Home Blog Page 41

,,საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაზიარებულა”- კახი კახიშვილი 

ოფიციალური კორესპონდენცია ჩორჩანასთან საგუშაგოს აღმართვის საკითხზე, პრემიერ-მინისტრის ინფორმირებულობის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, კახი კახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის წევრებისა და პრემიერ-მინისტრისთვის ჩორჩანაში 2019 წელს საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა.

„ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინფორმირებულობის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა. არც თათბირზე, არც მთავრობის სხდომის ფორმატში ინფორმაცია მთავრობის წევრებისთვის და მთავრობის მეთაურისთვის არ ყოფილა. შესაბამისად, მე, მაგალითად არ მივიღებდი გადაწყვეტილებას, მეტსაც გეტყვით, გადაწყვეტილების კონსულტაციის ფორმატში მივმართავდი უსაფრთხოების საბჭოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს. თუ უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში არა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩავაყენებდი საქმის კურსში. შერიგების მინისტრს ჩავაყენებდი საქმის კურსში. ბუნებრივია, სუს-ი ისედაც უნდა ყოფილიყო საქმის კურსში, რადგან მას ევალება კანონით კოორდინაცია. უკვე პრემიერ-მინისტრთან შეჯერებული გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობებდი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და მერე მივიღებდი გადაწყვეტილებას. ეს არ არის საგუშაგო, როგორც ადრე „ტეკები“ იდგა. ეს არის ძალიან ფეთქებად ტერიტორიაზე საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კახიშვილმა.

ჩორჩანას გარდა, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, კიდევ ორი საგუშაგო გაკეთდა, მაგრამ ამას არ გამოუწვევია 1 მილიონი კვ.მ ტერიტორიის დაკარგვა – ირაკლი კირცხალია

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას ხელმეორედ დაბარების საკითხს გამოეხმაურა.

„ჩორჩანას საგუშაგოს გარდა, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, კიდევ ორი საგუშაგო გაკეთდა, მაგრამ ამას არ გამოუწვევია 1 მილიონი კვ.მ ტერიტორიის დაკარგვა და იმხელა სკანდალი – გორსა და საჩხერეში. არ გამოუწვევია არც ის სკანდალი და არც ესკალაციის უდიდესი საფრთხე. ეს არის ყველაზე მთავარი. ახლა სამართლებრივ შეფასებას, მოდით, გენპროკურატურისგან დაველოდოთ“, – განაცხადა კირცხალიამ.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას კიდევ ერთხელ იბარებენ.

,,ირანი ამ ომს ვერ მოიგებს”- დონალდ ტრამპი

ირანი ამ ომს ვერ მოიგებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

როგორც ტრამპი განმარტავს, ირანს სურს ისრაელთან კონფლიქტის დეესკალაციაზე საუბარი.

„მათ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას. ეს მტკივნეულია ორივე მხარისთვის, მაგრამ ვიტყვი, რომ ირანი ამ ომს ვერ მოიგებს. მათ უნდა ისაუბრონ და უნდა ისაუბრონ დაუყოვნებლივ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრის დაწყებისას.

ამასთან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ აპირებს, ხელი მოაწეროს ერთობლივ განცხადებას, რომელიც მოითხოვს ისრაელსა და ირანს შორის დეესკალაციას და რომელიც „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა კანადაში შეადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც „სიენენი“ წერს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება და რომ ირანმა ვერ უნდა მოიპოვოს ბირთვული იარაღი.

აშშ-ის საელჩო უაით ტოლკესა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო უფროსი მრჩევლის უაით ტოლკესა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისშეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

აშშ-ის საელჩო აღნიშნავს, რომ შეხვედრა აშშ-საქართველოს ურთიერთობების განხილვის მიზნით შედგა.

ამასთან, განცხადებაში აღინიშნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამერიკის ინტერესების განვითარების მიზნით, საქართველოსთან მისი მიდგომის გადახედვას აგრძელებს.

„დღეს, ელჩი დანიგანი და უფროსი მრჩეველი ტოლკე აშშ-საქართველოს ურთიერთობების განხილვის მიზნით საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილს შეხვდნენ. ამერიკის შეერთებული შტატები ამერიკის ინტერესების განვითარების მიზნით, საქართველოსთან მისი მიდგომის გადახედვას აგრძელებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნათლად განაცხადა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას იმის საჩვენებლად, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ სერიოზულად არის განწყობილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

,,კეთილი უნდა ინებოს გახარიამ და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა ინსპირირებული”- არჩილ გორდულაძე

კეთილი უნდა ინებოს ამ ადამიანმა და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ეს ყველაფერი [ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა] ინსპირირებული. ისე კი არა, როგორც საგამოძიებო კომისიის წინა სხდომაზე ვიხილეთ, როდესაც ყველანაირად ცდილობდა, კითხვებს გაქცეოდა, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გიორგი გახარიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაბარებასთან დაკავშირებით.

გორდულაძის თქმით, 2008 წლის შემდეგ მილიონი კვადრატული მეტრის ტერიტორიების დაკარგვა პირდაპირ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაა, რადგან მან საგუშაგოს ჩადგმა არავისთან შეათანხმა, ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე არ გადაწყვეტილა. 

„გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე წარდგენის დროს ილაპარაკა ყველაფერი და არაფერი. რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთის აბსოლუტურად საპირისპირო განცხადებებს აკეთებდა, მათ შორის ჩორჩანასთან დაკავშირებით. თქვა, რომ ჩორჩანაში საგუშაგო პირადად მისი ინიციატივით დაიდგა და არ იყო შეთანხმებული არცერთ რელევანტურ სამსახურთან, არც პარტნიორ ორგანიზაციებთან და ამას არ მოჰყოლია თურმე ტერიტორიების დაკარგვა. 2008 წლის შემდეგ ტერიტორიების დაკარგვის პირველი ფაქტი იყო და საუბარია მილიონ კვადრატულ მეტრზე. გახარია ამბობს, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა მაშინ, როდესაც მოვისმინეთ ჩორჩანას მცხოვრების განცხადებები, რომელმაც გახარია ტყუილში ამხილა.

ბატონი ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებაც გავრცელდა დღეს, სადაც ის ამბობს, რომ ჩორჩანას გარდა, კიდევ ორი საგუშაგოა დადგმული 2008 წლის შემდეგ, რომელთან დაკავშირებითაც არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს, რადგან შეთანხმებული იყო პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან და ამას არ მოჰყოლია ტერიტორიების დაკარგვა. მილიონი კვადრატული მეტრის ტერიტორიების დაკარგვა პირდაპირ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაა, რადგან არავისთან იკითხა, არავისთან შეათანხმა, სახელმწიფო დონეზე არ გადამწყდარა საკითხი და პირადი ინიციატივით მოხდა. კეთილი უნდა ინებოს ამ ადამიანმა და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ეს ყველაფერი [ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა] ინსპირირებული. ისე კი არა, როგორც საგამოძიებო კომისიის წინა სხდომაზე ვიხილეთ, როდესაც ყველანაირად ცდილობდა, როგორმე კითხვებს გაქცეოდა და პასუხისგან თავი აერიდებინა. იმავდროულად, როდესაც ნებისმიერი კითხვის დროს იმ კონკრეტული კითხვისგან გამოძრომას და პასუხისგან თავის არიდებას ცდილობდა, მაგრამ არაფრად არ დაგიდევდათ, თუ მანამდე, რამდენიმე წუთის წინ ამ ყველაფრის აბსოლუტურად საწინააღმდეგო განცხადება ჰქონდა გაკეთებული. თავისივე მონაყოლში, თავისივე ტყუილებში არის აბნეული ეს ადამიანი“, – აღნიშნა გორდულაძემ.

,,თეირანთან ურთიერთობის გამო მოსკოვს არ შეუძლია, იყოს „ობიექტური შუამავალი“ – ევროკომისიის წარმომადგენელი

ევროკომისიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ევროკავშირი ისრაელისა და ირანის კონფლიქტში რუსეთის შუამავლობის წინააღმდეგია.

როგორც ევროკომისიის წარმომადგენელმა, ანუარ ელ ანუნიმ განაცხადა, თეირანთან ურთიერთობის გამო მოსკოვს არ შეუძლია, იყოს „ობიექტური შუამავალი“. მისივე თქმით, იანვარში რუსეთმა და ირანმა გააფორმეს შეთანხმება პარტნიორობის შესახებ, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებას.

ამასთან, ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, რუსეთს აქვს ნულოვანი ნდობა, რადგან აგრესიულ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც არღვევს საერთაშორისო სამართალს და გაერო-ს წესდებას.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ღიაა რუსეთის შესაძლო შუამავლობისთვის ისრაელისა და ირანის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.

შეგახსენებთ, 13 ივნისს ისრაელმა დაიწყო მძლავრი დარტყმები ირანის ტერიტორიაზე. მათ შორის იერიშები განხორციელდა თეირანში მდებარე ობიექტებსა და ბირთვულ ცენტრებზე. დარტყები დღემდე გრძელდება. შედეგად მოკლულია ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი ხოსეინ სალამი, ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი მოჰამედ ბაღერი და სხვა მაღალჩინოსანი გენერლები, ასევე ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე ირანელი მეცნიერები. ირანული მედიის მტკიცებით, საერთო ჯამში, ისრაელის დარტყმების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანია მოკლული.

თეირანმა ისრაელის დარტყმები „ომის გამოცხადებად“ შეაფასა და ისრაელის მიმართულებით ყოველდღიურად უშვებს ასობით დრონსა და ბალისტიკურ რაკეტას. ისრაელის თავდაცვის არმიის ცნობით, 16 ივნისის დილის მონაცმებით, ირანის თავდასხმების შედეგად დაღუპულია 24 და დაჭრილია 592 ადამიანი.

,,ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა არ იყო შეთანხმებული და ცუდი შედეგი მივიღეთ”- ალექსანდრე ტაბატაძე

2019 წელს ვიყავი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე. ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით მსჯელობა როდესაც მიმდინარეობდა, ასე თუ ისე, ვიცოდი ჩორჩანას საგუშაგოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ. ეს იყო პროკურატურაში ჩემი დაბარების მიზეზი და მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალექსანდრე ტაბატაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, ზოგადად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაზღვრავს უსაფრთხოების პოლიტიკას როგორც საოკუპაციო ხაზზე, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

„აქედან გამომდინარე, მათ აქვთ ძალიან ბევრი ფორმატი. იცით, როდესაც ხდება ადამიანების მოტაცება, მათ ურთიერთობა აქვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, ისინი მონაწილეობას იღებენ ჟენევის დისკუსიების საერთაშორისო ფორმატში, სადაც მუდმივად ახსენებენ ანგარიშს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ასევე, რომელი დეპარტამენტიც განსაზღვრავს საოკუპაციო მიმართულებაზე არსებულ მდგომარეობას, ის უზრუნველყოფილია სხვა დანაყოფების მხრიდან შესაბამისი ინფორმაციებით. ამიტომ, თავიდან ბოლომდე უსაფრთხოების პოლიტიკის განმსაზღვრელი არის სუს-ი. რა თქმა უნდა, ამავდროულად, არის შსს, რომელსაც საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ჰყავს გდდ-ს თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ როგორც მოძრავი სახით პატრულირებას, ასევე საგუშაგოებს.მანამდეც მოხდა ასეთი შეთანხმება. რა თქმა უნდა, იქაც იყო წინააღმდეგობები, ამას არ ეთანხმებოდა სეპარატისტული ხელისუფლება, არ ეთანხმებოდა რუსეთის მხარე, მაგრამ ჩვენ შევძელით, რადგან ადამიანების უსაფრთხოების თვალსაზრისით, როგორც ქართული მხარის, ისე ოსური, სიმშვიდის შენარჩუნებისთვის იყო აუცილებელი. ჩორჩანაზეც რომ ყოფილიყო კოორდინაცია ყველა ამ სამსახურთან, ვფიქრობ, გარკვეული ეტაპის განხორციელების შემდეგ, ჩვენს მიზანს მივაღწევდით. ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული არ იყო, მოხდა ნაუცბათევად. სუს-ი არ ეთანხმებოდა, არ იყო შესაბამისი კოორდინაცია.

ჩორჩანას საგუშაგოთი ჩვენ მივიღეთ ძალიან ცუდი შედეგი. 100 ჰექტარი ტყე არის – მილიონი კვადრატული მეტრი, ხაშურის რაიონის რამდენიმე მოსახლე, რომელიც საოკუპაციო ხაზის აქეთ იყო, დარჩა საოკუპაციო ხაზს მიღმა. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ დავდგით ერთი საგუშაგო, მოწინააღმდეგე მხარისგან დაიდგა ხუთი საგუშაგო და ერთი მოძრავი პოსტი. ეს მივიღეთ და ეს რეალობა გვაქვს. რა თქმა უნდა, აქ იყო გარკვეული ეტაპები. შეთანხმებული იყო, რომ გზის გარკვეული ნაწილი უნდა მოწესრიგებულიყო. მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ საგუშაგოს მდებარეობა და საგუშაგოს როლი საოკუპაციო ხაზთან, მისასვლელი გზა და გზაზე პატრულირება. ეს სხვა მიმართულებაა და პატრულირება – სხვა. ყველა ეტაპი, როდესაც საქმე ეხება საოკუპაციო ხაზს, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იქნას შეთანხმებული, შესაბამისი არგუმენტები მოყვანილი და შესაბამისად განხორციელებული. მე გავიგე მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმართებოდა უფროსთან შეკრებები, ვნახეთ, რომ მდგომარეობა დაიძაბა, სეპარატისტულმა რეჟიმმა რამდენჯერმე შეატყობინა საერთაშორისო ორგანიზაციებს. იყო ასეთი ინფორმაცია, რომ მძიმე ტექნიკა გამოიყვანეს და ასე შემდეგ. ამის მერე უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო დეესკალაციის თვალსაზრისით. ეს იყო რეალური ინფორმაცია. მე არ მქონდა ბახტაძესთან წვდომა, ვახტანგ გომელაურმაც მოგახსენათ, რომ ყველა საჯარო პირი, ვისაც უნდა სცდონოდა აღნიშნული ინფორმაცია, იყო ინფორმირებული. ჯერჯერობით ვითარების შეცვლა ვერ მოხერხდა. ფაქტობრივი, რეალური მოცემულობაა, რომ იქ ვეღარ შედის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც იქამდე შედიოდა, გარკვეული საძოვრები იყო, ტყით სარგებლობდნენ. ამ შემთხვევაში, უკვე საოკუპაციო ხაზი გადმოწეულია. უახლოეს მომავალში გექნებათ საშუალება, ეს რუკაზე ვიხილოთ, ზუსტად ნახავთ, რა იყო არსებული მდგომარეობა“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

კითხვაზე, შეიკრიბა თუ არა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, ალექსანდრე ტაბატაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრება არ არის პანაცეა. „რაც საჭიროა, ის გაკეთდა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ავიცილეთ საშიშროება, არ მომხდარიყო ცეცხლის გახსნა“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, „რატომ დანიშნეთ პრემიერად ორ კვირაში ადამიანი, ვინც ცეცხლის გახსნის საფრთხე შექმნა?“, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა:

„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ერთსაც გეტყვით, საქართველოს უახლეს ისტორიაში, 2022 წლიდან ჰყავს ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ყოველთვის ვუწევთ ანგარიშს ყველა გონივრულ რეკომენდაციაში, რომელსაც გვაძლევდნენ. ამის მეტს აღარ გავაგრძელებ“.

მედიის წარმომადგენლებმა ალექსანდრე ტაბატაძეს ასევე ჰკითხეს: „ოსები როდესაც ხაზებს ავლებდნენ, ხელისუფლება მუდამ ამბობდა, ოკუპანტები ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებს მიუყვებიანო. ჩორჩანას ტყე, რასაც გახარიას ედავებით, ამ ადმინისტრაციული საზღვრის ნაწილია?“, რაზეც ტაბატაძემ უპასუხა, რომ, პრაქტიკულად, ეს არის ახალი დაკარგული ტერიტორია.

საქართველოს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებმა ალექსანდრე ტაბატაძეს ასევე ჰკითხეს, „ჩორჩანას საგუშაგო რომ არ ჩადგმულიყო, ოსები და რუსები საზღვრებს არ გაავლებდნენ?“, რაზეც ტაბატაძემ აღნიშნა:

„ასეთი მოცემულობა იყო. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი ერთი საგუშაგოს ნაცვლად იქ მივიღეთ ხუთი საგუშაგო, ტყეში ოთხი საავტომობილო გზა გაჭრილი და ასე შემდეგ, სწორედ ეს არის სამწუხარო ამბავი. ამ რეალობას ვერ გავექცევით. ვწუხვართ და ზუსტად ამაზე გვქონდა უარყოფითი დამოკიდებულება, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ის, რისი შენარჩუნებაც შეგვეძლო“.

სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში 14 ივნისს გამოკითხვაზე  იმყოფებოდა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ამავე საკითხთან დაკავშირებით დღეს პროკურატურაში ასევე დაბარებულია კახი კახიშვილი, რომელიც მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 17 ივნისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7288 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7288 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7296 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1602 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1401 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0201 ლარი შეადგინა

ირანის უმაღლესი ლიდერი ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობას აწყდება – The Daily Telegraph

„იმ დროს, როცა ირანში მკაცრი ანტიდასავლური პოლიტიკის გატარების მომხრეები აცხადებენ, რომ შურს იძიებენ ისრაელზე და მის მოკავშირეებზე, არის ნიშნები იმისა, რომ ღრმავდება განხეთქილება ხელისუფლებაში ექსტრემისტულ და ზომიერი პოზიციების მქონე პირებს შორის“, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სათაურია „ირანის უმაღლესი ლიდერი ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობას აწყდება: ზეწოლა აიათოლა ალი ჰამენეიზე დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მოთხოვნით“ (ავტორები – კონ კოფლინი და აჰმედ ვახდატი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ირანის ოფიციალურ პოზიციას ამჯერად ხისტი პოლიტიკის გამტარებლები აყალიბებენ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“, რომელიც ახლოს დგას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან, ციტირებს ერთ-ერთი მაღალჩონოსნის განცხადებას, რომლის თანახმად, ომი გავრცელდება აშშ-ის სამხედრო ბაზებზე და რეგიონის ყველა იმ ქვეყანაზე, რომელიც მხარს დაუჭერს ისრაელს.

ირანის რეჟიმის კრიტიკოსების ხმის ჩახშობის მიზნით ირანის უზენაესი მოსამართლე მოხსენი ეჯეიე კვირას გამაფრთხილებელი განცხადებით გამოვიდა, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც სოციალურ ქსელში პროისრაელურ კომენტარს განათავსებს, დაპატიმრებული იქნება 6 წლის ვადით.

და მაინც, მოსახლეობას და ზოგიერთ ოფიციალურ პირს კითხვები უჩნდებათ ქვეყნის უზენაესი ხელისუფლების მიმართ – რატომ ვერ იქნა დაცული ირანი ისრაელის ავიაშეტევისაგან იმ დროს, როცა ირანის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაზე დიდი ფული იხარჯება? რატომ იქნა პარალიზებული ირანის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა, რომელმაც ეფექტურად ვერ მოახერხა ავიაშეტევის განეიტრალება?

„სადაა ჩვენი ფართოდ რეკლამირებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები?“ – დაწერა სოციალურ ქსელში ერთმა ჩინოვნიკმა, რომლსაც მხარი აუბა მეორემ – „რატომ შეუძლია ისრაელს ჩვენი სარდლების მოკვლა, ჩვენ კი ამის შეჩერება არ ძალგვიძს“?

ჰამიდ ჰოსეინის – ირანის სავაჭრო პალატის ენერგეტიკის კომიტეტის წევრის – თქმით, „ისრაელის ანაზდეულმა შეტევამ ჩვენი ხელისუფლება შოკში ჩააგდო, განსაკუთრებით სარდლებისა და ბირთვული ფიზიკის სპეციალისტების დაღუპვამ. ისრაელის შეტევამ ასევე ნათელი გახადა, რომ ჩვენი ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა დაბალ დონეზეა და, აქედან გამომდინარე, მტერს შესაძლებლობა აქვს ჩვენი სამხედრო ბაზები წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დაბომბოს“. ჰამიდ ჰოსეინმა შეშფოთება გამოხატა იმის გამოც, რომ აშკარაა – ირანის შეიარაღებულ ძალებში და უშიშროების სამსახურებში მტრის ბევრი აგენტია შეპარული.

ფაქტია, რომ ისლამური რევოლუციის ისრაელის თავდასხმის საპასუხოდ ირანმა მხოლოდ 200 რაკეტის გაშვება მოახერხა – იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის უმაღლესი ლიდერის ბრძანებით, 1000 რაკეტა უნდა გაშვებულიყო.

ისლამური რევოლუციის დაწყებისთანავე, 1979 წელს, ხელისუფლებაში ბრძოლა გაჩაღდა დასავლეთისადმი დამოკიდებულების საკითხში. გამოიკვეთა ორი ფრაქცია – ექსტრემისტები და ზომიერები. პირველები ანტიდასავლური ხისტი ხაზის იდეოლოგიური მომხრეები იყვნენ, მეორენი კი ნაკლებად კონფრონტაციულ პოზიციაზე იდგნენ. ეს იყო ქვეყნის ისლამური რეჟიმის ერთ-ერთი განმსაზღვრელი და დამახასიათებელი ნიშანი. დროდადრო ირანელი ზომიერების გავლენა შედარებით ფართოვდებოდა, მაგრამ ზოგადად ირანში მაინც ექსტრემისტები დომინირებდნენ..

იმ დროს, როცა დღევანდელ ირანში უმაღლესი ლიდერი, რაქბარი აიათოლა ალი ჰამენეი ხისტი ანტიდასავლური პოლიტიკის გატარების უდაო მომხრედ ითვლება, პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი, რომელიც ახლახანს იქნა არჩეული, რეჟიმის ზომიერ ფრთას წარმოადგენს.

ბოლო დრომდე პრეზიდენტი შედარებით მოკრძალებულად მოქმედებდა, მაგრამ ახლა მკაცრად დაგმო ისრაელის თავდასხმა და ქვეყნის მოსახლეობას დარაზმისაკენ მოუწოდა: „დღეს, როგორც არასდროს, ირანელ ერს ჭირდება ერთიანობა, ურთიერთნდობა, სიმტკიცე და კონსესნუსი“

საპრეზიდენტო არჩევნებში ზომიერი მასუდ პეზეშკიანის გამარჯვება და ხისტი ხაზის მომხრე კონსერვატორის საიდ ჯალილის დამარცხება შეფასებული იქნა როგორც თეირანის სურვილი დასავლეთის მიმართ კონსტრუქციული პოლიტიკა გაეტარებინა, განსაკუთრებით სანქციების მოხსნის მიზნით, რომელთა გამოც ირანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად ზარალდება.

გარდა ამისა, ზომიერები უკმაყოფილონი არიან იმით, თუ როგორ ფანტავს რეჟიმი ფულს, ეხმარება სხვადასხვა ტერორისტულ რეჟიმებს იმის ნაცვლად, რომ ფინანსები შიდა პრობლემების გადაჭრისათვის დახარჯოს. ამას მოსახლეობაც კარგად ხედავს. ამიტომ აიათოლა ალი ჰამენეი იძულებული გახდა შემრიგებლური პოზიცია დაეკავებინა.

მასუდ პეზეშკიანი წინასაარჩევნო კამპანიის დროს დასავლეთთან „კონსტრუქციული მოლაპარაკების“ პოზიციით გამოდიოდა, ქვეყნის ბირთვული პროგრამის შეთანხმებისათვის, იზოლაციის შეწყვეტისათვის. პრეზიდენტი პოსტის დაკავებისთანავე შეეცადა ზომიერი პოლიტიკის გატარებას, მაგრამ ხისტი კურსის მომხრეთა წინააღმდეგობას შეეჯახა, რომლებიც დასავლეთთან ნებისმიერი გარიგების დადებას ბირთვულ სფეროში ქვეყნის ღალატად აღიქვამენ. ამ იდეოლოგიური ბრძოლის ერთ-ერთი ნიშანია ის ფაქტი, რომ თანამდებობიდან მოხსნეს საგარეო საქმეთა „ზომიერი“ მინისტრი მოჰამად ზარიფი, რომელიც იმავდროულად ირანის ვიცე-პრეზიდენტიც იყო.

როგორც ცნობილი გახდა, პასუდ პეზეშკიანის უახლოესი თანამებრძოლის მოჰამად ზარიფის პოსტიდან გათავისუფლება უკავშირდება ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრეთა ალიანსის განმტკიცებას ვლადიმერ პუტინთან. ზარიფი უფრო დასავლეთისკენ იხრებოდა და არ სურდა კრემლთან დაახლოება.

ისრაელის თავდასხმა ირანზე იმასაც მიანიშნებს, რომ თეირანს უკვე მცირე შანსები აქვს უახლოეს მომავალში დასავლეთთან ურთიერთობა გააუმჯობესოს, თუმცა პარალელურად მატულობს შანსი იმისა, რომ ხელისუფლების შიგნით არსებული განხეთქილება რეჟიმს კრახამდე მიიყვანს.

დღეისათვის ხისტი კურსის მომხრეებმა თავიანთ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა ისრაელის მიმართ, მაგრამ რაც უფრო დიდხანს შეუტევს დაუსჯელად ისრაელი ირანის საკვანძო ობიექტებს, მით მეტი ზეწოლა იქნება კონსერვატორებზე – ისინი იძულებულნი გახდებიან ახსნან თავიანთი უუნარობა ქვეყნის დაცვაში, რომელსაც შეიძლება თვითონვე ემსხვერპლონ.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA-მ) ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს მობილური კლინიკა გადასცა

მიმდინარე წლის 16 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, გაიმართა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA)-ს მიერ ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისთვის მობილური კლინიკის გადაცემის ცერემონიალი.

მობილური კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექოსკოპიისა და კარდიოგრაფიის აპარატით, დეფიბლირატორით, ოფთალმოლოგიური ნაკრებითა და კლინიკური ლაბორატორიით, რაც სრულად უზრუნველყოფს სამსახურის ბენეფიციართათვის პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას; მობილურ კლინიკას მოემსახურება ვ. სანიკიძის სახელობის კლინიკური ჰოსპიტლის 8 სპეციალისტი. მობილური კლინიკა, მნიშვნელოვნად გააადვილებს რეგიონებში, მით უფრო,მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ვეტერანებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას.

მისასალმებელ სიტყვაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვეს თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობას და შედეგზე ორიერნტირებულ თანამშრომლობას; მადლობა გადაუხადეს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს საქართველოს ვეტერანების თანადგომისა და მხარდაჭერისთვის; საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს- TIKA-ს ხელმძღვანელის მოადგილემ, დოქტორმა უმით ნაჯი იორულმაზმა აღნიშნეს, რომ თურქული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის პროექტი, რომელთაც TIKA საქართველოში, მით უფრო, საქართველოს ვეტერანების მხარდასაჭერად ახორციელებს, რადგან მათთვის განსაკუთრებული პატივია, თანადგომა გამოხატონ იმ დამსახურებული ადამიანების მიმართ, ვინც თავიანთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ძალისხმევა არ დაიშურეს და დღესაც მზად არიან, სამშობლოს ემსახურონ. თურქმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო კვლავ განაგრძობს საქართველოს ვეტერანების თანადგომას და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და TIKA-ს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) -ს თბილისის კოორდინატორი ზეინეფ ბაირაქი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი, ვ.სანიკიძის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი და ჰოსპიტლის მედპერსონალი.

ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ურთიერთობა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან 2016 წლიდან იღებს სათავეს; სწორედ ამ თანამშრომლობის პირველი შედეგია სამსახურის საკონფერენციო დარბაზი,რომლის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა, TIKA-ს თანადგომით განხორციელდა 2018 წელს. თანამშრომლობამ, შემდეგ, უკვე, მოიცვა სოფლის მეურნეობის სფეროც_TIKA-მ გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციას, 2022 წელს გადასცა 100 სკა და მეფუტკრეობისთვის საჭირო ინვენტარი; დღეს, კი, თანამშრომლობა უკვე ახალ ეტაპზე გადავიდა და სამედიცინო სფეროც მოიცვა.

“TIKA” თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, 1994 წლიდან, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება 

თიბისი IT აკადემია, ყველაზე მოთხოვნადი კურსების გავლას, უფასოდ სთავაზობს მათ, ვინც ფიქრობს რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლია. 

16 ივნისიდან, თიბისი IT აკადემიაში რეგისტრაცია იწყება ოთხ მოთხოვნად ტექნოლოგიურ მიმართულებაზე: 

პროგრამები განკუთვნილია, როგორც დამწყები ენთუზიასტებისათვის, ისე გამოცდილი პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ კომპეტენციების გაუმჯობესება თანამედროვე ტექნოლოგიებში. რეგისტრაციის პროცესი გაგრძელდება 26 ივნისის ჩათვლით, ხოლო 27 ივნისს მიღება კიდევ ერთ კურსზე (Android Development) გაიხსნება. 

 აკადემიის კურსებზე მოხვედრა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც არის 18 წლის ან მეტის და აკმაყოფილებს კონკრეტული კურსისთვის დაწესებულ წინაპირობებს. დეტალური ინფორმაცია კურსების წინაპირობების შესახებ გთხოვთ იხილეთ ბმულზე. 

თიბისი IT აკადემიის ონლაინ სწავლების ფორმატი ხარისხიან ტექნოლოგიურ განათლებას ხელმისაწვდომს ხდის მთელი ქვეყნის მასშტაბით და აქტიურად უწყობს ხელს რეგიონების IT ეკოსისტემის განვითარებას. კურსების ხანგრძლივობა სამიდან ექვს თვემდე მერყეობს. ინდუსტრიის წამყვანი ტექ-ლიდების მენტორობით სტუდენტები სწავლობენ და ეცნობიან რეალურ სამუშაო გარემოს მოთხოვნებს. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს როგორც ტექნიკური, ისე რბილი უნარების განვითარებას, ხოლო წარმატებულ კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა დასაქმდნენ როგორც თიბისი ჯგუფში ისე წამყვან ტექნოლოგიურ ორგანიზაციებში.   

თიბისი IT აკადემია განაგრძობს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას. ეს უნიკალური შესაძლებლობაა ახალი პროფესიის დაუფლების ან არსებული კომპეტენციების გაუმჯობესების კუთხით.   

როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას – მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, ყოფილმა პოლიტპატიმარმა მერაბ ჭიქაშვილმა ისაუბრა და იმჟამინდელი თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, გიორგი გეგეჭკორის მიერ მისი დაკავებისა და ცემის ფაქტი გაიხსენა.

როგორც მან აღნიშნა, მის თვალწინ სცემეს ჟურნალისტი გოგონა და შემდეგ ის პოლიციელი, რომელმაც ეს ჟურნალისტი დაიცვა.

„მე ვუთხარი, თავში არ დამარტყა, ტრავმა მაქვს თავში. მოდიან ადამიანები ნიღბებით და ჩემ თავს აძლევს და ეუბნება, შეათრიეთ სააპელაციოს ეზოში და თავში არ დაარტყათ ბიჭო. რომ შემიყვანეს სააპელაციოს ეზოში, ბორდიურზე უკვე რამდენიმე ადამიანი იყო, სცემდნენ და იქით წაიყვანეო და ამ წაყვანა-წაყვანაში რიგითობით პირველი დამსვეს, ამათ მომაშორეს და ამ ნიღბიანებმა, რომ მეგონა, რომ თავში არ დამარტყამენ, ხუთივემ წიხლებით დამიწყო ცემა და პირიქით თავში უფრო მირტყამდნენ.

მირტყამენ, ვითიშები, აზრზე მოვდივარ, გვერდზე ჩემ მეგობრებს ვხედავ და ვცდილობ, რომ ესენი არ ჩაერთონ, იმიტომ, რომ წამოდგა ერთი ბიჭი დასახმარებლად, სასულიერო პირია დღეს და ისიც სცემეს და მინდოდა ეს არ მომხდარიყო, იმიტომ, რომ მქონდა და მაქვს ეს პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ პატარები იყვნენ, ახალგაზრდა ბავშვები იყვნენ იქ როგორია რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ ჟურნალისტ გოგონას ვინც გადაეფარა პოლიციელი, რომ შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?! რას აკეთებ შენ, დაიცავი გოგო ?! და ეს გოგონა არის ანა გოჩაშვილი, რომელსაც მადლობა მინდა ვუთხრა, რომ მაშინ იყო ჩვენთან ერთად და მაშინ აშუქებდა“, – განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.