Home Blog Page 44

ეს ჩარევა კი არ არის, არამედ, არის პირდაპირი წარმართვა წინასაარჩევნო კამპანიის – გურამ მაჭარაშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე

x

ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთან უნდათ არა პარტნიორული დამოკიდებულება, არამედ, უნდათ პირდაპირი ვასალური დამოკიდებულება, – განუცხადა „ქრონიკას“ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, დადასტურდა, სამწუხაროდ, რომ ისინი არიან ოპოზიციაში უკვე ქართულ ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან.

„ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთან უნდათ არა პარტნიორული დამოკიდებულება, არამედ, უნდათ პირდაპირი ვასალური დამოკიდებულება, რომ ჩვენ ვართ ვასალი ქვეყანა, მონა ქვეყანა, არავინ გვეკითხება ვის ავირჩევთ ხელისუფლებაში. პირდაპირ კარნახობენ ქართველ ხალხს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში.

დაადასტურა, სამწუხაროდ, რომ ისინი არიან ოპოზიციაში უკვე ქართულ ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან. ეს ჩარევა კი არ არის, არამედ, არის პირდაპირი წარმართვა წინასაარჩევნო კამპანიის და პირდაპირი გაუქმება საქართველოს სუვერენიტეტის“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ოპოზიციურმა მედიამ პაველ ჰერჩინსკის სკანდალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ საქართველოს ხელისუფლების წევრები შეუთავსებლები არიან ევროკავშირის ღირებულებებთან. კიდევ ერთი რადიკალური განცხადება უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას. „ფორმულას“ ინფორმაციით, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება. მსგავსი კომენტარი ელჩს მედიასთან არ გაუკეთებია და მან სავარაუდოდ, ისაუბრა სტუდენტებთან შეხვედრაზე. კეზერაშვილის ტელევიზიამ მოგვიანებით ინფორმაცია წაშალა. „ქრონიკა“ ევროკავშირის წარმომადგენლობას დაუკავშირდა და ოფიციალურ განმარტებას ელოდება.

სალომე ზურაბიშვილს თავის განცხადებაში მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ შტაინმაიერი მიესალმა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის დარღვევას – შალვა პაპუაშვილი

ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და მცდელობა კონსტიტუციური პროცესიდან გაყვანის და ყველა, ვინც ამ პროცესში რაღაცნაირად არის ჩართული, იქნებიან ეს პარტიები, თუ იქნებიან ეს უცხოელი აქტორები, რა თქმა უნდა, ამ მხრივ მონაწილეობენ კონსტიტუციის გვერდის ავლის პროცესის დაძვრაში , – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ტექნიკურ მთავრობასთან“ დაკავშირებით.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მიესალმა “ქართულ ქარტიას” ანუ დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის დარღვევას.

მანვე აღნიშნა, რომ გერმანიის მხრიდან არ არის გაკეთებული განმარტება, რამდენად შეესაბამება ზურაბიშვილის განცხადება სიმართლეს.

„ქალბატონმა სალომემ, როდესაც უნებართვო ვიზიტებში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრისას, გერმანიის პრეზიდენტი მიესალმა ამ „ბანანის რესპუბლიკის“ დოკუმენტს, რომელიც ქალბატონმა სალომემ შეადგინა და ზუსტად ამ დოკუმენტში წერია ის, რომ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან უნდა გავიდეს ეს ქვეყანა, არაუფლებამოსილმა პირმა, ქალბატონმა სალომემ უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და ზუსტად ამ დოკუმენტის სულისკვეთებაა, რომ ქართველ ხალხს არ აქვს იმის უნარი, ცოდნა და იმ დონეზე არ ვართ ჯერ ასული როგორც ჩანს ზოგიერთის თვალში, რომ ჩვენ ჩვეულებრივი არჩევნებით ავირჩიოთ ხელისუფლება, გვაკლია ეტყობა ცოდნა და უნარები და ამიტომ დროებითი, ტექნიკური, არაპარტიული ხელისუფლება უნდა გვყავდეს. ამიტომ მე ვერ მივიღე ჯერჯერობით ამ მხრივ განმარტება რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ გერმანიის ხელისუფლება მიესალმება, რომ მოხდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა ამ ქვეყნის და თუ იზიარებს იმ სულისკვეთებას გერმანიის ხელისუფლება, თუკი ამ ქარტიას მიესალმა, რომ ქართველ ხალხს არ შეუძლია აირჩიოს ხელისუფლება რეგულარული წესით, არამედ ეს უნდა იყოს ექსტრაორდინარული მთავრობა. ამიტომ, მე მადლობელი ვიქნებოდი თუკი ამაზე იქნებოდა პასუხი. მე ვნახე, რომ იყო გარკვეული განმარტებები, თუმცა უფრო პასუხისგან თავის არიდება იყო, ვიდრე პირდაპირ კითხვაზე პასუხი. ქალბატონ სალომეს თავის განცხადებაში მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ გერმანიის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის დარღვევას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 8 ოქტომბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7451 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7451 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7354 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0097 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0106 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0177 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0071 ლარი შეადგინა.

მილევადი თანამდებობის პირების განცხადებები უინტერესოა – ნიკა გვარამია კახა კალაძეზე

მომავალი კოალიციური მთავრობა აუცილებლად პატივს სცემს ადამიანის უფლებებს და იმას, რაც დემოკრატიას და საქართველოს ევროინტეგრაციას სჭირდება, – ასე გამოეხმაურა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას.

მისი თქმით, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება, სადაც ის ევროკავშირის ელჩს გამოეხმაურა, მილევადი თანამდებობის პირის განცხადებაა.

„მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური, რომელიც აუცილებლად პატივს სცემს ადამიანის უფლებებსაც და ყველაფერს იმას, რაც დემოკრატიას და საქართველოს ევროინტეგრაციას სჭირდება.

კახა კალაძეს რაც შეეხება, ის არასერიოზული, დასანქცირებული კაცია. ამიტომ მისი გამოთქმები და კომენტარები არ მაღელვებს, არც ვუსმენ მას თუ რას ლაპარაკობს. ეს არის წარმავალი ამბავი, მილევადი თანამდებობის პირების განცხადებები უინტერესოა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებები, მისი მხრიდან პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობაა.

„შენ რომ რაღაც კონკრეტულ კლიპს ტელევიზიაში არ უშვებ, ამას თავისი არგუმენტი უნდა ჰქონდეს. ვიღაცას არ მოეწონა, შემზარავია და უიმე, რა მძიმეა და ამის გამო არ გაუშვა, ეს წარმოუდგენელია. კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მხრიდან. ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში რომ გამოვიდეს საქართველოს ელჩი და ამ ტიპის განცხადება გააკეთოს, წარმოგიდგენიათ უბრალოდ? ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, ქვეყნიდან მაშინვე გამოაპანღურებდნენ“, – განაცხადა კალაძემ.

გადაიქცევა თუ არა ირანის დარტყმა ისრაელზე რეგიონულ ომად? – რას წერს თურქული გამოცემა

თურქული სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციის TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე რუბრიკით „აქტუალური თემის ანალიზი“, გამოქვეყნებულია სტატია, რომლის სათაურია „გადაიქცევა თუ არა ირანის დარტყმა ისრაელზე რეგიონულ ომად?“, რომელშიც თურქი პოლიტოლოგი ჯან აჯუნი ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის პერსპექტივაზე მსჯელობს.

ირანმა საბოლოოდ გვერდზე გადადო თავისი „სტრატეგიული მოთმინება“ და ისრაელს ბალისტიკური რაკეტები ესროლა. ბოლო თვეებში ირანმა განიცადა სერიოზული ზიანი შეკავების კუთხით, როდესაც მან ვერ შეძლო ნამდვილი პასუხის გაცემა ისრაელის აგრესიულ დამოკიდებულებაზე. როდესაც ეს ვითარება შეერწყა ისრაელის თავდასხმებს ჰეზბოლას ხელმძღვანელობაზე, ირანს სხვა გზა არ დარჩა, გარდა პასუხის გაცემისა, ან უნდა აღედგინა თავისი შეკავების ძალა ან უკან დაეხია. ირანმა არჩია პასუხის გაცემა და დაარტყა ისრაელს დაახლოებით 200 ბალისტიკური რაკეტით. რა თქმა უნდა, ამ თავდასხმას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება. ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევრის, ჯან აჯუნის შეფასებას, რომელშიც იგი წერს: 

საბოლოოდ, დასრულდა ირანის „სტრატეგიული მოთმინება“ ისრაელის ხანგრძლივი აგრესიული დამოკიდებულების წინააღმდეგ და განხორციელდა მასშტაბური სარაკეტო შეტევა. ისრაელში მდებარე სამხედრო ბაზები ზებგერითი 200-მდე ბალისტიკური და ატმოსფეროზე ზემოდან მფრენი რაკეტით იქნა დაბომბილი. ზოგიერთი რაკეტა ჩამოაგდეს რეგიონში განლაგებული აშშ-ს საჰაერო თავდაცვის მოთხოვნით და ისრაელის Arrow 2-3 მაღალი სიმაღლის საჰაერო თავდაცვის სისტემებით, მაგრამ ირანის ბალისტიკური რაკეტები ძირითადად სამიზნეებს მოხვდა. პირველადი ინფორმაციით, დაზიანებულია ნევატიმის ავიაბაზა, ტელ ნოფი და ნეტივოტის ბაზები, სადაც F35-ები არიან განლაგებული. ამასთან დაკავშირებით არის ვიზუალური მტკიცებულებებიც. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა ზარალი მიადგა ბაზებს და დაკარგა თუ არა თვითმფრინავები, განსაკუთრებით არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელი სამხედრო ცენზურას ახორციელებს და ზოგიერთი წყარო ასევე ამტკიცებს, რომ ისრაელი F35-ების დაცვას ცდილობდა 5 ტანკერი თვითმფრინავის აფრენით და შეტევამდე ჰაერში შეჩერებით. თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანის გარკვევას უახლოეს დღეებში სატელიტური ფოტოებით შევძლებთ, მაგრამ ცხადია, რომ ირანმა ამჯერად ისრაელს რეალური პასუხ გასცა. ისრაელი სერიოზული დეზინფორმაციითა და პროპაგანდით აცხადებს, რომ მას არ მიუღია რაიმე სერიოზული ზიანი. ის ერთგვარ ფსიქოლოგიურ ომს აწარმოებს. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ძალიან მკაცრად უპასუხებენ. 

რა თქმა უნდა, ირანის ამ გაბედულ თავდასხმას შედეგები მოჰყვება. უპირველეს ყოვლისა, წინააღმდეგობის ღერძის კომპონენტების, განსაკუთრებით ჰეზბოლას, თავდაჯერებულობა განახლდა და დაინახეს, რომ მათ უკან ირანია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ისრაელი ცდილობს ლიბანის სამხრეთში სახმელეთო გზით შეჭრას. ჰეზბოლამ უნდა განაახლოს თავისი სარდლობის დონე რაც შეიძლება მალე და გამოიჩინოს წინააღმდეგობა ველზე. მეორეც, ირანმა აღადგინა თავისი შემაკავებელი ძალა და ახლა ბურთი ისრაელის მოედანზეა. მათ თავიანთ განცხადებებში აღნიშნეს, რომ პასუხი იქნება ძალიან მკაცრი, ისინი სავარაუდოდ განახორციელებენ საჰაერო დარტყმას ირანის წინააღმდეგ, რაც გამოიწვევს ირანის მხრიდან ხელახლა გასროლას. ამრიგად, ორი სახელმწიფო პირდაპირ ომში ჩაერთვება. ის, რასაც აშშ გააკეთებს, ასევე კრიტიკულია, თუ ისრაელს გაუჭირდება ის შეიძლება უშუალოდ ჩაერიოს, რაც რა თქმა უნდა გამოიწვევს დიდ რეგიონულ ომს. 

ჩვენ ძალიან კრიტიკულ და ისტორიულ პერიოდში ვართ. შეუძლებელია რეგიონში მშვიდობის დამყარება ღაზასა და ლიბანში ისრაელის ხოცვა-ჟლეტის შეჩერების გარეშე. – წერს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი.

წყარო

ვეკითხები აშშ-ს ელჩს, ოფიციალურ ვებ-გვერდზე წვდომა დაიბრუნა თუ ისევ „ნაცებს“ აქვთ?! – ირაკლი ზარქუა

ვეკითხები აშშ-ს ელჩს, ოფიციალურ ვებ-გვერდზე წვდომა დაიბრუნა თუ ისევ „ნაცებს“ აქვთ?! – შიდა საქმეებში ჩარევა „არ მოსულა“ არც ურთიერთობაში, არც პარტნიორობაში და არც მეგობრობაში! ამას არ გავატარებთ! ყველამ თქვენს ქვეყანას მიხედეთ – წინასაარჩევნოდ უამრავი უხეში დარღვევა გაქვთ! – ეს განცხადება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას თქმით, „რასაც ელჩები აკეთებენ, შიდა საარჩევნო კამპანიაში უხეში ჩარევაა, რადგან ხვდებიან, რომ მათი აგენტურა ვერ იმარჯვებს, ხელისუფლებაში ვერ მოდის და პროცესში პირადად არიან ჩართული”.

„ამერიკის ელჩს ვეკითხები, დაიბრუნა ოფიციალურ ვებ გვერდზე წვდომა თუ ისევ „ნაცებს“ აქვთ გადაცემული? – ჩვენს მოქალაქეებს სწორედ ეს განცდა აქვთ! – შიდა საქმეებში ჩარევა „არ მოსულა” არც ურთიერთობაში, არც პარტნიორობაში, არც მეგობრობაში.

უკრაინელები ბრიტანეთში ცხოვრებას ეჩვევიან, რაც ლეიბორისტული მთავრობისათვის პრობლემის შექმნას ნიშნავს – The Economist

„დიდ ბრიტანეთში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების უმეტესობას სამშობლოში დაბრუნება აღარ სურს. ისინი მდიდრულ რაიონებში ცხოვრებას კარგად ითვისებენ, მაგრამ ქვეყანაში მათი მუდმივი ცხოვრება მთავრობის გეგმებში არ შედის“, – ნათქვამია ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „უკრაინელები ბრიტანეთში ცხოვრებას ეჩვევიან, რაც ლეიბორისტული მთავრობისათვის პრობლემის შექმნას ნიშნავს“.

დიდი ბრიტანეთის უკრაინულ საკვირაო სკოლებში, როცა გაკვეთილები მთავრდება,  ბავშვებს ყველგან ისე ხვდებიან, როგორც ეს ნებისმიერ ბრიტანულ სკოლაში ხდება, თუმცა ლონდონის ჩრდილოეთით მდებარე „ელვინ-გარდენ სითის“ სკოლაში ცოტა განსხვავება შეიმჩნევა – მშობლების უმეტესობა ქალია, ხოლო მამაკაცებს შორის ომის ხეიბრები (ინვალიდები) გამოირჩევიან. რომლებთაც კიდურები მოკვეთილი აქვთ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიგრაციის კვლევითი ცენტრის მონაცმებით, ამჟამად დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 40 ათასი ლტოლვილი ცხოვრობს, რომლებმაც იქ თავშესაფარი 2022 წლის შემდეგ ჰპოვეს. უკრაინელები სწრაფად ეჩვევიან მათთვის უცხო სახელმწიფოში ცხოვრებას. მათ ბევრი ეროვნული სტრუქტურები და ორგანიზაციები შექმნეს – მაგალითად, სკოლები, სადაც უკრაინულ ენას ასწავლიან, არსებობს ბიბლიოთეკები და სხვადასხვა ორგანიზაციების ქსელი. კონფორტის შეგრძნების ზრდა, რასაკვირველია, მათი და ბრიტანელთა  დამსახურებაა, თუმცა საკითხს ობიექტურად თუ შევხედავთ, უკრაინელთა დიდ ბრიტანეთში ცხოვრება მთავრობისათვის პრობლემებს ქმნის. 

ვიდეოპროდიუსერი ანასტასია საჩკოვა უკრაინიდან, თავის გოგონასთან ერთად, ომის დაწყებისთანავე გაიქცა. იგი ბრიტანელმა წყვილმა შეიფარა. თავშესაფრის სხვა უცხოელი მთხოვნელებისაგან განსხვავებით, რომლებიც, ჩვეულებრივად, სასტუმროებში ცხოვრობენ, მთავრობამ უკრაინელებს ქვეყანაში ცხოვრების ნება დართო, თუ მათ ბრიტანეთის მოქალაქეები  გარკვეული ხნით თავიანთ სახლებში ყოფნას პირდებოდნენ, ვთქვათ, 6 თვით ან მეტი ხნით. ანასტასია საჩკოვა კარგი ურთიერთობა აქვს მასპინძლებთან და თავის სამსახურს უკრაინაში დისტანციურად აგრძელებს. იგი ადრე კიევში დაბრუნებას ფიქრობდა, მაგრამ რაც დრო გადის, დაბრუნების შესაძლებლობა სულ უფრო არარეალური ხდება.

მამაკაცებს უკრაინიდან გასვლა მხოლოდ იმ სემთხვევაში აქვთ ნებადართული, თუ ისინი უკვე მოხუცები არიან, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელო აქვთ, ან მათ კმაყოფაზე სამზე მეტი ბავშვია. როგორც გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, უკრაინიდან წასული მამაკაცების (მიგრანტების) 80 პროცენტს რატომღაც სამე3ცნიერო წოდებები აქვთ და როგორც წესი, ისინი დიდი ბრიტანეთის მდიდრულ რეგიონებში ცხოვვრობენ. ლონდონის რიჩმონდის რაიონში 1000-მდე უკრაინელი ცხოვრობს, რომლებთაც მტავრობა მნიშვნელოვანი მოცულობის დახმარებას აძლევს. მათ ასევე ნებადართული აქვთ მუშაობა და ბევრი ასეც აკეთებს. მაგალითად, იმავე „ელვინ-გარდენ სითის“ სკოლაში მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო წოდების მქონე მოქალაქე ჭურჭელს რეცხავს, თუმცა ეს უფრო გამონალისია, ვიდრე კანონზომიერი მოვლენა. უკრაინელტა უმეტესობა, რომლებიც ინგლისურ ენას კარგად ფლობენ, კარიერულ კიბეზე აღმასვლას ახერხებენ, წარმატებას აღწევენ ბიზნესშიც.

სულ უფრო მეტი უკრაინელი თავის ბედს სამუდამოდ უკავშირებს დიდ ბრიტანეთს. გამოკვლევის თანახმად, კითხვაზე, თუ სად აირჩევენ ცხოვრებას იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, გასული წლის აპრილში 52% პასუხობდა, რომ დიდ ბრიტანეთში, ახლა კი მათმა რაოდენობამ, ვისთვისაც ბრიტანეთში ცხოვრება უპირატესია, 68%-მდე მოიმატა. მიგრანტთა აბსოლუტური უმრავლესობა სამშობლოში აღარ ბრუნდება. „ცვენ აქაურ საზოგადოებაში უკვე ინტეგრირებულები ვართ. ჩვენი ბავშვები სკოლაში დადიან, ზოგიერთებს უკვე აქაური შეყვარებულები ჰყავთ და აქ გათხოვება-ქორწინებას აპირებენ“, – ამბობს ოლესია რომანჩენკო არასამთავრობო ორგანიზაციიდან, სახელწოდებით „ფრთები“.

სხვათა შორის, უკრაინელი ბავშვები ადგილობრივ გარემოს ძალიან სწრაფად ეჩვევიან, მათი ადაპტაცია დაჩქარებულად მიმდინარეობს. ბევრი პროგრამას იოლად სძლევს: „რაც მტავარია, ისინი ინგლისურად აზროვნებენ და ფიქრობენ.

რასაკვირველია, ბრიტანეთის მტავრობა უკრაინელებს დიდსულოვნად ხვდება, ნებას აძლევს იმუსაოს, უხდის სოციალურ დახმარებას, ხელს უწყობს სამედიცინო მომსახურებაში და ა.შ. მაგრამ გარკვეული მიმართულებით ბრიტანეთის მთავრობა დიდ სიძუნწეს იჩენს. უკრაინელები მაინც დროებით სტუმრებად ითვლებიან. მართალია, ბევრს თავდაპირველად სამწლიანი ნებართვა ჰქონდა და, ომის გაჭიანურების კვალობაზე, გაგრძელება მოუწევთ, მაგრამ ერთი განსხვავებით: მათ ქვეყანაში ცხოვრების ვადა მოქალაქეობის მისაღებად არ ეთვლებათ.

ეს წესები კონსერვატორთა ბოლო მთავრობამ დაამტკიცა. მათ ლეიბორისტულ მთავრობას დილემა დაუტოვეს, თუ ომის დასრულება კიდევ გაჭიანურდება. ნუთუ ბრიტანეთი ქვეყნიდან გააძევებს იმ ადამიანებს, რომელთა შვილები უკვე ინგლისურად წერენ და ლაპარაკობენ, აზროვნებენ და ფიქრობენ, რომლებიც ისეთ რეგიონებში ცხოვრობენ, სადაც პრობლემებს არავის არ უქმნიან?

https://www.economist.com/britain/2024/10/03/ukrainians-are-settling-down-in-britain-that-creates-a-problem

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, კობა კობალაძე რეგიონებში შეხვედრებს მართავს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღის, 17 ოქტომბრის ღონისძიებების ფარგლებში, სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კობა კობალაძემ ვეტერანებთან შეხვედრები უკვე გამართა ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში.

შეხვედრებზე, ვეტერანებმა ყურადღება გაამახვილეს რამდენიმე, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის შეღავათის გავრცელებაზე საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებაზე,საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა და დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდაზე.

„კობა კობალაძე რეგიონებში შეხვედრებს კვლავ აგრძელებს და მომდევნო შეხვედრებს შემდეგ ქალაქებში გამართავს:

7 ოქტომბერს, ქ. ახალციხე 16:00 საათზე, შ.ახალციხელის ქუჩა N 2, (გუბერნიის შენობა);

9 ოქტომბერს, ქ. გორი, 16:00 საათზე, მშვიდობის ქუჩა N 12 ა, (გორის კულტურისა და ახალგაზრდობის სახლი -კომბინატის დასახლება);

10 ოქტომბერს, ქ. რუსთავში, 16:00 საათზე, კოსტავას ქუჩა N 20, (რუსთავის მერიის შენობის უკან მუსიკალური სასწავლებლის დარბაზი);

11 ოქტომბერს, ქ. თელავი, 16:00 საათზე, ჭავჭავაძის მოედანი N 5, (მუსიკალური სკოლა);

12 ოქტომბერს, ქ. მცხეთა, 16:00 საათზე, აღმაშენებლის ქუჩა N 77, (ანდრო კანდელაკის ჭიდაობის დარბაზი);

ადგილობრივ ვეტერანებს შესაძლებლობა აქვთ, აღნიშნულ შეხვედრებს დაესწრონ და სამსახურის დირექტორისგან, მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის სახელობითი ქამრის მფლობელი გახდა 

მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის_  IFA-ს ეგიდით, საბერძნეთში, ქ. ლუთრაკში, ჩატარდა  მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა ხუთივე კონტინენტის 34 ქვეყნიდან. მსოფლიო პირველობაზე, საქართველო, 13 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი; ქართველმა ათლეტებმა წარმატებით იასპარეზეს და ჯამში, 11 მედალი მოიპოვეს. ჩვენი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში გახლდათ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე, რომელიც ორ _”გრანდ მასტერისა”  და”ვიზუალის” კატეგორიაში მონაწილეობდა. 


მარჯვენა მკლავით ფინალურ ორთაბრძოლაში, ზვიად ხაჩიძემ, შვედი სპორტსმენი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ზვიად ხაჩიძე ტიტულოვანი სპორტსმენია. ის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების არა ერთგზის გამარჯვებულია. მისი ღვაწლისა და დამსახურების აღიარებისთვის, IFA-ს გადაწყვეტილებით, სპორსტმენის სახელობითი ქამარი, საგანგებოდ დამზადდა. ჩემპიონს, ეს ჯილდო, მის 56 წლის იუბილეზე,  მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის_  IFA-ს პრეზიდენტმა, ანდერს აქსკლომ პირადად გადასცა.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ჩვენი ქვეყნის გამორჩეულ სპორტსმენს, ვეტერან ზვიად ხაჩიძეს ამ დიდ წარმატებას და აღიარებას და კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებს.

სამხრეთ  კავკასიის გეოპოლიტიკა გლობალური გეოპოლიტიკისა და არჩევნების კონტექსტში -ცირა ბარამიძე

სამხრეთ კავკასიაში იკვეთება დიდი პოლიტიკური მოთამაშეების (რუსეთი, თურქეთი, ირანი, ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი, სხვა რეგიონალური მოთამაშეები) ინტერესები. სად არის თავად კავკასიური პოლიტიკა?  ეკუთვნის თუ არა სამხრეთ კავკასიას თავადვე გადაწყვეტილებები რეგიონული თვალსაზრისით და რამდენად შეუძლია იყოს ინტეგრირებული რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე.  ზემოჩამოთვლილი პოლიტიკური მოთამაშეებიდან მხოლოდ რუსეთს აინტერესებს და ხელს აძლევს დეზინტეგრირებული და დაპირისპირებული კავკასია და კონფლიქტური ხაზები, რადგან სწორედ ეს წარმოადგენს მის „ინსტრუმენტს“ – შეინარჩუნოს გავლენა კავკასიის რეგიონზე, კერძოდ, სამხრეთ კავკასიაზე (ჩრდილოეთი კავკასია ხომ ისედაც მისი იურისდიქციაა).

სამხრეთ კავკასია არის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონი, სადაც რამდენიმე დიდი პოლიტიკური მოთამაშის ინტერესები იკვეთება სწორედ მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის, ენერგორესურსებისა და კრიტიკულ კონფლიქტურ ზონებთან სიახლოვის გამო. სამხრეთ კავკასია არის ბუფერული ზონა რუსეთისათვის ნატოს წერ თურქეთთან მიმართებაში. სამხრეთ კავკასიაში ურთიერთგადამკვეთი ინტერესების მქონე მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის რუსეთი ინარჩუნებს დიდ გეოპოლიტიკურ გავლენას: რუსეთი ისტორიულად განიხილავს სამხრეთ კავკასიას, როგორც მისი გავლენის სფეროს, რეგიონის სიახლოვისა და საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობის გამო. მოსკოვი ცდილობს, შეინარჩუნოს პოლიტიკური და სამხედრო დომინირება რეგიონში, რათა უზრუნველყოს თავისი სამხრეთ საზღვრები და საპროექტო ძალა. ამისთვის რუსეთს გააჩნია რამდენიმე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი: ენერგეტიკული დერეფნები: რუსეთს სურს აკონტროლოს ან გავლენა მოახდინოს სამხრეთ კავკასიის გავლით ენერგეტიკულ მარშრუტებზე, როგორიცაა მილსადენები, რომლებიც გვერდს უვლიან რუსეთის ტერიტორიას, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენისა და სამხრეთის გაზის დერეფნის ჩათვლით; კონფლიქტები აფხაზეთში, შიდა ქართლში (ე.წ. სამხრეთ ოსეთი). ამგვარად, სამხედრო ბაზები  ასევე არის რუსეთის ინსტრუმენტი: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომ რუსის ჯარს „მშვიდობისმყოფელის“ სახელი ოკუპანტიის სახელით შეეცვალა.

თურქეთის ინტერესიც სამხრეთ კავკასიაში ნათელია – ესაა ენერგეტიკული და სავაჭრო დერეფნები: თურქეთი კრიტიკული სატრანზიტო ქვეყანაა ენერგეტიკული მილსადენებისათვის, რომლებიც გადის კასპიის ზღვიდან სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპაში, მათ შორის BTC ნავთობსადენისა და ტრანსანატოლიის ბუნებრივი აირის მილსადენისა (TANAP). თურქეთის ინტერესი არის ამ ენერგეტიკული მარშრუტების უზრუნველყოფა და ევროპის დამოკიდებულების შემცირება რუსულ ენერგიაზე. თურქეთს აქვს მჭიდრო ეთნიკური, კულტურული და პოლიტიკური კავშირები აზერბაიჯანთან და ეს გაღრმავდა ბოლო წლებში, განსაკუთრებით თურქეთის სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერით აზერბაიჯანისათვის 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის დროს. თურქეთი სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენის გაფართოებას აზერბაიჯანთან ალიანსით ცდილობს. თურქეთი რეგიონულ მეტოქეობას უწევს რუსეთს სამხრეთ კავკასიაში: მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი და რუსეთი თანამშრომლობენ ზოგიერთ სფეროში, მაგალითად, სირიაში და ენერგეტიკულ პროექტებში, ისინი კონკურენტები არიან სამხრეთ კავკასიაში. თურქეთი მიზნად ისახავს რუსეთის გავლენის შეზღუდვას რეგიონში და მას სურს გააძლიეროს საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო როლი სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით – აზერბაიჯანში.

ირანს, გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, აქვს ინტერესი რეგიონში სტაბილურობისათვის, რათა თავიდან აიცილოს მთიანი ყარაბაღის მსგავსი კონფლიქტები. ირანი ცდილობს დააბალანსოს ურთიერთობები სომხეთსა და აზერბაიჯანთან და შეინარჩუნოს თავისი რეგიონული გავლენა. ენერგეტიკული თანამშრომლობა და კონკურენციაც უდიდესი მნიშვნელობისაა – ირანი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული ბაზრებით, როგორც საკუთარი ენერგორესურსების პოტენციური ექსპორტიორი და როგორც გაზისა და ნავთობის სატრანზიტო მარშრუტი. თუმცა, ის ასევე კონკურენციას უწევს ირანის გვერდის ავლით ენერგეტიკულ მარშრუტებს, როგორიცაა აზერბაიჯანისა და თურქეთის დამაკავშირებელი გზები. ირანს აქვს კულტურული და ეთნიკური კავშირები, კერძოდ, ირანს ჰყავს მნიშვნელოვანი აზერბაიჯანული მოსახლეობა მის ჩრდილოეთ პროვინციებში, რაც მის ურთიერთობას აზერბაიჯანთან დელიკატურს ხდის. თეირანი უფრთხილდება აზერბაიჯანული ნაციონალიზმის გავრცელებას საკუთარ ეთნიკურ აზერბაიჯანელ მოსახლეობაში და ამიტომ ცდილობს ამ ურთიერთობების ფრთხილად მართვას, ხოლო ეთნიკური ქართული მოსახლეობა ფერეიდანში ირანისათვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ამგვარად, ირანს, როგორც თურქეთს, სტაბილური სამხრეთ კავკასია სურს.

ევროკავშირის (EU) მიზანია სამხრეთ კავკასიაში ენერგეტიკული უსაფრთხოება: ევროკავშირს დიდი ინვესტიცია აქვს ჩადებული კასპიის რეგიონიდან ენერგომომარაგების უზრუნველყოფაში სამხრეთ კავკასიის გავლით, რომელიც გვერდს უვლის რუსეთს. სამხრეთის გაზის დერეფანი ევროპის სტრატეგიის მთავარი ელემენტია ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისა და რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ასევე, ევროკავშირი ცდილობს ხელი შეუწყოს პოლიტიკურ სტაბილურობას, დემოკრატიას და ეკონომიკურ რეფორმებს სამხრეთ კავკასიაში ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამა, რომელიც მოიცავს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს. ევროკავშირი მხარს უჭერს რეფორმებს მმართველობაში, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას. უნდა აღინიშნოს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამამ დეფორმაცია განიცადა, მასში სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის გარდა შედიოდა უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი. სამივე ეს ქვეყანა დგას გეოპოლიტიკური საფრთხის წინაშე, განსაკუთრებით – ბელორუსი, რომელიც რუსეთის სატელიტად იქცა. ევროკავშირი ჩართულია სამხრეთ კავკასიის რეგიონში კონფლიქტების მოსაგვარებლად. ევროკავშირი ხელს უწყობს დიპლომატიურ გადაწყვეტილებებს და სამშვიდობო მცდელობებს, თუმცა მისი გავლენა ხშირად მეორეხარისხოვანია რუსეთისა და სხვა რეგიონალურ ძალებთან შედარებით.

შეერთებულ შტატებს სამხრეთ კავკასიაში გააჩნია გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების ინტერესები: აშშ განიხილავს სამხრეთ კავკასიას, როგორც კრიტიკულ რეგიონს რუსეთისა და ირანის გავლენის დასაპირისპირებლად, ასევე ნატოს წევრი თურქეთის საზღვრებთან სტაბილურობის ხელშეწყობისათვის. აშშ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ-ს მიზანია – ენერგეტიკული უსაფრთხოება: ევროკავშირის მსგავსად, აშშ-ს აქვს სტრატეგიული ინტერესი რუსეთისაგან ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხელშეწყობისათვის. შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა მილსადენების განვითარებას, როგორიცაა BTC და სამხრეთის გაზის დერეფანი, რათა უზრუნველყოს რუსული ენერგომომარაგების ალტერნატივა. მნიშვნელოვანია ასევე სამხედრო და ეკონომიკური დახმარება: აშშ-მ გაუწია საქართველოს სამხედრო დახმარება, განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, და ხელს უწყობს უსაფრთხოების თანამშრომლობას აზერბაიჯანთან და სომხეთთან რუსული გავლენის დასაბალანსებლად. ეკონომიკური დახმარება და რეგიონში დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა ასევე აშშ-ს პოლიტიკის ძირითადი კომპონენტებია. ამგვარად, სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა აშშ-ს ინტერესებშია.

რა სურს ჩინეთს სამხრეთ კავკასიაში? ჩინეთი არის  „ერთი სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ავტორი (BRI): ჩინეთის ინტერესი სამხრეთ კავკასიის მიმართ ძირითადად ეკონომიკურია; ეს ინტერესი ორიენტირებულია  ერთი სარტყელისა და გზის ინიციატივის გარშემო, რომელიც მიზნად ისახავს ახალი სავაჭრო გზების შექმნას ჩინეთს, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის. სამხრეთ კავკასია არის კრიტიკული სატრანზიტო დერეფანი ჩინეთის სახმელეთო სავაჭრო გზებისათვის ევროპისაკენ. ამ მიზნით, ჩინეთი ახორციელებს ეკონომიკურ ინვესტიციებს: ჩინეთი აძლიერებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საავტომობილო გზების, რკინიგზისა და ენერგეტიკის სექტორებში, როგორც მისი ფართო სტრატეგიის ნაწილი ეკონომიკური დიპლომატიის მეშვეობით გავლენის გაფართოების მიზნით. ჩინეთი ინარჩუნებს რეგიონში პოლიტიკურ ან სამხედრო კონფლიქტებში ჩაურევლობის პოლიტიკას, ნაცვლად ამისა, ორიენტირებულია ძლიერი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებაზე ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აზერბაიჯანი და საქართველო. ჩინეთი შეიძლება იყოს საქართველოსა და დანარჩენი ორი ქვეყნის ეკონომიკური მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ ვერ იქნებნა სტრატეგიული პარტნიორი. ჩინური ინვესტიცია არ უნდა ჩაიდოს ისეთ მეგა-ეკონომიკურ პროექტში, როგორიცაა ანაკლია.

რაც შეეხება სხვა რეგიონულ მოთამაშეებს – სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს არ გადაუდგამთ ბოლო ათწლეულის მანძილზე არანაირი ნაბიჯი გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტეგრაციისაკენ, აღარაფერს ვამბობ, კულტურულ-ცივილიზაციურ ინტეგრაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი „პატარა“ მოთამაშეა, მისი სტრატეგიული ალიანსები, განსაკუთრებით რუსეთთან, მნიშვნელოვანია. სომხეთს აქვს ასევე მჭიდრო ეკონომიკური კავშირები რუსეთთან. თუმცა, სომხეთის ამოცანაა, დააბალანსოს ეს კავშირები ევროკავშირთან და ირანთან გაზრდილი თანამშრომლობით, ცდილობს დაუძვრეს რუსეთზე დამოკიდებულებას. აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი მოთამაშეა თავისი ენერგეტიკული რესურსებით და სტრატეგიული მდებარეობით. ის აბალანსებს ურთიერთობებს რუსეთსა და დასავლეთთან, მაგრამ მისი ძლიერი ალიანსი თურქეთთან ბოლო წლებში უფრო გამოხატული გახდა, განსაკუთრებით 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ.

როგორც ვხედავთ, რეგიონული კონფლიქტები და ენერგეტიკული დერეფნები, როგორც გადაკვეთის წერტილები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ დოქტრინაში, რომელშიც არც ერთი მოთამაშის ინტერესი არ ემთხვევა ერთმანეთს და, მით უმეტეს, არ ემთხვევა თავად სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს. ენერგეტიკული დერეფნების თვალსაზრისით კი –  სამხრეთ კავკასია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისათვის კასპიის ზღვიდან ევროპაში. რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს კონტროლი ენერგეტიკულ მარშრუტებზე, ანუ იმაზე, რაც წარმოადგენს ევროკავშირის ინტერესს, ხოლო ევროკავშირი, თურქეთი და აშშ ხელს უწყობენ ალტერნატიულ მარშრუტებს, რომლებიც გვერდს უვლიან რუსეთს. ჩინეთის მზარდი ინტერესი ამ დერეფნების მიმართ კიდევ უფრო ართულებს გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს. ჩინეთის როლი შეიცავს ასევე გეოპოლიტიკურ რისკებს სამხრეთ კავკასიაში.

ამგვარად, სამხრეთ კავკასია რთული და უაღრესად კომპლექსური რეგიონია, სადაც იკვეთება დიდი სახელმწიფოების – რუსეთის, თურქეთის, ირანის, ევროკავშირის, აშშ-ისა და ჩინეთის ინტერესები. თითოეული მოთამაშე ცდილობს დაამტკიცოს თავისი გავლენა გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სტრატეგიების კომბინაციით, ხშირად იყენებს რეგიონალურ კონფლიქტებს და ენერგორესურსებს თავისი მიზნების მისაღწევად. რეგიონში პოლიტიკური მოვლენებისა და კონფლიქტების შედეგი გააგრძელებს ძალთა ბალანსის ფორმირებას ამ მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის.

რამდენად ახერხებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნები გლობალურ გეოპოლიტიკაში გამოკვეთოს თავისი რეგიონული პოლიტიკა და შეინარჩუნოს რეგიონული ავთენტურობა იმგვარად, რომ მიიღოს სარგებელი ამ საერთაშორისო გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესებიდან? ერთი რამ ცხადი ხდება – გეოპოლიტიკას განსაზღვრავს გეოეკონომიკა და უსაფრთოება. რუსეთისათვის სამხრეთ კავკასიის დეზინტეგრაცია ხელსაყრელია, სხვა პოლიტიკური მოთამაშეებისათვის კი – პირიქით, სტაბილურ, მშვიდობიან და ინტეგრირებულ სამხრეთ კავკასიას შეუძლია შეასრულოს  BOARDERLAND-ის ფუნქცია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და პირიქით. რუსეთის ინტერესია გაანადგუროს სამხრეთ კავკასიის ეს ფუნქცია და ტრანზიტის მხოლოდ ასეთ მიმართულებას ავითარებს – ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და პირიქით… რუსეთი ფიქრობს – აქ დასავლეთის ადგილი არ არის, რუსეთისათვის მიუღებელია დასავლური ინტერესი სამხრეთ კავკასიაში, ხოლო ამ ქვეყნების ეროვნული ინტერესები მის მიერ ათასგზისაა უარყოფილი 2 საუკუნის მანძილზე.

რუსეთი ინარჩუნებს თავის გავლენას სამხრეთ კავკასიაში დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური და კულტურული სტრატეგიების კომბინაციით. ეს სტრატეგია მორგებულია თითოეული ქვეყნის პოლიტიკურ და ისტორიულ კონტექსტზე.  მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიდგომაში არსებობს საერთო ნიშნები, ძირითადი განსხვავებებიც ძალზე მნიშვნელოვანია. რუსეთის განსხვავებული მიდგომა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისადმი ეფუძნება რუსეთის თავისებურ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ ინტერესებს  თითოეულ ამ სახელმწიფოსთან. რუსეთის გავლენის საერთო მახასიათებლებია სამხრეთ კავკასიაში:  „სამშვიდობო“ და სამხედრო ბაზები; რუსეთი აკონტროლებს მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას სამხრეთ კავკასიაში, იყენებს ენერგიის ექსპორტსა (გაზი და ნავთობი) და ინვესტიციებს ძირითად სექტორებში ეკონომიკური გავლენის განსახორციელებლად. რუსეთის მიერ კონტროლირებადი ენერგეტიკული კომპანიები, როგორიცაა გაზპრომი, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონში, რაც რუსეთს აძლევს ბერკეტს ენერგოდამოკიდებულ ქვეყნებზე ჰქონდეს გავლენა. რუსეთი იყენებს ისტორიულ კავშირებს და რეგიონში რუსულენოვანი მოსახლეობის დიდ რაოდენობას კულტურული გავლენის შესანარჩუნებლად. რუსული მედია, ენა და განათლების სისტემები კვლავ გავრცელებულია რეგიონში და რუსეთი ავითარებს საერთო ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გრძნობას სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) მეშვეობით. რუსეთი იყენებს რეგიონალურ ორგანიზაციებს, როგორიცაა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO) და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) თავისი გავლენის გასამყარებლად. სომხეთი, ორივეს წევრი, ძლიერ ინტეგრირებულია რუსეთის ხელმძღვანელობით არსებულ სტრუქტურებში, ხოლო საქართველო და აზერბაიჯანი ინარჩუნებენ დისტანციას ამ სტრუქტურებიდან. ეს ყველაფერი საერთო ნიშნების შესახებ.

რაც შეეხება  რუსეთის გავლენის განმასხვავებელ ნიშნებს თითოეულ ქვეყანაში: საქართველოში ის მიმართავს პოლიტიკურ იზოლაციასა და ტერიტორიების ოკუპაციასრუსეთი ახორციელებს ზეწოლას საქართველოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით. რუსული ჯარები ამ სეპარატისტულ რეგიონებში უწყვეტად დგას, რითაც რუსეთს შეუძლია ნებისმიერ დროს დაარღვიოს საქართველოს სუვერენიტეტი. რუსეთი იყენებს შეზღუდულ დიპლომატიურ ურთიერთობებს საქართველოსთან: რუსეთის გავლენა საქართველოში ძირითადად ნეგატიური და იძულებითია, რადგან საქართველოს მოსახლეობას გაცხადებული აქვს თავისი პროდასავლური პოზიციის, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვისა და რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის შესახებ. ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა და რუსეთი იყენებს თავის კონტროლს აფხაზეთსა და შიდა ქართლის რეგიონზე, როგორც ბერკეტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ამგვარად, საქართველო, რომელიც მიისწრაფვის ევროატლანტიკური კურსით დასავლეთისაკენ, მიუღებელია რუსეთისათვის ამ სახით. ამიტომ რუსეთი ყველა ზემოჩამოთვლილი ბერკეტით მოქმედებს საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების წინააღმდეგ.

რუსეთი მანიპულირებს სომხეთით და როგორც თავისი ინტერესები კარნახობს, ისე ექცევა სომხეთს. სომხეთის ეკონომიკა ღრმად არის ინტეგრირებული რუსეთთან და ეს დამოკიდებულია რუსულ გაზსა და ინვესტიციებზე კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში. სომხეთი არის ЕАЭС  – წევრი, რაც ეკონომიკურად შეესაბამება რუსეთის პოლიტიკას. თუ სომხეთი „გაიხედავს“ დასავლეთისაკენ, რუსეთს შეუძლია ჩაერიოს მის საშინაო და საგარეო პოლიტიკაშიც კი.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის ატარებს დაბალანსებული ურთიერთობების პოლიტიკას: აწონასწორებს დიპლომატიას რუსეთს, თურქეთსა და დასავლურ ძალებს შორის. სომხეთისა და საქართველოსაგან განსხვავებით, აზერბაიჯანი ინარჩუნებს შედარებით პრაგმატულ და ნაკლებად კონფრონტაციულ ურთიერთობას რუსეთთან, ამავდროულად თავს არიდებს რუსეთის ხელმძღვანელობით უსაფრთხოების სტრუქტურებში ინტეგრაციას, როგორიცაა CSTO. აზერბაიჯანი ენერგეტიკული დამოუკიდებლობით გამოირჩევა: აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი ნავთობისა და გაზის რესურსები მას რუსეთისაგან უფრო დიდ ეკონომიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობას აძლევს, რაც ამცირებს მოსკოვის ბერკეტს აზერბაიჯანში, განსხვავებით სომხეთისა ან საქართველოსაგან. აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგიის ექსპორტს მილსადენებით, რომლებიც გვერდს უვლიან რუსეთს, რაც კიდევ უფრო ზღუდავს რუსეთის გავლენას ამ სექტორში. აზერბაიჯანმა თავიდან აიცილა ზედმეტი დამოკიდებულება რუსეთის სამხედრო ან დიპლომატიურ მხარდაჭერაზე, სამაგიეროდ, თურქეთთან მჭიდრო კავშირების განვითარება და საკუთარი სამხედრო ძალა გამოიყენა ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესების გადასაჭრელად.

ამგვარად, თუ შევაჯამებთ საერთო და განმასხვავებელ ნიშნებს, ვითარება ასეთია:   33 წლის შემდგომ საბჭოთა კავშირის დანგრევიდან რუსული ჯარი დგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც ოკუპანტი, რუსეთი იყენებს მრავალმხრივ მიდგომას სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენის შესანარჩუნებლად, რომელიც ეყრდნობა სამხედრო, ეკონომიკურ და დიპლომატიურ ინსტრუმენტებს. თუმცა, მისი სტრატეგიები განსხვავდება სამივე ქვეყანაში. საქართველოში რუსეთი გავლენას ახდენს ძირითადად: 1.სამხედრო ოკუპაციისა და ტერიტორიული კონტროლის გზით: 2.სომხეთში კი რუსეთი ინარჩუნებს გავლენას სამხედრო ალიანსებითა და ეკონომიკური ინტეგრაციით; 3.აზერბაიჯანში რუსეთი თამაშობს უფრო დაბალანსებულ როლს, ეკონომიკური ან სამხედრო კონტროლის გარეშე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკისა და ენერგეტიკული სიმდიდრის გამო.

საქართველოში მოახლოებული არჩევნები მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთის გავლენის ფორმირებაში საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. როგორც რუსეთის, ისე დასავლეთის ინტერესის სტრატეგიული სფერო, საქართველოს პოლიტიკური ტრაექტორიაა და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები ფართო გავლენას მოახდენს რეგიონში ძალთა ბალანსზე. საქართველოში სახეზეა პროდასავლური და პრორუსული ორიენტაციები (თუმცა მოსახლეობის 80%-ზე მეტს გაცხადებული აქვს თავისი დასავლური არჩევანი): არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, გააგრძელებს თუ არა საქართველო გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ (ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო მჭიდრო კავშირები) თუ უფრო მეტად გადაიხრება რუსეთისაკენ. პროდასავლური პარტიები მხარს უჭერენ დასავლეთთან უფრო ღრმა ინტეგრაციას, ხოლო რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირების მქონე პარტიებმა ან კოალიციებმა შეიძლება შეცვალონ საქართველოს პოზიცია მოსკოვისაკენ, რაც ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაყენებას რისკის ქვეშ. თუ ეს ასე მოხდება, რუსეთი გაიმყარებს გავლენას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. რუსეთთან უფრო მეტად მორგებულმა საქართველომ შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის გავლენის გაძლიერებას სამხრეთ კავკასიაში, ამიტომ არჩევნებს საქართველოში აქვს ლოკალური, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობა.

საქართველოში არჩევნებმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ხელისუფლების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს. ეს მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა ენერგეტიკა (დამოკიდებულება რუსულ გაზზე), ვაჭრობა და რუსეთში მომუშავე საქართველოს მოქალაქეების ფულადი გზავნილები. რუსეთი ისტორიულად იყენებს რბილ ძალას, რათა გავლენა მოახდინოს ქართულ საზოგადოებაზე განათლების სისტემის, მედია საშუალებების, დეზინფორმაციული კამპანიებისა და კულტურული დიპლომატიის მეშვეობით. თუ რუსეთთან უფრო მეგობრული მთავრობა მოვა ხელისუფლებაში, სახელმწიფოც შესაძლოა უფრო ნებაყოფლობით მოეკიდოს რუსულ ნარატივებს და მედიას, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოსკოვის გავლენას საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. საქართველოს სწრაფვა ნატოში გაწევრიანებისაკენ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომელსაც რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. არჩევნები განსაზღვრავს მთავრობის ერთგულებას ნატოში ინტეგრაციისადმი, რაც განიხილება როგორც საფრთხე რეგიონში რუსეთის გავლენისათვის. ნატოს მიმართ ნაკლებად ერთგული მთავრობა რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს შეესაბამება, რაც მოსკოვს საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს უსაფრთხოების უფრო ძლიერი დასაყრდენი სამხრეთ კავკასიაში. რუსეთის სამხედრო ყოფნა აფხაზეთისა და შიდა ქართლის  სეპარატისტულ რეგიონებში კვლავ რჩება მისი გავლენის ძირითად ინსტრუმენტად საქართველოში. მთავრობა, რომელიც რუსეთთან შერიგებას ესწრაფვის, შესაძლოა უფრო მზად იყოს ჩაერთოს მოლაპარაკებებში, რამაც შეიძლება მოსკოვის ამ რეგიონებზე  კონტროლის ლეგიტიმაცია მოახდინოს, რაც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუ საქართველოში არჩევნების გზით მოვიდა მთავრობა, რომელიც ნაკლებად შეესაბამება დასავლეთს, შესაძლოა ამ მთავრობამ ასევე შეამციროს სამხედრო თანამშრომლობა დასავლელ პარტნიორებთან, რაც უფრო დაუცველს გახდის საქართველოს რუსეთის ზეწოლისაგან. ამან შეიძლება შეცვალოს ძალთა ბალანსი სამხრეთ კავკასიაში, სადაც რუსეთი ცდილობს უსაფრთხოების ლანდშაფტზე დომინირებას.

რუსეთს აქვს თავისი გავლენის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, შიდა განხეთქილების გამოყენების ისტორია ამ ქვეყანაზე გავლენის შესანარჩუნებლად. საქართველოში რუსეთს შეუძლია მხარი დაუჭიროს პარტიებს ან ფრაქციებს, მათ შორის, ფინანსურადაც, რომლებიც უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მოსკოვის ინტერესებისაკენ. არჩევნებმა შეიძლება მისცეს შესაძლებლობა რუსეთს, მხარი დაუჭიროს კანდიდატებს ან პარტიებს, რომლებიც მოსკოვის მიმართ უფრო რბილი პოზიციის ან უფრო ნეიტრალური საგარეო პოლიტიკის მომხრეა. რუსეთს შეუძლია გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგზე დეზინფორმაციული კამპანიების, კიბერშეტევების ან პრორუსული პოლიტიკური ძალების ფარული მხარდაჭერის გზით. ასეთი ჩარევა მიზნად ისახავს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პროცესს და უზრუნველყოს რუსეთის ინტერესებისათვის უფრო ხელსაყრელი მთავრობის არჩევა.

საქართველოს არჩევნების შედეგები გავლენას მოახდენს მთელს რეგიონზე. საქართველო გადამწყვეტ როლს ასრულებს, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ენერგო-მილსადენებისათვის (როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი) და სავაჭრო მარშრუტები, რომლებიც გვერდს უვლიან რუსეთს. პრორუსულმა მთავრობამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპის დამოკიდებულების შემცირებას რუსულ ენერგეტიკაზე, რაც მოსკოვს საშუალებას მისცემს განაახლოს კონტროლი რეგიონში სტრატეგიულ ენერგეტიკულ დერეფნებზე.

ეს ყოველივე სასწორზე დებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს.  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს არჩევნებმა. მოქმედი მთავრობა ნაკლებად ერთგულია ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმების მიმართ, როგორიცაა სასამართლო და ანტიკორუფციული ზომები, რამაც შეანელა საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ.

აღარავის ეპარება ეჭვი, განსაკუთრებით 2024 წლის 29 აპრილს „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ რუსული ინტერესების გამტარებელია, რაც აისახება მთავრობის მიერ განხორციელებულ ამოცანებში – საქართველოს სახელმწიფოს იზოლაცია საერთაშორისო თანამშრომლობისაგან, ანტიდასავლური დეკლარირება და ქმედებები.

ამგვარად, რუსეთს აქვს რამდენიმე ინსტრუმენტი საქართველოში სამოქმედოდ: საქართველოს იზოლაცია დასავლეთისაგან, პრორუსული ხელისუფლების ყოფნა ქვეყნის სათავეში და ოკუპაცია. სამივე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ოკუპანტის ხელში, რათა მან საქართველო და დანარჩენი ორი სახელმწიფო (სომხეთი, აზერბაიჯანი) შეიყვანოს ევრაზიულ ნეოკოლონიალისტურ კავშირში. ეს იქნება ქართული სახელმწიფოს დასასრული. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება – „ქართული ოცნება“ ახორციელებს საქართველოს დასავლეთისაგან იზოლაციის ამოცანას, თვალს ხუჭავს ოკუპაციაზე და მოხსნა კიდეც ეს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგიდან; ის გეგმავს მოვიდეს საკონსტიტუციო უმრავლესობით, რისთვისაც ის გამოიყენებს ადმინისტრაციულ და ყველა სახის რესურსს მიღებული რუსული კანონის ეგიდით, რათა შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოება და დააკნინოს ქართული სახელმწიფო, ოღონდაც შეინაჩუნოს ძალაუფლება.

არჩევნები არის ერთ-ერთი ინსტრუნმენტი ოკუპანტი ქვეყნის ხელში საქართველოში მოქმედი ხელისუფლების შესანარჩუნებლად, რათა საბოლოოდ დაასრულოს ქართული სახელმწიფო. სამოქალაქო საზოგადოების ვალია, გააცნობიეროს საფრთხეები და არ დაუშვას საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება და არ დაუშვას ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანის შეცვლა.

საქართველოში მიმდინარე არჩევნები რუსეთისათვის სამხრეთ კავკასიაში მოქმედების გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია!!!

ცირა ბარამიძე

საქართველო რუსეთთან 34-წლიან მტრობას ივიწყებს?! ბიძინა ივანიშვილს მოსკოვის დიპლომატიური კეთილგანწყობის მოპოვება სურს – Frankfurter Rundschau

გერმანული გაზეთის „ფრანკფურტერ რუნდშაუს“ (Frankfurter Rundschau) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო რუსეთთან 34-წლიან მტრობას ივიწყებს?! ბიძინა ივანიშვილს მოსკოვის დიპლომატიური კეთილგანწყობის მოპოვება სურს“ (ავტორი – შტეფან შოლი), რომელშიც განხილულია თბილის-მოსკოვის ურთიერთობების ასპექტები, საპარლამენტო წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბიძინა ივანიშვილმა, სამხრეთკავკასიური ქვეყნის საქართველოს ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა – ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პარლამენტის არჩევნების (26 ოქტომბრის) შემდეგ ქართულ-ოსური მეგობრობის ჩაშლაში დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. მისი თქმით, საქართველო მოძებნის ძალას და ოსი და-ძმების წინააღმდეგ ომის გამო მათ წინაშე ბოდიშს მოიხდის.

პოლიტიკური სენსაცია

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერმა და მილიარდერმა თავისი განცხადებით პოლიტიკური სენსაცია მოახდინა – იგი ბოდიშის მოხდას აპირებს სამხრეთ ოსეთთან, რომელიც 1990-იანი წლებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის. გარდა ამისა, ორივე ხალხი – ქართველებიც და ოსებიც – ერთმანეთს ეთნიკურ წმენდებში ადანაშაულებს.

2008 წლის აგვისტოში საქართველოს იმდროინდელმა პროდასავლელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სეპარატისტული რესპუბლიკის სამხედრო ოკუპაციის მცდელობა განახორციელა, მაგრამ [ოსების დასახმარებლად საქართველოში შეჭრილმა რუსეთის არმიამ] სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ ქართული ჯარი უკუაქცია. იმ დროიდან მოყოლებული,  საქართველოს ლიბერალი პატრიოტები რუსეთს დაუძინებელ მტრად თვლიან, ხოლო სამხრეთ ოსეთს რუსეთის ოკუპაციის ზონად, აფხაზეთთან – მეორე სეპარატისტულ რეგიონთან – ერთად, რომელიც შავი ზღვის ნაპირზე მდებარეობს.

საქარტველოს ხელისუფლებას განზრახული აქვს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანაც, რომ ქვეყნის შემადგენლობაში სეპარატისტული რეგიონების დაბრუნება შესაძლებელი გახდეს.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული ბოდიშის მოხდა სამხრეთ ოსეთში უნდობლობა გამოიწვია, რომელიც ოსებმა არაგულწრფელ წინასაარჩევნო რიტორიკად შეაფასეს. აფხაზებმა კი დაუყონებლივ განაცხადეს, რომ საქართველოს მიერ ბოდიშის მოხდამ და პოლიტიკურ-ეკონომიკურ ზეწოლაზე უარისთქმამ შეიძლება [ორ სახელმწიფოს შორის] მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების პროცესის დაწყება გამოიწვიოსო.

თავის მხრივ, ქართულმა ოპოზიციამ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში დემონსტრაციები ჩაატარა, რომლის დროსაც ბიძინა ივანიშვილი კრემლის მარიონეტად შერაცხეს. 34-წლიანი მტრობის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ შერიგების შეთავაზებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ საზოგადოების აზრი ორად გაიყო.

საქართველო დასავლეთის წინააღმდეგ?!

ივანიშვილის „ქართულმა ოცნების“ მოქმედებამ პროდასავლური ქართული ოპოზიცია ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს აღაშფოთა, როცა ხელისუფლებამ განაცხადა – ნატოსა და ევროკავშირს „გლობალური ომის პარტია“ აკონტროლებს, რომელსაც სურს საქართველო „საზარბაზნე ხორცად გამოიყენოსო“. ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ ინიციატივით, საქართველოს პარლამენტი იღებს კანონებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, „ლგბტ-საზოგადოების წინააღმდეგ, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას, ერთსქესიანთა ქორწინებებს და სქესის ქირურგიული ჩარევით შეცვლას. ოპოზიციის აზრით, ორივე კანონი რუსული კანონმდებლობის ასლს წარმოადგენს, რომლითაც ვლადიმერ პუტინი რეპრესიულ კურსს ახორციელებს. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ მიჰყვება კრემლის პოლიტიკურ კურსს „ტრადიციული ფასეულობების ერთგულების“ თაობაზე, რომელიც დაცული უნდა იყოს  ლიბერალთა გამხრწნელი ზემოქმედებისაგან.

გერმანელი სოციოლოგის იან კელერის თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილი – ისევე როგორც დასავლეთევროპელი [ულტრამემარჯვენე] პოპულისტები – ფსონს სდებს დასავლური პოლიტკორექტულობის შესუსტებაზე, რომელიც, მათი აზრით, უკვე პოლიტიკური მოდიდან გადის.

რუსეთის რეაქცია: „საქართველო გამოფხიზლდა“

მოსკოვი პრინციპში, იწონებს საქართველოს ინიციატივას. „საქართველო მასობრივი ფსიქოზის შემდეგ გამოფხიზლდა და სრულიად ადექვატურად რეაგირებს. ეს მისასალმებელია“, – ასეთ კომენტარს აკეთებს მარგარიტა სიმონიანი, კრემლის პროპაგანდისტული ტელეარხის „რაშა თუდეის“ ხელმძღვანელი. რუსეთის პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში უკვე დაწყებულია დისკუსია სამხრეთ კავკასიაში საქართველოსა და ორი სეპარატისტული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის კავშირის შექმნის შესახებ. კრემლისათვის კონფედერაციის შექმნის იდეა სრულიად მომგებიან პროექტს წარმოადგენს.

როგორც ჩანს, რუსეთს, როგორც ადრე, ისე ახლაც შანსი გაუჩნდება, რომ საქართველოზე გავლენის განახლება გეოპოლიტიკური კონკურენციისათვის გამოიყენოს და რეგიონში დასავლეთი შეავიწროვოს. საქართველო 2011 წლიდან ნატოში, ხოლო 2023 წლიდან ევროკავშირში მიღების კანდიდატად ითვლება, მაგრამ ახლა, როცა თბილისმა ანტიდემოკრატიული კანონები მიიღო, ბრიუსელი და ვაშინგტონი მისგან დისტანცირდება. ამას წინათ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პერსონალური სანქციები დაუწესა 60-მდე ქართველ პოლიტიკოსს და მათი ოჯახის წევრებს, დემოკრატიის შეზღუდვაში მონაწილეობის გამო.

საბოლოო ჯამში, ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილმა არჩევნებმა შეიძლება საქართველოს საგარეოპოლიტიკური ბედი გადაწყვიტოს.

წყარო

10 წელი ვიცხოვრე ევროპაში და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპელობა. მე მინდა ქვეყნის ევროპული მომავალი, მაგრამ არა ისეთი, როგორზეც ევროკავშირის ელჩი საუბრობს-კახა კალაძე

„ეს არის რიგი ევროპელი ბიუროკრატების მიერ თავს მოხვეული ვირტუალური სამყარო, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს უფლება ჩვენი დამოუკიდებლობით ვიამაყოთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ევროკავშირის ელჩის საქართველოში პაველ ჰერჩინსკის განცხადების საპასუხოდ.

როგორც მან აღნიშნა, არავის აქვს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის უფლება.

„არავის აქვს იმის უფლება, რომ ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში და უფრო მეტიც, წინასაარჩევნო კამპანიაში. ვინც უნდა იყოს და რაც უნდა პატივსაცემი ადამიანი იყოს, თუნდაც რომელი ქვეყნის ელჩი, ამის უფლება არავის აქვს. ეს არც ევროპაა, არც ევროპელობა. ხალხს თავს ნუ ახვევთ, თითქოს ეს არის სწორი. ეს არის ჩვეულებრივი მონობა და არანაირი კავშირი არ აქვს ევროპასთან. ეს არის ევროპელი ბიუროკრატების მიდგომა და დამოკიდებულება, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს უფლება ჩვენი დამოუკიდებლობით ვიამაყოთ, არ უნდა ვისაუბროთ სუვერენიტეტზე. ამაზე აქციებიდან პირდაპირ გვესაუბრებოდნენ.

10 წელი ვიცხოვრე ევროპაში და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპელობა და რა არის ძირითადი პრინციპები. ევროინტეგრაციას, ევროპულობას ჩემზე მაგარი მხარდამჭერი არვიცი თუ ჰყავს. მეც, როგორც ბევრ ქართველს, მინდა ქვეყნის ევროპული მომავალი, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ბატონი ელჩი ამბობს. ეს არის ევროპელი ბიუროკრატების მიერ თავს მოხვეული ვირტუალური სამყარო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.