Home Blog Page 41

7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს კვირის მანძილზე დაგროვილმა დაღლილობამ შეიძლება თავი იჩინოს. მოერიდეთ მუშაობას – ახლა ყველაზე მეტად დასვენება, კარგი გამოძინება და ძალების აღდგენა გჭირდებათ. თავშეკავება გამოიჩინეთ გარშემომყოფების მიმართ. თუ თითოეულ პატარა უსიამოვნებას მნიშვნელობას მიანიჭებთ, დღის ბოლომდე ძალა და ნერვები არ მიგყვებათ. სასარგებლოა ახალი ცოდნის მიღება და რაიმე სახის ინტელექტუალური საქმიანობა.

კურო

თეატრალური წარმოდგენის ან გამოფენის ნახვა და შემოქმედებითი სამუშაოს შესრულება საშუალებას მოგცემთ, გონებრივი წონასწორობა აღიდგინოთ და პრობლემებისგან დაისვენოთ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი მშვენივრადაა – თქვენი ესმით და მხარს გიჭერენ. ცდუნებებს ნუ აჰყვებით, ეს პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. თუ სამყარო თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის და ამით არ ისარგებლებთ, დიდი დანაკარგი იქნება.

ტყუპები

ამ დღეს შესაძლოა, რაღაც შემთხვევამ შეხედულებების შეცვლა გაიძულოთ და განვითარების ახალი შესაძლებლობები დაგანახვოთ. არ შეუშინდეთ სიყვარულის აღიარებას, თუ ეს გულიდან მოდის. თავი შეიკავეთ სპონტანური შესყიდვებისა და დაუგეგმავი ხარჯებისგან და თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში გაატარეთ. შეეცადეთ, სტრესი ფიზიკური ვარჯიშით ან ბუნებაში სეირნობით მოიხსნათ.

კირჩხიბი

ოცნებებმა და ფანტაზიებმა შესაძლოა საინტერესო, პერსპექტიულ იდეამდე მიგიყვანოთ, რომელსაც მოგვიანებით წარმატებით განახორციელებთ. ასევე, თქვენი ორიგინალურობა ახალ ადამიანებს მიიზიდავს, რაც ურთიერთობას სასიამოვნოს და სასარგებლოს გახდის. ეცადეთ, თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა სასარგებლოდ გამოიყენოთ. რთულ დროს შეგიძლიათ საყვარელი ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ.

ლომი

შეგიძლიათ, პრობლემები ცოტა ხნით დაივიწყოთ და 7 სექტემბერი ისე გაატაროთ, როგორც დიდი ხანია გინდოდათ. ეცადეთ, ინიციატივა გამოიჩინოთ და ყურადღების ცენტრში იტრიალოთ. ღია ცის ქვეშ ფიზიკური მუშაობა ან ვარჯიში ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნება. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია კარიერულ განვითარებასა და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

ქალწული

საიდუმლოს, რომელიც დიდხანს გაწვალებთ, ამ დღეს ნათელი მოეფინება და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ. თუ საინტერესო გეგმა ან უჩვეულო პროექტი გაქვთ, მშვენიერი დღეა მის განსახორციელებლად. ოჯახის ან მეგობრების დახმარება რთულ სიტუაციაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ გარშემო მყოფთა კრიტიკას თუ მათთან ურთიერთობას უფრთხილდებით. დღის განმავლობაში თქვენი გეგმები რამდენჯერმე შეიცვლება.

სასწორი

ყურადღება მიაქციეთ საყოფაცხოვრებო საკითხებს და თავი შეიკავეთ რთული და საპასუხისმგებლო საქმის დაწყებისგან. მოწვევაზე უარს ნუ იტყვით – ამან შეიძლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. თუ მცირე გაუგებრობებს და სირთულეებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში კარგი დღეა.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, შეცდომის თავიდან ასაცილებლად ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უსმინოთ. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები – მძიმე კვირის შემდეგ დასვენება და ძალების აღდგენა გჭირდებათ. მეგობრებთან კამათი პერსპექტიული იდეისკენ გიბიძგებთ. შესაძლოა, თქვენმა აქტიურობამ გავლენიანი ადამიანების ყურადღება მიიქციოს და მომავალი პროექტებისთვის სპონსორი აღმოაჩინოთ.

