Home Blog Page 43

ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, დიპლომატიურ კორპუსს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს დღეს წარუდგენენ

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრა „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ შტაბში, 18:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მთავარი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ელჩისთვის „ყველა კომპოზიციისა და კომპონენტის წარდგენაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე განახორციელა“.

„დღეს, 18:00 საათზე დიპლომატიურ კორპუსთან იქნება შეხვედრა, სადაც ჩვენ წარვადგენთ არჩევნების, უფრო სწორად სპეცოპერაციის ყველა კომპოზიციას და კომპონენტს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა. ამ არჩევნებს აღიარება არ ექნება. ძალიან ცალსახაა ფაქტები, რომლითაც ამომრჩევლის ნებაზე ტოტალური კონტროლი და მონაცემების გაყალბება მოხდა.

შეხვედრის მთავარი მზიანია, წარვადგინოთ ყველა მტკიცებულება იმ სისტემურ, დანაშაულებრივ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა. უტყუარად დადასტურებულია, რომ ფარულობის ტოტალური დარღვევა და ის რომ, მათ მთელი საქართველოს მასშტაბით ამომრჩევლის ტოტალური კონტროლი მოახდინეს. გარდა ამისა, სხვა მტკიცებულებებიც არსებობს, რომლებსაც სჭირდებათ საერთაშორისო გამოძიება. ამიტომაც ვითხოვთ, არჩევნები უკვე უნდა გაუქმდეს ამ ტოტალური კონტროლის სისტემის აწყობიდან გამომდინარე. უნდა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება იმისთვის, რომ ყველა ის სქემა, რომელიც ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს, სისტემურად გამოვლინდეს“, – აღნიშნა ვაშაძემ.

“რუსეთი რომ არ ყოფილიყო, საქართველო დაღესტნის ნაწილი გახდებოდა”-შარაბუტდინ მაჰომედოვი

რუსულ სპორტულ გაზეთ “სპორტ-ექსპრესში“ (СЭ – Спорт-экспресс) სათაურით:  “რუსეთი რომ არ ყოფილიყო, საქართველო დაღესტნის ნაწილი გახდებოდა” (ავტორი – ისლამ ბაბაჯანოვი) გამოქვეყნებულია ინტერვიუ UFC-ის (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის) მებრძოლ შარაბუტდინ მაჰომედოვთან (შარა ბულეტთან), რომელშიც იგი თავისი კოლეგის, UFC-ის ქართველი ჩემპიონის მერაბ დავალიშვილის შესახებაც საუბრობს.

შარაბუტდინი კომენტარს უკეთებს მის ნათქვამს – “დაღესტანი რუსეთი არ არის, უბრალოდ, დაღესტნელები იძულებულნი არიან რუსეთის სახელით იყვნენ წარმოდგენილნიო”.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

“უცხოელი სპორტსმენები საერთოდ და მათ შორის ქართველებიც, როგორც ჩანს სკოლაში ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილებს არ ესწრებოდნენ. მერაბ დვალიშვილი, ალბათ, უფრო მეტად [ფიზკულტურაზე] დადიოდა, ისტორიას და გეოგრაფიას კი აცდენდა. მას რომ გაკვეთილებზე ევლო, ეცოდინებოდა… ქართველებს, ძირითადად ახლა რატომღაც რუსეთი არ მოსწონთ, თუმცა პირიქით უნდა იყოს – რუსეთს მადლობას უნდა ეუბნებოდნენ…
ისტორია რომ ესწავლათ, მათ ეცოდინებოდათ, რომ დაღესტნელებისაგან ქართველები სწორედ რუსეთმა გადაარჩინა. [წარსულში] ჩვენ ხშირად თავს ვესხმოდით ქართველებს, ვთარეშობდით, ვლაშქრობდით მათ ტერიტორიაზე, რუსეთი კი ქართველებს იცავდა. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა საქართველო დაიფარა დაღესტანის თავდასხმისაგან. რუსეთის მფარველობა რომ არ ყოფილიყო, საქართველო დიდი ხანია დაღესტნის ნაწილი იქნებოდა. ჩვენ რუსეთთან ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვიბრძოდით, რაც ისტორიაში დარჩა. ამჟამად ჩვენთვის რუსებთან ყოფნა უფრო კომფორტულია, ვიდრე სხვებთან.

