Home Blog Page 45

არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში – თინა ბოკუჩავა 

დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელი შეხვედრისას კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს „ქართული ოცნების“ სახით, არავინ, არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გაყალბების სამხილები წარუდგინეს.

„დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო იმ გაყალბების სამხილების წარდგენა მათთვის, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ასევე კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ის ერთობა, რომელიც არის ოპოზიციურ ფრონტზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ სწორი პოზიციონირებისთვის. ასევე, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს „ქართული ოცნების“ სახით. არავინ, არცერთ ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, რომელიც ფორმირების მცდელობაც ექნება ხელისუფლებას. დაბოლოს, დღეს ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ჩვენი გეგმების ფუნდამენტური ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი ნაწილი. ხანგრძლივი, განგრძობადი და მიზანმიმართული, შედეგზე ორიენტირებული საპროტესტო აქციები საზოგადოების აქტიურ ნაწილთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ და კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ – ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, პროგრესი არ არის – ლიეტუვის ელჩი

მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ – ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩი, დარიუს ვიტკაუსკასი X-ის პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, პროგრესი არ არის.

„მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ – „ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, როდესაც მას [ანგარიშს] კითხულობთ“. პროგრესი არ არის, ჩიხია, უწყვეტი ჩიხია, რეგრესი თუ არა,” – წერს ვიტკაუსკასი.

ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის საგამოძიებო კომისია – ანა დოლიძე

ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის საგამოძიებო კომისია, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც მან „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე მედიას განუცხადა, „ახლა ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებების შენახვა ე.წ. დამაგრება იმიტომ, რომ მათი განადგურების საფრთხე არსებობს“.

„არსებობს მსხვერპლებზე და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის საგამოძიებო კომისია. ძალიან მალე უნდა ჩამოვიდეს ეს მისია და პირველ რიგში უნდა ეთქვას ჩვენს უწყებებს, რომ გვაჩვენონ არის თუ არა დალუქული ეს მანქანები. გვაჩვენონ არის თუ არა დალუქული ქვითრები, შევინახოთ მტკიცებულებები იმ გამოძიებისთვის, რომელიც აქ ადრე თუ გვიან წარიმართება”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი ლიდერები დიპლომატებს გააცნობენ იმ „სქემებს და ინსტრუმენტებს, რომლითაც მოხდა არჩევნების მიტაცება“.

ამასთან, მან განაცხადა, რომ მიესალმება ყველა ფორმით წინააღმდეგობას, რომელიც მშვიდობიანი იქნება.

„შესაბამისად, კარვები იქნება თუ მშვიდობიანი შეკრება, მივესალმებით. ვისაც შეუძლია ეს გააკეთოს, ვისაც შეუძლია განცხადებების წერა და გასაჩივრება, დაწეროს, დიპლომატები დიპლომატებს ესაუბრონ“, – განაცხადა დოლიძემ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ

„ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მივიდნენ: ჩეხეთის, ლიეტუვის, შვედეთის, ნორვეგიის, შვეიცარიის, ისრაელის ელჩები და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

როგორც დღეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მთავარი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ელჩისთვის „ყველა კომპოზიციისა და კომპონენტის წარდგენაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე განახორციელა“.

პოლიტიკური თვალსაზრისით „ბრიუსელი“ გადაიქცა „მოსკოვად“ – დავით ქართველიშვილი

x

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ულტრამემარჯვენე ლიდერის ჰერბერტ კიკლის მიერ ვენის დეკლარაციაზე ხელის მოწერის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ევროკავშირის სივრცეში შეიმჩნევა საქართველოსთვის კარგად ნაცნობი სურათი, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში განვითარდა – საბჭოთა კავშირიდან მისი რესპუბლიკების გასვლის პროცესის დაწყებით.

„ევროკავშირის სივრცეში აშკარად შეიმჩნევა გარკვეული „დეჟა-ვიუ“, ანუ ჩვენთვის 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისიდან კარგად ნაცნობი სურათი: საბჭოთა კავშირიდან მისი რესპუბლიკების გასვლის პროცესის დასაწყისი. იმ საბჭოთა კავშირიდან, რომლის კონსტიტუცია ითვალისწინებდა სსრკ-დან მასში შემავალი სუბიექტების გასვლის პროცედურას, მაგრამ რეალურად ეს უფლება სისხლით უნდა მოგეპოვებინა – როგორც ეს საქართველომ გააკეთა 1989 წლის 9 აპრილს.

დღეს მსგავსი მოვლენები ვითარდება ჩვენს თვალწინ – „ევროსაბჭოთა კავშირის“ მაგალითზე, სადაც პოლიტიკური თვალსაზრისით „ბრიუსელი“ გადაიქცა „მოსკოვად“. ამ ვითარებაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ულტრამემარჯვენე ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა ხელი მოაწერეს ვენის დეკლარაციას.

ერთობლივ დეკლარაციაში ორბანმა და კიკლმა განაცხადეს, რომ ევროპისა და ევროკავშირის რეფორმა არ გულისხმობს „იძულებით ცენტრალიზაციასა და ინსტიტუტების გართულებას, არამედ ძალაუფლების დაბრუნებას ხალხისა და წევრი ქვეყნების მიერ არჩეული დეპუტატებისთვის. საჭიროა, შემცირდეს ბრიუსელის პოლიტიკური წონა და, ამავდროულად, გაძლიერდეს წევრი ქვეყნების პირდაპირი და საპარლამენტო დემოკრატია“, – წერს დავით ქართველიშვილი.

,ტექნიკურად ვერანაირი შეღწევადობა ვერ დადასტურდა ელექტრონული არჩევნების სისტემაში”- გიორგი ვოლსკი

სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციონერი ლიდერების გამოძიებისთვის ნათქვამი უარი, მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ არცერთ მათგანს კონკრეტული მტკიცებულებები არ აქვს. ამ თემაზე კომენტარი პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

„სალომე ზურაბიშვილი არათუ უნდა მიდიოდეს საგამოძიებო სტრუქტურებში და აძლევდეს შესაბამის მასალასა და ინფორმაციას, რაც ხელთ აქვს, არამედ უნდა მოუწოდებდეს ყველა შესაბამის სტრუქტურას, მათ შორის დაზვერვის სამსახურს, უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურას, რომ სასწრაფოდ, გადაუდებლად დაიწყოს ამ თემაზე გამოძიება. მაგრამ ვინაიდან რევიზია ჩატარებულია, აუდიტი ჩატარებულია, ტექნიკურად ვერანაირი შეღწევადობა ვერ დადასტურდა ელექტრონული არჩევნების სისტემაში, რასაკვირველია, ეს არის მიზეზი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი და სხვები არ მიდიან საგამოძიებო სტრუქტურებთან და არ ესაუბრებიან კონკრეტულ ფაქტებზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. 

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 ნოემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7264 ლარი ეღირება, ევრო – 2.9595 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5203 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7427 ლარი ღირდა, ევრო – 2.9810 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5622 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2 ნოემბერს ამოქმედდება.

,,ყველას თავი მოგებული ჰგონია, ახლა ფიქრობენ, როგორ შეძვრნენ პარლამენტში, ოღონდ ისე, რომ ეს სხვას დაბრალდეს”- იაგო ხვიჩია

“გეგმა აქვს პარლამენტში შესვლის [ოპოზიციას], ოღონდ ისე, რომ სხვას დაბრალდეს ეს, ეს არის გეგმა, ყველას თავი მოგებული ჰგონია, ახლა ფიქრობენ, როგორ შეძვრნენ პარლამენტში. უბრალოდ, იმდენი იყვირეს, მოვიგეთ, მოვიგეთო, რომ ახლა ფიზიკურად ვერაფერს შვებიან,” – ამის შესახებ პარტია “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია “დღის კურიერის” ეთერში აცხადებს.

ხვიჩია ხაზს უსვამს, რომ “ეგზიტპოლები გაყალბებული იყო”.

“წინასაარჩევნოდ ყვიროდნენ “4 პარტია ხმა არ დაიკარგოსო”, “ქარტიაო”, რაღაც ასეთ გიჟობას იძახდნენ. გუშინ ამ 4 პარტიიდან უკვე 3 იყო დარჩენილი, თუმცა ამ ოთხივეს აერთიანებს ის, რომ ხალხი ყველამ აზეიმა, მიულოცეს გამარჯვება არარსებული, თავიანთი გაყალბებული ეგზიტპოლებით, ეგზიტპოლები გაყალბებული რომ იყო, ეს ცხადია. ხალხს ეუბნებოდნენ, რომ “4 პარტიაო, ხმა არ დაიკარგოსო, გავიმარჯვეთო”, მერე უცბად აღმოჩნდა, რომ წაგებულები არიან, გეგმას გეტყვითო, შეკრიბეს ეს ხალხი ერთხელ, რაღაც ლოზუნგებით მიმართეს – დაშალეს, არაფერი არ უთხრეს. გუშინ შეიკრიბნენ, 7-ზე გეტყვით გეგმასო, 7-ზე არაო, 8-ზეო იმიტომ, რომ გახარიას ველაპარაკებითო. მერე 8-ზე გამოვიდნენ და თქვეს, ორშაბათს შევიკრიბოთო და იქ გეტყვითო გეგმასო, რუსთაველზე თუ გამოივლითო; ახლა დღეს ეკითხებიან, კარვებზე არისო გამოსავალიო, არჩევნები გაყალბდაო, სპონტანურად რაღაცებს ისვრიან.

გეგმა აქვს პარლამენტში შესვლის [ოპოზიციას], ოღონდ ისე, რომ სხვას დაბრალდეს ეს, ეს არის გეგმა. ყველა ხვდება, რომ მიშა გაძარცვეს, სინამდვილეში ჩვენ და მიშამ წავაგეთ არჩევნები, მიშა გაძარცვეს, ყველას თავი მოგებული ჰგონია. ახლა ფიქრობენ, როგორ შეძვრნენ პარლამენტში. უბრალოდ, იმდენი იყვირეს, მოვიგეთ, მოვიგეთო, რომ ახლა ფიზიკურად ვერაფერს ვერ შვებიან, თორემ მართლა რა უნდა გეგმის თქმას ახლა,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 ,,ახლა ოპოზიცია უნდა იყოს ერთი მთლიანი”- თაკო ჩარკვიანი

200 000 კაცი რომ მოვა რუსთაველზე და სახლში გაუშვებ, ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება. ხალხს უკვე კითხვები აქვს, კიდევ უნდა გვაპროწიალონ, თუ რა უნდათ?, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით, ახლა ოპოზიცია უნდა იყოს ერთი მთლიანი.

„თითქმის მთელი საქართველო, ის ამომრჩეველი, რომელიც ვიდექით საპროტესტო აქციაზე, გუშინ ველოდებოდით გეგმას, გეგმა არ გამოცხადდა. ითქვა, გეგმას გამოვაცხადებთო, ეს ნიუანსია აქ მთავარი. სოციალური ქსელი ერთია და ბრიფინგი – მეორე. ბრიფინგს როდესაც გეგმავს, იქ უნდა გაჟღერდეს გეგმა. საუბარი არაა იმაზე, რომ ყოველი ნაბიჯი ნიუანსებით იყოს გაწერილი. წავიკითხე ნიკა მელიას პოსტი, ვინც გეუბნებათ, რომ გაწერილი გვანახეთო. ამას არავინ სთხოვს, საუბარია იმაზე, რა ბრძოლას აპირებენ. ეჭვი რატომ შეიტანა საზოგადოებამ? 200 000 კაცი რომ მოვა რუსთაველზე და სახლში გაუშვებ, ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება. ხაზარაძემ თქვა, ნუ გვაბულინგებთო. კი არ ვაბულინგებთ, მივუთითებთ, რომ მეათედ არ მოუვიდეთ შეცდომა. ორშაბათი რა არის? რატომ შაბათ-კვირას არა, ორშაბათს სამუშაო დღეა. ხალხს უკვე კითხვები აქვს, კიდევ უნდა გვაპროწიალონ, თუ რა უნდათ? აბა, რომ ვიყავით, რატომ არ დაგვტოვეს?

განსაკუთრებით ოპოზიცია ქილიკობდა კარვებზე და ცარიელ კარავში ხომ არ ისხდებიან? რაღაც ხომ უნდა დააფინო და დაჯდე, ცივ ასფალტზე ახალგაზრდა ბავშვი და ხანშიშესული რომ დაჯდება, არ გაცივდეს. ამიტომ ვსაუბრობდი იმ ატრიბუტიკაზე. ანუ, სწორი ყოფილა. ეს ნიშნისმოგება კი არ არის, შეცდომის აღნიშვნაა ჭირისუფლურად, რათა კიდევ არ დაუშვან იგივე შეცდომა. რაც შეეხება ჯანყს, ეს არის ევროპული კონვენციით მონიჭებული უფლება და არამც და არამც არ გულისხმობს შეიარაღებას, მშვიდობიანი პროტესტია. მინდა, კიდევ ერთი რამ ვთქვა ფულიანი ოპოზიციისთვის. ახლა ოპოზიცია უნდა იყოს ერთი მთლიანი. ურთიერთობები არ უნდა ხდებოდეს იმის მიხედვით, ვის მოსწონს, მაგალითად, მამუკა ხაზარაძე ან ვიღაცამ ელისაშვილივით არ მოუხადა ბოდიში მამუკა ხაზარაძეს. მაგალითად, შალვა ნათელაშვილს ვერ ვხედავ, რომელიც მუდმივად თავის ორ პროცენტს დებს. შენ რა, უგულებელყოფ იმ ორ პროცენტს, თუ ხალხი არ არის? ვიდრე ეს დამოკიდებულება იქნება ოპოზიციაში, ვიდრე თანხა გადაწყვეტს, რომ მე სცენა მომაქვს, მომაქვს მიკროფონი და ამიტომ, ვინც მინდა, ის იქნება მიკროფონთან – არა, მიკროფონთან უნდა იყოს ხალხი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

„კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფეისბუქის“ მომხმარებლებს მიმართა, კარვები მიაწოდონ: „ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ. თუ გვაჩუქებთ – გაგვეხარდება, თუ მოგვყიდით – მაინც გაგვიხარდება, რაოდენობა შეუზღუდავია“.

“გენერალი აღიარებს, რომ რუსებმა უკრაინის არმიის ფრონტის ხაზი გაარღვიეს”-The Daily Telegraph

„ვოლოდიმირ ზელენსკის უაზრო პროექტი, „გამარჯვების გეგმის“ სახელწოდებით და საბრძოლო მასალების მიწოდების შემცირება, უკრაინის არმიას დიდ ზარალს აყენებს“, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთში „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „გენერალი აღიარებს, რომ რუსებმა უკრაინის არმიის ფრონტის ხაზი გაარღვიეს“ (ავტორები – ჯეიმს კილნერი და დენიელ ხარდაკერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორც გენერალ-პოლკოვნიკი დიმიტრი მარჩენკო ამბობს, უკრაინის ფრონტის ხაზის ბოლოდროინდელი რღვევა და ჯარების უკანდახევა განპირობებულია იმით, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუმცირდა, ხოლო ქვეყნების ხელისუფლებამ უაზრო ე.წ. „გამარჯვების გეგმა“ შეიმუშავა და მისი იმედი აქვს. „მე არანაირ საიდუმლოს არ გაგიმხელთ, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი ფრონტი ჩამოიშალა“, – უთხრა მან ერთ-ერთ უკრაინელ დეპუტატს ინტერვიუს დროს, რომელიც „იუთუბზეა“ განთავსებული.

ამ კვირაში რუსეთის არმიის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ კრემლის ჯარებმა დონეცკსა და პოკროვსკს შორის მდებარე ქალაქი სელიდოვოს გარეუბნები დაიკავეს, რომელშიც ომის დაწყებამდე დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა.

რუსეთის არმია წინ მიიწევს და პოკროვსკის დაუფლება სურს, რომელიც უკრაინისათვის მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს.

უკრაინელი სამხედროები კომენტარს არ უკეთებენ რუსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სელიდოვოს ნაწილობრივი დაკავების შესახებ, თითქოსდა ეს ქალაქი ფრონტისათვის საერთოდ არ არსებობს, თუმცა გენერალი დიმიტრი მარჩენკო დაბეჯითებით ამბობს, რომ რუსი სამხედრო ქვედანაყოფები მართლაც შევიდნენ ქალაქში:

„ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში ისინი (რუსები] მას მთლიანად ალყაში მოაქცევენ და პოკროვსკისათვის ბრძოლას გააძლიერებენ. ჩვენთვის ეს ძალიან ცუდი იქნება“.

გენერალი დიმიტრი მარჩენკო ცნობილი გახდა 2022 წელს, როცა იგი ჯერ ნიკოლაევის თავდაცვის ქვედანაყოფებს მეთაურობდა, შემდეგ კი ხერსონის გათავისუფლებაში მონაწილეობდა. იგი უკრაინის არმიის სისუსტეს იმით ხსნის, რომ ჯარს აკლია იარაღი, ტექნიკა, დიდი პრობლემებია გაწვევის თვალსაზრისით და სარდლობის მიერ უხეში შეცდომებია დაშვებული. იგი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის – როგორც უმაღლესი მთავარსარდლის – მიერ შემუშავებული „გამარჯვების გეგმა“ ზედმეტად არის ორიენტირებული დასავლელეი მოკავშირეების დახმარებაზე: „ამ გეგმაში არცერთი პუნქტი არ გამოხატავს უკრაინის შესაძლებლობებს და პოტენციალს“.
როგორც ცნობილია, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი გეგმა წარუდგინა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელებს, თუმცა მათ გეგმის მიმართ საკმაოდ გულგრილი დამოკიდებულება გამოხატეს და განაცხადეს, რომ ის უფრო მეტად იარაღის მიღების სურვილს ჰგავს, ვიდრე კრემლის ჯარების განადგურების გენერალურ გეგმას.
უკრაინელი ჯარისკაცების წრთვნების მონაწილე ინკოგნიტო ბრიტანელი ოფიცრის განცხადებით, მათ [უკრაინელებმა] ჯერ კიდევ ვერ შეძლეს სრულად ნატოური სტანდარტებისა და სამხედრო ტაქტიკის ათვისება, ისინი ჯერ კიდევ ვერ იყენებენ პროფესიულად დასავლურ ტექნიკას. „ჩვენ მათ იარაღსა და საბრძოლო მასალებს ვაძლევთ, ისინი კი უარს აცხადებენ დასავლური იარაღი დასავლურივე ტაქტიკით გამოიყენონ“, – განუცხადა ოფიცერმა „დეილი ტელეგრაფს“.

რუსეთ-უკრაინის ომი ორივე მხარისათვის გამაწამებელ და გამომფიტავ სამხედრო მოქმედებად გადაიქცა, თუმცა ყველაზე მეტად უკრაინისათვის. იმიტომ, რომ რუსეთი თვითონაც აქტიურად ამზადებს საბრძოლო მასალებს და დამატებით ირანიდან და ჩრდილოეთ კორეადაც იღებს, უკრაინა კი თვითონ ბევრს ვერაფერს აწარმოებს და ძირითადად დასავლეთზეა დამოკიდებული. კიევი ჩივის, რომ მოკავშირეები დაპირებულ ჭურვებს და რაკეტებს დროულად არ აწვდიან.

უკრაინას სერიოზული პრობლემები აქვს ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ხანია არსებობს. ხელისუფლება საქმის გამოსწორებას ცდილობს, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი წარმატების გარეშე. სიტუაციას ვერ შველის მობილიზაციის კანონის მიღება – უკრაინელები ბოლო დროს არმიაში გაწვევას თავს მასობრივად არიდებენ, ომის პირველი ეტაპისაგან განსხვავებით, როცა ათასობით მოხალისე ნებაყოფლობით მიდიოდა ფრონტზე. მიმინარე წელს გეგმიური ციფრები ჯარში გაწვევის საკითხში შეუსრულებელი რჩება.

მთავრობამ კომპლექტაციის ცენტრებს (გასაწვევ პუნქტებს) ფართო უფლებამოსილება მისცა და კანონი გაამკაცრა, მაგრამ უკრაინელი მამაკაცები თვლიან, რომ არმიაში სამსახური – ეს ცოცხალი ადამიანისათვის ერთი მიმართულებით აღებულ ბილეთს ნიშნავს, რომელიც სიკვდილის ან მძიმედ დასახიჩრების ტოლფასია.

კომენტარებს „ფრონტის გარღვევის“ თაობაზე უკრაინელი სამხედროები თავს არიდებენ: მათგან იშვიათად თუ მოისმენ პირუთვნელ შეფასებას ფრონტზე შექმნილი მძიმე სიტუაციის თაობაზე, თუმცა დასავლელი ლიდერების გამოსვლებში უკვე შეიმჩნევა პესიმიზმი უკრაინის მიმართ, რუსეთზე გამარჯვების შანსებთან დაკავშირებით. აშშ-ში არსებულმა პროუკრაინულმა ანალიტიკურმა ცენტრმა – “ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა” (ISW-Institute for the Study of War) ორი დღის წინ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც რუსეთის არმიის მიერ ბოლო დროის მოქმედება შეფასებულია როგორც „ტაქტიკურად მნიშვნელოვანი შედეგები“.

დასავლელი ანალიტიკოსები უკვე პესიმისტურად არიან განწყობილნი უკრაინის არმიის ბრძოლისუნარიანობის მიმართ და ამბობენ, რომ კიევის ჯარებს ფრონტის ხაზის შენარჩუნება გაუჭირდება. ფინური კომპანიის Black Bird Group-ის ანალიტიკოსი ემილ კასტეჰელმი თვლის, რომ რუსეთის არმიამ ბოლო დროს ბევრ ადგილზე გაარღვია უკრაინის ჯარების თავდაცვა, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთის ფრონტის ცენტრალურ უბანზე – ადრე დაკავებულ უგლედარსა და პოკროვსკს შორის, 60 კილომეტრიან ხაზზე, რაც, როგორც ჩანს, ქალაქ სელიდოვოს სრული ოკუპირების საფრთხეს უქმნის.

„მთლიანობაში სიტუაცია კრიტიკულია, უკრაინის არმიის ძალები ზღვარზეა მისული. ზამთრის ბრძოლები მძიმე იქნება“, – ამბობს ფინელი სამხედრო ექსპერტი
უკრაინის ჯარების წარუმატებლობა ნატოელ მოკავშირეებში უკმაყოფილებას იწვევს, რაც გასაგებია: მათ მილიარდობით დოლარი და ევრო დახარჯეს, შედეგები კი უარყოფითია.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

,,ჩვენს ამომრჩეველს კარგად ვიცნობთ და სიმართლე გითხრათ, არ მგონია, კარავში შევიდნენ” – ნათია მეზვრიშვილი

ჩვენს ამომრჩეველს კარგად ვიცნობთ და სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ისინი კარავში შევიდნენ, თუმცა თუ გადაწყვეტენ, რომ აქციებში უნდა ვიყოთ, ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთას შევასრულებთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია  საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციას ეხმარება როგორც მტკიცებულებების შეგროვებაში, ისე საორგანიზაციო საკითხებში.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენ როგორც შეგვიძლია, მაქსიმალურად  ვეხმარებით ოპოზიციას, მათ შორის ვეხმარებით მტკიცებულებებით, იმ მტკიცებულებებით, რომლებიც ჩვენმა საარჩევნო გუნდმა მოიპოვა. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება, სადაც ჩვენი ამომრჩეველი ჩათვლის, რომ საჭიროა ყოფნა, რათა ჩვენ დავიცვათ ხმები და მოპარული ხმები უკან დავაბრუნოთ. ეს არის ახლა ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა. კარგად ვიცნობთ ჩვენს ამომრჩეველს და სიმართლე გითხრათ, არ მგონია, ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს. თუმცა ჩვენი ამომრჩეველი თუ გადაწყვეტს, რომ აქციებში უნდა ვიყოთ, ბუნებრივია, შევასრულებთ ჩვენი ამომრჩევლების დაკვეთას. ასე იყო წინაზეც, წინა აქციაზეც ჩვენ მივედით.

კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა დეტალებში შეიძლება იყოს განსხვავებები, ჩვენ ასევე გვაქვს მნიშვნელოვანი ხაზი, რომელსაც მივყვებით და არ ვაპირებთ, რომ აქედან გადავუხვიოთ. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ოპოზიციას, იქნება ეს მტკიცებულებების შეგროვება თუ რაღაც საორგანიზაციო საკითხები, ამ ყველაფერში ჩვენ, ჩვენი წარმომადგენლები მაქსიმალურად ვმონაწილეობთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

„კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფეისბუქის“ მომხმარებლებს მიმართა, კარვები მიაწოდონ: „ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ. თუ გვაჩუქებთ – გაგვიხარდება, თუ მოგვყიდით – მაინც გაგვიხარდება, რაოდენობა შეუზღუდავია“.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა. აღნიშნული ციფრი 2005 წლიდან -დღემდე ტავ ჯორჯიას მიერ აეროპორტების მართვის ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლო რეკორდული მაჩვენებელი 2018 წელს 3,808,772 მგზავრით დაფიქსირდა. 2024 წლის ბოლომდე  თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი სავარაუდოდ ოთხი მილიონ რვაასი ათასს მიაღწევს.