მშვილდოსანი

რთული და დაძაბული დღეა. ყველაფერი გაღიზიანებთ და ემოციების მოთოკვა გიჭირთ. სერიოზული კონფლიქტი რომ არ დაიწყოს, ვარსკვლავები თანამოსაუბრის პატივისცემას და კომპრომისული გადაწყვეტილების პოვნას გირჩევენ. ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც სულიერ სიმშვიდეს გაპოვნინებთ.

თხის რქა

სწრაფი და პრინციპული მოქმედების დამსახურებით შეიძლება ამ დღეს ზოგ რთულ საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოთ. დღის პირველ ნახევარში პლანეტების კეთილგანწყობა ეცადეთ ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ. ადამიანი, ვისი იმედიც გქონდათ, საკუთარი საქმეებითაა დაკავებული და შეიძლება თქვენთვის მოცემული პირობა დაივიწყოს.

მერწყული

ეცადეთ, საკუთარ თავს პატარა საჩუქარი გაუკეთოთ – რაიმე ლამაზი და უჩვეულო იყიდოთ ან რესტორანში ეგზოტიკური კერძები დააგემოვნოთ. ეს განწყობას აგიმაღლებთ და ემოციებით აგავსებთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად დასვენება და ძალების აღდგენა სჭირდება. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს მეტი დრო დაუთმოთ და ყველა ინიციატივის დროს მხარი დაუჭიროთ.

თევზები

ეცადეთ საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. აჩვენეთ, რომ მასზე ზრუნავთ და საკუთარ გრძნობებზე ესაუბრეთ. სამუშაოზე ყურადღების კონცენტრირება იმდენად გიჭირთ, რომ ზოგი საქმის გადადება მოგიწევთ. ეცადეთ არ გადაიღალოთ, რადგან ეს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური ტელეარხი Rai News ავრცელებს.

მათი ცნობით, ზელენსკიმ თავისი ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ქალაქ ჩერნობიოში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმში. ზელენსკი სიტყვით პანელურ დისკუსიაზე „რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ” გამოვა.

ასევე აღინიშნება, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან.

ცნობისთვის, 6 სექტემბერს ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა, სადაც პირადად დაესწრო „რამშტაინის“ ბაზაზე უკრაინის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) სხდომას. ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა.

მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება – არსად დაკარგულა -შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას – პრეზიდენტი

ზოგჯერ ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა. და მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება, – არსად დაკარგულა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის რამდენიმე პირი დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართული იდენტობა ძალიან ძლიერად დგას სწორედ იმიტომ, რომ გვაქვს ძლიერი საზოგადოება და ძლიერი შეგნება.

„ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ზოგჯერ ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა. და მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება, – არსად დაკარგულა. მე შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას და დგას სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი საზოგადოება და ძლიერი შეგნება.

ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ძეგლთა დაცვისა და ჩვენი კულტურის დაცვის მიმართულებით, ამდენად, მნიშვნელოვანია ჩვენი არასამთავრობო სექტორის შენარჩუნება, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით მათი გაძლიერება, რაც იყო და რამაც აქამდე მოგვიყვანა და რაც უთუოდ გაგრძელდება, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის ძალიან მკაფიო სურვილი და ნებაა, რომელსაც ვერავინ შეცვლის. და ამ ყველაფრის სიმბოლო სწორედ არხოტში გუშინწინდელი ღონისძიებაა, რომ ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც უნდა ვიდგეთ; ჩვენ გვყავს ის პარტნიორები, რომლებიც უნდა გვყავდეს; ჩვენ ვაფასებთ პარტნიორებს და ვიცით ასევე ჩვენი წარსულის და ჩვენი ძეგლების ფასი; ვიცით სად ვიყავით, სად ვართ და სად მივდივართ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მედიაჰოლდინგ РБК-თან ინტერვიუში ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თანამედროვე ქართული ხელმძღვანელობის პოლიტიკა დაკავშირებულია ეროვნული ქართული იდენტობის გაცნობიერებასთან და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების მავნებლობის გააზრებასთან.

