Home Blog Page 43

 ,,ახლა ოპოზიცია უნდა იყოს ერთი მთლიანი”- თაკო ჩარკვიანი

200 000 კაცი რომ მოვა რუსთაველზე და სახლში გაუშვებ, ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება. ხალხს უკვე კითხვები აქვს, კიდევ უნდა გვაპროწიალონ, თუ რა უნდათ?, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით, ახლა ოპოზიცია უნდა იყოს ერთი მთლიანი.

„თითქმის მთელი საქართველო, ის ამომრჩეველი, რომელიც ვიდექით საპროტესტო აქციაზე, გუშინ ველოდებოდით გეგმას, გეგმა არ გამოცხადდა. ითქვა, გეგმას გამოვაცხადებთო, ეს ნიუანსია აქ მთავარი. სოციალური ქსელი ერთია და ბრიფინგი – მეორე. ბრიფინგს როდესაც გეგმავს, იქ უნდა გაჟღერდეს გეგმა. საუბარი არაა იმაზე, რომ ყოველი ნაბიჯი ნიუანსებით იყოს გაწერილი. წავიკითხე ნიკა მელიას პოსტი, ვინც გეუბნებათ, რომ გაწერილი გვანახეთო. ამას არავინ სთხოვს, საუბარია იმაზე, რა ბრძოლას აპირებენ. ეჭვი რატომ შეიტანა საზოგადოებამ? 200 000 კაცი რომ მოვა რუსთაველზე და სახლში გაუშვებ, ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება. ხაზარაძემ თქვა, ნუ გვაბულინგებთო. კი არ ვაბულინგებთ, მივუთითებთ, რომ მეათედ არ მოუვიდეთ შეცდომა. ორშაბათი რა არის? რატომ შაბათ-კვირას არა, ორშაბათს სამუშაო დღეა. ხალხს უკვე კითხვები აქვს, კიდევ უნდა გვაპროწიალონ, თუ რა უნდათ? აბა, რომ ვიყავით, რატომ არ დაგვტოვეს?

განსაკუთრებით ოპოზიცია ქილიკობდა კარვებზე და ცარიელ კარავში ხომ არ ისხდებიან? რაღაც ხომ უნდა დააფინო და დაჯდე, ცივ ასფალტზე ახალგაზრდა ბავშვი და ხანშიშესული რომ დაჯდება, არ გაცივდეს. ამიტომ ვსაუბრობდი იმ ატრიბუტიკაზე. ანუ, სწორი ყოფილა. ეს ნიშნისმოგება კი არ არის, შეცდომის აღნიშვნაა ჭირისუფლურად, რათა კიდევ არ დაუშვან იგივე შეცდომა. რაც შეეხება ჯანყს, ეს არის ევროპული კონვენციით მონიჭებული უფლება და არამც და არამც არ გულისხმობს შეიარაღებას, მშვიდობიანი პროტესტია. მინდა, კიდევ ერთი რამ ვთქვა ფულიანი ოპოზიციისთვის. ახლა ოპოზიცია უნდა იყოს ერთი მთლიანი. ურთიერთობები არ უნდა ხდებოდეს იმის მიხედვით, ვის მოსწონს, მაგალითად, მამუკა ხაზარაძე ან ვიღაცამ ელისაშვილივით არ მოუხადა ბოდიში მამუკა ხაზარაძეს. მაგალითად, შალვა ნათელაშვილს ვერ ვხედავ, რომელიც მუდმივად თავის ორ პროცენტს დებს. შენ რა, უგულებელყოფ იმ ორ პროცენტს, თუ ხალხი არ არის? ვიდრე ეს დამოკიდებულება იქნება ოპოზიციაში, ვიდრე თანხა გადაწყვეტს, რომ მე სცენა მომაქვს, მომაქვს მიკროფონი და ამიტომ, ვინც მინდა, ის იქნება მიკროფონთან – არა, მიკროფონთან უნდა იყოს ხალხი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

„კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფეისბუქის“ მომხმარებლებს მიმართა, კარვები მიაწოდონ: „ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ. თუ გვაჩუქებთ – გაგვეხარდება, თუ მოგვყიდით – მაინც გაგვიხარდება, რაოდენობა შეუზღუდავია“.

