Home Blog Page 43

ბულგარეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

ბულგარეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კოალიცია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის – დემოკრატიული ძალების კავშირის“ წარმომადგენელი, როსენ ჟელიაზკოვი გახდა.

როსენ ჟელიაზკოვის მთავრობის შემადგენლობას მხარი 125-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 114-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

ბულგარეთის ახალი მთავრობის შემადგენლობაში 19 მინისტრი იქნება. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გეორგ გეორგიევი გახდა, ხოლო თავდაცვის სამინისტროს ატანას ზაპრიანოვი უხელმძღვანელებს.

ცნობისთვის, ოქტომბერში გამართულ ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის – დემოკრატიული ძალების კავშირი“ გაიმარჯვა, თუმცა პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო და ბოლო თვეების განმავლობაში მთავრობის ფორმირების შესახებ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ საკმაოდ საინტერესო სიურპრიზებს „ქართული ოცნებისთვის“ და კერძოდ ბიძინა ივანიშვილისთვის – მამუკა ხაზარაძე

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისთვის უახლოეს ხანში სიურპრიზებს უნდა ველოდოთ.

როგორც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, სენატორ როჯერ ვიკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, „ქართული ოცნების“ მიმართ ამერიკის მხრიდან ნაბიჯები, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გადაიდგმება.

„უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ საკმაოდ საინტერესო სიურპრიზებს “ქართული ოცნებისთვის” და კერძოდ ბიძინა ივანიშვილისთვის. შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდით და აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს და აუცილებლად გავათავისუფლებთ პოლიტპატიმრებს!

ზეწოლა იმისათვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს თავისი პოზიცია ევროატლანტიკური მიმართულებით, ჩატარდეს ახალი და თავისუფალი არჩევნები – ამას მივაღწევთ ამერიკის მხრიდან ძალიან სერიოზული პრესინგით და ნაბიჯებით „ქართულ ოცნებაზე“. ჩვენ ამას ვნახავთ უახლოეს ხანში. ეს ნაბიჯები გადაიდგმება ინაუგურაციის შემდეგ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სენატორი მხარდაჭერას უცხადებს პროტესტს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.

„შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და ჩვენი მეგობარი სენატორები, ბატონი როჯერის ხელმძღვანელობით, საკმაოდ სერიოზულ მხარდაჭერას უცხადებენ იმ პროცეს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. იგულისხმება პროტესტი, რომელსაც უწყვეტი ფორმა აქვს მიღებული და ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან“,- განაცხადა ხაზარაძემ.

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ წინადადება შევიდა

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ შუამდგომლობა შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი ავრცელებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო, გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში“.

„პალატა აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ და მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას იგივე გააკეთოს დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის; მოუწოდებს საქართველოსთან გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვისკენ და რუსეთის ჩარევასთან დასაპირისპირებლად ევროკავშირელ პარტნიორებთან უფრო მჭიდრო კოორდინაციისკენ. პალატა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

წინადადება თემთა პალატას 13 იანვარს წარედგინა. ამ დროისთვის მას პალატის 13 წევრი აწერს ხელს.

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 17 იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. კომისიის სხდომაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.

დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

“დონალდ ტრამპი მტრებს მშვიდობაზე მოლაპარაკებასა და თანხმობას აიძულებს” -The Daily Telegraph-ი

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 16 იანვრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით: “დონალდ ტრამპი მტრებს მშვიდობაზე მოლაპარაკებასა და თანხმობას აიძულებს”  (ავტორი – კონ კოფლინი), რომელშიც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის სამშვიდობო ძალისხმევის შედეგები და პერსპექტივაა განხილული. „ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპი ცეცხლს წყვეტს, შემდეგი კი უკრაინაა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით: 

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოთხწლიანი დრეიფისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხების მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულების შემდეგ დონალდ ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში, უეჭველია, მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე ძნელად მოსაგვარებელ კონფლიქტებზე მასტიმულირებელ გავლენას მოახდენს.

მართალია, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ დონალდ ტრამპი თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყების წინ უკვე გარკვეულ პოზიტიურ ფონს ქმნის როგორც ისრაელ-„ჰამასის“, ასევე რუსეთ-უკრაინის ომის პოზიტიურ მოგვარებაში.