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და ჩემი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა – დავით კეზერაშვილი

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და ჩემი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა, – ამის შესახებ განცხადებას ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი ავრცელებს.

როგორც დავით კეზერაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფოს პოლიტიკურ მოტივებს ადასტურებს პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებაც, რომელიც პროკურატურის ბრიფინგს მალევე მოჰყვა.

„საქართველოს ხელისუფლება, სახელმწიფო ორგანოების და ინსტიტუტების გამოყენებით, განაგრძობს ჩემს წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას. 6 სექტემბერს საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და ჩემი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა. სახელმწიფოს პოლიტიკურ მოტივებს ადასტურებს პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებაც, რომელიც პროკურატურის ბრიფინგს მალევე მოჰყვა, ასევე სამთავრობო მედიების მიერ პროკურატურის ბრალდებების ღიად პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენება.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მორიგ თავდასხმას წინ უძღოდა აშშ-ის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისიის) განცხადება, რომელიც ნათელს ჰფენს საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივ მოქმედებებს და მოტივებს. ჰელსინკის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ “ქართული ოცნება” მსოფლიოს გარშემო ქოლცენტრების ქსელებიდან მიღებულ შავ ფულს იყენებს, რათა დააფინანსოს საკუთარი ოპერაციები და შეავიწროვოს ოპოზიცია. ოლიგარქ ივანიშვილის მხილებული ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს შედეგები, რასაც მას უქადის ამ მძიმე დანაშაულში სახელმწიფოს ზურგით მონაწილეობა, ამიტომ ცდილობს, ისრები პოლიტიკური ოპონენტებისკენ მიმართოს.

აქვე აღვნიშნავ, რომ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ჩემს სახელს მცდარად აკავშირებდა ქოლცენტრების ქსელთან, გასაჩივრებულია ბრიტანულ სასამართლოში და ეს გარემოება, შენიშვნის სახით, ხსენებულ ფილმს თან ერთვის. ამ მოვლენების მიმდინარეობისას, მისი საკონტროლო პაკეტი, ტელეკომპანიის დასაცავად, თანამშრომლებს გადაეცა. ფილმის შესახებ დავის შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი მისი დასრულებისთანავე გახდება”, – ნათქვამია დავით კეზერაშვილის განცხადებაში, რომელსაც „ფორმულა“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა

საარჩევნო ადმინისტრაციამ პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა. სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების პოტენციური წარმომადგენლები და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოტენციური დამკვირვებლები ესწრებოდნენ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა.

შეხვედრების მთავარი თემა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა იყო. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომელიც საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება, ასევე დეტალურად ისაუბრეს ელექტრონული ტექნოლოგიების და მასთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილების, საპილოტე რეჟიმში ჩატარებული არჩევნებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის შედეგების შესახებ. შეხვედრების ფარგლებში, ასევე გაიმართა იმიტირებული კენჭისყრაც საარჩევნო ტექნოლოგიების, მათ შორის ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატების გამოყენებით.

აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობა საარჩევნო ადმინისტრაციამ იმ 30 პარტიას შესთავაზა, რომლებსაც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რიგითი ნომრები მიენიჭათ. რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ამ შემთხვევაში ცესკომ სასწავლო – საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომლებმაც 2021 წლის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. 

