Home Blog Page 406

ტეხასში სამართალდამცველებმა 80-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს -CBS News

აშშ-ის შტატ ტეხასში ჩატარებული რეიდების დროს სამართალდამცველებმა 80-ზე მეტი უკანონო მიგრანტი დააკავეს, რომელთა დეპორტაცია შემდგომში მოხდება.

ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, პოლიციამ რეიდები ქალაქებში დალასში, ფორტ უერტში, ირვინგში და კოლინის ოლქის სხვადასხვა ადგილას ჩაატარა. სამართალდამცველების განცხადებით, ეს უკანონო მიგრანტებთან ბრძოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ თანამდებობის დაკავებამდე თქვა, რომ უკანონო მიგრანტებთან მკაცრ ბრძოლას აპირებს. ინაუგურაციის შემდეგ მან მისი გეგმების სისრულეში მოყვანა დაიწყო. პირველი, რაც გააკეთა ტრამპმა, გააუქმა მისი წინამორბედის ჯო ბაიდენის განკარგულება, რომელიც მიგრანტების დაკავებას სკოლებთან და სამლოცველოებთან ახლოს კრძალავდა.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა.

ბელარუსის ცესკო-ს ცნობით, ლუკაშენკომ ხმების 86,82% მიიღო. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ კანდიდატს, ოლეგ გაიდუკევიჩმა მიიღო 2,02%, ანა კანაპაცკაიამ – 1,86%, სერგეი სირანკოვმა – 3.21%, ალექსანდრ ხიჟნიაკიმ – 1,74%, ხოლო ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა ამომრჩეველთა 3,60%-მა.

შეგახსენებთ, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურა. ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 5 325 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 85,70% შეადგინა. ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობას 1994 წლიდან იკავებს.

27 იანვარი წმინდა ნინოს ხსენების დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.

წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად და საქართველოს ციურ მფარველად მიიჩნევენ.

საქართველოში „ნინოობა“ წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 1 ივნისს, წმინდანის საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს.

წმინდა ნინო დაახლოებით 280 წელს დაიბადა კაბადოკიაში, ქრისტიანთა ოჯახში. ნინო ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. მამა — ზაბულონი, წმინდა გიორგის თანამოქალაქე და სამხედრო პირი იყო, დედა — სოსანა იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და იყო. მას შედეგ, რაც ნინოს მამამ გადაწყვიტა მიეტოვებინა ოჯახი, წასულიყო მონასტერში და აღკვეცილიყო ბერად, სოსანა 12 წლის შვილთან ერთად იერუსალიმში მიდის ძმასთან. პატრიარქმა იუბენალმა სოსანა ავადმყოფი და დავრდომილი ქალების მომვლელად დაადგინა, 12 წლის ნინო კი მოხუც ქრისტიან ქალს სარა ნიფორელს მიაბარეს აღსაზრდელად.

ძიძა გოგონას ხშირად უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების შესახებ. ნინომ აღმზრდელისგან შეიტყო, რომ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ მაცხოვრის კვართი ქართველ ებრაელებს ხვდათ წილად.

გადმოცემის თანახმად, წმიდა ნინო ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა უფლისადმი სიყვარულით, იგი ხშირად ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე. ერთ დღეს, ლოცვის დროს წმინდანს გამოეცხადა ღვთისმშობელი მარიამი, რომელმაც აკურთხა და უთხრა, რომ წასულიყო ჩრდილოეთის ქვეყანაში, რომელიც იყო ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა და ექადაგა ჭეშმარიტება. ნინომ ღვთისმშობელს უთხრა, რომ პატარა და უსწავლელი ადამიანი ამ დიდ საქმეს ვერ შეძლებდა, მაგრამ ღვთისმშობელმა მისცა ვაზის ჯვარი და უთხრა, რომ ყოველთვის მასთან იქნებოდა და დაიფარავდა. ხილვის დასრულების შედეგ ნინოს ხელში ვაზის რტოებისგან აწყობილი ჯვარი ეპყრა, რომელსაც თავისი თმა მოახვია. ნინომ ბიძამისს — პატრიარქ იუბენალს უამბო ამ ხილვის შესახებ, ბიძამაც დალოცა და აკურთხა იმ მისიის შესასრულებლად, რომელიც ღვთისმშობელმა მარიამმა დააკისრა მას.

