Home Blog Page 42

„ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, მშვიდობა და სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკურ განვითარებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება-ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, პირველი – მშვიდობა და მეორე – სწრაფი ეკონომიკური ზრდა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაში ეკონომიკის შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

ირაკლი კობახიძემ პროგრამის შემუშავებასა და დოკუმენტის დამტკიცებაში მონაწილეობისთვის პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილს და პოლიტსაბჭოს თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვაქვს ისტორიული მაქსიმუმი რეიტინგის თვალსაზრისით და ამას განაპირობებს ძირითადად ორი ფაქტორი: პირველი არის ის, რომ, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და მეორე მთავარი ფაქტორი, რაც „ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს განაპირობებს, არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რითაც გამოირჩეოდა ჩვენი ქვეყანა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. ახლაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ განვითარებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში ეკონომიკაზეა დამოკიდებული ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 საკონსულოების, საგარეოსა და ცესკო-ს პასუხისმგებლობაა, ისე მოაწყონ უბნები, რომ არ შეიქმნას პრობლემა დიასპორისთვის, მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა იქნება მათი-პრეზიდენტი

ახლა არის საკონსულოების, საგარეოს და ცესკო-ს პასუხისმგებლობა, რომ ისე მოაწყონ უბნები, რათა არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა დიასპორის წარმომადგენლებისთვის, მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა იქნება უშუალოდ მათი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დიასპორის წარმომადგენლებმა ხმის მიცემა შეუფერხებლად უნდა შეძლონ.

„19 დღე რჩება არჩევნებამდე. ეს არის ალბათ ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი. მინდა, პირველ რიგში, ვისაუბრო დიასპორაზე, რომელიც ძალიან გააქტიურდა ბოლო დღეებში. ცესკო-ს, საგარეოს, საკონსულოების მცდელობის მიუხედავად, რომ ყველანაირი შეფერხება ყოფილიყო, მაინც შეძლო დიასპორამ, რომ აღრიცხვაზე ჩაწერილიყო. ახლა არის საკონსულოების, საგარეოს და ცესკო-ს პასუხისმგებლობა, რომ ისე მოაწყონ ეს უბნები, რათა არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა. მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა იქნება უშუალოდ მათი, თუ არ გაიხსნა ის დამატებითი ფართი, რაც საჭიროა, რომ შეძლონ ხმის მიცემა იმ დროში, რაც არის განკუთვნილი არჩევნებისთვის, ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება. ახლა იწყება ის პერიოდი, როცა ყველა უნდა მოვემზადოთ, რომ ხმები იყო დაცული. ყველა მოქალაქე არის პასუხისმგებელი თავის ხმაზე, რომ მივიდეს არჩევნებზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ მათ უნდა დაიცვან ხმები.

„მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და თქვენი მომავალი არის ის, რაც წყდება 26 ოქტომბერს. ამიტომ, თქვენ უთუოდ იქნებით ძალიან კარგი დამცველები თქვენი ხმების. არსებობს ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა არასამთავრობოებს სწორედ ამ ტრენინგებისთვის, ეს არის „ჩვენი ხმა“ და მინდა, მოგიწვიოთ აქ. მინდა, ყველა იგრძნოთ ის პასუხისმგებლობა, რაც არის დამკვირვებლობა. რაც მთავარია, საჭიროა მობილიზაცია, არჩევნებზე მისვლა. მთავარი დამარცხება გაყალბების, რომელიც ყველა მხრიდან მზადდება, არის მობილიზაცია. ჩვენი ვალდებულებაა, რომ მივიდეთ არჩევნებზე, არც ერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი. ეს ჩვენს ხელშია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე, სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნების დღეს პრეზიდენტის სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმა იქნება მოწყობილი.