30 პარტიიდან სასწავლო საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი 9, ხოლო 21 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 6-მა გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო სასწავლო შეხვედრებზე საარჩევნო ადმინისტრაციას განსაზღვრული ჰქონდა 15 400 წარმომადგენლის დასწრება,  მათ შორის პარტიების 12 200, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციების  3 200 წარმომადგენლის. შეხვედრაზე დასწრების სურვილი გამოთქვა პოლიტიკური პარტიის 1 592-მა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების  461-მა წარმომადგენელმა, თუმცა საბოლოო ჯამში ამ შესაძლებლობით მხოლოდ პოლიტიკური პარტიების 597-მა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების 277-მა წარმომადგენელმა ისარგებლა.  შესაბამისად, შეხვედრებზე პოლიტიკური პარტიების და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა ის რაოდენობაც არ გამოცხადდა, რაც მათ მიერვე მოწოდებულ ინფორმაციაში იყო ასახული. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა უმრავლესობამ არ გამოიყენა შესაძლებლობა მიეღო კომპეტენტური და ამომწურავი ინფორმაცია საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

ირაკლი ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მომდევნო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 სექტემბერს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით ორი დღის წინ დააკავა. მანამდე, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო.

როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.

„ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად”, – განაცხადეს უწყებაში.

ირაკლი ნადირაძე იმავე ღამეს გაათავისუფლეს.

“თურქეთის განაცხადი BRICS-ის წევრად მიღებაზე: რუსეთს სურს ჩინეთი თურქეთით დააბალანსოს”-უცხოური პრესა

თურქული გაზეთი „ევრენსელი“ (Evrensel) ბეჭდავს სტატიას სათაურით: “თურქეთის განაცხადი BRICS-ის წევრად მიღებაზე: რუსეთს სურს ჩინეთი თურქეთით დააბალანსოს”  (ავტორი – ქიუბრა ქირიმლი), რომელშიც თურქეთის საგარეო პოლიტიკური საკითხებია განხილული, კერძოდ, ანკარის სურვილი გლობალურ ანტიდასავლურ ბლოკში – BRICS-ში წევრად მიღებაზე.
გთავაზობთ პუბლიკაციას თურქი ექსპერტების თვალსაზრისის შესახებ:
თურქეთის განაცხადმა BRICS-ის წევრად მიღების თაობაზე (BRICS//„ბრიკსი“//“ბრიჩი“ – ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ირანი, პლუს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ეთიოპია, არაბული საემიროები და ა.შ.) ქვეყანაში დიდი კამათი გამოიწვია. რამდენად მიზანშეწონილია ანკარის სურვილი „ბრიჩის“ წევრობაზე მაშინ, როცა ქვეყანა ნატოს წევრია? რა პერსპექტივას უქმნის თურქეთს იმ ორგანიზაციის წევრობა, სადაც რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი დომინირებენ?
„ევრენსელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დოცენტი ჯერენ ერგენჩი ასეთ კომენტარს აკეთებს: „რუსეთი, რომლის საჭიროება ჩინეთის მიმართ უკრაინის კონფლიქტით გამოწვეული დიპლომატიური იზოლაციით გაიზარდა, ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ პეკინის გავლენა როგორმე გაანეიტრალოს თურქეთისა და სხვა ქვეყნების წევრად მიღებით. კრემლს არ სურს, რომ „ბრიჩი“ ჩინეთის მიერ კონტროლირებულ ორგანიზაციად გადაიქცეს“. სხვათა შორის, ეს ეხება აგრეთვე „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასაც“.
 
„ორ ცხენზე ერთად ჯდომა შეუძლებელია“
 
თურქეთის სახალხო-რესპუბლიკური პარტიის დეპუტატი სტამბოლიდან და აშშ-ში თურქეთის ყოფილი ელჩი ნამიკ ტანი ნეგატიურ განწყობას გამოხატავს იმის გამო, რომ თურქეთის განაცხადის არსებობა პირველად რუსეთისგან გახდა ცნობილი და არა ანკარის მხრიდან – ვთქვათ, საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან. აკრიტიკებდა რა თურქეთის განაცხადს BRICS-ში გაწევრების თაობაზე, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ნამიკ ტანმა აღნიშნა: „ორ ცხენზე ჯდომა ერთდროულად შეუძლებელია“.
 
