Home Blog Page 42

ანაკლიის პორტი პირველ გემებს 2029 წლისთვის მიიღებს -ირაკლი კობახიძე

ანაკლიის პორტის პროექტის პირველი ფაზის სამუშაოები 2029 წლისთვის დასრულდება და პირველ გემებს ანაკლიის პორტი სწორედ 2029 წლისთვის მიიღებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაოები უკვე იწყება, გაფორმებულია ხელშეკრულება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან, ხოლო ბელგიური კომპანია დაიწყებს მუშაობას უშუალოდ პორტის გაღრმავებაზე.

„პირველ გემებს ანაკლიის პორტი სწორედ 2029 წლისთვის მიიღებს. 600 ათასი კონტეინერი წელიწადში ეს იქნება ამ პორტის გამტარობა და 600 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება მხოლოდ პირველი ფაზის განმავლობაში. ეკონომიკური ზრდისთვის ესეც უმნიშვნელოვანესი პროექტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ახლო მომავალში ბოლომდე იქნება მიყვანილი რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რაც დაკავშირებადობის განსავითარებლად მნიშვნელოვანია.

„გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონ ტონამდე. ეს პროექტიც საკვანძო მნიშვნელობისაა ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განსავითარებლად“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა საშუალება, ოთხი წლის განმავლობაში ეკონომიკა დაახლოებით 40 მილიარდით გაგვეზარდა და ამ წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკა 90 მილიარდი ლარი იქნება -ირაკლი კობახიძე

2024 წლის პირველი რვა თვის მონაცემებით, ეკონომიკის ზრდამ 10% შეადგინა, 2021-2023 წლებში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი იყო 9,7%, რამაც მოგვცა საშუალება, ოთხი წლის განმავლობაში ეკონომიკა დაახლოებით 40 მილიარდით გაგვეზარდა და ამ წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკა უკვე 90 მილიარდი ლარი იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები იყო.

„ჩვენ საკმაოდ რთული ვითარება დაგვხვდა 2012 წელს. იმ დროს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები იყო. ჩვენ მოვახერხეთ და 2020 წლისთვის ეკონომიკა გავზარდეთ დაახლოებით 50 მილიარდ ლარამდე. თან ეს ის პერიოდია, როცა ჩვენ მოგვიწია ორი რეგიონული და გლობალური კრიზისის გამოვლა. პირველი კრიზისი უკავშირდებოდა უკრაინის პირველ ომს 2015-2016 წლებში, მაშინ იყო ეკონომიკური სირთულეები და სავალუტო კრიზისი; მეორე კრიზისი უკვე უშუალოდ 2020 წელს კოვიდ-პანდემიას უკავშირდებოდა. ამის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ქვეყნის ეკონომიკის ზრდა 28 მილიარდიდან 50 მილიარდამდე. რაც შეეხება ბოლო ოთხ წელიწადს, ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა განსაკუთრებული შთამბეჭდავი ეკონომიკური წინსვლა. ჩვენ გვქონდა 9,7% ეკონომიკური ზრდა 2021-2022-2023 წლების განმავლობაში, ეს იყო საშუალო მაჩვენებელი და წელსაც გვაქვს ძალიან მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. პირველი რვა თვის მონაცემებით, ეკონომიკის ზრდამ 10% შეადგინა. ამ ყველაფერმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ეკონომიკა, 50 მილიარდი ლარიდან, ამ ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით 40 მილიარდით გაგვეზარდა და ამ წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკა იქნება უკვე 90 მილიარდი ლარი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ეკონომიკური გუნდი არის მთავარი გარანტი იმისა, რომ მუდმივ რეჟიმში გრძელდება ზრუნვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.

როგორც კობახიძემ საარჩევნო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, ეს გუნდი მომავალშიც გააგრძელებს აქტიურად მუშაობას, რათა შენარჩუნდეს სწრაფი ეკონომიკური წინსვლა.