ამჟამად მრავალეროვნული რუსეთის თემას ყველა ატრიალებს და ყველა რაღაცას ამბობს. გარეშე მტრებს რუსეთის ცალკეულ ნაწილებად დანაწევრება სურთ და ცდილობენ, რუსები სხვა ხალხებისაგან განაცალკევონ, ჩვენ კი გვეუბნებიან – „თქვენთან კი არ გვაქვს პრეტენზიები, არამედ რუსებთან“. ვხედავთ, რომ რაღაც რუსოფობიაა დაწყებული. დღეს რუსებისათვის მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, ამიტომაც ჩვენ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ – რუსებთან ერთად – და არაკეთილმსურველებს საკადრის უნდა მივუზღოთ. მათ მკაცრად უნდა ვუთხრათ – რუსეთი მთლიანია და ის არ დაიშლება. დაშლაში კარგი არაფერი არ არის.

მტრებს სურთ, რომ რუსეთი კვლავ წვრი-წვრილ სამტავროებად დაიშალოს, ანუ დაშლილ რუსეტზე უფრო იოლად იბატონებენ. ეს ტაქტიკა ცნობილია… მაგრამ ჩვენ რუსეთთან ერთად ცხოვრება გვინდა, ჩვენ განუყრელები ვართ, რუსეთი ჩვენი საერთო სახლია“.

შენიშვნა: როგორც რუსული სპორტული გამოცემა Спорт-24 იუწყება, შარაბუტდინ მაომედოვს UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ უპასუხა სოციალური ქსელის მეშვეობით. „შენ სპორტსმენი ხარ. დაანებე თავი საქართველოსთან ომებზე ლაპარაკს, არ გინდა ახლა კამერების წინაშე ინტერვიუები და საუბრები… როცა გნახავ, მერე ვილაპარაკოთ ისტორიის, გეოგრაფიისა და რუსული ენის გაკვეთილებზე, ცხოვრების შესახებაც…“, – წერს გურან ქუთათელაძე.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

https://sport24.ru/mma/news-697064-gruzin-iz-ufc-otvetil-share-bulletu-na-slova-o-gruzii-kogda-uvidimsya-togda-i-pogovorim

,,მე ვემორჩილები ქართველ ხალხს”- გიორგი ვაშაძე

მამუკა მდინარაძის დღევანდელმა ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნები ტოტალურად მოპარულია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას და აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლო, „მით უმეტეს, არჩევნები გასაუქმებელი და ახლიდან ჩასატარებელია“.

მამუკა მდინარაძის დღევანდელმა ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნები ტოტალურად მოპარულია. ისინი ხმას ვერ იღებენ იმ ტოტალური კონტროლის სისტემაზე, რომელიც ქვეყანაში ბიულეტენების გამჭვირვალობით და ხმის მიცემის კონტროლით შექმნეს. ეს არჩევნების დაუყოვნებლივ გაუქმების პირდაპირი ფუნდამენტია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სწორედ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“, – განაცხადა ვაშაძემ.

გარდა ამისა, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაზე, ეს იმის დასტური იქნება, რომ მათ „ფაქტობრივი მასალებით ჩადენილი აქვთ ორგანიზებული დანაშაული“.