ამის შედეგ წმინდა ნინო ერთ წარჩინებულ ქალთან ერთად ეფესოში მიდის ქრისტიანობის საქადაგებლად, სადაც მან ორი წელი გაატარა. შემდეგ ეფესოდან სომხეთისკენ გამოემართა წმინდანი, მის მიერვე ქრისტიანად მოქცეულ წარჩინებულ რიფსიმესთან და მის აღმზრდელ გაიანესთან ერთად, რომელნიც მოგვიანებით სომხეთის წარმართმა მეფემ ქრისტეს აღიარებისთვის სიკვდილით დასაჯა. წმინდა ნინო სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა და ფარავნის ტბის გზით საქართველოსკენ გამოემართა.

მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.

წმიდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.

საქართველოში იმ დროს მირიან მეფე მეფობდა, სატახტო ქალაქი მცხეთა იყო და ერი კერპთაყვანისმცემლობას მისდევდა. მცხეთაში წმინდა ნინო მაშინ მოვიდა, როდესაც ხალხი წარმართ მეფესთან ერთად მცხეთასთან ახლოს მდებარე მთაზე კერპებისთვის მსხვერპლის შესაწირად მიდიოდა. გადმოცემის თანახმად, მთავარი კერპი არმაზი იყო და მას გვერდებზე ორი შედარებით პატარა კერპის ქანდაკება ჰქონდა მიდგმული — გაც და გაი.

როდესაც წმინდანს დაუნახავს ამდენი ხალხი როგორ ემორჩილებოდა უსულო, წარმართულ ღმერთებს, თვალცრემლიანს ლოცვა დაუწყია უფლის წინაშე. წმინდანის ლოცვით ცა მოქუფრულა, საშინელი წვიმა და სეტყვა წამოსულა და სრულად დამსხვრეულა წარმართული კერპები. წმინდა ნინო ქალაქ მცხეთაში, მეფის მებაღის ცოლთან დასახლდა. ხშირად ლოცულობდა და მისი ლოცვით უფალი მრავალ სასწაულს უვლენდა მოსახლეობას, მრავალი სნეული განიკურნა, უშვილო ოჯახებს შვილი მიეცათ. წმინდანის შესახებ ბევრმა გაიგო. ერთხელ დედოფალი ნანა მძიმედ ავად გახდა და მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვით გახდა შესაძლებელი მისი განკურნება.

ნანა დედოფალმა მალევე ირწმუნა ნინოს ღმერთის არსებობა, მაგრამ მეფე მირიანი ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლად რჩებოდა. ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა ვეზირებთან ერთად (გადმოცემის მიხედვით, მეფე ნადირობდა სოფელ აღაიანის მიდამოებში). უეცრად ძალიან ძლიერი სიბნელე ჩამოწვა. მეფემ თავის წარმართ კერპებს მოუხმო, რათა ამ გასაჭირიდან ეხსნათ, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ დროს ტყუილად კარგავდა, გაახსენდა წმინდა ნინო და მეფემ თქვა — „ღმერთო ნინოისო, რომელი ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, განმინათლე ბნელი ესე ჩემზედა მოხვეული და გამოაბრწყინვე ნათელი, რათა აღვიარო სახელი წმიდა შენი და გადიდებდე“. არემარე მაშინვე განათდა. გახარებული მეფე მირიანი დაბრუნდა დედაქალაქ მცხეთაში და ყველას ახარა ამ სასწაულის ამბავი. სწორედ მეფე მირიანის დროს გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად.

ბიზანტიიდან მოიწვიეს მღვდლები და ეპისკოპოსი, მეფის ბრძანებით აკურთხეს არაგვი და გაიმართა საყოველთაო ნათლობა — ერი გაქრისტიანდა. ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.

წმინდანი სიღნაღში, ბოდბის მონასტერშია დაკრძალული და დღემდე მის საფლავთან უამრავი მორწმუნე მიდის.    ქართველთა განმანათლებლის წმიდა ნინოს ვაზის ჯვარი, რომელიც წმინდანს ღვთისმშობელმა გადასცა,   თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.

ტროპარი: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი: მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.

დონალდ ტრამპმა კოლუმბიას სავიზო და სატარიფო შეზღუდვები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიას სავიზო და სატარიფო შეზღუდვები დაუწესა.

ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 26 იანვარს კოლუმბიამ უარი თქვა ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე, რომლებშიც აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებოდნენ.

ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კოლუმბიის მხრიდან ეს ქმედება საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას. მან დაავალა თავის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ იმოქმედოს.

„საგანგებო 25-პროცენტიანი საბაჟო გადასახადი აშშ-ში შემოსულ ყველა საქონელზე, მგზავრობის აკრძალვა და კოლუმბიის მთავრობის თანამდებობის პირებისა და მათი მხარდამჭერებისთვის ვიზების გაუქმება, სავიზო სანქციები კოლუმბიის მთავრობის ყველა პარტიის წევრს, მათი ოჯახის წევრებსა და მხარდამჭერებს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით, რჩევა და მხარდაჭერა საყვარელ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ამ დღეს მცირე წინააღმდეგობაც კი განერვიულებთ, ამიტომ მხოლოდ კარგად ნაცნობი, მხიარული და ხალისიანი ადამიანების წრეში უნდა იტრიალოთ. ცვლილებებისთვის ხელსაყრელი დღეა, გირჩევთ ახალ, საინტერესო შეთავაზებას დაეთანხმოთ. ხელსაყრელ შანსზე უარს ნუ იტყვით და აიღეთ ის, რასაც ბედი გაძლევთ.

კურო

თუ შესაძლებელია, ამ დღეს შეხვედრებს ერიდეთ და საქმეები დისტანციურად მოაგვარეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, 27 იანვარს სახლიდან გასვლას და განსაკუთრებით, ხალხმრავალ ადგილებს ერიდოთ, რათა უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. ეცადეთ, ილუზიების საშიში სამყაროდან გამოხვიდეთ და რეალისტი გახდეთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მიიღეთ ვიტამინები და სწორად იკვებეთ.

ტყუპები

ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ შეგიძლიათ რთულ კითხვებს მარტივად უპასუხოთ ან ბიზნესპარტნიორებთან რთული მოლაპარაკებები აწარმოოთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ და ყურადღება სასიამოვნო აქტივობებზე გადაიტანოთ. იდეები, რომლებიც ამ დღეს გაგიჩნდებათ, შეიძლება მნიშვნელოვანი მოვლენების დასაწყისი იყოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გარისკოთ. გირჩევთ, ურთიერთობაში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და ადამიანები ნაკლებად აკრიტიკოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს სამომავლოდ არაფერი გადადოთ. დღის პირველი ნახევარი დაწყებული საქმეების დასრულებისთვის ხელსაყრელია. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც გიკარნახებთ წარმატების მისაღწევად რა უნდა გააკეთოთ.
შესაძლებელია იღბლიანი დამთხვევებიც, რომლებიც შეგიძლიათ თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო რთული იქნება. შესაძლოა გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, ამიტომ იმპროვიზაციისთვის უნდა მოემზადოთ.

ლომი

ამ დღეს ბევრი საქმე გაქვთ, ამიტომ თქვენი დრო და ენერგია ისე გაანაწილეთ, რომ რამდენიმე საქმე ერთდროულად დაასრულოთ. კარგად შედგენილი გეგმა დაგეხმარებათ, რომ არაფერი გამოგეპაროთ და მიზანს სწრაფად მიაღწიოთ. ფრთხილად იყავით საქმიანი მოლაპარაკების, გარიგების დადების და საბუთებზე ხელმოწერის დროს. ყურადღება არ მოადუნოთ ახალ ნაცნობებთან ურთიერთობისას. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, რომ საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება დაუთმოთ და სასიამოვნო ოჯახური დასვენება მოაწყოთ.

ქალწული

ამ დღეს გარემოებები ელვის სისწრაფით იცვლება და უამრავი მოულოდნელად წარმოქმნილი საკითხის მოგვარება მოგიწევთ. ეცადეთ, ოჯახთან ურთიერთობის დრო გამონახოთ და დაეხმარეთ მათ საყოფაცხოვრებო საქმეებში. თქვენი პირადი ხიბლი, მახვილი გონება და განვითარებული ინტელექტი ირგვლივ მყოფების ყურადღებას მიიპყრობს. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა პირადი ცხოვრების მოსაწყობად – გაატარეთ საღამო ლამაზ ადგილზე ან მოაწყვეთ რომანტიკული პაემანი პარკში.

სასწორი

ამ დღეს სამომავლოდ არაფერი გადადოთ. დღის პირველი ნახევარი დაწყებული საქმეების დასრულებისთვის ხელსაყრელია. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც გიკარნახებთ წარმატების მისაღწევად რა უნდა გააკეთოთ.შესაძლებელია იღბლიანი დამთხვევებიც, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო რთული იქნება. შესაძლოა გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, ამიტომ იმპროვიზაციისთვის უნდა მოემზადოთ. გირჩევთ შოპინგი სამომავლოდ გადადოთ, რადგან შეძენილმა ნივთმა შეიძლება იმედი გაგიცრუოთ.

მორიელი

27 იანვარს შეიძლება დამატებითი სირთულეების გადალახვა მოგიწიოთ. შეხვედრა, რომელსაც დიდი ხანი გეგმავდით, შეიძლება თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გადაიდოს. იყავით რეალისტი და ნუ დაჰპირდებით იმას, რისი ასრულებაც არ შეგიძლიათ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ მოდუნდეთ, დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ – ხვალ რთული და დამქანცველი დღე გელით. გახსოვდეთ, რომ ხისტი და უხეში განცხადებებს გაკეთებას უნდა მოერიდოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ეცადეთ, რომ ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ და აქტუალური საკითხები განიხილოთ. შოპინგისთვის ხელსაყრელი დღეა, თუმცა ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან თავი უნდა შეიკავოთ – შეიძლება მალე დიდი თანხა დაგჭირდეთ. მალე შეიძლება დიდი ხნის სურვილი აისრულოთ, თუ დიპლომატიურად განზე გადგებით და „კულისებიდან“ დაიწყებთ მოვლენების მართვას.

თხის რქა

მოერიდეთ კამათს, ნუ დაიწყებთ ჩხუბს წვრილმანებზე და გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას. არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად ან რაღაცის შესაცვლელად, რადგან სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ საქმიანი პარტნიორის სანდოობა შეამოწმოთ, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, სამუშაოზე არ იფიქროთ, კარგად დაისვენოთ და ძალა აღადგინოთ.

მერწყული

ამ დღეს მუშაობისა და რთული საკითხების მოგვარებისკენ ხართ განწყობილი, მაგრამ გადაღლამ შეიძლება თავის ტკივილი ან უმიზეზო გაღიზიანება გამოიწვიოს. სავარაუდოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ, ამიტომ თუ შესაძლებელია, მუშაობაზე უარი თქვით და მთელი დღე მშვიდ გარემოში გაატარეთ. გამოიჩინეთ მეტი გულისხმიერება და ზრუნვა თქვენი საყვარელი ადამიანების მიმართ.

თევზები

გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრება და სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინება დაგჭირდებათ. გირჩევთ, ზედმეტი დატვირთვის თავიდან ასაცილებლად ურთიერთობები შეზღუდოთ. შესაძლოა, მწვავე დებატებში მონაწილეობა და საკუთარი პრინციპების დაცვა მოგიწიოთ. პროფესიულ ცხოვრებაში ბევრი თქვენგანი შეძლებს ლიდერობის უნარი გამოავლინოს, რაც ხელმძღვანელობაზე დადებით შთაბეჭდილებას მოახდენს.

27 იანვრის მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

27 იანვარს საქართველოში ძირითადად მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 

ყინვა -3 გრადუსი მხოლოდ გუდაურშია მოსალოდნელი. ძირითად რეგიონებში სითბო მცირედით მოიმატებს. 

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +12 – მზიანი 

სოხუმი +13 – მზიანი 

ზუგდიდი +14 – მზიანი 

მესტია +4 – მზიანი 

ფოთი  +13 – მზიანი 

ბათუმი  +12 – მზიანი 

ოზურგეთი  +13 – მზიანი 

ქუთაისი  +14 – მზიანი 

ამბროლაური  +10 – მზიანი 

ახალციხე  +4 – მზიანი 

ბორჯომი  +4 – მზიანი 

ბაკურიანი  +1 – მზიანი 

გორი  +8 – მზიანი 

ცხინვალი  +6 – მზიანი 

სტეფანწმინდა  +1 – მზიანი 

გუდაური  -3 – მზიანი 

თელავი +7 – უმეტესად ღრუბლიანი

რუსთავი +9 – უმეტესად ღრუბლიანი

თბილისი +8 – უმეტესად ღრუბლიანი

,,შეწყალების გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან კოორდინაციით მივიღე ”- მიხეილ ყაველაშვილი

ეს ჰუმანური აქტია, რომელიც ალბათ საზოგადოებისთვის და ყველა ჩვენგანისთვის პოზიტიური გზავნილია, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მასშტაბურ შეწყალებაზე საუბრისას, გადაცემაში „იმედის კვირა“.

„როცა ამირჩიეს, ეს იდეა მაწუხებდა, გავუზიარე პრემიერ-მინისტრს და უფლება-მოსილების ცნობის შემდეგ დავიწეთ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა. დარწმუნებული ვარ, გახარებული იქნებოდნენ ოჯახის წევრები, დედმამიშვილები, მშობლები, მეგობრები და ეს მამოძრავებდა, რომ ეს აქტი აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო პირველივე ეტაპზე. გახარებული და მადლიერი ვარ, რომ ეს აქტი განხორციელდა.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ბალანსი ყოფილიყო დაცული ერთი მხრივ ჰუმანურობასა და მეორე მხრივ საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ პატიმრებზე, რომელთაც ჩადენილი აქვთ მსუბუქი დანაშაული და ასევე სასჯელის ძირითადი ნაწილი ვისაც აქვს მოხდილი. ამით ვიხელმძღვანელეთ და ეს პრინციპი იქნება დაცული შემდგომ ეტაპზეც“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ შეწყალების გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან კოორდინაციით მიიღო.

„საკმაო დრო გვქონდა, დაახლოებით სამ კვირაზე მეტი, რომ მიგვემართა უწყებებისთვის. ეს პრინციპი, რომელიც ჩვენ აღებული გვქონდა – მსუბუქი დანაშაულები და ვისაც მოხდილი აქვს ძირითადი სასჯელი, რა თქმა უნდა ინდივიდუალურ დონეზე ყოველი პატიმრის ქეისი იხილებოდა, მოთხოვნა ბევრად მეტი იყო, ვიდრე 613-ია. ყველა უწყებას ჰქონოდა თავისი პასუხისმგებლობა და ეს სამუშაო პროცესი დარწმუნებული ვარ მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, უსაფრთხოების სამსახური და ასევე მთავრობის სხვა რგოლებიც, კოორდინაციაში იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კითხვაზე აპირებს თუ არა მომავალშიც გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეცია, მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.

„თავისთავად ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ეს პოზიტიური ჰუმანური აქტი, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღებია იქიდან გამომდინარე, რომ არც თუ ისე მცირე რაოდენობაა ჩვენი პატიმრების, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ამ ჰუმანური აქტის განხორციელება აუცილებელია პრევენციისთვის, რომ სახელმწიფომ ნაბიჯები გადადგას ისეთი სფეროების მიმართულებით, რომელიც ამ კუთხით შეძლებს, ნაკლები დანაშაული ცდუნება რომ ჰქონდეს ადამიანს.

სწორედ ამ მიმართულებით იქნება განხორციელებული ქმედებები, როგორც განათლების მიმართულებით, ასევე ჯანსაღი ცხოვრების, სპორტის, კულტურის. ეს ისეთი დარგებია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენს საზოგადოებაში, ასევე ეკონომიკასა და ბიზნესში, გვაძლევს ჩვენ უკვე დღევანდელი დღე იმის საშუალებას, რომ თამამები ვიყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ინსტიტუტიც ამ კუთხით ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი იყოს განხორციელებული ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. 

,,აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება”- მაკა ბოჭორიშვილი

აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, პრემიერ-მინისტრის  არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ექნება პრეზიდენტთან. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ყველა უყურებს საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორს და ინვესტიციებისთვის ძალიან საინტერესო ქვეყანას.

“ვიზიტი განხორციელდება აბუ-დაბიში უმაღლეს დონეზე. პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ექნება პრეზიდენტთან, ასევე შეხვედრები უკვე გვქონდა სახელმწიფო მინისტრთან და მინისტრ ნაჰაიანთან. ორივე საქართველოსთვის არის ძალიან ახლო მეგობარი და მნიშვნელოვანი პარტნიორი.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება, არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რისი გამოყენებაც კარგად შეიძლება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვისთანაც დღეს გვქონდა საუბარი, ყველა უყურებს საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორს, ინვესტიციებისთვის ძალიან საინტერესო ქვეყანას, ქვეყანას, სადაც შეიძლება განხორციელდეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები, აქვს პოტენციალი და აქვს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები.

მნიშვნელოვანია, სწორედ ამ მიმართულებით გავაძლიეროთ ურთიერთობები, კიდევ უფრო მეტი სარგებელი ნახოს ქვეყანამ ეკონომიკური კუთხით, ამ ურთიერთობებიდან და ჩვენთვის მომდევნო წლებში მნიშვნელოვანი იქნება, რომ კიდევ უფრო კარგი შესაძლებლობები შევქმნათ ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებისთვის და ეს ვიზიტი, უმაღლეს დონეზე, კარგი შესაძლებლობა იქნება ამისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრს, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრს, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

„ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, ბიზნესის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებზე, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობაზე ორიენტირებულ პროექტებსა და მზარდ საექსპორტო პოტენციალზე.

ხაზი გაესვა თბილისის მშრალი პორტის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც აბუ დაბის პორტების ჯგუფის ინვესტიციით ხორციელდება და აღინიშნა მისი როლი შუა დერეფნის განვითარებაში. საუბარი ასევე შეეხო უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას, რომლის შედეგად, საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები განხორციელდება.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, რომლის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ სხვადასხვა სექტორში ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

ბულგარეთის მსოფლიო თასზე, საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები პლანეტის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა

ბულგარეთის მსოფლიო თასზე, საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები პლანეტის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. გუნდური ასპარეზობები ოცდამეთორმეტედ ფინალიდან დაიწყო, სადაც საქართველომ საუდის არაბეთი 45:38 დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე კი ირანის გუნდს 45:36 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.

ნახევარფინალში გადასასვლელი ბრძოლა ქართველმა მოფარიკავეებმა საფრანგეთთან დათმეს და საბოლოოდ ადგილი მსოფლიოს მასშტაბით, 8 საუკეთესო გუნდს შორის დაიმკვიდრეს.

ამავე ტურნირზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ემანუელ მაკრონის რეიტინგმა ახალი ანტირეკორდი დაამყარა

კვირას გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეიტინგმა ახალი ანტირეკორდი დაამყარა, მას შემდეგ, რაც ის 2017 წელს აირჩიეს.

გაზეთ Journal de Dimanche-ში გამოქვეყნებული Ifop-ის გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტის მუშაობა დადებითად, მხოლოდ გამოკითხულთა 21%-მა შეაფასა.

მისი პოპულარობა კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე ეს იყო 2019 წელს “ყვითელი ჟილეტების” მოძრაობასთან დაპირისპირების დროს, როდესაც ყოველკვირეული მაკრონის წინააღმდეგ გამართული პროტესტი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.

მაკრონის რეიტინგი ნოემბერში 22%-ს შეადგენდა, კვირას გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად კი, პრეზიდენტის რეიტინგი კიდევ უფრო შემცირდა, რაც ახალი ანტირეკორდია მისთვის.

გამოკითხულთა 35%-ი პრეზიდენტის მუშაობით უკმაყოფილოა, 45%-ი კი ძალიან უკმაყოფილოა. პრეზიდენტის მუშაობას დადებითად მხოლოდ 21%-ი აფასებს.

რაც ყველაზე შემაშფოთებელია, დეკემბრის გამოკითხვის შემდეგ, მაკრონის პოპულარობა ხანდაზმულებსა და პენსიონერებს შორის 10%-ით შემცირდა. მაკრონისთვის ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, რადგან მისი ამომრჩევლების დიდი ნაწილს, სწორედ ხანდაზმულები და პენსიონერები წარმოადგენენ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძეს აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი აჰმედ ალ საიე დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრთან, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან.

„ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან, რომლის ფარგლებში საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება.

ამასთან, დაგეგმილია შეხვედრა აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან და მის ლოგისტიკურ მიმართულებასთან, აბუ-დაბი პორტის ჯგუფთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული შუა დერეფნის განვითარებაში და თბილისთან ახორციელებს მშრალი პორტის პროექტს, რომელიც 2025 წელს დასრულდება. იგეგმება კომპანიასთან თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სტრატეგიულ, ლოგისტიკურ და სატრანსპორტო პროექტებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.