Home Blog Page 42

ღაზას სექტორში, საკვების განაწილების პუნქტთან, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა – The Guardian

ისრაელსა და ირანს შორის დაწყებული საომარი მოქმედებების ფონზე, ღაზას სექტორში მდგომარეობა გაუარესდა. დღეს, 15 ივნისს ტერიტორიაზე საკვების განაწილების პუნქტთან სროლას, სულ მცირე, 8 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილად ცხადდება ათობით პირი. თემაზე The Guardian გვიამბობს. 

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის განცხადებით, ღაზა ირანისთვის საომარი ოპერაციების „მეორეხარისხოვანი თეატრია“, პალესტინელების ცნობით, ძალადობა გრძელდება, მათ შორის, ცეცხლის გახსნა აშშ-ისა და ისრაელის მიერ მხარდაჭერილი დახმარების განაწილების პუნქტების გარშემო და არსებობს საშიშროება, რომ გლობალური ყურადღება ღაზას სექტორიდან ირანისკენ გადადის. 

„იყვნენ დაჭრილები, დაღუპულები და ნაწამები პირები“, – განუცხადა აჰმედ ალ-მასრიმ Associated Press-ს, როდესაც პუნქტიდან ხელცარიელი დაბრუნდა. „ეს ხაფანგია“. 

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, უბანში დახმარების პუნქტისკენ მიმავალ ადამიანებს დაახლოებით, დილის 4:30 საათზე შეუერთდა. სროლა მალევე დაიწყო და გაეროს ჰუმანიტარულ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილის და საგანგებო დახმარების კოორდინატორის ტომ ფლეტჩერის განცხადებას მოჰყვა. 

მისი თქმით, „შიმშილს არასდროს უნდა უპასუხო ტყვიებით“. „ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომლებს საშუალება უნდა მიეცეთ, შეასრულონ საკუთარი საქმე და მიაღწიონ გაჭირვებულ ადამიანებამდე, ჰუმანიტარული პრინციპების შესაბამისად“. 

აღსანიშნავია, რომ საკვებ პუნქტთან ახლოს სროლა, თითქმის, ყოველდღიურ ხასიათს იძენს მას შემდეგ, რაც ობიექტი გაიხსნა. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ისრაელის სამხედრო ძალებმა არაერთხელ ისროლეს ადამიანების მიმართულებით. როგორც ისრაელი ამტკიცებს, ეს გამაფრთხილებელი გასროლა იყო ეჭვმიტანილების წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ მათ უახლოვდებოდნენ და არა – საკვებ პუნქტს. 

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების[ისრაელისა და ირანის კონფლიქტი] პარალელურად, პალესტინაში მოსახლეობის შფოთვის მაჩვენებელი იზრდება, რადგან ისინი შიშობენ, რომ მათი გასაჭირი დავიწყებას მიეცემა. „დახმარებით დატვირთული მანქანების რაოდენობა მცირდება, მშვიდობიანი მოქალაქეები ახლა უფრო დიდი საფრთხის წინაშე არიან, ვიდრე მანამდე. ამ ხოცვა-ჟლეტვაზე აღარავინ საუბრობს“, – აცხადებს მუჰამედ ზუჰაირა, ბეით ლაჰიას რაიონის მცხოვრები. 

„მსოფლიოს ყურადღების გადატანა ირანთან დაკავშირებულ მოვლენებზე, კატასტროფაა ღაზას მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ამჟამინდელი შიმშილობის ფონზე“, – დასძენს ის. 

„მას შემდეგ, რაც ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი დაიწყო, სიტუაცია უფრო გამწვავდა. ჩვენ ველოდით, რომ ღაზაზე ზეწოლა შემცირდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა და ვითარება გაუარესდა. არავინ საუბრობს ამაზე – ყველა სიახლე ირანში მიმდინარე მოვლენებზეა“, – აღნიშნავს ზუჰაირა. 

ექსპერტები და ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომლები ამბობენ, რომ ისრაელის მრავალთვიანმა ბლოკადამ ფართომასშტაბიანი შიმშილობა გამოიწვია, ახალმა სამხედრო ოპერაციამ კი, შიმშილობის რისკი, კიდევ უფრო, გაზარდა. 

ცნობისთვის, მშვიდობიანი პალესტინელების დახმარების სისტემა მაისში ამოქმედდა და ისრაელმა დაწესებული სრული ბლოკადა ნაწილობრივ შეამსუბუქა. მიუხედავად ამისა, პროცესი ძალადობისა და სროლის ფონზე მიმდინარეობს. 

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის სამხედრო კამპანიამ 55 000-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

,,ეს არის ლოგიკური ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ახალი მიმართულებით ფრენების დაწყების შესახებ  და Air Serbia-ს თითქმის 100 წლიანი ისტორიის მანძილზე”- Air Serbia-ს წარმომადგენელი

საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა. აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, წარმატებით დაასრულა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ ევროპულ ავიაკომპანიასთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე, Air Serbia-ს Air Serbia-ს ქსელის დაგეგმარების ხელმძღვანელმა, ბოიან არანჯელოვიჩმა აღნიშნა, რომ ფრენების დაწყება ორ ქვეყანას შორის არის ლოგიკური ნაბიჯი ავიაკომპანიის მხრიდან.

,,პირველ ფრენაზე ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით თვითმფრინავი სავსე იყო, რამაც ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, თითქმის 130 მგზავრი იყო. საქართველოში ფრენების დაწყება Air Serbia-სთვის მომდევნო ლოგიკური ეტაპი იყო.  საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების თაობაზე მოთხოვნის დეტალურად გაანალიზების შემდეგ ახალი მიმართულებით განვახორციელეთ ფრენა.

 ეს არის ლოგიკური ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ახალი მიმართულებით ფრენების დაწყების შესახებ  და Air Serbia-ს თითქმის 100 წლიანი ისტორიის მანძილზე. ამავდროულად, ეს ყოველივე ხდება იმ წელს, როცა ჩვენ აღვნიშნავთ ორ ერს შორის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებას,-‘’განაცხადა ბოიან არანჯელოვიჩმა.

Air Serbia პირველი სერბული ეროვნული ავიაკომპანია Aeroput-ის მემკვიდრეა, რომელიც 1927 წელს დაარსდა. 2024 წელს, საქართველოსა და სერბეთს შორის ჯამურმა მგზავრთნაკადმა 18,325 მგზავრი შეაედგინა. რაც 97 %-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.

ბოიან არანჯელოვიჩი – Air Serbia-ს ქსელისა და განრიგის დაგეგმარების ხელმძღვანელი

,,საქართველოში ფრენების შესრულება კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ Air Serbia-მ დაიწყო” – მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება, ახალმა ევროპულმა ავიაკომპანია Air Serbia-მ დაიწყო, რომელიც ბელგრადი-თბილისი-ბელგრადის მიმართულებით რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს.

საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს რეგულარულ ფრენებს. მოხარული ვართ, რომ მოლაპარაკებები სერბეთის მხარესთან წარმატებით დასრულდა. Air Serbia-ს საქართველოში შემოსვლა ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკის წარმატებული შედეგია, რომელსაც მთავრობა აქტიურად ახორციელებს!“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სერბეთის ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ასევე ცალსახად მიანიშნებს საქართველოზე, როგორც მოთხოვნად ტურისტულ მიმართულებაზე.

„მოველით, რომ საქართველოში სერბეთიდან გაიზრდება ვიზიტორების რაოდენობა, რაც დადებითად აისახება როგორც ავიაციის, ისე ტურიზმის სექტორის განვითარებაზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ავიაკომპანია Air Serbia-ს ახალი მიმართულებებით ოპერირების ნებართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის 11 ივნისს მიანიჭა.

ინდოეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა 7 ადამიანი

15 ივნისის დილას, ინდოეთში, უტარკჰანდის შტატში კერძო კომპანია Aryan Aviation-ის ვერტმფრენი ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის მომენტში, ვერტმფრენის ბორტზე 7 ადამიანი იმყოფებოდა. შვიდივე მგზავრი დაიღუპა.

ვერტმფრენი ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზად ამინდით გამოწვეული ცუდი ხილვადობა სახელდება.

ადგილობრივი ხელისუფლება ვერტმფრენების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლის გამკაცრებას აპირებს, ვინაიდან ბოლო პერიოდში უტარკჰანდის შტატში რამდენიმე მსგავსი შემთხვევა მოხდა.

12 ივნისს, ახმადაბადში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 242 მგზავრიდან, მხოლოდ ერთი გადარჩა.

ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ღამით თეირანში 80 სამიზნეს დაარტყეს, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან კი – 170-ზე მეტს – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათმა ათობით მოიერიშე თვითმფრინავმა ღამით თეირანში სულ მცირე 80 სამიზნეს დაარტყა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ აღნიშნულ სამიზნეებს შორის იყო ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა, სამხედრო კვლევისა და განვითარების განყოფილება და ობიექტები, სადაც ირანის რეჟიმმა ბირთვული არქივი დამალა.

ამასთან, საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი სამხედრო ჩინოვნიკზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამიზნეებს შორის ასევე იყო ორმაგი დანიშნულების ორი საწვავის ობიექტი, რომლებიც სამხედრო და ბირთვული ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში, სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, სამ დღეზე ნაკლებ პერიოდში, 170-ზე მეტ სამიზნეს და სამხედრო ინფრასტრუქტურის 720 კომპონენტს დაარტყეს.

ირანის თავდასხმის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ასაკის 13 ისრაელელი დაიღუპა – რაკეტები არ არჩევენ ებრაელებს, მუსლიმებს და ქრისტიანებს – ისააკ ჰერცოგი

ბათ-იამში იმ ტერიტორიის მოსანახულებლად, სადაც ირანის სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი იმყოფებოდნენ , – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ამ ტერიტორიაზე ათობით სახლი მთლიანად დაზიანდა ირანიდან გამოშვებული რაკეტის შედეგად. ბოლო ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ასაკის 13 ისრაელელი დაიღუპა – ბავშვები, ზრდასრულები, მოხუცები და ახალი მიგრანტები. რაკეტები არ არჩევენ ებრაელებს, მუსლიმებს და ქრისტიანებს. ეს ისრაელის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. უნდა გამოვავლინოთ ის ემოციური და გონებრივი მდგრადობა, რომელიც ყოველთვის გვაქვს“, – აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ირანის მიერ ისრაელის ქალაქ ბათ-იამზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა. სამაშველო ოპერაციები გრძელდება. მაშველები სამ დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ.

ირანი შეერთებულ შტატებთან ბირთვულ მოლაპარაკებებს იქამდე არ განაახლებს, სანამ ისრაელი ირანზე იერიშებს არ შეწყვეტს – ირანის პრეზიდენტი

J

ირანი შეერთებულ შტატებთან ბირთვულ მოლაპარაკებებს იქამდე არ განაახლებს, სანამ ისრაელი ირანზე იერიშებს არ შეწყვეტს, – განაცხადა ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას და შეერთებული შტატები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონმაც გაავრცელა.

„ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს, ამიტომ მოვუწოდე პრეზიდენტ პეზეშკიანს სწრაფად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას შეთანხმების მისაღწევად. ეს დეესკალაციის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზაა. ჩვენ მზად ვართ წვლილი შევიტანოთ და მობილიზება მოვახდინოთ ყველა ჩვენი ძალისხმევის ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა მაკრონმა.

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

14 ივნისს, ნატო ვაჩნაძის დაბადების დღეზე, გურჯაანში, ქართველი კინოვარსკვლავის სახლ-მუზეუმში პრემია „ელისოს“ დაჯილდოება გაიმართა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, 2025 წლის გამარჯვებულები გახდნენ:

საუკეთესო ფილმი:

წმინდა ელექტროენერგია (ტატო კოტეტიშვილი)

ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა – წლის საუკეთესო ფილმი:
ლურჯი მოცვი (ელენე მიქაბერიძე)

საუკეთესო რეჟისორი:

მაკა გოგალაძე (რაც თავი მახსოვს)

საუკეთესო მსახიობი:

დათა ჩაჩუა (პანოპტიკონი)

მზია არაბული (გზაჯვარედინზე)

საუკეთესო ოპერატორი:

ტატო კოტეტიშვილი (წმინდა ელექტროენერგია)

საუკეთესო მონტაჟი:

მაკა გოგალაძე (რაც თავი მახსოვს)

საუკეთესო მხატვრული გაფორმება:

ქეთევან ნადიბაიძე (პანოპტიკონი)

ასევე, ნატო ვაჩნაძის ფონდის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ქართული ლიტერატურისა და თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გახდა მწერალი – ნინო ხარატიშვილი.