ჯო ბაიდენს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, რომელსაც ზოგჯერ აქებდა, უფრო მეტად კი აკრიტიკებდა. ფაქტია, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ვერაფერი გააკეთა ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გასანეიტრალებლად.

იმის გამო, რომ ჯო ბაიდენი მუდმივად ყოყმანობდა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს და მის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს გვერდი აუარა და საკუთარი შეხედულებით დაიწყო მოქმედება.

დონალდ ტრამპის მოქმედებამ კი, რომელსაც პრეზიდენტის უფლებამოსილება ოფიციალურად ჯერ არ მიუღია, უკვე შედეგი გამოიღო: ბოლო ორი დღის განმავლობაში კატარში მიმდინარე მოლაპარაკების შედეგად, რომელშიც დონალდ ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი მონაწილეობდა, „ჰამასი“ დათანხმდა ათეულობით მძევლის გათავისუფლებას, შემდეგ კი ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

ჯო ბაიდენი შეეცადა, რომ დონალდ ტრამპის მიღწეული შედეგები სათავისოდ გაესაღებინა და განაცხადა, რომ „მძევლების გათავისუფლება და ცეცხლის შეწყვეტა მისი გლობალური გეგმის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც წარმატებით განხორციელდა. მისი ნათქვამი – „ჩემმა სამშვიდობო გეგმამ, როგორც იქნა, ნაყოფი გამოიღოო“, სხვა არაფერია, თუ არა ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის უბადრუკი მცდელობა როგორღაც შეინარჩუნოს თავისი, როგორც სახელმწიფო მოღვაწის მემკვიდრეობა.

ის ფაქტი, რომ სწორედ დონალდ ტრამპის გუნდმა მოახდინა „გარღვევა“ ახლო აღმოსავლეთის პრობლემის მოგვარებისას, მრავლისმეტყველია და ადასტურებს იმ იმედებს, რომ არჩეული პრეზიდენტი ასევე განახორციელებს კეთილ დიპლომატიურ გავლენას მსოფლიო პოლიტიკური ლანდშაფტის სხვა რთულ ადგილებზე, როცა იგი ხელისუფლებაში იურიდიულად დაბრუნდება და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში კუთვნილ სავარძელს დაიკავებს.

უკრაინა კიდევ ერთ საკითხს წარმოადგენს, რომლის მოგვარებას დონალდ ტრამპი ესწრაფვის. მართალია, იგი თავდაპირველად აცხადებდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს სწრაფად შეწყვეტდა, მაგრამ ახლა მისი თანაშემწეები აღიარებენ, რომ ომის შეწყვეტას შეიძლება თვეები დაჭირდეს.

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მას ვლადიმერ პუტინთან პირადი შეხვედრა სურს, როგორც კი პრეზიდენტის ფუნქციების შესრულებას შეუდგება. მაგრამ მხარეთა შეურიგებელი პოზიციები – უკრაინა ნატოს წევრობა ითხოვს ტერიტორიული დათმობების სანაცვლოდ, კრემლი კი უარს აცხადებს უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე – იმას ნიშნავს, რომ ასეთი კონტრასტული პოზიციების არსებობის დროს ნებისმიერი შეთანხმების მიღწევა რთული ამოცანა იქნება.

ამასობაში კი სიტუაცია უკრაინაში უფრო რთულდება: დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების  მოახლოების კვალობაზე, ომის მონაწილე მხარეები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიკავონ მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკების წინ, თავიანთი პოზიციების განმტკიცების თვალსაზრისით.

ასეა თუ ისე, ერთი რამ ნათელია: დონალდ ტრამპის სახით მსოფლიოს ჰყავს ლიდერი, რომელიც სერიოზულად არის განწყობილი კონფლიქტების მოსაგვარებლად. გავიხსენოთ, რომ მან პრეზიდენტობის პირველი ვადის პერიოდში წამყვანი როლი შეასრულა სირიაში ე.წ. „ისლამური ხალიფატის“ განადგურებაში.