“გენერალი აღიარებს, რომ რუსებმა უკრაინის არმიის ფრონტის ხაზი გაარღვიეს”-The Daily Telegraph

„ვოლოდიმირ ზელენსკის უაზრო პროექტი, „გამარჯვების გეგმის“ სახელწოდებით და საბრძოლო მასალების მიწოდების შემცირება, უკრაინის არმიას დიდ ზარალს აყენებს“, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთში „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „გენერალი აღიარებს, რომ რუსებმა უკრაინის არმიის ფრონტის ხაზი გაარღვიეს“ (ავტორები – ჯეიმს კილნერი და დენიელ ხარდაკერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორც გენერალ-პოლკოვნიკი დიმიტრი მარჩენკო ამბობს, უკრაინის ფრონტის ხაზის ბოლოდროინდელი რღვევა და ჯარების უკანდახევა განპირობებულია იმით, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუმცირდა, ხოლო ქვეყნების ხელისუფლებამ უაზრო ე.წ. „გამარჯვების გეგმა“ შეიმუშავა და მისი იმედი აქვს. „მე არანაირ საიდუმლოს არ გაგიმხელთ, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი ფრონტი ჩამოიშალა“, – უთხრა მან ერთ-ერთ უკრაინელ დეპუტატს ინტერვიუს დროს, რომელიც „იუთუბზეა“ განთავსებული.

ამ კვირაში რუსეთის არმიის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ კრემლის ჯარებმა დონეცკსა და პოკროვსკს შორის მდებარე ქალაქი სელიდოვოს გარეუბნები დაიკავეს, რომელშიც ომის დაწყებამდე დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა.

რუსეთის არმია წინ მიიწევს და პოკროვსკის დაუფლება სურს, რომელიც უკრაინისათვის მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს.

უკრაინელი სამხედროები კომენტარს არ უკეთებენ რუსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სელიდოვოს ნაწილობრივი დაკავების შესახებ, თითქოსდა ეს ქალაქი ფრონტისათვის საერთოდ არ არსებობს, თუმცა გენერალი დიმიტრი მარჩენკო დაბეჯითებით ამბობს, რომ რუსი სამხედრო ქვედანაყოფები მართლაც შევიდნენ ქალაქში:

„ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში ისინი (რუსები] მას მთლიანად ალყაში მოაქცევენ და პოკროვსკისათვის ბრძოლას გააძლიერებენ. ჩვენთვის ეს ძალიან ცუდი იქნება“.

გენერალი დიმიტრი მარჩენკო ცნობილი გახდა 2022 წელს, როცა იგი ჯერ ნიკოლაევის თავდაცვის ქვედანაყოფებს მეთაურობდა, შემდეგ კი ხერსონის გათავისუფლებაში მონაწილეობდა. იგი უკრაინის არმიის სისუსტეს იმით ხსნის, რომ ჯარს აკლია იარაღი, ტექნიკა, დიდი პრობლემებია გაწვევის თვალსაზრისით და სარდლობის მიერ უხეში შეცდომებია დაშვებული. იგი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის – როგორც უმაღლესი მთავარსარდლის – მიერ შემუშავებული „გამარჯვების გეგმა“ ზედმეტად არის ორიენტირებული დასავლელეი მოკავშირეების დახმარებაზე: „ამ გეგმაში არცერთი პუნქტი არ გამოხატავს უკრაინის შესაძლებლობებს და პოტენციალს“.
როგორც ცნობილია, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი გეგმა წარუდგინა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელებს, თუმცა მათ გეგმის მიმართ საკმაოდ გულგრილი დამოკიდებულება გამოხატეს და განაცხადეს, რომ ის უფრო მეტად იარაღის მიღების სურვილს ჰგავს, ვიდრე კრემლის ჯარების განადგურების გენერალურ გეგმას.
უკრაინელი ჯარისკაცების წრთვნების მონაწილე ინკოგნიტო ბრიტანელი ოფიცრის განცხადებით, მათ [უკრაინელებმა] ჯერ კიდევ ვერ შეძლეს სრულად ნატოური სტანდარტებისა და სამხედრო ტაქტიკის ათვისება, ისინი ჯერ კიდევ ვერ იყენებენ პროფესიულად დასავლურ ტექნიკას. „ჩვენ მათ იარაღსა და საბრძოლო მასალებს ვაძლევთ, ისინი კი უარს აცხადებენ დასავლური იარაღი დასავლურივე ტაქტიკით გამოიყენონ“, – განუცხადა ოფიცერმა „დეილი ტელეგრაფს“.