„შესაბამისი უწყებები თავად არიან ჩართულები ორგანიზებული დანაშაულის ჩადენაში. ამიტომ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას. კონკრეტულ პასუხს ველოდები „ქართული ოცნების“ მხრიდან – მზად არის თუ არა საერთაშორისო, მიუკერძოებელი გამოძიებისთვის და მზად არის თუ არა იქ დაამტკიცოს ჩვენ მიერ წაყენებულ საკითხებთან თავისი მართებულობა. თუ ამაზე უარს იტყვიან, ეს ცალსახად დასტურია, რომ მათ ფაქტობრივი მასალებით ჩადენილი აქვთ ორგანიზებული დანაშაული“,- აღნიშნა ვაშაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, „პროტესტი იქნება მწვავე, ისეთი, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს“.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციამ მათ ხმები დააკლო. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ასეთი 81 შემთხვევაა იდენტიფიცირებული.

უკრაინა აშშ-ში არჩევნების შემდეგ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს დათანხმდება, ან კრემლთან პირისპირ დარჩება -Bloomberg

უკრაინას აშშ-ში მომავალ კვირას დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, შესაძლოა, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დაწყება მოუწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კიევი კრემლთან პირისპირ დარჩება და ომის გაგრძელება მარტო მოუწევს. სტატიას ამ შინაარსით Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს მტკიცებით, ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან დაახლოებული ადამიანები ავრცელებენ. როგორც Bloomberg-ი წერს, უკრაინელ მაღალჩინოსნებში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება ომის მიმდინარეობის გამო.

რუსეთის ჯარი აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე უპირატესობას ზრდის. გასულ კვირას მან მიმდინარე წელს მიწის ყველაზე დიდი ფართობი დაიკავა. ამის გამო კიევის ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეები დიდ წნეხს განიცდიან, წერს Bloomberg-ი.

მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთმა დიდი დანაკარგების ფონზე 200 კვადრატული კილომეტრის მიწის ფართობი დაიკავა. აგვისტოდან რუსეთმა 1 146 კვადრატული კილომეტრი დაიკავა. ეს მიმდინარე წლის შვიდ თვეში დაკავებული ტერიტორიების დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.

სააგენტოს უკრაინული კვლევითი ორგანიზაცია „რაზუმკოვ ცენტრის“ მონაცემები მოჰყავს, რომლის თანახმადაც ქვეყნის მოსახლეობის ორი მესამედი ფიქრობს, რომ დროა უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, რაც 14 პროცენტული პუნქტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამასთან ერთად, როგორც Bloomberg-ი იუწყება, ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აპრილში აშშ-ის მიერ გამოცხადებული $61 მილიარდიანი დახმარებიდან კიევმა მხოლოდ 10% მიიღო, რაც ბიუროკრატიისა და ლოჯისტიკის ბრალია.

ლავროვი ევროკავშირის წევრ ქვეყანას ეწვევა – რუსული მედია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დეკემბერში მალტაში დაგეგმილ ეუთოს სამიტზე ჩასვლას აპირებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ეუთოს სამიტი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 5-6 დეკემბერს მალტაში გაიმართება. ეს იქნება ლავროვის პირველი ვიზიტი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ის საერთაშორისო სანქციების ქვეშ აღმოჩნდა.

ბოლოს ლავროვი ევროპაში გამართულ ეუთოს სამიტში 2021 წლის დეკემბერში მონაწილეობდა. მაშინ ის შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გაიმართა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არ ჩასულა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ციფრი 2005 წლიდან დღემდე „ტავ ჯორჯიას“ მიერ აეროპორტების მართვის ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლო რეკორდული მაჩვენებელი 2018 წელს 3,808,772 მგზავრით დაფიქსირდა. 2024 წლის ბოლომდე  თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი, სავარაუდოდ, ოთხი მილიონ რვაასი ათასს მიაღწევს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

,,ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული არ არის, ეს ტყუილია”- მამუკა მდინარაძე

ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული არ არის, ეს ტყუილია. როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას იღებს ევროკავშირი, ყველა გადაწყვეტილებას საფუძვლად ედება კონკრეტული სამართლებრივი აქტი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ და მედიის წარმომადგენლებს მიმართა:

„თუ შეიძლება, რომელიმე ჟურნალისტმა დამისახელეთ დოკუმენტი, საბუთი, სამართლებრივი აქტი, გარდა განცხადებებისა, რომელიც საფუძველს მოკლებულია, – როგორ შეჩერდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. სად აისახა, რა დოკუმენტში აისახა, რა აქტი გამოვიდა. მე გეუბნებით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული არ არის. ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, რომელთან დაკავშირებითაც არცერთი სხვა საწინააღმდეგო დოკუმენტი არ არსებობს, ვასრულებთ, ავდივართ ძალიან მაღალ პროცენტზე, 2028 წლისთვის 80%-მდე გვექნება შესრულებული. მათი ფუნქციაა, რომ ეს შემდეგ ობიექტურად შეაფასონ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე – როგორც წარმოგიდგენიათ ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელება, ევროკავშირიდან განცხადებების ფონზე – მდინარაძემ ასე უპასუხა:

„ზუსტად ისე, როგორც აქამდე ვაგრძელებთ სვლას წინ ევროპისკენ. ზუსტად ისე, როგორც ასოცირების ხელშეკრულებაზე მოვაწერეთ ხელი და ვასრულებთ. ზუსტად ისე, როგორც მივიღეთ ჯერ ლიბერალიზაცია და შემდეგ კანდიდატი სტატუსი. ეს სტატუსი მივიღეთ დიდი ბრძოლით. მაშინაც ამას გვეუბნებოდნენ, მაშინაც ანტიქართული, დამაზიანებელი განცხადებების კასკადი გვქონდა 1 წლის განმავლობაში და დაგვიანებით, სამართალი ჩვენთანაც მოვიდა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ზუსტად ასე ბრძოლით და არა ცალ ფეხზე დგომით მივიღებთ ჩვენ ყველა იმ საეტაპო გადაწყვეტილებას, რაც საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად გახდის“, – განაცხადა მდინარაძემ.

,,ოპოზიციის გეგმაა, არ შეეგუოს მოპარულ არჩევნებს”- პაატა მანჯგალაძე

ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ვისაც უნდა პროტესტი, შეგვიძლია, თვითორგანიზებით გავაკეთოთ, მე მზად ვარ, ყველა აქციაზე გავიდე, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ- ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმაა, არ შეეგუოს მოპარულ არჩევნებს.

„ჩვენი გეგმა და პირადად ჩემი არის – პროტესტი, მოპარულ არჩევნებთან არშეგუება, ვიდრე ხალხი არ დაიბრუნებს ძალაუფლებას, ეს არის გეგმა. ვადას და თარიღს არ ვიცი, ვინ როდის გადაწყვეტს, მე მზად ვარ, ყველა აქციაზე გავიდე. ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ვისაც უნდა პროტესტი, თვითორგანიზებით შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, პროტესტის რა ფორმები შეიძლება ვიხილოთ, მანჯგალაძემ უპასუხა, რომ ყველა შემთხვევაში მშვიდობიანი და არაძალადობრივი.

„მივესალმები ყველანაირ მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტის ფორმებს, რადგან ჩვენ უკან დგას საქართველო. საერთოდ არ გამოვრიცხავ არაფერს, უნდა იყოს ბევრი სხვადასხვა ცენტრი, სხვადასხვა ჯგუფი, რათა ხელისუფლებას გავურთულოთ ამოცანა რომ ჩააცხროს პროტესტი. არ ვიცი, ვნახოთ, კარვების მობილიზება ნიშნავს, ალბათ დარჩენის სურვილს. მე ყველანაირ ფორმას მივესალმები და, მათ შორის თვითინიციატივებს“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ევროკავშირმა საკუთარი მოქალაქეებისთვის ომის პირობებში ქცევის რეკომენდაციები გამოსცა

ევროკავშირში მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა მოაგროვონ საკვებისა და აუცილებელი ნივთების სასწრაფო მარაგი ომის დაწყების ან სხვა სერიოზული საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, – შესაბამისი რეკომენდაცია მოცემულია ევროპის სამოქალაქო და სამხედრო მზადყოფნის შესახებ ანგარიშში, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის მრჩეველმა, ფინეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, საული ნიინისჯომ მოამზადა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი არ იყო მომზადებული არც „კოვიდ-19“-ის პანდემიისთვის, არც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისთვის და ევროკავშირი უნდა გადავიდეს „რეაქციიდან პროაქტიულ მზადყოფნაზე“.

