Home Blog Page 43

8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს შეიძლება თქვენ მიმართ ვიღაცისგან ძლიერი შური იგრძნოთ. ამიტომ ნუ ცდილობთ, ყველას აჩვენოთ თქვენი წარმატება და ბედნიერება. სასურველია, დასვენების დღე სიმშვიდეში გაატაროთ და მომავალი სამუშაო კვირისთვის ძალები აღიდგინოთ.

კურო

ზედმეტად ემოციური დღეა, ამიტომ თქვენი მთავარი ამოცანაა გარშემო განვითარებულ მოვლენებს მშვიდად შეხვდეთ. თუ ვინმესთან შერიგებას და მობოდიშებას აპირებთ, უკეთეს დროს ვერ იპოვით. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ – დღეს მათ თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

ტყუპები

დღის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რადგან ნებისმიერმა დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება ვითარება დაძაბოს. საღამოს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაადვილდება და შესაძლოა, ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნაც შეძლოთ. შეიძლება საინტერესო, მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა მშვიდი დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც გსიამოვნებთ და დადებით ემოციებს გგვრით. ნუ უპასუხებთ საქმიან ზარებს და ნუ იფიქრებთ სამუშაო პრობლემებზე. სრული უფლება გაქვთ, რომ განმარტოებით დაისვენოთ ან მეგობრებთან ერთად გაერთოთ.

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე აქტიურად გაატაროთ, საჭირო ადამიანებს შეხვდეთ და ინიციატივა გამოიჩინოთ. გამოცდილ ადამიანებთან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა კარიერულ წინსვლაში და საქმიან პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებაში დაგეხმარებათ. საღამოს მოულოდნელი სიახლეებს მიიღებთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

ქალწული

ამ დღეს ახლობელ ადამიანებს თქვენი რჩევა და დახმარება დასჭირდება და რა თქმა უნდა, უარი არ უნდა უთხრათ. თავის მხრივ, ამ ადამიანების ქება და აღიარება თვითშეფასების ამაღლებაში დაგეხმარებათ. დროა ჯანსაღი კვების და სპორტდარბაზში სიარულის დაწყებაზე იფიქროთ.

სასწორი

უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და აკეთეთ ის, რასაც ის გკარნახობთ. შესაძლოა, ამ დღეს იპოვოთ პასუხი კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. ამ დღეს მიღებული გამოცდილება მომავალში ბევრჯერ გამოგადგებათ. მთავარია, არ გაჯიუტდეთ და ახლობელი ადამიანების რჩევებს დაუჯეროთ.

მორიელი

ამ დღეს სახლში ჯდომა არ შეიძლება. გირჩევთ ახალი, საინტერესო ადგილები დაათვალიეროთ, სადაც დაუვიწყარი თავგადასავლები და ნათელი ემოციები გელით. ეცადეთ, ნებისმიერი კამათი ან დისკუსია თავიდან აიცილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად უწყინარი საუბარი შეიძლება სკანდალით დასრულდეს.

მშვილდოსანი

დილიდან რომანტიკულ განწყობაზე ხართ, ამიტომ გირჩევთ, მთელი დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ და თქვენი გრძნობების შესახებ უამბოთ. თუ ჯერ მარტოხელა ხართ, ეს დღე საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. შეიძლება მცირე ფინანსური ზარალი განიცადოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ – მალე უფრო დიდ შემოსავალს მიიღებთ.

თხის რქა

ეცადეთ, დასვენების დღე მშვიდად, სასიამოვნო საქმეების კეთებაში გაატაროთ. გირჩევთ ახლობელი ადამიანების კრიტიკისგან თავი შეიკავოთ და ამის ნაცვლად, ქათინაურებით გაანებივროთ. ბინის დასუფთავება და ნივთების მოწესრიგება სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ბოლო დღეების ემოციური სტრესი თავს იჩენს, ამიტომ დასვენების დღის მარტოობაში და სიმშვიდეში გატარება მოგინდებათ. შეგიძლიათ ახალი საინტერესო საქმე დაიწყოთ, რომელსაც დიდი ხანია გეგმავთ. საღამოს შეიძლება უცხო ქვეყნიდან სასიამოვნო ამბავი გაიგოთ.

თევზები

მოსალოდნელია საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება, შესაძლოა, კამათიც, თუმცა ძველი მეგობრის დახმარებით, ყველა გაუგებრობა მალე დასრულდება. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა განწყობას აგიმაღლებთ.

ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა, ჩვენი მხრიდან ამისთვის ყველა ნაბიჯი იდგმება-ირაკლი კობახიძე

ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ურთიერთობების გადატვირთვას.

„ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება ურთიერთობების გადასატვირთად. დარწმუნებული ვართ, რომ მომავალ წელს, მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში, შემხვედრი ნაბიჯებიც იქნება გადადგმული, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი, სად არის დაპირებული 100 საწარმოო, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებით, შეიქმნა 700 ახალი საწარმო, ხოლო 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა -ირაკლი კობახიძე

2012 წლიდან დღემდე საქართველოში შეიქმნა 700 ახალი საწარმო და 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ახორციელებს პროგრამებს ბიზნესის მხარდაჭერის ხელშეწყობისათვის და სამომავლოდ, დაგეგმილია აღნიშნული პროგრამების გაფართოება, რაც დამატებით ქვეყანაში 70 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

„გარდა იმისა, რომ შექმნილი გვაქვს სათანადო გარემო, პოლიტიკური და საკანონმდებლო ჩარჩო ბიზნესის განვითარებისთვის, მთავრობა ახორციელებს პროგრამებს ბიზნესის მხარდაჭერისათვის. არის ყბადაღებული თემა, ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი – სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო. მხოლოდ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 2012 წლიდან დღემდე საქართველოში შეიქმნა 700 ახალი საწარმო და 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რომელიც ამ პროგრამამ მოიტანა. სამომავლოდ, დაგეგმილია ამ პროგრამების გაფართოება, საერთო ბიუჯეტით შემდეგი ოთხი წლისთვის – 1.5 მლრდ ლარი. ამ პროგრამით ისარგებლებს 11 000-მდე მეწარმე, გეგმის მიხედვით, გაჩნდება 5 000 ახალი მეწარმე სუბიექტი და მხოლოდ ამ პროგრამების საფუძველზე ქვეყანას დაემატება 70 000 ახალი სამუშაო ადგილი“, – განაცხადა პრემიერმა.

ფონდ „ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს მრავალმილიონიანი ინვესტიცია აქვთ ჩადებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, შენარჩუნების მიმართულებით -ირაკლი კობახიძე

130 მილიონი არის გათვალისწინებული შემდეგი წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, დამატებით, სტანდარტული ზრდის მიღმა დაგეგმილია 30 მილიონი ლარის გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც მოხმარდება ხელოვანთა და ხელოვნების მხარდაჭერას.

„თქვენ იცით რამხელა ინვესტიცია ჩაიდო გასული წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, შენარჩუნების მიმართულებით. მხოლოდ ფონდ „ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვთ ჩადებული ძალიან დიდი, მრავალმილიონიანი ინვესტიცია ამ მიმართულებით. 500-ზე მეტი მხოლოდ საეკლესიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლი იქნა აღდგენილი და შენარჩუნებული ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ ამისათვის. მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს და მომავალშიც გაგრძელდება ამ მიმართულებით ინვესტიციების ჩადება. 130 მილიონი არის გათვალისწინებული შემდეგი წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით. დამატებით, სტანდარტული ზრდის მიღმა ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 30 მილიონი ლარის გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც მოხმარდება ხელოვანთა და ხელოვნების მხარდაჭერას. ეს იქნება საგანგებო ბიუჯეტი, რომელიც მიზანმიმართულად მოხმარდება ხელოვანთა მხარდაჭერას ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი 18 მლნ მგზავრს მიიღებს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის მეგაპროექტია -ირაკლი კობახიძე

მგზავრთნაკადი წლიდან წლამდე გაიზრდება, რასაც უნდა უპასუხოს ჩვენმა ინფრასტრუქტურამ – თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი 18 მლნ მგზავრს მიიღებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მეგაპროექტი ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა.

„უნდა გამოვყოთ თბილისისა და ქუთაისის აეროპორტები. დღეისათვის, ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობა, მგზავრთნაკადი არის 1 700 000 და მას შემდეგ, რაც გაფართოვდება აეროპორტი, ტერმინალი ხუთ მილიონამდე მგზავრს უმასპინძლებს. რაც შეეხება თბილისს, დაგეგმილია მეგაპროექტი, სრულიად ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა. თუმცა გვაქვს პროგნოზი და ნაკადები წლიდან წლამდე გაიზრდება, რასაც უნდა უპასუხოს ჩვენმა ინფრასტრუქტურამ. ახალი აეროპორტი მიიღებს 18 მლნ მგზავრს. ეს არის საკვანძო მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანაკლიის პორტი პირველ გემებს 2029 წლისთვის მიიღებს -ირაკლი კობახიძე

ანაკლიის პორტის პროექტის პირველი ფაზის სამუშაოები 2029 წლისთვის დასრულდება და პირველ გემებს ანაკლიის პორტი სწორედ 2029 წლისთვის მიიღებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაოები უკვე იწყება, გაფორმებულია ხელშეკრულება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან, ხოლო ბელგიური კომპანია დაიწყებს მუშაობას უშუალოდ პორტის გაღრმავებაზე.

„პირველ გემებს ანაკლიის პორტი სწორედ 2029 წლისთვის მიიღებს. 600 ათასი კონტეინერი წელიწადში ეს იქნება ამ პორტის გამტარობა და 600 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება მხოლოდ პირველი ფაზის განმავლობაში. ეკონომიკური ზრდისთვის ესეც უმნიშვნელოვანესი პროექტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ახლო მომავალში ბოლომდე იქნება მიყვანილი რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რაც დაკავშირებადობის განსავითარებლად მნიშვნელოვანია.

„გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონ ტონამდე. ეს პროექტიც საკვანძო მნიშვნელობისაა ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განსავითარებლად“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა საშუალება, ოთხი წლის განმავლობაში ეკონომიკა დაახლოებით 40 მილიარდით გაგვეზარდა და ამ წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკა 90 მილიარდი ლარი იქნება -ირაკლი კობახიძე

2024 წლის პირველი რვა თვის მონაცემებით, ეკონომიკის ზრდამ 10% შეადგინა, 2021-2023 წლებში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი იყო 9,7%, რამაც მოგვცა საშუალება, ოთხი წლის განმავლობაში ეკონომიკა დაახლოებით 40 მილიარდით გაგვეზარდა და ამ წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკა უკვე 90 მილიარდი ლარი იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები იყო.

„ჩვენ საკმაოდ რთული ვითარება დაგვხვდა 2012 წელს. იმ დროს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები იყო. ჩვენ მოვახერხეთ და 2020 წლისთვის ეკონომიკა გავზარდეთ დაახლოებით 50 მილიარდ ლარამდე. თან ეს ის პერიოდია, როცა ჩვენ მოგვიწია ორი რეგიონული და გლობალური კრიზისის გამოვლა. პირველი კრიზისი უკავშირდებოდა უკრაინის პირველ ომს 2015-2016 წლებში, მაშინ იყო ეკონომიკური სირთულეები და სავალუტო კრიზისი; მეორე კრიზისი უკვე უშუალოდ 2020 წელს კოვიდ-პანდემიას უკავშირდებოდა. ამის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ქვეყნის ეკონომიკის ზრდა 28 მილიარდიდან 50 მილიარდამდე. რაც შეეხება ბოლო ოთხ წელიწადს, ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა განსაკუთრებული შთამბეჭდავი ეკონომიკური წინსვლა. ჩვენ გვქონდა 9,7% ეკონომიკური ზრდა 2021-2022-2023 წლების განმავლობაში, ეს იყო საშუალო მაჩვენებელი და წელსაც გვაქვს ძალიან მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. პირველი რვა თვის მონაცემებით, ეკონომიკის ზრდამ 10% შეადგინა. ამ ყველაფერმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ეკონომიკა, 50 მილიარდი ლარიდან, ამ ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით 40 მილიარდით გაგვეზარდა და ამ წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკა იქნება უკვე 90 მილიარდი ლარი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ეკონომიკური გუნდი არის მთავარი გარანტი იმისა, რომ მუდმივ რეჟიმში გრძელდება ზრუნვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.

როგორც კობახიძემ საარჩევნო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, ეს გუნდი მომავალშიც გააგრძელებს აქტიურად მუშაობას, რათა შენარჩუნდეს სწრაფი ეკონომიკური წინსვლა.

„მხოლოდ პოლიტიკა, მხოლოდ თავისუფლება არ არის საკმარისი, რომ ეკონომიკა განვითარდეს. არც მხოლოდ მშვიდობა არ არის ამისთვის საკმარისი. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, ვგულისხმობ ჩვენს მმართველ გუნდს, მის ეკონომიკურ გუნდს პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით. ეს გუნდი არის მთავარი გარანტი იმისა, რომ მუდმივ რეჟიმში გრძელდება ზრუნვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ეს გუნდი მომავალშიც გააგრძელებს აქტიურად მუშაობას, რათა შევინარჩუნოთ სწრაფი ეკონომიკური წინსვლა. მარტივად შემიძლია გითხრათ, ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს“, – განაცხადა კობახიძემ.

2028 წლისთვის საშუალო ხელფასი 3 500 ლარამდე გაიზრდება-ირაკლი კობახიძე

2028 წლისთვის საშუალო ხელფასი 3 500 ლარამდე გაიზრდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 2012 წლისთვის ქვეყანაში საშუალო ხელფასი იყო 712,5 ლარი, ხოლო დღევანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2005 ლარამდეა გაზრდილი.

„დასაქმებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ხელფასების ზრდა და ამ კუთხითაც ჩვენ გვქონდა საკმაოდ რთული ვითარება – 712,5 ლარი იყო 2012 წლისთვის საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. უკვე დღევანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 2005 ლარამდე. 2000 ლარს გადააჭარბა ახლა ამ მაჩვენებელმა. არსებული ტენდენციების პირობებში 3 500 ლარამდე გაიზრდება 2028 წლისთვის საშუალო ხელფასი.

რაც შეეხება ამ მონაცემებს, ეს მონაცემები არის უტყუარი ერთი მარტივი მიზეზის გამო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 2024 წლის მონაცემებზე, ეს მაჩვენებლები არის ის, რაც აისახება საბოლოო ჯამში ქვეყნის ბიუჯეტში. ადამიანები იხდიან საშემოსავლო გადასახადს, იზრდება დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, იზრდება მათი ხელფასები, შემოსავლები და სწორედ ამით იზრდება ქვეყნის ბიუჯეტი. ეს მონაცემები არის აბსოლუტურად უტყუარი, ისევე როგორც პროგნოზი – 3 500 ლარი არის აბსოლუტურად რეალური პროგნოზი, რაზეც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ 2028 წლისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, მშვიდობა და სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკურ განვითარებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება-ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, პირველი – მშვიდობა და მეორე – სწრაფი ეკონომიკური ზრდა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაში ეკონომიკის შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

ირაკლი კობახიძემ პროგრამის შემუშავებასა და დოკუმენტის დამტკიცებაში მონაწილეობისთვის პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილს და პოლიტსაბჭოს თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვაქვს ისტორიული მაქსიმუმი რეიტინგის თვალსაზრისით და ამას განაპირობებს ძირითადად ორი ფაქტორი: პირველი არის ის, რომ, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და მეორე მთავარი ფაქტორი, რაც „ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს განაპირობებს, არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რითაც გამოირჩეოდა ჩვენი ქვეყანა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. ახლაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ განვითარებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში ეკონომიკაზეა დამოკიდებული ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 საკონსულოების, საგარეოსა და ცესკო-ს პასუხისმგებლობაა, ისე მოაწყონ უბნები, რომ არ შეიქმნას პრობლემა დიასპორისთვის, მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა იქნება მათი-პრეზიდენტი

ახლა არის საკონსულოების, საგარეოს და ცესკო-ს პასუხისმგებლობა, რომ ისე მოაწყონ უბნები, რათა არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა დიასპორის წარმომადგენლებისთვის, მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა იქნება უშუალოდ მათი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დიასპორის წარმომადგენლებმა ხმის მიცემა შეუფერხებლად უნდა შეძლონ.

„19 დღე რჩება არჩევნებამდე. ეს არის ალბათ ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი. მინდა, პირველ რიგში, ვისაუბრო დიასპორაზე, რომელიც ძალიან გააქტიურდა ბოლო დღეებში. ცესკო-ს, საგარეოს, საკონსულოების მცდელობის მიუხედავად, რომ ყველანაირი შეფერხება ყოფილიყო, მაინც შეძლო დიასპორამ, რომ აღრიცხვაზე ჩაწერილიყო. ახლა არის საკონსულოების, საგარეოს და ცესკო-ს პასუხისმგებლობა, რომ ისე მოაწყონ ეს უბნები, რათა არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა. მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა იქნება უშუალოდ მათი, თუ არ გაიხსნა ის დამატებითი ფართი, რაც საჭიროა, რომ შეძლონ ხმის მიცემა იმ დროში, რაც არის განკუთვნილი არჩევნებისთვის, ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება. ახლა იწყება ის პერიოდი, როცა ყველა უნდა მოვემზადოთ, რომ ხმები იყო დაცული. ყველა მოქალაქე არის პასუხისმგებელი თავის ხმაზე, რომ მივიდეს არჩევნებზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ მათ უნდა დაიცვან ხმები.

„მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და თქვენი მომავალი არის ის, რაც წყდება 26 ოქტომბერს. ამიტომ, თქვენ უთუოდ იქნებით ძალიან კარგი დამცველები თქვენი ხმების. არსებობს ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა არასამთავრობოებს სწორედ ამ ტრენინგებისთვის, ეს არის „ჩვენი ხმა“ და მინდა, მოგიწვიოთ აქ. მინდა, ყველა იგრძნოთ ის პასუხისმგებლობა, რაც არის დამკვირვებლობა. რაც მთავარია, საჭიროა მობილიზაცია, არჩევნებზე მისვლა. მთავარი დამარცხება გაყალბების, რომელიც ყველა მხრიდან მზადდება, არის მობილიზაცია. ჩვენი ვალდებულებაა, რომ მივიდეთ არჩევნებზე, არც ერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი. ეს ჩვენს ხელშია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე, სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნების დღეს პრეზიდენტის სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმა იქნება მოწყობილი.

„ამ სასახლეში არჩევნების დღეს იქნება მოწყობილი საკოორდინაციო პლატფორმა, რათა გავუწიოთ მონიტორინგი, რაც იმ დღეს მოხდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პირველ რიგში, უნდა გამოვდიოდეთ იქიდან, რა სურს ქართველ ხალხს, მშვიდობა, განვითარება, წინსვლა, ევროკავშირი გვინდა, მაგრამ არა ისე, რომ ვიღაცამ თავში წამოგვარტყას და ვიაროთ ევროკავშირის ელჩის განწყობებზე-კახა კალაძე

ევროკავშირის ელჩის განწყობებზე და რა არ მოსწონს და რა მოსწონს მაგაზე, ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი მაგრამ, ქართველმა ხალხმა და საქართველოს ინტერესებმა მაგით არ უნდა იაროს, რა მოეწონება ევროკავშირის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ელჩს, წარმოუდგენელია ხომ?, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, ევროკავშირის ელჩის მიერ მმართველი პარტიის საარჩევნო ბანერების უარყოფითად შეფასებას.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, კალაძემ აღნიშნა, რომ ამის გამო, ქვეყანა ევროკავშირის ელჩის განწყობების მიხედვით ვერ იმოქმედებს. მისივე განცხადებით, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, თუ რა სურს ქართველ ხალხს, რაც შეეხება ბანერებს, მათში ასახულია სამწუხარო რეალობა, რომლის გამეორების სურვილი საქართველოში აქვთ.

„ეს არის ის დამოკიდებულება, რასაც თქვენ ამბობთ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გამოვდიოდეთ იქიდან, რა სურს ქართველ ხალხს, ამ ქვეყნის მოსახლეობას.

მოსაწონი აქ [ ბანერებში] არაფერია, უბრალოდ საუბარია რეალობაზე – იმ სამწუხარო რეალობაზე, რომლის სურვილი აქვთ, რომ ანალოგიური მოხდეს ჩვენს სამშობლოში, ჩვენს ქვეყანაში. ამის ინტერესი აქვთ და ამას ვამბობთ ჩვენ, რომ არ გვინდა ამ უბედურებაში, ამ კატასტროფაში შესვლა. ამას მოაქვს დანგრევა, ტერიტორიების დაკარგვა, სოფლების, ქალაქების განადგურება, ინფრასტრუქტურის მოსპობა, მშვიდობიანი ხალხის, გმირი ჯარისკაცების განადგურება. ხომ ვიცით, რომ ომი არის უბედურების მომტანი? არ გვინდა ეს ყველაფერი. მშვიდობა, განვითარება, წინსვლა, ევროპული მომავალი, ევროკავშირი გვინდა – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ არა ისე, რომ ვიღაცამ დაგვაჩოქოს, დაგვამონოს, თავში წამოგვარტყას და ვიაროთ ევროკავშირის ელჩის განწყობებზე: რა მოეწონება, რა არ მოეწონება – არ არის ეს სწორი დამოკიდებულება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.