Home Blog Page 42

 მადლობა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო.

კახა კალაძემ უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენს.

„მინდა, ყველა კურსდამთავრებულს მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის უნივერსიტეტი გვაქვს. ბევრი ევროპული უნივერსიტეტი მინახავს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში თავისი განათლების სისტემით, ინფრასტრუქტურით, ტექნოლოგიებით მართლაც საერთაშორისო დონისაა. მიხარია, რომ განათლებას ასეთი განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელთა ინიციატივით და დაფინანსებით დაარსდა აღნიშნული უნივერსიტეტი.

„ეს პროექტი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დამსახურებაა. შეიძლება, ბევრი ადამიანი დღეს ვერ ხედავდეს ამ პროექტის მნიშვნელობას, მაგრამ გავა წლები და სრულიად საქართველო დაინახავს, რამდენად საჭირო იყო მისი განხორციელება ქვეყნისთვის. მადლობა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს პროექტისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ცესკოში აშშ-სა და ევროპის არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და ყოფილ დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე აშშ-სა და ევროპის არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და ყოფილ დიპლომატებს შეხვდნენ.

შეხვედრის ძირითადი თემა 2024 წლის არჩევნები იყო. ცესკოს თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობები გააცნო. მან ასევე პარტიების რეგისტრაციის პროცესის შესახებ მიმდინარე მდგომარეობაზე და პარტიული სიების წარდგენის საკითხებზე ისაუბრა.

შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ამავდროულად ისაუბრეს ადგილობრივი  სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციისა და ელექტრონული არჩევნების ჭრილში ამომრჩეველთა ინფორმირების საკითხებზე. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება მიუკერძოებელი და ობიექტური სადამკვირვებლო მისიების არსებობას და დაკვირვებას, რაც არჩევნების მთლიანობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე დეტალურად განიხილეს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები. გიორგი კალანდარიშვილმა მათ  გააცნო ამ მიმართულებით არსებული სიახლეები. ამასთან, დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა და მონაწილეობა მიეღოთ იმიტირებულ კენჭისყრაში. ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე დაიწყო და ამ დროისათვის ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველია ინფორმირებული. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება. პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებდა და პასუხობდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო პერიოდში გაცემულ რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.

ამასთანავე, შეხვედრაზე ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევების შესახებ, მათ შორის საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების საკითხებზე.

აშშ-სა და ევროპის არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და ყოფილ დიპლომატებთან შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა. დელეგაცია საქართველოში რონდელის ფონდის ხელშეწყობით იმყოფება. მათი ვიზიტის მიზანია გაეცნონ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს. დელეგაცია შეხვედრებს მართავს ოფიციალურ პირებთან, პოლიტიკურ პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან.

შეხვედრა შავი ზღვის ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის/გერმანიის მარშალის ფონდის ინიციატივითა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ხელშეწყობით გაიმართა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 7 სექტემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6935 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6935 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6972 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9925 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9931 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0006 ლარი შეადგინა.

გერმანია უკრაინას 12 ერთეულს თვითმავალ საარტილერიო დანადგარს Panzerhaubitz 2000 გადასცემს

გერმანიის მთავრობა უკრაინას 12 ერთეულს თვითმავალ საარტილერიო დანადგარს Panzerhaubitz 2000 გადასცემს.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ამის თაობაზე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა „რამშტაინის“ ავიაბაზაზე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის დროს განაცხადა.

საარტილერიო დანადგარების საერთო ღირებულება 150 მილიონ ევროს შეადგენს. ცნობილია ისიც, რომ ექვსი ასეთი დანადგარი, რომელთა მოქმედების რადიუს 30 კილომეტრზე მეტს შეადგენს, უკრაინას წელს მიეწოდება, ხოლო დანარჩენი ექვსი – მომავალ წელს.

სენატორმა შაჰინმა რაც თქვა, წმინდა წყლის ტყუილია, სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს აშშ-ის სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს -ირაკლი კობახიძე

სამწუხაროდ, მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება, სენატორმა შაჰინმა რაც თქვა, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სენატორი შაჰინის განცხადებას, თითქოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ს სთხოვა, შეეჩერებინა კრიტიკული არასამთავრობოების დაფინანსება, მთავრობის მეთაურმა ტყუილი, სამწუხარო და შემაშფოთებელი უწოდა.

„ასეთი რამ არ მითქვამს მე შეხვედრაზე. ეს არის ჩვეულებრივი წმინდა წყლის ტყუილი და ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი“, – აღნიშნა პრემიერმა.

 შემაშფოთებელი და სამწუხაროა, რომ კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან აფინანსებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას საქართველოში -ირაკლი კობახიძე

ყველაზე შემაშფოთებელი და სამწუხარო არის ის, რომ კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან აფინანსებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ის იყო მაღალჩინოსანი, ძარცვავდა ქართულ ჯარს, ბიზნესმენებს, ახლა არის დაკავებული ევროპაში პენსიონერების ძარცვით.