როგორც ამ სტრატეგიის ნაწილი, ევროკავშირმა უნდა ურჩიოს მოქალაქეებს, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, იყვნენ თვითკმარი, სულ მცირე, 72 საათის განმავლობაში.

ანგარიშში რჩევაა წევრი სახელმწიფოების მიმართ, სხვა საკითხებთან ერთად, თავის მოქალაქეებს მიაწოდონ სახელმძღვანელო მითითებები მარაგის შეგროვების, ევაკუაციისა და გადაუდებელი დახმარების სერვისებზე წვდომის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში არ არის მოხსენიებული რუსული აგრესია, როგორც ერთადერთი შესაძლო საფრთხე, იგი მოხსენიებულია, როგორც მთავარი საფრთხე.

„ჩვენ არ გვაქვს მკაფიო გეგმა, რას გააკეთებს ევროკავშირი წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში. ომის საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის ევროპული უსაფრთხოების ძალებს, გვაიძულებს, მივიჩნიოთ იგი ჩვენი მზადყოფნის ცენტრალურ ელემენტად სხვა სერიოზული საფრთხეებისთვის მომზადების ძალისხმევის შეფერხების გარეშე“, – აღნიშნულია ანგარიშში.

მოხსენების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესიის საფრთხეს ყველაზე მეტად მისი უშუალო მეზობლები გრძნობენ, რუსეთის ნებისმიერი ქმედება ევროკავშირის წევრი ქვეყნის წინააღმდეგ გავლენას მოახდენს ბლოკის ყველა, 27 ქვეყანაზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მოქალაქეების გაძლიერება უნდა იყოს ყოვლისმომცველი მზადყოფნის სტრატეგიის „ბირთვი“ და ბლოკმა უნდა აამაღლოს ცნობიერება, წაახალისოს თვითდაჯერებულობა თავის მოსახლეობაში.

ანგარიში წევრ ქვეყნებს სთავაზობს სხვა ზომებს ევროკავშირის მასშტაბით, რათა ბლოკის მთლიანი ბიუჯეტის, სულ მცირე, 20 პროცენტი გამოიყოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად და კრიზისის დროს მზადყოფნისთვის.

მოხსენება წევრებს ასევე სთავაზობს ევროკავშირის ქვეყნებს შორის სადაზვერვო მონაცემების უფრო დიდი გაზიარების გეგმას.

165-გვერდიანი ანგარიში ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წარუდგინეს.

მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ 

მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, როვშან ისკანდაროვსა და ექბარ ისკანდაროვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა, რაც მოსამართლე გვანცა ჩიქოვანმა დააკმაყოფილა.

ბრალდებულების ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა, საქმე ეხებოდეს პროცედურის დარღვევებს, თუმცა არა გაყალბებას.

„ბრალდებულის პოზიციაა, რომ საქმე გვაქვს არა გაყალბების ფაქტთან, არამედ, შესაძლოა, საქმე გვქონდეს პროცედურის დარღვევებთან და არამც და არამც გაყალბებასთან. არცერთი ყალბი ბიულეტენი არაა საქმეში წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბრალდებულებმა ეს ბიულეტენები ჩაყარეს საარჩევნო ყუთში“,- განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორის განცხადებით კი, საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეო-ჩანაწერები ადასტურებს, რომ ორივე ბრალდებულმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, 14:00 საათზე, ბოლნისის სასამართლოში ჩაინიშნა.

