Home Blog Page 46

თქვენ ყველას განურჩევლად არ იცავთ იმიტომ, რომ გრცხვენიათ, ჩვენი არსებობის ნუ გრცხვენიათ, თქვენ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა – თეა წულუკიანი ლევან იოსელიანს

შარშან, საანგარიშო პერიოდში როცა იყო დეპუტატების, მინისტრების საკუთრების უფლების და მიმოსვლის თავისუფლების მასობრივი დარღვევები, თქვენ მოუწოდეთ ვინმეს რამისკენ, რომ ეს არ ვარგა? რაც უნდა გირჩიონ ლომჯარიას კადრებმა, როგორმე დაიჯერეთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი ადამიანის უფლების დარღვევა გეხებათ, ჩვენი არსებობის ნუ გრცხვენიათ, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს, რომელმაც დეპუტატებს სახალხო დამცველის აპარატის 2024 წლის ანგარიში წარუდგინა.

წულუკიანის თქმით, სახალხო დამცველი ხმალამოღებით უნდა იცავდეს განურჩევლად ყველას, ვისი უფლებებიც ირღვევა.

„რაც შეეხება სახელმწიფოს ნაწილს, არ ვიცი, ეტყობა, მე და თქვენ სხვადასხვა ორგანულ კანონს ვკითხულობთ. ორგანული კანონის მეორე მუხლში პირდაპირ გიწერიათ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე და მისი იურისდიქციის ფარგლებში თქვენ გევალებათ, ზედამხედველობა გაუწიოთ ადამიანის უფლებების დაცვას. ეს გევალებათ და ერთმანეთს ეწინააღმდეგება  ეს და თქვენი გამოსვლა. მაგალითს გეტყვით, თქვენ რომ გამოდიხართ და გვეუბნებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები არიან მოხუცებიო, იქ ხომ სახელმწიფო არ სცემს მოხუცს, თუ ეს თქვენი საქმე არ არის, ამაზე რატომ ლაპარაკობთ? მაგრამ თქვენი საქმეა. კაცმა კაცი რომ მოკლას ქუჩაში, იქ სახელმწიფო სად არის, ორი მეზობელი თუ იჩხუბებს, იმაზე რატომ ვლაპარაკობთ მაშინ, ქმარმა რომ ცოლი მოკლა, იქ სახელმწიფოს ხომ არ მოუკლავს, რატომ ლაპარაკობთ ამაზე, მაგრამ თქვენი საქმეა და იმიტომ ლაპარაკობთ. თუმცა კერძო პირებმა როცა გაანერვიულეს მარიამ ლაშხი, პატარა ბავშვები, ეს ჩემი საქმე არ არისო. ლიეტუველი რომ ჩამოდის და მარიგებს აქ ჭკუას, ვის მივცე ხმა, ეს რომ ჩემი უფლებების დარღვევაა, მაშინ არ არის ეს თქვენი საქმე? ამიტომ ნუ აირევით, ეს ჩემი რჩევაა. ნუ აირევით. არ ვუტრირებ, თქვენ მანიპულირება გააკეთეთ ფაქტების. არ ვიცი, ნახევარი საათი რაზე მსჯელობდით, მაგრამ ეს იყო ფაქტების მანიპულირება. მოდით, ასე შევთანხმდეთ – ან თუ არ შევთანხმდებით, თქვენივე ავტორიტეტისთვის არის ცუდი – საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ტიპის ადამიანის უფლება გეხებათ თქვენ, მათ შორის საკუთრების უფლების მასობრივი დარღვევებია მომხდარი ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, როდესაც შარშან ზოგიერთ ადამიანს, რომელიც საერთოდ არ არის პოლიტიკაში ჩართული და არიან პოლიტიკოსის ოჯახის წევრები, აუკრძალეს მიმოსვლის უფლება. ეს არის კონსტიტუციური და კონვენციური ადამიანის უფლება. რადგან შენი ქმარი, ცოლი, მეზობელი თუ ვიღაც არის ჩართული „ქართული ოცნების“ მხარეს, იმას გადაადგილების უფლებებს უზღუდავენ. ეს არ არის თქვენი საქმე? თქვენ მაშინ უნდა მოგეწოდებინათ საქართველოს მთავრობისთვის, შეიტანე სტრასბურგის სასამართლოში ბრიტანეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარიო. ეს არის თქვენი საქმე. ხმალამოღებული უნდა იცავდეთ ყველას განურჩევლად. თქვენ ხმალამოღებით, ყველას განურჩევლად არ იცავთ, რადგან გრცხვენიათ, და ჩვენი არსებობის ნუ გრცხვენიათ. მაშინ მითხარით, რომ არ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა. თქვენ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა. როდესაც შარშან, საანგარიშო პერიოდში იყო საკუთრების უფლების და მიმოსვლის თავისუფლების მასობრივი დარღვევები დეპუტატების, მინისტრების – ახლა ხომ აღარ არის გომელაური მინისტრი, ვიტყვი, დეპუტატების, მათ ოჯახის წევრების საკუთრების უფლებები დაირღვა, აღარაფერს ვამბობ ბიძინა ივანიშვილზე – თქვენ გრცხვენიათ ამაზე ლაპარაკი. მასობრივად დაირღვა საკუთრების უფლებები, ყველანაირი ტიპის, უკანონოდ, ყველანაირი შემოწმების გარეშე, თქვენ მოუწოდეთ ვინმეს რამისკენ, რომ ეს არ ვარგა? არა ალბათ, რადგან დეპუტატია, მინისტრია, მაღალი დონის პოლიტიკოსია, პარტიის თავმჯდომარეა. რაც არ უნდა გირჩიონ ლომჯარიას კადრებმა, თქვენ როგორმე დაიჯერეთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი ადამიანის უფლების დარღვევა გეხებათ, განურჩევლად იმისა, ვინ არღვევს ამ უფლებას. როდესაც პოლიციელმა თვალი დაკარგა, თქვენი მოვალეობაა, სახელმწიფოს მოუწოდოთ, რომ სასწრაფოდ გამოიძიოს ეს და ვინც თვალი ამოთხარა, ის სამაგალითოდ დასაჯოს. ეს არის თქვენი უფლებამოსილება და ვალდებულება. ადამიანის უფლებების სამართალი არის ბალანსი და თქვენ ამ ბალანსს ბოლომდე ხართ აცდენილი“, – მიმართა თეა წულუკიანმა საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ზოგიერთი დასავლელი მოკავშირე არ ჩქარობს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, იმ მოტივით, რომ კიევი არ ატარებს მობილიზაციას ახალგაზრდებში