„ყველამ იცის, რით არის კეზერაშვილი დაკავებული. ჯერ რით იყო დაკავებული, როცა იყო „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსანი, როცა იყო მინისტრი, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი. ძარცვავდა ქართულ ჯარს, ბიზნესმენებს, ახლა არის დაკავებული ევროპაში პენსიონერების ძარცვით. ამასთან დაკავშირებით უკვე არაერთი გამოძიება წარიმართა, მათ შორის, უცხოელ პარტნიორებთან ერთად და საბოლოო ჯამში, ყველაფერი დევს ხელის გულზე. ყველაზე შემაშფოთებელი და სამწუხარო არის ის, რომ ეს ადამიანი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან აფინანსებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას საქართველოში, რასთან დაკავშირებითაც ყველამ საკუთარი დასკვნები უნდა გამოიტანოს“, – განაცხადა პრემიერმა.

საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალ AD BLACK SEA-ის მთავარ სცენაზე კვლავ გამოვლინდება Young Creative 2024

თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება.

ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative და წლის ყველაზე შემოქმედებითი ახალგაზრდა გამოვლინდება.

გამარჯვებულს სპეციალურად შერჩეული ადგილობრივი ჟიური შეაფასებს. თიბისი, როგორც ნომინაციის წარმდგენი, გამარჯვებულისთვის 10 000 ლარს გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდა შემოქმედს შეეძლება თავისი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს თანხა შემოქმედებითი კარიერის განსავითარებლად.

თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. თიბისისთვის, როგორც ბრენდისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მერვე წელია იმართება ბათუმში, სადაც ევროპის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი პროფესიონალები უძღვებიან.

Young Creative -ის ნომინაციაში განცხადებების მიღება დასრულებულია. გამარჯვებული 14 სექტემბერს, AD BLACK SEA-ის დასკვნით დაჯილდოებაზე, მთავარ სცენაზე გამოვლინდება.

(R)

გერმანელი დეპუტატები საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ – თუ ეს კურსი გაგრძელდა, გერმანიის ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას,- ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერების: დებორა დიურინგის (Deborah Düring, კავშირი 90/მწვანეები), იურგენ ჰარდტის (Jürgen Hardt, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/CDU), ულრიხ ლეხტეს, (Ulrich Lechte, თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP) და ნილს შმიდის (Nils Schmid, სოციალ-დემოკრატიული პარტია/SPD) ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ისინი საქართველოში 4-6 სექტემბერს გამართულ ვიზიტს აჯამებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის და „საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვირდება საარჩევნო პროცესს“.

„საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ევროკავშირში გაწევრიანება სახელმწიფო მიზნადაც კი არის ჩაწერილი. ბოლო დროინდელი ავტორიტარული ტენდენციები და არადემოკრატიული ღონისძიებები ძირს უთხრის ამ დემოკრატიულ ნებას. ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. თუ ეს კურსი გაგრძელდა, გერმანიის ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთგულება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისადმი სამაგალითოა რეგიონში. არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა აუცილებელია დემოკრატიული პროცესისთვის. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით.

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როგორიცაა ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას. ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტია დემოკრატიული განვითარებისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ზღუდავს უმცირესობების უფლებებს, პრესის თავისუფლებას და პოლიტიკურ ოპოზიციას.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ყველა დემოკრატიის საფუძველია. საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვირდება საარჩევნო პროცესს. ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევას და მოვუწოდებთ ყველას არაძალადობრივი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის გაძლიერება არა მხოლოდ გადამწყვეტია საქართველოს მომავლისთვის, არამედ მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა თავისუფალი საზოგადოების დასაყრდენს წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირმა და ათმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, ხელოვნური ინტელექტის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას ხელი მოაწერეს

ევროკავშირმა და კიდევ ათმა სახელმწიფომ, მათ შორის აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ანდორამ, საქართველომ, ისლანდიამ, ნორვეგიამ, მოლდოვამ, სან-მარინომ და ისრაელმა ხელი მოაწერეს ევროპის საბჭოს ჩარჩოკონვენციას ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ.

როგორც ევროპის საბჭოს ვებგვერდზეა ნათქვამი, ეს არის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ, რომელსაც სავალდებულო იურიდიული ძალა ექნება. დოკუმენტი, რომლის მიზანია ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენების „სრულ შესაბამისობაში მოყვანა ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიასთან და კანონის უზენაესობასთან“, ხელმოსაწერად ღიაა. დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, რომ შეთანხმება „ხელს შეუწყობს პროგრესსა და ინოვაციებს ხელოვნური ინტელექტის სფეროში“, ამავდროულად, ხელს შეუწყობს იმ საფრთხეების მართვას, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი შეიცავს.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა განმარტა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება „უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს და მათ ძირს არ უნდა უთხრიდეს“.

ჩარჩოკონვენცია შემუშავდა ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნისა და 11 არაწევრი სახელმწიფოს (არგენტინა, ავსტრალია, ვატიკანი, ისრაელი, კანადა, კოსტა რიკა, მექსიკა, პერუ, აშშ, ურუგვაი და იაპონია) თანამშრომლობით. დოკუმენტი არეგულირებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და ავალდებულებს მხარეებს, შეამოწმონ ასეთი ტექნოლოგიების გამოყენებისას ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვა ან დააწესონ აკრძალვა მათ გამოყენებაზე, თუ ამ მოთხოვნის უზრუნველყოფა შეუძლებელია.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს გარკვეული ზომების გატარებას, რათა ხელოვნური ინტელექტის სისტემები არ იყოს გამოყენებული დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, ასევე ხელისუფლების დანაწილების, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრინციპების შესარყევად.

მარტში კონვენცია დაამტკიცეს ევროპარლამენტის დეპუტატებმა, ხოლო მაისში დოკუმენტი მიიღეს ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – სენტიმენტები და სავალუტო ბუფერები

თიბისის არხებით განხორციელებული ტრანსაქციების ანალიტიკა აგვისტოშიც სავალუტო შემოდინებებისა და ზოგადად ეკონომიკური აქტივობის მაღალ დონეზე მიუთითებს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2024 წლის რეალური ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 9%-ით განისაზღვრება. ამასთან, ძლიერი სავალუტო შემოდინებები ასევე იწვევს ე.წ. ბუფერების დაგროვებას. საკუთრივ, წინასწარი მონაცემებით, სახეზეა სებ-ის სავალუტო რეზერვების დამატებით შევსება. ამავდროულად, როგორც ყოველთვის, სენტიმენტების ფაქტორიც მნიშვნელოვანია, რაც, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდის განმავლობაში იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის მნიშვნელოვან ზრდაში აისახება.

ამ კუთხით ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება. პირველი: სავალუტო შემოდინებები იმდენად ძლიერია, რომ ეს გარემოება ლარის კურსზე არ ისახება. უფრო მეტიც, როგორც აღინიშნა, საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაც კი არის შესაძლებელი. და მეორე: ერთგვარად, აღნიშნულიც სწორედ ბუფერია, რაც სენტიმენტების ცვლილებისას უკვე ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. ამასთან, ასევე საყურადღებოა, რომ აგვისტოში არარეზიდენტების წილი ლარის სახელწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელებში ოთხთვიანი კლების შემდეგ კვლავ გაიზარდა.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

(R)

რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერებაა-სერგეი ლავროვი

თანამედროვე ქართული ხელმძღვანელობის პოლიტიკა დაკავშირებულია ეროვნული ქართული იდენტობის გაცნობიერებასთან და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების მავნებლობის გააზრებასთან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მედიაჰოლდინგ РБК-თან ინტერვიუში ინტერვიუში.

„რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს მათ მიერ საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და იმის გაგებაა, რომ ქართველ ხალხს აქვს მართლმადიდებლობის, ეროვნული კულტურის ღირებულებები, რომლებიც წაიშლება, წაილეკება და გაითელება იმ „წესებით“, რომელსაც დასავლეთი ყველას უწესებს, უპირველეს ყოვლისა, ლიბერალური დემოკრატიის ან, თუ გნებავთ, დემოკრატიული ლიბერალიზმის ღირებულებების კონტექსტში. ქართველებს ეს არ ახარებთ. ისევე, როგორც არ ახარებთ ლგბტ დღის წესრიგის აღვირახსნილი თავს მოხვევა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თიბისის მხარდაჭერით ტარდება, წლის მთავარი ღონისძიება ტესტერებისთვისა და ტექ ენთუზიასტებისთვის: რატომ უნდა დაესწროთ Tester’s Day 2024-ს

 9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ენთუზიასტები არაერთ საინტერესო საერთაშორისო თუ ადგილობრივ სპიკერს მოუსმენენ, პანელურ დისკუსიებს დაესწრებიან, მონაწილეობას მიიღებენ ვორქშოფებში და იმ მრავალფეროვანი აქტივობებით დაკავდებიან, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებაზე დადებითად აისახება.

GeoSTQB-ის ორგანიზებით გამართული Tester’s Day-ის ყოველი ღონისძიება წინაზე მასშტაბური, საინტერესო და სასარგებლოა. GeoSTQB-ის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი, ნათია სირბილაძე თვლის, რომ წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული იქნება და იმ მიზეზებზეც დეტალურად საუბრობს, თუ რატომ უნდა დაესწროთ და რას უნდა ელოდოთ Tester’s Day 2024-ისგან.

უნიკალური, მრავალფეროვანი პროგრამა და დინამიური პანელური დისკუსიები

ცხადია, ნებისმიერი ტექნოლოგიური ღონისძიების მთავარი და ყველაზე მნშვნელოვანი ნაწილი სპიკერები არიან, რომელთა გამოსვლებიც, საბოლოო ჯამში, ამა თუ იმ ღონისძიების წარმატებულობას განსაზღვრავს. ამ მხრივ, Tester’s Day 2024 ნამდვილად გამორჩეული იქნება. მაგალითად, ენდრიუ ნაითი – ავტომატიზაციის გურუ და AutomationPanda-ს დამფუძნებელი – ავტომატური ტესტების სკალირების შესახებ თავის გამოცდილებას გააზიარებს.

“ყოველი წელი არის განსაკუთრებული, რადგან თემებს გამორჩეულად ვარჩევთ, არასდროს მეორდება ან მიმართულება აქვს განსხვავებული. ვაკვირდებით საერთაშორისო ტენდენციებსა და ადგილობრივ ბაზარს, შესაბამისად ხდება თემების შერჩევაც. გარდა ამისა, წელს გვემატება ისეთი თემები როგორიცაა თამაშების ტესტირება”. – გვიყვება ნათია სირბილაძე.

როგორც ნათია ამბობს, Tester’s Day 2024-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ისეთი მნიშვნელოვანი თემებისა და მიდგომების განხვილვა იქნება, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას რაღაც ახალს, თანამედროვეს ასწავლის, რაც მათ თავდაჯერებასა და პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება.

მაგალითად, ტესტერების თერაპია – ტესტირება მხოლოდ ტექნიკურ უნარებს არ მოიცავს. ის ასევე სწორი მიდგომებისა და პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვს. ნათია ფიქრობს, რომ ეს სესია კონცენტრირებული იქნება იმ რბილ უნარებზე, რომლებიც ყველა ტესტერმა უნდა განავითაროს.

“ასევე, ძალიან ხშირად რაც ყველას აწუხებს უკვე არსებულ პროდუქტზე ტესტირების მიდგომების ჩაშვება და დანერგვაა, ამ თემასაც შევეხებით; ამასთან, ტესტირების პირამიდის მიდგომასაც განვიხილავთ, რომელსაც ადრე არ შევხებივართ. გვექნება ახალი პროდუქტის პრეზერნტაციაც – Practical Tester-ი, რომელიც AI-ის იყენებს. ეს მსოფლიოში სიახლეა და ცხადია, საქართველოშიც უნდა შემოვიდეს”. – ამბობს ნათია.

წლევანდელი ღონისძიების ახალი ელემენტი “ღია სივრცე” იქნება, სადაც ყველას, ვისაც პროგრამული უზღუნველყოფის ტესტირების გარშემო რაიმეს გაზიარების სურვილი ექნება, შეეძლება თავისი თავი საჯარო გამოსვლებში გამოსცადოს.

ტესტერთა დღეზე თიბისის ტექ გუნდის წევრი, ალეკო ისკონიანი, რომელსაც ტექნოლოგიების სფეროში 20 წლიანი გამოცდილება აქვს, დამსწრე საზოგადოებას თიბისიში ახალი ტესტირების სტრატეგიის გამოყენების პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებს. ხოლო თიბისის ტექ გუნდის კიდევ ერთი წევრი, ირინა ინაშვილი ტექნოლოგიების ენთუზიასტებს იმ ხელსაწყოებსა და პრაქტიკებზე ესაუბრება, რომლებიც ტესტირების დროს გამოწვევებისა და პროცესების ეფექტურ მართვაში დაგეხმარებათ. ცხადია, ეს იმ სპიკერებისა და თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც Tester’s Day 2024-ზე თქვენი ყურადღების მიპყრობას შეეცდებიან.

“თიბისი ჩვენი მთავარი სპონსორია და უკვე სამი წელია ერთგულად ერთად მოვდივართ. მსგავსი მასშტაბის ტექ კომპანიის ჩართულობა ამ ღონისძიებაში საინტერესოა ტექ ქომუნითისთვის, რადგან სწორედ ასეთი კომპანიებისგან შეუძლიათ უკვე არსებული, ჩაშვებული პროექტები, ქეისები და გამოცდილება მოისმინონ. ერთად ვახერხებთ, რომ ღონისძიება იყოს მიმართული ზრდისკენ , სიახლეებისკენ და განვითარებისკენ”, – ამბობს ნათია.

საერთო ჯამში, ტესტერების დღე 2024 დაუვიწყარი ღონისძიება იქნება, რომელიც თქვენი უნარების განვითარებაზე, თანამედროვე ტენდენციებთან თქვენს სიახლოვესა და პროფესიულ გაზრდაზე იზრუნებს.

ღონისძიებაზე რეგისტრაცია და ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.

®