Home Blog Page 45

,,ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის ევროინტეგრაციის გზაზე თქვენს მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება”-პრემიერი

აქართველოს და უნგრეთს აკავშირებს საერთო ღირებულებები და ეს ღირებულებითი ერთიანობა, ვფიქრობთ, არის ის, რაც აძლიერებს პარტნიორობასა და მეგობრობას ჩვენს ქვეყნებსა და ხელისუფლებებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორის სამიტზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უნგრეთის მხარეს და პირადად ვიქტორ ორბანს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისათვის, ყველა მიმართულებით.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, დღეს, თქვენთან ერთად ყოფნა. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისათვის, სამიტის ორგანიზებისთვის. ჩვენთვის არის სამაგალითო თქვენი ლიდერობა, ის, თუ როგორ უძღვებით თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის საქმეს, როგორ ზრუნავთ უნგრეთისა და უნგრელი ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვაზე, უნგრეთის იდენტობის დაცვაზე. ჩვენი გადმოსახედიდან, ჩვენ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები და ეს ღირებულებითი ერთიანობა, ვფიქრობთ, არის ის, რაც აძლიერებს პარტნიორობასა და მეგობრობას ჩვენს ქვეყნებსა და ხელისუფლებებს შორის.

მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ძალიან ძლიერი მხარდაჭერისთვის. პირველ რიგში, მადლობა იმისათვის, რომ მხარს უჭერთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე თქვენი მხარდაჭერისთვის. როდესაც საქართველომ შეძლო კანდიდატის სტატუსის მიღება, ამაში თქვენი დამსახურება იყო განსაკუთრებული და, დღესაც, როდესაც ვაგრძელებთ ჩვენს გზას ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის თქვენს მხარდაჭერას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა, პირადად თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა და მადლობა მთლიანად სამთავრობო გუნდს, უნგრეთის ხელისუფლებას, რომელიც იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო დონეზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება უნგრეთსა და საქართველოს შორის, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, ძალიან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები, რაც, მათ შორის, გამოიხატება იმაში, რომ გვაქვს ძალიან ხშირი შეხვედრები, ვიზიტების ინტენსიური გაცვლა და ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ და განვავითაროთ. სამიტის ფორმატი ამის ძალიან კარგი შესაძლებლობაა,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

,,საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”- ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე-2 სხდომაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავება. 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარება. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა, თუმცა რესურსი კიდევ უფრო მეტია. ჩვენს ინტერესებშია, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად. ვფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. 
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავება. დღეს აქ წარმოდგენილია  მთავრობის მთლიანი შემადგენლობა და ჩვენთვის ყველა სფეროში საინტერესოა თანამშრომლობა, ისეთ სფეროებში, როგორიც არის ენერგეტიკა, დაკავშირებადობა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, კულტურა, სამართალდამცავი სფერო, იუსტიცია, ჯანდაცვა, ყველა მიმართულებით ვართ ძალიან დაინტერესებული, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ თანამშრომლობა. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორმხრივი კომისიის დარგობრივი ფორმატებიც კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ჩვენი სურვილია, რომ ამ კუთხით თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ. 
ასევე მოხარული ვართ, რომ ვითარდება სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობასთან და ამ მიმართულებითაც მზად ვართ მაქსიმალური თანამშრომლობისთვის. მოხარული ვართ, რომ ამ დღეების განმავლობაში ხელი მოეწერება მნიშვნელოვან მემორანდუმებს, რომლებიც ითვალისწინებს სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. 
თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის  მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, რწმენას გამოვთქვამ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, ეს სამიტიც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და განვითარებაში”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა ცვლილებები, რომელიც პირს ავალდებულებს, მისი დანაშაულით გამოწვეული ზიანი დაზარალებულს აუნაზღაუროს გონივრულ ვადაში და არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია

„ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც ინერგება საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე.

სისხლის სამართლის კოდექსში მომზადებული ცვლილებები პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტის სახით მომავალ კვირას ბიუროს სხდომაზე წარედგინება, რაც ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის საკითხებს ეხება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მოქმედ კოდექსს ემატება ახალი თავი, რომელიც დეტალურად დაარეგულირებს საქართველოდან გასვლის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და თავისებურებებს. კანონპროექტში ნათქვამია, რომ საქართველოდან გასვლის აკრძალვა სოციალური დაცვის ღონისძიებაა და მისი მიზანია, პირის მიერ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის თავის არიდების პრევენცია.

ინიციატორები განმარტავენ, რომ საქართველოდან გასვლის აკრძალვა ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი მოვალეა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი დაზარალებულს აუნაზღაუროს გონივრულ ვადაში და არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია.

რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს, პროექტით, საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის კატეგორიისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლებისთვის დადგენილი ვადის გაორმაგებით. კერძოდ, პროექტით, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის 6 წელი იქნება, მძიმე დანაშაულისთვის – 12, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის – 16 წელი.

„საქართველოდან გასვლის აკრძალვა შეიძლება დაინიშნოს სასჯელის ან პირობითი მსჯავრისგან დამოუკიდებლადაც. ასევე, თუ პირი სასჯელისგან სრულად გათავისუფლდება. ამასთანავე, საქართველოდან გასვლის აკრძალვის დანიშვნა შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისთვის სოციალური დაცვის ღონისძიებად არ არის მოცემული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებულ შესაბამის მუხლში. კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებით, საქართველოდან გასვლის აკრძალვა აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებითაც“, – ნათქვამია პროექტში.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოდან გასვლის აკრძალვის საფუძველი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლი იქნება.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოდან გასვლის აკრძალვის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, დანაშაულის შემდგომ ქცევას, მის მზაობას, რათა გონივრულ ვადაში აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.

კანონში გაწერილი იქნება ის შემთხვევები, როდესაც არ ხდება საქართველოდან გასვლის აკრძალვის დანიშვნა. კერძოდ: დაზარალებული თუ წერილობით უარს განაცხადებს მისთვის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ პირის შერაცხადობა გამოირიცხება სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოდან გასვლის აკრძალვის მოხდა შეჩერდება მის გამოჯანმრთელებამდე. რაც შეეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც დანაშაულის განხორციელებაში ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა, მათ ეკისრებათ ზიანის სოლიდარულად ანაზღაურების ვალდებულება, – აღნიშნულია პროექტში.

კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც პირს აძლევს შესაძლებლობას, გათავისუფლდეს საქართველოდან გასვლის აკრძალვის მოხდისგან, თუ იგი დააკმაყოფილებს  შემდეგ მოთხოვნებს: ა) მსჯავრდებულმა სრულად აანაზღაურა ზიანი; ბ) დაზარალებული წერილობით უარს განაცხადებს მისთვის ზიანის ანაზღაურებაზე; გ) დაზარალებული თანახმაა, რომ მსჯავრდებულს მოეხსნას საქართველოდან გასვლის აკრძალვა და გაურიგდება მას ზიანის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებზე. ნასამართლობის მოხსნა ან გაქარწყლება არ გაათავისუფლებს პირს საქართველოდან გასვლის აკრძალვის მოხდისგან.

,,ნამდვილად მიკვირს ბრიტანეთის საელჩოს ასეთი გაცხადებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყველასთვის ცნობილ დესტრუქციულ „ენჯეოებს“ ვეღარ დააფინანსებენ”- ნინო წილოსანი

ვხედავთ, რა ტრაურია გამოცხადებული დესტრუქციულ „ენჯეო“ სექტორში იმის გამო, რომ თავიანთი მავნებლობისთვის დაფინანსებას ვერ მიიღებენ, თუმცა ნამდვილად მიკვირს ბრიტანეთის საელჩოს ასეთი გაცხადებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყველასთვის ცნობილ დესტრუქციულ „ენჯეოებს“ ვეღარ დააფინანსებენ, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“.

მან აღნიშნა, რომ ის ორგანიზაციები, რომელთა დაფინანსებაც სურთ, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ.

„რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ორგანიზაციების დაფინანსების შესაძლებლობის გაუქმებაზე საუბრობს ბრიტანეთის საელჩო, მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რომ საზოგადოებაში ვინმე ამაზე ინერვიულებს. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ გვაქვს მიღებული იდენტური კანონი, იდენტური პრინციპები, რომლებიც სხვა ქვეყნების შემთხვევაში მოქმედებს და, რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში დონორებს სურთ თავიანთი თანხების დახარჯვა, ამის მიზნობრიობა აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული და რა თქმა უნდა, უნდა იყოს მთავრობის თანხმობა“, – განაცხადა წილოსანმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში ნახსენებია ეუთო და აღნიშნა, რომ საქმე კვლავ ორმაგ მიდგომასთან გვაქვს.

„როდესაც ვხედავთ ორმაგ მიდგომას – რომ ერთ შემთხვევაში შენი შფოთვის საგანია ჩაერთვება თუ არა ეუთო თვითმმართველობის არჩევნებში, ხოლო მეორე მხრივ ეუთოს დასკვნას არ აღიარებ და ყველა შენი დაფინანსებული „ენჯეოების“ რესურსით ებრძოდე აღნიშნულ დასკვნას და საწინააღმდეგოს ამტკიცებდე, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მიჩნეული მეგობრულ და ობიექტურ ჟესტად“, – დასძინა წილოსანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შესაბამისი კანონმდებლობის ბოლომდე მიყვანის ვადები დარღვეული არ არის და მთავრობა დეტალური წესების შექმნაზე მუშაობს.

ბრიტანეთის საელჩოს განცხადების თანახმად, მათ უწევთ მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რადგან საქართველოს მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის დასრულებული.

რა ეღირება დოლარი და ევრო 12 ივნისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7306 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7306 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7306 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1238 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1189 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0049 ლარი შეადგინა.

ერთადერთი, რასაც საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის ქმედებებს უპირისპირებს არის საქმე – მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის აქტივიზმს უპირისპირებს საქმეს, რეალურად ჩვენ მუშაობთ იმ მიმართულებით, რომ საქართველოში იყოს შესაძლებლობა სტაბილური განვითარების – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ბრიუსელში ყოფნა ახალი ინსტრუქციების მისაღებად დაბარებას ჰგავს.

„ეს უფრო ჰგავს დაბარებას ბრიუსელში ახალი ინსტრუქციების მისაღებად ბიუროკრატიისგან, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მათ შემდგომში. ეს არის კოორდინირებული მოქმედება, რასაც ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის თუ პოლიტიკური აქტივისტების მხრიდან. დიდი ალბათობით ისინი მიიღებენ ახალ ინსტრუქციებს, რომლის მიხედვითაც დაგეგმავენ ახლო მომავალში სხვადასხვა ქმედებებს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.

ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოზიტიურად წარმოჩენა და ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის მაღალ დონეზე აღნიშვნა არის დამკვიდრებული პრაქტიკა.

„მილანში იმყოფებოდნენ მაღალი დონის სტუმრები და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მაღალი დონის სტუმრების შესაბამისად მასპინძლობა, ასევე ჩრდილოეთ იტალიის უმნიშვნელოვანეს რეგიონებში საქართველოს წარმოჩენა მაღალ დონეზე. იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარი სამშობლოს საბოტაჟით არიან დაკავებული, არ არის გასაკვირი ეს აჟიოტაჟი და მიანიშნებს ერთადერთ რამეს, ყველაფერი, რაც საქართველოს ინტერესებშია იწვევს იმ ხალხის გაღიზიანებას. მათი მიზანი არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაზიანება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გრანტების შესახებ“ კანონი, წესით, რამდენიმე დღეში უნდა ამოქმედდეს, ცუდია, როცა ბრიტანეთის საელჩო რამდენიმე დღით ასწრებს და ზიანს აყენებს სახელმწიფოს-მამუკა მდინარაძე

ძალიან მალე ძალაში იქნება შესული შესაბამისი ნორმა და ქართველი იქნება თუ ბრიტანელი, საქართველოს ტერიტორიაზე იმოქმედონ იმ კანონის შესაბამისად, რომლის მიხედვით, გრანტზე საჭირო იქნება მთავრობის თანხმობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე, სადაც ნათქვამია: „ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები. სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო გვიწევს, გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას“.

„დემოკრატია საფრთხეშია, აგენტურა ვეღარ ფინანსდება, დაახლოებით ამას ჰგავდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება. წესი არსებობს, რომელსაც ქვეყანა ადგენს. ამ წესებს ძალიან მალე დავადგენთ. იცით, რომ ეს მიმდინარე პროცესია. წესით, რამდენიმე დღეში კანონი უნდა ამოქმედდეს, რომლის თანახმად, შეგიძლია, მთავრობას მიმართო და კეთილშობილური მიზნები თუ გაქვს, თანხმობას მიიღებ. ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდია, როცა რამდენიმე დღით ასწრებ და ზიანს აყენებ სახელმწიფოს, ახორციელებ გარკვეულ თავდასხმას საელჩოს მხრიდან. ზუსტად როცა იცი, რომ რამდენიმე დღეში შესაბამისი ნორმა იქნება, შემდეგ მთავრობას მიმართავ და შეგიძლია, თანხმობა მიიღო და დღეს ამბობ, რომ ეს საშინელება ხდება, ეს ძალიან ცუდია რამეა, რაც დიდი ბრიტანეთის საელჩოს შეუძლია, გააკეთოს. აქ სადიალოგო არაფერია. ძალიან მალე ძალაში იქნება შესული შესაბამისი ნორმა და ქართველი იქნება თუ ბრიტანელი, საქართველოს ტერიტორიაზე იმოქმედონ იმ კანონის შესაბამისად, რომლის მიხედვით, გრანტზე საჭირო იქნება მთავრობის თანხმობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 5 დღე რჩება

თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე  დასარეგისტრირებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. განაცხადების მიღება მომდევნო 5 დღის განმავლობაში, 15 ივნისამდე გაგრძელდება, პროექტის ვებ-გვერდზე – https://www.businessaward.ge/ .

 ამ დრომდე, მონაწილეობის სურვილი უკვე 300-ზე მეტმა ბიზნესმა გამოთქვა და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. რიგით მე-9 ბიზნესდაჯილდოებაზე, ფინალისტების და გამარჯვებულების ვინაობა დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი და მათ, სპეციალურად პროექტისთვის შერჩეული ჟიური გამოავლენს.

წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით დაბრუნდა, მათ შორის ახალი ნომინაციით- საუკეთესო ფრილანსერი. ბიზნესებს წელს, 5 კატეგორიაში შეუძლიათ დარეგისტრირება: 

  1. საუკეთესო პროდუქტი 
    2. საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი 
    3. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა 
    4. გამორჩეული როლი რეგიონში 
    5. საუკეთესო ფრილანსერი 

გამარჯვებულებისთვის სამი კატეგორიის პრიზია დაწესებული. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიოს ჯილდოდან ერთ-ერთი: ახალი ვებ-გვერდი; ბრენდინგი ან საკომუნიკაციო მხარდაჭერა.

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის  მთავარი პარტნიორია – Visa. მხარდამჭერი –  აჭარა ჯგუფი. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia. 

 

®

თიბისი აგრობიზნესისთვის – შალვა იოსელიანის მეფუტკრეობა სოფელ ბაშში

ფუტკრები დიდ როლს თამაშობენ ეკოსისტემაში. მათ გარეშე მცირდება ბიომრავალფეროვნება, ირღვევა საკვები ჯაჭვი და მცენარეთა სახეობები საფრთხის წინაშე დგებიან. თუმცა საბედნიეროდ ჯერ კიდევ შეგვიძლია ერთ-ერთი უძველესი პროდუქტის თაფლის მიღება.


თავს  უსაფრთხოდ  გრძნობს შალვა იოსელიანის 800 -მდე ოჯახი სკა ფუტკარიც. პროფესიით ელექტრონიკის ინჟინერი, გამოთვლების ცენტრებს ამონტაჟებდა, თუმცა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ  ახალ საქმეს მოჰკიდა ხელი.

„იმ პერიოდში ფუტკრის შხამის ბუმი იდგა. ის აქტიურად გამოიყენება როგორც ფარმაცევტულ მრეწველობაში, ასევე კოსმეტოლოგიაში და საქართველოდან ექსპორტზე გადიოდა. ჩვენ ფუტკრის შხამის გენერატორებს ვაწარმოებდით.  თუმცა, მალე მოთხოვნა შემცირდა და ფუტკრის ოჯახების გამრავლება დავიწყეთ“- იხსენებს შალვა იოსელიანი.

დღეს სამტრედიის სოფელ ბაშში მას  მეურნეობა აქვს და წელიწადში  20 ტონამდე თაფლს აწარმოებს. ფუტკრები კი სამეგრელოში, გურიაში და იმერეთის სხვადასხვა სოფლებში ჰყავს განთავსებული.

„ორი და სამი კილომეტრის  დაშორების რადიუსში განთავსებულ საფუტკრეში გემოც კი განსხვავდება“-გვიხსნის შალვა.

მზიანი, თბილი და მშრალი ამინდები – იდეალურია ფუტკრებისთვის. ასეთ პირობებში  თაფლის რაოდენობა და ხარისხი იზრდება. ცუდ ამინდში მათ  სკიდან გასვლა უჭირთ, ნექტარიც ნაკლებია ბუნებაში, რაც თაფლის წარმოებას ამცირებს, დიდი შანსია ფუტკრები დაიხოცნონ.

როცა ისეთ საქმიანობას ეწევი, სადაც  მხოლოდ დაუღალავი შრომა საკმარისი არაა და  გარემო პირობებზეც ხარ დამოკიდებული, მნიშვნელოვანია სტაბილური პარტნიორის ყოლა. 10 წელზე მეტია შალვა იოსელიანი თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს.

“თიბისის მხარდაჭერა საშუალებას  მაძლევს  მყავდეს ადამიანები დასაქმებული და ზაფხულის სამუშაოები გავწიო”- ამბობს  მეფუტკრე.

როგორც შალვა  იოსელიანი გვიხსნის, საქართველოში სარეალიზაციოდ ყველაზე პოპულარული  წაბლის და აკაციის თაფლია.

“ადამიანი შედეგით არასდროს არაა კმაყოფილი და ბუნებრივია უნდა თაფლის მეტი რაოდენობა მიიღოს. 64 წლის ვარ, ვაპირებ ამ საქმეში კიდევ 6 წელი ვიყო”- ამბობს”- ამბობს მეფუტკრე.

გაიხსნა ჩორჩანას საგუშაგო თუ არა, სოფელ წაღვლის ტერიტორიაზე შემოვიდნენ რუსები და მათაც გააკეთეს საგუშაგო, წაიღეს სოფლის ტყე – ელგუჯა ხარაზიშვილი

გაიხსნა ეს საგუშაგო თუ არა, გავიდა ცოტა ხანი და სოფელ წაღვლის ტერიტორიაზე შემოვიდნენ და რუსებმა გააკეთეს საგუშაგო. გაკეთდა რუსების საგუშაგო და წაიღეს სოფელ წაღვლის ტყე, შემოვიდნენ დაახლოებით კილომეტრნახევარი. ვერანაირად ვეღარ შევდივართ, 2019 წლის 24 აგვისტომდე შევდიოდით, – ამის შესახებ ჩორჩანის მკვიდრმა, ელგუჯა ხარაზიშვილმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებული მოვლენები განიხილება.

ხარაზიშვილის განცხადებით, ოკუპანტებმა ტერიტორია მავთულხლართებით შემოღობეს და სოფლის მოსახლეობისთვის ტყით სარგებლობა შეუძლებელი გახდა.

“როდესაც რუსების საგუშაგო გაკეთდა, ის ტერიტორია შემოიღობა მავთულხლართებით. სოფელში ჩამოდიოდა მდინარე, ისინი მდინარის გამოღმა მანამდე არასდროს გადმოსულან, მაგრამ ჩვენებმა რომ საგუშაგო გააკეთეს, ამათ შემოიწიეს კილომეტრ ნახევარი, ის მდინარეც გადმოლახეს. სოფელი მანამდე იმ ტყით ვსარგებლობდით, შეშა იქიდან გამოგვქონდა, ჯონჯოლზე დავდიოდით, პირუტყვი დაგვყავდა. ახალა ვერანაირად ვეღარ შევდივართ იქ, ერთ მწყემსს, რუსმა “სალდატმა” ისიც კი უთხრა, რომ 200 მეტრზე ახლოს არ მოხვიდე, თორემ გესვრიო.” – განაცხადა ელგუჯა ხარაზიშვილმა.

საქართველოს 7-ქალა ევროპული რაგბის ელიტაში – რაგბი ევროპის ჩემპიონატი იწყება

მოახლოვდა საქართველოს 7-ქალასთვის და ქართული რაგბისთვის ისტორიული დღეები. 13-15 ივნისს, ჩვენი ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.

ჯაბა მალაღურაძემ და მისმა გუნდმა, ელიტაში ყოფნის შესაძლებლობა მძიმე და დაუღალავი შრომით მოიპოვეს. იმედია, საქართველოს 7-ქალა ნაკრები, რაგბის ევროპულ ელიტაში თავს მალე დაიმკვიდრებს.

რაგბი ევროპის პირველ ეტაპზე, რომელიც მაკარსკაში (ხორვატია) გაიმართება, საქართველოს 7-ქალა ნაკრების მეტოქეები A ჯგუფში იქნებიან საფრანგეთი, ჩეხეთი და ირლანდია.

13 ივნისს, საქართველოს ნაკრები მაკარსკაში ორ შეხვედრას გამართავს:
საფრანგეთი Vs საქართველო (14:20 თბილისის დროით)
ჩეხეთი Vs საქართველო (20:30 თბილისის დროით)

14 ივნისს კი, ტურნირზე გამოსვლას ირლანდიასთან მატჩით (12:00 თბილისის დროით) დაასრულებს.

ჯაბა მალაღურაძის გუნდმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპი გერმანიასა და საფრანგეთში გაიარა; ბონში 6 ამხანაგური მატჩი ჩაატარა; ხოლო საფრანგეთში, ქალაქ ტურის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის, ჩვენი 7-ქალას შემადგენლობა ასეთია:

სალომე მაკასარაშვილი, თეონა ჩიტაიშვილი, ანა დათიაშვილი, ანა პოღოსიანი, მანონი საღარაძე, სალომე საღარაძე, მარიამ გოგუაძე, კირა დანელია, ლიკა ხუფენია, ნინო წიკლაური, ანა ხაბულიანი, ანასტასია ახვლედიანი, ანნა რურუა.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი ორ ეტაპად ჩატარდება – ხორვატიასა და გერმანიაში.

თიბისი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს 7-ქალა ნაკრებს და საქართველოში ქალთა რაგბის განვითარებას. წარმატებას ვუსურვებთ მათ ამ მნიშვნელოვან ტურნირზე  და ვამაყობთ თითეული მათგანით, რადგან 7-ქალა ნაკრების მოთამაშეებმა უკვე გვაჩვენეს, რა ძალა, მოტივაცია და მიზანმიმართულობაა მათში;  რწმენა იმისა, რომ ნებისმიერი სირთულის გადალახვა და სასურველი მიზნის მიღწევა შესაძლებელია, მთავარია, გჯეროდეს.

#ერთადგავიმარჯვებთ

შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთ რესტორანში დაპირისპირებაში მონაწილე, სამმართველოს შენობაში შეუძლოდ გახდა და 2 დღეში კლინიკაში გარდაიცვალა – ჯგუფური ძალადობის ბრალდებით კი სამი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ ასაჯაროებს ინფორმაციას. როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დაპირისპირებაში ერთ-ერთი მონაწილე, გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს შენობაში „დროის მოკლე პერიოდში, შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა, სამართალდამცავებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს და მოხდა მისი სტაციონარში გადაყვანა“, 2 დღის შემდეგ კი ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა სამი პირი უკვე დააკავეს.

„მსურს საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი – ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ორი პირის სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყეს, რაც სხეულის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისს, რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკება მოგვიანებით ამავე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს 1998 წელს დაბადებულმა ს.უ-მ და 1996 წელს დაბადებულმა დ.ს-მ სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის თავის არეში დაზიანებები მიაყენეს 1987 წელს დაბადებულ ა.ყ-ს. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს ა.ყ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა ს.უ.-სა და დ.ს.-ს, ხოლო ა.ყ-ს თანმხლებმა პირმა, ი.ტ-მ ფიზიკურად იძალადა კონფლიქტში მონაწილე ს.უ-სა და დ.ს-ზე. მომხდარი ფაქტის შემდეგ, როგორც დაპირისპირებაში მონაწილე, ისე მომხდარის შემსწრე პირებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს. შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოში იქნენ წარმოდგენილები. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეო სამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებულია დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა, რასაც საზოგადოებისთვის ვასაჯაროებთ.

მოგახსენებთ, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს შენობაში ა.ყ. დროის მოკლე პერიოდში, შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. სამართალდამცავებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს და მოხდა მისი სტაციონარში გადაყვანა. პოლიციამ მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მყისიერად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან ორ დღეში ა.ყ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

პოლიციამ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი უკვე დააკავა, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვთ პატიმრობა. გამოძიების მიერ დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და საგამოძიებო ორგანო ფაქტზე გამოძიებას აგრძელებს. შს კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს და აქტიურ კომუნიკაციაშია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან. მოვუწოდებთ, საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირებსა და მედიასაშუალების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ იმგვარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ხელს შეუშლის გამოძიებას ობიექტურობის დადგენაში“,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.