Home Blog Page 47

დაკარგული ოცდაათი წელი

არჩევნების მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებული აქტუალიზაცია შეიძინა ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციამ. ზოგი თვლის რომ ამისათვის აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანება (ღირსებით ან მის გარეშე). ამგვარი მსჯელობით გამომდინარეობს, რომ დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია არ არიან ევროპელები. თანაც, ყურადღების მიღმა ტოვებენ იმ უცილობელ ფაქტს, რომ ახალი წევრების ევროკავშირში მიღებისათვის უპირატესად შესაბამისი გეოპოლიტიკური ვითარებაა საჭირო. ზოგი თვლის, რომ გეოგრაფიულად ჩვენ ევროპას არ წარმოვადგენთ და ამიტომ არ ღირს ევროკავშირში ძალად შეტენვა, მით უმეტეს, როცა არ გვიღებენ. არის აზრი, რომ ჩვენ ევროპისა და აზიის გზისგასაყარზე ვმდებარეობთ და ამიტომ დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის ხიდი ჩვენი ბუნებრივი ფუნქციაა.

გეოგრაფიულად საქართველო ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს (ე.წ. დიდი ახლო აღმოსავლეთი), მაგრამ ცივილიზაციურად ევროპას წარმოადგენს. და ეს არა მარტო თავისი კულტურის ისტორიით დასტურდება, არამედ ისტორიული საგარეო პოლიტიკური პრეფერენციებითაც. ქართველები ყოველთვის დასავლეთისკენ იხრებოდნენ: ელინისტური სამყარო და არა სპარსეთი, რომი და არა პართია, ბიზანტია და არა არაბები, ჯვაროსნები და არა თურქ-სელჯუკები, მეტიც, ჯვაროსნები და არა ბიზანტია. სამწუხაროდ, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ არჩევანი აღარ დაგვრჩა.

ქრისტიანობამ უდიდესი როლი შეასრულა ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანში. დასავლეთი, რომელიც ადრეულ შუა საუკუნეებში წარმოადგენდა გაქრისტიანებულ ბერძნულ-რომაულ კულტურას, მთლიანად შეესაბამებოდა ქართულ არჩევანს. მოგვიანებით დასავლეთის ამ ბაზისურ პლასტს დაემატა გერმანული (ალბათ სჯობია გერმანიკული – გერმანული, ფრანკული, ანგლო-საქსონური, სკანდინავიური, ლანგობარდული, ფლამანდური, ბურგუნდული) პლასტი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა დასავლეთის განვითარებაში და რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვხებია. ასეთია: ფრანკების სალიკური სამართალი, გერმანიის მეფის ჰაინრიხ ფოგელერის (ჩიტიჭერია) მიერ ქალაქებისათვის თვითმმართველობის სიგელების მინიჭება, რითაც საფუძველი გამოაცალა მსხვილ ფეოდალებს (მეთოდი სასწრაფოდ გადაიღეს ჰენრი მეორემ ინგლისში და ლუი მეექვსემ საფრანგეთში, თუმცა ქალაქები ისე არ გაუჯეჯილებიათ, როგორც ეს გერმანიაში მოხდა), საქსონური სარკე, ოტონ I დიდის მიერ მაგდებურგის სამართალის მიღება, და ბოლოს, დაგვირგვინდა ბრიტანეთში თავისუფლების დიდი ქარტიის შექმნით.

სწორედ გერმანიკული პლასტის დამსახურებაა ევროპაში (მათ შორის პოლონეთსა და ბალტიისპირეთში) თავისუფალი და დამოუკიდებელი, თვითმმართველი ქალაქების გაჩენა (სადაც გერმანიკული კულტურა ვერ მიწვდა, იქ თვითმმართველი ქალაქი არ აღმოცენდა, მაგ. ბალკანეთში, სამხრეთ იტალიასა და ესპანეთში). თვითმმართველი ქალაქების დამსახურებაა: მოქალაქეთა თავისუფლება (ქალაქების დევიზი იყო Stadtluft macht frei  – ქალაქის ჰაერი ანიჭებს თავისუფლებას), დამოუკიდებელი სასამართლოები და უნივერსიტეტები, რამაც უზრუნველყო ინოვაციური განვითარება. უცნაურია, მაგრამ ევროპული სახელმწიფოების ცენტრალიზაცია თვითმმართველი ქალაქების დამსახურებით მოხდა. ცენტრალიზებულმა სახელმწიფოებმა ქალაქებს კომპეტენცია შეუკვეცეს, თორემ თვითმმართველობა არ გაუუქმებიათ (თვითმმართველობა ნაცისტების დროსაც ფუნქციონირებდა). სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიამ მხოლოდ ერთი თვითმმართველი ქალაქი იცის – XI საუკუნის თბილისი. მანაც, სატახტო ქალაქად გადაქცევის შემდგომ თვითმმართველობა დაკარგა.

