Home Blog Page 412

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა დამირეკა – ვფიქრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება -დონლდ ტრამპი

J

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა დამირეკა – ვფიქრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენ მხოლოდ სამართლიანობა გვინდა. ჩვენ მხოლოდ თანაბარი სათამაშო მოედანი გვინდა. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი დეფიციტი ჩინეთთან. ბაიდენმა დაუშვა ეს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

„მაგრამ მე ძალიან მომწონს პრეზიდენტი სი. მე ის ყოველთვის მომწონდა. ჩვენ ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. […] იმედია, ჩინეთი დაგვეხმარება [უკრაინაში] ომის შეჩერებაში. და მათ აქვთ დიდი ძალაუფლება ამ სიტუაციაზე და ჩვენ მათთან ვიმუშავებთ“, – დასძინა მან.

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სამუშაო კვირის ბოლოს შეგიძლიათ თქვენი საქმიანი აქტივობა ოდნავ შეამციროთ და მეტი დრო დაუთმოთ იმას, რაც სიხარულს და სიამოვნებას განიჭებთ. სამუშაო და საცხოვრებელი სივრცის მოწესრიგება სტრესის დონის შემცირებაში დაგეხმარებათ. ძველმა გრძნობებმა შეიძლება თავი შეგახსენოთ და ნერვიულობა გაიძულოთ. გირჩევთ ეს ურთიერთობა დროულად დაასრულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფულთან სიფრთხილე გამოიჩინოთ და ხალხმრავალ ადგილებში საფულეს გაუფრთხილდეთ.

კურო

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით შესაძლოა, პრობლემები გაჩნდეს. სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობთ, ამიტომ მომხდარის სრულ სურათს ვერ ხედავთ. გირჩევთ უფროსს და კოლეგებს ესაუბროთ, რომ მათგან საჭირო ინფორმაცია მიიღოთ. არაფორმალური ურთიერთობა კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. წვრილმან უსიამოვნებებს ნაკლები ყურადღება მიაქციეთ, თორემ განწყობა გაგიფუჭდებათ და სამუშაოს დასრულებას ვერ შეძლებთ.

ტყუპები

მიზნის მისაღწევად ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღოთ და მეტი იაქტიუროთ. ინტუიცია სწორ რჩევას გაძლევთ, ამიტომ უფრო ხშირად და უფრო ყურადღებით უნდა მოუსმინოთ. ვიღაც თქვენი გარემოცვიდან ცდილობს ზიანი მოგაყენოთ ამიტომ საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ. გამორიცხული არ არის, რომ წარსულში დაშვებული რომელიღაც შეცდომის გამოსწორება მოგიწიოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს მომატებული ემოციური ფონი ახლავს. ეცადეთ თაი ხელში აიყვანოთ, რომ საყვარელ ადამიანს უმიზეზოდ გული არ ატკინოთ. სავარაუდოდ, ზოგი ურთიერთობა ზედმეტი და უსარგებლო გახდა, ამიტომ მათგან სინანულის გარეშე უნდა გათავისუფლდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ კონტაქტები შეზღუდოთ და მარტოობაში მეტი დრო გაატაროთ. არსებობს შეცდომების გამოსწორების და შერიგების შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

ლომი

ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას ნუ ეცდებით – დღევანდელი აჩქარება შეცდომებს გამოიწვევს და პრობლემებს დაგიმატებთ. გირჩევთ, ახალი სამუშაო შეთავაზებები არ უარყოთ. მშვენიერი დღეა საკუთარი ცხოვრების შეფასებისა და მოწესრიგებისთვის. იფიქრეთ იმაზე, რისი შეცვლა გსურდათ და რისი გაკეთება შეძელით. ეცადეთ, ახლობლების მიმართ უფრო თავაზიანი იყოთ და ნუ გაბრაზდებით, თუ რამე არ გამოდის.

ქალწული

შეგიძლიათ, ეს დღე მშვიდად გაატარო, მოდუნდეთ, დაისვენოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი დატვირთვა და გადაღლა ჯანმრთელობას დაგიზიანებთ. პროფესიულ საქმიანობაში შეცდომების ასაცილებლად, ეცადეთ, საკუთარი გადაწყვეტილებები კოლეგებთან და პარტნიორებთან შეათანხმოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ იმუნური სისტემა გაიძლიეროთ, სწორად იკვებოთ, მეტი წყალი დალიოთ და სუფთა ჰაერზე ფეხით იაროთ.

სასწორი

ამ დღეს შეიძლება ისეთ საკითხებშიც კი შეცდეთ, რომლებშიც კარგად ერკვევით, ამიტომ მნიშვნელოვანია, არ აჩქარდეთ და გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია გადაამოწმოთ. სანამ განახორციელებთ, ახალი იდეები კოლეგებთან და გამოცდილ ადამიანებთან ერთად უნდა განიხილოთ. შესაძლოა, მოულოდნელი სირთულეების გადალახვა მოგიწიოთ, განსაკუთრებით პროექტის დასაწყისში. თუ ვინმეს დახმარებას

მორიელი

ამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით. ადამიანი, რომელსაც დღეს შეხვდებით, თქვენს ცხოვრებას მოულოდნელი მიმართულებით წაიყვანს. დაეთანხმეთ შემოთავაზებებს, რომლებსაც დღეს მიიღებთ – ეს თქვენს ცხოვრებაში დადებით ცვლილებებს გამოიწვევს. სასურველია, პრობლემას შემოქმედებითად მიუდგეთ და მუშაობის არასტანდარტული მეთოდი გამოიყენოთ. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე და ინფექციურ დაავადებებს ერიდეთ.

მშვილდოსანი

ახალი შეხვედრები და ახალი ადამიანების გაცნობა საშუალებას მოგცემთ, რომ საჭირო კავშირები დაამყაროთ და მოგებიანი შეთავაზებები მიიღოთ. ხელსაყრელი დღეა მომავლის დაგეგმვის, საკუთარ სურვილებსა და მისწრაფებებზე ფიქრისთვის. ეს დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ, რას ელით ურთიერთობისგან და რის გაღებას შეძლებთ საკუთარი მიზნისთვის. უსმინეთ საკუთარ სხეულს, ნუ გადაიღლებით, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. დღის მეორე ნახევარში ოჯახის ხანდაზმულ წევრებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

თხის რქა

რთული და დაძაბული დღეა. ბევრი პრობლემის გადაჭრა და სირთულეების გადალახვა მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ და ყველა წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ. გარემოებები თქვენს ნებისყოფას გამოცდას მოუწყობს, მაგრამ შეუპოვრობის წყალობით სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ მობრუნებას შეძლებთ. ეცადეთ სამსახურში საქმეები დროულად დაასრულოთ, რომ საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ. ეს პრობლემების დავიწყებაში და განტვირთვაში დაგეხმარებათ.

მერწყული

მოემზადეთ რთული და დატვირთული დღისთვის, როცა რამდენიმე საკითხის ერთდროულად მოგვარება მოგიწევთ. ამ დღეს უამრავი რამ გაღიზიანებთ და უარყოფით ემოციებს იწვევს, ამიტომ გირჩევთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და სტრესის დონე სპორტდარბაზში შეამციროთ. ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ გამოიყენოთ საკუთარი რესურსები ეფექტურად და მიზანს უფრო სწრაფად მიაღწიოთ.

თევზები

ამ დღეს ემოციური ფონი მომატებულია. ეცადეთ, საკუთარი განცდები საყვარელ ადამიანებს თავზე არ მოახვიოთ და სტრესი ფიზიკური დატვირთვით ან სუფთა ჰაერზე სეირნობით მოიხსნათ. თუ ახლობელ ადამიანს რაღაცას დაჰპირდით, ამ დღეს მისი შესრულების დროა. თქვენს ცხოვრებაში მალე სერიოზული ცვლილებები დაიწყება, ამიტომ მზადებას ახლავე უნდა შეუდგეთ.

ევროკავშირი ძალიან უსამართლოდ გვექცევა-დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროკავშირი ამერიკას ძალიან უსამართლოდ ეპყრობა.

„ამერიკის პოზიციიდან ევროკავშირი ძალიან, ძალიან უსამართლოდ გვექცევა. ძალიან ცუდად“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას.

ამასთან, ამერიკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მას უყვარს ევროპა, თუმცა მოითხოვს უფრო სამართლიან და ეფექტურ სავაჭრო პოლიტიკას.

„ჩვენ გვაქვს მრავალი მილიარდი დოლარის დეფიციტი, რაც არავის აკმაყოფილებს. ჩვენ რაღაცას მოვიმოქმედებთ. მე ვცდილობ, კონსტრუქციული ვიყო, რადგან მიყვარს ევროპა და ევროპის ქვეყნები, მაგრამ პროცესი ძალიან რთულია. ისინი აშშ-ს ძალიან უსამართლოდ ეპყრობიან დღგ-ისა და სხვა გადასახადებით, რომლებსაც აწესებენ“, – აღნიშნა დონლად ტრამპმა.

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე დონალდ ტრამპმა ასევე მოუწოდა ნატო-ს წევრ ქვეყნებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.

„მოვუწოდებ ნატო-ს წევრ ყველა სახელმწიფოს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები მშპ-ის ხუთ პროცენტამდე, რაც ჯერ კიდევ წლების წინ უნდა გაეკეთებინათ“, – დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა.

Julius Baer, ისევე როგორც Credit Suisse, მარტივად ექვემდებარებიან პოლიტიკურ გავლენებს და რასაც უკეთებდნენ ბიძინა ივანიშვილს, იმ ახალი მოცემულობის ასახვაა, რაც შვეიცარიის საბანკო სისტემაში დამკვიდრდა –ზაალ ანჯაფარიძე

დღეს Julius Baer სახელი უკავშირდება საგადასახადო დანაშაულებს, ფულის გათეთრების არაერთ შემთხვევას და ფინანსურ თაღლითობებს. შესაბამისად, ზაზა შათირიშვილი სამართლიანად აღნიშნავს, რომ Julius Baer, ისევე როგორც Credit Suisse, რომლებიც უკვე გამოჭერილი ჰყავთ გავლენიან ძალებს, მარტივად ექვემდებარებიან პოლიტიკურ გავლენებს, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ის, რა ქმედებებიც ორივე შვეიცარიული ბანკის მხრიდან “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხორციელდებოდა, იმ ახალ მოცემულობას ასახავს, რაც ბოლო დროს შვეიცარიულ ბანკებში დამკვიდრდა. კერძოდ, კლიენტი საკუთარ ფულს და ნორმალურ საბანკო მომსახურებას ვერ მიიღებს, თუ გავლენიან ძალებს მისი ქცევა არ მოეწონათ.

“სულ ხუთიოდე წუთი დამჭირდა შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ზე მათ შორის მის ბნელ საქმეებზე, ინფორმაციის მოსაძიებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ის არის მეორე ადგილზე შვეიცარიულ ბანკებს შორის UBS-ის შემდეგ, ბანკის რეპუტაცია შელახულია სხვადასხვა სკანდალებით. 2021 წელს ის გახვეული აღმოჩნდა FIFA-ს სკანდალთან დაკავშირებულ ფულის გათეთრებაში, აშშ-ში ბრუკლინის სასამართლოში მან აღიარა დანაშაული, რისთვისაც $79 მლნ-ს გადახდა მოუწია.
დღეს Julius Baer სახელი უკავშირდება საგადასახადო დანაშაულებს, ფულის გათეთრების არაერთ შემთხვევას და ფინანსურ თაღლითობებს. შესაბამისად, ზაზა შათირიშვილი სამართლიანად აღნიშნავს, რომ Julius Baer, ისევე როგორც Credit Suisse, რომლებიც უკვე გამოჭერილი ჰყავთ გავლენიან ძალებს, მარტივად ექვემდებარებიან პოლიტიკურ გავლენებს და რასაც ისინი უკეთებდნენ მათ კლიენტს ბიძინა ივანიშვილს, და ალბათ არა მხოლოდ მას, არის სწორედ იმ ახალი მოცემულობის ასახვა რაც შვეიცარიის საბანკო სისტემაში დამკვიდრდა. კლიენტი იქაურ ბანკებში დაბანდებულ ფულს, საკუთარ ფულს და ნორმალურ საბანკო მომსახურებას ვერ მიიღებს თუ გავლენიან ძალებს მისი ქცევა არ მოეწონებათ. მოკლედ, აი ასე!” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ახალი თეატრი გადის რეგიონებში, ყველგან, მივალთ და ყველასთან დავილაპარაკებთ, ნახავთ, რა შეუძლია თეატრს – დავით დოიაშვილი

“აქ დგომა ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა დიალოგი გამოგვენახა პროკურატურასთან, მაგრამ პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია და მეტიც – გვითხრა, რომ ჩვენ არც ვართ, არც ვარსებობთ და საერთოდ, არც ვაინტერესებთ, – ამის შესახებ „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტისას განაცხადა.

დოიაშვილმა სცენიდან ადამიანებს გვერდით დგომისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თავადაც ძალიან ეშინია, მაგრამ, აქვე მოიშველია სიტყვები: „ადამიანი, რომელიც უშიშროებას თავისუფლებაზე ცვლის, არც უშიშროების ღირსია და არც თავისუფლების“.

„ეს ადამიანები არიან დაპატიმრებული, სწორედ ამიტომ ვიკრიბებით დღეს ისევ თეატრის წინ, ისევ ამ ეზოში, ისევ ამ ქალაქში, სადაც ამ ადამიანებთან ერთად ქართული კულტურაც დაპატიმრებული ჰყავთ.

რაც შემიძლია ახლა ვთქვა, არის ის, რომ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. აქ დგომა ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა დიალოგი გამოგვენახა მხოლოდ პროკურატურასთან – ჯერ იყო და ჩავწერეთ ვიდეოები, გავაჩერეთ სპექტაკლები, შემდეგ შევაგროვეთ ხელმოწერები, თავდებში დაუდგა მთელი თეატრი და მთელი ქართული კულტურა ხალხს, ვინც დაგვეხმარა, მართლა ძალიან დიდი მადლობა.

პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია და მეტიც – გვითხრა, რომ ჩვენ არც ვართ, არც ვარსებობთ და საერთოდ, არც ვაინტერესებთ.

დააბნელეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიქნებით და ჩვენ გავიმარჯვებთ.

ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. ეს ჩვენი ბრძოლა იყო და ამიტომ ვიწყებთ დღეს ჩვენ, მაგრამ ჩვენი მეგობრები, სხვა თეატრები, ყველა აუცილებლად შემოგვიერთდება.

აქვე, ვიწყებ დაანონსებას – „ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში – ყველგან მივალთ და ყველასთან დავილაპარაკებთ და თქვენ აუცილებლად ნახავთ, რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება ყველა. ჩვენ აუცილებლად გავიშლებით მთელს რეგიონებში. სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ!

ამ განცხადების გაკეთება იოლი გგონიათ? ძალიან ვნერვიულობ და მეშინია კიდეც. მეშინია იმიტომ, რომ პასუხისმგებელი ვარ თითოეულ აქ მდგომზე და თქვენზეც. იცით, რომ უშიშროება მილიარდ რამეს გააკეთებს, მილიარდ რამეს გამოაგდებს, როდესაც წავალთ რეგიონებში. მაშინ, მკითხავთ, რატომ ვაკეთებ ამას – იმიტომ, რომ ამ დროს მახსენდება ერთი გენიოსის სიტყვები – ადამიანი, რომელიც უშიშროებას თავისუფლებაზე ცვლის, არც უშიშროების ღირსია და არც თავისუფლების.

ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს და ერთი რამ მინდა გითხრათ – ნუ იცეკვებთ იმათ დაკრულზე, მოდით აქ! ნუ იმღერებთ მათთან ერთად, მოდით აქ! ნუ ემსახურებით მათ იმიტომ, რომ აქ კარგია! ახლა, ვინც ტელევიზორებთან სხედხართ, გამოდით, რომ ვიყოთ ბევრნი, ბევრნი იმიტომ, რომ იქ არ უნდა წახვიდეთ, მოდით აქ, ჩვენი მანიფესტი გრძელდება, ნუ წახვალ იქ, მოდი აქ!“ – განაცხადა დავით დოიაშვილმა.

აშშ-მა ფილიპინებში რაკეტის გამშვები სისტემა “ტაიფუნი” გადააადგილა, საიდანაც შეუძლია, მისწვდეს სამიზნეებს ჩინეთსა და რუსეთში

აშშ-მა ფილიპინებში რაკეტის გამშვები სისტემა „ტაიფუნი“ გადააადგილა, საიდანაც შეუძლია, მისწვდეს სამიზნეებს ჩინეთსა და რუსეთში.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სარაკეტო სისტემა, რომელსაც შეუძლია, მრავალფუნქციური რაკეტები რამდენიმე ათას კილომეტრზე ისროლოს, აშშ-მა ლაოაგის აეროდრომიდან კუნძულ ლუსონის სხვა ადგილას გადაიტანა.

„ტაიფუნის“ სარაკეტო გამშვებში განთავსებულია „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები და ასევე SM-6-ის ტიპის რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ საჰაერო ან საზღვაო სამიზნეების განადგურება 200 კილომეტრის დაშორებით.

ფილიპინების მთავრობის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ გადანაცვლება ხელს შეუწყობს იმის დადგენას, სად და რამდენად სწრაფად შეიძლება რაკეტის ბატარეის გადატანა ახალ საცეცხლე პოზიციაზე.

ზურაბიშვილი ჯერ ევროკავშირს სთხოვდა საქართველოს დასჯას, ახლა აშშ-ს სთხოვს იმავეს, კარგად ჩანს, როგორ სძულს „მაკკეინის ინსტიტუტის“ სტიპენდიანტს საქართველო და ქართველი ხალხი -რატი იონათამიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ჯერ ევროკავშირს სთხოვდა საქართველოს დასჯას, ახლა აშშ-ს სთხოვს იმავეს. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი ასახელებს, რომ საქართველო თურმე პატარა ქვეყანაა და აქ მხოლოდ 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, ზურაბიშვილის აზრით, პატარა ქვეყნებს და ერებს აქვთ ნაკლები უფლებები და ისინი „დიდი ქვეყნების“ ჭკუაზე უნდა დადიოდნენ.

რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ საქართველო არა ვინმეს მეორეხარისხოვანი პარტნიორი ქვეყანა, არამედ სტრატეგიული ბურჯია რეგიონში.

„ამ განცხადებებიდან სინამდვილეში კარგად ჩანს, როგორ სძულს „მაკკეინის ინსტიტუტის“ სტიპენდიანტს საქართველო და ქართველი ხალხი, რომ პატარა ქვეყნებს და ერებს, მისი აზრით, აქვთ ნაკლები უფლებები და ისინი „დიდი ქვეყნების“ ჭკუაზე უნდა დადიოდნენ. სწორედ ეს არის იმპერიალისტური, ბოლშევიკურ-ფაშისტური ხედვა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო თანამედროვე საერთაშორისო სამართალთან, მიდგომებთან და პრინციპებთან.

ზურაბიშვილს შევახსენებ, რომ საქართველო ვინმეს მეორეხარისხოვანი პარტნიორი ქვეყანა კი არ არის, არამედ სტრატეგიული ბურჯია რეგიონში, რომელიც უძლებს მრავალ გამოწვევას უსაფრთხოებისა და თავისუფლების გზაზე.

საქართველოს სიძლიერე მის სუვერენიტეტში, ღირებულებებში და სტრატეგიულ მდებარეობაშია და მოსახლეობის რაოდენობაზე აპელირება არის პირდაპირი მტრობა როგორც ჩენი ქვეყნის დღევანდელი დღის, ასევე ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის. ნებისმიერი ქვეყნის და ერის ღირსება ეფუძნება სწორ ფასეულობებს, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და არა ტერიტორიების კვადრატულ მეტრებსა თუ მოსახელობის რაოდენობებს.

სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავდა ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც რცხვენოდა, რომ საქართველოში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს“, – წერს რატი იონათამიშვილი.

მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რობერტ გერშნერთან.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობას.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ავსტრიას შორის ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს. აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ავსტრიულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ერთად იმუშაონ მიმდინარე დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

ჯო ბაიდენმა ჩამოიარა და ყველა შეიწყალა, სასაცილო, შესაძლოა, სამწუხარო ის არის, რომ საკუთარი თავი არ შეიწყალა – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეცდომა დაუშვა იმით, რომ თანამდებობის დატოვებამდე საკუთარი თავი არ შეიწყალა.

„ამ ადამიანმა ჩამოიარა და ყველა შეიწყალა. იცით, სასაცილო, შესაძლოა, სამწუხარო ის არის, რომ მან საკუთარი თავი არ შეიწყალა და თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მასთან იყო დაკავშირებული“, –  განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, 2021 წელს, როდესაც თეთრ სახლს ტოვებდა, ჰქონდა არჩევანი, საკუთარი თავი შეეწყალებინა, მაგრამ უარი თქვა, რადგან თვლიდა, რომ არაფერი დაუშავებია. ამასთან, ტრამპის მტკიცებით, ჯო ბაიდენს „ძალიან ცუდი რჩევა” მისცეს.

„ჯო ბაიდენს ძალიან ცუდი მრჩევლები ჰყავს. ვიღაცამ მას ურჩია, შეწყალება ყველა საკუთარი თავის გარდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

ბაჩიაშვილის განმარტებები არის სიცრუე, ადგილი ჰქონდა არა კრიმინალურ ქმედებას, არამედ მორიგების მცდელობას – ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემო წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილის დღევანდელი პროცესის შემდგომ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ „ბრალდებულის აღნიშნული განმარტებები არის სიცრუე, ასევე ფაქტების დამახინჯების მცდელობა“.

თემო წიქვაძე აღნიშნავს, რომ ბრალდებულის ადვოკატის თხოვნით, არაერთხელ შეხვდა ბრალდებულის მხარეს, მათი პოზიციისა თუ შეთავაზებების მოსასმენად. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა არა რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ მორიგების მცდელობას მხარეთა შორის.

„მსურს საზოგადოებისთვის განმარტება გავაკეთო ბატონი ბაჩიაშვილის მიერ დღევანდელი პროცესის შემდგომ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

როგორც ბრალდებულმა განმარტა, მან მიიღო წერილი, რომელსაც მისი თქმით ოთხმოცდაათიან წლებში ,,კრიმინალური შოჩიკი“ ეწოდებოდა (როგორც ჩანს ოთხმოცდაათიანი წლების ქუჩურ ტერმინოლოგიაში ბაჩიაშვილი კარგად ერკვევა), ასევე მიუთითა, რომ წერილის გადამცემი პირი (ვიგულისხმები მე) არის არა ადვოკატი, არამედ უბრალოდ ნდობით აღჭურვილი პირი.

ბრალდებულის აღნიშნული განმარტებები არის სიცრუე, ასევე ფაქტების დამახინჯების მცდელობა.

მე რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი/წარმომადგენელი ვარ საჯაროდ ცნობილი ფაქტია. ვფიქრობ, ჩემს მიერ საქმესთან დაკავშირებით საჯაროდ გავრცელებული განცხადებები უტყუარად ადასტურებს ამ გარემოებას და არავის სჯერა, რომ მე თვითნებურად ვახორციელებ აღნიშნულ ქმედებებს. ცხადია, ჩემს მარწმუნებელთან მაკავშირებს შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობა და ვმოქმედებ ამ ურთიერთობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის წარმომადგენლობას არ სჭირდება რაიმე სპეციალური ნებართვა თუ ლიცენზია სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ეს კიდევ ერთი ცრუ განმარტებაა, რაც ბატონი ბაჩიაშვილის მხრიდან გაცხადდა.

ამავდროულად, ვადასტურებ, რომ ბრალდებულის ადვოკატთან მქონდა კომუნიკაცია და მას წარვუდგინე დაზარალებული მხარის შეთავაზება (ზუსტად ამ დასახელებით). შეთავაზების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ დაზარალებული მხარე გამოიჩენდა კეთილ ნებას და ბრალდებულს მიეცემოდა შეთავაზებაში მითითებული ოდენობით ,,დისკონტი“ (მას ბრალად წაყენებული აქვს 8986 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება), თუკი წინასასამართლო სხდომამდე (როდესაც ჯერ კიდევ არ არის გარკვეული საქმე გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითი განხილვისათვის) ბრალდებულის მხრიდან მოხდებოდა შესაბამისი რაოდენობის ბიტკოინების მყისიერი დაბრუნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალდებულის ადვოკატის თხოვნით, არაერთხელ შევხვდი ბრალდებულის მხარეს, მათი პოზიციისა თუ შეთავაზებების მოსასმენად. ამ დროს კარგად აცნობიერებდნენ, რომ მე ვიყავი ჩემი მარწმუნებლის ადვოკატი/წარმომადგენელი და უცნაურია დღეს ასეთი განცხადებები.

შესაბამისად, ადგილი ჰქონდა არა რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ მორიგების მცდელობას მხარეთა შორის, რაც სრულიად ჯანსაღი მოვლენაა (არაერთ საქმეზე ჰქონია ადგილი მსგავს კომუნიკაციას მხარეებს შორის და მომავალშიც ექნება).

მიმაჩნია, რომ ბრალდებულის მხრიდან ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი, არის აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით თითქოსდა სკანდალური ინფორმაციის გავრცელება, რაც, ჩემი აზრით, ცალსახად მიუთითებს ბრალდებული მხარის პოზიციების სისუსტეზე“.-წერს თემო წიქვაძე.

რა ეღირება დოლარი და ევრო 24 იანვარს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8627 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8627 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8612 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9821 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9782 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0039 ლარი შეადგინა.

დემონსტრანტებს მასობრივად და დაუსაბუთებლად აჯარიმებენ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმებით, „გზის სავალი ნაწილის უკანონოდ გადაკეტვის” მოტივით – ნინო ლომჯარია

დემონსტრანტებს მასობრივად და დაუსაბუთებლად აჯარიმებენ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმებით, „გზის სავალი ნაწილის უკანონოდ გადაკეტვის” მოტივით მაშინ, როდესაც პოლიციის მიერ წარმოდგენილ ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებში მოქალაქეთა მხრიდან გზის უკანონო ბლოკირების ფაქტები არ დასტურდება, – ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ჯარიმების გამოყენების ინტენსივობა და დაუსაბუთებელი ხასიათი მიუთითებს, რომ მისი მიზანი პროტესტის მონაწილე მოქალაქეების დაშინება, პროტესტის შესუსტება, აქციის მონაწილეებისათვის ფინანსური პრობლემების შექმნაა.

მისი შეფასებით, პროევროპული საპროტესტო აქციების ჩახშობისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სისტემური პოლიტიკის აღსრულებაში კოორდინირებულად მოქმედებენ: სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლოები და საქართველოს პარლამენტი.

ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კონკრეტული ფაქტები არ დასტურდება, როგორებიცაა: სავარაუდოდ სამართალდამრღვევის ჩადენის დრო, აქციაზე ხალხის რაოდენობის სიმცირე, აქციის მონაწილე ქუჩის გადაკეტვამდე მივიდა ადგილზე, თუ გადაკეტვის შემდეგ, ასევე რა ნიშნით შეირჩა კონკრეტული პირი აქციის მონაწილეებისგან საჯარიმო ქვითრის შესადგენად.

„აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ და სასამართლოებმა ინტენსიურად დაიწყეს დეკემბერში “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ 5 დღეში მიღებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ბლანკეტური აკრძალვების გამოყენება, ასევე, მათი დარღვევისთვის 10-ჯერ და 20-ჯერ გაზრდილი მძიმე ფინანსური ჯარიმების და 15 დღემდე პატიმრობების გამოყენება. პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს ღობეზე სტიკერების გაკვრის, ან სახის ნაწილის დაფარვის გამო, მაშინაც, კი, როდესაც პროტესტის მონაწილეები იდენტიფიცირებულები არიან. ასევე, დემონსტრანტებს მასობრივად და დაუსაბუთებლად აჯარიმებენ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმებით „გზის სავალი ნაწილის უკანონოდ გადაკეტვის” მოტივით მაშინ, როდესაც პოლიციის მიერ წარმოდგენილ ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებში მოქალაქეთა მხრიდან გზის უკანონო ბლოკირების ფაქტები არ დასტურდება – მოქალაქეები დგანან ხალხის მასაში, ან მონაწილეობენ მასობრივ სახალხო მსვლელობებში.

არაპროპორციულად მაღალი ჯარიმების პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს, რაც, საქართველოსთვისაც სავალდებულოა. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მოსაზრებით, არაპროპორციულმა სანქციამ, მათ შორის მკაცრმა ჯარიმამ, შესაძლოა დაარღვიოს შეკრების თავისუფლების უფლება და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც მომავალში შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მსურველ პირს უბიძგებს თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისაგან. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ არასათანადოდ მკაცრი სანქციის გამოყენებამ, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტის საფრთხე გააჩინოს. ჯარიმების გამოყენების ინტენსივობა და დაუსაბუთებელი ხასიათი მიუთითებს, რომ მისი მიზანი პროტესტის მონაწილე მოქალაქეების დაშინება, პროტესტის შესუსტება, აქციის მონაწილეებისათვის ფინანსური პრობლემების შექმნაა“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.