„ამ სასახლეში არჩევნების დღეს იქნება მოწყობილი საკოორდინაციო პლატფორმა, რათა გავუწიოთ მონიტორინგი, რაც იმ დღეს მოხდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პირველ რიგში, უნდა გამოვდიოდეთ იქიდან, რა სურს ქართველ ხალხს, მშვიდობა, განვითარება, წინსვლა, ევროკავშირი გვინდა, მაგრამ არა ისე, რომ ვიღაცამ თავში წამოგვარტყას და ვიაროთ ევროკავშირის ელჩის განწყობებზე-კახა კალაძე

ევროკავშირის ელჩის განწყობებზე და რა არ მოსწონს და რა მოსწონს მაგაზე, ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი მაგრამ, ქართველმა ხალხმა და საქართველოს ინტერესებმა მაგით არ უნდა იაროს, რა მოეწონება ევროკავშირის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ელჩს, წარმოუდგენელია ხომ?, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, ევროკავშირის ელჩის მიერ მმართველი პარტიის საარჩევნო ბანერების უარყოფითად შეფასებას.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, კალაძემ აღნიშნა, რომ ამის გამო, ქვეყანა ევროკავშირის ელჩის განწყობების მიხედვით ვერ იმოქმედებს. მისივე განცხადებით, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, თუ რა სურს ქართველ ხალხს, რაც შეეხება ბანერებს, მათში ასახულია სამწუხარო რეალობა, რომლის გამეორების სურვილი საქართველოში აქვთ.

„ეს არის ის დამოკიდებულება, რასაც თქვენ ამბობთ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გამოვდიოდეთ იქიდან, რა სურს ქართველ ხალხს, ამ ქვეყნის მოსახლეობას.

მოსაწონი აქ [ ბანერებში] არაფერია, უბრალოდ საუბარია რეალობაზე – იმ სამწუხარო რეალობაზე, რომლის სურვილი აქვთ, რომ ანალოგიური მოხდეს ჩვენს სამშობლოში, ჩვენს ქვეყანაში. ამის ინტერესი აქვთ და ამას ვამბობთ ჩვენ, რომ არ გვინდა ამ უბედურებაში, ამ კატასტროფაში შესვლა. ამას მოაქვს დანგრევა, ტერიტორიების დაკარგვა, სოფლების, ქალაქების განადგურება, ინფრასტრუქტურის მოსპობა, მშვიდობიანი ხალხის, გმირი ჯარისკაცების განადგურება. ხომ ვიცით, რომ ომი არის უბედურების მომტანი? არ გვინდა ეს ყველაფერი. მშვიდობა, განვითარება, წინსვლა, ევროპული მომავალი, ევროკავშირი გვინდა – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ არა ისე, რომ ვიღაცამ დაგვაჩოქოს, დაგვამონოს, თავში წამოგვარტყას და ვიაროთ ევროკავშირის ელჩის განწყობებზე: რა მოეწონება, რა არ მოეწონება – არ არის ეს სწორი დამოკიდებულება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

7 ოქტომბერი ასევე შევა ისტორიაში, როგორც ბნელი დღე პალესტინელი ხალხისთვის იმ კონფლიქტის გამო, რომელიც „ჰამასმა“ გააჩაღა ამ დღეს-ბაიდენი

J

თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება გაავრცელა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით.

„დღეს გლოვის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ ტერორისტულმა ჯგუფმა 1 200-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი მოკლა, მათ შორის 46 ამერიკელ. ერთი წელია, რაც 250-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი მძევლად აიყვანეს, მათ შორის 12 ამერიკელი.“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის თქმით, 7 ოქტომბერი ასევე შევა ისტორიაში, როგორც ბნელი დღე პალესტინელი ხალხისთვის იმ კონფლიქტის გამო, რომელიც „ჰამასმა“ გააჩაღა ამ დღეს.

„ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად, რომელიც მძევლებს სახლში დააბრუნებს, გაზრდის ჰუმანიტარულ დახმარებას ადგილზე ტანჯვის შესამსუბუქებლად, უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას და დაასრულებს ამ ომს. ისრაელელები და პალესტინელები იმსახურებენ უსაფრთხო, ღირსეულ და მშვიდობიან ცხოვრებას“, – დასძინა მან.

ეს ჩარევა კი არ არის, არამედ, არის პირდაპირი წარმართვა წინასაარჩევნო კამპანიის – გურამ მაჭარაშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე

x

ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთან უნდათ არა პარტნიორული დამოკიდებულება, არამედ, უნდათ პირდაპირი ვასალური დამოკიდებულება, – განუცხადა „ქრონიკას“ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, დადასტურდა, სამწუხაროდ, რომ ისინი არიან ოპოზიციაში უკვე ქართულ ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან.

„ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთან უნდათ არა პარტნიორული დამოკიდებულება, არამედ, უნდათ პირდაპირი ვასალური დამოკიდებულება, რომ ჩვენ ვართ ვასალი ქვეყანა, მონა ქვეყანა, არავინ გვეკითხება ვის ავირჩევთ ხელისუფლებაში. პირდაპირ კარნახობენ ქართველ ხალხს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში.

დაადასტურა, სამწუხაროდ, რომ ისინი არიან ოპოზიციაში უკვე ქართულ ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან. ეს ჩარევა კი არ არის, არამედ, არის პირდაპირი წარმართვა წინასაარჩევნო კამპანიის და პირდაპირი გაუქმება საქართველოს სუვერენიტეტის“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ოპოზიციურმა მედიამ პაველ ჰერჩინსკის სკანდალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ საქართველოს ხელისუფლების წევრები შეუთავსებლები არიან ევროკავშირის ღირებულებებთან. კიდევ ერთი რადიკალური განცხადება უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას. „ფორმულას“ ინფორმაციით, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება. მსგავსი კომენტარი ელჩს მედიასთან არ გაუკეთებია და მან სავარაუდოდ, ისაუბრა სტუდენტებთან შეხვედრაზე. კეზერაშვილის ტელევიზიამ მოგვიანებით ინფორმაცია წაშალა. „ქრონიკა“ ევროკავშირის წარმომადგენლობას დაუკავშირდა და ოფიციალურ განმარტებას ელოდება.

სალომე ზურაბიშვილს თავის განცხადებაში მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ შტაინმაიერი მიესალმა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის დარღვევას – შალვა პაპუაშვილი

ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და მცდელობა კონსტიტუციური პროცესიდან გაყვანის და ყველა, ვინც ამ პროცესში რაღაცნაირად არის ჩართული, იქნებიან ეს პარტიები, თუ იქნებიან ეს უცხოელი აქტორები, რა თქმა უნდა, ამ მხრივ მონაწილეობენ კონსტიტუციის გვერდის ავლის პროცესის დაძვრაში , – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ტექნიკურ მთავრობასთან“ დაკავშირებით.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მიესალმა “ქართულ ქარტიას” ანუ დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის დარღვევას.

მანვე აღნიშნა, რომ გერმანიის მხრიდან არ არის გაკეთებული განმარტება, რამდენად შეესაბამება ზურაბიშვილის განცხადება სიმართლეს.

„ქალბატონმა სალომემ, როდესაც უნებართვო ვიზიტებში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრისას, გერმანიის პრეზიდენტი მიესალმა ამ „ბანანის რესპუბლიკის“ დოკუმენტს, რომელიც ქალბატონმა სალომემ შეადგინა და ზუსტად ამ დოკუმენტში წერია ის, რომ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან უნდა გავიდეს ეს ქვეყანა, არაუფლებამოსილმა პირმა, ქალბატონმა სალომემ უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და ზუსტად ამ დოკუმენტის სულისკვეთებაა, რომ ქართველ ხალხს არ აქვს იმის უნარი, ცოდნა და იმ დონეზე არ ვართ ჯერ ასული როგორც ჩანს ზოგიერთის თვალში, რომ ჩვენ ჩვეულებრივი არჩევნებით ავირჩიოთ ხელისუფლება, გვაკლია ეტყობა ცოდნა და უნარები და ამიტომ დროებითი, ტექნიკური, არაპარტიული ხელისუფლება უნდა გვყავდეს. ამიტომ მე ვერ მივიღე ჯერჯერობით ამ მხრივ განმარტება რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ გერმანიის ხელისუფლება მიესალმება, რომ მოხდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა ამ ქვეყნის და თუ იზიარებს იმ სულისკვეთებას გერმანიის ხელისუფლება, თუკი ამ ქარტიას მიესალმა, რომ ქართველ ხალხს არ შეუძლია აირჩიოს ხელისუფლება რეგულარული წესით, არამედ ეს უნდა იყოს ექსტრაორდინარული მთავრობა. ამიტომ, მე მადლობელი ვიქნებოდი თუკი ამაზე იქნებოდა პასუხი. მე ვნახე, რომ იყო გარკვეული განმარტებები, თუმცა უფრო პასუხისგან თავის არიდება იყო, ვიდრე პირდაპირ კითხვაზე პასუხი. ქალბატონ სალომეს თავის განცხადებაში მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ გერმანიის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის დარღვევას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 8 ოქტომბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7451 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7451 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7354 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0097 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0106 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0177 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0071 ლარი შეადგინა.

მილევადი თანამდებობის პირების განცხადებები უინტერესოა – ნიკა გვარამია კახა კალაძეზე

მომავალი კოალიციური მთავრობა აუცილებლად პატივს სცემს ადამიანის უფლებებს და იმას, რაც დემოკრატიას და საქართველოს ევროინტეგრაციას სჭირდება, – ასე გამოეხმაურა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას.

მისი თქმით, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება, სადაც ის ევროკავშირის ელჩს გამოეხმაურა, მილევადი თანამდებობის პირის განცხადებაა.

„მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური, რომელიც აუცილებლად პატივს სცემს ადამიანის უფლებებსაც და ყველაფერს იმას, რაც დემოკრატიას და საქართველოს ევროინტეგრაციას სჭირდება.

კახა კალაძეს რაც შეეხება, ის არასერიოზული, დასანქცირებული კაცია. ამიტომ მისი გამოთქმები და კომენტარები არ მაღელვებს, არც ვუსმენ მას თუ რას ლაპარაკობს. ეს არის წარმავალი ამბავი, მილევადი თანამდებობის პირების განცხადებები უინტერესოა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებები, მისი მხრიდან პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობაა.

„შენ რომ რაღაც კონკრეტულ კლიპს ტელევიზიაში არ უშვებ, ამას თავისი არგუმენტი უნდა ჰქონდეს. ვიღაცას არ მოეწონა, შემზარავია და უიმე, რა მძიმეა და ამის გამო არ გაუშვა, ეს წარმოუდგენელია. კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მხრიდან. ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში რომ გამოვიდეს საქართველოს ელჩი და ამ ტიპის განცხადება გააკეთოს, წარმოგიდგენიათ უბრალოდ? ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, ქვეყნიდან მაშინვე გამოაპანღურებდნენ“, – განაცხადა კალაძემ.

გადაიქცევა თუ არა ირანის დარტყმა ისრაელზე რეგიონულ ომად? – რას წერს თურქული გამოცემა

თურქული სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციის TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე რუბრიკით „აქტუალური თემის ანალიზი“, გამოქვეყნებულია სტატია, რომლის სათაურია „გადაიქცევა თუ არა ირანის დარტყმა ისრაელზე რეგიონულ ომად?“, რომელშიც თურქი პოლიტოლოგი ჯან აჯუნი ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის პერსპექტივაზე მსჯელობს.

ირანმა საბოლოოდ გვერდზე გადადო თავისი „სტრატეგიული მოთმინება“ და ისრაელს ბალისტიკური რაკეტები ესროლა. ბოლო თვეებში ირანმა განიცადა სერიოზული ზიანი შეკავების კუთხით, როდესაც მან ვერ შეძლო ნამდვილი პასუხის გაცემა ისრაელის აგრესიულ დამოკიდებულებაზე. როდესაც ეს ვითარება შეერწყა ისრაელის თავდასხმებს ჰეზბოლას ხელმძღვანელობაზე, ირანს სხვა გზა არ დარჩა, გარდა პასუხის გაცემისა, ან უნდა აღედგინა თავისი შეკავების ძალა ან უკან დაეხია. ირანმა არჩია პასუხის გაცემა და დაარტყა ისრაელს დაახლოებით 200 ბალისტიკური რაკეტით. რა თქმა უნდა, ამ თავდასხმას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება. ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევრის, ჯან აჯუნის შეფასებას, რომელშიც იგი წერს: 

საბოლოოდ, დასრულდა ირანის „სტრატეგიული მოთმინება“ ისრაელის ხანგრძლივი აგრესიული დამოკიდებულების წინააღმდეგ და განხორციელდა მასშტაბური სარაკეტო შეტევა. ისრაელში მდებარე სამხედრო ბაზები ზებგერითი 200-მდე ბალისტიკური და ატმოსფეროზე ზემოდან მფრენი რაკეტით იქნა დაბომბილი. ზოგიერთი რაკეტა ჩამოაგდეს რეგიონში განლაგებული აშშ-ს საჰაერო თავდაცვის მოთხოვნით და ისრაელის Arrow 2-3 მაღალი სიმაღლის საჰაერო თავდაცვის სისტემებით, მაგრამ ირანის ბალისტიკური რაკეტები ძირითადად სამიზნეებს მოხვდა. პირველადი ინფორმაციით, დაზიანებულია ნევატიმის ავიაბაზა, ტელ ნოფი და ნეტივოტის ბაზები, სადაც F35-ები არიან განლაგებული. ამასთან დაკავშირებით არის ვიზუალური მტკიცებულებებიც. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა ზარალი მიადგა ბაზებს და დაკარგა თუ არა თვითმფრინავები, განსაკუთრებით არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელი სამხედრო ცენზურას ახორციელებს და ზოგიერთი წყარო ასევე ამტკიცებს, რომ ისრაელი F35-ების დაცვას ცდილობდა 5 ტანკერი თვითმფრინავის აფრენით და შეტევამდე ჰაერში შეჩერებით. თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანის გარკვევას უახლოეს დღეებში სატელიტური ფოტოებით შევძლებთ, მაგრამ ცხადია, რომ ირანმა ამჯერად ისრაელს რეალური პასუხ გასცა. ისრაელი სერიოზული დეზინფორმაციითა და პროპაგანდით აცხადებს, რომ მას არ მიუღია რაიმე სერიოზული ზიანი. ის ერთგვარ ფსიქოლოგიურ ომს აწარმოებს. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ძალიან მკაცრად უპასუხებენ. 

რა თქმა უნდა, ირანის ამ გაბედულ თავდასხმას შედეგები მოჰყვება. უპირველეს ყოვლისა, წინააღმდეგობის ღერძის კომპონენტების, განსაკუთრებით ჰეზბოლას, თავდაჯერებულობა განახლდა და დაინახეს, რომ მათ უკან ირანია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ისრაელი ცდილობს ლიბანის სამხრეთში სახმელეთო გზით შეჭრას. ჰეზბოლამ უნდა განაახლოს თავისი სარდლობის დონე რაც შეიძლება მალე და გამოიჩინოს წინააღმდეგობა ველზე. მეორეც, ირანმა აღადგინა თავისი შემაკავებელი ძალა და ახლა ბურთი ისრაელის მოედანზეა. მათ თავიანთ განცხადებებში აღნიშნეს, რომ პასუხი იქნება ძალიან მკაცრი, ისინი სავარაუდოდ განახორციელებენ საჰაერო დარტყმას ირანის წინააღმდეგ, რაც გამოიწვევს ირანის მხრიდან ხელახლა გასროლას. ამრიგად, ორი სახელმწიფო პირდაპირ ომში ჩაერთვება. ის, რასაც აშშ გააკეთებს, ასევე კრიტიკულია, თუ ისრაელს გაუჭირდება ის შეიძლება უშუალოდ ჩაერიოს, რაც რა თქმა უნდა გამოიწვევს დიდ რეგიონულ ომს. 

ჩვენ ძალიან კრიტიკულ და ისტორიულ პერიოდში ვართ. შეუძლებელია რეგიონში მშვიდობის დამყარება ღაზასა და ლიბანში ისრაელის ხოცვა-ჟლეტის შეჩერების გარეშე. – წერს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი.

წყარო

ვეკითხები აშშ-ს ელჩს, ოფიციალურ ვებ-გვერდზე წვდომა დაიბრუნა თუ ისევ „ნაცებს“ აქვთ?! – ირაკლი ზარქუა

ვეკითხები აშშ-ს ელჩს, ოფიციალურ ვებ-გვერდზე წვდომა დაიბრუნა თუ ისევ „ნაცებს“ აქვთ?! – შიდა საქმეებში ჩარევა „არ მოსულა“ არც ურთიერთობაში, არც პარტნიორობაში და არც მეგობრობაში! ამას არ გავატარებთ! ყველამ თქვენს ქვეყანას მიხედეთ – წინასაარჩევნოდ უამრავი უხეში დარღვევა გაქვთ! – ეს განცხადება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას თქმით, „რასაც ელჩები აკეთებენ, შიდა საარჩევნო კამპანიაში უხეში ჩარევაა, რადგან ხვდებიან, რომ მათი აგენტურა ვერ იმარჯვებს, ხელისუფლებაში ვერ მოდის და პროცესში პირადად არიან ჩართული”.

„ამერიკის ელჩს ვეკითხები, დაიბრუნა ოფიციალურ ვებ გვერდზე წვდომა თუ ისევ „ნაცებს“ აქვთ გადაცემული? – ჩვენს მოქალაქეებს სწორედ ეს განცდა აქვთ! – შიდა საქმეებში ჩარევა „არ მოსულა” არც ურთიერთობაში, არც პარტნიორობაში, არც მეგობრობაში.

უკრაინელები ბრიტანეთში ცხოვრებას ეჩვევიან, რაც ლეიბორისტული მთავრობისათვის პრობლემის შექმნას ნიშნავს – The Economist

„დიდ ბრიტანეთში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების უმეტესობას სამშობლოში დაბრუნება აღარ სურს. ისინი მდიდრულ რაიონებში ცხოვრებას კარგად ითვისებენ, მაგრამ ქვეყანაში მათი მუდმივი ცხოვრება მთავრობის გეგმებში არ შედის“, – ნათქვამია ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „უკრაინელები ბრიტანეთში ცხოვრებას ეჩვევიან, რაც ლეიბორისტული მთავრობისათვის პრობლემის შექმნას ნიშნავს“.

დიდი ბრიტანეთის უკრაინულ საკვირაო სკოლებში, როცა გაკვეთილები მთავრდება,  ბავშვებს ყველგან ისე ხვდებიან, როგორც ეს ნებისმიერ ბრიტანულ სკოლაში ხდება, თუმცა ლონდონის ჩრდილოეთით მდებარე „ელვინ-გარდენ სითის“ სკოლაში ცოტა განსხვავება შეიმჩნევა – მშობლების უმეტესობა ქალია, ხოლო მამაკაცებს შორის ომის ხეიბრები (ინვალიდები) გამოირჩევიან. რომლებთაც კიდურები მოკვეთილი აქვთ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიგრაციის კვლევითი ცენტრის მონაცმებით, ამჟამად დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 40 ათასი ლტოლვილი ცხოვრობს, რომლებმაც იქ თავშესაფარი 2022 წლის შემდეგ ჰპოვეს. უკრაინელები სწრაფად ეჩვევიან მათთვის უცხო სახელმწიფოში ცხოვრებას. მათ ბევრი ეროვნული სტრუქტურები და ორგანიზაციები შექმნეს – მაგალითად, სკოლები, სადაც უკრაინულ ენას ასწავლიან, არსებობს ბიბლიოთეკები და სხვადასხვა ორგანიზაციების ქსელი. კონფორტის შეგრძნების ზრდა, რასაკვირველია, მათი და ბრიტანელთა  დამსახურებაა, თუმცა საკითხს ობიექტურად თუ შევხედავთ, უკრაინელთა დიდ ბრიტანეთში ცხოვრება მთავრობისათვის პრობლემებს ქმნის. 

ვიდეოპროდიუსერი ანასტასია საჩკოვა უკრაინიდან, თავის გოგონასთან ერთად, ომის დაწყებისთანავე გაიქცა. იგი ბრიტანელმა წყვილმა შეიფარა. თავშესაფრის სხვა უცხოელი მთხოვნელებისაგან განსხვავებით, რომლებიც, ჩვეულებრივად, სასტუმროებში ცხოვრობენ, მთავრობამ უკრაინელებს ქვეყანაში ცხოვრების ნება დართო, თუ მათ ბრიტანეთის მოქალაქეები  გარკვეული ხნით თავიანთ სახლებში ყოფნას პირდებოდნენ, ვთქვათ, 6 თვით ან მეტი ხნით. ანასტასია საჩკოვა კარგი ურთიერთობა აქვს მასპინძლებთან და თავის სამსახურს უკრაინაში დისტანციურად აგრძელებს. იგი ადრე კიევში დაბრუნებას ფიქრობდა, მაგრამ რაც დრო გადის, დაბრუნების შესაძლებლობა სულ უფრო არარეალური ხდება.

მამაკაცებს უკრაინიდან გასვლა მხოლოდ იმ სემთხვევაში აქვთ ნებადართული, თუ ისინი უკვე მოხუცები არიან, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელო აქვთ, ან მათ კმაყოფაზე სამზე მეტი ბავშვია. როგორც გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, უკრაინიდან წასული მამაკაცების (მიგრანტების) 80 პროცენტს რატომღაც სამე3ცნიერო წოდებები აქვთ და როგორც წესი, ისინი დიდი ბრიტანეთის მდიდრულ რეგიონებში ცხოვვრობენ. ლონდონის რიჩმონდის რაიონში 1000-მდე უკრაინელი ცხოვრობს, რომლებთაც მტავრობა მნიშვნელოვანი მოცულობის დახმარებას აძლევს. მათ ასევე ნებადართული აქვთ მუშაობა და ბევრი ასეც აკეთებს. მაგალითად, იმავე „ელვინ-გარდენ სითის“ სკოლაში მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო წოდების მქონე მოქალაქე ჭურჭელს რეცხავს, თუმცა ეს უფრო გამონალისია, ვიდრე კანონზომიერი მოვლენა. უკრაინელტა უმეტესობა, რომლებიც ინგლისურ ენას კარგად ფლობენ, კარიერულ კიბეზე აღმასვლას ახერხებენ, წარმატებას აღწევენ ბიზნესშიც.

სულ უფრო მეტი უკრაინელი თავის ბედს სამუდამოდ უკავშირებს დიდ ბრიტანეთს. გამოკვლევის თანახმად, კითხვაზე, თუ სად აირჩევენ ცხოვრებას იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, გასული წლის აპრილში 52% პასუხობდა, რომ დიდ ბრიტანეთში, ახლა კი მათმა რაოდენობამ, ვისთვისაც ბრიტანეთში ცხოვრება უპირატესია, 68%-მდე მოიმატა. მიგრანტთა აბსოლუტური უმრავლესობა სამშობლოში აღარ ბრუნდება. „ცვენ აქაურ საზოგადოებაში უკვე ინტეგრირებულები ვართ. ჩვენი ბავშვები სკოლაში დადიან, ზოგიერთებს უკვე აქაური შეყვარებულები ჰყავთ და აქ გათხოვება-ქორწინებას აპირებენ“, – ამბობს ოლესია რომანჩენკო არასამთავრობო ორგანიზაციიდან, სახელწოდებით „ფრთები“.

