Home Blog Page 41

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დღეა. კარგი განწყობა და ენერგიულობა საშუალებას მოგცემთ ჩანაფიქრი განახორციელოთ და საკუთარი ძალების ირწმუნოთ. წვრილმან პრობლემებს ადვილად გაუმკლავდებით. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დახმარება კოლეგებს ან მეგობრებს სთხოვოთ. გახსოვდეთ, რომ მატყუარა ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ, მაგრამ ვალდებული არ ხართ, ასეთების სიახლოვე აიტანოთ.

კურო

ამ დღეს გირჩევთ, რომ ძველი საქმეები დაასრულოთ, რათა ყურადღება აღარ გაგიფანტოთ და ახალი საქმის დაწყება შეძლოთ. თუმცა მანამდე მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩაატაროთ და მეტი ინფორმაცია მოაგროვოთ. პროფესიული თემების განხილვისას სირთულეები გელით. მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები ახალი პროექტების დაწყების საშუალებას არ გაძლევთ. საღამოს კარგად უნდა დაისვენოთ, რათა ძალების აღდგენა შეძლოთ.

ტყუპები

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. კითხვაზე პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ და მოსაფიქრებელი დრო ითხოვეთ. ამ დღეს მიზანს ერთი დიდი ნაბიჯით მიუახლოვდებით. ახალი ნაცნობობა მომავალში ძალიან გამოგადგებათ. საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბარი ოჯახური საკითხების მოგვარებაში და ურთიერთობების გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

თუ სიმართლის გაგება გსურთ, უსიამოვნო თემებზე საუბარი და კრიტიკის მოსმენა მოგიწევთ. ამჟამად უძრაობის ეტაპზე ხართ, მაგრამ განსხვავებულ ხედვას თუ ისწავლით, უამრავ ახალ შესაძლებლობას აღმოაჩენთ. ემოციური სტრესის მოსახსნელად საღამო სახლიდან მოშორებით, ძველი მეგობრების გარემოცვაში უნდა გაატაროთ.

ლომი

თუ შანსს არ გამოიყენებთ, რომელიც დღეს მოგეცემათ, მოგვიანებით ძალიან ინანებთ, რომ წარმატებაზე უარი თქვით. შესაძლოა, გეშინიათ, რომ სცადოთ, გარისკოთ და შესაძლებლობა გამოიყენოთ, მაგრამ ასე თუ გააგრძელებთ, წარმატების შანსი დიდხანს აღარ მოგეცემათ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა , რუტინული საქმეების საკეთებლად და დაწყებული საქმეების დასასრულებლად. შეეცადეთ მშვიდად აღიქვათ რაც თქვენს გარშემო ხდება და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. ემოციურმა სტრესმა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს და გეგმების შეცვლა გაიძულოთ. თუ ხვდებით, რომ თქვენი გეგმები ახალს ვერაფერს მოგიტანთ, სხვა მიმართულებაზე ფიქრი უნდა დაიწყოთ.

სასწორი

ნუ დანებდებით, თუ ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით არ მიდის. იბრძოლეთ, რომ სიმართლეს ფარდა ახადოთ და გამარჯვება მოიპოვოთ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები და მოულოდნელი შეხვედრები. ახალი და საინტერესო საქმის კეთება სასარგებლო გამოცდილებას და პროფესიულ წარმატებას მოგიტანთ.

მორიელი

გირჩევთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ. მოერიდეთ რაიმეს შეცვლას ან ექსპერიმენტებს. ინიციატივას ნუ გამოიჩენთ, უმჯობესია დინებას მიჰყვეთ და მიმდინარე საქმეები დაასრულოთ. გადაწყვეტილების მიღებისას სწრაფად და უყოყმანოდ უნდა იმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელსაყრელ შანსს ხელიდან გაუშვებთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სიახლეები – სავარაუდოდ, თქვენი ოცნების ადამიანს შეხვდებით, რომელიც თქვენი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა გახდება.

მშვილდოსანი

ამ დღეს საყოველთაოდ მიღებული წესები უნდა დაიცვათ, მითითებებს მიჰყვეთ და პირობა არ დაარღვიოთ. ენდეთ, საკუთარ ინტუიციას და წინასწარმეტყველურ ნიჭს. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ასეთი ძალა ნამდვილად გაქვთ და ეცადეთ, ის საკუთარ თავში აღმოაჩინოთ. უმჯობესია მოლაპარაკებები ან სამუშაო დისკუსიები სხვა დღისთვის გადადოთ.

თხის რქა

თქვენი აქტიური პოზიცია პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. გუნდური მუშაობა ინდივიდუალურზე უფრო ნაყოფიერი იქნება – გაუზიარეთ თქვენი იდეები და წინადადებები კოლეგებს, იყავით მეგობრული და მშვიდად მიიღეთ კრიტიკა. საყვარელი ადამიანის ქცევა მოსვენებას არ გაძლევთ, მაგრამ ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. ეს თქვენს ურთიერთობაში მცირე შეფერხებაა და სხვა არაფერი.

მერწყული

ამ დღეს სასიამოვნო და სასარგებლო ნაცნობობა გელით. ადამიანი, რომელსაც გაიცნობთ, მომავალში თქვენი კარგი მეგობარი გახდება. ემოციების კონტროლი და რაციონალური მიდგომა მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ, უკეთესი იქნება, თუ დაგროვებას დაიწყებთ. მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავეთ, რადგან ამჟამად სწრაფად მოქმედების რესურსი არ გაქვთ. მიეცით საკუთარ თავს დასვენების უფლება და, უბრალოდ, მოდუნდით.

თევზები

გადაწყვეტილების მიღებისას წარსული გამოცდილება და ძველი შეცდომები არ დაივიწყოთ. ეცადეთ, არაკეთილსინდისიერ ადამიანებთან ბრძოლაში სიმართლის დასამტკიცებლად მეტი ინფორმაცია და მტკიცებულება მოიპოვოთ. მოთმინება მოიკრიბეთ და სამართლიანობის აღდგენას შეძლებთ.

,,დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ! – თქვენ, საქართველოს დადუმებულო ელჩებო”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დიპლომატებს დიპლომატიის დღეს ვერ მიულოცავს.

პრეზიდენტი საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე განმარტავს, თუ რატომ არ აქვს ქართველი დიპლომატებისთვის მილოცვის სურვილი.

“დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ!

მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ, სწორედ ჩემი ინიციატივით დაარსდა ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც უკავშირდება სულხან საბა ორბელიანის სახელს და მოღვაწეობას და ასეთ იუბილეს უნდა აღვნიშნავდეთ სიამაყით! მითუმეტეს, რომ სულხან საბა ჩვენი ევროპული მისწრაფებების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ევროპული გზის, რომელსაც მივაღწევთ მხოლოდ დიპლომატიით. მაგრამ არა, ვერა, არც მოლოცვის სურვილი, არც სიამაყის განცდა! დღეს მისი ხსენება სულ ცოტა უხერხულია, როცა ხელისუფლება იმ ნანატრ ევროპულ გზას ფეხქვეშ თელავს, როცა რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებს დიპლომატების უმრავლესობა დუმილით ხვდება და არ აპროტესტებს.

ამ დროს, თქვენ, საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში და კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის???გადადგომას თუ ვერ ბედავთ, ხმის ამოღებასაც ვერა, ან განსხვავებულ აზრის დაფიქსირებას, აბა რაღა დაგრჩენიათ? ნუთუ ესოდენ გეშინიათ?!

რა სულხან საბა, რა ღირსება, რა პროფესიონალიზმი? … მშვიდობა სწორედ, მაშინაა საფრთხეში, როცა ქვეყანას არ გივარგა დიპლომატია! თავისუფლება, მაშინაა საფრთხეში, როცა ვინც ემსახურება სახელმწიფოს, იმას საკუთარი ლანდის ეშინია! დამოუკიდებლობა კი საფრთხეშია, როცა ისინი, ვინც გარეთ უნდა განგაშის სიგნალებს აწვდიდნენ ჩვენ პარტნიორებს რუსეთის ჰიბრიდულ ქმედებებს ვითომც და ვერ იმჩნევენ! გაქვავებულები, გამქრალნი, საელჩოებში, ვით სოროებში დამალულნი, არავის მათი ხმა არ გაუგია, არჩევნებში ემიგრანტების ხმის მიცემის კონსტიტუციის დაცულიუფლებაც ვერ დაიცვეს და იმალებიან… ოღონდ ვინმეს არ გაახსენდეს მათი არსებობა! ისტორია არ დაგივიწყებთ და სულხან საბას კი მოეშვით ! მისი ხსენება ვერ გიშველით და მის სახელს ჩრდილს უყენებთ!”, – წერს პრეზიდენტი.

თურქეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

თურქეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთთან ერთად 53-მა ხელმომწერმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთობლივი წერილით მიმართა, რომელშიც მოითხოვენ ისრაელისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

წერილი, რომელიც თურქეთის ინიციატივით მომზადდა, ხელმოწერილია 52 ქვეყნისა და ორი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და გაერო-ში პირველ ნოემბერს წარადგინეს. ხელმომწერებს შორის იყვნენ საუდის არაბეთი, ბრაზილია, ალჟირი, ჩინეთი, ირანი და რუსეთი, ორგანიზაციებს შორის კი არაბული ლიგა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია.

„ჩვენ ყველა შესაძლებლობისას უნდა გავიმეოროთ, რომ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა გენოციდში თანამონაწილეობას ნიშნავს“, – განაცხადა ფიდანმა პრესკონფერენციაზე.

,,თუ ამერიკა გახდება მშვიდობის მომხრე, მაშინ ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრედ” -ვიქტორ ორბანი

ევროპას მოუწევს გადახედოს უკრაინის მხარდაჭერას, თუ დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩევა. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, კონტინენტი „მარტო ვერ ატარებს ომის ტვირთს“. ორბანის განცხადებით, ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ „ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრედ“.

„ამერიკაში მშვიდობის მომხრე პრეზიდენტი, იქნება, რისიც მე არა მხოლოდ მჯერა, არამედ ციფრებსაც ასე ვკითხულობ… თუ მოხდება ის, რასაც ჩვენ მოველით და ამერიკა გახდება მშვიდობის მომხრე, მაშინ ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრედ”, – დასძინა მან.

ორბანის თქმით, უკრაინა იქნება განხილვის თემა მომავალ კვირაში ბუდაპეშტში ევროპელი ლიდერების შეხვედრისას.

„ევროპა მარტო ვერ ატარებს (ომის) ტვირთს და თუ ამერიკელები გადაერთვებიან მშვიდობაზე, მაშინ ჩვენც გვჭირდება ადაპტაცია და ეს არის ის, რასაც განვიხილავთ ბუდაპეშტში“, – დასძინა მან.

,,თუ რამე გინდათ, გაწყვიტეთ ვაჭრობა რუსეთთან, აიღეთ იარაღი ხელში და იომეთ”- თენგიზ შარმანაშვილი

იმის გამო, რომ რუსული საფრთხე აიცილონ, ბალტიელები დაუფარავად გვერეკებიან ომში. ჩვენ სანქციებისკენ მოგვიწოდებენ და თუნდაც რუსეთში ალკოჰოლის ექსპორტით გვისწრებენ. ჩვენ ავღანეთში ამხელა მსხვერპლი გვქონდა ნატოს ოპერაციაში და მაგათი სამხედროები შტაბიდან ცხვირს არ ყოფდნენ, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.

როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, ჩვენ მხოლოდ მაშინ ავიღებთ იარაღს, როდესაც ჩვენი ინტერესების შესაბამისი იქნება.

„იმის გამო, რომ რუსული საფრთხე აიცილონ, ბალტიელები დაუფარავად გვერეკებიან ომში. ჩვენ სანქციებისკენ მოგვიწოდებენ და თუნდაც რუსეთში ალკოჰოლის ექსპორტით გვისწრებენ !!!! ჩვენ ავღანეთში ამხელა მსხვერპლი გვქონდა ნატოს ოპერაციაში და მაგათი სამხედროები შტაბიდან ცხვირს არ ყოფდნენ. მიეჩვივნენ ჩვენ ხარჯზე სამოთხისკენ მოძრაობას. აღარ გამოგივათ. გეყოთ. თუ რამე გინდათ, გაწყვიტეთ ვაჭრობა რუსეთთან, აიღეთ იარაღი ხელში და იომეთ იმ ღირებულებებისთვის, რისი დაცვისკენაც მოგვიწოდებთ. ჩვენ მხოლოდ მაშინ ავიღებთ იარაღს, როდესაც ჩვენი ინტერესების შესაბამისი იქნება. მოკავშირეობაც თქვენზე უკეთესი ვიცით ბევრად, ბევრჯერ დავამტკიცეთ. ჩვენი ბრალია, რომ ასეთი სულელები გგონივართ. თუმცა, ამას ბევრი ჩემი უსამშობლო თანამოქალაქე უწყობს ხელს სამწუხაროდ. ამ შეურაცხყოფებს კი დავიმახსოვრებთ.“-წერს შარმანაშვილი.

ევროკავშირმა Temu-ში აკრძალული პროდუქტების გაყიდვის საქმეზე გამოძიება დაიწყო

 ევროკავშირმა ოფიციალური გამოძიება დაიწყო, რომელიც ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა Temu-ში აკრძალული პროდუქტების გაყიდვას ეხება. ასევე, განიხილავენ მის დიზაინსაც, რომელიც მომხმარებლებში მასზე დამოკიდებულებას აჩენს, რადგან თამაშის მსგავსად ჯილდოებზეა აგებული.

„რეალური ეჭვებია იმის შესახებ, რომ აკრძალული პროდუქტების გაყიდვის წინააღმდეგ საკმარისი და ეფექტიანი ნაბიჯები არ იდგმება”, – აცხადებენ ევროკომისიაში.

საუბარია მედიკამენტებზე, სათამაშოებსა და კოსმეტიკურ საშუალებებზე. მიმდინარე წელს ევროპის სავაჭრო ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Temu-ში ნაყიდი 19 სათამაშოდან უმეტესობა ბავშვების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყო. ისინი საშიშ ნივთიერებებს შეიცავდა და მახვილი კუთხეები ჰქონდა.

„ჩვენი ძალისხმევა იმის გარანტიას გვაძლევს, რომ წარმატების თანასწორუფლებიანობას უზრუნველვყოფთ და ყველა პლატფორმა, მათ შორის Temu, პატივს სცემს ყველა იმ კანონს, რომლებიც ევროპის ბაზარს უსაფრთხოსa და სამართლიანს ხდის”, – ამბობს ევროკომისიის წარმომადგენელი, მარგრეტ ვესტაგერი.

მართალია, Temu პლატფორმიდან აკრძალულ პროდუქტებს დროდადრო შლის, მაგრამ ისინი მალევე ისევ ჩნდება. ევროპაში მიაჩნიათ, რომ ეს კონტროლის სისტემის გაუმართაობაზე მიანიშნებს, რაც უნდა გამოსწორდეს.

ევროპის ბაზარზე Temu 2024 წლის აპრილში შევიდა და ამ რეგიონში უკვე 90 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ეს პოპულარობა მას ვალდებულს ხდის, რომ ციფრული სერვისების კანონს დაემორჩილოს, რომელიც ძალაში გასულ წელს შევიდა და ჯარიმებსაც ითვალისწინებს.

ამის თავიდან ასაცილებლად Temu-მ უნდა დაამტკიცოს, რომ ევროკავშირის ეჭვები უსაფუძვლოა ან პლატფორმაში ეფექტიანი ცვლილებები შეიტანოს.

რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ბელოზერკას დასახლებას დაარტყეს, მტრის თავდასხმის ქვეშ სასწრაფო სამედიცონო დახმარების ბრიგადა მოექცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაბომბვის დროს ქუჩაში მყოფი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლი და ექთანი დაშავდნენ. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც.

საკოორდინაციო შეხვედრა შედგა, რომელსაც ყველა კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ, ვემზადებით სრული მობილიზებისთვის – ბრძოლა იქნება ბოლომდე – ირაკლი კუპრაძე

„ძლიერი საქართველოს“ წევრის ლიდერის, ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, ოპოზიციის საკოორდინაციო შეხვედრას სამი ოპოზიციური კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ.

კუპრაძის თქმით, “ძლიერი საქართველოს” შტაბში გამართულ შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ პარტია “გახარია – საქართველოსთვის” წევრები.

მისივე თქმით, ბრძოლა ბოლამდე გაგრძელდება.

“საკოორდინაციო შეხვედრა შედგა, რომელსაც ყველა კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ. ხვალინდელი ღონისძიება იგეგმება, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად! მაქსიმალურად ვემზადებით, სრული მობილიზებისთვის, მათ შორის მტკიცებულებების წარმოსადგენად, რომელიც ამტკიცებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიისაკუთრა, გააყალბა არჩევნები და სამწუხაროდ, ამაში მრავალი ათასი ადამიანი ჩართული ჰყავდა. ბრძოლა ბოლომდე იქნება, არ ვაპირებთ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას და პარლამენტში შესვლას“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, „გაყალბებულ არჩევნებს არავინ მიანიჭებს ლეგიტიმაციას“.

„საერთაშორისო პარტნიორებთან და ელჩებთან შეხვედრა ორი დღის წინ შედგა. ამას ესწრებოდა 26 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა, მათ შორის პირველი პირები – ელჩები. არის ძალიან სწორი პოზიცია მათი მხრიდან, რომ არჩევნები ჩატარდა უმძიმესი დარღვევების ფონზე და ისინი ელოდებიან მტკიცებულებებს, რომელიც ჩვენ უკვე გავაცანით და ასევე, ელოდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საბოლოო შემაჯამებელ დასკვნებს, რაც ასევე, არის ძალიან კრიტიკული პირველადი ინფორმაციით და საბოლოოდ მიიღებს იმ ფორმას, რომ ლეგიტიმაციას გაყალბებულ არჩევნებს არავინ არ მიანიჭებს.

პრეზიდენტთან კოორდინაცია არსებობს. ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი იმისთვის, რომ არჩევნები საზოგადოებამ დაიცვას – პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა და მან უკვე გააკეთა ბევრი რამ იმისთვის, რომ არსებობდეს კონსოლიდაცია, კომუნიკაცია და ასევე, ის მუდმივად კონსულტაციებს აწარმოებს და კონტაქტშია დასავლეთის პირველ პირებთან. კერძოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებთან, პრემიერ-მინისტრებთან და ცდილობს მაქსიმალურად, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესები დაიცვას”, – განაცხადა კუპრაძემ.

ქურდებს სურთ, ჩვენი ხმები და ქვეყანა იყიდონ, მაგრამ ხალხის ძალა უფრო ძლიერია, ვიდრე მათი მაქინაციები – მაია სანდუ

ხმა მივეცი მოლდოვას, მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ სწორ არჩევანს ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ, – მოლდოვური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა მაია სანდუმ მას შემდეგ განაცხადა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არჩევანი დააფიქსირა.

„დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი ხმა და ჩვენი დამოუკიდებლობა. ქურდებს სურთ იყიდონ ჩვენი ხმა და ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ხალხის ძალა უსაზღვროდ უფრო ძლიერია, ვიდრე მათი ნებისმიერი მაქინაცია“, – აღნიშნა სანდუმ.

მან მოლდოველებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„მოლდოვას სიძლიერე თითოეულ თქვენგანშია, გამოდით ხმის მისაცემად რწმენით და იმედით. თავი მაღლა, მოლდოველებო!“, – ციტირებს სანდუს ადგილობრივი მედია.

დონალდ ტრამპი ომს ვერ შეაჩერებს და თუ ნამდვილად ეცდება შეიძლება ახალი ჯონ კენედი გახდეს – დიმიტრი მედვედევი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომს ვერ შეაჩერებს, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს.

მისი მტკიცებით, თუ დონალდ ტრამპი ომის შეჩერებას შეეცდება, შესაძლოა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ბედი გაიზიაროს, რომელიც 1963 წელს მოკლეს.

“დაღლილი ტრამპი, რომელიც შემდეგნაირ ბანალურ აზრებს გამოთქვამს : “მე შემოგთავაზებთ გარიგებას” და “მე მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა…”, ასევე იძულებული იქნება, დაიცვას სისტემის ყველა წესი. ის ომს ვერ შეაჩერებს და თუ ნამდვილად ეცდება, შეიძლება ახალი JFK (ჯონ ფიცჯერალდ კენედი) გახდეს“, – აცხადებს მედვედევი.

საქართველოში 4 ნოემბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება

4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

„გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებს ჩაუტარდა.

ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 000ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სეზონურ გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა განთავსებულია ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/content/666ecf18-b8a9-446b-8a9d-f48cfb1e6c22

დასავლეთი აკვირდება ოპოზიციის ქმედებებს და როდესაც ქუჩის სტრატეგიის გამოყენებით ვერ იქნება შედეგი მიღწეული, ოპოზიციას მიუვა ბრძანება, შეწყვიტონ ქუჩაში აურზაური და შევიდნენ პარლამენტში – დიმიტრი ხუნდაძე

ოპოზიციას ქუჩის სტრატეგიის არჩევის გარდა სხვა გზა არ აქვს, ის არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში, – განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის გეგმა – რევოლუციის გზით შეცვალონ ხელისუფლება, არ შედგება.

„არჩევნების შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებული მტკიცებულებები რომ არ არსებობს, ეს იცის, ყველამ, მათ შორის დასავლეთმა. არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, თუმცა ოპოზიციის მოლოდინი იმ გეგმის შესრულების შესახებ, რასაც ჯერ კიდევ არჩევნებამდე გეგმავდნენ, მათში დღესაც არსებობს. ისინი ფიქრობენ, რომ რევოლუციის გზით შეძლებენ შეცვალონ ხელისუფლება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს შეუძლებელი იყო არჩევნებამდეც, მაგრამ არჩევნების შემდეგ, თეორიული შანსიც დაკარგულია. შეუძლებელია ქვეყანაში გამოიწვიონ რყევები, რევოლუცია და შეცვლა ხელისუფლების, რომელიც გარე დაკვეთებს არ ასრულებს და არ დგას ცალფეხზე.

ოპოზიციას ქუჩის სტრატეგიის არჩევის გარდა სხვა გზა არ აქვს, ის არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში.

დასავლეთი აკვირდება ოპოზიციის ქმედებებს და მას შემდეგ, რაც ქუჩის სტრატეგიის გამოყენებით ვერ იქნება შედეგი მიღწეული, ოპოზიციას მიუვა ბრძანება, შეწყვიტონ ქუჩაში აურზაური და შევიდნენ პარლამენტში.

ჩვენ გვახსოვს როცა ოპოზიციას გარედან არ აძლევდნენ უფლებას შესულიყვნენ პარლამენტში, მაგრამ მას შემდეგ, რაც არ შედგა მათ მიერ დაგეგმილი აურზაური და რევოლუცია, ნაწილ-ნაწილ შემოვიდნენ პარლამენტში და ასე იქნება ახლაც,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.