ცნობისთვის, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, როვშან ისკანდაროვსა და ექბარ ისკანდაროვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (არჩევნების გაყალბება) გუშინ წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სად არის საქართველო ევროპულ გზაზე?”- “ამერიკის ხმა”

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“ – ფინანსდება აშშ-ის სახდეპარტამენტის მიერ) აქვეყნებს სტატიას სათაურით „სად არის საქართველო ევროპულ გზაზე?“, რომელშიც განხილულია ევროპის კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში საქართველოსთან მიმართებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში ევროკავშირის გაფართოების შესახებ და საქართველოსთან მიმართებით, ამ კუთხით არსებული ვითარების თაობაზეც გაკეთდა განცხადებები. ანგარიშის გამოქვეყნების თარიღი დაემთხვა მნიშვნელოვან პერიოდს – საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოში, ამიტომაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამ საკითხსაც შეეხო.

ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ისაუბრა ევროკავშირის არა მარტო გაფართოებაზე, არამედ გაძლიერების მნიშვნელობაზეც. მისი თქმით, მხოლოდ ზომა არაფერს ნიშნავს. გაერთიანების გაზრდა საჭიროა არა მხოლოდ ფართობით, არამედ შინაარსობრივი და სტრუქტურული სიძლიერით. მან თქვა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ სერიოზულად გააუმჯობესა თავისი მაჩვენებლები მიმდინარე წელს.

„საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევებით აღინიშნება, რომელთა გამჭვირვალედ გამოძიება, შესწავლა არის აბსოლუტურად აუცილებელი. ვერ ჩამოვთვლი საარჩევნო დარღვევებს, მაგრამ ისინი არის ბევრი. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არ აღნიშნეს არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარების თაობაზე. ეს ითხოვს გამოძიებას, რადგან ნათელი მოეფინოს, რა მოხდა, როგორი იყო დარღვევების მასშტაბი და რა გავლენა ჰქონდა ამას მთლიან შედეგზე,“- ამბობს ჯოზეფ ბორელი.

ანგარიშის წარდგენისას მან იმის თაობაზეც განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ბოლო დროს ევროკავშირს შორდება. „კონსოლიდირებული ტრენდია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ბოლო თვეების განმავლობაში, რომ ქვეყანა შორდება ევროპულ გზას, მის ღირებულებებსა და პრინციპებს. ჩვენი ანგარიში ნათელ გზას სახავს კვლავ, დაახლოებასთან დაკავშირებით. თუ იქნება, საქართველოს ხელისუფლებისგან სურვილი, ჩვენ ვთავაზობთ გზას ამისთვის. კანონის გაუქმება „გამჭვირვალეობაზე“, რამაც იქონია უარყოფითი გავლენა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, იგივე ეხება „ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს“, იქნება პირველი მაჩვენებელი საქართველოს მხრიდან, რომ დაიგეგმოს შესაბამისი ნაბიჯები“,- ამბობს ბორელი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლებს საკითხის „პოლიტიზებაში“ ადანაშაულებს და მოუწოდებს გაცნობიერებისკენ, რადგან „წინდაუხედავი მიდგომებით, თანამშრომლობას პოლიტიკურ იარაღად აქცევენ, რაც ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს.“

„არ ვიცი, რატომ არის პრობლემა ევროკავშირისთვის, რომ მისი ყველა დაფინანსება იყოს გამჭვირვალე. ფაქტია, ეს ევროკავშირისთვის არის პრობლემა და არ სურს, როგორც ჩანს, რომ ყველა მისი დაფინანსება იყოს გამჭვირვალე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ორგანიზაცია, მაგალითად, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, როდესაც საქართველოში შემოდის, რაში ხარჯავს ფულს? რა აქტივობებში? თუკი ეს ქართველი ხალხის სასარგებლოა, რატომ უნდა დავუმალოთ? მე იმედი მქონდა, რომ ევროკავშირი, თუ სხვა დონორები ამ საკითხს, ქართველი ხალხის პოზიციას მიიღებდნენ ცნობად, სერიოზულ ცნობად და დაფიქრდებოდნენ იმაზე, როგორ უნდა უზრუნველყონ, საკუთარი დაფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში. პრობლემა არ არის თბილისში. პრობლემა იმ დედაქალაქებშია, რომლებსაც არ სურთ, რომ მათი დაფინანსება საქართველოში იყოს გამჭვირვალე,“- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს სერიოზული წინსვლა აქვს, ევროინტეგრაციის პროცესში, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით.

