Home Blog Page 47

“სასწაულებს ნუ ელოდებით“: უკრაინა რუსეთის არმიის საზაფხულო შეტევის მოგერიებისათვის ემზადება – Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 24 მაისის ნომერში დაბეჭდილია ვრცელი სტატია სათაურით „სასწაულებს ნუ ელოდებით“: უკრაინა რუსეთის არმიის საზაფხულო შეტევის მოგერიებისათვის ემზადება“ (ავტორი – ქრისტოფერ მილერი), რომელშიც  ფრონტზე შექმნილი სიტუაცია საერთო ჯამში საკმაოდ სკეპტიკურად არის გადმოცემული, უკრაინელთა სამწუხაროდ.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

უკრაინის არმია 3-წლიანი გამუდმებული ბრძოლებით დაღლილია, მაგრამ ჯარისკაცები პირობას დებენ მანამდე იბრძოლონ, სანამ „რუსების უკრაინელებზე გამარჯვების რწმენა არ გაქრება“. დონალდ ტრამპის მუქარებმა, რომ უკრაინას აღარ დაეხმარებოდა და სამშვიდობო პროცესიდან გავიდოდა, კიევი შეაშფოთა, ხოლო რუსეთი წააქეზა: კრემლი დიდ საზაფხულო კონტრშეტევისათვის ნიადაგს ამზადებს. უკრაინელი ჩინოვნიკები და ჯარისკაცები ვარაუდობენ, რომ საბრძოლო მოქმედებები კიდევ უფრო მეტად სისხლისმღვრელი იქნება და შეიძლება მთელი ომის ტრაექტორია შეიცვალოს.

ქვეყნის ხელისუფლებას ძველებურად ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაზე აქვს აქცენტი, მაგრამ მისგან განსხვავებით, რიგით მოსახლეობას დაზავებისა და ომის დასრულებაზე ილუზიები არ აქვს. როგორც „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტებთან მათი საუბარი ადასტურებს, მოქალაქეების თქმით, არანაირი ნიშანი არ არის იმისა, რომ რუსეთი შეტევებს შეწყვეტს და რეალურ დათმობებზე დათანხმდება. მოსახლეობა ამაში დარწმუნდა, როცა უკრაინელი მომლაპარაკებლები თურქეთში ამას წინათ გამართული შეხვედრიდან კიევში, ფაქტიურად, ხელცარიელები დაბრუნდნენ.

ერთ-ერთი უკრაინელი ჩინოვნიკის თქმით, რუსი მთავარი მომლაპარაკებელი, კრემლის დელეგაციის მეთაური ვლადიმერ მედინსკი დაიმუქრა კიდეც, რომ მოსკოვის არმია დამატებით სუმისა და ხარკოვის ოლქებს დაიპყრობს. თვითონ ვლადიმერ პუტინსაც, როგორც ამბობენ, კურსკის ოლქში ყოფნისას თითქოსდა ნახევრად ხუმრობით უთქვამს – დადგა დრო მეზობელი სუმის ოლქიც ჩვენი იყოსო. მოგვიანებით კი მან უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთი სუმის ოლქში „უსაფრთხოების ბუფერულ ზონას“ ქმნის.

კრემლის მიმართ აშშ-ის მოყოყმანე და ხშირად შემრიგებლური პოლიტიკური კურსის წყალობით, რუსეთის ლიდერს გამბედაობა მოემატა.  გასულ ორშაბათს, ვლადიმერ პუტინთან ორსაათიანი საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა, რომ უკრაინას, ალბათ, თვითონ მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკება, აშშ-ის შუამავლობის გარეშე.

არც ერვროპელები არ ჩქარობენ თავიანთი დაპირებების შესრულებას: მათი განცხადება უკრაინისათვის „უსაფრთხოების ძალების“ შექმნაზე, ალბათ, ქაღალდზე დარჩება

„დადგა დრო, რომ მკაცრ რეალობას თვალი გავუსწოროთ“, – ამბობს ეგორ ფირსოვი, უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, რომელიც იმავდროულად დრონების 109-ე ბრიგადის მეთაურიც არის, – „რუსეთის სიმტკიცემ შეიძლება დასავლურს გადააჭარბოს. პუტინი დარწმუნებულია, რომ უკრაინის დაჩოქებას შეძლებს. კრემლი თვლის, რომ ჩვენი კაპიტულაცია გარდაუვალია და მხოლოდ დროის საქმეა. ამერიკას ნებისმიერ დღეს შეუძლია დახმარების შეწყვეტა, ევროპას კი პუტინი სუსტად და გაუბედავად თვლის“.

ათასკილომეტრიანი ფრონტის ხაზის გასწვრივ ომი მკაცრ სასიკვდილო რიტმში შევიდა: ანალიტიკოსები და უშუალოდ ჯარისკაცები ვარაუდობენ, რიომ რუსების მასშტაბური შეტევა უახლოეს თვეებში დაიწყება.

უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტის სამხედრო მოსამსახურეების თქმით, რუსები სულ უფრო ფართოდ სარგებლობენ ბრძოლის ახალი მეთოდებით – ისინი აქტიურად სარგებლობენ მოტოციკლებით, „ბაგებით“ (მაღალი გამავლობის მქონე მცირე ავტომობილებით) და ელექტრო სკუტერებით. საიდ ისმაილოვი, რომელიც ადრე უკრაინელ მუსულმანთა მუფტია იყო, რუსების მოქმედებას „კალიების შემოსევას“ ადარებს, რომელიც ტალღისებური უსასრულო ნაკადით ესევიან ხოლმე უკრაინელთა პოზიციებს:  „დანაკარგები რუსებს არ ადარდებთ. ისინი წინსვლას აგრძელებენ და შეტევის შემდეგ დანგრეულ ინფრასტრუქტურას და დამწვარ სახლებს ტოვებენ“.

რუსებს დახმარებას უწევს მძიმე არტილერია და მაღალტექნოლოგიური არტილერია. უკრაინის ჯარების თავდაცვას დიდ ზიანს აყენებს „პლანერული“ ბომბები, ახალი რაკეტები და დრონები, რომლებიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით მოქმედებს და შესაბამისად, მათ წინააღმდეგ რადიოელექტრონული მეთოდებით ბრძოლა უშედეგოა.

უკრაინის არმიამ ქალაქებიდან – ტორეცკიდან და ჩასოვ იარიდან უკან დაიხია – მათი შენარჩუნება უიმედო  და ძვირადღირებული გახდა. არადა, ამ ქალაქებისთვის დასაპყრობად რუსეთის ჯარები ბრძოლას უკვე ერთ წელზე მეტი ხანია აწარმოებდნენ. 

ევროპელი ექსპერტები თავიანთი კომენტარებით უკრაინელებს ამხნევებენ: „რუსები, მართალია, წინ მოიწევენ, მაგრამ თქვენც გმირულად უწევთ წინააღმდეგობას. ევროპის ქვეყნები არტილერიას მოგაწვდით და რუსებს უპირატესობა მალე შესამჩნევი აღარ იქნება“. მაგრამ ბრძოლის ველზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები სხვანაირად ფიქრობენ.

„მე ხშირად თავს ადამინად აღარ ვგრძნობ – უბრალოდ, ზომბი ვარ. ჩემი გონებრივი არეალი შეტევიდან შეტევამდე შემოიფარგლება. ახალ ამბები აღარ მაინტერესებს, მოვისმენ და ბრაზი კიდევ უფრო მემატება“, – ამბობს ქალაქ პოკროვსკთან ახლოს დისლოცირებული ერთ-ერთი უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური.

უკრაინის არმიას იმედგაცრუება ეუფლება. ოპტიმიზმი სულ უფრო მცირდება, ჯარისკაცები ქანცგაწყვეტილები არიან. მორალური სულისკვეთების დაქვეითება გრძელდება. ისეთი შეგრძნება აქვთ, რომ საომარი მოქმედებების მკაფიო გეგმა არ არსებობს. ამ დროს კი სიკვდილი ზეიმობს: რისთვის სწირავენ ჯარისკაცები თავიანთ სიცოცხლეს, ბევრისთვის უკვე გაუგებარი ხდება.

უკრაინის არმიის ელიტური ქვედანაყოფის – 47-ე მექანიზებული ბრიგადის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურმა ალექსანდრე შირშინმა, რომელიც ამერიკული „აბრამსებით“ და გერმანული „ლეოპარდებით“ იბრძვის, ამას წინათ საყვედური გამოხატა სარდლობის მიმართ -სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყველაზე საუკეთესო ტექნიკითაც კი შეუძლებელი ხდება დაგეგმვის დროს დაშვებული შეცდომების გამოსწორება, რომლის შედეგად პირადი შემადგენლობის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგება. „ბოლო თვეებში ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენს გასრესვას ჩვენივე სარდლობა ცდილობს. ჯარისკაცების სიცოცხლე მათ არ აღელვებთ და ისე გვექცევიან, თითქოსდა ჩვენ ფულიანი ხალხი ვართ და აქ სასეირნოდ ვართ წამოსულნი“, – ამბობს შირშინი, რომლის საყვედური უკრაინის გენშტაბშიც გახდა ცნობილი – სარდლობა საკითხს სწავლობს.

ომმა უკრაინის არმიის სარდლობაში მნიშვნელოვანი სისუსტეები გამოავლინა: კაცმა რომ თქვას, შეცდომები ადრეც ხდებოდა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით, ანუ ოფიცრებისა და ჯარისკაცების მომზადება ჯეროვნად არ ხდება. ბევრ შეცდომას სისტემური ხასიათი აქვს. ზოგიერთი რეფორმა მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან ნელა და გაჭიანურებულად.

უკრაინის არმიის ერთ-ერთ მთავარ და უმწვავეს პრობლემას ცოცხალი ძალით შევსება წარმოადგენს. კიევმა ყურად არ იღო დასავლელი მოკავშირეების რჩევა და ჯარში გასაწვევი ასაკის მინიმალური დონე არ შეამცირა – 25 წლამდე დატოვა. მონილიზაციას ისევ თან სდევს კორუფცია და იძულება – კვლავ ხშირია ჩასაფრებები, ქუჩაში ახალგაზრდების დაჭერები და მათი შავ ავტოფურგონებით წაყვანის შემთხვევები. კამპანია ჯარში მოხალისეების ჩაწერის თაობაზე ფაქტიურად უშედეგო აღმოჩნდა – მთელი უკრაინის მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე ასეულმა ახალგაზრდამ განაცხადა თავისი სურვილი ომში წასვლაზე. ამ დროს კი რუსეთის არმია წარმატებით „მარაგდება“ ახალწვეულებითა და მოხალისეებით (კონტრაქტების საფუძველზე).

ერთადერთ იშვიათ ნათელი წერტილი უკრაინის თავდაცვაში ისაა, რომ სწრაფი ტემპით ვითარდება დრონების წარმოება, რომლებიც მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ.

უკრაინის არმიაში არსებულ არასახარბიელო სიტუაციას ადასტურებს გენერალი ვალერი ჟალუზნიც, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად მუშაობს. „სასწაულებს ნუ ელოდებით, რომლებიც უკრაინას მშვიდობას მოუტანს. ქვეყანას კოლოსალურად აკლია ადამიანური რესურსები, ასევე კატასტროფულია ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენ მხოლოდ მაღალტექნოლოგიური ბრძოლის იმედი უნდა გვქონდეს, ანუ უკრაინის პრიორიტეტი ასეთი უნდა იყოს: მინიმუმი ცოცხალი ძალა და ეკონომიკური ხარჯები მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად“, – თქვა ელჩმა. უნდა ითქვას, რომ გენერალი ელჩის განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

სერიოზულ პრობლემად რჩება რუსეთის სარაკეტო დარტყმები უკრაინის ქალაქების საცხოვრებელ კვარტლებზე და ღრმა ზურგში. ამჯამად რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მუდმივი სამხედრო რეჟიმით მუშაობს და რაკეტებს გაორმაგებული რაოდენობით უშვებს. იგივე ითქმის რუსული დრონების წარმოებაზეც. უკრაინელებს კი ჰაერსაწინააღმდეგო „პეტრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან გასაშვები რაკეტები უმთავრდებათ.

„რუსებმა დრონების გაუმჯობესება სწრაფად განახორციელეს, მათი ჩამოგდება სულ უფრო რთულდება. ადრე ტყვიამფრქვევებით ვაგდებდით, ახლა კი მათი სიჩქარე მაღალია და ვერ ვასწრებთ. დეფიციტურია „პეტრიოტის“ რაკეტები და F-16 ავიაგამანადგურებლები, რომლებსაც თანდათან ვკარგავთ“, – ამბობს ერთ-ერთი ოფიცერი.

უკრაინელი ჯარისკაცების თქმით, ქვეყანა ხანგრძლივი, ასიმეტრიული ბრძოლისათვის უნდა მოემზადოს. ამასვე იმეორებენ ჩინოვნიკებიც. „კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ასე?“, – ამ რიტორიკულ კითხვას უკრაინელები თვითონვე პასუხობენ: „მანამ, სანამ რუსებს იმის რწმენას არ გავუქრობთ, რომ ჩვენზე გამარჯვება შეუძლიათ“.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

ბოლო ორი დაძაბული კვირის განმავლობაში რუსეთის პოზიციები განმტკიცდა, უკრაინა კი მშვიდობას ვერ მიუახლოვდა – BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ბოლო ორი დაძაბული კვირის განმავლობაში რუსეთის პოზიციები განმტკიცდა, უკრაინა კი მშვიდობას ვერ მიუახლოვდა“ (ავტორი – სტივ როზენბერგი), რომელშიც გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ შექმნილი პოლიტიკურ-დიპლომატიური ფონი და გაკეთებულია დასკვნა, რომ ბოლო ხანებში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების მიუხედავად, დაზავება ჯერ კიდევ შორს არის და „ურმი ისევ იქ დგას“.

პუბლიკაციის დასწყისში ავტორი აღწერს კრემლში ყოფნის შთაბეჭდილებებს (იგი მონაწილეობდა ვლადიმერ პუტინის მიერ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაში) და იხსენებს ბოლოდროინდელ გაცხადებებს, კომენტარებს, მოლაპარაკებებს, განსაკუთრებით კი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარს…

„მოახლოვდა თუ არა მშვიდობა ოდნავ მაინც უკრაინისათვის? ისეთი სიტუაციაა დღეს, რომ მას მშვიდობას ვერ უწოდებ: საომარი მოქმედებები არ შეწყვეტილა. რუსეთი ისევ ძველებურად უარს აცხადებს დაზვებაზე და უფრო მეტიც – იგი უფრო შორს იყურება და მეტი სურს..

და მაინც, ბოლო კვირეებში რაღაც-რაღაცეებს ნათელი მოეფინა.

პირველ რიგში, გასაგები გახდა, რომ რუსეთი ახდენს პოტენციური საფრთხე-მუქარებისა და ზეწოლის წერტილების ნეიტრალიზებას. კრემლის კრიტიკოსები ამ სიტუაციას „რუსეთის მიერ დროის გაჭიანურებას“ უწოდებენ. ევროკავშირის ლიდერებმა კრემლს ულტიმატუმი წაუყენეს – თუ ორ დღეში ცეცხლს არ შეწყვეტ, რაც მოგივა შენს თავს დააბრალე – უმკაცრეს სანქციებს გამოგიცხადებთო. მას შემდეგ ორი დღეც გავიდა და მეტიც – არავითარი კატასტროფული სანქციები და არავითარი სანქციები არ გამოცხადებულა.

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით საუბრის შემდეგ დაწერა, რომ მოსკოვი დაკიევი დაუყონებლივ მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას და დაიწყებენ საუბარს არამარტო ცეცხლის შეწყვეტაზე, არამედ ომის დასრულებაზე“. არავითარი ამის მსგავსი არ მომხდარა, პირიქით, რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ძველებურად დაიწყო: რა მოლაპარაკება, რის მოლაპარაკება… ვის უნდა მოველაპარაკოთ – უკრაინის ვადაგასულ პრეზიდენტს?.

რუსული მასმედია მივიდა დასკვნამდე, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად რუსეთმა თავისი პოზიციები მნიშვნელოვნად განიმტკიცა.

„უეჭველია, რომ რუსეთმა ამ რთულ, დაძაბულ დიპლომატიურ პოკერში გაიმარჯვა – გაიმარჯვა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ძალისხმევით“, – დაწერა გაზეთმა „იზვესტიამ“.

„დონალდ ტრამპმა მაქსიმალურად პრორუსული პოზიცია დაიკავა: მან ფაქტიურად მხარი დაუჭირა რუსეთის ფორმულას „ჯერ მოლაპარაკება, შემდეგ კი ცეცხლის შეწყვეტა“ და უარი განაცხადა რუსეთისადმი სანქციების გამკაცრებაზე“, – დაწერა გაზეთმა „კომერსანტმა“, -„დონალდ ტრამპი ჩვნი იდეოლოგიური პარტნიორია თუ ყველა საკითხში არა, ზოგიერთში მაინც. მისი ხედვები უფრო ახლოს დგას რუსულთან, ვიდრე ევროპულთან“.

ულტრაკრემლურმა გაზეთმა „კომსომოლსკაია პრავდამ“ კი ევროპელ ლიდერებს ასე მიმართა: „ჩვენ ხომ გაფრთხილებდით – ნუ იქნევთ მუშტებს, ნუ იმუქრებით და ნუ აყენებთ ულტიმატუმებს დათვის წინ. ნუ მიძვრებით სხვის მოლაპარაკებებში თქვენი რჩევებითა და რეკომენდაციებით. ხომ გითხარით – დაჯექით ტამბურში და ისუნთქეთ ახალი მსოფლიო წესრიგის ჰაერით-თქო. ვერ გაიგეთ ჩვენი გაფრთხილება? ჰოდა, რაც მოგივათ, თქვენს თავს დააბრალეთ“.

მოსკოვი საკუთარ თავში დარწმუნებულია: საქმე ისე მიდის, როგორც მას სურს. უფრო მეტიც – ფრონტზე შექმნილი სიტუაციაც მის სასარგებლოდ მეტყველებს.

დონალდ ტრამპი სულ იმას გაიძახოდა – აი, ნახავთ, როგორც პრეზიდენტად ამირჩევთ, ამ საშინელ ომს 24 საათში (ერთ კვირაში, ერთ თვეში) დავამთავრებო. ერთი თვეც გავიდა და ნახევარი წელიც, „საშინელი ომი“ კი ისე გრძელდება. აშშ-ის პრეზიდენტი იშვიათად თუ აკრიტიკებს ვლადიმერ პუტინს.

იქნებ თეთრ სახლს ომის დამთავრება არ სურს? ეს საფუძვლიანი კითხვაა: არის იმის მკაფიო ნიშნები, რომ დონალდ ტრამპი რუსეთს მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად განიხილავს და ამ დროს მისთვის უკრაინის კონფლიქტს მნიშვნელობა არ აქვს

მოსკოვში ამ ყველაფერს კარგად ხედავენ: „აშშ-ის პრეზიდენტი აღარ აკავშირებს ერთმანეთთან უკრაინის ომს და რუსეთთან ორმხრივი დიალოგის განვითარებას“ – ასეთი სათაური აქვს სტატიას რუსეთის სამთავრობო გაზეთ „როსიისკაია გაზეტაში“.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრემლს აბსოლუტურად არაფრის შიში აღარ აქვს. ჯერ-ჯერობით კიდევ არის შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვები – მაგალითად, აშშ-ის სენატისაგან.

მაგრამ ასეა თუ ისე, დღემდე კრემლი ახერხებდა თავი დაეძვრინა ნებისმიერი ისეთი პრაქტიკული დასავლური ზეწოლებისაგან, რომელიც მას კომპრომისებზე წასვლას აიძულებდა უკრაინის მიმართ. როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ ასე გაგრძელდება მომავლშიც.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

უკრაინის სახელმწიფო ვალი აპრილში 5%-ით გაიზარდა და 180 მილიარდ დოლარს მიაღწია – რადის დეპუტატი

უკრაინის სახელმწიფო ვალი აპრილში 5%-ით გაიზარდა და 180 მილიარდ დოლარს მიაღწია, იტყობინება უმაღლესი რადას დეპუტატი დანილო გეტმანცევი.

აპრილის ბოლოს, უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის სახელმწიფო ვალმა მარტში 171,73 მილიარდ დოლარს მიაღწია.

„2025 წლის აპრილში სახელმწიფო ვალი 5%-ით გაიზარდა და 180 მილიარდ დოლარს მიაღწია“, – დაწერა გეტმანცევმა თავის Telegram არხზე. მან დააკონკრეტა, რომ გრივნაში სახელმწიფო ვალი 5%-ით გაიზარდა, დოლარში კი – 4.8%-ით. იანვარ-აპრილში უკრაინის სახელმწიფო ვალი 8.4%-ით გაიზარდა. „სახელმწიფო ვალის სტრუქტურა: 74.5% საგარეო ვალია, 25.5% კი – შიდა“, – აღნიშნა გეტმანცევმა.

უკრაინა, რომელსაც 2024 წლისთვის ბიუჯეტის რეკორდული დეფიციტი 43.9 მილიარდი დოლარის ოდენობით აქვს, ფინანსური საჭიროებების მნიშვნელოვანი ნაწილის დასაფარად კვლავ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებაზეა დამოკიდებული. ამასობაში, დასავლეთში ახალი დახმარების პაკეტების გამოყოფა ხანგრძლივი განხილვების შემდეგ ხდება.

უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, გევინ გრეიმ, ადრე აღნიშნა, რომ დროთა განმავლობაში კიევისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა შემცირდება და ქვეყნის ხელისუფლებას თვითდაფინანსებისთვის შიდა რესურსების შემუშავება დასჭირდება.

ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას – ემანუელ მაკრონი, დონალდ ტუსკი, ფრედრიც მერცი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს ქართველ ხალხს სოლიდარობის და მეგობრობის მესიჯი გავუგზავნოთ და დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ „ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაავრცელეს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრედრიც მერცი ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ და საქართველოს ხელისუფლების იმ ქმედებებს გმობენ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლას იწვევენ.

„მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს სურვილს, ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ. ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას, და სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ თავდასხმებს. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადაჭარბებული ძალადობის შესახებ ცნობები უნდა გამოიძიონ. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ სტანდარტებს, უნდა შეიცვალოს და აუცილებელი რეფორმების პროცესი უნდა განახლდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამი ქვეყნის ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი უნდა აღადგინოს და ქართველ ხალხს ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები არ უნდა ჩამოერთვას.

„ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებას საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გარსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 საქართველოს, წინა მთავრობისგან განსხვავებით, საოკუპაციო ძალისთვის საქართველოს ტერიტორიის არც ერთი ინჩი არ შეუწირავს – შალვა პაპუაშვილი

საქართველო, წინა მთავრობისგან განსხვავებით, არ მიისწრაფვის არანაირი ურთიერთობისკენ ტერიტორიის ხარჯზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რას ეტყოდა მათ, ვისაც მიაჩნიათ, რომ საქართველო რუსეთის ზეგავლენის სფეროში ექცევა.

„ვეტყოდი, რომ გამოვიდნენ აღქმებიდან და შეხედონ ფაქტებს და ფაქტები არის ის, რომ საქართველოს, წინა მთავრობისგან განსხვავებით, მთავრობის, რომელიც 2012 წლამდე იყო, საოკუპაციო ძალისთვის საქართველოს ტერიტორიის არც ერთი ინჩი არ შეუწირავს. საქართველო, წინა მთავრობისგან განსხვავებით, არ მიისწრაფვის არანაირი ურთიერთობისკენ ტერიტორიის ხარჯზე. ასე რომ, თუკი ფაქტებით იმსჯელებთ, სწორედ წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილის ხელისუფლებამ შესწირა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის საოკუპაციო ძალას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რას ეტყოდით მათ, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთს ბაძავთ უცხოური აგენტების გამჭვირვალობის კანონის მიღებით, პაპუაშვილმა უპასუხა: „ჩვენ არ ვბაძავთ რუსეთს, ჩვენ ვბაძავთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას“.

ამასთან, პაპუაშვილმა უპასუხა უცხოელი ჟურნალისტის კიდევ ერთ შეკითხვას, რომლის თანახმად, „ბევრი ევროპული ქვეყანა თვლის, რომ საქართველო ავტორიტარულ სახელმწიფოდ გარდაიქმნება“ და განაცხადა: „ვიცი აღქმების შესახებ, ვსაუბრობ ფაქტებზე“.

„ფაქტია, რომ საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც კი. რაც შეეხება აღქმას, ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, თუნდაც ზოგიერთი მთავრობა, ცდილობს შექმნას აღქმები, ცუდი აღქმები საქართველოს შესახებ. გავიხსენოთ, როგორ გვაკრიტიკებდნენ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განაცხადა, რომ ყველაფერი სწორი იყო, რომ ქართული სამართალი სწორი იყო და ყველა საგარეო საქმეთა მინისტრი, უცხო ქვეყნების მთავრობები, ყველა უცხოელი პოლიტიკოსი, რომელიც აკრიტიკებდა საქართველოს სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ცდებოდა. სამწუხაროდ, არცერთმა მათგანმა არ მოიხადა ბოდიში საქართველოს წინაშე საქართველოს შესახებ ამ მცდარი აღქმის შექმნისთვის. ასე რომ, საქმე იმაში არ არის, თუ რას ფიქრობს ზოგიერთი ადამიანი ან ჯგუფი, საქმე ფაქტებშია და როდესაც ფაქტებზე ვსაუბრობთ, ფაქტები უფრო ძლიერია, ვიდრე აღქმები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილს საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.

„სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს.

დამოუკიდებლობა უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ჩვენი ერისა და მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.
ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის მშვიდობა, ძლიერება და კეთილდღეობა.

ღმერთმა დალოცოს, აკურთხოს და წყალობა თვისი არ მოაკლოს ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, ამინ!“, – ნათქვამია მისალოც წერილში.

ქართული ჯარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის მთავარი ფუნდამენტი, ღირსებისა და სამშობლოსადმი ერთგულების უდიდესი სიმბოლოა – ირაკლი ჩიქოვანი

„ქართული ჯარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის მთავარი ფუნდამენტი, ღირსებისა და სამშობლოსადმი ერთგულების უდიდესი სიმბოლოა. სამშობლოს სამსახური კი, ყველაზე დიდი პატივია“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა   საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თავისუფლების მოედანზე. სიტყვით გამოსვლისას მან განსაკუთრებით მიულოცა ეროვნული დღესასწაული რეკრუტებს, რომლებმაც სამხედრო ფიცი 26 მაისს დადეს და ღვთისა და ქვეყნის წინაშე შეჰფიცეს, რომ პირნათლად მოიხდიან მხედრულ ვალს და საკუთარი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლებენ სამშობლოსათვის.

„საუკუნეებმა გვასწავლა, რომ გონიერება და სიმტკიცე,  ერთობა და ურთიერთგატანა ქართველი ერის საუკეთესო იარაღია“ – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას. მისი განცხადებით,  საქართველოს მოქალაქეები არასდროს დაივიწყებენ, თუ რის ფასად მოიპოვა საქართველომ დამოუკიდებლობა და არასდროს დაივიწყებენ იმ მებრძოლებს, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებას  შესწირეს სიცოცხლე.

მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა დაუმარცხებელ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს და მათთან ერთად ვეტერანებს, რომლებმაც  თავდაცვის ძალების მტკიცე საფუძველი შექმნეს.

ქართული ჯარისადმი სიტყვით მიმართვისას, ირაკლი ჩიქოვანმა ქედი მოიხარა დაღუპული გმირი მეომრების წინაშე და განაცხადა, რომ სწორედ ქართველი გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა თავისუფალი, სუვერენული, ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს შექმნით უნდა დასრულდეს.

ეროვნული თვითშეგნების გამყარებასთან ერთად ძლიერდება ჩვენი ჯარი, ძალას იკრებს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ხალხის რწმენა, რომ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს აღარასოდეს დავკარგავთ -შალვა პაპუაშვილი

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წელი შესრულდა. თავისუფლების თითოეული წელიწადი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ყოველი წელიწადი ჩვენს სახელმწიფოს სულ უფრო ავითარებს, აძლიერებს და განამტკიცებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მთავარი ორიენტირი, ის სამი ღვთაებრივი საუნჯეა, რომელიც დღემდე მოგვიტანეს და მოსავლელად გადმოგვაბარეს წინაპრებმა – ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება.

„ჩვენი ეროვნული თვითშეგნების გამყარებასთან ერთად, ძლიერდება ჩვენი ჯარი, მტკიცდება ჩვენი საზღვრები, ძალას იკრებს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ხალხის რწმენა, რომ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, სუვერენიტეტს აღარასოდეს დავკარგავთ.

დღეს თქვენ დადეთ ფიცი ჩვენი სამშობლოს, ჩვენი სახელმწიფოს, ღვთისა და ერის წინაშე. ხუთჯვრიანი დროშის წინაშე ხუთჯერ წარმოსთქვით სიტყვა – „ვფიცავ“. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვახსოვდეს ფიცი, მიცემული სიტყვა და წმინდა მიზანი, რომლისთვისაც ეს ფიცი დავდეთ.

დღეს მსოფლიოში მღელვარე, ბუნდოვანი და არეული დროა. ჩვენ თვალწინ იშლება ღირებულებები, ირევა მტერ-მოყვარე, ადვილია დაბნევა და თავგზის დაკარგვა. რა არის ჩვენი მთავარი ორიენტირი ასეთ რთულ დროში? ესაა ჩვენი წინაპრებისგან მიღებული ცოდნა, გაზიარებული სიყვარული და გამოცდილება, ჩვენი სახელმწიფოებრივი მეხსიერება და გამოვლილი ათასწლეულები. დღესაც ჩვენი მთავარი ორიენტირი ის სამი ღვთაებრივი საუნჯეა, რომელიც დღემდე მოგვიტანეს და მოსავლელად გადმოგვაბარეს ჩვენმა წინაპრებმა – ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ სამი ცნების გარეშე საქართველოს არასოდეს უცხოვრია და ვერც მომავალში იცხოვრებს.

„ეს ცნებები ჩვენი ცოცხალი მემკვიდრეობაა; უძველესი, მაგრამ თანამედროვე შინაარსის მატარებელი. ამ ცნებების გარეშე არასოდეს გვიცხოვრია და ვერც მომავალში ვიცხოვრებთ. ამ ტრიადიდან რომელიმეს დაკარგვა ნიშნავს, რომ დავიკარგებით როგორც ერი, როგორც სახელმწიფო. ჩვენ ვართ ხალხი, რომლისთვისაც მამული არ არის მხოლოდ გეოგრაფია. ჩვენთვის მამული არის სახლი; სახლი, სადაც ვცხოვრობდით ყოველთვის, დღიდან ისტორიის დასაბამისა. მისი მოფრთხილება, დაცვა, მოვლა-პატრონობა, ჩვენი და ყოველი თაობის უპირველესი ვალია. ამიტომ არის ჩვენი უმთავრესი მისია და მთავარი ეროვნული ამოცანა, ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად აღვადგინოთ და ერთი გალავნით შევკრათ ჩვენი საერთო სახლი, ჩვენი მამული, ჩვენი საქართველო.

ჩვენი ენა გვაძლევს ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობის საშუალებას, ურთიერთგაგების, სიყვარულის და სიკეთის უნარს. ქართული ენა ის აზრობრივი კალაპოტია, რომელიც ინახავს ჩვენს მეხსიერებას, სახელმწიფოებრივ, კულტურულ და ტრადიციულ კოდს, რაც გვაქცევს განუმეორებელ, უნიკალურ, ყველასგან განსხვავებულ ქვეყნად.

დაბოლოს, ჩვენ ვართ სარწმუნოების ერთგული ხალხი. ჩვენი ეროვნული ენერგია მოდის თითოეული ადამიანის რწმენიდან და ერთგულებიდან, განურჩევლად აღმსარებლობისა თუ ეთნიკურობისა. უღმერთო, უდიერი, დამცინავი და უცხო ღირებულებების მოტრფიალე ადამიანი ვერასდროს იქცევა სამშობლოს პროგრესულ და მაშენებელ ძალად.

ცრუ ფიცის, ცრუ განზრახვების, ცრუ სწავლებების ყველა შემომტანი თესავს შუღლს, განხეთქილებას, ზიზღსა და ბოროტებას. ამ ქვეყნის ბედს, მის მომავალს მათ ვერ დავუთმობთ. სწორედ ამიტომ ჩვენი სამი სიმბოლოს, სამი იდეის დასაცავად ვდებთ ფიცს და ვზეიმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას, რათა ყველამ ერთად, ერმა და ბერმა, ქალაქად თუ სოფლად, სამშობლოში თუ უცხოეთში მყოფმა, ჩვენს საერთო სახლში, ჩვენს უძველეს ენაზე, მტკიცე რწმენით, სახალხოდ დავამოწმოთ ჩვენი ერთგულება ქვეყნის წინაშე და ფიცი დავდოთ მის დასაცავად.

ჩვენ ვართ ვახტანგის, დავითის, შოთას და თამარის ქვეყანა; ქრისტეს კვართის, ღვთისმშობლის პერანგის, უფლის სამსჭვალის მცველი ქვეყანა. თუ ჩვენი მამულის, ჩვენი ენის, ჩვენი რწმენის ერთგულნი ვიქნებით, ბოროტი ძალა ვერასოდეს მოგვერევა.

ძალა ერთობაშია! განურჩევლად ჩვენი აღმსარებლობისა, ეთნიკურობისა და ადგილსამყოფელისა, ჩვენ ვართ ერთი ენერგიით გაერთიანებული, ერთიანი ქართველი ხალხი.

გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გილოცავთ ჩვენი ეროვნული იდენტობის ურყეობის სიმბოლოდ ქცეულ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობა არასდროს დაითმობა – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე, სამხედრო მომსახურეთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მისი თქმით, 26 მაისი იმ ქართველი გმირების მონაპოვარია, რომელთაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – გამარჯვების, თავისუფლების, ჩვენი ეროვნული იდენტობის ურყეობის სიმბოლოდ ქცეულ 26 მაისს. ეს დღე იმ ქართველი გმირების მონაპოვარია, რომელთაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ასევე, ყველა იმ პატრიოტი ადამიანის, ვინც სამშობლოს ემსახურა თავდაუზოგავი შრომით, ცოდნითა და პროფესიონალიზმით. სწორედ ასეთ პატრიოტებზე დგას დღესაც ჩვენი ქვეყანა, რაც გვაძლევს საფუძველს ყველას გასაგონად ვთქვათ – საქართველოს დამოუკიდებლობა არასდროს დაითმობა. გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს. გილოცავთ 26 მაისს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მეუღლესთან ერთად დაესწრო.

 ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც დღეს, საქართველოს თვითმყოფადობა არის უზენაესი ღირებულება, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი-პრემიერი

საქართველოს დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა არის უზენაესი ღირებულება, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური თქმით, ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს.

„მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. მივესალმები უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მივესალმები გენერლებს და ჯარისკაცებს. მივესალმები წვევამდელებს, რომლებმაც დღეს საქართველოს ერთგულება შეჰფიცეს. ყველას გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს! დღევანდელ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ თავს შევახსენოთ, რომ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა არის უზენაესი ღირებულება, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი. ამიტომ, მისი გაფრთხილება ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა იყოს და როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური გპირდებით, რომ ეს აუცილებლად ასეც იქნება. საკუთარ თავს გამუდმებით უნდა შევახსენოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია და ის დღესაც გრძელდება. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო კვლავაც გადის ბიბლიურ, 40-წლიან მოსეს გზას აღთქმული მიწისკენ. აღთქმული მიწა ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს ორი უმთავრესი ეროვნული ოცნების ასრულებას: პირველი, ეს არის ეკონომიკურად ძლიერი საქართველო, სადაც არცერთი ქართული ოჯახი არ ცხოვრობს გაჭირვებაში; და მეორე, ეს არის ფიზიკურად და სულიერად ერთიანი საქართველო – საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, საქართველო, სადაც ადამიანებს აერთიანებს სიყვარული ერთმანეთის მიმართ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღევანდელი დღე არის ქართველი ერის ერთიანობის, თავისუფლების სიყვარულის, გაუტეხლობისა და დაუღალავი ბრძოლის სიმბოლო-მიხეილ ყაველაშვილი

დღევანდელი დღე არის ქართველი ერის ერთიანობის, თავისუფლების სიყვარულის, გაუტეხლობისა და დაუღალავი ბრძოლის სიმბოლო. დამოუკიდებლობის აქტი არის პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი, სადაც ნათლად არის ასახული ქართველი ერის სურვილი, თავად განსაზღვროს საკუთარი ბედ-იღბალი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველი ხალხი განსაზღვრავს საკუთარ მომავალს და არავინ სხვა.

„მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურს, ჩვენს ძვირფას ქართულ ჯარს, მივესალმები, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელ პირებს, ქალაქ თბილისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, დიპლომატიური კორპუსის წევრებს, მივესალმები სრულიად საქართველოს.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

დღევანდელი დღე არის ქართველი ერის ერთიანობის, თავისუფლების სიყვარულის, გაუტეხლობისა და დაუღალავი ბრძოლის სიმბოლო. ზუსტად 107 წლის წინ, ჩვენმა წინაპრებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებით, საფუძველი ჩაუყარეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებას. დამოუკიდებლობის აქტი არის პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი, სადაც ნათლად არის ასახული ქართველი ერის სურვილი, თავად განსაზღვროს საკუთარი ბედ-იღბალი.

ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს გვერქვას ქართველი, ვცხოვრობდეთ ქართულ მიწაზე, ვსაუბრობდეთ ქართულად და ვიყოთ ერთ-ერთი უძველესი, ევროპული, ქრისტიანული ერის შვილები. უნდა გვესმოდეს, რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა, რომელსაც მუდმივი დაცვა და მოფრთხილება სჭირდება. სამშობლოზე ზრუნვა არ არის ერთჯერადი აქტი, ან ვალდებულება. ეს არის უწყვეტი პროცესი, ერთგვარი მისია – ქართველი ხალხის ხვედრი, რომელიც საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრების ბრძოლით დაიწყო და არასდროს დასრულდება, სანამ იარსებებს საქართველო და ქართველი ერი.

სწორედ ამ იდეისთვის, მამა-პაპათა ბრძოლამ შემოგვინახა სამი ღვთაებრივი საუნჯე: მამული, ენა, სარწმუნოება, რომლის დაცვაც თითოეული ჩვენგანის ვალია. თუ, ამ სამიდან, რომელიმე გამოაკლდება ჩვენ დავკარგავთ მთავარ იდეას, რომელსაც საქართველო ჰქვია, დავკარგავთ ქართულ ფესვებს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ქართველი ერი განადგურების საფრთხის წინაშე დადგება.

ჩვენი ქვეყნის წინაშე ყოველთვის იქნება საფრთხეები, რომელიც სათანადო რეაგირებას მოითხოვს. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად ამაოა, რომელიმე უცხო ძალის ლოდინი, რომელიც მოვა და გადაგვარჩენს, ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს, ჩვენზე უკეთ ეცოდინება, თუ რა სჭირდება ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიწამოთ საკუთარი თავის და გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენ განვსაზღვრავთ საკუთარ მომავალს და არავინ სხვა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის თქმით, რომ არა ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე,  ქვეყნისთვის ძალიან რთულ და საშიშ პერიოდში, მხოლოდ ხელისუფლის გონივრული და ეროვნული პოლიტიკა ვერაფერს გახდებოდა.

„მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს თითოეულ პატრიოტ მოქალაქეს, ყველას, ვინც იწამა საკუთარი ქვეყნის ძალა, დადგა სამშობლოს სადარაჯოზე და უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს გადარჩენასა და მშვიდობის შენარჩუნებაში. თქვენ უნდა იყოთ ამაყი თქვენი თავდადების, გონიერებისა და ერთგულების გამო. უნდა იამაყოთ, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ იშვიათი შესაძლებლობა და გავერთიანდით ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში, რომელმაც შესაძლოა მომავალი ათწლეულები განსაზღვროს. ჩვენ, ერთიანობითა და წინდახედულებით, წარმატებით გავიარეთ საფრთხის პირველი ეტაპი და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთივე წარმატებით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს.

დამეთანხმებით, ჩვენი ქვეყნისა და შვილების მომავალზე ზრუნვა მუდმივ მოძრაობასა და მოქმედებას მოითხოვს. როგორც დიდმა ილიამ თქვა: „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი…“. ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ყველაზე დიდებულ და საამაყო პერიოდამდე -„ოქროს ხანამდე“ სწორედ მუდმივმა მოძრაობამ, გადამწყვეტი მომენტისთვის უწყვეტმა მომზადებამ და დაუღალავმა შრომამ მიიყვანა.

ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საკუთარი სამშობლო, ენა, დამწერლობა და სარწმუნოება სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ქართველს არასდროს შეუწყვეტია მოძრაობა. ეს ბრძოლა ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა სახის იყო. იყო დრო ხმალ-იარაღით ბრძოლის, ისევე როგორც მოთმინების, ატანისა და გამძლეობის. იყო დრო როდესაც, კალამს უფრო დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე ხმალ-იარაღს. ისევე როგორც დღეს, თანამედროვე სამყაროში, ჩვენს სიტყვებსა და შორსმჭვრეტელობას აქვს განუზომელი ძალა, განსაკუთრებით ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. სწორედ ჩვენი სიტყვა, გონიერება და საკუთარი თავის რწმენაა დღეს ჩვენი მთავარი იარაღი.

საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ბევრი სისხლი გვაქვს დაღვრილი, რომელიც მძიმე იარად აქვს დამჩნეული ქართველ ხალხს. ქართველი კაცის მტკიცე ხასიათი და გამორჩეული ვაჟკაცობა ყოველთვის მოიცავს თავგანწირვას საკუთარი ქვეყნისა და ოჯახისთვის. დარწმუნებული ვარ, საჭიროების შემთხვევაში, თითოეული პატრიოტი ქართველი მზად არის საკუთარი სიცოცხლის დასათმობად. ჩვენი ამოცანა კი არის, არ დადგეს ეს საჭიროება – არ დასჭირდეს ქართველ კაცს სიცოცხლის ფასად საკუთარი ქვეყნის დაცვა. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში, პატიოსანი შრომით იზრუნოს საკუთარ ოჯახსა და სამშობლოზე.

მსურს, დღეს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა საქართველოს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისა და ევროპული იდეის მიმართ. ქართველი ხალხის ევროპულ კუთვნილებას, საფუძველი ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა ჩაუყარეს, რადგან მათთვის ევროპული ღირებულებები – სამართლიანობის, მშვიდობის, ქრისტიანობის, კულტურის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობის დაცვისა და პატივისცემის ტოლფასი იყო. რადგან მათ იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი ცივილიზაციური ევროპის თანაშემოქმედი და განუყოფელი ნაწილია. საქართველო, საუკუნეების განმავლობაში სრულიად მარტო, ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, უშიშრად და მტკიცედ იცავდა ქრისტიანულ და ევროპულ ღირებულებებს. ამას ჩვენი ერი ძალიან დიდი სისხლის და მსხვერპლის ფასად აკეთებდა.

მსურს, მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი, თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობისთვის, რომელიც ორმხრივ ურთიერთსარგებლობას მოიცავს. ჩვენი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, დაფუძნებული იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხის თანადგომით მტკიცე და ურყევი იქნება ამ პრინციპების დაცვაში. არ დავუშვებთ, რომ ქართველი ხალხი მსხვერპლად შეეწიროს გარკვეული ძალების ინტერესებს.

ქართველი ერის სიძლიერის ქვაკუთხედი ყოველთვის იყო ძლიერი ოჯახი, გამორჩეულად მყარი ინსტიტუტი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. ქართველმა ხალხმა, მთელი მსოფლიოს გასაგონად ხმა აიმაღლა და თქვა, რომ ტრადიციული ოჯახი და ოჯახური ღირებულებები არის ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი. ჩვენი ვალია, გავაძლიეროთ ქართული ოჯახები და ხელი შევუწყოთ ჩვენი ერის გამრავლებას.

ჩვენ არ ვართ მრავალრიცხოვანი ერი, ამიტომ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული მოფრთხილება და მზრუნველობა გვმართებს. უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ინდივიდის წარმატება, საქართველოს წარმატების ტოლფასია. ისევე როგორც ჩვენი სამშობლოს წარმატება უნდა იყოს საქართველოს თითოეული  მოქალაქის წარმატება. სამშობლოზე ზრუნვა მუდამ უნდა ფიგურირებდეს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებასა და კარიერაში. სამშობლო მუდამ თან უნდა გვდევდეს თითოეულ ჩვენგანს.

საქართველო არ არის უბრალოდ ინდივიდების ერთობა, არამედ ეს არის, ქართველი ერის მიერ, საუკუნეების განმავლობაში შექმნილი ქვეყანა, რომელსაც სახელმწიფოებრიობის უდიდესი და საამაყო ისტორია გააჩნია.

ქართველი ერის საბოლოოდ შეკვრასა და საქართველოს ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებული როლი ქრისტიანობამ ითამაშა. ჩვენ უხვად გვაქვს ისტორიული ფაქტები, თუ როგორ იბრძოდნენ ქართველი სულიერი მამები საერო პირების მხარდამხარ, თუ როგორ იცავდა ერი და ბერი საკუთარ სამშობლოს ერთსულოვნად. თუ ჩვენ წარსულში ვახერხებდით ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტებში გაერთიანებასა და სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, ერთად მოქმედებას, ესე იგი ეს შესაძლებლობა ჩვენს ერში, თითოეულ ჩვენგანშია. შესაბამისად, ჩვენი ვალია, საკუთარ თავში ვიპოვოთ ეს ძალა და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი რესურსები და ენერგია მივმართოთ ერთიანი, ძლიერი და აყვავებული საქართველოს ასაშენებლად, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს. ჩვენ, რომ შევძლოთ ასეთი საქართველოს აშენება, გვჭირდება მრავალმხრივი განვითარება და გაძლიერება. სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვეძებოთ ჩვენი ქვეყნის წარმატების გასაღები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, ძლიერი და ერთიანი საქართველო წარმოუდგენელია ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების გარეშე.

„ჩვენ საბოლოოდ სწორედ მაშინ გავიმარჯვებთ და სისრულეში მოვიყვანთ ერთიანი საქართველოს იდეას, როდესაც შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის საერთო სიკეთეებით სარგებლობა ისევე იყოს შესაძლებელი სოხუმსა და ცხინვალში, როგორც თბილისსა და ბათუმში, გორსა და ზუგდიდში და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებში. მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და აყვავებული. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და აყვავებულ საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (ვიდეო)

საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 107 წელი გავიდა. 26 მაისი ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც მრავალი წელია, თიბისი გამორჩეულად აღნიშნავს.

თიბისიმ, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, გასულ წლებში, ანიმაცია, რადიოსპექტაკლი, დამოუკიდებლობის სკოლა, გმირები და სხვა გამორჩეული პროექტი შექმნა. ბრენდი წელსაც აგრძელებს ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციას და საზოგადოებას ახალი ვიდეო რგოლით ულოცავს ქვეყნისთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს.

დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად განვლილი განვითარების გზა, არც თიბისისთვის ყოფილა მარტივი. თუმცა, გამოწვევების საპასუხოდ, ყოველ შემდეგ საფეხურზე გამარჯვებული და კიდევ უფრო ძლიერი აგრძელებს სვლას. ყოველთვის ასეთი იყო თიბისი ამ ისტორიაში – შეუპოვარი, დაუნებებელი, გამარჯვებებითა და თვითრწმენით გაძლიერებული. თვითონ გამბედავი, მუდმივად იდგა და დგას ასეთივე ადამიანების გვერდით – ვინც არ ერიდება სურვილებს, დიდი თუ პატარა მიზნების დასახვას; ვინც გაბედულ ნაბიჯებს დგამს წინ; ვისაც სჯერა, რომ გადამწყვეტი ისტორიები სწორედ მაშინ იწყება, როდესაც იჯერებ.

დღეს ჩვენი დღეა ყველაზე ჯიუტი, ყველაზე თავნება და ყველაზე დამოუკიდებელი ხალხის დღე, რომლებიც საუკუნეებია ასე ჯიუტად ვამტკიცებთ, რომ შეუძლებელიც შეგვიძლია, მთავარია გვჯეროდეს!

https://www.facebook.com/tbcbank/videos/2109228879569509/?rdid=kvtAoydBkKtK5sXj#

®