Home Blog Page 46

 არჩევნების მოგებასაც და რევოლუციის მოწყობასაც ხალხის თანადგომა სჭირდება, როგორ შეიძლება, ხალხის თანადგომა ჰქონდეთ „ნაცმოძრაობას“, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას პარტიას -ირაკლი კობახიძე

დღეს ჩვენი რეიტინგი არის, დაახლოებით, 60%-ი, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის; ეს რეალურად არის ბოლო გაბრძოლება და ყველაფერს გააკეთებენ, რათა რაღაცნაირად ხალხის ნების წინააღმდეგ სცადონ ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ამის არავითარი რესურსი არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

კითხვაზე, რომელიც დასავლეთის ყოფილი მაღალჩინოსნებისა, თუ მოქმედი თანამდებობის პირების მხრიდან, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით სცენარს შეეხებოდა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ წინასწარ არის დაწერილი ზუსტად იგივე სცენარი, რაც ქვეყანამ 2020 წელს გაიარა და ეს სცენარიც ჩავარდნისთვის არის განწირული.

„ისინი საუბრობენ არა იმაზე, რომ „ოცნება“ თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, არამედ იმაზე, რომ „ოცნება“ როცა გააყალბებს არჩევნებს, ეს არის მათი მესიჯი. რეალურად აქედან ჩანს, რომ წინასწარ არის დაწერილი ზუსტად იგივე სცენარი, რაც გამოვიარეთ 2020 წელს. გახსოვთ, მაშინ რა ხდებოდა, ISFED-მა როგორ გააყალბა „პივიტი“, როგორ გააყალბეს „ენჯეოებმა“ ერთად სხვა მონაცემები, მაგრამ ჩაუვარდათ ეს სცენარი და ის, რაც ჩაგივარდა ოთხი წლით ადრე, ბუნებრივია, ასევე ჩავარდნისთვის არის განწირული ოთხი წლის შემდეგ. ეს სცენარი შეიძლება არსებობდეს. ეს რეალურად არის ბოლო გაბრძოლება და ყველაფერს ჩადებენ, რათა რაღაცნაირად ხალხის ნების წინააღმდეგ სცადონ ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ამის არავითარი რესურსი არ აქვთ, ვინაიდან ხალხი არის „ქართული ოცნების“ მხარეს. ხელისუფლება, სამართალდამცავი სტრუქტურები არის ძლიერი და მყარი, როგორც არასდროს. არც ხალხი გიჭერს მხარს, სახელმწიფო ძლიერია, სამართალდამცავი ორგანოები ძლიერია, ცხადია, რომ ასეთ პირობებში ვერც ხალხის მხარდაჭერა გექნება და ვერც ხალხის მხარდაჭერის გარეშე მოახდენ რევოლუციას. საბოლოო ჯამში, არჩევნების მოგებასაც და რევოლუციის მოწყობასაც სჭირდება ერთი და იგივე რამ – ეს არის ხალხის თანადგომა. როცა ხალხის თანადგომა არ გაქვს და როგორ შეიძლება, ხალხის თანადგომა ჰქონდეთ ამ პოლიტიკურ ძალებს. „ნაცმოძრაობა“, მისი განშტოებები – გვარამიას პარტია, ხაზარაძის პარტია, გახარიას პარტია, როგორ შეიძლება ამ ადამიანებს, აღარ მინდა გავყვე, მათ წარსულს, მათ განცხადებებს, მათ დამოკიდებულებას ხალხის მიმართ, როგორ შეიძლება მათ ჰქონდეთ ხალხის თანადგომა,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

“ქართული ოცნების” გარშემო რაც უფრო მეტი ხმა იქნება მობილიზებული, მით უფრო მყარი იქნება მშვიდობის გარანტიები ჩვენი ქვეყნისთვის -ირაკლი კობახიძე

რაც უფრო მეტი ხმა იქნება მობილიზებული „ქართული ოცნების“ გარშემო, მით უფრო მყარი იქნება მშვიდობის გარანტიები ჩვენი ქვეყნისთვის მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ამოძრავებს მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგი და მოქმედებს არა ეროვნული ინტერესებით, არამედ გარედან მიღებული დაკვეთით.

„ეს დაკვეთა არის ის, რომ რაღაცნაირად უნდა მოახერხონ მათ ხელისუფლების შეცვლა. არჩევნებით ვერ ახერხებენ, ამიტომ გათვლა აქვთ არჩევნების შემდგომ პერიოდზე. დაკვეთა არის ეს, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში მათ ჰქონდათ კონკრეტული დავალება, მეორე ფრონტამდე უნდა მიეყვანათ ეს ქვეყანა, ამიტომ ითხოვდნენ სანქციებთან მიერთებას, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, სხვა რაღაცებზე აღარ მინდა საუბარი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირდაპირ საუბრობდნენ მეორე ფრონტზე არა მარტო პოლიტიკოსები, NGO-ების წარმომადგენლებიც კი და უამრავი ფაქტი არსებობს, რომლებიც ამას ადასტურებს, არქივი არ იშლება. აქედან გამომდინარე, მათ ჰქონდათ დაკვეთა, დავალება, ამას ვერ მიაღწიეს და ეს არის ბოლო გაბრძოლება. შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ცალსახად, რომ ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი. ეს არის ბოლო გაბრძოლება მათი მხრიდან, რაღაცნაირად ჩართონ ქვეყანა იმ ომში, რომელიც დაიწყო, სამწუხაროდ, უკრაინაში. ჩვენთვისაც, სახელმწიფოსთვის, ქვეყნისთვის ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც, საბოლოო ჯამში, განმტკიცდება მშვიდობა. ამიტომ არის საჭირო ქუდზე კაცის მობილიზაცია, რაც უფრო მეტი ხმა იქნება მობილიზებული „ქართული ოცნების“ გარშემო, მით უფრო მყარი იქნება მშვიდობის გარანტიები ჩვენი ქვეყნისთვის მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაშიც“, – განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი, პროვოკაციული გეგმების მთავარი ადრესატიც შეიძლება იყოს ის, შესაბამისად, ჩვენ გვმართებს მაქსიმალური სიფრთხილე -ირაკლი კობახიძე

ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი და შესაბამისად, პროვოკაციული გეგმების მთავარი ადრესატიც შეიძლება იყოს ბუნებრივია ის, შესაბამისად, ჩვენ გვმართებს მაქსიმალური სიფრთხილე – – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

 როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასევე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებობს მიმდინარე გამოძიება.

 „ამას უკავშირდება ის ზომები, რომელიც მიიღება ბიძინა ივანიშვილის დასაცავად. ოპონენტებს ეს განსაკუთრებულად აღიზიანებთ, ვინაიდან ეს უსაფრთხოების ზომები უპირისპირდება მათ მიზნებსა და სურვილებს. არამარტო ღიზიანდებიან, ხედავთ, რომ მათი ტელევიზიები აგორებენ რაღაც კამპანიებს ამ თემასთან დაკავშირებით. ესეც არის ერთგვარი ბულინგი, რომლის მიზანია, რომ გაიძულონ, ეს უსაფრთხოების ზომები აღარ მიიღო. მათ აქვთ ინტერესი, უნდათ, რომ მაქსიმალურად შექმნან არა უსაფრთხო გარემო,თუმცა ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ვერც მათი ბულინგი, ვერც მათი შანტაჟი და ვერც პროვოკაციული სიუჟეტები ბუნებრივია ვერ გაჭრის,”- განაცხადა პრემიერმა.

 კითხვაზე, რომელიც ოპოზიციონერების წინაშე მდგარ საფრთხეს შეეხებოდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციონერების ოფისებში განიხილება ასეთი საკითხები, თუმცა ამ ეტაპზე გვარები არ დაკონკრეტებულა.

 „ჯერჯერობით, ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, გვარების გარეშე იყო ასეთ თემაზე საუბარი, როდესაც მათ ოფისებში განიხილება ასეთი საკითხები. ამ ეტაპამდე გვარები არ დაკონკრეტებულა, რომ ყოფილიყო მეტი კონკრეტიკა, ჩვენ მივმართავდით სამართალდამცავ უწყებებსაც. თუ იქნება კონკრეტიკა, ჩვენ არ მოვერიდებით, პირიქით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამასთან დაკავშირებით სამართალდამცავ სტრუქტურებს მივმართოთ, როგორც პარტიამ. ჯერჯერობით გვარების დაკონკრეტების გარეშეა საუბარი, მაგრამ მუდმივ რეჟიმში განიხილება ასეთი გეგმები, ამიტომ მაქსიმალურად ფხიზლად უნდა ვიყოთ ყველა – სახელმწიფო, ხელისუფლება, სამართალდამცავი სტრუქტურები და ასევე საზოგადოებაც. ჩვენი სიფხიზლე, საზოგადოების თითოეული წევრის, მოქალაქის სიფრთხილე და სიფხიზლე არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არავის მიეცეს პროვოკაციული გეგმების აღსრულების საშუალება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციას არ აქვს არჩევნების მოგების არავითარი იმედი და ორიენტირებულები არიან პროვოკაციული გეგმების შემუშავებაზე, ქვეყანაში ვითარების არევის უფლებას ვერავის მივცემთ-პრემიერი

ამ ეტაპზე არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში, თუმცა რისკები არსებობს; ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ რისკების პრევენციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ რისკებზე საუბრის საფუძველს იძლევა სხვადასხვა გარემოება, მათ შორის, წარსული გამოცდილება.
„რადიკალური ოპოზიცია ყოველ ჯერზე ცდილობდა და პრინციპში აღწევდა საარჩევნო გარემოს რადიკალიზაციას.  ეს იყო ყოველთვის მათი დღის წესრიგი და აქედან გამომდინარე, დღესაც არ გვაქვს განსხვავებული მოლოდინი. გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო დიდი ფასი აქვს ამ არჩევნებს, ვიდრე ჰქონდა თუნდაც წინა არჩევნებს. მათი მოტივაცია, რომ მოახდინონ არჩევნების რადიკალიზაცია, გარემოს რადიკალიზაცია, არის კიდევ უფრო მაღალი. ეს რისკები არსებობს, ბუნებრივია. რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ” ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება ჩაიფიქროს. მუდმივ რეჟიმში მიდის მათ ოფისებში საუბარი ასეთ პროვოკაციებზე. შესაბამისად, რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს. ამისთვის რესურსის გამოძებნა არ გაუჭირდებათ. ჩვენ, მთავარია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ რისკების პრევენციისთვის,”- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო და სამართალდამცავი უწყებები დგანან მოწოდების სიმაღლეზე და ქვეყანაში ვითარების არევის უფლება არავის მიეცემა.
„ოპოზიცია დასუსტებულია და ასეთ პირობებში, ძალიან მარტივად გამოდის ხოლმე მათი ოფისებიდან ინფორმაცია. რეალურად, მათი წიაღიდან გამოდის ეს ინფორმაცია, ეს არის ჩვენი ინფორმაციის წყარო. იმ პირობებში, როდესაც მათ არ აქვთ არჩევნების მოგების არავითარი იმედი, მათაც აქვთ კვლევის შედეგები, ორიენტირებულები არიან პროვოკაციული გეგმების შემუშავებაზე. სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და სამართალდამცავი უწყებები დგანან მოწოდების სიმაღლეზე, რაც დადასტურდა, მათ შორის, იმ 2-3 თვიანი პერიოდის განმავლობაში, როცა  რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობდა ვითარების რადიკალიზაციას და რევოლუციური პროცესების ინიცირებას. ახლაც არის ზუსტად იგივე ვითარება. სამართალდამცავი უწყებები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ქვეყანაში ვითარების არევის უფლებას ვერავის მივცემთ,”- განაცხადა პრემიერმა.

 არაკეთილმოსურნეებს სურთ, რომ „ნაცმოძრაობა“ დარჩეს პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში -ირაკლი კობახიძე

ვინმეს თუ უნდა ამ ქვეყანაში მუდმივად არაჯანსაღი ფონის შენარჩუნება, ე.წ. პოლარიზაციის, ჩაკეტილი წრის შენარჩუნება, მათთვის ბუნებრივია „ნაცმოძრაობის” შენარჩუნება პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არაკეთილმოსურნეებს სურთ, რომ „ნაცმოძრაობა” დარჩეს პოლიტიკურ სისტემაში იმისათვის, რომ არასოდეს შედგეს ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა.

„ჩვენ გვაქვს განსხვავებული ინტერესი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა. ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ იმ ადამიანების მოწოდებებიდან გამომდინარე, რომლებსაც არ სურთ კარგი ამ ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ინტერესების შესაბამისად. დღეს გვაქვს ჩვენ განსხვავებული მოცემულობა, ვიდრე გვქონდა გასული 12 წლის განმავლობაში. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ დასრულებულია პროცესები ჰააგისა და სტრასბურგში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია 2008 წლის ომის დანაშაულის გამოძიებასთან. ჩვენ რომ დაგვეწყო ეს პროცესი მანამდე, შეიძლება, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს შექმნოდა პრობლემები ჰააგასა და სტრასბურგში, ახლა ეს პროცესები დასრულებულია, აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა მოხსნილია. ეს არის მთავარი ფაქტორი. გარდა ამისა, სხვადასხვა სირთულე გვქონდა თავის დროზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა 4 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს იყო 2016 წლიდან 2020 წლამდე, იყო სხვადასხვა ტიპის სირთულე, რაც არ გვაძლევდა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას. დღეს განსხვავებული ვითარებაა, დღეს გუნდი არის კონსოლიდირებული, სახელმწიფო არის ძლიერი, სუვერენული, დასრულებულია სასამართლო პროცესები ჰააგაში, სტრასბურგში. ამ ვითარებაში ჩვენ გვაქვს სწორედ იმ ნაბიჯის გადადგმის საშუალება, რისი საშუალებაც არ გვქონდა წინა 12 წლის განმავლობაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დაკარგული ოცდაათი წელი

არჩევნების მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებული აქტუალიზაცია შეიძინა ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციამ. ზოგი თვლის რომ ამისათვის აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანება (ღირსებით ან მის გარეშე). ამგვარი მსჯელობით გამომდინარეობს, რომ დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია არ არიან ევროპელები. თანაც, ყურადღების მიღმა ტოვებენ იმ უცილობელ ფაქტს, რომ ახალი წევრების ევროკავშირში მიღებისათვის უპირატესად შესაბამისი გეოპოლიტიკური ვითარებაა საჭირო. ზოგი თვლის, რომ გეოგრაფიულად ჩვენ ევროპას არ წარმოვადგენთ და ამიტომ არ ღირს ევროკავშირში ძალად შეტენვა, მით უმეტეს, როცა არ გვიღებენ. არის აზრი, რომ ჩვენ ევროპისა და აზიის გზისგასაყარზე ვმდებარეობთ და ამიტომ დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის ხიდი ჩვენი ბუნებრივი ფუნქციაა.

გეოგრაფიულად საქართველო ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს (ე.წ. დიდი ახლო აღმოსავლეთი), მაგრამ ცივილიზაციურად ევროპას წარმოადგენს. და ეს არა მარტო თავისი კულტურის ისტორიით დასტურდება, არამედ ისტორიული საგარეო პოლიტიკური პრეფერენციებითაც. ქართველები ყოველთვის დასავლეთისკენ იხრებოდნენ: ელინისტური სამყარო და არა სპარსეთი, რომი და არა პართია, ბიზანტია და არა არაბები, ჯვაროსნები და არა თურქ-სელჯუკები, მეტიც, ჯვაროსნები და არა ბიზანტია. სამწუხაროდ, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ არჩევანი აღარ დაგვრჩა.

ქრისტიანობამ უდიდესი როლი შეასრულა ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანში. დასავლეთი, რომელიც ადრეულ შუა საუკუნეებში წარმოადგენდა გაქრისტიანებულ ბერძნულ-რომაულ კულტურას, მთლიანად შეესაბამებოდა ქართულ არჩევანს. მოგვიანებით დასავლეთის ამ ბაზისურ პლასტს დაემატა გერმანული (ალბათ სჯობია გერმანიკული – გერმანული, ფრანკული, ანგლო-საქსონური, სკანდინავიური, ლანგობარდული, ფლამანდური, ბურგუნდული) პლასტი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა დასავლეთის განვითარებაში და რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვხებია. ასეთია: ფრანკების სალიკური სამართალი, გერმანიის მეფის ჰაინრიხ ფოგელერის (ჩიტიჭერია) მიერ ქალაქებისათვის თვითმმართველობის სიგელების მინიჭება, რითაც საფუძველი გამოაცალა მსხვილ ფეოდალებს (მეთოდი სასწრაფოდ გადაიღეს ჰენრი მეორემ ინგლისში და ლუი მეექვსემ საფრანგეთში, თუმცა ქალაქები ისე არ გაუჯეჯილებიათ, როგორც ეს გერმანიაში მოხდა), საქსონური სარკე, ოტონ I დიდის მიერ მაგდებურგის სამართალის მიღება, და ბოლოს, დაგვირგვინდა ბრიტანეთში თავისუფლების დიდი ქარტიის შექმნით.

სწორედ გერმანიკული პლასტის დამსახურებაა ევროპაში (მათ შორის პოლონეთსა და ბალტიისპირეთში) თავისუფალი და დამოუკიდებელი, თვითმმართველი ქალაქების გაჩენა (სადაც გერმანიკული კულტურა ვერ მიწვდა, იქ თვითმმართველი ქალაქი არ აღმოცენდა, მაგ. ბალკანეთში, სამხრეთ იტალიასა და ესპანეთში). თვითმმართველი ქალაქების დამსახურებაა: მოქალაქეთა თავისუფლება (ქალაქების დევიზი იყო Stadtluft macht frei  – ქალაქის ჰაერი ანიჭებს თავისუფლებას), დამოუკიდებელი სასამართლოები და უნივერსიტეტები, რამაც უზრუნველყო ინოვაციური განვითარება. უცნაურია, მაგრამ ევროპული სახელმწიფოების ცენტრალიზაცია თვითმმართველი ქალაქების დამსახურებით მოხდა. ცენტრალიზებულმა სახელმწიფოებმა ქალაქებს კომპეტენცია შეუკვეცეს, თორემ თვითმმართველობა არ გაუუქმებიათ (თვითმმართველობა ნაცისტების დროსაც ფუნქციონირებდა). სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიამ მხოლოდ ერთი თვითმმართველი ქალაქი იცის – XI საუკუნის თბილისი. მანაც, სატახტო ქალაქად გადაქცევის შემდგომ თვითმმართველობა დაკარგა.

ასევე, მხოლოდ გერმანიკულ სამყაროში გაჩნდა ძალმოსილ ფეოდალურ სუბიექტთა მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო (რაიხსტაგი, პარლამენტი, სკანდინავიური ტინგები, სეიმი, ქალაქის საბჭო, თვითმმართველ ქალაქთა გაერთიანება – ჰანზა), რომლის ლეგიტიმაციას მონარქთან ერთად მოსახლეობის სხვადასხვა ფენები ახდენდნენ. მართალია საუკუნეების განმავლობაში თათბირი ხშირად იცვლებოდა შუღლითა და შინაომებით, მაგრამ ამ სტრუქტურებმა დღევანდელ დღემდე მოაღწიეს, რითაც ჩვენ ნამდვილად ვერ დავიკვეხნით. პირიქით, დღესაც სამაგალითო ვაჟკაცობად მიიჩნევა გიორგი ბრწყინვალის მიერ ცივ-გომბორზე ფეოდალთა შეტყუება და გაჟლეტა. რა გასაკვირია და, შემდგომი მოვლენებიც შესაბამისად განვითარდა: უაღრესად დაქუცმაცებული და ამორფული პირველი რაიხი არ დაშლილა (ყოველ შემთხვევაში, რეფორმაციამდე), ხოლო საქართველო კი დაიშალა სწორედ მაშინ, როცა არც ერთ მეზობელ სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ შეეძლო საქართველოს დაპყრობა (თეთრ- და  შავბატკნიანი თათრების ეპიზოდური შემოსევები დაპყრობად არ განიხილება). და ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შევძელით ურთიერთმოთათბირებით გადაგვეჭრა ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები.

სწორედ სათათბირო ორგანოს არარსებობამ დაამკვიდრა ჩვენში მავნე ტრადიცია, როცა  ხელის-უფლებაზე განაწყენებული ძალები, დასაბეზღებლად და ჯავრის ამოსაყრელად გარბიან ყარაყორუმში (ისპაჰანში, სტამბოლში, მოსკოვში, ვაშინგტონში), და ეს სამარცხვინო და უღირს საქმედ არ მიაჩნიათ. არად დაგიდევენ ქვეყნის ავტორიტეტს. როცა ამა თუ იმ კანონის მიღება/არ მიღებაზე მისი ავკარგიანობის მიუხედავად ჩვენს პარლამენტს თითს დაუქნევენ უცხოეთიდან (ახლო წარსულში მოსკოვიდან, ეხლა ვაშინგტონიდან) და ამისთანა უბოდიშო მოქმედებაზე ჩვენს საზოგადოებას (განსაკუთრებით ახალგაზრდობას) არ ექნება შეურაცხყოფის რეაქცია, ამას სახელად ღირსების არქონა ჰქვია.

ჩვენ ჭეშმარიტად ევროპის დაბადებისთანავე ევროპაში აღმოვჩნდით და მასთან ერთად გავაგრძელეთ განვითარება. ოღონდ, დროთა განმავლობაში ჩამოვრჩით და ეხლა უნდა ვეცადოთ გავიაროთ გამოტოვებული ეტაპები. ჩამორჩენის აღიარება აუცილებელია, რათა სწორად გავაანალიზოთ არსებული მდგომარეობა და დავსახოთ ჩამორჩენის დაძლევის გზები.

პირველ რიგში უნდა შევიგნოთ, რომ არ არსებობს ხელისუფლების მოწყობის განსაკუთრებული გზა (რუსული, ქართული, ტიბეტური და ა.შ). ხელისუფლება ან დემოკრატიულია, რაც შესაბამისი პოლიტიკური ინსტიტუტებით არის განმტკიცებული და დაცული (სწორედ ეს არის დასავლეთი), ან ხელისუფლება ავტოკრატულია (მისი მრავალი სახესხვაობით). მართალია დღეს დემოკრატიული სახელმწიფოების უმეტესობა კრიზისის ფაზაში იმყოფება, მაგრამ ჩერჩილის სიტყვები რომ გავიხსენოთ: „მრავალი ნაკლი აქვს დემოკრატიულ მმართველობას, მაგრამ უკეთესი კაცობრიობას არ შეუქმნია“. ასე რომ ხელისუფლება ან დემოკრატიულია ან ავტოკრატული. ვიმეორებთ, სხვა, მესამე სახის ხელისუფლება ბუნებაში არ არსებობს. ამიტომ, ფართო არჩევანი ნამდვილად არა გვაქვს:

  • ან ევროპულ გზას უნდა დავადგეთ, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს დემოკრატიულ პოლიტიკურ ინსტიტუტებს (ხელისუფლებათა დანაწილება, სასამართლო დამოუკიდებლობა, თვითმმართველობა, ხელისუფლებათა მონაცვლეობა თავისუფალი არჩევნებით, თავისუფალი და მიუკერძოებელი პრესა), რომელთა დამკვიდრებაც ამ ოცდაათი წლის განმავლობაში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უცდია (როგორც ხელისუფლებაში მყოფს, ისე მაძიებლებს) და არც რაიმე ნიშანწყალი ჩანს, რომ ვინმე ამას ეცდება. ხელისუფლების დანაწილება არავის სურს. ერთკაციანი პარტიაც კი აბსოლუტურ ძალაუფლებაზეა ორიენტირებული;
  • ან სახელმწიფო მშენებლობა განწირული იქნება წარუმატებლობისთვის. სამწუხაროდ დღეს ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს საბჭოური სახელისუფლო ვერტიკალი, რომლის თავში მყოფი სუბიექტი აკონტროლებს ქვეყნის ყველა შესაძლო რესურსს (მატერიალურს, ფინანსურს, ადამიანურს). ამ ვერტიკალის დემონტაჟის გარეშე კი, შეუძლებელია ევროპას ვეკუთვნოდეთ, იმის მიუხედავათ გავხდებით თუ არა ევროკავშირის წევრი. საქმე ევროკავშირის წევრობაში არაა. წყალსაც წაუღია ევროკავშირი. ქართული სახელმწიფო ვერ შედგება, ესაა მთავარი. ვინც საქართველოს ისტორია ასე თუ ისე მაინც იცის, და ასევე იცის ქართველი კაცის ურჩი ხასიათი, მას უნდა ესმოდეს, რომ ავტორიტარიზმის დამყარება საქართველოში შ ე უ ძ ლ ე ბ ე ლ ი ა. ნებისმიერი ამგვარი მცდელობა გამოიწვევს გაათმაგებულ უკურეაქციას. ქვეყანა ვერ გაუძლებს სეპარატიზმისა და გადატრიალებების მუდმივ რყევებს (მოუთმენელი სიბეცეა იმის ფიქრი, რომ მხოლოდ რუსეთს სწადია ჩვენი დეზინტეგრაცია). შველა დემოკრატიულ მოწყობაშია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ რეგიონების განვითარებას და მათ ადეკვატურ წარმომადგენლობას პარლამენტში (სამ მილიონიან ქვეყანაში მილიონნახევარი დედაქალაქში ცხოვრობს, რაც პირდაპირ მიუთითებს რეგიონების სავალალო მდგომარეობაზე). ერთიანი და განუყოფელი საქართველოს ტრფიალთ უნდა შევახსენო, რომ სწორედ უნიტარული და სუპერუნიტარული სახელმწიფო წარმოადგენს სეპარატიზმის ნოყიერ ნიადაგს.

ასე, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების გარეშე ჩვენი სახელმწიფო ვერ იარსებებს. ხელისუფლებათა დანაწილება, სასამართლო დამოუკიდებლობა, ორპალატიანი პარლამენტი, ქვეყნის არსებული რეგიონების ლეგიტიმაცია, თვითმმართველობის (რეგიონული და მუნიციპალური) დამკვიდრება, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და მიუკერძოებელი პრესა არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნქციონირების აუცილებელი პირობები. დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების პარალელურად უნდა გატარდეს განათლების ძირეული რეფორმა, რომლის განხორციელებაშიც ყველა რგოლმა უნდა მიიღოს მონაწილეობა (არა მარტო განათლების სამინისტრომ).

გურამ სანადირაძე

“ორი უკრაინელი ქალის მკვლელობა: პროკურატურის საბრალდებო დასკვნა ცოლ-ქმრის წინააღმდეგ”-Deutsche Welle

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანიამ „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე 3 სექტემბერს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ორი უკრაინელი ქალის მკვლელობა: პროკურატურის საბრალდებო დასკვნა ცოლ-ქმრის წინააღმდეგ“ (ავტორი – რომან სულიმა), რომელშიც გადმოცემულია 2024 წლის თებერვალში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში მომხდარი საზარელი მკვლელობის ისტორია. ტრაგიკულმა ფაქტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა გერმანულ საზოგადოებაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მანჰეიმის პროკურატურამ, ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, ბრალდება წაუყენა გერმანელ ცოლ-ქმარს – 44 წლის ქალს და 43 წლის მამაკაცს – ორი უკრაინელი ქალის ერთობლივად მოკვლისა და ბავშვის გატაცების თაობაზე, რომელიც ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში მოხდა. დანაშაულის მიზეზი, როგორც ცნობილი ხდება, იყო ცოლ-ქმრის განუხორციელებელი სურვილი – ჰყოლოდათ შვილი, გოგონა, რომლის შემდეგ მათ, „არაუგვიანეს 2023 წლის მარტისა“, ჩაიფიქრეს და მოამზადეს გეგმა „მოეტაცებინათ  ახალშობილი მდედრობითი სქესის ბავშვი, რომელსაც თავისად გაასაღებდნენ“.

დანაშაულის ისტორია: დააძინეს, მოკლეს და დაწვეს

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ორმა ბრალდებულმა, ახალდაბადებული ბავშვის გატაცების მიზნით, ორი უკრაინელი ლტოლვილი მოკლა – 51 წლის ქალი და მისი 27 წლის ქალიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის ნამშობიარევი იყო. “ბავშვის გასატაცებლად მეტი შანსები რომ ჰქონოდათ, 44 წლის ქალი უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი ჯგუფის წევრი გახდა და Telegram-არხის მეშვეობით, 2024 წლის იანვრის ბოლოს, დაუკავშირდა 27 წლის მსხვერპლს, როცა იგი თარჯიმანს ეძებდა გოგონას დაბადების წინ“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულებმა 27 წლის ქალიშვილისა და დედამისის მკვლელობა ბავშვის დაბადებიდან ერთ კვირაში განახორციელეს. “2024 წლის 6 მარტს, ცოლ-ქმარმა უკრაინელები რესტორანში მიიპატიჟეს და ორივე ქალს ჩუმად  დამამშვიდებელი პრეპარატი ჩაუყარეს. როცა ორივე უკრაინელმა თავი ცუდად იგრძნო, ცოლ-ქმარმა თვალთმაქცურად განაცხადეს, რომ ისინი საავადმყოფოში უნდა წაეყვანათ, ჩასვეს ავტომანქანაში და გულწასული ქალები ბად-შენბორნის ტბის ნაპირზე მიიყვანეს, 51 წლის ქალი იქვე მოკლეს, გვამი დაწვეს, მისი 27 წლის ქალიშვილი, რეინის ახლოს, ხოკენჰაიმის ტბასთან მიიყვანეს და ისიც მოკლეს, ჩვილი გოგონა კი სახლში წაიყვანეს. ამჟამად ბრალდებულებს წარდგენილი აქვთ ოფიციალური ბრალდება ორი პუნქტით – ერთობლივად ჩადენილი მკვლელობისა და არასრულწლოვანის გატაცებისათვის.

ვინ არიან მსხვერპლნი?

მოკლულები დედა-შვილი მარინა და მარგარიტა სტეცენკოები არიან. ძებნის ოპერაცია მაშინ დაიწყო, როცა პოლიციამ 7 მარტს, მდინარე რეინთან ახლოს, 27 წლის მარგარიტა სტეცენკოს გვამი იპოვა. დაიწყეს ახალშობილის ძებნაც. 51 წლის მარინა სტეცენკოს ნახევრად დამწვარი გვამი კი ორკვირიანი ძებნის შემდეგ, 20 მარტს აღმოაჩინეს.

დედა, ბებია და შვილიშვილი რეინ-ნეკარის ოკრუგში, ლტოლვილთა განთავსების ცენტრში ცხოვრობდნენ მას შემდეგ, რაც ისინი გერმანიაში უკრაინიდან ჩავიდნენ, ომის გამო. პოლიციამ ცოლ-ქმარი 13 მარტს დააკავა, ახალშობილი გოგონა, საბედნიეროდ, უვნებელი აღმოჩნდა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

“დონალდ ტრამპის მარცხი აშშ-ის პოლიტიკის სტაბილიზებას მთელი თაობის განმავლობაში უზრუნველყოფს”-Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 4 სექტემბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით: “დონალდ ტრამპის მარცხი აშშ-ის პოლიტიკის სტაბილიზებას მთელი თაობის განმავლობაში უზრუნველყოფს”(ავტორი – ჯანან განეში).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

არსებობს ასეთი გამოთქმა – „აშშ-ის უმნიშვნელო საპრეზიდენტო არჩევნები“. ანუ ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, ამით ამერიკაში ბევრი არაფერი არ შეიცვლება: მართლაცდა, რა დიდი გარდამტეხი ცვლილება მოხდებოდა აშშ-ის პოლიტიკაში, ბილ კლინტონს რომ 1996 წელს არჩევნები წაეგო და ბობ დოულს გამარჯვნა? ან ჯორჯ ბუშ-უმცროსი რომ დამარცხებულიყო ჯონ ქერისთან მეტოქეობაში? არავითარი საფუძველი არ იქნებოდა გვევარაუდა, რომ ჩვენ ახლა სრულიად სხვა სამყაროში ვიცხოვრებდით – პრინციპში, ყველაფერი ძველებურად იქნებოდა.

მაგრამ ხდება გამონაკლისებიც. ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისია 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები.

მაინც რა არის განსაკუთრებული აშშ-ის წლევანდელ არჩევნებში? თუ დონალდ ტრამპი წააგებს, მაშინ ნაკლები შანსები იქნება იმისთვის, რომ ამერიკა და მისი პოლიტიკა სტაბილიზდება მთელი თაობის განმავლობაში.

„სტაბილიზება“ არ ნიშნავს „ლუქსემბურგად გადაქცევას“. პოლარიზება, რა თქმა უნდა შენარჩუნდება, მაგრამ ის, რომ ბევრს ჰგონია – ტრამპიზმი თვითონ დონალდ ტრამპს გადაიტანსო – აშკარად სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს აზრი სულ უფრო მყიფე ხდება, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო.
2024 წლის გაკვეთილი ამ ეტაპზე იმაში გამოიხატება, რომ ამერიკულ პოპულიზმს დონალდ ტრამპის ჩანაცვლება ძალიან გაუჭირდება. იანვარში რონ დესანტისი, რომელიც დონალდ ტრამპის პლატფორმას ხელმძღვანელის კომპეტენტურობას უთავსებდა, საარჩევნო რბოლას ჩამოშორდა. ივლისში საპრეზიდენტო-საარჩევნო არენაზე ჯეიმს ვენსი გამოჩნდა, არა როგორც მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტი, არამედ როგორც MAGA-ს („დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) მემკვიდრედ. მანამდე არაფერი არ მიანიშნებდა იმას, რომ ჯეიმს ვენსი ამისთვის მზად იყო. კიდევ ერთი პიროვნების – ვივეკ რავასვამის – საჯარო კარიერამ „წყალში დაყვინთა“.

ისინი, ვინც შეეცდებიან დონალდ ტრამპის იდეების გამგრძელებლები იყვნენ უახლოეს წლებში (ვთქვათ, თაკერ კარლსონი), მას ვერანაირად ვერ შეედრებიან – დონალდ ტრამპს მნიშვნელოვანი უნიკალური უპირატესობა აქვს: ის პოლიტიკური „ვარსკვლავია“ (ასეთები ქვეყანაში მხოლოდ ორი ან სამი თუ მოიძებნება). დონალდ ტრამპზე და მის იდეებზე „მიჯაჭვულები“ არიან მილიონები…

მაგრამ არის იმის საფრთხე, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამერიკა არ დაწყნარდება და საზოგადოებაში შექმნილი წინააღმდეგობები მომავალშიც გაგრძელდება. პოპულიზმი შეიძლება გარკვეულ მომენტში პოზიტიური იყოს, მაგრამ მუდმივი პოპულიზმი საბოლოოდ ქვეყანას პრობლემების წინაშე აყენებს. განსაკუთრებით საპრეზიდენტო მართვის პირობებში.
ბევრი კონსერვატორი, რომლებსაც დონალდ ტრამპი სძულთ, მხარს კამალა ჰარისს დაუჭერს, მაგრამ არა თავიანთი დიდი ბუნებრივი სურვილით, არამედ დონალდ ტრამპის გამო. არჩევნებამდე დარჩენილ დროში დემოკრატებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათი კანდიდატი სტაბილურობის გარანტს წარმოადგენს, თორემ არ არის გამორიცხული, რომ ვინმე კიდევ ერთ დონალდ ტრამპის სახით გამოჩნდეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

რა ეღირება დოლარი და ევრო 5 სექტემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6956 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6956 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6906 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9792 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9699 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0093 ლარი შეადგინა.

მალხაზ გულაშვილს საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის სტატუსი მიენიჭა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორს, პოლიტოლოგს, მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელს და პრეზიდენტს მალხაზ გულაშვილს – მიენიჭა საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის სტატუსი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დარგში.

ამავე ღონისძიებაზე წევრ-კორესპონდენტების სტატუსი მიენიჭათ: გურამ მარხულიას, ვახტანგ მაისაიას, აკადემიკოს ზურაბ ხონელიძეს.

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” გუნდი ულოცავს კომპანიის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს, საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის სტატუსის მინიჭებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას.

ოპოზიციას წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი აქვს, გამარჯვების შანსი არ აქვთ, მათი სისუსტე, შეიძლება, პროვოკაციებში აისახოს-მამუკა მდინარაძე

ოპოზიცია რაც უფრო სუსტია, მით უფრო საშიშია მისი მხრიდან გარე დავალებების შესრულება. მოვუწოდებ თითოეულ მათგანს, ნუ შეასრულებენ დავალებებს და ქვეყანა გარანტირებულად მშვიდ ცხოვრებას გააგრძელებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი აქვს, გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ, ხოლო მათი სისუსტე, ლოგიკაც ასეთია და ინფორმაციებიც, შეიძლება, პროვოკაციებში აისახოს.

„ეს ბუნებრივი ამბავია, რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით უფრო საშიშია მისი მხრიდან გარე დავალებების შესრულება. შემიძლია, მოვუწოდო თითოეულ მათგანს, ნუ შეასრულებენ დავალებებს და ეს ქვეყანა გარანტირებულად მშვიდ ცხოვრებას გააგრძელებს. უარი თქვან დავალებების შესრულებაზე. თავიანთი ინიციატივით ისინი აღარ ინძრევიან, იციან, რომ წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი აქვთ, არანაირი შანსი არათუ გამარჯვების, არამედ ერთი-ორი პარტიის იქით პარტიებს ბარიერის გადალახვაც კი უჭირთ და ზღვართან მიახლოებულად პოზიციონირებენ. არანაირი შანსი არ აქვთ, მათი სისუსტე შეიძლება აისახოს, ლოგიკაც ასეთია და ინფორმაციებიც, პროვოკაციებში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საზოგადოებას სთხოვს, ძალიან ყურადღებით დააკვირდნენ ყველაფერს, რადგან ერთადერთი, რაც ამ ძალებს დარჩენიათ, ან წინასაარჩევნოდ, ან არჩევნების შემდეგ რაღაცა სახის პროვოკაციების მოწყობაა.

„დღის წესრიგში ისეთი სერიოზული საკითხები დადეს, რომლებიც, მათი აზრით, საზოგადოებას აღაშფოთებს. ამ დღის წესრიგს მიჰყვებიან, სხვა შანსი არ აქვთ და ამიტომ, როგორც ჩანს, გეგმა „ბე“-დ ამას მოიაზრებენ. მოვუწოდებ თითოეულ მათგანს, ხელი აიღონ დავალებების შესრულებაზე და ეს ქვეყანა გააგრძელებს მშვიდ ცხოვრებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ლელოს“ ფული აქვს და შეუძლია, ცნობადი სახეები მიიზიდოს, მარგველაშვილს „ლელო“ აძლევს ფულს, შეიძლება, ცოდნაც მისცეს -იაგო ხვიჩია

„ლელოს“ ფული აქვს და შეუძლია, ცნობადი სახეები მიიზიდოს. მარგველაშვილს „ლელო“ აძლევს ფულს, შეიძლება, ცოდნაც მისცეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ ხვდება, რომ საარჩევნო ბარიერის გადასალახად ახალ-ახალი სახეებია საჭირო.

„„ლელო“ ხვდება, რომ საარჩევნო ბარიერის გადასალახად ახალ-ახალი სახეებია საჭირო. იგივე პრობლემა აქვს გახარიებსაც და მიკვირს, ეს პარტიები შორს რომ იყურებიან, გარე-გარე, ჯერ ერთმანეთს შეხედონ, რადგან ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და პოლიტიკაშიც ერთმანეთის გამო არიან. „ლელოს“ ფული აქვს და შეუძლია, ცნობადი სახეები მიიზიდოს. ბევრი ხალხია გასაერთიანებელი და „ლელოს“ ფულს ბევრი შეუძლია. მარგველაშვილს „ლელო“ აძლევს ფულს, შეიძლება, ცოდნაც მისცეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.