდა შეზღუდული დრო საპარლამენტო საქმიანობისთვის და მიუხედავად ოპოზიციის და ენჯეოსექტორის მუდმივი ობსტრუქციისა, საქართველო დგამდა მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ხაზგასასმელია, რომ ანგარიშში, 35 თავიდან მხოლოდ ერთი თავის შემთხვევაში, რომელიც მართლმსაჯულებას და ფუნდამენტურ უფლებებს შეეხება, ევროკომისიის შეფასებით არის უკუსვლა. ამასთან, ამგვარი შეფასების ძირითად მიზეზად ანგარიშში ევროკომისია ასახელებს გენდერული კვოტირების გაუქმებას, გამჭვირვალობის კანონისა და ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონის მიღებას და ლგბტ პრაიდის ვერჩატარებას.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ თავში ჩვენი შეფასება თანაბარია უკრაინას და მოლდოვას შეფასებისა, ხოლო „ფუნდამენტურ საკითხთა ჯგუფში“, რომელშიც ეს თავი შედის, საქართველო უკრაინასაც ასწრებს და მოლდოვასაც.

ის, რომ გამჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონებზე ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთთანხმობა არ აქვს, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის სიახლე არ არის. ეს კანონები არჩევნებზეც ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო, რაზეც ჩვენმა საზოგადოებამ თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე ევროკავშირთან საუბარს საქართველოს მოქალაქეების ამ პოზიციის გათვალისწინებით.

გარდა ფუნდამენტური მიმართულებისა, საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ასწრებს შიდა ბაზრისა და კონკურენტუნარიანობის ჯგუფების საერთო შეფასებაშიც, რაც არის ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციის, მთავარი არსი. სწორედ ამ საკითხების ირგვლივ შეიქმნა თავის დროზე ევროკავშირი და სწორედ ამიტომ არის ევროკავშირი ბევრისთვის მიმზიდველი.

ამრიგად, საერთო შეფასების გათვალისწინებით, საქართველო კვლავ სოლიდურად ასწრებს მოლდოვას, ხოლო უკრაინას მხოლოდ სამ ჯგუფში – საგარეო ურთიერთობები, მწვანე დღის წესრიგი და რესურსები – ჩამორჩება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ კიდევ უფრო დიდი უპირატესობით ვასწრებთ ბოსნია-ჰერცეგოვინას, რომელთანაც ასევე დაწყებულია გაწევრიანების მოლაპარაკებები.

სწორედ ეს 35 თავია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების, ანუ საქართველოს ევროპული გზა. ეს არის დინამიკური, საქმიანი, ექსპერტული პროცესი, რომელშიც საქართველო 2014 წლიდან ერთგულად, გეგმაზომიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ.

ამავე დროს, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ ამ პროცესის უკიდურესად პოლიტიზების მცდელობას. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამგვარი წინდაუხედავი მიდგომა ევროინტეგრაციას თანამშრომლობის ინსტრუმენტიდან პოლიტიკურ იარაღად აქცევს, რაც, სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, თავად ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს.

აქვე, მინდა, შევეხო ბოლო პერიოდში ხშირად გამოყენებულ ტერმინს – „ევროინტეგრაციის შეჩერებას“. თავად ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ გაფართოების დოკუმენტზე იმუშავა, საქართველოს პროგრესი შეაფასა და რეკომენდაციები მოგვცა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ტერმინი უფრო პოლიტიკური განცხადებაა, ვიდრე ინსტიტუციური მდგომარეობა. როგორც ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შეფასებას, ისევე ვაგრძელებთ ჩვენც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობას. სწორედ ეს არის ევროინტეგრაცია. ის არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება. თუკი რამე გვასწავლა ჩვენმა მიღწევებმა ამ პროცესში, არის ის, რომ ევროინტეგრაცია გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა იმწუთიერი პოლიტიკური კონიუნქტურის აყოლა.

საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობამ ძალიან გასაგებად გააკეთა არჩევანი, ევროინტეგრაციის პროცესზე, ოპოზიციის ისტერიულ პოლიტიკასა და ქართული ოცნების საქმიან, კონსტრუქციულ, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით წარმოებულ პოლიტიკას შორის. ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს ასოცირების შეთანხმების დიდი ნაწილი და 2028 წლისთვის მის 90%-ს შევასრულებთ, რითიც არსებითად მივუახლოვდებით ევროკავშირის წევრობას.