ასევე, მხოლოდ გერმანიკულ სამყაროში გაჩნდა ძალმოსილ ფეოდალურ სუბიექტთა მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო (რაიხსტაგი, პარლამენტი, სკანდინავიური ტინგები, სეიმი, ქალაქის საბჭო, თვითმმართველ ქალაქთა გაერთიანება – ჰანზა), რომლის ლეგიტიმაციას მონარქთან ერთად მოსახლეობის სხვადასხვა ფენები ახდენდნენ. მართალია საუკუნეების განმავლობაში თათბირი ხშირად იცვლებოდა შუღლითა და შინაომებით, მაგრამ ამ სტრუქტურებმა დღევანდელ დღემდე მოაღწიეს, რითაც ჩვენ ნამდვილად ვერ დავიკვეხნით. პირიქით, დღესაც სამაგალითო ვაჟკაცობად მიიჩნევა გიორგი ბრწყინვალის მიერ ცივ-გომბორზე ფეოდალთა შეტყუება და გაჟლეტა. რა გასაკვირია და, შემდგომი მოვლენებიც შესაბამისად განვითარდა: უაღრესად დაქუცმაცებული და ამორფული პირველი რაიხი არ დაშლილა (ყოველ შემთხვევაში, რეფორმაციამდე), ხოლო საქართველო კი დაიშალა სწორედ მაშინ, როცა არც ერთ მეზობელ სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ შეეძლო საქართველოს დაპყრობა (თეთრ- და  შავბატკნიანი თათრების ეპიზოდური შემოსევები დაპყრობად არ განიხილება). და ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შევძელით ურთიერთმოთათბირებით გადაგვეჭრა ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები.

სწორედ სათათბირო ორგანოს არარსებობამ დაამკვიდრა ჩვენში მავნე ტრადიცია, როცა  ხელის-უფლებაზე განაწყენებული ძალები, დასაბეზღებლად და ჯავრის ამოსაყრელად გარბიან ყარაყორუმში (ისპაჰანში, სტამბოლში, მოსკოვში, ვაშინგტონში), და ეს სამარცხვინო და უღირს საქმედ არ მიაჩნიათ. არად დაგიდევენ ქვეყნის ავტორიტეტს. როცა ამა თუ იმ კანონის მიღება/არ მიღებაზე მისი ავკარგიანობის მიუხედავად ჩვენს პარლამენტს თითს დაუქნევენ უცხოეთიდან (ახლო წარსულში მოსკოვიდან, ეხლა ვაშინგტონიდან) და ამისთანა უბოდიშო მოქმედებაზე ჩვენს საზოგადოებას (განსაკუთრებით ახალგაზრდობას) არ ექნება შეურაცხყოფის რეაქცია, ამას სახელად ღირსების არქონა ჰქვია.

ჩვენ ჭეშმარიტად ევროპის დაბადებისთანავე ევროპაში აღმოვჩნდით და მასთან ერთად გავაგრძელეთ განვითარება. ოღონდ, დროთა განმავლობაში ჩამოვრჩით და ეხლა უნდა ვეცადოთ გავიაროთ გამოტოვებული ეტაპები. ჩამორჩენის აღიარება აუცილებელია, რათა სწორად გავაანალიზოთ არსებული მდგომარეობა და დავსახოთ ჩამორჩენის დაძლევის გზები.