რუსეთ-უკრაინის ომი ორივე მხარისათვის გამაწამებელ და გამომფიტავ სამხედრო მოქმედებად გადაიქცა, თუმცა ყველაზე მეტად უკრაინისათვის. იმიტომ, რომ რუსეთი თვითონაც აქტიურად ამზადებს საბრძოლო მასალებს და დამატებით ირანიდან და ჩრდილოეთ კორეადაც იღებს, უკრაინა კი თვითონ ბევრს ვერაფერს აწარმოებს და ძირითადად დასავლეთზეა დამოკიდებული. კიევი ჩივის, რომ მოკავშირეები დაპირებულ ჭურვებს და რაკეტებს დროულად არ აწვდიან.

უკრაინას სერიოზული პრობლემები აქვს ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ხანია არსებობს. ხელისუფლება საქმის გამოსწორებას ცდილობს, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი წარმატების გარეშე. სიტუაციას ვერ შველის მობილიზაციის კანონის მიღება – უკრაინელები ბოლო დროს არმიაში გაწვევას თავს მასობრივად არიდებენ, ომის პირველი ეტაპისაგან განსხვავებით, როცა ათასობით მოხალისე ნებაყოფლობით მიდიოდა ფრონტზე. მიმინარე წელს გეგმიური ციფრები ჯარში გაწვევის საკითხში შეუსრულებელი რჩება.

მთავრობამ კომპლექტაციის ცენტრებს (გასაწვევ პუნქტებს) ფართო უფლებამოსილება მისცა და კანონი გაამკაცრა, მაგრამ უკრაინელი მამაკაცები თვლიან, რომ არმიაში სამსახური – ეს ცოცხალი ადამიანისათვის ერთი მიმართულებით აღებულ ბილეთს ნიშნავს, რომელიც სიკვდილის ან მძიმედ დასახიჩრების ტოლფასია.

კომენტარებს „ფრონტის გარღვევის“ თაობაზე უკრაინელი სამხედროები თავს არიდებენ: მათგან იშვიათად თუ მოისმენ პირუთვნელ შეფასებას ფრონტზე შექმნილი მძიმე სიტუაციის თაობაზე, თუმცა დასავლელი ლიდერების გამოსვლებში უკვე შეიმჩნევა პესიმიზმი უკრაინის მიმართ, რუსეთზე გამარჯვების შანსებთან დაკავშირებით. აშშ-ში არსებულმა პროუკრაინულმა ანალიტიკურმა ცენტრმა – “ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა” (ISW-Institute for the Study of War) ორი დღის წინ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც რუსეთის არმიის მიერ ბოლო დროის მოქმედება შეფასებულია როგორც „ტაქტიკურად მნიშვნელოვანი შედეგები“.

დასავლელი ანალიტიკოსები უკვე პესიმისტურად არიან განწყობილნი უკრაინის არმიის ბრძოლისუნარიანობის მიმართ და ამბობენ, რომ კიევის ჯარებს ფრონტის ხაზის შენარჩუნება გაუჭირდება. ფინური კომპანიის Black Bird Group-ის ანალიტიკოსი ემილ კასტეჰელმი თვლის, რომ რუსეთის არმიამ ბოლო დროს ბევრ ადგილზე გაარღვია უკრაინის ჯარების თავდაცვა, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთის ფრონტის ცენტრალურ უბანზე – ადრე დაკავებულ უგლედარსა და პოკროვსკს შორის, 60 კილომეტრიან ხაზზე, რაც, როგორც ჩანს, ქალაქ სელიდოვოს სრული ოკუპირების საფრთხეს უქმნის.

„მთლიანობაში სიტუაცია კრიტიკულია, უკრაინის არმიის ძალები ზღვარზეა მისული. ზამთრის ბრძოლები მძიმე იქნება“, – ამბობს ფინელი სამხედრო ექსპერტი
უკრაინის ჯარების წარუმატებლობა ნატოელ მოკავშირეებში უკმაყოფილებას იწვევს, რაც გასაგებია: მათ მილიარდობით დოლარი და ევრო დახარჯეს, შედეგები კი უარყოფითია.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

,,ჩვენს ამომრჩეველს კარგად ვიცნობთ და სიმართლე გითხრათ, არ მგონია, კარავში შევიდნენ” – ნათია მეზვრიშვილი

ჩვენს ამომრჩეველს კარგად ვიცნობთ და სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ისინი კარავში შევიდნენ, თუმცა თუ გადაწყვეტენ, რომ აქციებში უნდა ვიყოთ, ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთას შევასრულებთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია  საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციას ეხმარება როგორც მტკიცებულებების შეგროვებაში, ისე საორგანიზაციო საკითხებში.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენ როგორც შეგვიძლია, მაქსიმალურად  ვეხმარებით ოპოზიციას, მათ შორის ვეხმარებით მტკიცებულებებით, იმ მტკიცებულებებით, რომლებიც ჩვენმა საარჩევნო გუნდმა მოიპოვა. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება, სადაც ჩვენი ამომრჩეველი ჩათვლის, რომ საჭიროა ყოფნა, რათა ჩვენ დავიცვათ ხმები და მოპარული ხმები უკან დავაბრუნოთ. ეს არის ახლა ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა. კარგად ვიცნობთ ჩვენს ამომრჩეველს და სიმართლე გითხრათ, არ მგონია, ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს. თუმცა ჩვენი ამომრჩეველი თუ გადაწყვეტს, რომ აქციებში უნდა ვიყოთ, ბუნებრივია, შევასრულებთ ჩვენი ამომრჩევლების დაკვეთას. ასე იყო წინაზეც, წინა აქციაზეც ჩვენ მივედით.

კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა დეტალებში შეიძლება იყოს განსხვავებები, ჩვენ ასევე გვაქვს მნიშვნელოვანი ხაზი, რომელსაც მივყვებით და არ ვაპირებთ, რომ აქედან გადავუხვიოთ. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ოპოზიციას, იქნება ეს მტკიცებულებების შეგროვება თუ რაღაც საორგანიზაციო საკითხები, ამ ყველაფერში ჩვენ, ჩვენი წარმომადგენლები მაქსიმალურად ვმონაწილეობთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

„კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფეისბუქის“ მომხმარებლებს მიმართა, კარვები მიაწოდონ: „ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ. თუ გვაჩუქებთ – გაგვიხარდება, თუ მოგვყიდით – მაინც გაგვიხარდება, რაოდენობა შეუზღუდავია“.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა. აღნიშნული ციფრი 2005 წლიდან -დღემდე ტავ ჯორჯიას მიერ აეროპორტების მართვის ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლო რეკორდული მაჩვენებელი 2018 წელს 3,808,772 მგზავრით დაფიქსირდა. 2024 წლის ბოლომდე  თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი სავარაუდოდ ოთხი მილიონ რვაასი ათასს მიაღწევს.

ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, დიპლომატიურ კორპუსს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს დღეს წარუდგენენ

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრა „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ შტაბში, 18:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მთავარი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ელჩისთვის „ყველა კომპოზიციისა და კომპონენტის წარდგენაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე განახორციელა“.

„დღეს, 18:00 საათზე დიპლომატიურ კორპუსთან იქნება შეხვედრა, სადაც ჩვენ წარვადგენთ არჩევნების, უფრო სწორად სპეცოპერაციის ყველა კომპოზიციას და კომპონენტს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა. ამ არჩევნებს აღიარება არ ექნება. ძალიან ცალსახაა ფაქტები, რომლითაც ამომრჩევლის ნებაზე ტოტალური კონტროლი და მონაცემების გაყალბება მოხდა.

შეხვედრის მთავარი მზიანია, წარვადგინოთ ყველა მტკიცებულება იმ სისტემურ, დანაშაულებრივ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა. უტყუარად დადასტურებულია, რომ ფარულობის ტოტალური დარღვევა და ის რომ, მათ მთელი საქართველოს მასშტაბით ამომრჩევლის ტოტალური კონტროლი მოახდინეს. გარდა ამისა, სხვა მტკიცებულებებიც არსებობს, რომლებსაც სჭირდებათ საერთაშორისო გამოძიება. ამიტომაც ვითხოვთ, არჩევნები უკვე უნდა გაუქმდეს ამ ტოტალური კონტროლის სისტემის აწყობიდან გამომდინარე. უნდა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება იმისთვის, რომ ყველა ის სქემა, რომელიც ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს, სისტემურად გამოვლინდეს“, – აღნიშნა ვაშაძემ.

“რუსეთი რომ არ ყოფილიყო, საქართველო დაღესტნის ნაწილი გახდებოდა”-შარაბუტდინ მაჰომედოვი

რუსულ სპორტულ გაზეთ “სპორტ-ექსპრესში“ (СЭ – Спорт-экспресс) სათაურით:  “რუსეთი რომ არ ყოფილიყო, საქართველო დაღესტნის ნაწილი გახდებოდა” (ავტორი – ისლამ ბაბაჯანოვი) გამოქვეყნებულია ინტერვიუ UFC-ის (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის) მებრძოლ შარაბუტდინ მაჰომედოვთან (შარა ბულეტთან), რომელშიც იგი თავისი კოლეგის, UFC-ის ქართველი ჩემპიონის მერაბ დავალიშვილის შესახებაც საუბრობს.

შარაბუტდინი კომენტარს უკეთებს მის ნათქვამს – “დაღესტანი რუსეთი არ არის, უბრალოდ, დაღესტნელები იძულებულნი არიან რუსეთის სახელით იყვნენ წარმოდგენილნიო”.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

“უცხოელი სპორტსმენები საერთოდ და მათ შორის ქართველებიც, როგორც ჩანს სკოლაში ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილებს არ ესწრებოდნენ. მერაბ დვალიშვილი, ალბათ, უფრო მეტად [ფიზკულტურაზე] დადიოდა, ისტორიას და გეოგრაფიას კი აცდენდა. მას რომ გაკვეთილებზე ევლო, ეცოდინებოდა… ქართველებს, ძირითადად ახლა რატომღაც რუსეთი არ მოსწონთ, თუმცა პირიქით უნდა იყოს – რუსეთს მადლობას უნდა ეუბნებოდნენ…
ისტორია რომ ესწავლათ, მათ ეცოდინებოდათ, რომ დაღესტნელებისაგან ქართველები სწორედ რუსეთმა გადაარჩინა. [წარსულში] ჩვენ ხშირად თავს ვესხმოდით ქართველებს, ვთარეშობდით, ვლაშქრობდით მათ ტერიტორიაზე, რუსეთი კი ქართველებს იცავდა. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა საქართველო დაიფარა დაღესტანის თავდასხმისაგან. რუსეთის მფარველობა რომ არ ყოფილიყო, საქართველო დიდი ხანია დაღესტნის ნაწილი იქნებოდა. ჩვენ რუსეთთან ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვიბრძოდით, რაც ისტორიაში დარჩა. ამჟამად ჩვენთვის რუსებთან ყოფნა უფრო კომფორტულია, ვიდრე სხვებთან.

ამჟამად მრავალეროვნული რუსეთის თემას ყველა ატრიალებს და ყველა რაღაცას ამბობს. გარეშე მტრებს რუსეთის ცალკეულ ნაწილებად დანაწევრება სურთ და ცდილობენ, რუსები სხვა ხალხებისაგან განაცალკევონ, ჩვენ კი გვეუბნებიან – „თქვენთან კი არ გვაქვს პრეტენზიები, არამედ რუსებთან“. ვხედავთ, რომ რაღაც რუსოფობიაა დაწყებული. დღეს რუსებისათვის მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, ამიტომაც ჩვენ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ – რუსებთან ერთად – და არაკეთილმსურველებს საკადრის უნდა მივუზღოთ. მათ მკაცრად უნდა ვუთხრათ – რუსეთი მთლიანია და ის არ დაიშლება. დაშლაში კარგი არაფერი არ არის.

მტრებს სურთ, რომ რუსეთი კვლავ წვრი-წვრილ სამტავროებად დაიშალოს, ანუ დაშლილ რუსეტზე უფრო იოლად იბატონებენ. ეს ტაქტიკა ცნობილია… მაგრამ ჩვენ რუსეთთან ერთად ცხოვრება გვინდა, ჩვენ განუყრელები ვართ, რუსეთი ჩვენი საერთო სახლია“.

შენიშვნა: როგორც რუსული სპორტული გამოცემა Спорт-24 იუწყება, შარაბუტდინ მაომედოვს UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ უპასუხა სოციალური ქსელის მეშვეობით. „შენ სპორტსმენი ხარ. დაანებე თავი საქართველოსთან ომებზე ლაპარაკს, არ გინდა ახლა კამერების წინაშე ინტერვიუები და საუბრები… როცა გნახავ, მერე ვილაპარაკოთ ისტორიის, გეოგრაფიისა და რუსული ენის გაკვეთილებზე, ცხოვრების შესახებაც…“, – წერს გურან ქუთათელაძე.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

https://sport24.ru/mma/news-697064-gruzin-iz-ufc-otvetil-share-bulletu-na-slova-o-gruzii-kogda-uvidimsya-togda-i-pogovorim

,,მე ვემორჩილები ქართველ ხალხს”- გიორგი ვაშაძე

მამუკა მდინარაძის დღევანდელმა ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნები ტოტალურად მოპარულია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას და აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლო, „მით უმეტეს, არჩევნები გასაუქმებელი და ახლიდან ჩასატარებელია“.

მამუკა მდინარაძის დღევანდელმა ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნები ტოტალურად მოპარულია. ისინი ხმას ვერ იღებენ იმ ტოტალური კონტროლის სისტემაზე, რომელიც ქვეყანაში ბიულეტენების გამჭვირვალობით და ხმის მიცემის კონტროლით შექმნეს. ეს არჩევნების დაუყოვნებლივ გაუქმების პირდაპირი ფუნდამენტია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სწორედ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“, – განაცხადა ვაშაძემ.

გარდა ამისა, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაზე, ეს იმის დასტური იქნება, რომ მათ „ფაქტობრივი მასალებით ჩადენილი აქვთ ორგანიზებული დანაშაული“.

„შესაბამისი უწყებები თავად არიან ჩართულები ორგანიზებული დანაშაულის ჩადენაში. ამიტომ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას. კონკრეტულ პასუხს ველოდები „ქართული ოცნების“ მხრიდან – მზად არის თუ არა საერთაშორისო, მიუკერძოებელი გამოძიებისთვის და მზად არის თუ არა იქ დაამტკიცოს ჩვენ მიერ წაყენებულ საკითხებთან თავისი მართებულობა. თუ ამაზე უარს იტყვიან, ეს ცალსახად დასტურია, რომ მათ ფაქტობრივი მასალებით ჩადენილი აქვთ ორგანიზებული დანაშაული“,- აღნიშნა ვაშაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, „პროტესტი იქნება მწვავე, ისეთი, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს“.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციამ მათ ხმები დააკლო. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ასეთი 81 შემთხვევაა იდენტიფიცირებული.

უკრაინა აშშ-ში არჩევნების შემდეგ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს დათანხმდება, ან კრემლთან პირისპირ დარჩება -Bloomberg

უკრაინას აშშ-ში მომავალ კვირას დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, შესაძლოა, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დაწყება მოუწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კიევი კრემლთან პირისპირ დარჩება და ომის გაგრძელება მარტო მოუწევს. სტატიას ამ შინაარსით Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს მტკიცებით, ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან დაახლოებული ადამიანები ავრცელებენ. როგორც Bloomberg-ი წერს, უკრაინელ მაღალჩინოსნებში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება ომის მიმდინარეობის გამო.

რუსეთის ჯარი აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე უპირატესობას ზრდის. გასულ კვირას მან მიმდინარე წელს მიწის ყველაზე დიდი ფართობი დაიკავა. ამის გამო კიევის ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეები დიდ წნეხს განიცდიან, წერს Bloomberg-ი.

მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთმა დიდი დანაკარგების ფონზე 200 კვადრატული კილომეტრის მიწის ფართობი დაიკავა. აგვისტოდან რუსეთმა 1 146 კვადრატული კილომეტრი დაიკავა. ეს მიმდინარე წლის შვიდ თვეში დაკავებული ტერიტორიების დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.

სააგენტოს უკრაინული კვლევითი ორგანიზაცია „რაზუმკოვ ცენტრის“ მონაცემები მოჰყავს, რომლის თანახმადაც ქვეყნის მოსახლეობის ორი მესამედი ფიქრობს, რომ დროა უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, რაც 14 პროცენტული პუნქტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამასთან ერთად, როგორც Bloomberg-ი იუწყება, ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აპრილში აშშ-ის მიერ გამოცხადებული $61 მილიარდიანი დახმარებიდან კიევმა მხოლოდ 10% მიიღო, რაც ბიუროკრატიისა და ლოჯისტიკის ბრალია.

ლავროვი ევროკავშირის წევრ ქვეყანას ეწვევა – რუსული მედია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დეკემბერში მალტაში დაგეგმილ ეუთოს სამიტზე ჩასვლას აპირებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ეუთოს სამიტი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 5-6 დეკემბერს მალტაში გაიმართება. ეს იქნება ლავროვის პირველი ვიზიტი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ის საერთაშორისო სანქციების ქვეშ აღმოჩნდა.

ბოლოს ლავროვი ევროპაში გამართულ ეუთოს სამიტში 2021 წლის დეკემბერში მონაწილეობდა. მაშინ ის შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გაიმართა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არ ჩასულა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ციფრი 2005 წლიდან დღემდე „ტავ ჯორჯიას“ მიერ აეროპორტების მართვის ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლო რეკორდული მაჩვენებელი 2018 წელს 3,808,772 მგზავრით დაფიქსირდა. 2024 წლის ბოლომდე  თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი, სავარაუდოდ, ოთხი მილიონ რვაასი ათასს მიაღწევს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

,,ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული არ არის, ეს ტყუილია”- მამუკა მდინარაძე

ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული არ არის, ეს ტყუილია. როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას იღებს ევროკავშირი, ყველა გადაწყვეტილებას საფუძვლად ედება კონკრეტული სამართლებრივი აქტი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ და მედიის წარმომადგენლებს მიმართა:

„თუ შეიძლება, რომელიმე ჟურნალისტმა დამისახელეთ დოკუმენტი, საბუთი, სამართლებრივი აქტი, გარდა განცხადებებისა, რომელიც საფუძველს მოკლებულია, – როგორ შეჩერდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. სად აისახა, რა დოკუმენტში აისახა, რა აქტი გამოვიდა. მე გეუბნებით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული არ არის. ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, რომელთან დაკავშირებითაც არცერთი სხვა საწინააღმდეგო დოკუმენტი არ არსებობს, ვასრულებთ, ავდივართ ძალიან მაღალ პროცენტზე, 2028 წლისთვის 80%-მდე გვექნება შესრულებული. მათი ფუნქციაა, რომ ეს შემდეგ ობიექტურად შეაფასონ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე – როგორც წარმოგიდგენიათ ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელება, ევროკავშირიდან განცხადებების ფონზე – მდინარაძემ ასე უპასუხა:

„ზუსტად ისე, როგორც აქამდე ვაგრძელებთ სვლას წინ ევროპისკენ. ზუსტად ისე, როგორც ასოცირების ხელშეკრულებაზე მოვაწერეთ ხელი და ვასრულებთ. ზუსტად ისე, როგორც მივიღეთ ჯერ ლიბერალიზაცია და შემდეგ კანდიდატი სტატუსი. ეს სტატუსი მივიღეთ დიდი ბრძოლით. მაშინაც ამას გვეუბნებოდნენ, მაშინაც ანტიქართული, დამაზიანებელი განცხადებების კასკადი გვქონდა 1 წლის განმავლობაში და დაგვიანებით, სამართალი ჩვენთანაც მოვიდა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ზუსტად ასე ბრძოლით და არა ცალ ფეხზე დგომით მივიღებთ ჩვენ ყველა იმ საეტაპო გადაწყვეტილებას, რაც საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად გახდის“, – განაცხადა მდინარაძემ.

,,ოპოზიციის გეგმაა, არ შეეგუოს მოპარულ არჩევნებს”- პაატა მანჯგალაძე

ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ვისაც უნდა პროტესტი, შეგვიძლია, თვითორგანიზებით გავაკეთოთ, მე მზად ვარ, ყველა აქციაზე გავიდე, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ- ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმაა, არ შეეგუოს მოპარულ არჩევნებს.

„ჩვენი გეგმა და პირადად ჩემი არის – პროტესტი, მოპარულ არჩევნებთან არშეგუება, ვიდრე ხალხი არ დაიბრუნებს ძალაუფლებას, ეს არის გეგმა. ვადას და თარიღს არ ვიცი, ვინ როდის გადაწყვეტს, მე მზად ვარ, ყველა აქციაზე გავიდე. ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ვისაც უნდა პროტესტი, თვითორგანიზებით შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, პროტესტის რა ფორმები შეიძლება ვიხილოთ, მანჯგალაძემ უპასუხა, რომ ყველა შემთხვევაში მშვიდობიანი და არაძალადობრივი.

„მივესალმები ყველანაირ მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტის ფორმებს, რადგან ჩვენ უკან დგას საქართველო. საერთოდ არ გამოვრიცხავ არაფერს, უნდა იყოს ბევრი სხვადასხვა ცენტრი, სხვადასხვა ჯგუფი, რათა ხელისუფლებას გავურთულოთ ამოცანა რომ ჩააცხროს პროტესტი. არ ვიცი, ვნახოთ, კარვების მობილიზება ნიშნავს, ალბათ დარჩენის სურვილს. მე ყველანაირ ფორმას მივესალმები და, მათ შორის თვითინიციატივებს“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.