რასაკვირველია, დონალდ ტრამპმა კარგად იცის, რომ კონფლიქტების მოგვარების სირთულეები და ხარჯები ისევ ამერიკის მოქალაქეებისა და გადასახადის გადამხდელთა ზურგს დააწვება. ამასთან, რადგანაც აშშ ტრადიციულად მშვიდობის მთესველი პოლიციელის როლს შეასრულებს, განსაკუთრებით უკრაინის საკითხში, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ ომების შეწყვეტა მთელ მსოფლიოს უფრო უსაფრთხოდ გადააქცევს და საბოლოო ჯამში, ამერიკის ხარჯებსაც შეამცირებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ გერმანია დარჩება საქართველოს საიმედო მეგობრად -პიტერ ფიშერი

დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ გერმანია დარჩება საქართველოს საიმედო მეგობრად, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.

„პატივი იყო, მიმეღო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მიხაელ როთი. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს მიმდინარე ორმაგი კრიზისის გადალახვა – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გერმანიასთან, ევროკავშირთან და სხვებთან ურთიერთობებში. მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ გერმანია დარჩება საქართველოს საიმედო მეგობრად“,- წერს ფიშერი სოციალურ ქსელში.

“ქართული ოპოზიციის ლიდერი, რომელიც სცემეს, მმართველ პარტიას ადანაშაულებს”-BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია “ბიბისი”(BBC) აქვეყნებს სტატიას სათაურით “ქართული ოპოზიციის ლიდერი, რომელიც სცემეს, მმართველ პარტიას ადანაშაულებს” (ავტორი – პოლ კირბი), რომელშიც მიმოხილულია საქართველოში შექმნილი მწვავე პოლიტიკური სიტუაცია – დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

ბრიტანული მედიასაშუალების ყურადღების ცენტრში მოექცა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად კი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერთან გიორგი გახარიასთან დაკავშირებული ინციდენტი: როგორც იგი აცხადებს, ბათუმში, შავიზღვისპირა ქალაქში ყოფნის დროს, სასტუმრო „შერატონის“ ვესტიბიულში მას თავს დაესხნენ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წევრები და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს – გაუტეხეს ცხვირი და მიიღო ტვინის მცირე შერყევა. მართალია, პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაიმე საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ, სამწუხაროდ, ინციდენტი აჩვენებს, რომ ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკური დაპირისპირება გრძელდება:  გიორგი გახარიას პარტიის აზრით, თავდასხმა „პოლიტიკურად მოტივირებულია“ და ოპოზიციის დაშინებას ემსახურება.

ინციდენტს გამოეხმაურა ევროპის კომისია, რომლის პრესმდივანმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ გიორგი გახარიას ცემაში მმართველი პარტიის წევრების მონაწილეობა შოკისმომგვრელ ფაქტს წარმოადგენს.

მისი თქმით, არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს ძალადობა ან დაუსჯელობა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თვითონ გიორგი გახარია დაადანაშაულეს იმაში, რომ ურთიერთ შეტაკება, ვიდეოკადრების თანახმად, სწორედ მან გამოიწვია: ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა – ოპოზიციის მოქმედების პროგრამის საფუძველს სიცრუე და მზაკვრობა წარმოადგენსო.

საინტერესო ფაქტია, რომ გიორგი გახარია ადრე „ქართული ოცნების“ წამყვან პოლიტიკოსს წარმოადგენდა, 2021 წლამდე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, შემდეგ კი მმართველმა პარტიამ დააწინაურა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა. მოგვიანებით იგი თანამდებობიდან გადადგა და შექმნა ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც, კიდევ სამ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, არჩევნების შედეგად პარლამენტში სადეპუტატო  ადგილები მიიღო, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, იგი შეუერთდა ოპოზიციის გადაწყვეტილებას, რომლის აზრით, რადგან არჩევნები გაყალბდა, პარლამენტი არალეგიტიმურია.

აღსანიშნავია, რომ იმავე ქალაქ ბათუმში კიდევ ერთი ფიზიკური ძალადობა მოხდა – თავს დაესხნენ ზვიად ქორიძესაც, ჟურნალისტს და ანტიკორუფციული ორგანიზაციის Transparency International-ის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელს. იგი ბათუმში ჩასული იყო ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რომელიც პოლიციელთან დაპირისპირებას უკავშირდება: კამათის დროს მზია ამაღლობელმა პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – სილა სტკიცა, რის შედეგადაც მზია ამაღლობელი დააკავეს.

ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა დაგმო გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე თავდასხმა და მთავრობას დაუყოვნებლივი რეაგირებისაკენ მოუწოდა. მან დაუშვებლად მიიჩნია პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ფიზიკური დაპირისპირებები.

პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია: ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგებმა ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია, სამხრეთკავკასიურ ქვეყანაში პოლიტიკური რყევა შეინიშნება – მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, ხდება შეტაკებები როგორც ოპოზიციასა და პოლიციას შორის, ასევე ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრე მოქალაქეებს შორის.

საპროტესტო აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში თითქმის ყოველდღიურად იმართება: მომიტინგეები ხელისუფლებას ადანაშაულებენ არჩევნების გაყალბებაში, ევროპული კურსიდან გადახრაში და რუსეთთან – ოკუპანტ სახელმწიფოსთან – ურთიერთობის დათბობაში, ოპოზიცია მოითხოვს განმეორებით არჩევნებს, დაკავებულების გათავისუფლებას და ევროპული კურსის აღდგენას. 15 იანვარს ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულ სამსაათიან საპროტესტო გაფიცვაში მონაწილეობა მიიღეს ასობით დაწესებულებისა და კომპანიების თანამშრომლებმა.

პუბლიკაციაში გადმოცემულია დასავლეთის, კერძოდ, ევროკავშირისა და აშშ-ის დამოკიდებულება საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან მიმართებით:

„ევროკავშირი და აშშ ქვეყნის მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ და მის დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს დემოკრატიის პრინციპების დარღვევაში და პრორუსული კურსის გატარებაში ამხელენ და ეს ხდება იმ დროს, როცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირთან ინტეგრაციას.

ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართული არჩევნები არათავისუფალ და არასამართლიანად ჩათვალა და საქართველოს ხელისუფლებას განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისაკენ მოუწოდა, ხოლო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა კაია კალასმა ქვეყნის მთავრობა ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებში დაადანაშაულა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია აშშ-ის და არაბ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდა ამისა, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ადასტურებს კატარის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმიც.

მისივე თქმით, შეთანხმება ძალაში 19 იანვარს შევა.

„კატარი, ეგვიპტე და ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულები ვართ, განვაცხადოთ ღაზაში მეომარ მხარეებს შორის პატიმრებისა და მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ ერთობლივი შუამავლობის ძალისხმევის წარმატებაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს დოჰაში პრემიერ-მინისტრმა.

მიღწეული შეთანხმების შესახებ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ღაზის სექტორში მოქალაქეები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას ზეიმობენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, არ წარმოედგინათ, თუ ეს მომენტი ოდესმე დადგებოდა.

“ძალადობას მეც ვგმობ. ჩემით ვგმობ, ამისკენ გარედან ყოველგვარი მოწოდებების გარეშე”-დავით ქართველიშვილი

x

ძალადობას მეც ვგმობ. ჩემით ვგმობ, ამისკენ გარედან ყოველგვარი მოწოდებების გარეშე. მით უმეტეს, გააჩნია ვინ მოგიწოდებს. იმ ქვეყნის საელჩო, რომელმაც უკანასკნელ წლებში ტოტალურ ძალადობაზე ააგო საკუთარი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა? სადაც პოლიტიკური ოპონენტის დამარცხების საუკეთესო იარაღად მისი ფიზიკური ლიკვიდაციაა მიჩნეული?

როდესაც სწორედ ამ საელჩოს კედლებში მუშავდება ქართველი ადამიანის მენტალობის შესწავლაზე დაფუძნებული ათასნაირი მაპროვოცირებელი მეთოდები და მერე მიდის მათი პრაქტიკული ხორცშესხმა, სავარაუდო საპასუხო ძალადობის მოლოდინში, ადვილია ბრძნული რჩევების მიცემა.

