Home Blog Page 41

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 343 პირი, მათ შორის, 49 ჟურნალისტი.

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, თბილისში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, თითოეულ შემოსულ შეტყობინებაზე სწრაფი სამართლებრივი რეაგირება მოახდინა. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 343 პირი, მათ შორის, 49 ჟურნალისტი.

აქციაზე დაშავებული 226 პირის მიმართ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

სამსახური დეტალურად სწავლობს საპროტესტო აქციის გამართვის ადგილსა და მიმდებარე ქუჩებზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების, ასევე სხვა წყაროებიდან მოპოვებულ ჩანაწერებს, რომელთა ჯამური ხანგრძლივობა 1 400 საათს აღემატება. მტკიცებულებათა შეგროვების მიზნით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ამოღებული იქნა 59 პირის ტანსაცმელი, რომელზეც ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები დაინიშნა. დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარეობს აქციაზე დაკავებულ პირთა ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალების გამოთხოვა და შესწავლა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ასევე, მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებასა და დაშავებულ მოქალაქეთა დაკავებაში მონაწილე სამართალდამცავების გამოკითხვები.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საქართველოს პროკურატურის მიერ დაზარალებულის სტატუსი უკვე 52 პირს მიენიჭა.

სამსახური აქციაზე დაშავებული მოქალაქეების უფლებების დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას იყენებს, ამ მიზნით თითოეულ მათგანს უტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, მათი დაზიანების დოკუმენტირებისთვის კლინიკებიდან ხდება სამედიცინო დოკუმენტების გამოთხოვა, გამოძიება სწავლობს გამოკითხვაში მათ მიერ დაფიქსირებულ ყველა გარემოებას. თითოეულ პირს და მათ უფლებადამცველებს სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომის და გაცნობის შესაძლებლობა ეძლევა, მაქსიმალურად ინფორმირებული არიან მიმდინარე გამოძიების პროცესის თაობაზე.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახური, დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით, ასევე, აქტიურად აწარმოებს გამოძიებას 2024 წლის 7 დეკემბერს, ქ. თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა 52 პირი.

თავდასხმის ამსახველ კადრებზე, ასევე, გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილიდან და მიმდებარე ქუჩებიდან მოპოვებულ სამეთვალყურეო ვიდეო კამერის ჩანაწერებზე, სადაც აღბეჭდილია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გადაადგილება, პირთა იდენტიფიცირების, მათ შორის გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებებთან შესადარებლად, ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულია ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა.

ტელეკომპანია ,,ტვ პირველის” მომართვის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით 2025 წლის 16 იანვარს ამოღებულ იქნა მეხსიერების ბარათი, რომელშიც დაცულ მასალას შესაბამისი ექსპერტიზები ჩაუტარდება.

პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მობილურ ტელეფონებზე და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ნივთებზე, მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით, დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა.

გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებების დაზარალებულთან შესაძლო ფიზიკური შემხებლობის და გენეტიკური პროფილების დასადგენად ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ბიოლოგიურ-გენეტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები ტარდება.

მიმდინარე ექსპერტიზებთან დაკავშირებით, სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული ცნობილი არიან დაზარალებულად.

საქმეზე გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, ძარცვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის, 118-ე მუხლის მეორე ნაწილის და 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.

სამსახური გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას დამატებით მიაწვდის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. საქართველოს მთავრობის მეთაურს ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი სამირ შარიფოვი დახვდა.

ირაკლი კობახიძე ვიზიტის ფარგლებში პირისპირ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის დედაქალაქს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრისას განხილული იქნება ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი საკითხი -მაკა ბოჭორიშვილი  

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრისას განხილული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის არის საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, დღეს გაიმართება საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა, რაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით მოქმედი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია.

„კომისიის სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობის წევრები. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რაც არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, განსაკუთრებით სხვადასხვა სექტორული მიმართულებით სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აზერბაიჯანთან გვაკავშირებს. რა თქმა უნდა, შეხვედრები გაიმართება უმაღლეს დონეზე, იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის არის საჭირო, განხილული იქნება ამ ფორმატში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

17 იანვარს ქუთაისში +7 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +9 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღეს თოვლია მოსალოდნელი. დღისით -2 გრადუსი იქნება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა და თოვლია ერთდროულად მოსალოდნელი ამბროლაურში, ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით +4 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლი იქნება ახალციხეშიც, დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც თოვლს ელოდებიან, +3 იქნება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.

ითოვებს გორშიც, სადაც დღისით +8 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით ჰაერს ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი – 1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ითოვებს. დღის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -19 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით 0, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ვარაუდობენ ღრუბლიან ამინდს, შესაძლოა იწვიმოს. სიღნაღში დღისით +0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

ენტონი ბლინკენს ჟურნალისტებმა არაერთხელ შეაწყვეტინეს საუბარი (ვიდეო)

ენტონი ბლინკენს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში ბოლო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა არაერთხელ შეაწყვეტინეს საუბარი, ერთ-ერთი მათგანი კი დარბაზიდან გაიყვანეს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ბლინკენმა მწვავე კრიტიკა მიიღო რამდენიმე ჟურნალისტისგან, რომლებიც ისრაელის მხარდაჭერის წინააღმდეგ გამოდიან.

„დამნაშავე, თქვენი ადგილი ჰააგაშია“, – ასე მიმართა ბლინკენს დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა, სემ ჰუსეინიმ, რის შემდეგაც უსაფრთხოების თანამშრომლებმა ჰუსეინს დარბაზი დაატოვებინეს.

ბლინკენი გამოსვლის დროს მშვიდი ტონით ითხოვდა სიჩუმეს და მას შემდეგ, რაც ჰუსეინს დარბაზი დაატოვებინეს, განაგრძო ჟურნალისტების კითხვებზე პასუხი.

ამასთან, ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, შეცვლიდა თუ არა რაიმეს ისრაელთან ურთიერთობაში, ბლინკენმა აღნიშნა, რომ ისრაელის მთავრობის პოლიტიკას „მხარს უჭერს ისრაელელების დიდი უმრავლესობა“ და ეს უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული აშშ-ის რეაგირებაშიც. მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას არ შეეძლო საბოლოო დასკვნების გამოტანა ცალკეულ ინციდენტებზე, რომლებიც, შესაძლოა, ყოფილიყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

„ასევე აღვნიშნავ, რომ თავად ისრაელში ასობით საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. მიმდინარეობს პროცესი, მათ აქვთ პროცედურები, აქვთ კანონის უზენაესობა. ეს არის ნებისმიერი დემოკრატიის მახასიათებელი“, ​​​​​​​​​​​​​​​​- განაცხადა ბლინკენმა.

ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორბანი მიწვეული იყო 20 იანვარს ვაშინგტონში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეისთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან ერთად, თუმცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში არ გაემგზავრება. ამის ნაცვლად, იმავე დღეს ბუდაპეშტში პრეზენტაციას გამართავს.

ორბანის პრესმდივნის, ბერტალან ჰავასის განცხადებით, ორბანის გამოსვლა ფოკუსირებული იქნება ქვეყნის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობაზე, რომელსაც უნგრეთი ექვსი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 2025 წლის პირველი იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდა.

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სიყვარული — პირად ურთიერთობებში მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. საყვარელ ადამიანს ახლა თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

კარიერა — ეცადეთ ყველა რთულ საკითხს შემოქმედებითად მიუდგეთ, გამოიყენეთ თქვენი მდიდარი ფანტაზია და შესანიშნავი შედეგი გარანტირებული გაქვთ. დღეს კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და სამუშაო საკითხების განსახილველად.

ჯანმრთელობა — უსმინეთ საკუთარ სხეულს, დაისვენეთ და ყურადღება სასიამოვნო საქმეეებზე გადაიტანეთ.

ფინანსები — მოერდეთ ახალი კრედიტის ან ვალის აღებას – ახლა ამისთვის არახელსაყრელი გარემოებებია.

კურო

სიყვარული — ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს და რთულ სიტუაციაში მხარი დაუჭირეთ. თქვენი ზრუნვა ხელს შეუწყობს ურთიერთობის გაძლიერებას.

კარიერა — შეიძლება მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ, რომელიც თქვენს კარიერაზე და ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. გახსოვდეთ, რომ ახალი პროექტის დაწყებამდე ძველი უნდა დაასრულოთ.

ჯანმრთელობა — საღამოს სპორტდარბაზში ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე გასეირნება ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება და განწყობას აგიმაღლებთ.

ფინანსები — სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას და ნაჩქარევ შესყიდვებს ერიდეთ.

ტყუპები

სიყვარული — შესაძლოა, დადგა დრო, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს. ერთმანეთს მშვენივრად უგებთ და შეგიძლიათ ხანგრძლივი ურთიერთობა დააკანონოთ.

კარიერა — თავი შეიკავეთ კოლეგების დახმარებისგან, თუ ამას არავინ გთხოვთ – შესაძლოა, არასწორად გაგიგონ. და არ უნდა აიძულოთ თქვენი რჩევა ან დახმარება მათ, ვინც ამას არ ითხოვს. ისარგებლეთ ხელსაყრელი დროით და გააკეთეთ ის, რასაც აქამდე ვერ აკეთებდით.

ჯანმრთელობა — სამსახურში გადაღლამ შეიძლება ჯანმრთელობასა და იმუნიტეტზე უარყოფითად იმოქმედოს, ამიტომ ეცადეთ დასვენების დრო გამონახოთ.

ფინანსები — სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

კირჩხიბი

სიყვარული — ამ დღეს ნებისმიერ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროს გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ და სიმართლე თქვათ. შეიძლება რთული ან უსიამოვნო იყოს, მაგრამ სარგებელს მხოლოდ ეს პოზიცია მოგიტანთ.

კარიერა —შესაფერისი დღეა დაწყებული ამოცანების დასასრულებლად. ვარსკვლავები ამტკიცებენ, რომ ეს პროექტები ფინანსურად მოგებიანი იქნება.

ჯანმრთელობა — იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის ამაღლებაზე. საღამოს ვარჯიში დაგეხმარებათ, შავბნელი ფიქრებისგან გათავისუფლდეთ და განწყობა აიმაღლოთ.

ფინანსები — ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და მიუწვდომელ ოცნებებს არ შეეპოტინოთ, რომ იმედგაცრუებული არ დარჩეთ.

ლომი

სიყვარული — დღევანდელი გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე მთელი თვის განმავლობაში, ამიტომ, პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. სასიყვარულო თავგადასავალი ემოციების ზღვას გპირდებათ.

კარიერა — არ მოდუნდეთ, ამ დღეს დაწინაურების დიდი შანსი გაქვთ.

ჯანდაცვა — მოერიდეთ ვადაგასულ პროდუქტებს და მედიკამენტებს, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. წყლის პროცედურები შინაგანი წონასწორობის აღდგენაში დაეხმარებათ.

ფინანსები — უპირატესობა მიანიჭეთ ფინანსურად მოგებიან და საინტერესო საქმიანობას. ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და მიუწვდომელი მიზნები არ დაისახოთ, რომ იმედგაცრუებული არ დარჩეთ.

ქალწული

სიყვარული — საყვარელ ადამიანთან კამათი დაზავებით დასრულდება. გირჩევთ, ამ სასიამოვნო ამბის აღსანიშნავად პატარა ოჯახური წვეულება მოაწყოთ ან თქვენი რჩეული რომანტიკული საჩუქრით გაახაროთ.

კარიერა — ამ დღეს შეგიძლიათ უფროსს ხელფასის გაზრდის შესახებ ესაუბროთ. ყურადღება მიაქციეთ სხვა ორგანიზაციების სამუშაო შეთავაზებებსაც – ისინი შეიძლება საკმაოდ მიმზიდველი იყოს.

ჯანმრთელობა — იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის ამაღლებაზე. დროა, პროფილაქტიკური მკურნალობის ან ვარჯიშისთვისაც მოიცალოთ.

ფინანსები — სავარაუდოდ, ამ დღეს დაწყებული საქმე მალე მოგებას მოგიტანთ.

სასწორი

სიყვარული — საყვარელმა ადამიანებმა შეიძლება იმედი გაგიცრუონ, ამიტომ მათგან დახმარებას არ უნდა ელოდოთ.

კარიერა — ვარსკვლავები გირჩევენ, 17 იანვარს რაიმე სერიოზული ან მნიშვნელოვანი საქმე არ დაგეგმოთ, რადგან გეგმების შეცვლა და ახალ გარემოებებთან მორგება მოგიწევთ.

ჯანმრთელობა — განწყობის მკვეთრი ცვალებადობა გადაღლაზე მიუთითებს, ამიტომ ეცადეთ მუშაობა ადრე დაასრულოთ და დასაძინებლად დაწვეთ.

ფინანსები — თუ ფინანსური პრობლემები შეგექმნათ ნუ ინერვიულებთ – საყვარელი ადამიანები აუცილებლად დაგეხმარებიან.

მორიელი

სიყვარული — შესაძლოა, ამ დღეს არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ, რომელზედაც თქვენს პირად ცხოვრებაში ბევრი რამ არის დამოკიდებული.

კარიერა — ეცადეთ კოლეგები თქვენს სიმართლეში დაარწმუნოთ და მათი მხარდაჭერა მოიპოვოთ. რთული დავალების შესრულებაში მდიდარი წარმოსახვის უნარი და კრეატიულობა დაგეხმარებათ.

ჯანმრთელობა — ზამთრის დეპრესიისგან მხოლოდ ფიზიკური აქტივობა და სუფთა ჰაერზე სეირნობა გიხსნით.

ფინანსები — უინტერესო საქმის კეთების დროს უამრავ შეცდომას დაუშვებთ და ფინანსურად დაზარალდებით. ერთადერთი გამოსავალია აკეთოთ ის, რაც გაინტერესებთ.

მშვილდოსანი

სიყვარული — შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა თქვენგან არჩევანის გაკეთება ან ისეთი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვოს, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

კარიერა—დღის პირველ ნახევარში სამუშაო განწყობაზე არ ხართ და აზრების მკაფიოდ გამოხატვა გიჭირთ, ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხი ან მოლაპარაკება შუადღისთვის უნდა დაგეგმოთ.

ჯანმრთელობა — დროა, ახალი წლის დღეებში მომატებული კილოგრამების დაკლებაზე იზრუნოთ და რაიმე თქვენთვის შესაფერისი, დაბალანსებული დიეტა შეარჩიოთ.

ფინანსები — გახსოვდეთ საკუთარი გამოცდილება და წარსული შეცდომები არ გაიმეოროთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას და ნაჩქარევ შესყიდვებს ერიდეთ.

თხის რქა

სიყვარული — მარტოხელა ქალწულებს ვარსკვლავები რომანტიკულ ნაცნობობას ჰპირდებიან, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მთელ დღეს ოთხ კედელში არ გაატარებთ.

კარიერა — ამ დღეს მოგიწევთ საოჯახო საქმეები დაივიწყოთ და მთელი დღე სამუშაო საკითხებს დაუთმოთ. გაუთვალისწინებელი გართულებები გეგმების შეცვლას გაიძულებთ.

ჯანმრთელობა — დამღლელი დღის შემდეგ სასურველია საღამო სპა სალონში ან საუნაში გაატაროთ. გახსოვდეთ, რომ ვიტამინებით მდიდარი საკვები იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

ფინანსები — დარწმუნდით, რომ ყველა გადასახადი გადახდილი გაქვთ. არ იჩქაროთ დიდი ნივთის ყიდვა და დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან ფინანსურ გადაწყვეტილებას.

მერწყული

სიყვარული — საინტერესო ამბები, მოვლენები ან ახალი გეგმები გელით, რომლებიც თქვენს ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს გახდის. მარტოხელა მერწყული შესაძლოა, ცხოვრების სიყვარულს შეხვდეს.

კარიერა — სამსახურში ექსპერიმენტების ნებისმიერი მცდელობა უარეს შემთხვევაში საზიანო იქნება, უკეთეს შემთხვევაში კი არაეფექტური.

ჯანმრთელობა — ამ დღეს ავადმყოფობის სიმპტომები უყურადღებოდ არ დატოვოთ და ექიმთან კონსულტაციაზე ჩაეწერეთ.

ფინანსები — ძირითადი სამსახურის გარდა, შესაძლოა შემოსავლის დამატებითი წყარო გაგიჩნდეთ – დისტანციური სამუშაო შემოგთავაზონ.

თევზები

სიყვარული — თუ თქვენს ურთიერთობაში დაძაბულობა იგრძნობა და მეტისმეტად ბევრი უპასუხო კითხვა გაჩნდა, დროა გულწრფელი საუბრის დრო გამონახოთ და ყველა გაუგებრობა დაასრულოთ.

კარიერა — გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეიძლება კონკურენტი თქვენს მოკავშირედ აქციოს. ეცადეთ ეს შესაძლებლობა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

ჯანმრთელობა — ყურადღებით უსმინეთ საკუთარ სხეულს მას მეტი მოძრაობა და აქტიურობა სჭირდება.

ფინანსები — დროა იზრუნოთ ფინანსურ სტაბილურობაზე ზედმეტი ხარჯების შემცირებით. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ფულის შოვნის ახალი შანსი მეგობრებისგან შეთავაზებების სახით გამოჩნდება.

ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს -მეთიუ მილერი

მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების, დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ ძალადობას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“მკაცრად ვგმობთ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების, დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას. ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს”, – წერს მილერი.

ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს ვალდებულება, იზრუნოს თავისი ქვეყნის ინტერესებზე, მაგრამ ჩვენ ვწყვეტთ, ვინ იქნება პოლონეთის საპრეზიდენტო კანდიდატი -მატეუშ მორავიეცკი

პოლონეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „კანონისა და სამართლიანობის“ წარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველი პარტიის ლიდერის, რაფალ ტრზასკოვსკის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ზელენსკის ურჩია, უკრაინის საქმეებზე იზრუნოს, პოლონელები კი თავად აირჩევენ პრეზიდენტს.

„მას აქვს უფლება და ვალდებულებაც კი, იზრუნოს თავისი ქვეყნის ინტერესებზე, მაგრამ აქ ჩვენ ვწყვეტთ, ვინ იქნება კანდიდატი და ვის რა შეხედულებები აქვს ყველაზე ფუნდამენტურ საკითხებზე“, – განაცხადა მორავეცკიმ.

მედიის ცნობით, პოლონეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აღშფოთებული არიან ზელენსკის იმ განცხადების გამო, რომელიც მან ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, კაროლ ნავროცკის საპასუხოდ გააკეთა. კერძოდ, ნავროცკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა არ უნდა იყოს მიწვეული ნატო-სა და ევროკავშირში იქამდე, ვიდრე „ვოლინის“ საკითხი არ გადაწყდება. ამ განცხადების საპასუხოდ კი, ზელენსკიმ აღნიშნა – „თუ უკრაინა არ იქნება ევროკავშირსა და ნატო-ში, არ ექნება უსაფრთხოების გარანტიები, მაშინ ბატონმა ნავროცკიმ უკვე უნდა დაიწყოს ვარჯიში, რადგან შეიძლება, მას იარაღით მოუწიოს თავისი ქვეყნის დაცვა, თანამემამულეებთან ერთად“.

დავოსში არავინ ელოდება, კობახიძეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური სამყარო არ ცნობს – „ქართულ ოცნებას“ არსად არავინ დაპატიჟებს -გიორგი ვაშაძე

„ქართულ ოცნებას“ არსად არავინ დაპატიჟებს, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება ინფორმაციას, რომ საქართველო 2025 წელს არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ვაშაძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური სამყარო არ ცნობს, რაც არის მისი არალეგიტიმურობის დასტური.

„ეს არის კიდევ ერთი დასტური მათი არალეგიტიმურობის. არალეგიტიმურ მთავრობებს, რომლებიც ხალხის ნებას არ გამოხატავენ, დავოსში არავინ ელოდება და არც ერთ ინვესტორს მათთან საუბარი არ უნდა, ამიტომ არის, რომ კობახიძეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური სამყარო არ ცნობს. ეს არის არალეგიტიმურობის დასტური, რომ კობახიძე არის არალეგიტიმური, „ქართული ოცნება” არის არალეგიტიმური და მათ არსად არავინ დაპატიჟებს, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება“,- განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს მისცეს მანდატი იმისთვის, რომ მან საერთო პოზიცია წარმოადგინოს.

მისივე თქმით, ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზება მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი.

„მზად ვართ ახალი არჩევნებისთვის, რაც არის ქაოსისა და იმ დაპირისპირების თავიდან არიდების ერთადერთი გზა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, საუბარია, როგორც ძალოვანი უწყებების დეპოლიტიზირებაზე და ერთი პარტიის წნეხისგან განთავისუფლებაზე. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ მკაფიო ხედვა და გვაქვს და შეჯერებულები ვართ. სწორედ ამ პაკეტით ჩავა სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების თემა არის მნიშვნელოვანი თემაა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მასთან ერთად გამოვხატავთ მზაობას იმისათვის, რომ საქართველოში მოხდეს სიტუაციის ნორმალიზება, რაც მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი“, – განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციის შეხვედრაზე ჩამოვყალიბდით ძირითად პოლიტიკურ გზავნილებზე, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააჟღეროს ამერიკის შეერთებულ შტატებში-ლევან ბეჟაშვილი 

ჩამოვყალიბდით ძირითად პოლიტიკურ გზავნილებზე, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააჟღეროს ამერიკის შეერთებულ შტატებში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა კვლავ გაგრძელდება.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაესწრება ინაუგურაციის პროცესს. ეს უკვე ცალკე გამოკვეთილი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტია, სადაც კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ საერთაშორისო პარტნიორები არ აღიარებენ ივანიშვილის რეჟიმის არჩევნებსა და იქიდან დაკომპლექტებულ მთავრობას, ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით. იმავდროულად, მნიშვნელოვანია, რა პოლიტიკურ გზავნილებს ჩაიტანს სალომე ზურაბიშვილი. დღევანდელი შეხვედრა ამით იყო მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ ძირითად საკითხებზე, რომლებიც უნდა გაჟღერდეს პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს. იმავდროულად, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მზაობა უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოებას. ამ საკითხებზე გაგრძელდება მუშაობა. რა თქმა უნდა, შეთანხმება ყველა საკითხზე ისედაც არის, საუბარია დეტალური გეგმის გაწერაზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი, საინტერესო იქნება დასავლელი პარტნიორებისათვის, მაგრამ ამ ეტაპზე ჩამოვყალიბდით ძირითად გზავნილებზე, რომლებიც პოლიტიკური გზავნილის სახით სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააჟღეროს ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.