პირველ რიგში უნდა შევიგნოთ, რომ არ არსებობს ხელისუფლების მოწყობის განსაკუთრებული გზა (რუსული, ქართული, ტიბეტური და ა.შ). ხელისუფლება ან დემოკრატიულია, რაც შესაბამისი პოლიტიკური ინსტიტუტებით არის განმტკიცებული და დაცული (სწორედ ეს არის დასავლეთი), ან ხელისუფლება ავტოკრატულია (მისი მრავალი სახესხვაობით). მართალია დღეს დემოკრატიული სახელმწიფოების უმეტესობა კრიზისის ფაზაში იმყოფება, მაგრამ ჩერჩილის სიტყვები რომ გავიხსენოთ: „მრავალი ნაკლი აქვს დემოკრატიულ მმართველობას, მაგრამ უკეთესი კაცობრიობას არ შეუქმნია“. ასე რომ ხელისუფლება ან დემოკრატიულია ან ავტოკრატული. ვიმეორებთ, სხვა, მესამე სახის ხელისუფლება ბუნებაში არ არსებობს. ამიტომ, ფართო არჩევანი ნამდვილად არა გვაქვს:

  • ან ევროპულ გზას უნდა დავადგეთ, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს დემოკრატიულ პოლიტიკურ ინსტიტუტებს (ხელისუფლებათა დანაწილება, სასამართლო დამოუკიდებლობა, თვითმმართველობა, ხელისუფლებათა მონაცვლეობა თავისუფალი არჩევნებით, თავისუფალი და მიუკერძოებელი პრესა), რომელთა დამკვიდრებაც ამ ოცდაათი წლის განმავლობაში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უცდია (როგორც ხელისუფლებაში მყოფს, ისე მაძიებლებს) და არც რაიმე ნიშანწყალი ჩანს, რომ ვინმე ამას ეცდება. ხელისუფლების დანაწილება არავის სურს. ერთკაციანი პარტიაც კი აბსოლუტურ ძალაუფლებაზეა ორიენტირებული;
  • ან სახელმწიფო მშენებლობა განწირული იქნება წარუმატებლობისთვის. სამწუხაროდ დღეს ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს საბჭოური სახელისუფლო ვერტიკალი, რომლის თავში მყოფი სუბიექტი აკონტროლებს ქვეყნის ყველა შესაძლო რესურსს (მატერიალურს, ფინანსურს, ადამიანურს). ამ ვერტიკალის დემონტაჟის გარეშე კი, შეუძლებელია ევროპას ვეკუთვნოდეთ, იმის მიუხედავათ გავხდებით თუ არა ევროკავშირის წევრი. საქმე ევროკავშირის წევრობაში არაა. წყალსაც წაუღია ევროკავშირი. ქართული სახელმწიფო ვერ შედგება, ესაა მთავარი. ვინც საქართველოს ისტორია ასე თუ ისე მაინც იცის, და ასევე იცის ქართველი კაცის ურჩი ხასიათი, მას უნდა ესმოდეს, რომ ავტორიტარიზმის დამყარება საქართველოში შ ე უ ძ ლ ე ბ ე ლ ი ა. ნებისმიერი ამგვარი მცდელობა გამოიწვევს გაათმაგებულ უკურეაქციას. ქვეყანა ვერ გაუძლებს სეპარატიზმისა და გადატრიალებების მუდმივ რყევებს (მოუთმენელი სიბეცეა იმის ფიქრი, რომ მხოლოდ რუსეთს სწადია ჩვენი დეზინტეგრაცია). შველა დემოკრატიულ მოწყობაშია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ რეგიონების განვითარებას და მათ ადეკვატურ წარმომადგენლობას პარლამენტში (სამ მილიონიან ქვეყანაში მილიონნახევარი დედაქალაქში ცხოვრობს, რაც პირდაპირ მიუთითებს რეგიონების სავალალო მდგომარეობაზე). ერთიანი და განუყოფელი საქართველოს ტრფიალთ უნდა შევახსენო, რომ სწორედ უნიტარული და სუპერუნიტარული სახელმწიფო წარმოადგენს სეპარატიზმის ნოყიერ ნიადაგს.

ასე, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების გარეშე ჩვენი სახელმწიფო ვერ იარსებებს. ხელისუფლებათა დანაწილება, სასამართლო დამოუკიდებლობა, ორპალატიანი პარლამენტი, ქვეყნის არსებული რეგიონების ლეგიტიმაცია, თვითმმართველობის (რეგიონული და მუნიციპალური) დამკვიდრება, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და მიუკერძოებელი პრესა არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნქციონირების აუცილებელი პირობები. დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების პარალელურად უნდა გატარდეს განათლების ძირეული რეფორმა, რომლის განხორციელებაშიც ყველა რგოლმა უნდა მიიღოს მონაწილეობა (არა მარტო განათლების სამინისტრომ).

გურამ სანადირაძე

“ორი უკრაინელი ქალის მკვლელობა: პროკურატურის საბრალდებო დასკვნა ცოლ-ქმრის წინააღმდეგ”-Deutsche Welle

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანიამ „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე 3 სექტემბერს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ორი უკრაინელი ქალის მკვლელობა: პროკურატურის საბრალდებო დასკვნა ცოლ-ქმრის წინააღმდეგ“ (ავტორი – რომან სულიმა), რომელშიც გადმოცემულია 2024 წლის თებერვალში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში მომხდარი საზარელი მკვლელობის ისტორია. ტრაგიკულმა ფაქტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა გერმანულ საზოგადოებაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მანჰეიმის პროკურატურამ, ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, ბრალდება წაუყენა გერმანელ ცოლ-ქმარს – 44 წლის ქალს და 43 წლის მამაკაცს – ორი უკრაინელი ქალის ერთობლივად მოკვლისა და ბავშვის გატაცების თაობაზე, რომელიც ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში მოხდა. დანაშაულის მიზეზი, როგორც ცნობილი ხდება, იყო ცოლ-ქმრის განუხორციელებელი სურვილი – ჰყოლოდათ შვილი, გოგონა, რომლის შემდეგ მათ, „არაუგვიანეს 2023 წლის მარტისა“, ჩაიფიქრეს და მოამზადეს გეგმა „მოეტაცებინათ  ახალშობილი მდედრობითი სქესის ბავშვი, რომელსაც თავისად გაასაღებდნენ“.

დანაშაულის ისტორია: დააძინეს, მოკლეს და დაწვეს

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ორმა ბრალდებულმა, ახალდაბადებული ბავშვის გატაცების მიზნით, ორი უკრაინელი ლტოლვილი მოკლა – 51 წლის ქალი და მისი 27 წლის ქალიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის ნამშობიარევი იყო. “ბავშვის გასატაცებლად მეტი შანსები რომ ჰქონოდათ, 44 წლის ქალი უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი ჯგუფის წევრი გახდა და Telegram-არხის მეშვეობით, 2024 წლის იანვრის ბოლოს, დაუკავშირდა 27 წლის მსხვერპლს, როცა იგი თარჯიმანს ეძებდა გოგონას დაბადების წინ“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულებმა 27 წლის ქალიშვილისა და დედამისის მკვლელობა ბავშვის დაბადებიდან ერთ კვირაში განახორციელეს. “2024 წლის 6 მარტს, ცოლ-ქმარმა უკრაინელები რესტორანში მიიპატიჟეს და ორივე ქალს ჩუმად  დამამშვიდებელი პრეპარატი ჩაუყარეს. როცა ორივე უკრაინელმა თავი ცუდად იგრძნო, ცოლ-ქმარმა თვალთმაქცურად განაცხადეს, რომ ისინი საავადმყოფოში უნდა წაეყვანათ, ჩასვეს ავტომანქანაში და გულწასული ქალები ბად-შენბორნის ტბის ნაპირზე მიიყვანეს, 51 წლის ქალი იქვე მოკლეს, გვამი დაწვეს, მისი 27 წლის ქალიშვილი, რეინის ახლოს, ხოკენჰაიმის ტბასთან მიიყვანეს და ისიც მოკლეს, ჩვილი გოგონა კი სახლში წაიყვანეს. ამჟამად ბრალდებულებს წარდგენილი აქვთ ოფიციალური ბრალდება ორი პუნქტით – ერთობლივად ჩადენილი მკვლელობისა და არასრულწლოვანის გატაცებისათვის.

ვინ არიან მსხვერპლნი?

მოკლულები დედა-შვილი მარინა და მარგარიტა სტეცენკოები არიან. ძებნის ოპერაცია მაშინ დაიწყო, როცა პოლიციამ 7 მარტს, მდინარე რეინთან ახლოს, 27 წლის მარგარიტა სტეცენკოს გვამი იპოვა. დაიწყეს ახალშობილის ძებნაც. 51 წლის მარინა სტეცენკოს ნახევრად დამწვარი გვამი კი ორკვირიანი ძებნის შემდეგ, 20 მარტს აღმოაჩინეს.

დედა, ბებია და შვილიშვილი რეინ-ნეკარის ოკრუგში, ლტოლვილთა განთავსების ცენტრში ცხოვრობდნენ მას შემდეგ, რაც ისინი გერმანიაში უკრაინიდან ჩავიდნენ, ომის გამო. პოლიციამ ცოლ-ქმარი 13 მარტს დააკავა, ახალშობილი გოგონა, საბედნიეროდ, უვნებელი აღმოჩნდა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

“დონალდ ტრამპის მარცხი აშშ-ის პოლიტიკის სტაბილიზებას მთელი თაობის განმავლობაში უზრუნველყოფს”-Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 4 სექტემბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით: “დონალდ ტრამპის მარცხი აშშ-ის პოლიტიკის სტაბილიზებას მთელი თაობის განმავლობაში უზრუნველყოფს”(ავტორი – ჯანან განეში).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

არსებობს ასეთი გამოთქმა – „აშშ-ის უმნიშვნელო საპრეზიდენტო არჩევნები“. ანუ ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, ამით ამერიკაში ბევრი არაფერი არ შეიცვლება: მართლაცდა, რა დიდი გარდამტეხი ცვლილება მოხდებოდა აშშ-ის პოლიტიკაში, ბილ კლინტონს რომ 1996 წელს არჩევნები წაეგო და ბობ დოულს გამარჯვნა? ან ჯორჯ ბუშ-უმცროსი რომ დამარცხებულიყო ჯონ ქერისთან მეტოქეობაში? არავითარი საფუძველი არ იქნებოდა გვევარაუდა, რომ ჩვენ ახლა სრულიად სხვა სამყაროში ვიცხოვრებდით – პრინციპში, ყველაფერი ძველებურად იქნებოდა.

მაგრამ ხდება გამონაკლისებიც. ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისია 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები.

მაინც რა არის განსაკუთრებული აშშ-ის წლევანდელ არჩევნებში? თუ დონალდ ტრამპი წააგებს, მაშინ ნაკლები შანსები იქნება იმისთვის, რომ ამერიკა და მისი პოლიტიკა სტაბილიზდება მთელი თაობის განმავლობაში.

„სტაბილიზება“ არ ნიშნავს „ლუქსემბურგად გადაქცევას“. პოლარიზება, რა თქმა უნდა შენარჩუნდება, მაგრამ ის, რომ ბევრს ჰგონია – ტრამპიზმი თვითონ დონალდ ტრამპს გადაიტანსო – აშკარად სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს აზრი სულ უფრო მყიფე ხდება, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო.
2024 წლის გაკვეთილი ამ ეტაპზე იმაში გამოიხატება, რომ ამერიკულ პოპულიზმს დონალდ ტრამპის ჩანაცვლება ძალიან გაუჭირდება. იანვარში რონ დესანტისი, რომელიც დონალდ ტრამპის პლატფორმას ხელმძღვანელის კომპეტენტურობას უთავსებდა, საარჩევნო რბოლას ჩამოშორდა. ივლისში საპრეზიდენტო-საარჩევნო არენაზე ჯეიმს ვენსი გამოჩნდა, არა როგორც მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტი, არამედ როგორც MAGA-ს („დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) მემკვიდრედ. მანამდე არაფერი არ მიანიშნებდა იმას, რომ ჯეიმს ვენსი ამისთვის მზად იყო. კიდევ ერთი პიროვნების – ვივეკ რავასვამის – საჯარო კარიერამ „წყალში დაყვინთა“.

ისინი, ვინც შეეცდებიან დონალდ ტრამპის იდეების გამგრძელებლები იყვნენ უახლოეს წლებში (ვთქვათ, თაკერ კარლსონი), მას ვერანაირად ვერ შეედრებიან – დონალდ ტრამპს მნიშვნელოვანი უნიკალური უპირატესობა აქვს: ის პოლიტიკური „ვარსკვლავია“ (ასეთები ქვეყანაში მხოლოდ ორი ან სამი თუ მოიძებნება). დონალდ ტრამპზე და მის იდეებზე „მიჯაჭვულები“ არიან მილიონები…

მაგრამ არის იმის საფრთხე, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამერიკა არ დაწყნარდება და საზოგადოებაში შექმნილი წინააღმდეგობები მომავალშიც გაგრძელდება. პოპულიზმი შეიძლება გარკვეულ მომენტში პოზიტიური იყოს, მაგრამ მუდმივი პოპულიზმი საბოლოოდ ქვეყანას პრობლემების წინაშე აყენებს. განსაკუთრებით საპრეზიდენტო მართვის პირობებში.
ბევრი კონსერვატორი, რომლებსაც დონალდ ტრამპი სძულთ, მხარს კამალა ჰარისს დაუჭერს, მაგრამ არა თავიანთი დიდი ბუნებრივი სურვილით, არამედ დონალდ ტრამპის გამო. არჩევნებამდე დარჩენილ დროში დემოკრატებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათი კანდიდატი სტაბილურობის გარანტს წარმოადგენს, თორემ არ არის გამორიცხული, რომ ვინმე კიდევ ერთ დონალდ ტრამპის სახით გამოჩნდეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

რა ეღირება დოლარი და ევრო 5 სექტემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6956 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6956 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6906 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9792 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9699 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0093 ლარი შეადგინა.

მალხაზ გულაშვილს საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის სტატუსი მიენიჭა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორს, პოლიტოლოგს, მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელს და პრეზიდენტს მალხაზ გულაშვილს – მიენიჭა საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის სტატუსი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დარგში.

ამავე ღონისძიებაზე წევრ-კორესპონდენტების სტატუსი მიენიჭათ: გურამ მარხულიას, ვახტანგ მაისაიას, აკადემიკოს ზურაბ ხონელიძეს.

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” გუნდი ულოცავს კომპანიის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს, საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის სტატუსის მინიჭებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას.

ოპოზიციას წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი აქვს, გამარჯვების შანსი არ აქვთ, მათი სისუსტე, შეიძლება, პროვოკაციებში აისახოს-მამუკა მდინარაძე

ოპოზიცია რაც უფრო სუსტია, მით უფრო საშიშია მისი მხრიდან გარე დავალებების შესრულება. მოვუწოდებ თითოეულ მათგანს, ნუ შეასრულებენ დავალებებს და ქვეყანა გარანტირებულად მშვიდ ცხოვრებას გააგრძელებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი აქვს, გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ, ხოლო მათი სისუსტე, ლოგიკაც ასეთია და ინფორმაციებიც, შეიძლება, პროვოკაციებში აისახოს.

„ეს ბუნებრივი ამბავია, რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით უფრო საშიშია მისი მხრიდან გარე დავალებების შესრულება. შემიძლია, მოვუწოდო თითოეულ მათგანს, ნუ შეასრულებენ დავალებებს და ეს ქვეყანა გარანტირებულად მშვიდ ცხოვრებას გააგრძელებს. უარი თქვან დავალებების შესრულებაზე. თავიანთი ინიციატივით ისინი აღარ ინძრევიან, იციან, რომ წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი აქვთ, არანაირი შანსი არათუ გამარჯვების, არამედ ერთი-ორი პარტიის იქით პარტიებს ბარიერის გადალახვაც კი უჭირთ და ზღვართან მიახლოებულად პოზიციონირებენ. არანაირი შანსი არ აქვთ, მათი სისუსტე შეიძლება აისახოს, ლოგიკაც ასეთია და ინფორმაციებიც, პროვოკაციებში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საზოგადოებას სთხოვს, ძალიან ყურადღებით დააკვირდნენ ყველაფერს, რადგან ერთადერთი, რაც ამ ძალებს დარჩენიათ, ან წინასაარჩევნოდ, ან არჩევნების შემდეგ რაღაცა სახის პროვოკაციების მოწყობაა.

„დღის წესრიგში ისეთი სერიოზული საკითხები დადეს, რომლებიც, მათი აზრით, საზოგადოებას აღაშფოთებს. ამ დღის წესრიგს მიჰყვებიან, სხვა შანსი არ აქვთ და ამიტომ, როგორც ჩანს, გეგმა „ბე“-დ ამას მოიაზრებენ. მოვუწოდებ თითოეულ მათგანს, ხელი აიღონ დავალებების შესრულებაზე და ეს ქვეყანა გააგრძელებს მშვიდ ცხოვრებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ლელოს“ ფული აქვს და შეუძლია, ცნობადი სახეები მიიზიდოს, მარგველაშვილს „ლელო“ აძლევს ფულს, შეიძლება, ცოდნაც მისცეს -იაგო ხვიჩია

„ლელოს“ ფული აქვს და შეუძლია, ცნობადი სახეები მიიზიდოს. მარგველაშვილს „ლელო“ აძლევს ფულს, შეიძლება, ცოდნაც მისცეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ ხვდება, რომ საარჩევნო ბარიერის გადასალახად ახალ-ახალი სახეებია საჭირო.

„„ლელო“ ხვდება, რომ საარჩევნო ბარიერის გადასალახად ახალ-ახალი სახეებია საჭირო. იგივე პრობლემა აქვს გახარიებსაც და მიკვირს, ეს პარტიები შორს რომ იყურებიან, გარე-გარე, ჯერ ერთმანეთს შეხედონ, რადგან ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და პოლიტიკაშიც ერთმანეთის გამო არიან. „ლელოს“ ფული აქვს და შეუძლია, ცნობადი სახეები მიიზიდოს. ბევრი ხალხია გასაერთიანებელი და „ლელოს“ ფულს ბევრი შეუძლია. მარგველაშვილს „ლელო“ აძლევს ფულს, შეიძლება, ცოდნაც მისცეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“ნაცები” და “ოცნება” ისეთ სიტყვებს იყენებენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი გუნდისთვის, არც ბექა ოდიშარიას სიძულვილია მისაღები და არც ლაშა ბაქრაძის სიტყვები -ანა ბუჩუკური

„ნაცები“ და „ოცნება“ ისეთ სიტყვებს იყენებენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი გუნდისთვის, არც ბექა ოდიშარიას სიძულვილია მისაღები და არც ლაშა ბაქრაძის სიტყვები, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

„„ნაცები“ და „ოცნება“ ერთი ჯოხის ორი ბოლოა. ძალადობა, სიძულვილის ენა, აგრესია, ერთმანეთისთვის აგენტურის ძახილი – არის ერთი. როდესაც გახარიას გუნდი გამოვდივართ და ვამბობთ, „ქოცებო, თქვე ნაცებო“ – ამას ვგულისხმობთ. ეს მეთოდები და რიტორიკა ერთი და იგივეა. ისეთ სიტყვებს იყენებენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი გუნდისთვის. თუ იმას მეკითხებით, მისაღებია თუ არა, არც ბექა ოდიშარიას სიძულვილია მისაღები და არც ამ ადამიანის სიტყვები, რადგან ეს ჩემთვის არის ერთი და იგივე და მიუღებელი“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა: „ჩვენ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ და არა, ბოდიში და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“.

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა „საქართველოს კულტურის დეკლარაციას“ მოაწერეს ხელი

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა „საქართველოს კულტურის დეკლარაციას“ ხელი მოაწერეს.

როგორც მამუკა ხაზარაძემ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, კულტურის სფერო უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი და წარმატებული.

„კრიზისი, რომელშიც ხელისუფლებამ შეიყვანა ქართული კულტურა, უნდა დასრულდეს. საჭიროა რეფორმები, სფეროს დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივები, სახელოვნებო ინსტიტუციების მდგრადობის სტიმულირება და, სწორედ კულტურით, ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირების გაზრდა“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

პოლიტიკური გაერთიანების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ძლიერი საქართველო“ სრულად იზიარებს ქართველი ხელოვანების საინიციატივო ჯგუფის, „კულტურა დემოკრატიისთვის“ მიერ მომზადებულ „საქართველოს კულტურის დეკლარაციას“, რომელიც კულტურის სფეროს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებებისთვის წინადადებებს და რეკომენდაციებს მოიცავს.

„კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ვიზიარებთ „საქართველოს კულტურის დეკლარაციით“ განსაზღვრულ კულტურის სფეროს როლს, ღირებულებებს და სფეროს განვითარებისა და დამოუკიდებლობისთვის გადასადგმელ ყველა ქმედით ნაბიჯს. მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ სახელოვნებო სფეროს ყველა წარმომადგენელსა და დარგობრივ ჯგუფთან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 სექტემბერს, დღის ბოლოდან 6 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს პატარა მდინარეებზე, შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
 
ცეცხლის ქრობის პროცესში, დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი მონაწილეობდა.
 
მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
 
 
ხანძრის ქრობის პროცესში 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.
 
ხანძრის ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. ადგილზე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი პროვოკაცია სათანადოდ შეაფასოს, ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას მკაცრი სასჯელი დაუპირისპირდება -ირაკლი კობახიძე

მოვუწოდებთ საზოგადოებას, იყოს ფხიზლად და რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცირე თუ მსხვილი პროვოკაცია სათანადოდ შეაფასოს. რადიკალებს არ უნდა მივცეთ იმის იმედი, რომ პროვოკაციებს რაიმე წარმატება შეიძლება მოჰყვეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ვერცერთი პროვოკაცია წარმატებას ვერ მიაღწევს და ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას მკაცრი სასჯელი დაუპირისპირდება.

„უნდა აღინიშნოს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე არის შვიდი კვირა დარჩენილი. დღემდე საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, არ გამოვლენილა არცერთი მეტ-ნაკლებად სერიოზული დარღვევა ან ინციდენტი. გამოვთქვამთ იმედს, რომ საარჩევნო პროცესები მომდევნო შვიდი კვირის განმავლობაშიც ანალოგიურ გარემოში წარიმართება. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს. თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს უარყოფითი მოლოდინი რადიკალური ოპოზიციის სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს, რაც რადიკალურმა ოპოზიციამაც ძალიან კარგად იცის. ასეთ ვითარებაში ისინი მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებით, ბუნებრივია, ნაკლებად არიან დაინტერესებული; ყველა წინა არჩევნების გამოცდილება შეგვახსენებს, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, გამონაკლისის გარეშე, ყოველთვის საარჩევნო გარემოს არევას ცდილობს ხოლმე; შესაბამისად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს არჩევნები იქნება ამ მხრივ გამონაკლისი;  26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც გადაწყდება, შეძლებს „ომის პარტია“ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას თუ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს. როგორც „გლობალური ომის პარტიისთვის“, ისე საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის სასწორზე იმდენად მნიშვნელოვანი რამ დევს, რომ ამ ფონზე რისკები, ბუნებრივია, ერთიათად არის მომატებული.

ყველა ვხედავთ, რა მოვლენები ვითარდება ევროპასა და ამერიკაში. სლოვაკეთში – ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმეტეს სასიკვდილოდ. ყველას გახსოვთ ღია მუქარაც, რომელიც ერთ-ერთი ევროკომისრის პირით შემოგვითვალეს. გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარიმართება გამოძიება ბატონ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის მომზადების საქმეზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია. სწორედ ამიტომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით, საარჩევნო შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით, რაც რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულისწუხილის მიზეზია და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ, პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს. იგულისხმება იმგვარი მოვლენები, როგორიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს მოჰყვა, აგრეთვე რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირება და ა.შ. ამ შემთხვევაშიც, ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება.

დასასრულ, აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების მოგების არავითარი იმედი არა აქვს და არჩევნების შემდეგ ვითარების ასარევად ემზადება. მათ ლექსიკონიდან ამოღებული აქვთ სიტყვები – „ქართულმა ოცნებამ არჩევნები თუ მოიგო“ და მუდმივად საუბრობენ სიტყვებით – „ქართულმა ოცნებამ არჩევნები თუ გააყალბა“. სრულიად ცხადია, რომ ისინი მორიგ ჯერზე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, შეეცდებიან სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას, თავდასხმას და ქვეყნის არევას, რასაც, მათი გათვლით, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და რადიკალური ოპოზიციის მიერ მეორე ფრონტის გახსნის დავალების შესრულება უნდა მოჰყვეს. ამ შემთხვევაშიც, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ საქართველოში ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. მინდა, რადიკალებს და მათ მფარველებს შევახსენო, რომ დღეს სახელმწიფო და საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები დგანან მოწოდების სიმაღლეზე. სახელმწიფოს აქვს საკმარისზე მეტი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში არეულობა ვერავინ შემოიტანოს. შესაბამისად, ვერცერთი პროვოკაცია წარმატებას ვერ მიაღწევს და ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას მკაცრი სასჯელი დაუპირისპირდება.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, იყოს ფხიზლად და რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცირე თუ მსხვილი პროვოკაცია სათანადოდ შეაფასოს. მშვიდი საარჩევნო გარემო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი პირობაა. აქედან გამომდინარე, რადიკალებს არ უნდა მივცეთ იმის იმედი, რომ პროვოკაციებს რაიმე წარმატება შეიძლება მოჰყვეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.