სხვათა შორის, უკრაინელი ბავშვები ადგილობრივ გარემოს ძალიან სწრაფად ეჩვევიან, მათი ადაპტაცია დაჩქარებულად მიმდინარეობს. ბევრი პროგრამას იოლად სძლევს: „რაც მტავარია, ისინი ინგლისურად აზროვნებენ და ფიქრობენ.

რასაკვირველია, ბრიტანეთის მტავრობა უკრაინელებს დიდსულოვნად ხვდება, ნებას აძლევს იმუსაოს, უხდის სოციალურ დახმარებას, ხელს უწყობს სამედიცინო მომსახურებაში და ა.შ. მაგრამ გარკვეული მიმართულებით ბრიტანეთის მთავრობა დიდ სიძუნწეს იჩენს. უკრაინელები მაინც დროებით სტუმრებად ითვლებიან. მართალია, ბევრს თავდაპირველად სამწლიანი ნებართვა ჰქონდა და, ომის გაჭიანურების კვალობაზე, გაგრძელება მოუწევთ, მაგრამ ერთი განსხვავებით: მათ ქვეყანაში ცხოვრების ვადა მოქალაქეობის მისაღებად არ ეთვლებათ.

ეს წესები კონსერვატორთა ბოლო მთავრობამ დაამტკიცა. მათ ლეიბორისტულ მთავრობას დილემა დაუტოვეს, თუ ომის დასრულება კიდევ გაჭიანურდება. ნუთუ ბრიტანეთი ქვეყნიდან გააძევებს იმ ადამიანებს, რომელთა შვილები უკვე ინგლისურად წერენ და ლაპარაკობენ, აზროვნებენ და ფიქრობენ, რომლებიც ისეთ რეგიონებში ცხოვრობენ, სადაც პრობლემებს არავის არ უქმნიან?

https://www.economist.com/britain/2024/10/03/ukrainians-are-settling-down-in-britain-that-creates-a-problem

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, კობა კობალაძე რეგიონებში შეხვედრებს მართავს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღის, 17 ოქტომბრის ღონისძიებების ფარგლებში, სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კობა კობალაძემ ვეტერანებთან შეხვედრები უკვე გამართა ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში.

შეხვედრებზე, ვეტერანებმა ყურადღება გაამახვილეს რამდენიმე, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის შეღავათის გავრცელებაზე საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებაზე,საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა და დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდაზე.

„კობა კობალაძე რეგიონებში შეხვედრებს კვლავ აგრძელებს და მომდევნო შეხვედრებს შემდეგ ქალაქებში გამართავს:

7 ოქტომბერს, ქ. ახალციხე 16:00 საათზე, შ.ახალციხელის ქუჩა N 2, (გუბერნიის შენობა);

9 ოქტომბერს, ქ. გორი, 16:00 საათზე, მშვიდობის ქუჩა N 12 ა, (გორის კულტურისა და ახალგაზრდობის სახლი -კომბინატის დასახლება);

10 ოქტომბერს, ქ. რუსთავში, 16:00 საათზე, კოსტავას ქუჩა N 20, (რუსთავის მერიის შენობის უკან მუსიკალური სასწავლებლის დარბაზი);

11 ოქტომბერს, ქ. თელავი, 16:00 საათზე, ჭავჭავაძის მოედანი N 5, (მუსიკალური სკოლა);

12 ოქტომბერს, ქ. მცხეთა, 16:00 საათზე, აღმაშენებლის ქუჩა N 77, (ანდრო კანდელაკის ჭიდაობის დარბაზი);

ადგილობრივ ვეტერანებს შესაძლებლობა აქვთ, აღნიშნულ შეხვედრებს დაესწრონ და სამსახურის დირექტორისგან, მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.