“ელისოს” არსებობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნების, განსაკუთრებით კი, ქართული კინოს მხარდაჭერა. მსგავსი ღონისძიებები არამხოლოდ აძლიერებს კინოს ინდუსტრიას, არამედ ქმნის სტიმულს ახალი თაობისთვისაც.
ხელოვნებისა და კინოს მხარდაჭერა თიბისისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, რადგან, მიგვაჩნია, რომ კულტურა ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი საყრდენია. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ, შევქმნათ სივრცეები, სადაც ხელოვანები თავიანთ ხედვებს გააცოცხლებენ, სათქმელს ხმამაღლა და თავდაჯერებულად იტყვიან.

ისრაელის და ირანის საჰაერო სივრცეები დახურული რჩება – იორდანიამ საჰაერო სივრცე გახსნა – მედია

ისრაელის საჰაერო სივრცე დაკეტილი რჩება, – ინფორმაციას CNN-ი ისრაელის აეროპორტების ორგანოს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

დახურული რჩება ირანის საჰაერო სივრცეც და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეზღუდვა ძალაში დღეს, ადგილობრივი დროით 15:00 საათამდე დარჩება.

რაც შეეხება იორდანიას, რომელიც ორ ქვეყანას შორის მდებარეობს და რომელმაც პარასკევს, უსაფრთხოების მიზნით, საჰაერო სივრცე ასევე დროებით დახურა, დღეს გამთენიისას ხელახლა გახსნა.

ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი კომისიის ცნობით, გადაწყვეტილება „უსაფრთხოებისა და საჰაერო სივრცის რისკების ხელახალი შეფასების შემდეგ“ მიიღეს.

შეგახსენებთ, ისრაელმა, ირანმა და იორდანიამ საკუთარი საჰაერო სივრცეები პარასკევს, ისრაელის მიერ ირანზე საჰაერო იერიშების განხორციელების შემდეგ დახურეს.

რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინას 194 დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 119 ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 119 ჩამოგდებული სამიზნედან 111 დრონი იყო, ორი „კინჟალის“ ტიპის აერობალისტიკური რაკეტა და სამ-სამი „ისკანდერის“ და „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა.

ამასთან, 48 დრონი ლოკალურად დაიკარგა.

საჰაერო ძალების ცნობით, შეტევის ძირითადი მიმართულება პოლტავის ოლქის ქალაქი კრემენჩუგი იყო. დარტყმა და ნამსხვრევების ჩამოცვენა 6 ლოკაციაზე დაფიქსირდა.

თუ რაიმე ფორმით თავს დაგვესხმებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს – დონალდ ტრამპი ირანს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის ქვეყანას არაფერი აქვს საერთო ირანზე წუხელ განხორციელებულ თავდასხმასთან და ირანს აფრთხილებს, მისი ქვეყანა კონფლიქტში არ ჩართოს.

ამასთან, ტრამპი მიმართავს ირანს, რომ შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა და სისხლიანი კონფლიქტის დასრულება.

„აშშ-ს არაფერი აქვს საერთო წუხელ ირანზე განხორციელებულ თავდასხმასთან. თუ ირანი რაიმე ფორმით თავს დაგვესხმება, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა და ძლიერება ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია მარტივად მივაღწიოთ შეთანხმებას ირანსა და ისრაელს შორის და დავასრულოთ ეს სისხლიანი კონფლიქტი!!!“- წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის მარტში ბირთვულ შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად 60 დღე მისცა და გააფრთხილა, რომ თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ, შედეგები მოჰყვებოდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიში მიიტანეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმების სერია განახორციელეს.

მათივე ცნობით, რომ სამიზნეებს შორისაა ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა და თავდაცვითი ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაცია.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ ასევე დაარტყეს სხვა სამიზნეებს, რომლებიც „ხელს უწყობდნენ ირანის რეჟიმის მცდელობებს ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ და სადაც ირანის რეჟიმი ბირთვულ არქივს მალავდა“.

ამასთან, ირანის ნავთობის სამინისტროს ცნობით, ისრაელმა თეირანში საწვავის ორ საწყობზე დარტყმები განახორციელა. უწყებაში აცხადებენ, რომ დარტყმები თეირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე შაჰრანის ნავთობის საწყობებსა და ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეზერვუარს მიაყენეს.