„მხოლოდ პოლიტიკა, მხოლოდ თავისუფლება არ არის საკმარისი, რომ ეკონომიკა განვითარდეს. არც მხოლოდ მშვიდობა არ არის ამისთვის საკმარისი. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, ვგულისხმობ ჩვენს მმართველ გუნდს, მის ეკონომიკურ გუნდს პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით. ეს გუნდი არის მთავარი გარანტი იმისა, რომ მუდმივ რეჟიმში გრძელდება ზრუნვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ეს გუნდი მომავალშიც გააგრძელებს აქტიურად მუშაობას, რათა შევინარჩუნოთ სწრაფი ეკონომიკური წინსვლა. მარტივად შემიძლია გითხრათ, ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს“, – განაცხადა კობახიძემ.

2028 წლისთვის საშუალო ხელფასი 3 500 ლარამდე გაიზრდება-ირაკლი კობახიძე

2028 წლისთვის საშუალო ხელფასი 3 500 ლარამდე გაიზრდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 2012 წლისთვის ქვეყანაში საშუალო ხელფასი იყო 712,5 ლარი, ხოლო დღევანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2005 ლარამდეა გაზრდილი.

„დასაქმებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ხელფასების ზრდა და ამ კუთხითაც ჩვენ გვქონდა საკმაოდ რთული ვითარება – 712,5 ლარი იყო 2012 წლისთვის საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. უკვე დღევანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 2005 ლარამდე. 2000 ლარს გადააჭარბა ახლა ამ მაჩვენებელმა. არსებული ტენდენციების პირობებში 3 500 ლარამდე გაიზრდება 2028 წლისთვის საშუალო ხელფასი.

რაც შეეხება ამ მონაცემებს, ეს მონაცემები არის უტყუარი ერთი მარტივი მიზეზის გამო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 2024 წლის მონაცემებზე, ეს მაჩვენებლები არის ის, რაც აისახება საბოლოო ჯამში ქვეყნის ბიუჯეტში. ადამიანები იხდიან საშემოსავლო გადასახადს, იზრდება დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, იზრდება მათი ხელფასები, შემოსავლები და სწორედ ამით იზრდება ქვეყნის ბიუჯეტი. ეს მონაცემები არის აბსოლუტურად უტყუარი, ისევე როგორც პროგნოზი – 3 500 ლარი არის აბსოლუტურად რეალური პროგნოზი, რაზეც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ 2028 წლისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, მშვიდობა და სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკურ განვითარებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება-ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, პირველი – მშვიდობა და მეორე – სწრაფი ეკონომიკური ზრდა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაში ეკონომიკის შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

ირაკლი კობახიძემ პროგრამის შემუშავებასა და დოკუმენტის დამტკიცებაში მონაწილეობისთვის პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილს და პოლიტსაბჭოს თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვაქვს ისტორიული მაქსიმუმი რეიტინგის თვალსაზრისით და ამას განაპირობებს ძირითადად ორი ფაქტორი: პირველი არის ის, რომ, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და მეორე მთავარი ფაქტორი, რაც „ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს განაპირობებს, არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რითაც გამოირჩეოდა ჩვენი ქვეყანა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. ახლაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ განვითარებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში ეკონომიკაზეა დამოკიდებული ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 საკონსულოების, საგარეოსა და ცესკო-ს პასუხისმგებლობაა, ისე მოაწყონ უბნები, რომ არ შეიქმნას პრობლემა დიასპორისთვის, მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა იქნება მათი-პრეზიდენტი

ახლა არის საკონსულოების, საგარეოს და ცესკო-ს პასუხისმგებლობა, რომ ისე მოაწყონ უბნები, რათა არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა დიასპორის წარმომადგენლებისთვის, მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა იქნება უშუალოდ მათი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დიასპორის წარმომადგენლებმა ხმის მიცემა შეუფერხებლად უნდა შეძლონ.

„19 დღე რჩება არჩევნებამდე. ეს არის ალბათ ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი. მინდა, პირველ რიგში, ვისაუბრო დიასპორაზე, რომელიც ძალიან გააქტიურდა ბოლო დღეებში. ცესკო-ს, საგარეოს, საკონსულოების მცდელობის მიუხედავად, რომ ყველანაირი შეფერხება ყოფილიყო, მაინც შეძლო დიასპორამ, რომ აღრიცხვაზე ჩაწერილიყო. ახლა არის საკონსულოების, საგარეოს და ცესკო-ს პასუხისმგებლობა, რომ ისე მოაწყონ ეს უბნები, რათა არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა. მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა იქნება უშუალოდ მათი, თუ არ გაიხსნა ის დამატებითი ფართი, რაც საჭიროა, რომ შეძლონ ხმის მიცემა იმ დროში, რაც არის განკუთვნილი არჩევნებისთვის, ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება. ახლა იწყება ის პერიოდი, როცა ყველა უნდა მოვემზადოთ, რომ ხმები იყო დაცული. ყველა მოქალაქე არის პასუხისმგებელი თავის ხმაზე, რომ მივიდეს არჩევნებზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ მათ უნდა დაიცვან ხმები.

„მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და თქვენი მომავალი არის ის, რაც წყდება 26 ოქტომბერს. ამიტომ, თქვენ უთუოდ იქნებით ძალიან კარგი დამცველები თქვენი ხმების. არსებობს ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა არასამთავრობოებს სწორედ ამ ტრენინგებისთვის, ეს არის „ჩვენი ხმა“ და მინდა, მოგიწვიოთ აქ. მინდა, ყველა იგრძნოთ ის პასუხისმგებლობა, რაც არის დამკვირვებლობა. რაც მთავარია, საჭიროა მობილიზაცია, არჩევნებზე მისვლა. მთავარი დამარცხება გაყალბების, რომელიც ყველა მხრიდან მზადდება, არის მობილიზაცია. ჩვენი ვალდებულებაა, რომ მივიდეთ არჩევნებზე, არც ერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი. ეს ჩვენს ხელშია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე, სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნების დღეს პრეზიდენტის სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმა იქნება მოწყობილი.

„ამ სასახლეში არჩევნების დღეს იქნება მოწყობილი საკოორდინაციო პლატფორმა, რათა გავუწიოთ მონიტორინგი, რაც იმ დღეს მოხდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პირველ რიგში, უნდა გამოვდიოდეთ იქიდან, რა სურს ქართველ ხალხს, მშვიდობა, განვითარება, წინსვლა, ევროკავშირი გვინდა, მაგრამ არა ისე, რომ ვიღაცამ თავში წამოგვარტყას და ვიაროთ ევროკავშირის ელჩის განწყობებზე-კახა კალაძე

ევროკავშირის ელჩის განწყობებზე და რა არ მოსწონს და რა მოსწონს მაგაზე, ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი მაგრამ, ქართველმა ხალხმა და საქართველოს ინტერესებმა მაგით არ უნდა იაროს, რა მოეწონება ევროკავშირის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ელჩს, წარმოუდგენელია ხომ?, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, ევროკავშირის ელჩის მიერ მმართველი პარტიის საარჩევნო ბანერების უარყოფითად შეფასებას.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, კალაძემ აღნიშნა, რომ ამის გამო, ქვეყანა ევროკავშირის ელჩის განწყობების მიხედვით ვერ იმოქმედებს. მისივე განცხადებით, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, თუ რა სურს ქართველ ხალხს, რაც შეეხება ბანერებს, მათში ასახულია სამწუხარო რეალობა, რომლის გამეორების სურვილი საქართველოში აქვთ.

„ეს არის ის დამოკიდებულება, რასაც თქვენ ამბობთ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გამოვდიოდეთ იქიდან, რა სურს ქართველ ხალხს, ამ ქვეყნის მოსახლეობას.

მოსაწონი აქ [ ბანერებში] არაფერია, უბრალოდ საუბარია რეალობაზე – იმ სამწუხარო რეალობაზე, რომლის სურვილი აქვთ, რომ ანალოგიური მოხდეს ჩვენს სამშობლოში, ჩვენს ქვეყანაში. ამის ინტერესი აქვთ და ამას ვამბობთ ჩვენ, რომ არ გვინდა ამ უბედურებაში, ამ კატასტროფაში შესვლა. ამას მოაქვს დანგრევა, ტერიტორიების დაკარგვა, სოფლების, ქალაქების განადგურება, ინფრასტრუქტურის მოსპობა, მშვიდობიანი ხალხის, გმირი ჯარისკაცების განადგურება. ხომ ვიცით, რომ ომი არის უბედურების მომტანი? არ გვინდა ეს ყველაფერი. მშვიდობა, განვითარება, წინსვლა, ევროპული მომავალი, ევროკავშირი გვინდა – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ არა ისე, რომ ვიღაცამ დაგვაჩოქოს, დაგვამონოს, თავში წამოგვარტყას და ვიაროთ ევროკავშირის ელჩის განწყობებზე: რა მოეწონება, რა არ მოეწონება – არ არის ეს სწორი დამოკიდებულება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

7 ოქტომბერი ასევე შევა ისტორიაში, როგორც ბნელი დღე პალესტინელი ხალხისთვის იმ კონფლიქტის გამო, რომელიც „ჰამასმა“ გააჩაღა ამ დღეს-ბაიდენი

J

თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება გაავრცელა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით.

„დღეს გლოვის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ ტერორისტულმა ჯგუფმა 1 200-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი მოკლა, მათ შორის 46 ამერიკელ. ერთი წელია, რაც 250-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი მძევლად აიყვანეს, მათ შორის 12 ამერიკელი.“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის თქმით, 7 ოქტომბერი ასევე შევა ისტორიაში, როგორც ბნელი დღე პალესტინელი ხალხისთვის იმ კონფლიქტის გამო, რომელიც „ჰამასმა“ გააჩაღა ამ დღეს.

„ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად, რომელიც მძევლებს სახლში დააბრუნებს, გაზრდის ჰუმანიტარულ დახმარებას ადგილზე ტანჯვის შესამსუბუქებლად, უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას და დაასრულებს ამ ომს. ისრაელელები და პალესტინელები იმსახურებენ უსაფრთხო, ღირსეულ და მშვიდობიან ცხოვრებას“, – დასძინა მან.

ეს ჩარევა კი არ არის, არამედ, არის პირდაპირი წარმართვა წინასაარჩევნო კამპანიის – გურამ მაჭარაშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე

x

ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთან უნდათ არა პარტნიორული დამოკიდებულება, არამედ, უნდათ პირდაპირი ვასალური დამოკიდებულება, – განუცხადა „ქრონიკას“ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, დადასტურდა, სამწუხაროდ, რომ ისინი არიან ოპოზიციაში უკვე ქართულ ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან.

„ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთან უნდათ არა პარტნიორული დამოკიდებულება, არამედ, უნდათ პირდაპირი ვასალური დამოკიდებულება, რომ ჩვენ ვართ ვასალი ქვეყანა, მონა ქვეყანა, არავინ გვეკითხება ვის ავირჩევთ ხელისუფლებაში. პირდაპირ კარნახობენ ქართველ ხალხს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში.

დაადასტურა, სამწუხაროდ, რომ ისინი არიან ოპოზიციაში უკვე ქართულ ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან. ეს ჩარევა კი არ არის, არამედ, არის პირდაპირი წარმართვა წინასაარჩევნო კამპანიის და პირდაპირი გაუქმება საქართველოს სუვერენიტეტის“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ოპოზიციურმა მედიამ პაველ ჰერჩინსკის სკანდალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ საქართველოს ხელისუფლების წევრები შეუთავსებლები არიან ევროკავშირის ღირებულებებთან. კიდევ ერთი რადიკალური განცხადება უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას. „ფორმულას“ ინფორმაციით, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება. მსგავსი კომენტარი ელჩს მედიასთან არ გაუკეთებია და მან სავარაუდოდ, ისაუბრა სტუდენტებთან შეხვედრაზე. კეზერაშვილის ტელევიზიამ მოგვიანებით ინფორმაცია წაშალა. „ქრონიკა“ ევროკავშირის წარმომადგენლობას დაუკავშირდა და ოფიციალურ განმარტებას ელოდება.

სალომე ზურაბიშვილს თავის განცხადებაში მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ შტაინმაიერი მიესალმა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის დარღვევას – შალვა პაპუაშვილი

ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და მცდელობა კონსტიტუციური პროცესიდან გაყვანის და ყველა, ვინც ამ პროცესში რაღაცნაირად არის ჩართული, იქნებიან ეს პარტიები, თუ იქნებიან ეს უცხოელი აქტორები, რა თქმა უნდა, ამ მხრივ მონაწილეობენ კონსტიტუციის გვერდის ავლის პროცესის დაძვრაში , – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ტექნიკურ მთავრობასთან“ დაკავშირებით.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მიესალმა “ქართულ ქარტიას” ანუ დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის დარღვევას.

მანვე აღნიშნა, რომ გერმანიის მხრიდან არ არის გაკეთებული განმარტება, რამდენად შეესაბამება ზურაბიშვილის განცხადება სიმართლეს.

„ქალბატონმა სალომემ, როდესაც უნებართვო ვიზიტებში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრისას, გერმანიის პრეზიდენტი მიესალმა ამ „ბანანის რესპუბლიკის“ დოკუმენტს, რომელიც ქალბატონმა სალომემ შეადგინა და ზუსტად ამ დოკუმენტში წერია ის, რომ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან უნდა გავიდეს ეს ქვეყანა, არაუფლებამოსილმა პირმა, ქალბატონმა სალომემ უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და ზუსტად ამ დოკუმენტის სულისკვეთებაა, რომ ქართველ ხალხს არ აქვს იმის უნარი, ცოდნა და იმ დონეზე არ ვართ ჯერ ასული როგორც ჩანს ზოგიერთის თვალში, რომ ჩვენ ჩვეულებრივი არჩევნებით ავირჩიოთ ხელისუფლება, გვაკლია ეტყობა ცოდნა და უნარები და ამიტომ დროებითი, ტექნიკური, არაპარტიული ხელისუფლება უნდა გვყავდეს. ამიტომ მე ვერ მივიღე ჯერჯერობით ამ მხრივ განმარტება რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ გერმანიის ხელისუფლება მიესალმება, რომ მოხდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა ამ ქვეყნის და თუ იზიარებს იმ სულისკვეთებას გერმანიის ხელისუფლება, თუკი ამ ქარტიას მიესალმა, რომ ქართველ ხალხს არ შეუძლია აირჩიოს ხელისუფლება რეგულარული წესით, არამედ ეს უნდა იყოს ექსტრაორდინარული მთავრობა. ამიტომ, მე მადლობელი ვიქნებოდი თუკი ამაზე იქნებოდა პასუხი. მე ვნახე, რომ იყო გარკვეული განმარტებები, თუმცა უფრო პასუხისგან თავის არიდება იყო, ვიდრე პირდაპირ კითხვაზე პასუხი. ქალბატონ სალომეს თავის განცხადებაში მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ გერმანიის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის დარღვევას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 8 ოქტომბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7451 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7451 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7354 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0097 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0106 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0177 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0071 ლარი შეადგინა.

მილევადი თანამდებობის პირების განცხადებები უინტერესოა – ნიკა გვარამია კახა კალაძეზე

მომავალი კოალიციური მთავრობა აუცილებლად პატივს სცემს ადამიანის უფლებებს და იმას, რაც დემოკრატიას და საქართველოს ევროინტეგრაციას სჭირდება, – ასე გამოეხმაურა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას.

მისი თქმით, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება, სადაც ის ევროკავშირის ელჩს გამოეხმაურა, მილევადი თანამდებობის პირის განცხადებაა.

„მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური, რომელიც აუცილებლად პატივს სცემს ადამიანის უფლებებსაც და ყველაფერს იმას, რაც დემოკრატიას და საქართველოს ევროინტეგრაციას სჭირდება.

კახა კალაძეს რაც შეეხება, ის არასერიოზული, დასანქცირებული კაცია. ამიტომ მისი გამოთქმები და კომენტარები არ მაღელვებს, არც ვუსმენ მას თუ რას ლაპარაკობს. ეს არის წარმავალი ამბავი, მილევადი თანამდებობის პირების განცხადებები უინტერესოა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებები, მისი მხრიდან პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობაა.

„შენ რომ რაღაც კონკრეტულ კლიპს ტელევიზიაში არ უშვებ, ამას თავისი არგუმენტი უნდა ჰქონდეს. ვიღაცას არ მოეწონა, შემზარავია და უიმე, რა მძიმეა და ამის გამო არ გაუშვა, ეს წარმოუდგენელია. კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მხრიდან. ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში რომ გამოვიდეს საქართველოს ელჩი და ამ ტიპის განცხადება გააკეთოს, წარმოგიდგენიათ უბრალოდ? ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, ქვეყნიდან მაშინვე გამოაპანღურებდნენ“, – განაცხადა კალაძემ.