ვერ ვიტან ძალადობას და ვგმობ, უბრალოდ მიჭირს იმ ზღვრის გავლება – სად გადის ადამიანის თმენის ვალდებულება. აქ ყველაფერი ინდივიდუალურია. როდესაც პარლამენტის შენობაში 2023 წლის მარტში, ჯერ კიდევ 40 დღე რომ არ გასულა შვილის გარდაცვალებიდან, „TV პირველის” გამოცდილი პროვოკატორი ჟურნალისტი და ოპერატორი რომ არ მეშვებოდნენ კითხვებით: რატომ დავდივარ ღამით სასაფლაოზე…რას მეტყოდა დღეს ჩემი შვილი „რუსულ” კანონზე და ა.შ.”…

იყო თუ არა ეს ის შემთხვევა, როდესაც თმენის ვალდებულების „ტუმბლერი” ტყდება მდგომარეობა „off”-ში და შენ ძალადობას მიმართავ – ემოციურ, ქართულ და დაუნდობელს? ალბათ არის. მე იმ მომენტში „უცნაურად” მოვიქეცი: გოგონა ჟურნალისტს ჩავეხუტე და მას და ოპერატორს ვთხოვე, სახლში დაგვიანებით მოსვლის ყოველ შემთხვევაში მშობლებს გადაურეკონ და გააფრთხილონ ამის თაობაზე.

რაც შეეხება მოწოდებას, რომ საქართველო უკეთესს იმსახურებს – რატომაც არა. უბრალოდ ტერმინ „უკეთესთან” მათ მიერ გამოზრდილ პროვოკატორებს და სისტემურ კრიმინალებს არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. მათ აუცილებლად გავასამართლებთ – ძალადობის გარეშე, პოლიტიკურად და სამართლებრივად. მათ ადგილებს კი, დაიკავებს ის „უკეთესი”. სწორედ ისე დაიკავებს, როგორც უკეთესმა ჩაანაცვლა თვით ამერიკაში აშკარად უარესი. არა იდეალურმა ჩაანაცვლა, არამედ უკეთესმა. ასე რომ, ყველამ „საკუთარი მამიდები” მოიკითხოს.

P.S.: მესამედაც დავწერ – მე ვგმობ ძალადობას. ოღონდ ამ ძალადობის გამომწვევ პროვოკაციებთან ერთ ჯაჭვში. განცალკევებით – არა“, – წერს დავით ქართველიშვილი

თავისუფალი პრესა ინგრევა, სოციალური მედია უარს ამბობს ფაქტების შემოწმებაზე, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პასუხი სოციალურ პლატფორმებს, რათა დავიცვათ დემოკრატია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან -ბაიდენი

ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პასუხი სოციალურ პლატფორმებს, რათა დავიცვათ ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახები და ჩვენი დემოკრატია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან მოსახლეობისთვის გამოსამშვიდობებელი მიმართვისას განაცხადა.

ბაიდენმა სოციალურ მედიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მას აწუხებს ტექნოლოგიური ინდუსტრიული კომპლექსის პოტენციური აღზევება, რომელმაც შეიძლება, რეალური საფრთხე შეუქმნას ამერიკას.

„ამერიკელები ეფლობიან დეზინფორმაციისა და მცდარი ინფორმაციის ზვავის ქვეშ, რაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას უწყობს ხელს. თავისუფალი პრესა ინგრევა, რედაქტორები ქრებიან. სოციალური მედია უარს ამბობს ფაქტების შემოწმებაზე. სიმართლე იხრჩობა ძალაუფლებისა და მოგებისთვის ნათქვამი ტყუილებით. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პასუხი სოციალურ პლატფორმებს, რათა დავიცვათ ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახები და ჩვენი დემოკრატია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააფრთხილა მოსახლეობა ღრმა შესაძლებლობებისა და რისკების შესახებ, რაც ხელოვნურ ინტელექტთან არის დაკავშირებული.

ვახტანგ გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი ვახტანგ გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები – ალექსანდრე დარახველიძე და გიორგი ბუთხუზი.

„შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს გასულ წელს გამართული საპარლამენტო არჩევნების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს, აქციის ძალადობრივი მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და პოლიციის მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან, სხვადასხვა სექტორის წევრებთან, ასევე, სახალხო დამცველთან.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით მზაობა გამოხატეს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მაკა ბოჭორიშვილი 16 იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

მინისტრი ასევე გვირგვინით შეამკობს მარადიული ცეცხლის მემორიალს „შეჰიდების ხეივანში“ და პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას.