Home Blog Page 44

ხალხის მიმართ მილოცვა არის მიღებული ფორმა, მაგრამ მოახდინო ადრესატის განზრახ იგნორირება, ან მინიშნება გააკეთო, ამას პოლიტიკური მანიპულაცია ჰქვია – გიორგი ვოლსკი

ხალხის მიმართ მილოცვა არის მიღებული ფორმა, მაშია არაფერი უცხო არ არის, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დამოუკიდებლობის დღის ადრესატის გარეშე მილოცვაზე საუბრისას.

„განზრახ იგნორირება მოახდინო, ან მინიშნება გააკეთო, რომ მილიონ ორასი ათასი ადამიანი ხალხი არ არის და ხალხი მხოლოდ ის არის, რომელიც Tbilisi open air-ზე გამოდის, პოლიტიკური მანიპულაცია ჰქვია ამას. მე ვფიქრობ, რომ ამით ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებაც არ იქნება ამით კმაყოფილი“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დამოუკიდებლობის დღის მილოცვა გავრცელდა ადრესატის გარეშე, რაც არასწორი მიდგომაა და „დიფ სთეითის“ გავლენაზე მიუთითებს. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში მოქმედებს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, დაყოფა კი არის არა მხოლოდ ხელოვნური და უსამართლო, არამედ ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. მსგავსი შინაარსის მილოცვის წერილებით, ხალხი და ხელისუფლება გამიჯნეს უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ლიეტუვის და ბულგარეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ვულოცავ ანრი ოხანაშვილსა და სპეცსამსახურებს ამ წარმატებულ ღონისძიებას – მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის დაკავებაზე

ამ ადამიანს სასამართლოთი დაუმტკიცდა, რომ თაღლითური გზით ასეულობით მილიონი აქვს მოპარული, მითვისებული, ზუსტი კვალიფიკაცია არ მახსოვს და გუშინდელი ჩატარებული ძალიან წარმატებული ღონისძიების შედეგად ეს ადამიანი იქნა დაკავებული. ვულოცავ ანრი ოხანაშვილს და სპეცსამსახურებს ამ წარმატებულ ღონისძიებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ასევე, გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ, შესაძლებელია გარიგების შედეგად მომხდარიყო ბაჩიაშვილის დაკავება, მდინარაძე აცხადებს, რომ „არანაირ გარიგებაზე არ არის საუბარი“.

„როგორც ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტროც იყო ჩართული და მადლობას ვუერთდები ქართული სპეცსამსახურების და ძალიან მიხარია, რომ ქართული სპეცსამსახურები თავიანთ სიმაღლეზე დგანან და ასეთი გადაადგილებების შესახებ ინფორმაციას ფლობენ, იპოვებენ, არსებობენ წყაროები, რომლებიც ამ ინფორმაციას მათ აწვდიან და შესაბამისად რეაგირებენ. ამიტომ, ეს არის წარმატებული ღონისძიება, წარმატებული ოპერაცია, რომელიც თქვენ არ გაგიხარდებოდათ იმიტომ, რომ ეს ადამიანი როგორც აღმოჩნდა ოპოზიციის, დაგეგმილი, დასაგეგმი თუ მიმდინარე აქციების მთავარი დამფინანსებელი იყო და საბოლოო ჯამში ისიც ასრულებდა დავალებებს. სხვანაირად მისი ქმედება, მას რომ ის გაებედა, რაც გაბედა, წარმოუდგენელია. დავალების შემსრულებელი, ადამიანი, რომელმაც დიდი თანხები მოიპარა არის დაკავებული, ეს ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, არანაირ გარიგებაზე არ არის საუბარი“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამხელა ორგანიზების შემდეგ, 3 ათასი კაცი შეკრიბეს და სალომე ზურაბიშვილმა ელისაშვილისგან ჩაიბარა აღლუმი, როგორც ვაანონსებდით – თვითონაც არ უნდათ რიგგარეშე არჩევნები – ირაკლი კობახიძე

გუშინ, ამხელა ორგანიზების, სარეკლამო კამპანიების შემდეგ, 3 ათასი კაცი შეკრიბეს რუსთაველის გამზირზე და სალომე ზურაბიშვილმა ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარა აღლუმი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ის გუშინ „26 მაისის ეროვნული კომიტეტის“ ორგანიზებით გამართულ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დღეს „რადიკალური ოპოზიციას“ არც რადიკალიზაციის და არც არჩევნებში მონაწილეობის რესურსი არ აქვს.

„გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რადიკალური ოპოზიცია არის სრულად მოშლილი. გუშინ, ამხელა ორგანიზების შემდეგ, სარეკლამო კამპანიების შემდეგ, 3 ათასი კაცი შეკრიბეს რუსთაველის გამზირზე და სალომე ზურაბიშვილმა ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარა აღლუმი, როგორც ამას წინასწარ ვაანონსებდით. ეს არის ოპოზიციაში დღევანდელი რეალობა. ამიტომ როდესაც საუბარი აქვთ მათ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, სინამდვილეში, თვითონაც არ უნდათ ეს არჩევნები, იმიტომ, რომ იციან, არიან აბსოლუტურად დაღუპულები. უკვე საჯაროდ საუბრობენ ამასთან დაკავშირებით. არც კი აწყობთ. რასაც ითხოვდნენ, ის უკვე საერთოდ აღარ აწყობთ, იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ უფრო მძიმედ დამარცხდებიან, ვიდრე დამარცხდნენ გასული წლის ოქტომბერში. ეს არის ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა. არავისთვის, მათ შორის არც მათთვის, არც ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ეს რადიკალური ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, საქართველოში შედგება სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს არჩევნები იქნება კიდევ უფრო მეტად სრულფასოვანი თუ რადიკალური ოპოზიცია მასში არ მიიღებს მონაწილეობას.

გუშინ, როგორც ჩანს, მაინც ჰქონდათ იმედი, რომ ცოტა მეტი ადამიანი მოვიდოდა. თუმცა 3 ათასი კაცის ფონზე, რა თქმა უნდა, მას გაუჭირდა რაიმე ღირებულის თქმა. ეს არის რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა. არაფრის რესურსი არ აქვთ. არც რადიკალიზაციის, არც არჩევნებში მონაწილეობის, არაფრის რესურსი არ აქვთ. აქამდე მიიყვანეს საკუთარმა პატრონებმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“, – განაცხადა კობახიძემ.

დღეს მე არ ვიცნობ ადამიანს ცხინვალში, რომელიც პატივს სცემს ირაკლის – დიმიტრი სანაკოევი ოქრუაშვილის განცხადებაზე

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 2006-2022 წლებში დიმიტრი სანაკოევი საუბრობს.

თეა წულუკიანის შეკითხვაზე, თუ როგორ იქნა აღქმული მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სიტყვები „2007 წლის ახალ წელს ცხინვალში შევხვდებით“ დიმიტრი სანაკოევმა უპასუხა, რომ „დიდი ზიზღი იყო ხალხის მხრიდან ოქრუაშვილის მიმართ მის განცხადებასთან დაკავშირებით“.

„ძალია ცუდად, დიდი ზიზღი იყო ხალხის მხრიდან ოქრუაშვილის მიმართ მის განცხადებასთან დაკავშირებით. მანამდეც 2004 წლის ღონისძიებები რაც იყო 2 თვის ომი, ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა ხალხს, დღეს მე არ ვიცნობ ადამიანს ცხინვალში, რომელიც პატივს სცემს ირაკლის. ძალიან ცუდი განცხადება იყო.

სანამ ოქრუაშვილი ამ განცხადებას გააკეთებდა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სხვა განცხადებებს აკეთებდა იმ რეგიონის მიმართ და შემდეგ თავდაცვის მინისტრი აკეთებს ასეთ განცხადებას“, – განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა.

მე რაც მითხრა მაკრონმა ალბანეთში, თავის არსით წინააღმდეგობაშია გუშინ გავრცელებულ განცხადებასთან, აქედანაც ჩანს, რომ ადამიანები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს – პრემიერი

მე რაც მითხრა მაკრონმა ალბანეთში, თავის არსით წინააღმდეგობაშია იმ განცხადებასთან, რომელიც გავრცელდა, აქედანაც ჩანს, რომ ადამიანები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამი ქვეყნის მიერ 26 მაისს გავრცელებული განცხადებით პირდაპირ ჩანს, რომ ევროპაში მძლავრობს „დიფ სთეითი“.

„ჯერ მარტო ეტიკეტის ამბავია, რომ 26 მაისს ასეთი ტიპის განცხადება არ გაავრცელო, 26 მაისი არის საზეიმო დღე და საზეიმო დღეს მიღებულია საზეიმო წერილების გამოგზავნა, საზეიმო განცხადებების გაკეთება. პროტოკოლსა და ეტიკეტსაც კი არ იცავენ, აქედან ჩანს, რომ ისინი ვერ მოქმედებენ რეალურად ობიექტური ინტერესების შესაბამისად, თუნდაც საკუთარი ობიექტური ინტერესების შესაბამისად და მათ უწევთ ისეთი ხაზით მუშაობა, რაც არ შეესაბამება მათ ინტერესებს, ეს არის დასანანი და სამწუხარო. მე რაც მითხრა მაკრონმა ალბანეთში, თავის არსით წინააღმდეგობაშია იმ განცხადებასთან, რომელიც გავრცელდა, აქედანაც ჩანს, რომ ადამიანები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, არის ძალიან სერიოზული გავლენა ევროპაში, ევროპის ქვეყნებზე, შესაბამისად, ეს ყველაფერი იწვევს იმ აღრევას, რომელსაც ყველა ვხედავთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ადვოკატის თქმით, ახლა თავად მიდის რუსთავში, რომ შეხვდეს ბაჩიაშვილს და დაელაპარაკოს.

„ამ წუთას გაირკვა, რომ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ჰყავთ შესახლებული. მიზეზს რაც შეეხება, ცხადია, უცნობია. ზოგადად, პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი სხვადასხვა რისკიდან გამომდინარე თავად წყვეტს რომელ დაწესებულებაში შეასახლონ ესა თუ ის პირი. შესაბამისად, მივდივარ რუსთავში, რომ შევხვდე და დაველაპარაკო. ამ წუთისთვის სხვა დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-მა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.

„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენერალური დირექტორი, “ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი “მტკვარი ჰესის” საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ვიცე-ჩემპიონია

მიმდინარე წლის 22-26 მაისს,ესტონეთში, ქალაქ პიარნუში, მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის ( IFA) ეგიდით, ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენები მსოფლიოს 19 ქვეყნიდან.

საქართველოს დელეგაცია 8 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. მათ შორის გახლდათ ომის ვეტერანი, ასევე, ვეტერანი სპორტსმენი, ოთხგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონი, ზვიად ხაჩიძე, რომელმაც, ამჯერად, ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და 4 ვერცხლის მედლით ბრუნდება სამშობლოში.

აღსანიშნავია,რომ ზვიად ხაჩიძე, პიარნუში, ორ სხვადასხვა კატეგორიაში ასპარეზობდა-ვეტერან და შშმ სპორტსმენებს შორის და ფინალში, შვედ მეტოქესთან, მეორე ადგილს დასჯერდა როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელით ორთაბრძოლაში.

საქართველოს ნაკრებმა, ასპარეზობა, 2 ოქროს, 8 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ზვიად ხაჩიძეს, ესტონეთში გამგზავრებაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, კომპანია არემჯი გოლდმაც გაუწია თანადგომა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ზვიად ხაჩიძეს მიღწეულ გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.

ჩემი ინფორმაციით, აქ, გლდანის მერვე დაწესებულებაში უნდა იმყოფებოდეს, თუმცა ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჯერ შემოსახლებული არ არის – გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი

ჩემი ინფორმაციით, აქ უნდა იმყოფებოდეს, მერვე დაწესებულებაში, თუმცა ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჯერ გიორგი შემოსახლებული არ არის, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა ჟურნალისტებს გლდანის ციხესთან განუცხადა.

მისი თქმით, ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ მას ოჯახის წევრმა შეატყობინა.

„მე შემატყობინა ოჯახის წევრმა. გამთენიისას გავიგე მე ეს ინფორმაცია, დედამ მითხრა თუ მამამ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი ინფორმაციით, აქ უნდა იმყოფებოდეს, მერვე დაწესებულებაში, თუმცა ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჯერ გიორგი შემოსახლებული არ გახლავთ აღნიშნულ დაწესებულებაში“, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, ადვოკატმა განაცხადა, რომ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია.

„არანაირი ინფორმაცია არ მქონია და არც მერეალურება. დანარჩენ დეტალებს როდესაც მასთან მექნება კომუნიკაცია და დაველაპარაკები მერე გავარკვევ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ტრამპმა, შესაძლოა, მიმდინარე კვირას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღოს-The Wall Street Journal

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, მიმდინარე კვირას რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაბალი ტემპის გამო მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

როგორც წყარო გამოცემას უყვება, ამერიკის ახალი შეზღუდვები სავარაუდოდ რუსეთის საბანკო სისტემას არ შეეხება. თეთრი სახლი მოსკოვზე ზეწოლის სხვა ვარიანტებს განიხილავს.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, შესაძლოა, ტრამპმა საერთოდ არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღოს, რადგან დაიღალა უკრაინაში ომის გაჩერების უშედეგო მცდელობებით. ის მზადაა დატოვოს მოლაპარაკებები, თუ „ბოლო გაბრძოლება უშედეგო აღმოჩნდება“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში ტრამპი ტრამპი არ იზიარებდა მოწოდებებს რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაძლიერების შესახებ. თეთრი სახლის ლიდერი ამბობდა, რომ ის კარგად იცნობს პუტინს, კრემლის ლიდერი დათმობებზე წავა.

The Wall Street Journal-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც გასულ კვირას პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რა დროსაც კრემლის ლიდერმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე უარი განაცხადა.

ზურაბიშვილმა გამოხატა ძალიან ბუნდოვანი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე არშესვლასთან დაკავშირებით და კითხვის ნიშნები დატოვა -ნიკა მელია

სცენიდან ზურაბიშვილმა გამოხატა ძალიან ბუნდოვანი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე არშესვლასთან დაკავშირებით და კითხვის ნიშნები დატოვა, – დაწერა „ახალის“ წევრმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გუშინდელ აქციაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

„დღეს, სცენიდან ზურაბიშვილმა გამოხატა ძალიან ბუნდოვანი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე არშესვლასთან დაკავშირებით და კითხვის ნიშნები დატოვა, პირად პოზიციას აჟღერებდა თუ პლატფორმაზე არსებული ყველა პარტიის სახელით საუბრობდა. იმედს ვიტოვებ, რიგი პოლიტიკური პარტიები ახლა მაინც დააფიქსირებენ მკაფიო პოზიციას. ერთობა და კოორდინაცია მნიშვნელოვანია იყოს მკაფიო და მყარ პრინციპზე დაფუძნებული“, – წერს მელია.

გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების რისკი ემუქრება – საერთაშორისო იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners

გიორგი ბაჩიაშვილს 2025 წლის 26 მაისს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების რისკი ემუქრება, – ამის შესახებ საერთაშორისო იურიდიული ფირმის, Amsterdam & Partners-ის განცხადებაშია აღნიშნული.

„ბატონი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული გუნდი გამოიყენებს ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რათა საქართველომ პასუხი აგოს ბატონი ბაჩიაშვილის საქმეში ჩადენილი უკანონო ქმედებებისთვის, გააპროტესტოს საქართველოში მართლმსაჯულების მიმდინარე დამახინჯება და მოითხოვოს კომპენსაცია ბატონი ბაჩიაშვილის თვითნებური დაკავებისა და არასათანადო მოპყრობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Amsterdam & Partners -ში აცხადებენ, რომ ბაჩიაშვილი გამუდმებით პოლიტიკური დევნის კამპანიის სამიზნეა, რომელსაც „საქართველოს დე ფაქტო მმართველი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს“.

„ბატონი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის უაზრო და ხანდაზმული ბრალდებები, რომლებიც ათწლეულზე მეტი ხნის წინ ლეგიტიმურ ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება, ასახავს სასამართლო სისტემის სისტემურ გამოყენებას პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად. ბატონი ბაჩიაშვილის იძულებითი დაბრუნება საქართველოში მას თვითნებური დაკავების, იძულებითი დაკითხვისა და არასათანადო მოპყრობის უშუალო რისკის ქვეშ აყენებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Amsterdam & Partners-ში აცხადებენ, რომ საფრთხე რეალურია.

„საფრთხე რეალურია. გაერო-ს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა მიუთითა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ წამების „მრავალი და თანმიმდევრული ბრალდების“ შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ გამოიტანა გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის გამო. ხოლო ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) 2018 წლის საჯარო ანგარიშში საუბარია საქართველოში ცემის, იძულებითი დაკითხვისა და დაკავების დროს არასაკმარისი დაცვის მექანიზმების მუდმივი შემთხვევების შესახებ. ეს შეშფოთება განსაკუთრებით მწვავეა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებში, როგორიცაა ბატონი ბაჩიაშვილის საქმე, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა მთლიანად კომპრომეტირებულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Amsterdam & Partners-ის მტკიცებით, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქართველოში წარმოებული სასამართლო პროცესები თავისთავად წარმოადგენს სათანადო სასამართლო პროცესის ძირითადი სტანდარტების დარღვევას და ის არის უფრო ფართო ნიმუშის ნაწილი, „რომლის მიხედვითაც პოლიტიკურად დაკავშირებული პროკურორები და მოსამართლეები რეჟიმის ოპონენტების გასაჩუმებლად და გავლენის დამოუკიდებელი ცენტრების დასაშლელად გამოიყენებიან“.

„საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პასუხისმგებლობას დააკისრებს ბატონი ბაჩიაშვილის უფლებების ყველა დარღვევისთვის. საქართველომ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და ბატონი ბაჩიაშვილის და სხვა იმ პირების ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიმართულებით, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული დევნის წინაშე იმყოფებიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-მა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.

2025 წლის “ოქროს ბუცის” მფლობელი კილიან მბაპე გახდა

2024/25 წლების სეზონის “ოქროს ბუცი” კილიან მბაპემ მოიგო.

“რეალის” ფორვარდმა ლა ლიგაში თავის სადებიუტო სეზონში 31 გოლი გაიტანა.

მბაპეს დაწევი შანსი სალაჰს ჰქონდა, მაგრამ პრემიერლიგის ბოლო ტურში საჭირო სამი გოლის ნაცვლად მხოლოდ ერთი გაიტანა.

ფრანგმა ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირობაში რობერტ ლევანდოვსკის 4 გოლით გაასწრო. პოლონელს ბოლო ტურში 6 გოლი სჭირდებოდა კილიანის დასაწევად და დუბლით დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ მბაპე “რეალის” მხოლოდ მესამე ფეხბურთელია, ვინც “ოქროს ბუცს” დაეუფლა – უგო სანჩესისა (1990) და კრიშტიანო რონალდოს (2011, 2014, 2015) შემდეგ.

 “ოქროს ბუცის”  2024-25 TOP20

1. კილიან მბაპე (რეალი) 62 (31×2.0)
2. ვიქტორ დიოკერეში (სპორტინგი) 58.5 (39×1.5)
3. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) 58 (29×2.0)
4. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) 54 (27×2.0)
5. ჰარი კეინი (ბაიერნი) 52 (26×2.0)
6. მატეო რეტეგი (ატალანტა) 50 (25×2.0)
7. ალექსანდერ ისაკი (ნიუკასლი) 46 (23×2.0)
8. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) 44 (22×2.0)
8. ომარ მარმუში (აინტრახტი/სიტი) 44 (22×2.0)
9. მიკა ბირეტი (შტურმი/მონაკო) 42.5 (24×2)
10. ეფტიმიოს კულურისი (პოგონი) 42 (28×1.5)
10. უსმან დემბელე (პსჟ) 42 (21×2.0)
10. სერუ გირასი (დორტმუნდი) 42 (21×2.0)
10. პატრიკ შიკი (ლევერკუზენი) 42 (21×2.0)
10. მეისონ გრინვუდი (მარსელი) 42 (21×2.0)
10. ანტე ბუდიმირი (ოსასუნა) 42 (21×2.0)
17. კრის ვუდი (ნოტინგემი) 40 (20×2.0)
17. ბრაიან მბუემო (ბრენტფორდი) 40 (20×2.0)
17. ალექსანდერ სორლოტი (ატლეტიკო) 40 (20×2.0)
20. იოან ვისა (ბრენტფორდი) 38 (19×2.0)
20. აიოსე პერესი (ვილიარეალი) 38 (19×2.0)
20. მოიზე კინი (ფიორენტინა) 38 (19×2.0)

“ოქროს ბუცი” გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე (1.0, 1.5, 2.0). უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.