ჩვენ ყურადღებით შევისწავლით გაფართოების დოკუმენტს და დავგეგმავთ სამომავლო ნაბიჯებს, ქართველი ფერმერების, მეწარმეების, ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. საქართველო ბოლო წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკომისიასთან თითოეული სფეროს ანალიზის პროცესში და მომავალშიც მზად ვართ, ამავე მიზნით აქტიურად ვითანამშრომლოთ ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ვილი სანიოლი IFFHS-ის წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია IFFHS-მა წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელის ნომინაციაზე 20 კანდიდატი ამოარჩია, რომელთა შორის ვილი სანიოლიც არის.

წელს სანიოლის თაოსნობით ნაკრებმა ამ ეტაპისთვის 11 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 4 მატჩი მოიგო, ამდენივე წააგო და 2 თამაში ფრედ დაასრულა. მთავარი მიღწევა ცხადია ევროპის ჩემპიონატს და მისკენ მიმავალ გზას უკავშირდება. 26 მარტს ერთა ლიგის ფინალში, საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დავამარცხეთ და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავედით, ხოლო შემდგომ უშუალოდ ტურნირზე პორტუგალიის ნაკრებს ვძლიეთ და მესამე ადგილით ჯგუფიდან გასვლაც მოვახერხეთ, რაც დებიუტანტი გუნდისგან ბრწყინვალე შედეგია.

ფრანგი სპეციალისტის თაოსნობით ნაკრებმა 2021 წლიდან 42 მატჩი გამართა, საიდანაც 20 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 16-ში დამარცხდა. ამჟამად კლუბი უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზობს და ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილს იკავებს.

ცნობისთვის, ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია ეროვნული ნაკრების საუკეთესო მწვრთნელს 1996 წლიდან, ყოველწლიურად ავლენს. გამარჯვებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ორგანიზაციის წარმომადგენელთა და ექსპერტთა მიერ ხმის მიცემით ვლინდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს ბათუმში უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 19-ში სტუმრად ჩეხეთს შეხვდება.

ტრაგედიაა, როდესაც საქართველოში არსებობენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ქვეყანა დააზიანონ-გიორგი ვოლსკი

„ლელოს“ ყოფილი წევრის, თამარ შიოლაშვილის მიერ გასაჯაროებულ გზავნილებს, რომლებიც „ლელოს“ პარტიულ დირექტივებს ეხება, მმართველ გუნდში აფასებენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, აშკარაა იმ საბოტაჟის განხორციელების მცდელობა, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებმა თვეების წინ მოამზადეს. გიორგი ვოლსკის თქმით, ტრაგედიაა, როდესაც პოლიტიკური სუბიექტი საარჩევნო პროცესებისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს.

„ვისზეც არის საუბარი, ის ადამიანი, მოითხოვს ოპოზიციონერი კომისიის წევრებისგან საბოტაჟის განვითარებას იმ გეგმით, რომელიც მათ თვეების წინ მოიფიქრეს. ტრაგედიაა, როდესაც საქართველოში არსებობენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ქვეყანა დააზიანონ. ერთ-ერთი ამის აშკარა მაგალითია ის ისტერიკა, ბრძოლა, რომელიც აწარმოეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, თამარ შიოლაშვილმა სოციალურ ქსელში პარტიიდან მიღებული დირექტივების სქრინები გამოაქვეყნა. კოალიციის საერთო ჩატის მიმოწერიდან ჩანს, რომ პარტია საოლქო კომისიის წევრებს კონკრეტულ დავალებებს აძლევს. მაგალითად, სასწრაფო დირექტივა ეხება იმას, რომ საოლქო კომისიის წევრებმა ხელი არ უნდა მოაწერონ ოქმებს.

თამარ შიოლაშვილმა ხაზარაძის კოალიცია „ძლიერი საქართველო“ და პარტიისგან კომისიის წევრის სტატუსიც დატოვა. მიზეზად მითითებები და დირექტივები დაასახელა, რაც მისი თქმით, არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და მორალს.

არავინ არავის პირად ცხოვრებაში არ იჭრება, არასდროს ყოფილა ადამიანის უფლებები დაცული ისე, როგორც დღეს, „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კანონში საუბარია მხოლოდ პროპაგანდის აკრძალვაზე-ირაკლი კობახიძე

ადამიანის უფლებები არის უმაღლეს დონეზე დაცული ჩვენს ქვეყანაში, არავინ არავის პირად ცხოვრებაში არ იჭრება და ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ იმას, რომ არავის განსასჯელი არ არის არავის პირადი ცხოვრება, არც ცხოვრების წესი და ა.შ. არასდროს არ ყოფილა ადამიანის უფლებები დაცული ისე, როგორც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, „ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი“ ეხება მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდის შეზღუდვას.

„ამ კანონში, ერთადერთი, საუბარია პროპაგანდის აკრძალვაზე, მეტი არაფერზე. როცა ვიღაც ამბობს, რომ ეს კანონი არ არის კარგი, მაშინ უნდა დაასაბუთოს, რა არ მოსწონთ ამ კანონში. ერთადერთ რამეზეა საუბარი, პირდაპირ წერია ეს, რაც ასე აღარ არის, სხვათა შორის, ბევრ ქვეყანაში. ხშირად საუბრობენ ხოლმე დაცინვით და ირონიით ამ საკითხზე, დედა დედაა, მამა მამაა და თითქოს ეს ისევ ჩვეულებრივი მოვლენაა. სტრასბურგის პრაქტიკა არსებობს საკმაოდ პრობლემური ამასთან დაკავშირებით, ევროპაში არის ის ტენდენცია, რომ დედას დედა შეიძლება აღარ ერქვას და მამას მამა შეიძლება აღარ ერქვას. კონკრეტულ სახელმწიფოებში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებია განხორციელებული ამასთან დაკავშირებით. ამ კანონში წერია ერთადერთი რამ, რომ არ გვინდა ეს პროპაგანდა, დედას უნდა ერქვას დედა, მამას ერქვას მამა და თურმე ეს კანონი არ ვარგა. დაგვისაბუთონ მაშინ, რატომ არ ვარგა ეს კანონი“, –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

“რამდენად სწრაფად „დაიბანს ხელს“ ტრამპი უკრაინასთან მიმართებით?”-რას წერს უცხოური პრესა

ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რამდენად სწრაფად „დაიბანს ხელს“ ტრამპი უკრაინასთან მიმართებით?“ (ავტორი – ქრისტოფერ კონდუელი). მასში განხილულია უკრაინის ომის პერსპექტივისა და კიევისადმი დახმარების საკითხი აშშ-ის საპრეზიდენტო არცევნების დასრულების შემდეგ – კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის სავარაუდო პრეზიდენტობის შემთხვევაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ამერიკელი პოლიტიკოსებისათვის ამჟამად ყველა ომი ორ ფრონტზე მიმდინარეობს: პირველი სადღაც გარეთ – სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ახლო აღმოსავლეთში, მეორე – უფრო ახლოს, შიგნით, ვაშინგტონში, პოლიტიკური ბრძოლების სახით. რასაკვირველია, დღეისათვის შინა ომს უფრო მეტი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გარეშეს. ეს ეხება ევროპასაც. ჯო ბაიდენის წასვლით აშშ-ის ინტერესი ევროპისა და უკრაინის მიმართ შესუსტდება. ევროპელებს რუსეთის წინაშე მარტო დგომა მიუწევთ. ისინი ამისთვის უნდა მოემზადნონ.

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებები, როგორი ბუნდოვანიც არ უნდა იყოს, უკრაინას კარგს არაფერს უქადის. იგი კიევს აფრთხილებს, რომ თუ პრეზიდენტი გახდება, უკრაინის ომს 24 საათსაც ვეღარ მოითმენს. დონალდ ტრამპისა და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ჯეიმს დევიდ ვენსისათვის უკრაინის ომი შეცდომას წარმოადგენს, რომლისგანაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ხელი უნდა დაიბანოს“. საკითხი, თუ ტერიტორიის რომელი ნაწილი დაუბრუნდება უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგად, ეს მხოლოდ უკრაინის პრობლემაა და არა ამერიკისა, ამაზე მხოლოდ კიევმა უნდა იზრუნოს.

დემოკრატ კანდიდატს კამალა ჰარისს თიტქოსდა პროუკრაინული პოზიცია აქვს, მაგრამ იგი უკრაინის ბედზე სექტემბრიდან თითქმის არაფერს ამბობს. ყოველ შემთხვევაში, აშკარად იგრძნობა, რომ საკითხს თავს არიდებს. ამერიკელები უკრაინის ამბებს ძველებურად ემოციურად არ აღიქვამენ – იე როგორც 2022 წლის თებერვალ-მარტში, როცა რუსეთის არმია კიევის კარიბჭესთან იდგა, ხოლო აშშ-ის მოსახლეობის ნახევარზე მეტი რუსულ აგრესიას ქვეყნისათვის  „მთავარ საფრთხედ“ თვლიდა.

დღეს სხვა სიტუაციაა: Pew Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით ირკვევა, რომ ამჟამად ამერიკელების ორი მესამედმა უკრაინისადმი დამოკიდებულება შეიცვალა და კიევს მხარს ძველებურად მტკიცედ აღარ უჭერს. ორი კვირის წინათ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელის“ მიერ გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელები უკრაინის მიმართ დონალდ ტრამპის მიდგომებს უფრო იწონებენ (59%), ვიდრე კამალა ჰარისის პოზიციას (39%). გარდა ამისა, ამერიკა არ გეგმავს ნატოს წევრად უკრაინის მიღებას – უხლოეს ხანში კიევის გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წარმოუდგენელია.

რა თქმა უნდა, დემოკრატები უფრო მეტი პროუკრაინულად არის განწყობილი, ვიდრე რესპუბლიკელები. ჯო ბაიდენმა, როცა იგი მარტში მოხსენებით გამოვიდა კონგრესის წინაშე, საკუთარი თავი ფრანკლინ რუზველტს შეადარა, როცა „ჰიტლერი უძლეველად ითვლებოდა“. ჯო ბაიდენი აშკარად ტრაბახობდა და ამბობდა, რომ მის წინაშე მდგარი პრობლემა უფრო რთულია, ვიდრე რუზველტისათვის. დღეს, 2024 წელს, რუსეთი ბევრად უფრო საშიშია ამერიკისათვის, ვიდრე გერმანია ამერიკისათვის 1941 წელს. დღევანდელი ვლადიმერ პუტინი უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე ადოლფ ჰიტლერი 84 წლის წინათ.

რესპუბლიკელებისთვის უკრაინისათვის ბრძოლა საერთოეროვნულიდან სულ უფრო პარტიული ხდება. ისინი დემოკრატებთან შედარებით ნაკლებად პროუკრაინელები არიან. კიევის მხარდამჭერი ნეოკონსერვატორები, მაგალითად, ლინდსი გრემი და სხვები, თავიანთ გავლენას კარგავენ. ვოლოდიმირ ზელენსკის რესპუბლიკელებში მომხრეები უმცირდება.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-სთვის უკრაინისადმი დახმარება თანდათან სულ უფრო მძიმე ტვირთი ხდება. ვის ეხმარება ამერიკა? კატასტროფულად კორუმპირებულ სახელმწიფოს, რომელსაც დასავლეთი დემოკრატიულ სახელმწიფოდ მიიჩნევს. დასავლეთი სპეციალურად ბერავს რუსეთის დანაკარგებს, მაგრამ ნაკლებს ან საერთოდ არ ლაპარაკობს უკრაინის დანაკარგებზე. ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი ამბობს, რომ კრემლი რუს ჯარისკაცებს ხორცსაკეპში იძულებით გზავნისო, მაგრამ ჩუმად არის უკრაინის მთავრობის მიმართ, რომელიც იგივეს აკეთებს  უფრო უარესი მეთოდებით

უკრაინა დასავლეთისაგან, განსაკუთრებით აშშ-სგან მეტი იარაღის მიწოდებას ითხოვს, მაგალითად, შორი რადიუსის „ტომაჰავკის“ რაკეტებს, რუსეთის ტერიტორიის ღრმა ზურგში მდებარე ობიექტებისათვის დარტყმების მისაყენებლად

პრობლემა მხოლოდ რაკეტების მიცემაში არ გამოიხატება. საქმ იმაშია, რომ უკრაინას არ შეუძლია შორსი მოქმდების რაკეტების დამოუკიდებლად გაშვება. მათთვის აუცილებელია დასავლური რადიოლოკაციური სადგურები და დამიზნების საშუალებები. შესაბამისად, მათი გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ ნატოს ომში ჩაბმას ნიშნავს, რაც ძალზე სახიფათო პერსპექტივის მომტანია.

ნათელი ხდება, რომ საპრეზიდენტო რბოლის დასრულების ეტაპზე უკრაინაში მიმდინარე ომი სულ უფრო მუქ ფერებში მოჩანს. ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი თუ კამალა ჰარისი, ის გადაულახავი საშინაო ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება, რომელიც კიევისადმი დახმარების შემცირებას გულისხმობს. კამალა ჰარისის გუნდში ბარაკ ობამას ადმინისტრაციის რამდენიმე ვეტერანი ჩინოვნიკი მუშაობს, რაც ნიშანდობლივია: ათი წლის წინ ბარაკ ობამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების შესუსტებაში – თეთრმა სახლმა თავი შეიკავა იარაღის მიწოდებაზე უკრაინისათვის. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროსაც რეგიონში ძირითადად მშვიდობა სუფევდა – არა იმიტომ, რომ იგი თავისი გავლენით სარგებლობდა (რითაც ახლა ტრაბახობს), არამედ უფრო იმიტომ, რომ მისი მაშინდელი ადმინისტრაცია მესიანობისაკენ არ იხრებოდა. ისტორია, ალბათ, თავისას მიუზღავს აშშ-ის ყველა ბოლოდროინდელ პრეზიდენტს, რომლებიც უკრაინის საკითხში უფრო მეტად პრაგმატიზმს ამჟღავნებდნენ, ვიდრე ქედმაღლობას.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

 ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა თავის სიტყვაში მინიშნებები, რომ რაც უფრო მაღალი იქნებოდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა, მით უფრო მშვიდი იქნებოდა ნოემბერი-დეკემბერი, ასეც ხდება -ირაკლი კობახიძე

ქუდზე კაცი გამოვიდა და ჩვენ მივიღეთ 1 120 000 ხმა, დაახლოებით 200 000-ით მეტი წინა არჩევნებთან შედარებით, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა ქართველ ხალხს, ამიტომ არის ეს დღეები უფრო მშვიდი, ვიდრე იყო ოთხი წლის წინ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პროცესები მშვიდად წარიმართება და ოპოზიცია ძალიან მალე შევა პარლამენტში.

„მგონია, რომ უფრო სხვანაირად წარიმართება პროცესები ამ ერთი თვის განმავლობაში, თვითონვე დაინახავენ, რომ რეალურად არაფრის რესურსი არ აქვთ. ეს მალე გამოჩნდება, ძალიან მალე, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მშვიდად წავა პროცესები. სხვათაშორის, ამის გარანტია შექმნა ქართველმა ხალხმა. 1 120 000 ადამიანის მხარდაჭერა არის მთავარი, რაც ქმნის გარანტიას. ამაზე ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა თავის სიტყვაში, ასე ვთქვათ, მინიშნებები, რომ რაც უფრო მაღალი იქნებოდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა, მით უფრო მშვიდი იქნებოდა ნოემბერი და დეკემბერი, ეს იყო წინასწარმეტყველება და ასეც ხდება. სწორედ, იმის გამო, რომ ქუდზე კაცი გამოვიდა და ჩვენ მივიღეთ 1 120 000 ხმა, დაახლოებით 200 000-ით მეტი წინა არჩევნებთან შედარებით, კიდევ ერთხელ მადლობა საზოგადოებას, ქართველ ხალხს ამისათვის, ამიტომ არის ეს დღეები უფრო მშვიდი, ვიდრე იყო ოთხი წლის წინ. ვფიქრობ, რომ ასეთივე, ბევრად უფრო მშვიდი იქნება ნოემბერ-დეკემბრი ოთხი წლის წინანდელ ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით. არავითარი რესურსი არ აქვთ ამ ადამიანებს, მშვიდად წარიმართება პროცესები და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე შემოვლენ ისინი პარლამენტში,“- განაცხადა პრემიერმა.

 ყველა პარამეტრით ათი თავით მაღლა ვართ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, მაგრამ ფორმალურად ვართ ნახევარი ნაბიჯით უკან, უსამართლობაა, თუმცა მომავალი წლიდან ურთიერთობები გადაიტვირთება -ირაკლი კობახიძე

ყველა პარამეტრით ათი თავით მაღლა ვართ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, მაგრამ ფორმალურად ვართ ნახევარი ნაბიჯით უკან – უსამართლობაა, თუმცა მომავალი წლიდან ურთიერთობები გადაიტვირთება და სამართლიანობაც სრულად აღდგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროცესი ინტენსიურად მომავალი წლის პირველი კვარტლიდან დაიწყება.

„ჩვენ სულ უფრო მეტად ვუახლოვდებით ურთიერთობების გადატვირთვას ჩვენი არჩევნები უკვე ჩატარდა, მალე შეიკრიბება პარლამენტი, ჩამოყალიბდება მთავრობა, ასევე მალე დასრულდება ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები ასევე, ვფიქრობთ, რომ უკრაინაში ომი იმაზე ადრე დასრულდება, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო ნაკლებად ოპტიმისტური პროგნოზი. სავსებით რეალურია იანვარ-თებერვალში ამ ომის დასრულება. როგორც კი ეს ყველაფერი მორჩება, ძალიან სწრაფად გადაიტვირთება ურთიერთობები. შეიცვლება ინტერესები და გადაიტვირთება ურთიერთობები. აქედან გამომდინარე, არის 2-3 თვე მოსაცდელი, თუმცა გადატვირთვის ნიშნები უფრო ადრეც გამოჩნდება, რაც შეეხება თვისობრივ გადატვირთვას, მგონია, რომ ეს ყველაფერი ინტენსიურად დაიწყება მომავალი წლის პირველი კვარტლიდან.

ჩვენ ვუსწრებთ კანდიდატ ქვეყნებს. თვითონვე აღიარეს, გამოაქვეყნეს შეფასება. მოლდოვას, ბოსნიას მნიშვნელოვნად ვუსწრებთ. რა შეეხება უკრაინას, უკრაინა რაღაცეებში, მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში გვისწრებს, გაუგებარია, რა იგულისხმება ამაში. ამ ომმა უკრაინას გაუნადგურა გენერაციის ზუსტად ნახევარი. რასაც გამოიმუშავებდა უკრაინის ელექტროენერგიის სისტემა, ზუსტად იმის ნახევარი გაუნადგურა ომმა. შეიძლება ტექნიკური მახასიათებლებით არის უფრო მეტად ახლოს ევროკავშირთან უკრაინა, მაგრამ რაც შეეხება ამ სფეროს, ზოგადად, სხვა სფეროებს, ცა და დედამიწაა ის მონაცემები, რაც ჩვენ გვაქვს და რაც აქვს სხვა კანდიდატ ქვეყნებს. რეალურად ყველამ ყველაფერი იცის, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, არჩევნები. თქვენ ნახეთ, უმძიმესი არჩევნები ჩატარდა მოლდოვაში. უკრაინაში საერთოდ აღარ ტარდება არჩევნები, პარტიებს კრძალავენ ერთმანეთის მიყოლებით. დამოუკიდებელი ტელევიზიები საერთოდ არ დატოვეს. მოლდოვაში არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხი. პირდაპირ უწერია ოდირს ანგარიშში, რომ მთლიანად ხელისუფლების სასარგებლო პროპაგანდით იყო, მათ შორის საარჩევნოდ დაკავებული ეს ორი არხი. ანუ, აღარ არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზიები. დემოკრატიის კუთხით, მედიაპლურალიზმის კუთხით რა მდგომარეობაც გვქონდა ჩვენ 2012 წლამდე, დაახლოებით, იგივე ვითარებაა. დამოუკიდებელი ტელევიზია არ არის, მაგრამ იქ უკეთესი მედიაპლურალიზმია, პარტიებს კრძალავენ, მაგრამ იქ უკეთესი პოლიტიკური პლურალიზმია. ოპოზიციონერი არ დატოვეს პრაქტიკულად პარლამენტში, ისე წაიყვანეს პროცესები, მაგრამ იქ მეტია პოლიტიკური პლურალიზმი. არჩევნებზეც, იქ ნახეთ რა მოხდა, ათასი უბედურება და იქ კარგი არჩევნები ჩატარდა და ჩვენთან არ ვიცით, კარგი არჩევნები ჩატარდა თუ არა. ეს არის უსამართლო მიდგომა. იგივე ეხება ევროინტეგრაციის საკითხების შეფასებასაც. ყველა პარამეტრით ვართ ათი თავით მაღლა ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, მაგრამ ფორმალურად ნახევარი ნაბიჯით უკან ვართ ჩვენ მოლდოვაზე, უკრაინაზე, ბოსნიაზე და ა.შ. ეს არის უსამართლობაა თუმცა მომავალი წლიდან ურთიერთობები გადაიტვირთება და ვფიქრობ, რომ სამართლიანობაც სრულად აღდგება“, – განაცხადა პრემიერმა.