ევროკომისიის ანგარიში უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. აღნიშნავს მიღწეულ წინსვლას ტექნიკურ სფეროში. როგორიცაა ენერგეტიკის სექტორში ნაწილობრივ ბაზრის გახსნა, რაც მანამდე დიდი ხნის განმავლობაში იყო გადადებული; გარემოს დაცვის, კლიმატისა და ნარჩენების მართვის სფეროებში ევროკომისიამ დაინახა, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოხატავს მზაობას განახორციელოს რეფორმები. კიდევ ერთი სფერო, სადაც პროგრესის თაობაზეა აღნიშნული, სახელმწიფო შესყიდვებია, თუმცა დადებითი ტენდენციების თაობაზე საუბარი ანგარიშში აქ წყდება.

პროგრესი არ ფიქსირდება იმ ცხრა ნაბიჯის ირგვლივ, რომლის შესრულების ვალდებულება გასულ წელს დაეკისრა საქართველოს ხელისუფლებას.

ანგარიშში საუბარია უკუსვლაზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის, პოლიტიკური პოლარიზაციის, არჩევნების, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულს საკითხებზე.

პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში განაცხადა:

“ანგარიშში ნათქვამია, რომ უკუსვლა მოხდა იმ სფეროში, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი თავი – “სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები” ეხება. ნება მიბოძეთ, მკაფიოდ ვთქვა: ეს უპრედენდენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.

ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული და ასეთად დარჩება. დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეულ ობიექტურ წინსვლაზე. წელს საქართველომ უკან დაიხია. ხოლო სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა წინ წაიწიეს. რამდენიმე მათგანმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა.

ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი, არჩევნების ჩატარებას ეხება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული დარღვევები აღინიშნა. დარღვევები, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი წევრისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება. საჭიროა, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, ამ დარღვევების გამოძიება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად.
საერთაშორისო დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. საპირისპიროც არ უთქვამთ. რა იქნება შემდეგ? ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალი ახლა საქართველოს ლიდერების ხელშია,”- ამბობს პაველ ჰერჩინსკი.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „ანგარიშში, 35 თავიდან მხოლოდ ერთში, რომელიც მართლმსაჯულებასა და ფუნდამენტურ უფლებებს შეეხება, ევროკომისიის შეფასებით არის უკუსვლა. ამ თავში, ჩვენი შეფასება თანაბარია უკრაინას და მოლდოვის შეფასებისა, ხოლო ფუნდამენტურ საკითხთა ჯგუფში, რომელშიც ეს თავი შედის, საქართველო უსწრებს უკრაინასაც და მოლდოვასაც.“

“ამერიკის ხმასთან” საუბრისას, რონდელის ფონდის წარმომადგენელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, ამბობს, რომ ევროკომისია ევროკავშირს არ აძლევს რეკომენდაციას საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას.
„კანდიდატის სტატუსი არაფრისმომცემია, თუ წინ არ მივდივართ. გამოსვლებში ჩანდა, რომ არჩევნები დარღვევით ჩატარდა. არაფერი თქმულა არჩევნების ცნობასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი აღიარებისგან თავს იკავებენ. ალბათ, დაელოდებიან ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნასაც. მე მგონი, შოკირებულები არიან. შესაძლებელია, უფრო მკაცრი ზომების მიღება. მაგალითად, 7 ნოემბერს ევროპული საბჭოს სხდომა ტარდება და არაა გამორიცხული, რომ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ჩამოერთვას საქართველოს,“- გვეუბნება კახა გოგოლაშვილი.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ნინო სამხარაძე, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ევროკომისიის ანგარიშმა აჩვენა ის, რაც საზოგადოებამ უკვე იცის, ესაა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის ისტორიული კრიზისი. „ეს კრიზისი გამოიხატება იმაში, რომ ევროინტეგრაციის პროცესი, ოფიციალურად შეჩერებულია. მისი პოლიტიკური კონტექსტი გულისხმობს ურთიერთობების დაზიანებას. ისტორიაში პირველად, უკუსვლა დავაფიქსირეთ. პოლიტიკურად, ის განცხადებები, რაც კეთდება „ოცნებისგან“, მიუთითებს იმაზე, რომ თანამშრომლობის სივრცე და პერსპექტივა უკვე აღარ არსებობს“.