JPG resized with https://ezgif.com/resize

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ზოგიერთი დასავლელი მოკავშირე არ ჩქარობს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, იმ მოტივით, რომ კიევი არ ატარებს მობილიზაციას ახალგაზრდებში.

„რაც შეეხება სანქციებს, დასავლელი პარტნიორები მიზეზებს ასახელებენ, თუ რატომ არ მიიღეს გადაწყვეტილება, რადგან უკრაინამ არ მოახდინა 18 წლიდან ასაკის პირების მობილიზება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ არ ღირს 18 წლიდან მამაკაცების მობილიზება, როგორც სხვა ქვეყნების ლიდერები ფიქრობენ, რადგან ბოლოდროინდელმა სპეცოპერაცია „აბლაბუდამ“ აჩვენა, რომ მთავარი არა ადამიანების რაოდენობა, არამედ იარაღი და ტექნოლოგიაა.

„ასევე ფული და ზეწოლა. ხოლო სანქციები მიმართული იქნებოდა სწორედ იმ ფულისკენ, რომლითაც რუსები ომს აფინანსებენ“, – დასძინა მან.

ყოველთვის არსებობს ქვეყანაში გარკვეული გამოწვევები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა შემთხვევაში ეს იყოს კონკრეტული ფაქტებით გამყარებული და დაბალანსებული – ირაკლი ქადაგიშვილი ომბუდსმენის ანგარიშზე

ლევან იოსელიანმა თქვა, რომ მე არ მინდა ვიყო ომბუდსმენი, რომელიც პოლიტიკურ შეფასებებს გააკეთებს, ან რომელიმე პოლიტიკური მხარის ინტერესების გამომხატველი იქნება. მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს მისი გულწრფელი პოზიციაა და მთელი მისი საქმიანობის პერიოდში ამ პოზიციას ბოლომდე პრაქტიკული საქმიანობით დაამტკიცებს, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა სახალხო დამცველის ანგარიშზე საუბრისას.

„რაც შეეხება ანგარიშს, ბუნებრივია, რომ ყოველთვის არსებობს ქვეყანაში გარკვეული გამოწვევები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა შემთხვევაში ეს იყოს კონკრეტული ფაქტებით გამყარებული და დაბალანსებული. აქ ეს შეეხო სხვადასხვა ადამიანებზე, მათ შრის პოლიტიკოსებზე, მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმას და ა.შ.

რაც შეეხება საპროტესტო აქციების გარშემო პოლიციის რეაგირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რა თქმა უნდა არ არსებობს დემოკრატია და თავისუფალი ქვეყანა, სადაც საპროტესტო აქცია არ ტარდება და აქცია თავისი უფლებებით არ სარგებლობს. ბუნებრივია, რომ საპროტესტო აქციების დროს პოლიციას თავისი ფუნქცია გააჩნია და პირველ რიგში ეს არის აქციის უსაფრთხოების დაცვა.

როდესაც ამ დროს პოლიცია ამეტებს თავის უფლებებს და არღვევს ძირითად პრინციპებს, რა თქმა უნდა ეს განსაკუთრებული კრიტიკის ღირსია. როდესაც საპროტესტო აქცია, მიზანმიმართულად, თავის თავში შეიცავს კანონის სრულად უგულებელყოფას, დარღვევას, გამიზნულ შეტევას პოლიციაზე, გამიზნულ შეტევას პარლამენტზე, ანუ რევოლუციური სცენარის რეალიზაციას, რომელიც არამარტო პარლამენტის შენობის დაკავებას ისახავს მიზნად, არამედ ე.წ. სისტემის დემორალიზაციას და ჩამოშლას. ამ შემთხვევაში დამოკიდებულება უნდა იყოს კრიტიკული ყველას მხრიდან“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ღრმად ვართ შოკირებულნი გრაცში მდებარე სკოლაში მომხდარი ტრაგიკული სროლის გამო – საქართველოს საგარეო უწყება

x

ჩვენ ღრმად ვართ შოკირებულნი გრაცში მდებარე სკოლაში მომხდარი ტრაგიკული სროლის გამო, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ამ რთულ ჯამს ჩვენი ფიქრებით ვართ დაზარალებულებთან, მათი ოჯახის წევრებთან და ავსტრიელ ხალხთან. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრიას და სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ყველა დაშავებულს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ავსტრიის ქალაქი გრაცის სკოლაში სროლას ათი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან ერთად, სროლის დროს, სულ მცირე, 30 ადამიანი დაშავდა.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს, რომლის სამიზნეც ენერგეტიკისა და საბანკო სექტორები იქნება

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს, სამიზნეში რუსეთის ენერგეტიკისა და საბანკო სექტორები იქნება ამოღებული. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ავრცელებენ.

“რუსეთის მიზანი მშვიდობა არ არის, მისი მიზანია, ძლიერების მმართველობის დაწესება. შესაბამისად, რუსეთზე ზეწოლას ვზრდით, ვინაიდან, ძალა ერთადერთი ენაა, რომელიც რუსეთს ესმის…

ჩვენი მესიჯი ცხადია: ეს ომი უნდა დასრულდეს. ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტა გვჭირდება, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან სერიოზული წინადადებით უნდა მოვიდეს. ვინაიდან, დღეისთვის ის მშვიდობის მიღწევის სურვილს არ აჩვენებს, რუსეთზე ზეწოლას გავაძლიერებთ, მათ შორის მეტი ძლიერი სანქციებით. შესაბამისად, ძლიერი სანქციების მე-18 პაკეტის წინადადებით გამოვდივართ. სამიზნეში ორ სექტორს ვიღებთ. რუსეთის ენერგეტიკის სექტორს. და რუსეთის საბანკო სექტორს. ვაფართოებთ საექსპორტო აკრძალვებსა და კონტროლს, და ვაძლიერებთ [სანქციების] გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

წინადადების თანახმად, შემოთავაზებულია “ჩრდილოეთ ნაკადი – 1-სა” და “ჩრდილოეთ ნაკადი – 2-ის” წინააღმდეგ პირველად სატრანზაქციო აკრძალვის შემოღება, რომლის შედეგადაც ევროკავშირის არც ერთ ოპერატორს არ შეეძლება “ჩრდილოეთ ნაკადის” მილებთან დაკავშირებით პირდაპირ ან არაპირდაპირ გარიგებებში ჩართვა.

ასევე შემოთავაზებულია რუსული ნავთობის წინააღმდეგ შემოღებული ზედა ჭერის ბარელისთვის 60 აშშ დოლარიდან 45 აშშ დოლარამდე ჩამოწევა. განცხადების თანახმად, ახლა რუსული ნავთობი ზედა ჭერის დონესთან ძალიან მიახლოებულ ფასებში იყიდება და მისი ჩამოწევა ევროკავშირს შეცვლილ საბაზრო პირობებთან ადაპტირებისა და ზედა ჭერის ეფექტიანობის აღდგენის საშუალებას მისცემს.

საბანკო სექტორთან დაკავშირებით, შეთავაზებულია არსებული SWIFT სისტემის გამოყენების აკრძალვის “სრულ სატრანზაქციო აკრძალვად” გადაქცევა და მისი კიდევ დამატებით 22 რუსულ ბანკზე გავრცელება.

ასევე, წინადადება ეხება ზემოხსენებული სატრანზაქციო აკრძალვის მესამე ქვეყნებში ფინანსურ ოპერატორებზე გავრცელება, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობის დაფინანსებას სანქციებისთვის გვერდის ავლით ახდენენ.

თუ პარლამენტის უკან ძალადობა ხდება, ეს აძლევს თუ არა პოლიციას უფლებას, დაიწყოს აქციის დაშლა რუსთაველზე? – არა! რატომ უნდა დააკავონ თავისუფლების მოედანზე მყოფი ადამიანი რამდენიმე მოძალადის გამო? რა კავშირი აქვთ მათ ერთმანეთთან?! – ლევან იოსელიანი

თუ პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ძალადობა ხდება, ეს აძლევს თუ არა პოლიციას უფლებას, დაიწყოს აქციის დაშლა რუსთაველზე? – ჩემი შეფასებით არა! – რატომ უნდა დააკავონ ადამიანი რამდენიმე მოძალადის გამო თავისუფლების მოედანზე და წაიყვანონ წინასწარი დაკავების იზოლატორში? რა კავშირი აქვთ მათ ერთმანეთთან?! – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გააკეთა.

იოსელიანმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც აქციის დაშლა ხდება, უნდა შეფასდეს, თუ რამდენად პროპორციულია სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებული ძალა.

„როდესაც ვთქვი, რომ იმის მიუხედავად, რომ არსებობდა აქციის დაშლის ფორმალური საფუძველი, რადგან სახეზე იყო კონკრეტული ჯგუფის ძალადობრივი ქმედება, საუბარია რამდენად პროპორციულად გამოიყენეს ძალა ამ ძალადობრივი ქმედებაზე.

მაგალითად, თუ პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ძალადობა ხდება, ეს აძლევს თუ არა პოლიციას უფლებას დაიწყოს დაშლა რუსთაველზე? – ჩემი შეფასებით არა! – ადამიანებმა, რომლებიც რუსთაველზე დგანან და მშვიდობიან პროტესტს გამოხატავენ, შეიძლება არ იცოდნენ და ხშირად არ იციან, რა ხდება პარლამენტის უკანა შესასვლელთან ან ჭიჭინაძის ქუჩაზე და მათი მშვიდობიანი პროტესტი დაცვას იმსახურებს, ხოლო მოძალადეების ქმედება იმსახურებს შესაბამისი პასუხის გაცემას.

ეს არის ჩემი მიდგომა. თუ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ, უნდა მითხრათ, რატომ უნდა დააკავონ ადამიანი რამდენიმე მოძალადის გამო თავისუფლების მოედანზე და წაიყვანონ წინასწარი დაკავების იზოლატორში? რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან?!

შეიძლება პოლიციისთვის ასეთი ღონისძიების ჩატარება რთულია და ალბათ, ძალიან რთულია, მაგრამ ჩემი ამოცანაა, რომ პოლიციის მიერ აქციების დაშლის სტანდარტი მსოფლიოში საუკეთესო იყოს, სადაც არც ერთ ადამიანს არანაირი საფრთხეზე არ დაემუქრება და არც ერთი თმის ღერი არ ჩამოუვარდება, განსხვავებით ამ აქციებისგან, სადაც უამრავი დაშავებული ადამიანი ვნახეთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა პარლამენტის სხდომაზე.

იოსელიანმა სესიაზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 11 ივნისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7306 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7306 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7311 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1189 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1186 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა.

ბოიკოტზე დისკუსიების ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს, ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ნეიტრალურ, არაპარტიულ კანდიდატებზე მსჯელობა – ამ ეტაპზე ვართ და უკან დაბრუნებას არ ვაპირებთ-ანა ბუჩუკური

ბოიკოტზე დისკუსიების ეტაპი ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა – ნეიტრალურ, არაპარტიულ კანდიდატებზე მსჯელობა. ახლა ამ ეტაპზე ვართ და უკან დაბრუნებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კონკრეტული გეგმა აქვს, რომლის შესახებაც მალე გახდება ცნობილი.

„ჩვენ ეს ეტაპი, არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით, უკვე გავლილი გვაქვს. გავიარეთ ეს ეტაპი და უკან დაბრუნებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ახლა ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“, მთავარი ამოცანაა ნეიტრალური, არაპარტიული, არაპოლიტიკური კანდიდატების ირგვლივ მსჯელობა. ჩვენ ამ ეტაპზე ვართ გადასულები.

ჩვენს გუნდს გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც ძალიან მშვიდად, წყნარად, აუღელვებლად მივუყვებით და ამ გეგმას, როცა დრო მოვა, გაგაცნობთ. დანარჩენი, ვინ რას იტყვის, ერთმანეთს როგორ გალანძღავენ, ჩვენ მიმართ რა ისტერია იქნება, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

 მე გაძლევთ გარანტიას, რომ არც ერთი ნაცი არცერთ უწყებაში თანამდებობაზე არ იქნება -მამუკა მდინარაძე

ბატონი ზვიადი [ხარაზიშვილი] თავისი საქმის კარგი პროფესიონალია. მე რაც ვიცი, ბატონი ზვიადი კადრების განკარგულებაში გადავიდა და თუ მისი ნება იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში წავა შსს-ს ორგანოებიდან. მე თუ სწორი ინფორმაცია მაქვს, თუ თავად არ დაწერა პატაკი და არ დატოვა შსს, ის სხვა პოზიციაზე გადანაცვლდება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მედიასთან.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე – „ზვიად ხარაზიშვილის შემცვლელი მიხეილ სააკაშვილმა ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამასთან დაკავშირებით?“ – მდინარაძემ ასე უპასუხა:

„თუ ადამიანი მუშაობდა იმ პერიოდში და საჯარო სამსახურში რაღაცა პოზიციას იკავებდა, ეს ნაცობას არ ნიშნავს. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ 2012 წელს ნაცმოძრაობამ საჯარო სექტორშიც კი პირწმინდად წააგო არჩევნები. ნაცების დროს რომ რაღაც თანამდებობას იკავებდა, იყო გმირი პოლიციელი და თავის სამშობლოს ემსახურებოდა, თქვენ ამ ადამიანებს გინდათ ნაცის იარლიყი მოარგოთ და ეს არ გამოგივათ. მე გაძლევთ გარანტიას, რომ არც ერთი ნაცი არცერთ უწყებაში თანამდებობაზე არ იქნება ძალიან მალე. პიარისთვის სჭირდებოდათ – ამოარჩევდნენ ხოლმე წარმატებულ პოლიციელს, პროკურორს, საჯარო მოხელეს და აჯილდოებდნენ ხოლმე. რადგან პიარისთვის ამ ადამიანების დაჯილდოებას იყენებდნენ, ჩვენ ეს ადამიანები არსად დავნიშნოთ?“, – განაცხადა მდინარაძემ.

ჩვენ ნატო-სგან შემხვედრ ნაბიჯებს ვითხოვთ და არა განცხადებებს, შეიძლება, განცხადება კარგი იყოს, მაგრამ ნაბიჯი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია -მამუკა მდინარაძე

ჩვენ ნატო-სგან შემხვედრ ნაბიჯებს ვითხოვთ და არა განცხადებებს. შეიძლება, განცხადება კარგი იყოს, მაგრამ ნაბიჯი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ნატო-ს ქვეყნების ჯარების მხარდამხარ იბრძოდა და იბრძვის დასავლელ პარტნიორებთან ერთად.

„რამდენიმე წლის წინ თითოეული პოზიტიური განცხადება გვიხაროდა და თითოეული კრიტიკული განცხადების მიმართ სენსიტიურები ვიყავით. ჩვენთვის უკვე აღმოჩენილი იყო, და შემდეგ ქართველმა ხალხმაც აღმოაჩინა, რომ თითოეული განცხადების უკან განცხადებათა ავტორების ინტერესები იმალებოდა. ეს ბუნებრივი ამბავია, ახალი არ არის. როცა საქართველო სხვასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებიდან გამოდის. არცერთი გერმანელის, ფრანგის, ამერიკელის და ბრიტანელის განცხადება არ გვიკვირს, სადაც უპირატესია მათივე ქვეყნის ან იმ ძალების ინტერესები, რომელთაც ისინი წარმოადგენენ. ეს ბუნებრივი ამბავია. თუმცა გვიკვირს საქართველოს მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც მხარს სხვას უჭერენ და არა საკუთარ სახელმწიფოს და სამშობლოს. როცა ეს განცხადება პოზიტიურია, ეს კარგია, მაგრამ მოქმედება უფრო მთავარია.

საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ნატო-ს ქვეყნების ჯარების მხარდამხარ იბრძოდა და იბრძვის დასავლელ პარტნიორებთან ერთად მშვიდობისთვის. ასე გვჯეროდა და ასე გვინდა, მომავალშიც გვჯეროდეს. საქართველო ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია. საქართველომ თავისი ჯარისკაცების სიცოცხლითაც კი დაამტკიცა, რომ ერთგულია ღირებულებებისა და მშვიდობის უპირატესი ინტერესით. სამწუხაროდ, ეს ინტერესები შეიცვალა და შემდეგ ვიღაცას მოუნდა, რომ საქართველო ომის ინტერესების თანაზიარი ყოფილიყო. ამაზე ვიღაცებს არ შევყევით და ბოლო წლების განმავლობაში „კრიტიკა“ მივიღეთ. მაშინ, როცა საუბარი იყო მშვიდობისთვის ბრძოლაზე, ქართველი ჯარისკაცები იღუპებოდნენ და, სამწუხაროდ, ამ ბრძოლებში დაღუპული და დასახიჩრებული ქართველი ჯარისკაცები გვყავს. ჩვენ შემხვედრ ნაბიჯებს ვითხოვთ და არა განცხადებებს. შეიძლება, განცხადება კარგი იყოს, მაგრამ ნაბიჯი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.

ორმაგი სტანდარტების ავტორებისთვის, ომი მშვიდობაა, მშვიდობა კი – ომი -გიორგი ჩაკვეტაძე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ჩაკვეტაძის შეფასებით, ორმაგი სტანდარტების ავტორებისთვის, ომი მშვიდობაა, მშვიდობა კი – ომი.

„მინდა ვისაუბრო იმ კლასიკურ ორმაგ სტანდარტებზე, რასაც გარკვეული აქტორები საქართველოში უკვე წლებია იყენებენ. თურმე, აქ პოლიციელისთვის ცეცხლის წაკიდება, შენობის გადაწვა და მასში შეჭრა შეიძლება, დასავლეთში კი – არა. თურმე, ქველმოქმედება სანქცირებადია. ამ დროს კი, სირიის ხელისუფლებას ყველა სანქცია ეხსნება. თურმე, პირბადე სახის დაფარვის გარდა სხვა ფუნქციით მხოლოდ საქართველოში გამოიყენება. თურმე, ამერიკული FARA მხოლოდ საქართველოში შეიძლება იყოს რუსული, შვედეთში კი გამჭვირვალობა აუცილებელია. უცხოური დაფინანსებით დეპუტატების შეურაცხყოფა დემოკრატიის ზეიმი ყოფილა, ხოლო გერმანიის ელჩის შეწუხება – სისხლის სამართლის დანაშაული. ამავე ლოგიკით, დსთ-ს წევრი მოლდოვა უფრო დემოკრატიულია, ვიდრე საქართველო. ისევე როგორც, ნანტის მერია ბრეჟნევის დროინდელ თბილისს უფრო პლურალისტურად მიიჩნევს. ამტკიცებენ, თქვენს ქვეყანას რუსეთთან ეკონომიკური ვაჭრობა არ უნდა ჰქონდესო და ამ დროს ბალტიისპირეთის სახელმწიფოები გვისწრებენ რუსეთში ღვინის ექსპორტით. მაგიდაზე ხელის ბრახუნით ითხოვდნენ რუსეთს სანქციები დაუწესეთო, რაც რეალურად ქართველი ხალხის დასანქცირება იქნებოდა, ახლა კი, საერთაშორისო სანქციების შემსუბუქებაზეც კი საუბრობენ. უკრაინაში მოხალისეების გაგზავნა და ომში ჩართვა მოითხოვეს და არავის გახსენებია 2008 წელს და მანამდეც, საქართველოს მიერ გამოვლილი ბრძოლები“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, საქართველო ევროპული ცივილიზაციის აკვანია, ხოლო ქართველი ხალხი ერთ-ერთი უძველესი ერია მსოფლიოში.

„არასწორად შეგიფასებიათ ჩვენი საზოგადოება. დროა, საქართველოსთან მიდგომებს გადახედოთ. ან მეორე ვარიანტიც გაქვთ, დაიჯეროთ, რომ სწორად იქცეოდით და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო არჩევნებს დაელოდოთ სექტემბერში. როგორც ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: ,,ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს, მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც ჩვენს იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე”. „ქართულ ოცნებას“ პოზიტიური დღის წესრიგი აქვს და ჩვენ ვაპირებთ რეფორმების ეს ტემპი შევინარჩუნოთ. სიახლეები რაც გავაჟღერეთ, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, რეგიონების გაძლიერებას, განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და ეკონომიკის განვითარებას ემსახურება“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

თიბისი x ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი – წინ დაუვიწყარი ივლისი და ვარსკვლავური შემადგენლობა გელოდებათ

ლაგოდეხის საერთაშორისო, რიგით მეცხრე ბლუზ ფესტივალი ბრუნდება და წელსაც, ივლისის დაუვიწყარ საღამოებს გპირდებათ. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ფესტივალი ბლუზის მეფეებითაა დაკომპლექტებული და ბლუზის მსოფლიო რუკაზეც გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.

ლაგოდეხის ცხოვრებაში, ბლუზი უკვე აღარ არის მუსიკის შორეული ჟანრი – ის ამ ქალაქის ხმად იქცა.

5 ივლისს, ფესტივალს გახსნის ბლუზის 5 მეფე – The Kings of Blues (აშშ) – ლეგენდარული ბიბი კინგისა და ჯეიმს ბრაუნის ბენდის წევრები და 2024 წლის გრემის მფლობელი კენი უეინი.

12 ივლისს, ლაგოდეხისბლუზ ვილიჯის სცენაზე იქნებიან განუმეორებელი კლოდეტ კინგი, ლეგენდარული ბიბი კინგის ქალიშვილი და ლუკა ჯორდანო (იტალია) თავისი ბენდით.

19 ივლისს, გექნებათ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მოუსმინოთ ბლუზისა და სოულის თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შემსრულებელს, ფესტივალის წლევანდელ რეზიდენტს – შანა უოთერსტოუნს. ამერიკელი ვოკალისტი და მისი ბენდი, ბლუზ ფესტივალს განსაკუთრებულ ხიბლს შემატებენ.

2 აგვისტოს, ფესტივალის დასკვნით კონცერტზე დაუკრავს სერ ვალდო უეზერსი – ვირტუოზი საქსოფონი, თავის ბენდთან ერთად.

ასე რომ, მოემზადეთ სასიამოვნო ზაფხულისთვის. ლაგოდეხის ბლუზ ვილიჯი კვლავ სიამოვნებით გიმასპინძლებთ. მსოფლიო დონის არტისტები კი, დაუვიწყარ საღამოებს გვაჩუქებენ.

ფესტივალის ბრენდ შეფი მიშა ავსაჯანიშვილი და აღმასრულებელი შეფი – ლუკა კერვალიშვილი, ბლუზ ვილიჯში თქვენს ყოფნას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდიან.

უკვე რამდენიმე წელია, თიბისი ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის მთავარი მხარდამჭერი და წარმდგენია. ეს პროექტი მართლაც მნიშვნელოვანია როგორც კულტურული, ისე ემოციური თვალსაზრისით.

თიბისის მხარდაჭერით, ფესტივალი არა მხოლოდ ინარჩუნებს ხარისხს, არამედ ხსნის ახალ სივრცეებს ბლუზის გაცნობიერებისა და გაზიარებისთვის.

ფესტივალის ბილეთების შეძენისას, ახალი თიბისი ბარათით, ნებისმიერი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით, ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით.

5 ივლისიდან, ბლუზ ვილიჯის კარი თქვენთვის 18:00 საათიდან გაიღება. კონცერტები კი, 20:00 საათზე დაიწყება.