გავიხსენოთ ის ინციდენტი, როცა თურქეთმა რუსეთისაგან სარაკეტო კომპლექსის С-400-ის ყიდვის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი ავიაგამანადგურებლის F-35-ის პროექტიდან ამოგვაგდო. ჩვენ იმ დროს ნატოს თითქმის ყველა წევრი აგვიმხედრდა… ახლა წარმოიდგინეთ, თუ რა დაყოვნებული ბომბის ეფექტს გამოიწვევს ჩვენი წევრობა BRICS-ში. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ანკარის მიერ გადადგმული ნაბიჯი დიპლომატიურ უგუნურებას წარმოადგენს, დიპლომატიური თვითმკვლელობის მცდელობას“.
 
„BRICS-ის წევრობას ალტერნატივა არ აქვს“
BRICS-ის ირგვლივ დაწყებული დისკუსიის კომენტირებისას, დოქტორი ჯერენ ერგენჩი აღნიშნავს, რომ თურქეთის განაცხადი არ უნდა იქნას განხილული როგორც დასავლეთთან კავშირის გაწვეტა. „ამ დროს სიფრთხილე უნდა დავიცვათ და შეფასებებში არ უნდა გადავაჭარბოთ. „ბრიჩი“ არ არის ის სტრუქტურა, რომელიც ალტერნატიულია დასავლური გაერთიანებების მიმართ. თურქეთის წევრობას მასში მხოლოდ სიმბოლური ხასიათი ექნება.
 
ბევრს კითხვა უჩნდება – რით არის გამოწვეული თურქეთის სურვილი? იმით, რომ BRICS-ის წევრები უკვე გახდნენ თურქეთის მეზობლები, ბევრი მათგანი კი მსგავს სურვილს ამჟღავნებს. რეჯეფ ერდოღანის პოზიტიური დამოკიდებულება BRICS-ის მიმართ გამოწვეულია რეგიონში ბალანსის არსებობის სურვილით და არა საგარეო პოლიტიკის მაკროცვლილებებით.
 
„კიდევ ერთ ფაქტორს წარმოადგენს რუსეთი“, – ხაზს უსვამს ჯერენ ერგენჩი, – კრემლს უკრაინის ომის გამო ჩინეთთან ურთიერთობა სურს, მაგრამ არ უნდა პეკინის გავლენის გადაჭარბებული ზრდა. მოსკოვი წინააღმდეგია იმისა, რომ „ბრიჩი“ ჩინეთმა გააკონტროლოს. ამიტომ რუსეთისათვის აუცილებელია ჩინეთის გავლენის დასაბალანსებლად ორგანიზაციაში თურქეთის სახით მომხრე ჰყავდეს. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ ჩინეთს ბოლო დრომდე თურქეთის BRICS-ში მიღება არ სურდა, სანამ პეკინში ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი არ ჩავიდა. მაგრამ სამწუხაროა, რომ ვიზიტის შემდეგაც კი თურქეთის ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადებისაგან ჩინეთი მაინც თავს იკავებს“.
როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში თურქეთის, როგორც ნატოს წევრი ერთადერთი ქვეყნის BRICS-ში მიღება საკმაო პრობლემებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა, თუ რუსეთი შეეცდება და თავის ჯერ კიდევ არსებულ გავლენას გამოიყენებს, ყველაფერი პოზიტიურად დასრულდება.
მოამზადა სიმონ კილაძემ
 

სტოლტენბერგმა დაადასტურა მოკავშირეების განზრახვა, უკრაინას მიაწოდონ სტაბილური და გრძელვადიანი სამხედრო დახმარება მომდევნო წლისთვის

J

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა მოკავშირეების განზრახვა, უკრაინას მიაწოდონ სტაბილური და გრძელვადიანი სამხედრო დახმარება მომდევნო წლისთვის, რომლის მინიმალური ზღვარი 40 მილიარდ ევროს შეადგენს.

„ნატოს ვაშინგტონის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილებები უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ნატოს მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მომავალ წელს 40 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევენ. ამ მხარდაჭერის შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ასეთი ძალისხმევა მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებას რუსული აგრესიის ფონზე.

აშშ უკრაინას 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 65-ე სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 65-ე სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი განმარტებით, პაკეტში შემავალი შეიარაღება უკრაინას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან გადაეცემა და მასში შევა: საჰაერო თავდაცვის რაკეტები, საბრძოლო მასალა სარაკეტო სისტემებისთვისა და არტილერიისთვის, ჯავშანმანქანები და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება.

კერძოდ: RIM-7 საჰაერო თავდაცვის რაკეტები; რაკეტები Stinger-ებისთვის; საბრძოლო მასალა HIMARS სისტემებისთვის; 155 მმ და 150 მმ საარტილერიო ჭურვები; Javelin და AT-4 ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები; Bradley, MRAP და M113 ჯავშანმანქანები; საპატრულო ნავები და ა.შ.

როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტი გსურს – რაც მთავარია, მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ – ვილი სანიოლი

როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტი გსურს – რაც მთავარია, მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ, – ამის შესახებ ერთა ლიგაზე ჩეხეთთან პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა.

როგორც სანიოლმა აღნიშნა, ჩეხეთის სპეციფიკური გუნდი ჰყავს და საქართველოს ნაკრებს წარმატებისთვის შეიძლება უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს, ვიდრე ჰამბურგში.

„მოგეხსენებათ, მეტოქის რიგებში, ფაქტობრივად, იგივე ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს. აქედან გამომდინარე, დაახლოებით იმავე თამაშს ველით. ჩეხეთი სპეციფიკური გუნდია. ახლა წარმატებისთვის იქნებ უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს, ვიდრე ჰამბურგში, სადაც ძალიან გაგვიჭირდა.

მოთამაშეებმა იციან, როგორი სტილის მატჩს უნდა ველოდოთ და ეს ჩვენი უპირატესობაა, ვიცოდეთ, რისი გაკეთება მოგვიწევს.

როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტი გსურს. ვეცდებით, კიდევ მივაღწიოთ ამას! ამ შემადგენლობიდან ოცმა ფეხბურთელმა ჩემპიონატზე ითამაშა. იციან, მათგან ისეთივე მონდომებასა და პროფესიონალიზმს მოვითხოვთ. ფსიქოლოგია სამწვრთნელო პროცესში ყოველთვის მნიშვნელოვანია. მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ, რაც მთავარია.

ერთა ლიგა ზოგიერთი გუნდისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ჩვენ კი ამის ფუფუნება არ გვაქვს. უნდა ვისწავლოთ და გავაცნობიეროთ, მაღალი მიზნებისთვის რამდენად ვიბრძოლებთ”, – განაცხადა ვილი სანიოლმა, რომლის კომენტარსაც sportall.ge ავრცელებს.

შეგახსენებთ, 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას ჩეხეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.

“უკანასკნელი მოწოდება დემოკრატიისაკენ: შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მაშველი რგოლი უნდა გადაუგდოს”-The Washington Post

აშშ-ის გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით: „უკანასკნელი მოწოდება დემოკრატიისაკენ: შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მაშველი რგოლი უნდა გადაუგდოს”, რომელშიც გადმოცემულია ამერიკელი ჟურნალისტების ნეგატიური პოზიცია საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის შესახებ.

პუბლიკაციაში გაკრიტიკებულია საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკა და აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ზეგავლენა უნდა მოახდინოს შექმნილ მდგომარეობაზე – არ უნდა დაუშვას, რომ საქართველო ერთპარტიული სახელმწიფოს სახით არსებობდეს.

