Home Blog Page 46

პროკურატურამ მესტიის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მესტიის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარში, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ბრალდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული მეორე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

ერთადერთი ხავსი ჰქონდათ და ის ხავსიც აღარ დარჩათ-კახა კალაძე ოპოზიციაზე

არჩევნების გაყალბების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რაც შეეხება ამომრჩევლების მობილიზებას, ამისთვის გვყავს პარტიის წევრები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ მათთან, – აღნიშნული განცხადებით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ამომრჩევლის მობილიზებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ვარაუდებს უპასუხა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე პარტიები NDI-ის და IRI-ის ტრენინგებს გადიოდნენ.

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით და აბსოლუტურად გულწრფელი ვარ: არანაირი მტკიცებულება, ფაქტი არ არსებობს ბუნებაში, რომ არჩევნები გაყალბდა. ნახეთ, რამხელა სხვაობაა „ქართულ ოცნებასა“ და მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ პარტიას შორის, გინდ ხმების რაოდენობით, გინდ პროცენტულად. ლაპარაკობენ, რომ ეს იყო, ის იყო, მაგრამ არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. უკვე ყველანაირი რესურსი ამოწურეს, თენგოსაც აღარაფერი აღარ დარჩა სათქმელი და ნოდარ მელაძის რაღაც გაუგებარი სიუჟეტით სპეკულირებენ. რა თქმა უნდა, ამომრჩევლის მობილიზებაში პარტია ჩართულია და ამაზე NDI-ის და IRI-ის ტრენინგებს გავდიოდით პარტიები მათივე დაფინანსებით, თუ როგორ უნდა მოახდინო ამომრჩევლის მობილიზება, ამომარჩეველთან კომუნიკაცია, არჩევნების დღეს როგორ უნდა იმოქმედო, რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა გააკეთო, როგორ უნდა შექმნა ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ მხარდამჭერების მოყვანას და ა.შ. ეს ჩვეულებრივი პროცესია, რასაც იყენებს ყველა პოლიტიკური პარტია. ეს სპეკულაციები მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ერთადერთი ხავსი ჰქონდათ და ის ხავსიც აღარ დარჩათ. „ქართულ ოცნებას“ პარტიის 50 000-ზე მეტი წევრი ჰყავს, გარდა ამისა, გვყავს ზონის უფროსები კონკრეტულ უბნებში და რაიონებში, გვყავს უბნის უფროსები, გვყავს ე.წ. აგიტატორები – ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამომრჩეველთან, ყოველდღიური შეხება აქვთ, ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა პროექტები ხორციელდება. გყოფნით ეს? საკმარისია? გვყავს ადამიანები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანების მობილიზებას, რათა მოვიდნენ და ხმა მისცენ მათ მიერ მხარდაჭერილ პარტიას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, თუ საიდან გადაუხადეს ანაზღაურება არჩევნებში ჩართულ პირებს, კახა კალაძე პასუხობს, რომ აღნიშნული ფინანსები დეკლარირდება.

„რაც შეეხება პარტიის წევრების ხელფასებს, ეს ყველაფერი დეკლარირდება და შესაბამის უწყებებს, ისევე, როგორც ყველა პოლიტიკური პარტია, წარუდგენს „ქართული ოცნებაც“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კეთილი ინებონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები. მაგრამ რა უნდა წარმოადგინონ, რაც ბუნებაში არ არსებობს?-კახა კალაძე

„ასეთი წვრილმანი და საფუძველს მოკლებული განცხადებები არჩევნებს ზიანს ვერ მიაყენებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ბრალდებების საპასუხოდ.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა და ამის შესაბამისი დასკვნებიც არსებობს.

„ეს არის ჩვეულებრივი სიცრუის კამპანია. აქვთ მცდელობა, რომ ქვეყანას ზიანი მიაყენონ. რეალურად არჩევნები მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ეუთო/ოდირმა შესაბამისი განცხადებები გააკეთა, გამოაქვეყნეს შუალედური დასკვნებიც და საბოლოო შეფასებაც. ასეთი წვრილმანი და საფუძველს მოკლებული განცხადებები არჩევნებს ზიანს ვერ მიაყენებს. გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას უნდა მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის დაბარებას, რომელიც აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს, კახა კალაძის თქმით, ეს არის სპეკულაციების ნაწილი.

„ჩვეულებრივ სპეკულაციებს და სიცრუეს აქვს ადგილი. ხომ ამბობენ არჩევნები გაყალბდაო, ბრიფინგებს უძღვნიდნენ ამ თემას. ცესკო-მ ხომ მიმართა პროკურატურას და გამოძიება იწყება, რათა ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცეს. ახლა კეთილი ინებონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები. მაგრამ რა უნდა წარმოადგინონ, რაც ბუნებაში არ არსებობს?“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“ხალხის მოღალატეები”- სოხუმში საპროტესტო წარწერები გამოჩნდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილება ადამიანებმა საპროტესტო წარწერებით გამოხატეს. წარწერები გამოჩნდა სოხუმის სანაპიროზე, ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ცენტრალურ შესასვლელთან.

წარწერებს შორისაა „ხალხის მოღალატეები“.

წითელი საღებავი შეასხეს სანაპიროზე მუჰაჯირების ძეგლსაც.

აქცია, სავარაუდოდ, უკავშირდება ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული კომპანიებისთვის საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას. ოპოზიციისა და საზოგადოების ზოგი წარმომადგენელი შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

მოსკოვში ხელმოწერილ დოკუმენტს დე ფაქტო პარლამენტის რატიფიცირება ესაჭიროება. ოპოზიცია შეთანხმების წინააღმდეგობისკენ მოწოდებებით გამოდის.

ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების ერთი არგუმენტიც ვერ წარმოადგინა -რატი იონათამიშვილი

ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების ერთი არგუმენტიც ვერ წარმოადგინა. მთელი მათი პროპაგანდა არის ჭორაობა, სიცრუე და საკუთარ ამომრჩეველთან თავის მართლება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, „როგორც ჩანს, სიცრუისა და ტყუილისკენ არის მიმართული დავალება, რაც მათ მიიღეს“.

„მათთვისაც უკეთესი იქნებოდა, ამომრჩეველს სიმართლეს ეუბნებოდნენ, მაგრამ ამის არც უნარი აქვთ, არც რესურსი. როგორც ჩანს, სიცრუისა და ტყუილისკენ არის მიმართული დავალება, რაც მათ მიიღეს. მოვისმინეთ ობიექტური დამკვირვებლების, მათ შორის, საერთაშორისო შემფასებლების არაეთი განცხადება, რომ საქართველოში არჩევნები ბევრად მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, ვიდრე ევროპის ცალკეულ ქვეყნებში. ფაქტი როდესაც არ გაქვს, ჭორაობას მიმართავ. ჭორიკანა ოპოზიცია საზოგადოების ნდობას არ იმსახურებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

“მოლდოვაში ჩატარებული არჩევნები “პიროსის გამარჯვებაა” -გაისად მსოფლიო სულ სხვა მოლდოვას გაიცნობს-დავით ქართველიშვილი

„საქართველო თავის „კოლეგებს“ – EU წევრობის კანდიდატ ქვეყნებს არა მხოლოდ დემოკრატიულ რეფორმებში, კორუფციასთან ბრძოლაში და ეკონომიკური ზრდის ტემპის მონაცემებით ასწრებს, არამედ შიდაპოლიტიკური პროცესების განვითარების თვალსაზრისითაც. ამის მორიგი მაგალითი დაგვანახა მოლდოვაში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, სადაც მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლის ხმების ხარჯზე – ქვეყანაში ზედიზედ მეორედ, პრეზიდენტი მაია სანდუ გახდა“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის თქმით, მოლდოვას ელის უმძიმესი, თუმცა სავსებით პროგნოზირებადი საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც ჩამოაყალიბებენ სულ სხვა, ახალ მთავრობას და ხელისუფლებიდან ჩამოაჩოჩებენ სანდუს პარტიას.

მისივე თქმით, გაისად მსოფლიო სულ სხვა მოლდოვას გაიცნობს და მისი განადგურება უკვე ძალიან გაჭირდება.

