Home Blog Page 45

ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ადვოკატის თქმით, ახლა თავად მიდის რუსთავში, რომ შეხვდეს ბაჩიაშვილს და დაელაპარაკოს.

„ამ წუთას გაირკვა, რომ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ჰყავთ შესახლებული. მიზეზს რაც შეეხება, ცხადია, უცნობია. ზოგადად, პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი სხვადასხვა რისკიდან გამომდინარე თავად წყვეტს რომელ დაწესებულებაში შეასახლონ ესა თუ ის პირი. შესაბამისად, მივდივარ რუსთავში, რომ შევხვდე და დაველაპარაკო. ამ წუთისთვის სხვა დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-მა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.

„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენერალური დირექტორი, “ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი “მტკვარი ჰესის” საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ვიცე-ჩემპიონია

მიმდინარე წლის 22-26 მაისს,ესტონეთში, ქალაქ პიარნუში, მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის ( IFA) ეგიდით, ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენები მსოფლიოს 19 ქვეყნიდან.

საქართველოს დელეგაცია 8 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. მათ შორის გახლდათ ომის ვეტერანი, ასევე, ვეტერანი სპორტსმენი, ოთხგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონი, ზვიად ხაჩიძე, რომელმაც, ამჯერად, ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და 4 ვერცხლის მედლით ბრუნდება სამშობლოში.

აღსანიშნავია,რომ ზვიად ხაჩიძე, პიარნუში, ორ სხვადასხვა კატეგორიაში ასპარეზობდა-ვეტერან და შშმ სპორტსმენებს შორის და ფინალში, შვედ მეტოქესთან, მეორე ადგილს დასჯერდა როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელით ორთაბრძოლაში.

საქართველოს ნაკრებმა, ასპარეზობა, 2 ოქროს, 8 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ზვიად ხაჩიძეს, ესტონეთში გამგზავრებაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, კომპანია არემჯი გოლდმაც გაუწია თანადგომა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ზვიად ხაჩიძეს მიღწეულ გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.

ჩემი ინფორმაციით, აქ, გლდანის მერვე დაწესებულებაში უნდა იმყოფებოდეს, თუმცა ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჯერ შემოსახლებული არ არის – გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი

ჩემი ინფორმაციით, აქ უნდა იმყოფებოდეს, მერვე დაწესებულებაში, თუმცა ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჯერ გიორგი შემოსახლებული არ არის, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა ჟურნალისტებს გლდანის ციხესთან განუცხადა.

მისი თქმით, ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ მას ოჯახის წევრმა შეატყობინა.

„მე შემატყობინა ოჯახის წევრმა. გამთენიისას გავიგე მე ეს ინფორმაცია, დედამ მითხრა თუ მამამ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი ინფორმაციით, აქ უნდა იმყოფებოდეს, მერვე დაწესებულებაში, თუმცა ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჯერ გიორგი შემოსახლებული არ გახლავთ აღნიშნულ დაწესებულებაში“, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, ადვოკატმა განაცხადა, რომ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია.

„არანაირი ინფორმაცია არ მქონია და არც მერეალურება. დანარჩენ დეტალებს როდესაც მასთან მექნება კომუნიკაცია და დაველაპარაკები მერე გავარკვევ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ტრამპმა, შესაძლოა, მიმდინარე კვირას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღოს-The Wall Street Journal

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, მიმდინარე კვირას რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაბალი ტემპის გამო მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

როგორც წყარო გამოცემას უყვება, ამერიკის ახალი შეზღუდვები სავარაუდოდ რუსეთის საბანკო სისტემას არ შეეხება. თეთრი სახლი მოსკოვზე ზეწოლის სხვა ვარიანტებს განიხილავს.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, შესაძლოა, ტრამპმა საერთოდ არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღოს, რადგან დაიღალა უკრაინაში ომის გაჩერების უშედეგო მცდელობებით. ის მზადაა დატოვოს მოლაპარაკებები, თუ „ბოლო გაბრძოლება უშედეგო აღმოჩნდება“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში ტრამპი ტრამპი არ იზიარებდა მოწოდებებს რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაძლიერების შესახებ. თეთრი სახლის ლიდერი ამბობდა, რომ ის კარგად იცნობს პუტინს, კრემლის ლიდერი დათმობებზე წავა.

The Wall Street Journal-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც გასულ კვირას პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რა დროსაც კრემლის ლიდერმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე უარი განაცხადა.

ზურაბიშვილმა გამოხატა ძალიან ბუნდოვანი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე არშესვლასთან დაკავშირებით და კითხვის ნიშნები დატოვა -ნიკა მელია

სცენიდან ზურაბიშვილმა გამოხატა ძალიან ბუნდოვანი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე არშესვლასთან დაკავშირებით და კითხვის ნიშნები დატოვა, – დაწერა „ახალის“ წევრმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გუშინდელ აქციაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

„დღეს, სცენიდან ზურაბიშვილმა გამოხატა ძალიან ბუნდოვანი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე არშესვლასთან დაკავშირებით და კითხვის ნიშნები დატოვა, პირად პოზიციას აჟღერებდა თუ პლატფორმაზე არსებული ყველა პარტიის სახელით საუბრობდა. იმედს ვიტოვებ, რიგი პოლიტიკური პარტიები ახლა მაინც დააფიქსირებენ მკაფიო პოზიციას. ერთობა და კოორდინაცია მნიშვნელოვანია იყოს მკაფიო და მყარ პრინციპზე დაფუძნებული“, – წერს მელია.

გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების რისკი ემუქრება – საერთაშორისო იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners

გიორგი ბაჩიაშვილს 2025 წლის 26 მაისს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების რისკი ემუქრება, – ამის შესახებ საერთაშორისო იურიდიული ფირმის, Amsterdam & Partners-ის განცხადებაშია აღნიშნული.

„ბატონი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული გუნდი გამოიყენებს ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რათა საქართველომ პასუხი აგოს ბატონი ბაჩიაშვილის საქმეში ჩადენილი უკანონო ქმედებებისთვის, გააპროტესტოს საქართველოში მართლმსაჯულების მიმდინარე დამახინჯება და მოითხოვოს კომპენსაცია ბატონი ბაჩიაშვილის თვითნებური დაკავებისა და არასათანადო მოპყრობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Amsterdam & Partners -ში აცხადებენ, რომ ბაჩიაშვილი გამუდმებით პოლიტიკური დევნის კამპანიის სამიზნეა, რომელსაც „საქართველოს დე ფაქტო მმართველი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს“.

„ბატონი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის უაზრო და ხანდაზმული ბრალდებები, რომლებიც ათწლეულზე მეტი ხნის წინ ლეგიტიმურ ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება, ასახავს სასამართლო სისტემის სისტემურ გამოყენებას პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად. ბატონი ბაჩიაშვილის იძულებითი დაბრუნება საქართველოში მას თვითნებური დაკავების, იძულებითი დაკითხვისა და არასათანადო მოპყრობის უშუალო რისკის ქვეშ აყენებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Amsterdam & Partners-ში აცხადებენ, რომ საფრთხე რეალურია.

„საფრთხე რეალურია. გაერო-ს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა მიუთითა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ წამების „მრავალი და თანმიმდევრული ბრალდების“ შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ გამოიტანა გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის გამო. ხოლო ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) 2018 წლის საჯარო ანგარიშში საუბარია საქართველოში ცემის, იძულებითი დაკითხვისა და დაკავების დროს არასაკმარისი დაცვის მექანიზმების მუდმივი შემთხვევების შესახებ. ეს შეშფოთება განსაკუთრებით მწვავეა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებში, როგორიცაა ბატონი ბაჩიაშვილის საქმე, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა მთლიანად კომპრომეტირებულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Amsterdam & Partners-ის მტკიცებით, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქართველოში წარმოებული სასამართლო პროცესები თავისთავად წარმოადგენს სათანადო სასამართლო პროცესის ძირითადი სტანდარტების დარღვევას და ის არის უფრო ფართო ნიმუშის ნაწილი, „რომლის მიხედვითაც პოლიტიკურად დაკავშირებული პროკურორები და მოსამართლეები რეჟიმის ოპონენტების გასაჩუმებლად და გავლენის დამოუკიდებელი ცენტრების დასაშლელად გამოიყენებიან“.

„საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პასუხისმგებლობას დააკისრებს ბატონი ბაჩიაშვილის უფლებების ყველა დარღვევისთვის. საქართველომ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და ბატონი ბაჩიაშვილის და სხვა იმ პირების ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიმართულებით, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული დევნის წინაშე იმყოფებიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-მა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.

2025 წლის “ოქროს ბუცის” მფლობელი კილიან მბაპე გახდა

2024/25 წლების სეზონის “ოქროს ბუცი” კილიან მბაპემ მოიგო.

“რეალის” ფორვარდმა ლა ლიგაში თავის სადებიუტო სეზონში 31 გოლი გაიტანა.

მბაპეს დაწევი შანსი სალაჰს ჰქონდა, მაგრამ პრემიერლიგის ბოლო ტურში საჭირო სამი გოლის ნაცვლად მხოლოდ ერთი გაიტანა.

ფრანგმა ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირობაში რობერტ ლევანდოვსკის 4 გოლით გაასწრო. პოლონელს ბოლო ტურში 6 გოლი სჭირდებოდა კილიანის დასაწევად და დუბლით დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ მბაპე “რეალის” მხოლოდ მესამე ფეხბურთელია, ვინც “ოქროს ბუცს” დაეუფლა – უგო სანჩესისა (1990) და კრიშტიანო რონალდოს (2011, 2014, 2015) შემდეგ.

 “ოქროს ბუცის”  2024-25 TOP20

1. კილიან მბაპე (რეალი) 62 (31×2.0)
2. ვიქტორ დიოკერეში (სპორტინგი) 58.5 (39×1.5)
3. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) 58 (29×2.0)
4. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) 54 (27×2.0)
5. ჰარი კეინი (ბაიერნი) 52 (26×2.0)
6. მატეო რეტეგი (ატალანტა) 50 (25×2.0)
7. ალექსანდერ ისაკი (ნიუკასლი) 46 (23×2.0)
8. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) 44 (22×2.0)
8. ომარ მარმუში (აინტრახტი/სიტი) 44 (22×2.0)
9. მიკა ბირეტი (შტურმი/მონაკო) 42.5 (24×2)
10. ეფტიმიოს კულურისი (პოგონი) 42 (28×1.5)
10. უსმან დემბელე (პსჟ) 42 (21×2.0)
10. სერუ გირასი (დორტმუნდი) 42 (21×2.0)
10. პატრიკ შიკი (ლევერკუზენი) 42 (21×2.0)
10. მეისონ გრინვუდი (მარსელი) 42 (21×2.0)
10. ანტე ბუდიმირი (ოსასუნა) 42 (21×2.0)
17. კრის ვუდი (ნოტინგემი) 40 (20×2.0)
17. ბრაიან მბუემო (ბრენტფორდი) 40 (20×2.0)
17. ალექსანდერ სორლოტი (ატლეტიკო) 40 (20×2.0)
20. იოან ვისა (ბრენტფორდი) 38 (19×2.0)
20. აიოსე პერესი (ვილიარეალი) 38 (19×2.0)
20. მოიზე კინი (ფიორენტინა) 38 (19×2.0)

“ოქროს ბუცი” გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე (1.0, 1.5, 2.0). უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზედაც დაკავებული იქნა ერთი პირი.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით საბაჟო კონტროლისგან მალულად, კერძოდ, მისი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსის სალონში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 546 129,52 ლარის საბაჟო ღირებულების 3 197,18 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა თბილისში რუსეთის დროშის “შეურაცხყოფის ფაქტზე” გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის “შეურაცხყოფის ფაქტზე” გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა, – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ალექსანდრ ბასტრიკინმა გამოძიების დაწყება მას შემდეგ ბრძანა, რაც „მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ საქართველოს რესპუბლიკაში, მუსიკალური ფესტივალის დროს, ერთ-ერთმა შემსრულებელმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა შეურაცხყო“.

„რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებს დაავალა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრან, რათა დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე კანონით დადგენილი წესით წარსდგნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ვითარებას რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შეაფასებდნენ.

„დილიდან არაერთი ზარი ისმის, კომენტარის გაკეთების თხოვნით უცნობი ანტიგმირის საქციელზე, რომელმაც რუსული სამფეროვანი დროშით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში. პირველ რიგში, დროშა დროშად დარჩება, რაც არ უნდა ჩაიდინოს შეშლილმა. მეორეც, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას შესაბამის შეფასებას მისცემენ“, – აღნიშნა ზახაროვამ.

უფრო ადრე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსიკალურ ფესტივალზე ქართველმა მუსიკოსმა ერეკლე გეწაძემ “რუსეთის დროშა შეურაცხყო”.

სუს-მა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი, ამის შესახებ სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ზემოაღნიშნული პირი დაკავებულ იქნა.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებს გაწეული დახმარებისთვის“, – აცხადებენ სუს-ში.

27 მაისის ამინდის პროგნოზი და ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

27 მაისს საქართველოში ძირითადად მოღრუბლულ და წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ, თუმცა ნალექის მიუხედავად, თბილი ამინდი შენარჩუნდება.

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +25 – მოღრუბლული

სოხუმი +23 – უმეტესად ღრუბლიანი

ზუგდიდი +25 – უმეტესად ღრუბლიანი

მესტია +19 – მოღრუბლული

ფოთი +21 – მოღრუბლული

ბათუმი +21 – მოღრუბლული

ოზურგეთი +23 – უმეტესად ღრუბლიანი

ქუთაისი +28 – მოღრუბლული

ამბროლაური +26 – მოღრუბლული

ახალციხე +25 – წვიმა

ბორჯომი +24 – მოღრუბლული

ბაკურიანი +19 – წვიმა

გორი +24 – წვიმა

ცხინვალი +22 – მოღრუბლული

სტეფანწინდა +16 – მოღრუბლული

გუდაური +11 – მოღრუბლული

თელავი +23 – მოღრუბლული

რუსთავი +28 – წვიმა

თბილისი +26 – წვიმა

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ბევრი საქმე გაქვთ. თუ პრიორიტეტებს სწორად განსაზღვრავთ, ყველაზე სასწრაფო და გადაუდებელ საკითხებს გაუმკლავდებით. ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ და უმიზეზოდ ნერვიულობთ. ეცადეთ, ნეგატიური ემოციები მოთოკოთ და საყვარელ ადამიანებთან კამათს მოერიდოთ. არახელსაყრელი დღეა დიდი შესყიდვებისა და რემონტისთვის.

კურო

სანამ რამეს იყიდით, დაფიქრდით – შესაძლოა, სრულიად უსარგებლო ნივთებზე მნიშვნელოვანი თანხა დახარჯოთ. ადამიანებთან, ვისთანაც საერთო საქმე გაკავშირებთ, მოსალოდნელია უთანხმოებები. ყველა ცდილობს პირველ ადგილზე საკუთარი ინტერესები დააყენოს და ამის გამო შეთანხმების მიღწევა გიჭირთ. საღამოს რომანტიკული შეხვედრა გელით.

ტყუპები

ცდილობთ საყვარელი ადამიანების მიმართ მომთმენი იყოთ, მაგრამ ყოველთვის არ გამოგდით. გაითვალისწინეთ, რომ მცირე კამათი შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს, ამიტომ ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ. არახელსაყრელი დღეა დიდი მოგზაურობის დასაწყებად.

კირჩხიბი

თუ სამსახურში მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას აპირებთ, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. სხვაბმა შესაძლოა, იმედი გაგიცრუონ. მცირე პრობლემები გელით, რომლებსაც სერიოზული შედეგები არ მოჰყვება, მაგრამ განწყობას გაგიფუჭებთ. ოპტიმიზმი დაგეხმარებათ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოთ. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ.

ლომი

იღბლიანი შემთხვევა დაგეხმარებათ განახორციელოთ ის, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობთ. ყურადღებით მოუსმინეთ ახლობელი ქალის რჩევას. შესაძლოა, ახლობლებს თქვენი თანადგომა დასჭირდეთ და უარი არ უნდა უთხრათ. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ოჯახური პრობლემის მოსაგვარებლად სახლიდან გამგზავრება მოუწევს.

ქალწული

ქაოსის მიუხედავად, რომელიც თქვენ გარშემო სუფევს, სიმშვიდეს ინარჩუნებთ და სწორ გადაწყვეტილებებს იღებთ. სწორედ სიმშვიდე და ლოგიკური აზროვნება გეხმარებათ, რომ მიზნისკენ უმოკლესი გზა მონახოთ, ძველი პრობლემები გადაჭრათ და ყველასთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები იპოვოთ. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა და შეხვედრები ადამიანთან, ვისგანაც ბევრ რამეს ისწავლით.

სასწორი

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია სამსახურზე და ფინანსებზე ფიქრისთვის. შეძლებთ სიტუაცია სწორად შეაფასოთ და მოქმედების სტრატეგია შეადგინოთ. ძველ ნაცნობები რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებიან. მოგვიანებით ახალი ამოცანები და საზრუნავი გაჩნდება და საღამომდე დასვენებისთვის წუთსაც ვერ იპოვით.

მორიელი

ამ დღეს საკუთარი თავისა თუ სხვებისთვის ბევრ კეთილ საქმეს გააკეთებთ, დაეხმარებით მათ, ვინც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. თქვენი პოზიტიური განწყობა გავლენიან ადამიანებს მიიზიდავს და შესაძლოა, თანამშრომლობის საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. მოსალოდნელია მცირე, მაგრამ სამწუხარო ფინანსური დანაკარგი.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ოჯახთან ერთად სამომავლო გეგმების განხილვისთვის. თუ ამომწურავი პასუხის მიღება გსურთ, კითხვა სწორად და გასაგებად უნდა დასვათ. გაურკვევლობამ შეიძლება დაწყებული საქმე ჩიხში შეიყვანოს და დამატებითი სირთულეები შეგიქმნათ. არ ინერვიულოთ – ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან და შეცდომის შანსი დაბალია. შესაძლოა ახალი იდეები და საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდეს.

თხის რქა

დღის დასაწყისი საკმაოდ რთულია, ამიტომ ამ დროს მნიშვნელოვანი საქმეები არ დაგეგმოთ. უმჯობესია წარსულზე დაფიქრდეთ და საკუთარი შეცდომები გააანალიზოთ. ეს დაგეხმარებათ სამომავლოდ, შეცდომები თავიდან აიცილოთ და მომხდარიდან სწორი დასკვნები გამოიტანოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობას.

მერწყული

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. გირჩევთ, ეს შესაძლებლობა რაღაც ახლისა და სასარგებლოს სწავლის და თანამოაზრეების მოსაძებნად გამოიყენოთ. ის ინფორმაციაც კი, რომელიც ახლა უსარგებლო გეჩვენებათ, ძალიან მალე გამოგადგებათ. მარტოხელა მერწყულს ვარსკვლავები რომანტიკული ურთიერთობის დასაწყისს ჰპირდებიან, რომელიც ბევრ ნათელ ემოციას მოგიტანთ.

თევზები

ნაყოფიერი დღეა. შესაძლოა, ისეთი ბიზნესგეგმა შეიმუშაოთ, რომელიც თქვენს შემოსავალს სწრაფად გაზრდის. სავარაუდოდ, მეგობრებს თქვენი რჩევა და დახმარება დასჭირდებათ. ეცადეთ, ყველას დაეხმაროთ, მაგრამ თქვენი სიკეთის ბოროტად გამოყენება არ დაუშვათ. ამ დღეს უჩვეულო, ორიგინალური ნივთების შეძენა სიამოვნებას მოგიტანთ და არც დახარჯულ ფულზე ინანებთ.