Home Blog Page 405

არის რისკი, რომ საპარლამენტო ასამბლეა აქციონ პარტიული იარაღის ინსტრუმენტად – შალვა პაპუაშვილი

ჩვენი ოპოზიცია უკვე დიდი ხანია ქცეულია შადიმანებად, რომლებიც საკუთარ ხალხს უპირისპირდებიან პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ყველზე პრობლემური ისაა, რომ ეს არ არის მათი პოლიტიკური მიზნები, არამედ არის მათი გარე ხელმძღვანელების პოლიტიკური მიზნები, ისინი კი ჩვეულებრივი მარიონეტები არიან, – განაცხადა უნგრეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

პაპუაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ ევროსაბჭოს ასამბლეის პრეზიდენტისა და საპარლამენტო ფრაქციებისთვის გაგზავნილი წერილის საკითხს.

„ამიტომ, ეს წერილები იწერება არა მათ ოთახებში, არამედ მისდით მითითება. არის სამწუხარო ტენდენცია, რომ ხდება საერთაშორისო ფორმატების პარტიული მიზნებისთვის გამოყენება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზეც ჩვენ ვხედავთ, რომ ამის რისკია, რომ საპარლამენტო ასამბლეა, როგორც დიალოგის ფორმატი აქციონ პარტიული იარაღის ინსტრუმენტად. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ გვახსოვს ევროპის სახალხო პარტია, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ არის მხარდამჭერი იმ რეჟიმისა, რომელმაც წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის დახურვა მოიტანა. გახსოვთ სააკაშვილისთვის შენახული ცარიელი სკამი ევროპის სახალხო პარტიის კონფერენციაზე, რაც რა თქმა უნდა სამარცხვინო ქმედება იყო, რომელიც დაცლილი იყო ყველაფრისგან რაც კი შეიძლება ევროპულად წარმოედგინოს ქართველ ხალხს. იმედი გვაქვს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები არ აჰყვებიან მათი იარაღად გამოყენების მცდელობებს ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფებისგან. თუკი რაიმე ასეთ გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს ეს პოლიტიკური დაჯგუფება, უპირველეს ყოვლისა ეს დააზიანებს თავად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ვინაიდან ძირს გამოუთხრის მას, როგორც დიალოგის პლატფორმას და დაანახებს ყველა წვერს, რომ ის შეიძლება პარტიულ ინსტრუმენტად აქციოს ამა თუ იმ პოლიტიკურმა დაჯგუფებამ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სტრასბურგში დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იხსნება. საქართველოს დელეგაცია, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, 29 იანვრის ჩათვლით, არაერთ შეხვედრას გამართავს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ მიმართა წერილით, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.

არსებობს ქართული ექსტრემისტი ოპოზიციის წერილი, რომელიც ძალიან ბევრ ცრუ არგუმენტს იყენებს, რათა ევროსაბჭოს ასამბლეა დაარწმუნოს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია არ უნდა იქნეს ასამბლეაზე დაშვებული – თეა წულუკიანი

შუამდგომლობებით ითხოვენ, რომ საპარლამენტო ასამბლეამ სალომე ზურაბიშვილი აღიაროს საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს დაევალოს ახალი არჩევნების ჩატარება და კულუარებში ისმის ის მოთხოვნაც, რომ შეიძლება იყოს გაჟღერებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა სტრასბურგში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საზოგადოებას ვუთხრათ და ვაცნობოთ თუ რა ხდება ადგილზე. დღეს 27 იანვარია და დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი სასტარტო პოზიცია. არსებობს ჩვენი ქართული ექსტრემისტი ოპოზიციის მიერ აქ გამოგზავნილი წერილი, რომელიც ძალიან ბევრ ცრუ არგუმენტს იყენებს იმისთვის, რათა აქაური ასამბლეა დაარწმუნოს იმაში, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია არ უნდა იქნეს ასამბლეაზე დაშვებული. არსებობს ასევე ორი სხვადასხვა შუამდგომლობა, რომელიც ელექტრონულად ტრიალებს რამდენიმე დღეა. ერთს აქვს 24 დეპუტატის მხარდაჭერა, მეორეს თუ არ ვცდები – 28. ორივე შუამდგომლობა მიზნად ისახავს იმას, რომ საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგში თქვას, რომ საქართველომ არ ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები. ეს შუამდგომლობები ითხოვენ, რომ საპარლამენტო ასამბლეამ სალომე ზურაბიშვილი აღიაროს საქართველოს პრეზიდენტად და არა მიხეილ ყაველაშვილი. ეს შუამდგომლობები ითხოვენ, რომ საქართველოს დაევალოს ახალი არჩევნების ჩატარება და კულუარებში ასევე, ეს ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ჩვენ აქ ვართ გუშინდელიდან და ისმის ის მოთხოვნაც, რომ შეიძლება იყოს გაჟღერებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა. აი, ეს არის საჯარო, გაცხადებული და გაუცხადებელი მოთხოვნები და რასაკვირველია ისმის გარკვეული სურვილები, რომ სხვადასხვა კანონი შეიცვალოს, თუმცა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე საჯაროდაც თქვა, რომ ჩვენს ხელისუფლებას გარკვეული მზაობა აქვს მხოლოდ ამ მიმართულებით თანამშრომლობის.

ჩვენ ყველას ვეუბნებით, ვისაც შევხვდით და დღეს კიდევ ხმამაღლა ვიტყვით და გავიმეორებთ, რომ არანაირი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ იგეგმება, არავითარი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რომ ჩვენ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობას ვაპირებთ ზუსტად ისე, როგორც ვთანამშრომლობდით თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში და რომ არავითარ სადამსჯელო ღონისძიება საქართველოს წინააღმდეგ ევროსაბჭოს მხრიდან… საქართველო და მისი დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით არ დაეთანხმება და არ შეეგუება. ვნახოთ რა გამოვა ამ ყველაფრიდან.

ამ შუამდგომლობებს, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ არის აღძრული, ძირითადად უკრაინელი და ბალტიისპირელი დეპუტატები, პოლონელი, ფრანგი და სხვადასხვა ეროვნების დეპუტატი აწერს ხელს. ერთ შემთხვევაში 24, მეორე შემთხვევაში – 28. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, ვინაიდან საჭიროა მხოლოდ 30 ხმა და მეტი არა, აღიძვრება საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო ასამბლეამ დაიწყოს განხილვა თემისა, არის თუ არა ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია უფლებამოსილი. ჩვენ არ ველოდები იმას, რომ ამ საკითხის განხილვა არ მოხდება, ამ საკითხის განხილვა დაიწყება იმიტომ, რომ ამხელა ასამბლეაში მხოლოდ 30 ხმაა ამისათვის საჭირო, ამიტომ დღეს ეს საკითხი იქნება მთავარი. განიხილება ანგარიში არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ძირითადი ბრძოლა არგუმენტების რა თქმა უნდა გაიმართება ხვალ და ოთხშაბათს ველოდებით, რომ იქნება კენჭისყრა, სადაც გადაწყდება ჩვენს დელეგაციას, ისე, როგორც ეს გაუხარდება ჩვენი ქვეყნის მტერ ქართულ ოპოზიციას, არ დაუშვებენ „პასეზე“, თუ დაუშვებენ და გააგრძელებს იმ სრულფასოვან წევრობას, რომელიც მან 90-იან წლებში მოიპოვა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

სტრასბურგში დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იხსნება. საქართველოს დელეგაცია, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, 29 იანვრის ჩათვლით, არაერთ შეხვედრას გამართავს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ მიმართა წერილით, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.

ერთ ქალბატონს მივმართავ: ვისი სისხლის დაღვრა გსურთ? – მეუფე იაკობი

ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც უცხოეთში საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ? – გადახედეთ თამარ მეფეს, ქეთევან დედოფალს, შაჰ-აბასთან ჩიოდნენ ან ვინმესთან? რომ დადიხარ და ამდენ ქვეყანაში ჩივი, ისე იქნება, როგორც ღმერთს უნდა და ჩვენ, ქართველ ხალხს გვინდა, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერში ქადაგებისას აღნიშნა.

მეუფე იაკობის თქმით, იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, გამართლება არავის აქვს.

„როგორი დედა გვყავს ღვთისმშობელი, როგორი დედაა წმინდა ნინო – ჩვენზე მათგან რამე დაყვედრებული მოგვისმენია? დღეს რა ხდება – ჩართავ ტელევიზორს, საინფორმაციო გადაცემების ყურება აღარ მინდა – ამაყად აცხადებენ უცხოეთში, დიადი ქვეყანა როგორ უნდა იყო, ასეთი პატარა მცირე რიცხვიანი ქვეყანა ხარ და ის ვერ დაგიმორჩილებიაო. ასეთი სულიერი სიღარიბე რა უნდა გქონდეს?! წმინდა ნინო არაქართველი იყო, ჩამოვიდა და ქართველებზე ქართველი გახდა. ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც უცხოეთში საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ? გადახედეთ თამარ მეფეს, ქეთევან დედოფალს – შაჰ-აბასთან ჩიოდნენ ან ვინმესთან? რომ დადიხარ და ამდენ ქვეყანაში ჩივი, ისე იქნება, როგორც ღმერთს უნდა და ჩვენ, ქართველ ხალხს გვინდა. ვუყურებთ პროცესებს და, რა თქმა უნდა, მშვიდობა, სიმშვიდე გვინდა. ძალიან ცუდად ვიქცევით. ასე რომ ხდება, გამართლება არავის გვაქვს. ყველამ შენდობა უნდა ვთხოვოთ ღმერთს, ერთმანეთს. რა გვინდა, ისევ 90-იანი წლებში დავბრუნდეთ? ადრეც მივმართე ქალბატონებს და განსაკუთრებით ერთ ქალბატონს – ვისი სისხლის დაღვრა გსურთ? გაიხსენეთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი და წმინდა ნინოს ქვეყანა ვართ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება

საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა საარჩევნო კანონმდებლობაში მთელი რიგი ცვლილებები დაგეგმეს. ცვლილება მათ შორის საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევას და მასთან დაკავშირებულ ჯარიმას ეხება.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონით აღნიშნულ ქმედებაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

“ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევისა და უკრაინაში საკუთარი პოპულარობის დაცემის გამო, შესაძლოა ქვეყნის მეთაური მეორედ ვეღარ გახდეს”-The New York Times

„ვოლოდიმირ ზელენსკის შანსები მეორედ არჩევის შესახებ განუხრელად მცირდება“, – წერს ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) სტატიაში სათაურით „ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევისა და უკრაინაში საკუთარი პოპულარობის დაცემის გამო, შესაძლოა ქვეყნის მეთაური მეორედ ვეღარ გახდეს“ (ავტორები – ენდრიუ კრამერი და კენეტ ფოგელი). ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამად მხარს უჭერს უკრაინელთა მხოლოდ ნახევარი. კრიტიკა ისმის ვაშინგტონიდანაც. მისი სტატუსი კი. როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, უკვე დარღვეულია, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ის საერთო-სახალხო პოპულარობა, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტს შეეძლო ეამაყა რუსეთის აგრესიის პირველ თვეებში, 90%-იანი რეიტინგით, პრაქტიკულად აორთქლდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაიტანა კიევის სამხედრო ალყა, თავდასხმის მცდელობები, სამთავრობო კორუფციული სკანდალები, პოლიტიკური ინტრიგები და მტკივნეული სამხედრო დამარცხებები მოსკოვთან ომში.

მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს ყოველთვის საკმარისი მხარდაჭერა ჰქონდა უბრალო მოქალაქეებისაგან, რათა წარმატებით გამოსულიყო შექმნილი არასასიამოვნო სიტუაციებიდან.

ახლა, როცა თეთრ სახლში ისევ დონალდ ტრამპი დაბრუნდა, ვოლოდიმირ ზელენსკი ახალი პრობლემის წინაშე დადგა: როგორ ააწყოს კარგი ურთიერთობა უმნიშვნელოვანეს მოკავშირესთან და პრეზიდენტთან, რომელიც პირადად მას ყოველთვის აგდებულად უყურებდა, უკრაინისადმი დახმარებას კი – სკეპტიკურად.

აშშ-ის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის დაბრუნება ვოლოდიმირ ზელენსკისათვის მეტად რთულ პერიოდში მოხდა: ომის საწყის ეტაპზე არსებული 90%-იანი პოპულარობისაგან კვალიც კი არ დარჩა. ბოლო გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტის პოპულარობა 50%-მდე დაეცა. არჩევნები რომ ახლა გაიმართოს, მას პრეზიდენტად უკრაინელები უკვე აღარ აირჩევდნენ.

გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკის „აქილევსის ქუსლი“ გაუჩნდა: უკრაინაში ძალას იკრებს აღორძინებული პოლიტიკური ოპოზიცია, რომელსაც, ცეცხლის პერსპექტიული შეწყვეტისა და სამომავლო არჩევნების საფუძველზე, წარმატების მიღწევის იმედი აქვს. სხვათა შორის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწინააღმდეგეების წისქვილზე წყალს ასხამს თვითონ პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელიც, თავისი გუნდის წევრებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტს დაუზოგავად აკრიტიკებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ორი მოწინააღმდეგე 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს – ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო – უკვე ნელ-ნელა აბამენ კავშირებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან: ექს-პრემიერი ცოტა ხნის წინათ ვაშინგტონში იმყოფებოდა და მონაწილეობა მიიღო ინაუგურაციულ ღონისძიებებში, შეხვდა დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლებს.

თვითონ უშუალოდ ვოლოდიმირ ზელენსკი ინაუგურაციას არ ესწრებოდა: მისი თქმით, იგი ვაშინგტონში მხოლოდ დონალდ ტრამპის პირადი მიწვევით გაემგზავრება.

„მას ერთი მსახიობის თეატრის სჯერა, მაგრამ ეს მიდგომა არ მუშაობს“, – ამბობს ალექსი გონჩარენკო, უკრაინის პარლამენტის დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან „ევროპელი დემოკრატები“, ვოლოდიმირ ზელენსკის მცდელობებზე – მხოლოდ ის იყოს უკრაინული წინააღმდეგობის ერთადერთი სახე რუსეთთან ომში, – „ჩვენთან პლურალიზმია, უკრაინა რუსეთი არ არის, დღეს ჩვენთან ყველა კრემლს ებრძვის“.

„ომის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავისი ყოველდღიური მოწოდებებით და ხშირი საზღვარგარეთული ვიზიტებით, შეიძლება ითქვას, ერთ მუშტად შეკრა უკრაინელი ხალხი და მისი მოკავშირეები, მაგრამ ყველა სხვა სფეროში იგი თავისი ერთგული მხარდამჭერების წრეში ჩაიკეტა და არავითარ ანგარიშს არ უწევდა შინაურ მოწინააღმდეგეებს, ოპოზიციას და როგორც წესი, მათ რჩევებს ყურადღებას არ აქცევს“, – ამბობს ალექსი გონჩარენკო და აღნიშნავს, რომ უკვე ყალიბდება ისეთი ოპოზიციური ძალა, რომელიც ხელს შეუწყობს სამხედრო კამპანიის უკეთ წარმართვას.

რა თქმა უნდა, უკრაინაში ამჟამად არავითარი არჩევნები არ იგეგმება, ვიდრე ბრძოლები მიმდინარეობს, ქვეყანაში კი საომარი მდგომარეობა მოქმედებს. რუსეთს შეუძლია ნებისმიერი ხმის მიცემა ჩაშალოს რაკეტული ზალპებით. მილიონობით უკრაინელს, ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი ჯარისკაცების, ევროპაში წასული ლტოლვილებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ჩათვლით, არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ აქვთ, ამიტომაც, მართალია, უკრაინელებს დემოკრატიული უფლებები აქვთ, მაგრამ მათი გამოყენება პრაქტიკულად არ შეუძლიათ.

მაგრამ ოპოზიციონერებს არ შეიძლებოდა არ შეემჩნიათ ის, თუ როგორ შეარყია და შეამცირა ვოლოდიმირ ზელენსკის პოპულარობა სამხედრო წარუმატებლობამ. კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები სამხედრო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერ კიდევ სარგებლობს მოსახლეობის პოპულარობით, თუმცა ოდნავი უპირატესობით – კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ გასული წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვით, მას მხარს უჭერს ელექტორატის 52%. მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკი როგორც პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი, მკვეთრად ჩამორჩება რეიტინგში ყოფილ მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის, რომელიც პირადად მან ჩამოაშორა სამხედრო ელიტას და სადღაც შორს, ლონდონში, ელჩად გამაწესა.

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი უკრაინული სააგენტოს Leading Legal Initiatives-ის მონაცემებით, დღეს რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს, ვალერი ზალუჟნი 24%-ანი უპირატესობით გაიმარჯვებს, ვოლოდიმირ ზელენსკი მას 16%-ით ჩამორჩება. მესამე ადგილს იკავებს ოპოზიციის წარმომადგენელი იულია ტიმოშენკო 12%-ით. თუმცა არც ვალერი ზალუჟნის და არც იულია ტიმოშენკოს პრეზიდენტად ბალოტირების სურვილი ჯერ არ გამოუხატავთ.

რეიტინგის დაცემა ვოლოდიმირ ზელენსკის არამარტო მხოლოდ პოლიტიკურ ზიანს მიაყენებს, არამედ ნეგატიურ სამხედრო შედეგსაც გამოიწვევს – ძირი გამოეთხრება მის სტატუსს, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს.

„ზედმეტი იქნება იმის ახსნა, თუ როგორი კატასტროფა მოხდება პრეზიდენტის ლეგიტიმურობისა და კონტროლის კრახის შემთხვევაში“, – წერს ანტონ გრუშეცკი, კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. ამას ემატება კრიტიკა დონალდ ტრამპისა და მისი გუნდისაგან: ყველას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს, გასული წლის სექტემბერში ტრამპმა ზელენსკის აგდებულად „ისტორიაში უდიდესი ვაჭარი“ უწოდა – იმ მილიონების თხოვნა-მიღებასთან დაკავშირებით, რომელსაც  იგი ქვეყნის თავდაცვისათვის იყენებდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმავე დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ასევე გააკრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკის მეტოქე ვლადიმერ პუტინი და კრემლის ბინადარს „ომის გამო რუსეთის დამღუპველი ადამიანი“ უწოდა.

უკრაინის ლიდერი და მისი თანაშემწეები ჩქარობენ, რომ სასწრაფოდ გააფართოონ თავიანთი ურთიერთობები დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან. ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამს ჯერ კიდევ შარშან სექტემბერში შეხვდა ნიუ-იორკში, ხოლო მისი ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი, როგორც საქმეში ჩახედული წყაროები ამბობენ – არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსს და პრეზიდენტის ახალ მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში მაიკლ უოლცს (მათი რანდევუ დეკემბერში, კონგრესის შენობაში მოხდა).

პოლიტიკური თამაშების კულისებში ვოლოდიმირ ზელენსკის თანაშემწეები არ თაკილობენ არც ლაქუცს და არც მლიქვნელობას, რომ როგორმე დონალდ ტრამპის ყურადღება მიიპყრონ. მაგალითად, კიეველმა ჩინოვნიკებმა წამოაყენეს უკრაინულ ენაზე გამოიცეს წიგნი სახელწოდებით „მელანია“ – აშშ-ის პირველი ლედის შესახებ, – იტყობინება ერთ-ერთი წყარო. ჯერ-ჯერობით არავინ იცის დონალდ ტრამპის ცოლის ან მისი წარმომადგენლების რეაქცია წიგნის სავარაუდო გამოცემაზე, მაგრამ თვით იდეა იმაზე მეტყველებს, რომ ზელენსკის თანაშემწეები ე.წ. „გონებრივ შტურმს“ ახორციელებენ როგორმე დონალდ ტრამპის კარზე დასაკაკუნებლად.

პეტრო პოროშენკომ, რომელიც ვაშინგტონში დეკემბერში იმყოფებოდა, მაიკლ უოლცთან ისაუბრა, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ კანდიდატი იყო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტზე. უკრაინის ექს-პრეზიდენტმა საკმაო პირფერულად მოიხსენია მაიკლ უოლცი,  სოციალურ ქსელში შეხვედრის ამსახველი ფოტოსურათიც გამოაქვეყნა და დონალდ ტრამპის გუნდის წევრებთან კავშირებით წაიტრაბახა: „აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის წევრებმა დამარწმუნეს, რომ მზად არიან ლიდერის როლი გააგრძელონ რუსული აგრესიის მოგერიებაში და უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარებაში“, – დაწერა პეტრო პოროშენკომ და ხაზი გაუსვა – „დონალდ ტრამპის გუნდს კარგად ახსოვს ჩვენი თანამშრომლობა იმ წლებში, როცა მე უკრაინის პრეზიდენტი ვიყავი“.

თუმცა როგორც საქმეში ჩახედული სანდო წყარო იტყობინება, ექს-პრეზიდენტმა განგებ გააზვიადა მაიკლ უოლცთან საუბრის მნიშვნელობა, რომელიც ერთ-ერთი ღონისძიების ფონზე, შენობის დერეფანში მცირე ხნით გაიმართა და ოფიციალური შეხვედრა არ ყოფილა.

უკრაინის პარლამენტის (ვერხოვნა რადის) საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარისა და ვოლოდიმირ ზელენსკის თანაპარტიელის ალექსანდრე მერეჟკოს თქმით, უკრაინის ოპოზიციურ პარტიებთან ურთიერთობა დონალდ ტრამპის გუნდის ერთ-ერთ მიდგომას წარმოადგენს და ამაში ქვეყნის ხელისუფლებისთვის ცუდი არაფერია: „უკრაინა დემოკრატიული სახელმწიფოა და თუ უცხოეთის ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენს ოპოზიციონერებს შეხვდებიან, ეს კარგი ამბავია“, – აღნიშნა მან, თუმცა იქვე ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინული ოპოზიციის მოქმედება უფრო თვითრეკლამასა და პოლიტიკურ პიარს ემსახურება“.

სხვათა შორის, თვითონ ალექსანდრე მერეჟკომ სხვა მიდგომა მოსინჯა დონალდ ტრამპის ყურადღების მისაპყრობად: გასულ წელს მან წამოაყენა იდეა, რომ დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატად დასახელებულიყო.

ალექსანდრე მერეჟკოს არ სჯერა, რომ დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ მტრობის გრძნობას განიცდის.მისი თქმით, იგივე კომენტარი „ისტორიის უდიდეს ვაჭარზე“ შეიძლება ერთგვარ საქებარ გამოთქმად იქნას მიჩნეული: „ტრამპის სამყაროში ასეთი გამონათქვამები კომპლიმენტებს ნიშნავს“, – დაასკვნა ვერხოვნა რადას დეპუტატმა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

“რუსეთმა დონალდ ტრამპის მუქარები უკუაგდო: მოსკოვი თვლის, რომ უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად რესურსებიც ბევრი აქვს და ცოცხალი ძალაც საკმარისი ჰყავს”-The Wall Street Journal

აშშ-ის გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რუსეთმა დონალდ ტრამპის მუქარები უკუაგდო: მოსკოვი თვლის, რომ უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად რესურსებიც ბევრი აქვს და ცოცხალი ძალაც საკმარისი ჰყავს“ (ავტორი – თომას გროუვი და მეთიუ ლაქსმური).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპის პირველი მცდელობების საპასუხოდ – მიიტყუოს თავისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინის საკითხზე – კრემლმა, როგორც ჩანს, მხოლოდ მხრები აიჩეჩა. „ჩვენ ამერიკის ლიდერის ნათქვამში ახალს ვერაფერს ვერ ვხედავთ“, – თქვა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social-ში მოსკოვი გააფრთხილა, რომ თუ მოლაპარაკებაზე არ დათანხმდება, მოსკოვზე ეკონომიკურ ზეწოლას გააძლიერებს.

ისე, კაცმა რომ თქვას, სამი წლის განმავლობაში დასავლეთმა რუსეთს უამრავი სანქცია გამოუცხადა, ის კი მაინც ფეხზე დგას და ომს წარმატებით აგრძელებს. ასე რომ, ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში აქვთ იმის საფუძველი, რომ დონალდ ტრამპის მუქარები ფუჭ გასროლებად ჩათვალონ. რა თქმა უნდა, ომი ქვეყნის მატერიალური და ცოცხალი ძალის რესურსებს შთანთქავს, მაგრამ კრემლი თვლის, რომ სრულიად წარმატებულად უმკლავდება სანქცია-ემბარგოებს და რომ მოსკოვს აქვს შესაძლებლობა კიდევ სამი წელი იომოს – რუსები, ადრინდებულად გააფორმებენ კონტრაქტებს და ფრონტზე წავლენ. (…)

მართალია, რუსეთი ფულსაც ბევრს ხარჯავს და ადამიანების რესურსებსაც, მაგრამ ანალიტიკოსების თქმით, კრემლს ერთიც საკმაოდ ბევრი აქვს და მეორეც – ომის გასაგრძელებლად და გამარჯვების მისაღწევად. რუსეთის ჯარები ნელა, მაგრამ შეუპოვრად წინ მიდიან, იპყრობენ და საფრთხეს უქმნიან უკრაინის სოფლებს და ქალაქებს, რომლებიც კიევის ჯარებისათვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ლოჯისტიკის თვალსაზრისით. დღეს რუსეთი უკრაინის ტერიტორიის თითქმის ერთ მეხუთედ ნაწილს აკონტროლებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ეკონომიკაში გარკვეული დისბალანსი ნამდვილად გვაქვს. არის ინფლაციაც… მაგრამ არა იმდენად მწვავე, რომ ვინმემ ომის უცილობელი შეწყვეტა მოგვთხოვოს და თუ მას არ დავეთანხმებით, რუსეთი დაინგრევა“, – ამბობს ვასილი კაშინი, მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ევროპული და საერთაშორისო კომპლექსური კვლევების ცენტრის დირექტორი, – ჩვენც შეგვიძლია დაბეჯითებით მოვითხოვოთ ჩვენი პირობების შესრულება… და თუ უკრაინის ეკონომიკა ნგრევას გააგრძელებს (და მერწმუნეთ, ეს ასეც იქნება), მაშინ აშშ-სათვის გონივრული იქნება ჩვენს პირობებზე დათანხმდეს“.

ამჟამად ისეთი სიტუაციაა, რომ აშშ-ში უკრაინისათვის მორიგი დახმარების პაკეტის მიცემას არავინ არ ფიქრობს, შესაბამისად, დონალდ ტრამპის გაფრთხილება საკმარისი არაა იმისათვის, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს და თავისი ძირითადი მოთხოვნები შეცვალოს. გავიხსენოთ: კრემლს სურს, რომ დასავლეთმა რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიები აღიაროს, უკრაინამ ნატოში გაწევრიანებაზე უარი განაცხადოს და თავისი არმია შეამციროს.

როგორც ჩანს, კრემლი უფრო იმისკენ იხრება, რომ დონალდ ტრამპის განცხადება ზოგადად პოზიორობად შეაფასოს და არა ძალისხმევად მოლაპარაკების გამართვის მიზნით. კრემლი სერიოზულ წინადადებას ელოდება ვაშინგტონისაგან.

ზოგიერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა ფრთხილი ოპტიმიზმი გამოამჟღავნეს დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. ანალიტიკოსების თქმით, ვლადიმერ პუტინს მართლაც სურს დონალდ ტრამპს შეხვდეს ომის კრემლისთვის მომგებიანი დარეგულირების მიზნით და ამ დროს სრულიად გამორიცხოს უკრაინის ხელმძღვანელობა მოლაპარაკების პროცესიდან, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი არალეგიტიმურად თვლის.

სხვათა შორის, კიევმა აღიარა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება არარეალურია, თუმცა ამის სანაცვლოდ უკრაინა ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს, რათა რუსეთმა, ცეცხლის შეწყვეტისა და დაზავების შემდეგ, ვერ მოახდინოს ძალების გადაჯგუფება და ახალი დარტყმის მიყენება უკრაინისათვის. რუსეთი აცხადებ, რომ უკრაინამ უნდა გაითვალისწინოს „ახალი ტერიტორიული რეალიები“, ანუ, ფაქტობრივად, სამუდამოდ დაუთმოს მოსკოვს თავისი მიწა-წყალი, რომელიც საომარი მოქმედებების დროს დაკარგა.

ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის უკრაინის და აშშ-ის შორის რამდენიმეწლიანი სიტყვიერი შეხლა-შემოხლის ფონზე, ვლადიმერ პუტინის მიერ დონალდ ტრამპის ახალი გაფრთხილება მისი ერთგვარი ფანდის სახით იქნა აღქმული: ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს თავისი პოზიციები განამტკიცოს და აშშ-ის მტრების მიმართ ისეთი ხისტი და მკაცრი პოზიცია გამოავლინოს, როგორც ამომრჩეველს დაპირდა. „ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის განცხადებებში პოლიტიკური თამაშების ელემენტს ხედავს. კრემლი მათ სერიოზულად არ აღიქვამს“, – ამბობს პოლიტოლოგი ტატიანა სტანოვაია, რომელიც პარიზში მუშაობს, – იგი მზად არის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისათვის და არ აქვს იმის ილუზიები, რომ სამშვიდობო შეთანხმება მალე დაიდება“.

ტატიანა სტანოვაიას მტკიცებით, რასაკვირველია, რუსეთის ეკონომიკაზე ზემძიმე დატვირთვა პრეზიდენტის შეშფოთებას იწვევს, მაგრამ არა ისეთს, რომ იგი იძულებული გახდეს უკრაინის მიმართ უკან დაიხიოს. ვლადიმერ პუტინისათვის, რომელიც უკვე 25 წელია რუსეთის მეთაურია, უკრაინასთან ომი ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს გააერთიანოს ორი ქრისტიან-მართლმადიდებელი ქვეყანა და შეაჩეროს უკვე დიდი ხნის წინ დაწყებული დასავლეთის „მცოცავი ექსპანსია“ რუსეთის უკანა ეზოში.

დღეს ვლადიმერ პუტინი უპირატესობას ომის ისეთ ამბიციურ დარეგულირებას აძლევს, რომელიც იალტის კონფერენციაზე იქნა მიღწეული მეორე მსოფლიოს ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე სსრ კავშირის, აშშ-ისა და ბრიტანეთის ლიდერებს შორის, ანუ კრემლის სურვილია იგივე მოხდეს, რაც იალტაში მოხდა: ევროპა გავლენის სფეროებად იქცეს დასავლეთს და რუსეთს შორის.

„რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინს სურს შეწყვიტოს სამხედრო მოქმედება, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის პირობებით, – ამბობს ტატიანა სტანოვაია, – ომი უკრაინაში, კრემლის გათვლით, არის ის საშუალება, რომლითაც დასავლეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამს და იალტა-2-ზე მოილაპარაკებს“.

დონალდ ტრამპმა, თავის მხრივ, აღიარა, რომ ომის შესაწყვეტად საჭირო გახდება ბევრად უფრო მეტი ვადა, ვიდრე იგი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვარაუდობდა – „თეთრ სახლში როგორც კი დავჯდები, ომს 24 საათში დავასრულებო“. ინაუგურაციის მომენტში მან თქვა, რომ „უკრაინას სურს გარიგება დადოს“, მაგრამ რუსეთმა შეიძლება არ მოისურვოსო.

პოლიტოლოგების ვარაუდით, დონალდ ტრამპის მუქარები ახალი ანტირუსული სანქციების შემოღების თაობაზე ნიშნავს იმ გარემოების გაცნობიერებას, რომ გარიგების მისაღწევად საჭირო იქნება გარკვეული პერიოდი, თუმცა, მათივე შედასებით, ახალმა სანქციებმა სეიძლება საქმე იქამდე მიიყვანოს, რომ მოსკოვი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე უარს იტყვის.

„რუსებს ყოველთვის სურთ, რომ მათთან პირდაპირ და მესამის ჩარევის გარეშე ისაუბრონ (ამ შემთხვევაში მესამე სუბიექტად უკრაინა მიიჩნევა). კრემლი ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს იყო გაღიზიანებული მოლაპარაკების მისეული სტილით“, – ამბობს ოლეგ იგნატოვი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო კრიზისულ ჯგუფში“ მუშაობს, – ასე რუსეთთან ურთიერთობა არ შეიძლება“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

პროკურატურამ, “შერატონ ბათუმის” ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები-“გახარია საქართველოსთვის”

პროკურატურამ, „შერატონ ბათუმის“ ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩანაწერები პროკურატურას სრულად აქვს დაცული და მოხდება მათი სრული მოცულობით გაცნობა და გადმოცემა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გიორგი გახარიას წარმომადგენელი საქმის მასალებს დღეს გაეცნობა.

„როგორც იცით, გიორგი გახარიაზე თავდასხმის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები პოლიციის უმოქმედობით და „შერატონ ბათუმის“ აქტიური მონაწილეობით განადგურებულია. პროკურატურამ, „შერატონ ბათუმის“ ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები.

დღეს გიორგი გახარიას წარმომადგენელი გაეცნობა საქმის მასალებს. იმედს ვიტოვებთ, რომ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება – კამერების ჩანაწერები პროკურატურას სრულად აქვს დაცული და მოხდება ჩანაწერების სრული მოცულობით გაცნობა და გადმოცემა!“ – აღნიშნულია განცხადებაში.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია 22 იანვარს თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

15 იანვარს ბათუმში, „შერატონ ბათუმში“ მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით 15 იანვარს დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის მეთაურს, დელეგაციასთან ერთად, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა რეზიდენციაში უმასპინძლა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას და საინვესტიციო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოზიტიურ დინამიკას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან განხორციელებულ ინვესტიციებს და უმსხვილესი დეველოპერული, ლოგისტიკური კომპანიების ინტერესს საქართველოში ინვესტირების კუთხით.

ამ კონტექსტში აღინიშნა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მსხვილი ინვესტიცია თბილისის მშრალი პორტის პროექტში, რომლის ოფიციალური გახსნა 2025 წელს იგეგმება, ასევე – უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, რომლის შედეგად, საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება. საქართველოს მთავრობამ გამოთქვა ინტერესი, გაგრძელდეს მოლაპარაკებები აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან სტრატეგიული ლოგისტიკური-სატრანსპორტო პროექტების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების მიზნით. შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

ქართველმა ხალხმა დიდი სიმტკიცით გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება, დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა, მათი ხმა უნდა გავიგოთ-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ქართველმა ხალხმა დიდი სიმტკიცით გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება, დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა. მათი ხმა უნდა გავიგოთ, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.

მისივე თქმით, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, „შეწყვიტონ რეპრესიები დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ“.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვეჩერებინა სავიზო შეღავათები, რომლებიც ვრცელდება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ დიპლომატებზე. კიდევ ერთხელ, მტკიცედ მოვუწოდებთ მათ, შეწყვიტონ რეპრესიები დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ქართველმა ხალხმა დიდი სიმტკიცით გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება, დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა. მათი ხმა უნდა გავიგოთ“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ ვროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

 28-31 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 28-31 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

“საქართველოს ლიდერი ტრამპისეულ „ძლიერ ამერიკას“ მოუწოდებს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და უკან დაახევინოს” -The Hill

„სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ვაშინგტონში სპეციალური მისიით იმყოფება: იგი ცდილობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ახალი ადმინისტრაციის ყურადღება საკუთარ ქვეყანას მიაპყროს, ანუ საქართველოთი დააინტერესოს ის ადამიანები, რომლებიც ატარებენ პოლიტიკურ კურსს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ჰილში“ (The Hill) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველოს ლიდერი ტრამპისეულ „ძლიერ ამერიკას“ მოუწოდებს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და უკან დაახევინოს“ (ავტორი – ლორა კელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

სალომე ზურაბიშვილი სარგებლობს პირადი ურთიერთობებით, რათა როგორმე აშშ-ის პრეზიდენტამდე მიაღწიოს. ჯო ბაიდენის მმართველობის დროს, რომელიც დიპლომატიური პროტოკოლის მკაცრი ჩარჩოებით მოქმედებდა, ქართველ ლიდერს აშშ-ის ადმინისტრაციასთან კავშირები შეზღუდული ჰქონდა. „ჯო ბაიდენის დროს მე არ მქონდა ტელეფონით საუბრის შესაძლებლობა ვიცე-პრეზიდენტთანაც კი“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველ ქალია, პრეზიდენტად არჩეული.

იმ იმედით, რომ დონალდ ტრამპს რამდენიმე წუთით მაინც შეხვდებოდა, გასული წლის დეკემბერში სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს სთხოვა, რომ იქნებ როგორმე კულუარებში დონალდ ტრამპთან საუბარი გამართულიყო, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მეორედ კურთხევის ფონზე. მისი იდეა გამოიხატება იმაში, რომ ამერიკამ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს და ამისთვის საქართველო „სათამაშო მოედნად“ გამოიყენოს. რუსეთის ჯარებს ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის 20%, მოსკოვს ბრალი მიუძღვის იმაშიც, რომ კრემლი საქართველოში პოლიტიკურ კრიზისს აღვივებს.

საქართველოში თითქმის ორ თვეზე მეტია გრძელდება მასობრივი საპროტესტო აქციები კრემლის მხარდამჭერი მმართველი პარტიის „ქართულ ოცნების“ წინააღმდეგ. გასულ წელს მთავრობამ შეწყვიტა მოლაპარაკება ევროკავშირში მიღების თაობაზე, გააღრმავა კავშირები ჩინეთთან და მაღალ დონეზე ინარჩუნებს კონტაქტებს ირანთან.

„მე მქონდა შესაძლებლობა დონალდ ტრამპისთვის მეთქვა, რომ [კავკასია] სტრატეგიულ რეგიონს წარმოადგენს და ამერიკამ საქართველო არ უნდა მიატოვოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას გამართულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ვაშინგტონში.

როგორ მიიღო თვითონ დონალდ ტრამპმა სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი? „იმის გათვალისწინებით, რომ მან კარგად იცის საქართველო, იგი ნამყოფია ჩვენთან და მას საქართველო მოსწონს, ეს აბსტრაქტული მომენტი ნამდვილად არ ყოფილა“, – თქვა ქართველმა ლიდერმა. მართლაცდა, ოდესღაც დონალდ ტრამპს სურდა საქართველოში, შავიზღვისპირა კურორტ ბათუმში საცხოვრებელი ცათამბჯენი „ტრამპ-თაუერი“ აეშენებინა, მაგრამ შემდეგ პროექტის განხორციელებაზე უარი განაცხადა: დონალდ ტრამპი 2016 წელს აშშ-ის პრეზიდენტად იქნა არჩეული.

სალომე ზურაბიშვილმა ისარგებლა იმ იშვიათი შანსით, რომ იგი ინაუგურაციაზე რესპუბლიკური პარტიის წევრმა ჯო უილსონმა მიიწვია. იგი, როგორც ერთ-ერთი ევროპელი ლიდერი, კაპიტოლიუმის ხალხით სავსე დარბაზში იჯდა და არჩეული პრეზიდენტის გამოსვლას პირდაპირ უსმენდა, რომლის დროსაც დონალდ ტრამპმა კვლავ გააკეთა [არასწორი] განცხადება, თითქოსდა 2020 წლის არჩევნებში მან გამარჯვება ხელიდან გაუშვა. „ამას არავინ არ ელოდა, ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო’, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა, – „ეს ჩემთვის როგორც პოლიტოლოგისათვის, ძალზე საინტერესო იყო.

ინაუგურაციის წინ გამართული მიღებების დროს იგი ხელს ართმევდა პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის წევრობის კანდიდატებს – მომავალ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს მარკო რუბიოს და პიტ ჰეგსეტს. იგი ერთი კვირის განმავლობაში აძლევდა ბლიც-ინტერვიუებს აშშ-ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, მათ შორის ტრამპის საყვარელ ტელეარხ „ფოქს ნიუსს“, რათა ამერიკული საზოგადოებისათვის თავისი თვალსაზრისი გაეზიარებინა.

სალომე ზურაბიშვილის სტრატეგია გამოიხატება იმით, რომ მისი პირველი კონტაქტები ნიადაგს მოამზადებს უფრო შინაარსიანი შეხვედრებისათვის, ვთქვათ, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ჩარჩოებში და დაარწმუნებს დონალდ ტრამპის გუნდს საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკურ მნიშვნელობაში.

„მე ველოდები, რომ ამერიკა იგრძნობს [კავკასიის] რეგიონში ჩართვის აუცილებლობას… საწინააღმდეგო შემთხვევაში კი ამ რეგიონში აშშ-ის ადგილს რუსეთი და ჩინეთი დაიკავებენ“, – თქვა ქართველმა ლიდერმა.

დონალდ ტრამპმა, მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენის ბევრი მოქმედება გააუქმა, ჯერ კიდევ არ შეხებია საქართველოსთან დამოკიდებულების საკითხს. ამასთან, არსებობს ამერიკელი ორპარტიული კანონმდებლების ძირითადი ჯგუფი, რომლებიც მხარს უჭერენ იდეას, რომ წინა დემოკრატიული ადმინისტრაციის [ნეგატიური] დამოკიდებულება საქართველოს მიმართ სამომავლოდაც უნდა გაგრძელდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა შენარჩუნდეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დახმარების შეჩერება საქართველოსთვის 95 მილიონი დოლარის გამოყოფის საკითხში, „ქართული ოცნების“ მიერ პრორუსული კანონების მიღების გამო. ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე თავი შეიკავა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვების აღიარებისაგან. გარდა ამისა, დემოკრატიულმა ადმინისტრაციამ რიგი სანქციები დააწესა ქართველი თანამდებობის პირებისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის მიმართ იმ ძალადობისათვის, რასაც ხელისუფლება საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ახორციელებს.

სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას ახალი არჩევნების ჩატარებისაკენ მოუწოდა, მაგრამ იგი იძულებული გახდა გასული თვის ბოლოს პრეზიდენტის სასახლე დაეტოვებინა, როცა „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებულმა პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია.

და მაინც, სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგია უარი თქვას თავის თავის ტიტულზე: როგორც ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი, იგი საყოველთაოდ იქნა ხალხის მიერ პირდაპირი ხმის მიცემით არჩეული და ამიტომ მსოფლიოში მხარდაჭერას ეძებს, რათა „ქართული ოცნების“ მთავრობა იზოლაციაში დარჩეს და საპროტესტო აქციებს მხარი დაუჭირონ.

„მე ჩემს როლს იმაში ვხედავ, რომ ჩემი ქვეყნის ხმა ვიყო“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება დაპატიმრების საფრთხეს, მან „ჰილის“ კორესპონდენტს უთხრა, რომ ამის უშუალო მუქარას ვერ ხედავს, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერია, სასტიკად იქნა ნაცემი. დაზარალებულმა თავდასხმაში „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა.

კაპიტოლიუმში საქართველოს მხარდამჭერთა მცირერიცხოვანი ორპარტიული ჯგუფია შექმნილი, რომლის წევრები არიან რესპუბლიკელები ჯო უილსონი და ჯიმ რიში, დემოკრატი ჯინ შაჰინი და სხვები. მათი ძალისხმევით იქნა მიღებული ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ სანქციები „ქართული ოცნების“ დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის უკან მდგარ მთავარ ძალად ითვლება.

„ჩვენ 29 დეკემბრამდე ცდა მოგვიწია, სანამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაპირებულ სანქციებს გამოაცხადებდა“, – აღშფოთებით ლაპარაკობს სალომე ზურაბიშვილი.

იგი არ მალავს თავის იმედგაცრუებას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ, რომ მას შესაძლებლობა არ მიეცა პრეზიდენტს ან სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვედროდა.

„უნდა ითქვას, რომ წინა ადმინისტრაცია, მართალია, თითქოსდა დემოკრატიას დიდ ყურადღებას უთმობდა, მაგრამ სინამდვილეში არაფერი გაუკეთებია საქართველოში დემოკრატიის შესანარჩუნებლად ბოლო ორი წლის განმავლობაში“, – ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.

„ახალ ადმინისტრაციას, აშკარაა, რომ განსხვავებული მიდგომები აქვს, მაგრამ ძლიერი ამერიკის ეს მიდგომები იმასაც ნიშნავს, რომ [ადმინისტრაცია] უნდა დაინტერესდეს იმითაც, რა ხდება კავკასიაში. თუ მისი პრიორიტეტი დემოკრატიის დაცვა არ იქნება, გეოპოლიტიკური დაინტერესება მაინც უნდა იყოს“, – თქვა ქართველმა ლიდერმა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის მუშაობის ახალ პოლიტიკას აწესებს: “ამერიკა პირველ ყოვლისა”- “ამერიკის ხმა”

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), რომელიც სხვადასხვა ქვეყნებისთვის ეკონომიკური დახმარების გადანაწილებით არის დაკავებული, მუშაობის პრინციპების კარდინალური ტრანსფორმაციის განკარგულება გამოსცა.

ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, დღეიდან სააგენტო პრინციპით „ამერიკა პირველ ყოვლისა“ უნდა ხელმძღვანელობდეს. იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც ახალი ადმინისტრაციის მოთხოვნების შესრულებაზე უარს იტყვიან, დისციპლინარული ზომები იქნება გატარებული.

აშშ-ის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ USAID-ის 10 ათასზე მეტ თანამშრომელს წერილი გაუგზავნა. „ამერიკის ხმის“ მტკიცებით, წერილში საუბარია სააგენტოს თანამშრომლების მიერ ახალი დირექტივების აღსრულებაზე.

USAID-მა, თავის მხრივ, მის პარტნიორებსა და კონტრაქტორებს გაუგზავნა წერილი, რომლის შინაარსის შესწავლით ცნობილი ხდება, რომ მათ „დაუყოვნებლივ უნდა გამოსცენ ბრძანებები მუშაობის შეწყვეტის შესახებ“ და „არსებული კონტრაქტები შეცვალონ ან შეაჩერონ“.

„ამ, ან მომდევნო სხვა დირექტივის, რომელიც მომდევნო კვირებში იქნება გაგზავნილი, არშესრულება დისციპლინარულ სახდელს გამოიწვევს“, – ნათქვამია წერილში.

„ჩვენ ვალდებულები ვართ მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტს [დონალდ ტრამპს] მისი ჩანაფიქრების რეალიზაციაში. პრეზიდენტმა საგარეო დახმარების გაწევის წესის შეცვლის უდიდესი შესაძლებლობა მოგვცა“, – ციტირებს „ამერიკის ხმა“ USAID-ის რესურსების მართვის ადმინისტრატორის თანაშემწეს კენ ჯექსონს.