კახა გოგოლაშვილი გვეუბნება, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესება და დაშორება გულისხმობს არა მხოლოდ ღირებულებითი ხასიათის ნაპრალის გაჩენას საქართველოსა და დასავლეთს შორის, არამედ, მატერიალური და ფინანსური მოცემულობისა და შესაძლებლობების გაუარესებასაც.
„ყოველწლიურად, საქართველოში 120 მილიონი ევროს დახმარება მოდიოდა, გრანტების სახით, ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტში. ამით ევროკავშირი მხარს უჭერდა სხვადასხვა სახის სახელმწიფო პროგრამებს. ასევე, შეიძლება დაიკარგოს მილიონები ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმიდან, მაგალითად იმ 240 მილიონიდან, რომლის ნაწილი ბიზნესის მხარდაჭერაზე მოდიოდა, ნაწილი, მაგალითისთვის, სოფლებში ინტერნეტიზაციაზე, ენერგო ინფრასტრუქტურის დასახმარებლად და სხვა. თავისთავად, ეს იმოქმედებს საქართველოს ბიზნეს-რეიტინგზე, ლარის კურსზე, გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას, აისახება ზოგად სოციალურ მდგომარეობაზე,“- ამბობს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.
„ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოსთვის შეჩერდა. ჯერ არ შეწყდა, მაგრამ შეჩერდა. ინტეგრაციის პროცესების გადადება გაურკვეველი ვადით გამოიწვევს იმას, რომ ფინანსური პაკეტები, რაც განკუთვნილია გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში საქართველოსთვის, ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ხელშესახებად შემცირდება, თუ საერთოდ არ შეწყდა. ისეთი პროექტების დონეზე, რაც ეხებოდა საშუალო სტატისტიკურ ფერმერს, სტუდენტს, მეცნიერს, პირობითად, ეს პროექტები დაზიანდება მნიშვნელოვნად,“- გვეუბნება ნინო სამხარაძე.
ანალიტიკოსები გვეუბნებიან, რომ ხელისუფლება ფიქრობს, ან სურს, საზოგადოებამ იფიქროს, რომ ევროკომისიის ანგარიშით, საქმე არც ისე ცუდადაა, თუმცა რეალურად, ჩანაწერი დემოკრატიის უკუსვლის თაობაზე ანგარიშში იმდენად მძიმე პასაჟია, რომ მას ვერანაირი ტექნიკური მიღწევა ვერ გადაწონის.

ევროკომისიის ანგარიშის თაობაზე თავისი დასკვნა უნდა გამოაქვეყნოს ევროპის საბჭომაც, რასაც, სავარაუდოდ დეკემბერში უნდა ველოდოთ.

წყარო:

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 2 და 3 ნოემბერს ტრადიციადქცეული ღონისძიება – საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება.   გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკო-შემეცნებითი პროგრამები ელოდებათ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში.

დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობაც ექნება.  „ყვავილების გამოფენაზე“ თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატების, ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საშემოდგომო გვირგვინების, ლენტებით ქარგვისა და თიხით ძერწვის მასტერკლასი გაიმართება.

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ ტრადიციულად შემოდგომის პერიოდში ტარდება და ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.

ღონისძიება 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება.