Home Blog Page 409

კომპანია კიდევ უფრო გაამკაცრებს სამგზავრო გადახდის სისტემის ტექნიკური შემოწმების პროცესს – კომპანია „მს+“

კომპანია კიდევ უფრო გაამკაცრებს სამგზავრო გადახდის სისტემის ტექნიკური შემოწმების პროცესს, რომ მომავალში დაზღვეული ვიყოთ მსგავსი ინციდენტისგან, – ნათქვამია შპს „მს+“-ის განცხადებაში, რომელიც კომპანიამ დღეს სავარაუდოდ, კიბერშეტევის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემის დროებით გათიშვასთან დაკავშირებით გაავრცელა.

„ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემაში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. უმოკლეს დროში დაიწყო მის დასადგენად აქტიური მუშაობა. გაითიშა გადახდის აპარატები. მიმდინარეობს ტექნიკური შემოწმება, ხარვეზის უმოკლეს დროში აღმოსაფხვრელად. შპს „მს+“ ბოდიშს უხდის მგზავრებს სერვისის შეწყვეტის გამო. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ხარვეზი, რაც დისკომფორტს უქმნის მგზავრებს და მათ გადაადგილებას. იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევა სამომავლოდ იყოს აღმოფხვრილი, კომპანია კიდევ უფრო გაამკაცრებს სამგზავრო გადახდის სისტემის ტექნიკური შემოწმების პროცესს, რომ მომავალში დაზღვეული ვიყოთ მსგავსი ინციდენტისგან”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდები აღდგენილია.

ევროკომისიამ ილონ მასკის სოციალური ქსელი X, შესაძლოა, ასეულობით მილიონი ევროთი დააჯარიმოს

ევროკომისიამ ილონ მასკის სოციალური ქსელის, „იქსის“ შესახებ წინასწარი გამოძიება დაასრულა და მას, შესაძლოა, მრავალმილიონიანი ჯარიმა დააკისროს.

ამის შესახებ გერმანული გაზეთი Handelsblatt-ი იუწყება.

ევროკომისიის ციფრული სერვისების აქტის ფარგლებში, 2023 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ინტერნეტკომპანიებს მკაცრ რეგულაციებს უწესებს.

აქტის ფარგლებში, „იქსს“ ედავებიან სარეკლამო გამჭვირვალობის წესების დარღვევას, გამომძიებლებისთვის საკმარის მონაცემებზე წვდომის შეზღუდვას და მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ე.წ. ლურჯი ნიშნის მინიჭებით.

გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, „იქსს“, შესაძლოა, ასეულობით მილიონი ევროს გადახდა მოუწიოს.

ციფრული სერვისების აქტის წესების მიხედვით, „იქსი“, როგორც ძალიან დიდი პლატფორმა, განსაკუთრებულ ვალდებულებებს იღებს, რომ მიიღებს ზომებს სიძულვილისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ასევე, შეზღუდავს ახალგაზრდებში დამოკიდებულების რისკს.

მანამდე ილონ მასკმა ევროკავშირს ცენზურის ორგანო უწოდა და ევროკავშირის მხრიდან რეგულირებას აზრის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა უწოდა. ილონ მასკს ასევე მხარი დაუჭირა კომპანია „მეტას“ ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმაც, რომელმაც დონალდ ტრამპს სთხოვა, არ დაუშვას ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმება ევროკავშირის მიერ.

ტყუილია ის ნარატივი, რადიკალი ოპოზიციონერები რომ ავრცელებდნენ, თითქოს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ, თავად გახარიამაც დაადასტურა, რომ კონფლიქტი მისი დაწყებულია -დავით მათიკაშვილი

გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ბათუმში, სასტუმროში კონფლიქტი მისი დაწყებულია; დაადასტურა, რომ თავს დაესხა სასტუმროში კონკრეტულ პირს, რასაც, შესაბამისად, პასუხი მოჰყვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ის ცრუ ნარატივი, რომელსაც ავრცელებდნენ რადიკალი ოპოზიციონერები, თითქოს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ, ტყუილია.

„ცხადია, რომ ძალადობა მიუღებელია, თუმცა მაშინ, როდესაც ძალადობის ავტორი შენ ხარ, ბუნებრივია, ის მოლოდინი, რომ ამ ძალადობას პასუხი მოჰყვება, უნდა გქონდეს. შესაბამისად, ის ნარატივი, რომელსაც დღემდე ავრცელებდნენ რადიკალი ოპოზიციონერები, თითქოს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ და მის მიმართ განახორციელდა ძალადობა ყოველგვარი პროვოცირების გარეშე, ტყუილია. ეს თავად გახარიამაც პირდაპირ დაადასტურა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა: „მე მქონდა რეაქცია ორგანიზებულ თავდასხმაზე, რომელიც მიმდინარეობდა სხვადასხვა ფორმით, სიტყვიერად და ასე შემდეგ, რეაქცია იყო ქაღალდის ჭიქით ყავის შესხმა, დიახ, მე ეს გავაკეთე“.

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ევროკავშირი უსამართლოდ ექცევა ამერიკას – ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ, საქართველომ, ქართველებმა რაღა უნდა ვთქვათ?! -კახა კალაძე

ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ევროკავშირი უსამართლოდ ექცევა ამერიკას. ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ მაშინ – ჩვენ, საქართველომ, ქართველებმა რაღა უნდა ვთქვათ?! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს, ქართველებს უსამართლოდ ექცევა.

„ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირი უსამართლოდ ექცევა ამერიკას. ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ მაშინ – ჩვენ საქართველომ, ქართველებმა რაღა უნდა ვთქვათ?! ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოდის და ევროპას ეუბნება, რომ ისინი უსამართლოდ ექცევიან ამერიკას და ამერიკელებს. რა თქმა უნდა, ჩვენც უსამართლოდ გვექცევიან. ეს ჩანს მათ გადაწყვეტილებებში და განცხადებებში. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რამე შეიცვლება ევროკავშირშიც და იმ ბიუროკრატიაშიც, რომელიც დღეს ევროკავშირის ხელმძღვანელობის სახით არის წარმოდგენილი“, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძემ ჟურნალისტებთან აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზეც ისაუბრა. როგორც კალაძემ განმარტა, მას ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ „ახალი ადმინისტრაცია, რომელიც რამდენიმე დღეა შეუდგა მუშაობას, საქართველოსთან მიმართებით სამართლიანები იქნებიან“.

„რა თქმა უნდა, არავის სიამოვნებს ის ვითარება, ურთიერთობები, რაც წინა ადმინისტრაციასთან იყო. ესეც რა თქმა უნდა, დაფუძნებული სიცრუეზე, ტყუილზე. გვინდა, რომ გადაიტვირთოს აღნიშნული ურთიერთობები და გავაგრძელოთ მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება“, – აღნიშნა კალაძემ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 25 იანვარს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8834 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8834 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8627 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0207ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0247 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9821 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0426 ლარი შეადგინა.

“შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი ომის შეჩერებას უკრაინაში? ეს კითხვა ჯერ-ჯერობით პასუხგაუცემელი რჩება”-Daily Express

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ექსპერესში“ (Daily Express) დაბეჭდილია სტატია სათაურით: “შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი ომის შეჩერებას უკრაინაში? ეს კითხვა ჯერ-ჯერობით პასუხგაუცემელი რჩება“ (ავტორი – კონორ უილსონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დონალდ ტრამპი უკვე სამი დღეა ამერიკის პრეზიდენტია, რაც იმას ნიშნავს უკრაინასთან მიმართებით, რომ თავისი პირველი დაპირების შესრულება მან უკვე ორი დღით დააგვიანა.

ყველას კარგად გვახსოვს, რომ ბოლო დრომდე დონალდ ტრამპი განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ  სწორედ იგი არის ის ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტა სწრაფად შეუძლია – ომისა, რომელმაც ასობით ათასი სიცოცხლე შეიწირა.

რა თქმა უნდა, არავინ არ აღიქვამდა ზუსტი მნიშვნელობით რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის განცხადებებს, რომ იგი 24 საათში დაამთავრებდა სამწლიან ომს, თუმცა, მისი მომხრეების თქმით, მთლიანად ამის გამორიცხვაც არ შეიძლებოდა – იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტს იურიდიულად და რეალურად უდიდესი გავლენა აქვს და თუ ამას დონალდ ტრამპის ავტორიტეტსაც დავამატებთ, შეიძლებოდა მისი ნათქვამის უდავოდ მიღება.

ჰოდა, გუშინ, 23 იანვარს, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში დაბრუნების შემდეგ, რეპორტიორების წინაშე გამოსვლისას, პირადად გააფრთხილა თავისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი, რომ თუ იგი გარიგებას არ თანხმდება, „ამით რუსეთს დაანგრევს. რუსეთი ძალიან დიდ უბედურებაში ჩავარდება“. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი მზად არის მოლაპარაკებისათვის, რომლის მსვლელობაში მას შეუძლია მხარეები ერთმანეთთან იძულებით შეარიგოს, სურთ ეს მათ თუ არ სურთ.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ ვლადიმერ პუტინს ინაუგურაციის შემდეგ შეხვდებოდა, თუმცა ინაუგურაციაც უკან დარჩა, სამიტის კონტურები კი ჯერ-ჯერობით ჰორიზონტზე არ ჩანს.

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე მზად არის გარიგების დასადებად.  სხვათა შორის, ვლადიმერ პუტინიც იგივეს ამბობს, რომ მოლაპარაკებისთვის მზად არის… მაგრამ თავისი პირობებით.

გაუგებარია, თუ როგორ მოილაპარაკებენ მხარეები, როგორი იქნება ხელშეკრულება იმ დროს, როცა მოსკოვს და კიევს სრულიად კონფრონტაციული და საწინააღმდეგო მოთხოვნები აქვთ.

ამასობაში რუსეთის არმია ნელა, მაგრამ შეუპოვრად წინ მიიწევს დონბასში. რუსი ჯარისკაცები თანდათან არღვევენ უკრაინის თავდაცვას და ახალ ტერიტორიებს – სოფლებს და ქალაქებს იკავებენ.

ვლადიმერ პუტინს ჯერ საქმიანად არ ულაპარაკია დონალდ ტრამპთან, მაგრამ ინაუგურაცია მიულოცა და მზადყოფნა გამოხატა დიალოგის დასაწყებად.

როგორც საერთაშორისო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი აცხადებს, კრემლი ელოდება „კონკრეტულ წინადადებებს, რომლებიც რეალური მოლაპარაკების საფუძველი გახდება“, თუმცა მან თავი აარიდა დონალდ ტრამპის განცხადების კომენტირებას, რუსეთის სავარაუდო დანგრევის თაობაზე.

„ჩვენ ღია ვართ აშშ-ის ადმინისტრაციასთან სერიოზული დიალოგისათვის უკრაინასთან დაკავშირებულ კონფლიქტში. თუ ვაშინგტონიდან შესაბამის სიგნალებს მივიღებთ, ჩვენ მათ, ასე ვთქვათ, „ავიტაცებთ“ და ადეკვატურად ვუპასუხებთ“, – განაცხადა იური უშაკოვმა და იქვე დაამატა, რომ კრემლს ჯერ-ჯერობით ასეთი სიგნალები არ მიუღია.

შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი ომის შეჩერებას უკრაინაში? ეს კითხვა ამ ეტაპზე პასუხგაუცემელი რჩება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

ზელენსკის ადმინისტრაციამ ომის დაწყებისთვის ყველაფერი გააკეთა, ბაიდენმა და პუტინმა გეოპოლიტიკა ჩვენი თავებით ითამაშეს -ალექსეი არესტოვიჩი

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანი იყო, უკრაინის ყიდვა რუსეთთან ომისთვის, ეს ომი ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის მხრიდან რაციონალური კონსტრუქციაა, რომლებმაც გეოპოლიტიკა ჩვენი თავებით ითამაშეს, ახლა კი, ტრამპი და პუტინი ჩვენს თავებზე და ნანგრევებზე თაღს ააშენებენ,  – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციამ ომის დაწყებისთვის ყველაფერი გააკეთა, შედეგად დაიღვარა სისხლი, დაკარგულია მილიონობით ადამიანი, ჩამოშლილია ეკონომიკა, მიტაცებული და ცხოვრებისთვის უვარგისია ტერიტორიები, სანაცვლოდ კი არაფერი.

„პრეზიდენტმა ტრამპმა „ფოქს ნიუსს“ ინტერვიუ მისცა: 1. უკრაინაში ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს, ქვეყანა შიგნიდან ინგრევა; 2.ზელენსკის არ უნდა დაეშვა ომის დაწყება. ის ომობს გაცილებით დიდი არმიის წინააღმდეგ. გარიგების დადება შეგძვეძლო და ამ შეთანხმებას ფასი არ იქნებოდა, მაგრამ მან ომი გადაწყვიტა; 3.ზელენსკის სამხედრო მზადყოფნაში მყოფი არმია არ ჰყავდა, მსგავს ვითარებაში ნორმალური ადამიანები არ ომობენ; 4.ზელენსკიმ ახლახან თქვა, რომ მზად არის გარიგებაზე, მაგრამ ეს გაცილებით ადრე უნდა ეთქვა; 5. აშშ რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერ სანქციებს და ტარიფებს დააწესებს, თუ ის არ დათანხმება, ომის სწრაფ დასრულებას. მაგრამ ამას არ ვისურვებდი, მიყვარს რუსები, შესანიშნავი ხალხია.

ეს არ არის მხოლოდ ტრამპის შეფასება. ეს არის თითქმის, მთლიანად საერთაშორისო და აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობის, ისტებლიშმენტის შეფასება, რომელიც ფორმირებულია, სულ მცირე, სამი წლის წინ. უბრალოდ ტრამპმა ეს გარეთ გამოიტანა, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციას სხვა მიზანი ჰქონდა – უკრაინის ყიდვა რუსეთთან ომისთვის.

ტრამპი მუდმივად იყენებს ფორმულას „ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო“. ეს ომი ბაიდენის და პუტინის მხრიდან სრულად რაციონალური კონსტრუქციაა, რომლებმაც გეოპოლიტიკა ჩვენი თავებით ითამაშეს, ახლა კი, ტრამპი და პუტინი ჩვენს თავებზე და ნანგრევებზე თაღს ააშენებენ, და არ გვკითხავენ, ამ ჩარჩოს კონსტრუქციაზე – რამდენსაც არ უნდა პროვოცირებდეს ზელენსკი.

ეს ომი არის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაული. პუტინის ბრალია, ხოლო ზელენსკის პასუხისმგებლობა. ომის დაწყებისთვის ზელენსკის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა, ომს მაქსიმალურად უაზროდ აწარმოებს, საკუთარი იდიოტიზმისთვის ფასს უკრაინელების სისხლითა და უკრაინის მომავლის იხდის, ომში იპარავს ჩვენს და ამერიკულ ფულს და არ სურთ, მისი დასრულება ახლა, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილია და ცხადია, ჩიხში შესული ვითარებაა.

დავღვარეთ სისხლი, დავკარგეთ მილიონობით ადამიანი – დაღუპულები და ლტოლვილებია, რომლებიც აღარ დაბრუნდებიან, ეკონომიკა ჩამოშლილია, უამრავი ტერიტორიაა მიტაცებული და ცხოვრებისთვის უვარგისი და სანაცვლოდ არაფერს მივიღებთ.

ყველაფერი, რასაც 2023 წლის სექტემბრიდან ვსაუბრობ, პუნქტობრივად სრულდება.

ჩემი პოზიციაა – ყველა პოლიტიკოსი, რომელიც ომის დაწყებამდე და შემდგომ პერიოდში ხელისუფლებაში იყო, უნდა წავიდეს. მათი წასვლა, ასევე ომის მომზადების, ორგანიზებისა და წარმართვის გამოძიება – უკრაინისთვის ძალიან გრძელი და რთული გზის დასაწყისია“, – წერს ალექსეი არესტოვიჩი.

არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქაში დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი, რის შემდეგაც ჯგუფურად დამესხნენ თავს -გიორგი გახარია

მე მქონდა რეაქცია ორგანიზებულ თავდასხმაზე, რომელიც მიმდინარეობდა სხვადასხვა ფორმით, სიტყვიერად და ასე შემდეგ, რეაქცია იყო ქაღალდის ჭიქით ყავის შესხმა, დიახ, მე ეს გავაკეთე, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გახარიას თქმით, „მისი დაშინების ან განეიტრალების ეს სასაცილო მცდელობა პასუხს მიიღებს“.

„ბათუმში ვიყავი ჩვენი პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე. სასტუმრო „შერატონში“ რომ დავბრუნდი, შესასვლელშივე დამხვდა ადამიანთა რამდენიმე ჯგუფი. შესული არ ვიყავი, უკვე ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და, ფაქტობრივად, ახორციელებდნენ თავდასხმას. ეს იყო ჯგუფურად ორგანიზებული, რასაც მოჰყვა ჩემი შესაბამისი რეაგირება. ამავე დროს, იქვე ჩანდა, რომ ერთი ადამიანი ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა. სასტუმროს ლობი დაცლილი იყო საერთოდ ადამიანებისგან, მათ შორის სასტუმროს სტაფისგან. მას შემდეგ, რაც სასტუმროში შევედი და რეაქცია მოვახდინე, უკვე აშკარა იყო, რომ ეს ადამიანები რაღაც უხერხულად მოძრაობდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ, შემემჩნია, რომ ისინი იყვნენ შეიარაღებული. მას შემდეგ, რაც მოვახდინე რეაქცია და, მე ამას არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი, ისინი ჯგუფურად თავს დამესხნენ.

როგორც ექიმებმა მითხრეს, მე გონება დავკარგე. ამ ყველაფრის მოყოლა იმიტომ მიწევს, რომ დღეს როგორც მიდის გამოძიება, როგორც იქცევა ზოგიერთი პროპაგანდისტული ტელევიზია, ფაქტია, ისინი არ აპირებენ სამართლიანად გამოძიებას. ამაზე მიგვითითებს ის, რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ ორგანიზებული. რასაც იღებდნენ ტელეფონით, აღმოჩნდა ერთი კონკრეტული ტელევიზიის განკარგულებაში. ამასთან, ფაქტია, რომ გაქრა კამერები, კამერის ანაბეჭდები, რა იყო ამ კამერებზე ასახული. უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდებოდა „შერატონსა“ და მის მენეჯმენტზე, რომ ეს კამერები გამქრალიყო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ გვაქვს შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც დეტალურად დაადგენს ყველაფერს – ვინ მონაწილეობდა, როგორ იყო ეს ორგანიზებული, ვის მიერ იყო დაგეგმილი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემი დაშინების ან განეიტრალების ეს სასაცილო მცდელობა მიიღებს შემდეგ პასუხს, რომ მე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვპირდები – ძალადობისა და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში ვიქნები წინა ხაზზე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიმარჯვოთ. იმის შემდგომ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა როგორც რეპუტაცია, ასევე ქართველი ხალხის ის მცირე ნდობა, რომელიც დარჩენილი ჰქონდა, ყველაფერს გავაკეთებ, რათა მან დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი – ფული და ძალაუფლება. ეს არის ჩემი დაპირება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ და გჯეროდეთ, რომ ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, კითხვაზე, – „უშუალოდ ფიზიკური დაპირისპირება თქვენ დაიწყეთ პირველად თუ დიტო სამხარაძემ“, – გიორგი გახარიამ აღნიშნა:

„მე მქონდა რეაქცია იმ ორგანიზებულ თავდასხმაზე, რომელიც სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა – სიტყვიერად და ასე შემდეგ. ეს რეაქცია გამოიხატებოდა ქაღალდის ჭიქით ყავის შესხმით. დიახ, ეს მე გავაკეთე, რასაც ჰქვია ყავის შესხმა და ქაღალდის ჭიქის ტყორცნა“, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია 22 იანვარს თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

15 იანვარს ბათუმში, „შერატონ ბათუმში“ მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით 15 იანვარს დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 ჩვენ ვრჩებით იმ ვალდებულებების ერთგული, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ევროინტეგრაციასთან -ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვრჩებით იმ ვალდებულებების ერთგული, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ევროინტეგრაციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობებში არის სირთულეები, საქართველო განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირთან.

„მიუხედავად იმისა, რომ არის სირთულეები ურთიერთობებში, ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და ამის მორიგი გამოხატულებაა ის, რომ ჩვენ ყველა ვალდებულებას ვასრულებთ და, მათ შორის, ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულება გახლდათ შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა ევროკომისიისთვის. ეს არის ეკონომიკური რეფორმების გეგმა, ეს მოიცავს სამ წელიწადს – 2025-2026-2027 წლებისთვის არის გაწერილი ეს გეგმა, აქ საუბარია მაკროეკონომიკურ, ფისკალურ საკითხებზე. ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი მკაფიო ხედვა წარვუდგინეთ ევროკომისიას. ჩვენ, ბუნებრივია, ვრჩებით იმ ვალდებულებების ერთგული, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ევროინტეგრაციასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არჩევნები ჩატარდება 2028 წლის ოქტომბერში, მანამდე, ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები, რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია, იქაც სცადოს ბედი -ირაკლი კობახიძე

არჩევნები ჩატარდება საქართველოში 2028 წლის ოქტომბერში. ყველას ვურჩევ, მოემზადოს 2028 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა.

პრემიერის თქმით, მანამდე მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები და რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია, აქაც სცადოს ბედი.

„თქვენ იცით, რაც არის ოპოზიციის მოთხოვნები, პირველ რიგში, ეს არის რიგგარეშე არჩევნები. მე მინდა, ყველას  შევახსენო, რომ არჩევნები ჩატარდება საქართველოში 2028 წლის ოქტომბერში. ყველას ვურჩევ, მოემზადოს 2028 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის. მანამდე, ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები, შეუძლიათ, იქაც სცადონ ბედი. ეს არის ჩემი რჩევა რადიკალური ოპოზიციის მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.

თავისუფლად შეიძლებოდა 2008 წლის ომის თავიდან აცილება, შეიძლებოდა უკრაინაში ომის თავიდან აცილება, თუმცა, კონკრეტულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ უკრაინაში ომი მომხდარიყო – ირაკლი კობახიძე

ეს იყო დამანგრეველი ომი, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა უკრაინაში, თუმცა, არაერთმა სუბიექტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ განხორციელებულიყო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზესტაფონში.

პრემიერის თქმით, თავისუფლად შეიძლებოდა 2008 წლის და ასევე უკრაინის ომის თავიდან აცილება, თუმცა, კონკრეტულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ უკრაინაში ომი მომხდარიყო.

„იმაზე, რომ უკრაინაში ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ჩვენ ვსაუბრობთ უკვე ძალიან დიდი ხანია. თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა და ამან მოუტანა დამანგრეველი შედეგები ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ომის თავიდან აცილება შეიძლება. შეიძლებოდა თავისუფლად 2008 წლის ომის თავიდან აცილება, შეიძლებოდა უკრაინაში ომის თავიდან აცილება, თუმცა, კონკრეტულმა ძალებმა ე.წ Deep State-მა, გლობალური ომის პარტიამ, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ უკრაინაში მომხდარიყო ომი. ეს იყო დამანგრეველი ომი, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა უკრაინაში, თუმცა, არაერთმა სუბიექტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ განხორციელებულიყო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში“, – განაცხადა პრემიერმა.

თბილისში მკვლელობა მოხდა – 26 წლის ბიჭი მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდეს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ლ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო. შემდეგ კი, ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.