„საქართველო თავის „კოლეგებს“ – EU წევრობის კანდიდატ ქვეყნებს არა მხოლოდ დემოკრატიულ რეფორმებში, კორუფციასთან ბრძოლაში და ეკონომიკური ზრდის ტემპის მონაცემებით ასწრებს, არამედ შიდაპოლიტიკური პროცესების განვითარების თვალსაზრისითაც. ამის მორიგი მაგალითი დაგვანახა მოლდოვაში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, სადაც მხოლოდ (!) საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლის ხმების ხარჯზე – ქვეყანაში ზედიზედ მეორედ, პრეზიდენტი მაია სანდუ გახდა.

გაისად მოლდოვას ელის უმძიმესი, თუმცა სავსებით პროგნოზირებადი საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც ჩამოაყალიბებენ სულ სხვა, ახალ მთავრობას და ხელისუფლებიდან ჩამოაჩოჩებენ სანდუს პარტიას. ქვეყანა შევა ჩვენთვის კარგად ნაცნობ, ავადხსენებულ და ტურბულენტურ პერიოდში – კოჰაბიტაციაში, სადაც ქალბატონი მაია სანდუ ტრანსფორმირდება ჩვენს სალომე ზურაბიშვილში და მოლდოველი მარიონეტებისა და ლაქიების პოლიტიკურ ლიდერად მოგვევლინება.

ეს დრამატურგია გავლილი გვაქვს და საქართველოში პოლიტიკურ არჩევნებს და მათ შედეგებს დღეს არა უცხოეთი, არამედ ადგილობრივი ამომრჩეველი განაპირობებს. საქართველოს მომავლის ბედი არა ქვეყნის ფარგლებს გარედ, არამედ ჩვენს ოჯახებში, ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში წყდება. მოლდოვაში ჩატარებული არჩევნები და რეფერენდუმი – „პიროსის გამარჯვებაა“. გაისად მსოფლიო სულ სხვა მოლდოვას გაიცნობს და მისი განადგურება უკვე ძალიან გაჭირდება“, -წერს დავით ქართველიშვილ

ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურაში მისვლას არ აპირებს

პროკურატურიდან დამირეკეს, ივანიშვილის დაკვეთით არჩევნების გაყალბების ჩასაფარცხად გამოძიება რომ დავიწყეთ, მაგაზე გიბარებთ, რადგან თქვენ გაყალბების მტკიცებულებებზე და სქემებზე საუბრობთო. კარგია, რომ გაყლბების მტკიცებულებებმა და სქემებმა შეგაშინათ; ჩვენ დაკვეთილ, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და არჩევნების მოპარვის გაფორმების მიზნით წარმოებულ გამოძიებებში არ დავდივართ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„უკვე არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ათობით განცხადება გვაქვს ოფიციალურად შემოტანილი (მტკიცებულებებით დადასტურებული), რომლებიც არჩევნების გაყალბების მიზნით ძალადობაზე, მუქარაზე, კორუფციაზე მიუთითებს. არცერთზე არათუ გამოძიება არ დაგიწყიათ, არც კი დაგირეკავთ. შესაბამისად, როგორც კი ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულ ამ ნამდვილ დანაშაულებზე ნამდვილ გამოძიებას (ცალკე და არა მაგავე საქმეში) დაიწყებთ, რა თქმა უნდა, მოვალთ და ყველაფერს მოვიტანთ (მიუხედავად იმისა, რომ არ გენდობით);

რაც შეეხება ამ ყალბ გამოძიებას, თუ ჩემ გარეშე გამოძიებას ვერ ატარებთ (რაც ცოტა სასაცილოა, როცა მტკიცებულებები სოციალურ მედიაში, რასაც ჰქვია, ყრია), იცით მაგისტრატი მოსამართლის გზა.

აქვე, ტყუილად გგონიათ, რომ გამაჩერებთ. არჩევნების გაყალბების საქმის ბოლომდე მისაყვანად გავაკეთებ ყველაფერს. პირადად ჩამოვივლი ყველა პარტნიორს, რომ თქვენი საბოლოო დელეგიტიმაცია მოხდეს. შემდეგ კი საქართველოს მოქალაქეებთან ერთად გავატარებთ პროკურატურის, სასამართლოს, სამართალდამცავების და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას“, – წერს ნათია მეზვრიშვილი.

მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე – შალვა პაპუაშვილი საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე

მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე. ფსევდორელიგიური თვითჰიპნოზირების გარდა, სხვა ეს არაფრით აიხსნება, – ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის სპეკულაციებს, მის მიერ ბრიფინგზე წარმოდგენილ პრეზენტაციაში, ერთ-ერთ სლაიდზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, რუხი ფერით არის გამოსახული.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, საბოლოოდ იმაზე შეთანხმდებიან, რომ უბრალოდ ვიღაცებს ტელევიზორი არ უვარგა და არჩევნების გაყალბებაც ამის გამო მოელანდათ.

„მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე. ფსევდორელიგიური თვითჰიპნოზირების გარდა, სხვა ეს არაფრით აიხსნება.
როგორც ჩანს, საბოლოოდ იმაზე შევთანხმდებით, რომ უბრალოდ ვიღაცებს ტელევიზორი არ უვარგა და არჩევნების გაყალბებაც ამის გამო მოელანდათ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა და ეს არის ამათი რუკაო – უსამშობლოებმა წამების განსხვავებით დაიწყეს პოსტების წერა – მამუკა მდინარაძე

რუსეთზე ტერიტორიების ჩამბარებლების მსახურებმა საარჩევნო რუკაზე ღია ფერით სარგებლობა გადაწყვიტეს, – წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე გამოყენებული საქართველოს რუკის ირგვლივ გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც მდინარაძემ განმარტა, საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა.

მისივე თქმით, პრეზენტაცია ბრიფინგზე დამსწრე ყველა ჟურნალისტს გადაეცა.

„რუსეთზე ტერიტორიების ჩამბარებლების მსახურებმა საარჩევნო რუკაზე ღია ფერით სარგებლობა გადაწყვიტეს. ამას ვამბობთ სულ, რამდენად მდაბიოები არიან!

ვინც ჯერ არ იცის. საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა და ეს არის ამათი რუკაო – უსამშობლოებმა წამების განსხვავებით დაიწყეს პოსტების წერა, რითაც იმისი გადაფარვა სცადეს, რაც შალვა პაპუაშვილმა მათ ამ ბრიფინგზე დამართა ამავე დროს, პრეზენტაცია ბრიფინგზე დამსწრე ყველა ჟურნალისტს გადაეცა“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

წინა არჩევნებზეც დადეს პირობა, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, თუმცა ბოლოს ყველა შევიდა – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

ისტორია ამჯერად უკვე ფარსად მეორდება – წინა არჩევნებზე საჯაროდ დადეს პირობა, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, ბოლოს ყველა შევიდა, გვეხვეწნენ, ახალი წლის წინ შეიკრიბა ხაზინადართა საბჭო, ბიურო, რათა მათთვის დაკარგული ხელფასი აღგვედგინა – ყველამ მსუყე-მსუყე თანხები ჩაირიცხა საკუთარ ანგარიშზე, ზოგი დასასვენებლად წავიდა, ზოგმა შეიძლება დიდი საახალწლო სუფრა გაშალა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ოპოზიციის გეგმების თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ხელისუფლებას კითხვები მათთან კი აღარ გვაქვს, ვინც გაჰყვირის, „კარვები ჩქარაო“, არამედ მათთან, ვინც ოპოზიციას ქვეყნის გარედან მართავს.

„ეს კიდევ ერთი ფარსია. ისტორია ამჯერად უკვე ფარსად მეორდება. ზუსტად ერთი წლის წინ, იგივე ხალხი შეკრებილი იყო ტელეკომპანია „მთავარის“ სტუდიაში და დაფაზე საჯაროდ დადეს პირობა, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, ბოლოს ყველა შევიდა, აღიარეს. მას შემდეგ, რაც ისინი ბოიკოტის შემდეგ შემოვიდნენ პარლამენტში, ხელფასები ჰქონდათ დაქვითული. გვეხვეწნენ და ახალი წლის წინ შეიკრიბა ხაზინადართა საბჭო და ბიურო, რათა მათთვის ის დაკარგული ხელფასი აღგვედგინა, რომელიც პატრიოტული გრძნობებით რომ იყვნენ ბოიკოტში და 2020 წლის „გაყალბებულ“ არჩევნებს არ აღიარებდნენ, ჩამოჭრილი ჰქონდათ. ყველამ მსუყე-მსუყე თანხები ჩაირიცხა საკუთარ ანგარიშზე. ზოგი დასასვენებლად წავიდა, ზოგი – სად; ზოგმა შეიძლება დიდი საახალწლო სუფრა გაშალა. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე, რომელთაც სინამდვილეში არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ, ამიტომ, პრობლემა მათში კი არაა და კითხვები მათთან კი აღარ გვაქვს, ვინც გაჰყვირის – კარვები ჩქარაო, არამედ კითხვები გვაქვს მათთან, ვინც მათ მართავს ქვეყნის გარეთ. მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა გეგმები, დამოკიდებულება აქვს ქვეყნის გარეთ მყოფ ამ ხალხს. ვნახეთ ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის, რასა იუკნევიჩიანეს განცხადება. მივედით იმ წერტილზე, რაც დიდი ხანია გულში ჰქონდა ბევრს, ქვეყნის გარეთ, ვინც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერია და ამ ადამიანმა ბოლოს თქვა (როგორც ევროპარლამენტმა გაამჟღავნა ბოლოს, რას გვთხოვდნენ სანქციების დაწესებით), გაამჟღავნა, რომ მათი პრობლემაა ქართველი ხალხი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს. არ ვიცი, ქართველ ხალხს რას გვიპირებენ, გადასახლებას, გადაჯიშებას თუ რას, მაგრამ თვითონ ეს დამოკიდებულება ხომ გვაფიქრებინებს, რა ღირებულებებზე დგანან ისინი, ვინც გვეუბნებიან, რომ ევროპა არიან? ეს ხომ ღირებულება დაკარგული ხალხია, რომელიც სხვა ქვეყანაში ხალხს იწუნებს, რადგან მის გემოვნებაში არ ჯდება. სააკაშვილი მათი გემოვნების პოლიტიკოსია და სხვა დანარჩენი, მთლიანად ხალხი, დაიწუნეს. ლიეტუვის სამთავრობო პარტიის წარმომადგენელმა ფაქტობრივად გვითხრა, რომ არ ვვარგივართ და რაღაც უნდა მოგვიხერხონ – გადაგვაშენონ, გადაგვაჯიშონ, გადაგვაცხოვრონ, ჩაგვანაცვლონ სხვა ხალხით, ამიტომ კითხვები ოპოზიციასთან და იმ „ენჯეოებთან“ აღარ გვაქვს, ვინც თავი დაისამარეს – „ისფედმა“, „გამჭვირვალობამ“, საიამ – როგორც თაღლითმა ორგანიზაციებმა. კითხვები გვაქვს მათ პატრონებთან, რა გეგმები აქვთ ქართველ ხალხთან დაკავშირებით. აღგვიქვამენ ერად, ხალხად, ვისაც რაღაც უფლებები გვაქვს თუ მხოლოდ გეოპოლიტიკური ინტერესების ტერიტორიის თვალით გვიყურებენ? ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რათა დავრწმუნდეთ, რა განზრახვები აქვთ არა ოპოზიციას და „ენჯეოებს“, არამედ მათ, ვინც მათ უკან დგანან“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება გავრცელებულ დიაგრამებთან დაკავშირებით

სხვადასხვა მედიასაშუალებით და სოციალურ ქსელებში ისევ ვრცელდება გარკვეული დიაგრამები და ამ დიაგრამების ავტორების კომენტარები ცალკეულ საუბნო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკური და ამ უბნებში ხმების გადანაწილების მათემატიკური კვლევის მიგნებების შესახებ. ეს მეთოდი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ცნობილია და საქართველოში ჩატარებული არაერთი არჩევნები ყოფილა ამგვარი კვლევების ობიექტი, თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ ასეთი კვლევები თავისთავად არაფერს ამტკიცებს და ის მხოლოდ მიუთითებს შესაძლო ანომალიური გადახრების გარკვეულ ალბათობაზე, რისი გათვალისწინებითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაძლოა დამატებით გამოიკვლიოს ე.წ. „საეჭვო“ უბნებზე განხორციელებული აქტივობის მონაცემები.

ამ ტიპის კვლევის მეთოდოლოგიის მთავარი დათქმა გახლავთ შემდეგი:

„თუ კვლევა აჩვენებს სტატისტიკურ ანომალიას, ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ადგილი აქვს არჩევნებთან დაკავშირებულ მანიპულაციას. სტატისტიკური ანომალია შეიძლება გამოწვეული იყოს კეთილსინდისიერი ქმედებებითაც, როგორიცაა სტრატეგიული ხმის მიცემა ან ხმის მიცემის სხვადასხვა მოდელის არსებობა რეგიონში“. (Making votes count, Report on the 2016 elections)

ერთი-ერთი ასეთი ფაქტორი, რაც ამ კვლევამ შეიძლება ანომალიად ასახოს,  შეიძლება იყოს ამომრჩეველთა ჯგუფის ჩასვლა ურბანული ცენტრიდან რეგიონში ხმის მისაცემად, რაც საქართველოს არჩევნების განუყოფელი ნაწილია და ყველამ იხილა ის მაღალი აქტივობა, როდესაც ხმის მიცემის უფლება 2 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა გამოიყენა. კანონმდებლობის თანახმად, ყველა ამომრჩეველმა ეს უფლება გამოიყენა მათი რეგისტრაციის ადგილის და არა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სტატისტიკური კვლევის ამ მეთოდს ცალკე არ შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს არჩევნებში არაკანონიერი მანიპულაციის ფაქტი. სწორედ ამიტომ, ეს მეთოდი გამოსადეგია სტატისტიკური ანომალიების აღმოსაჩენად, რომელიც იმსახურებს შემდგომ ყურადღებას და ის გამოიყენება ისეთი ტრადიციული მეთოდების დამატებით საშუალებად, როგორიცაა პირდაპირი დაკვირვება საარჩევნო უბნებზე, ხმების პარალელური დათვლა და სხვა.

აღსანიშნავია, თავად მკვლევრის განცხადებით, აბსოლუტურად ეჭვგარეშეა დიდ ქალაქებში ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია ამ არჩევნებისთვის განხორციელებული კვლევის მეთოდოლოგია, გათვალისწინებულია თუ არა კანონმდებლობაში ასახული ხმის მიცემის წესი, გამოკვლეული უბნების რაოდენობა, მათი შერჩევის კრიტერიუმი და რეგიონული გადანაწილება, შეუძლებელია უფრო სიღრმისეული კომენტარის გაკეთება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თანამშრომლობის კარგი პრაქტიკის მიხედვით, ასეთი კვლევების მეთოდოლოგია, სტატისტიკური ინფორმაცია და სხვა მონაცემები განიხილება ჯერ საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მხოლოდ შემდეგ ხდება საჯარო. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ პირიქით მოხდა.

რას უმზადებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინას და ახლო აღმოსავლეთს? – რას წერს Foreign Policy

ამერიკული ჟურნალი „ფორინ პოლისი“ (Foreign Policy) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „რას უმზადებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინას და ახლო აღმოსავლეთს?“ (ავტორი – ემი მაკინონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რა მოხდება ხუთ ნოემბერს? მთელი მსოფლიო ინტერესით და შეშფოთებითაც ადევნებს თვალს აშშ-ის საპრეზიდენტო რბოლის ფინალს, როცა ამერიკელები საარჩევნო ურნებთან მივლენ და აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საბედისწერო არჩევანს გააკეთებენ.

დიახ, მხოლოდ ერთი დღე რჩება არჩევნებამდე. საპრეზიდენტო რბოლამ თავის აპოგეას მიაღწია. ორივე კანდიდატი – დემოკრატი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და რესპუბლიკელი ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარდამხარ მიდიან ფინალისაკენ

დღეს მსოფლიო ყველაზე კრიტიკულ მომენტში იმყოფება ცივი ომის დასრულების შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ კანდიდატთა საგარეოპოლიტიკური მიდგომები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან, არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობას დიდი მნიშვნელობა ექნება მსოფლიო მიმდინარე კრიზისებისათვის, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომისა და ახლო აღმოსავლეთის შეიარაღებული კონფლიქტისათვის.

ა) უკრაინა და ევროპა

არჩევნების შედეგები, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე, როცა რუსეთის არმია ნელა, მაგრამ შეუპოვრად წინ მიიწევს, უკრაინის არმია კი უკან იხევს. აშშ უკრაინისათვის იარაღის უმსხვილესი მიმწოდებელია და ვაშინგტონის მხარდაჭერამ უკვე შეასრულა გადამწყვეტი როლი – ბრძოლის ველზე რუსეთის აქტიურობა შეზღუდა.

კამალა ჰარისი რამდენჯერმე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და მოსალოდნელია, თუ გაიმარჯვებს, იგი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომებს გააგრძელებს. მისივე სიტყვებით, თეთრი სახლი კვლავაც მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთის აგრესიის მოგერიებაში“. სექტემბერში მან ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ ამერიკა ყველაფერს გააკეთებს უკრაინის გამარჯვებისათვის. თუმცა ამას წინათ ინტერვიუში არაფერი უტქვამს – მხარს დაუჭერს თუ არა კიევის თხოვნას ნატოში მიღების თაობაზე. როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია წინააღმდეგია, რომ უკრაინა ალიანსში იქნას მიღებული მანამდე, სანამ რუსეთთან ომი არ დასრულდება.

დონალდ ტრამპმა, თავის მხრივ, ძალიან შეაშფოთა უკრაინა და მთელი ევროპა, როცა განაცხადა, ომს ერთ დღეში შევწყვეტო. როგორც ჯიმ ტაუნსენდი – ბარაკ ობამას დროინდელი თავდაცვის მინისტრის თანაშემწე – ამბობს, თუ ყოფილი პრეზიდენტი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ნაცნობ სავარძელს ისევ დაიკავებს, აშშ-სგან უკრაინის დახმარება თანდათან შემცირდება და ბოლოს შეწყდება კიდეც – „არ არის გამორიცხული, რომ დონალდ ტრამპმა იარაღის მიწოდება ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენოს“.

თვითონ დონალდ ტრამპის მტკიცებით, მისი მიდგომა კონფლიქტის შეწყვეტის მიზნით ასეთია: როცა ორივე მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან დააჯენს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადებს, რომ იგი აშშ-საგან მეტ დახმარებას აღარ მიიღებს და ამიტომ მოლაპარაკებაზე უნდა დათანხმდეს, ხოლო ვლადიმერ პუტინს პირიქით ეტყვის – თუ რუსეთის ლიდერი უარს განაცხადებს თანამშრომლობაზე, მაშინ ამერიკა უკრაინას უფრო მეტად დაეხმარება.

ნატოელი მოკავშირეები უკვე ემზადებიან უკრაინისათვის აშშ-ის დახმარების სავარაუდო შეწყვეტისათვის, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში. გავიხსენოთ, რომ ნატომ, ვაშინგტონში მოსალოდნელმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა რომ უკრაინაზე რაიმე ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს, თავის კონტროლზე უკვე აიყვანა უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფის მუშაობა, სადაც ადრე ყველაფერს (უკრაინელი ჯარისკაცების წრთვნების ჩათვლით) კონკრეტულად აშშ განაგებდა.

ჯიმ ტაუნსენდს, რომელსაც კავშირი აქვს ევროპელ ჩინოვნიკებთან, ამბობს, რომ თავდაპირველად იყო განწყობა, რომ უკრაინის დახმარება „ტრამპშეუღწევადი“ გადაექციათ, მაგრამ უკვე ბოლო თვეებში მათ პანიკა დაეუფლათ, „ცუდი ამბავის მოლოდინში“.

თუმცა წყარომ, რომელიც უკრაინის მთავრობასთან ახლოს დგას, უფრო ოპტიმისტურ ნოტაზე განაცხადა, რომ კიევის ხელმძღვანელობა „საკმაოდ წყნარად უყურებ არჩევნებს’ და აღნიშნა, რომ სწორედ დონალდ ტრამპმა მიიღო პირველმა გადაწყვეტილება კიევისათვის სასიკვდილო იარაღის მიწოდებაზე – რასაც ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა „წითელ ხაზად თვლიდა – და სანქციები დააწესა რუსული გაზსადენის მიმართ, რასაც უკრაინა, სხვათა შორის, ეწინააღმდეგებოდა. „კიევის ხელმძღვანელობაში მყოფი ჩინოვნიკები იმედოვნებენ, რომ ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს ასე თუ ისე მაინც გააბრაზებს და ამერიკის პრეზიდენტი უკრაინას მეტ სამხედრო დახმარებას მიაწვდის“, – ამბობს წყარო ანონიმურობის პირობებით.

ბ) ისრაელი, ღაზა და ლიბანი

ვაშინგტონში  „ყარაულის შეცვლის“ მოსალოდნელ პერსპექტივას ახლო აღმოსავლეთი უკვე გრძნობს: ისრაელი, ალბათ, არჩევნების ოფიციალურ შედეგებს დაელოდება, სანამ რაიმე შეთანხმებას დადებდეს ცეცხლის შეწყვეტაზე ღაზასა და ლიბანში. ისრაელი ასევე ცდილობს შეინარჩუნოს სტრატეგიული წარმატება, რომელიც მან თავის მოწინააღმდეგეებთან – „ჰამასთან“ და „ჰეზბოლასთან“ მოიპოვა, სანამ თეთრ სახლში ახალი პრეზიდენტი შევა.

დონალდ ტრამპმა უამრავი პუნქტი შეასრულა ისრაელის სურვილების დიპლომატიური სიიდან ჯერ კიდევ თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, კერძოდ – აშშ-ის საელჩოს გადატანა თელ-ავივიდან „სადაო“ იერუსალიმში, ოფიციალურად აღიარა ისრაელის სუვერენიტეტი „სირიის კუთვნილ“ გოლანის მაღლობზე (1967 წლის ომის შედეგად). ისრაელში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვებში დონალს ტრამპის მიმართ ფართო მხარდაჭერა ფიქსირდება.

პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველ ვადაში ერთმანეთთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მათი ურთიერთობა  მას შემდეგ გაცივდა, რაც პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სწრაფად მიულოცა. ბუნებრივია, დონალდ ტრამპი, რომელიც ჯო ბაიდენის არჩევას არ აღიარებდა, ძალიან განაწყენდა – იმდენად ძალიან, რომ 2021 წლის  ერთ-ერთ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს მისამართით გვარიანად შეიგინა.

ანალიტიკოსების პროგნოზით, კამალა ჰარისი მემკვიდრეობითობას გააგრზელებს ახლო აღმოსავლეტის საკითხებში, თუმცა ზოგიერთების აზრით, თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ, უფრო მოსალოდნელია, რომ პალესტინელების სასარგებლოდ განცხადებას გააკეთებს ღაზას სექტორში ისრაელის მონაწილეობით მომხდარ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე.

რა არის საერთო დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის პოზიციებში?  ორივემ მოუწოდა ისრაელს, რომ ღაზას სექტორში ცეცხლი შეწყვიტოს: „ჰარისიც და ტრამპიც თანაუგრძნობენ ისრაელის რთულ მოდგომარეობის გამო, მაგრამ ორივე უპირველესად ცეცხლის შეწყვეტით არიან დაინტერესებულნი“, – ამბობს შალომ ლიპნერი, რომელიც ისრაელის შვიდი პრემიერ-მინისტრის თანაშემწე იყო.

გ) ირანი

კამალა ჰარისმა წინა თვეში ტელეარხ CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იარანი აშშ-ის მთავარი მოწინააღმდეგეა და თქვა, რომ თუ არჩევნებში იგი გაიმარჯვებს, მისი, როგორც პრეზიდენტის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება არ დაუშვას ბირთვული იარაღის შექმნა თეირანის მიერ. ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მიზნის მიღწევაში უპირატესობას დიპლომატიას ანიჭებს, მაგრამ ზოგადად, „ყველა ვარიანტს განიხილავს“.

დონალდ ტრამპი თავის დროზე ირანთან დადებული ბირთვული გარიგება დაარღვია, სექტემბერში კი განაცხადა, რომ თეირანი ბირთვულ იარაღს ვერასოდეს ვერ დაეუფლება. თუმცა რობერტ გრინუეის განცხადებით (იგი ტრამპის პრეზიდენტობის დროს უშიშროების საბჭოს წევრი იყო), ირანმა უნდა იცოდეს, რომ მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გამორიცხული არ არის: „შესაძლოა სამხედრო გზა ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გამოსავალია შექმნილი სიტუაციიდან, რომ ირანს ხელი შევუშალოთ ბირთვული იარაღის შექმნაში“, – დაასკვნა მან.

წყარო