გთავაზობთ სტატიას უმნიშვნელო შემოკლებით:

პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თავისუფალი კონკურენციის გარეშე დემოკრატიის არსებობა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ არის სამხრეთკავკასიური ქვეყნიდან – საქართველოდან ბოლო ცნობები ასე საგანგაშო. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, ავტორიტარული, პრორუსული დაჯგუფება, დაიმუქრა, რომ თუ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვებს, ყველა ოპოზიციურ პარტიას აკრძალავს. ეს შესაძლოა საქართველოს დემოკრატიისთვის ბოლო გაფრთხილება იყოს. შეერთებულ შტატებს ქვეყნის გადასარჩენად მეტის გაკეთება შეუძლია.

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის, რომ აქ მოსახლეობის დიდი ნაწილი დემოკრატიული მომავლისა და ევროპასთან კავშირების გაღრმავების ერთგული რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება რუსეთთან არის კავშირში. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პატარა ლიბერალური პარტიის წევრია და „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს, გასულ თვეში გამოსვლაში პირდაპირ თქვა, რომ მოახლოებული არჩევნები „ეგზისტენციალური ხასიათისაა“. „არჩევანი იქნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას შორის“, – განაცხადა ქალბატონმა ზურაბიშვილმა.

როდესაც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლის დასაწყისში სცადა გაეტარებინა რეპრესიული „უცხოური აგენტების“ კანონი, რომელიც შეიქმნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ შემუშავებული კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები გამოვიდნენ ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ ეს „რუსული კანონი“ და ლიდერების როლი ახალგაზრდებმა იკისრეს.

საბოლოოდ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, საპრეზიდენტო ვეტო გადალახა და კანონმდებლობა ძალაში შევიდა. ის მოითხოვს ნებისმიერ არასამთავრობო ან მედია ორგანიზაციისგან, რომელიც იღებს თავისი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს საზღვარგარეთიდან, როგორც ამას აკეთებს საქართველოს 10,000-მდე არაკომერციული ორგანიზაცია, დარეგისტრირდეს საჯარო მონაცემთა ბაზაში უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. კანონი ამჟამად გასაჩივრებულია სასამართლოში. სხვა რეპრესიულ ქვეყნებში მსგავსი კანონები გამოიყენეს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების სტიგმატიზაციისა და მათი დაფინანსების ჩასახშობად. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილეს საქართველოს მთავრობა, რომ კანონი წარმოადგენს სერიოზულ დაბრკოლებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, რაც უდავოდ არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქართული ოცნება და რუსეთი მხარს უჭერენ ამ კანონს.

უახლესი ინფორმაციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ცალსახად დაიმუქრა გასულ თვეში, რომ გააუქმებს მთავარ ოპოზიციურ პარტიებსა და კოალიციებს, თუ ქართული ოცნება მოიგებს 150-კაციან პარლამენტში მინიმუმ 113 მანდატს. „სინამდვილეში, ეს ყველაფერი ერთი პოლიტიკური ძალაა“, – განაცხადა მან ოპოზიციურ პარტიებსა და კოალიციებზე, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესახებ, რომელიც დააარსა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დღეს კი ის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით არის დაპატიმრებული.

ბიძინა ივანიშვილმა, მილიარდერმა ყოფილმა პრემიერმა, რომელიც „ქართული ოცნების“ უკან დგას, არაერთხელ უწოდა ოპოზიციას ჩრდილოვანი გლობალური შეთქმულების ნაწილი, რომლის მიზანი საქართველოს ხელში ჩაგდებაა.

პრემიერ-მინისტრის ბოლო კომენტარები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ “ქართული ოცნება” ემზადება ოპოზიციის გასანადგურებლად. ბატონმა კობახიძემ აშკარად არ თქვა, როგორ განხორციელდება ეს, მაგრამ განაცხადა, რომ მმართველი პარტია დაამტკიცებს, რომ ოპოზიციამ სააკაშვილის მეთაურობით 2008 წლის ომის დანაშაულებრივი პროვოცირება მოახდინა, რაც აბსურდია: რუსეთი შეიჭრა საქართველოში და დღემდე ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიის 20 პროცენტი.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქართველების თითქმის ორი მესამედი თვლის, რომ ქვეყანა არასწორ გზაზე დგას და რომ დროა შეიცვალოს ქართული ოცნების მმართველობა. განწყობა განსაკუთრებით მძაფრია ახალგაზრდებში.

31 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჩერა 95 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი ფინანსური დახმარება საქართველოს მთავრობის „ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ცრუ განცხადებების“ გამო. საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ევროკავშირმა შეაჩერა ეს პროცესი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ. ეს არის გონივრული, აწონილ-დაწონილი სანქციები „ქართული ოცნების“ ავტორიტარული ტენდენციების საპასუხოდ. შეერთებულმა შტატებმა უნდა ისარგებლონ არჩევნებამდე დარჩენილი დროით და უნდა გამოვიდეს როგორც თავისუფალი და სამართლიანი ხმის მიცემის, ხმების სწორი დათვლის დასაცავად, ასევე იმისთვისაც, რომ არჩევნების შედეგების მიმართ ყველა მხარემ პატივისცემა გამოხატოს.

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მოისმინონ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისაგან და კონგრესისაგან, რომ აშშ არ მოითმენს ერთპარტიული ქართული სახელმწიფოს არსებობას. თუ შეერთებული შტატებს სიტუაციისადმი „კეთილგანწყობილი უგულვებელყოფითი“ დამოკიდებულება ექნება, მაშინ შესაძლოა დემოკრატიის სიკვდილი კიდევ ერთ პოლიტიკურად იმედის მომცემ პოსტსაბჭოთა რეგიონში ვიხილოთ“.

მოამზადა სიმონ კილაძე

წყარო:

ევროკავშირის საგარეო პრესმდივნის განცხადება რეალობას არის აცდენილი -შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის საგარეო პრესმდივნის განცხადება რეალობას არის აცდენილი, თითქოს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი დაჩქარებულად არის მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის სპიკერის განმარტებით, კონსტიტუციური ცვლილების კანონპროექტი მარტში დაინიცირდა და მას საზოგადოების სრული მხარდაჭერა აქვს.

„ჩვენ ამოვდივართ ქართველი ხალხის ინტერესიდან. წავიკითხე ევროკავშირის საგარეო პრესმდივნის განცხადება, რომელშიც სამწუხაროდ, იყო არასწორი ინფორმაცია, თითქოს ეს იყო დაჩქარებულად მიღებული გადაწყვეტილება, რაც არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას. არ ვიცი, საიდან ჰქონდათ ეს ინფორმაცია. იმედი მაქვს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სრულ ინფორმაციას აწვდის ბრიუსელს. არანაირი დაჩქარებული პროცესი ეს არ ყოფილა. კონსტიტუციური ცვლილების კანონპროექტი მარტში დაინიცირდა, რომლის ნაწილი და გამეორება ის კანონია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, კანონპროექტის განხილვა რამდენიმე თვე გაგრძელდა, მათ შორის საკონსტიტუციო საჯარო განხილვის პროცესში.

„5000 მოქალაქეს შევხვდით 11 შეხვედრაზე, ათ რეგიონში ვიყავით. 5000 მოქალაქეს შევხვდით, გვქონდა ღია დისკუსია და არის სრული მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ. გარდა ამისა, 17 მაისს თუკი რომელიმე უცხოელი ვერ ესწრებოდა იმ შეხვედრებს, რომელიც რეგიონში იყო და არ იცის, მხარდაჭერა იყო თუ არა, 17 მაისი ნახონ საინფორმაციო სივრცეში, ახალი ამბები, ნახონ ის სახალხო რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა ამ კანონთან დაკავშირებით და ნახავენ, ამ კანონს აქვს ხალხის სრული მხარდაჭერა. ამიტომ, გასაკვირი არის ის განცხადება, რაც მოვისმინეთ, თითქოს ქართველი ხალხის ინტერესში არ არის, რაც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას. მიკვირს, როგორ მოხვდა ასეთი არასწორი ინფორმაცია ამგვარ განცხადებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.