Home Blog Page 404

,,ეს ტექნიკური გადაწყვეტილებაა – დავაკვირდებით, რომელი ქვეყანა როგორ აღასრულებს ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას”- მაკა ბოჭორიშვილი

თუ ევროკავშირის მხარე დიპლომატებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ეტყვის იმას, რომ ისინი თურმე საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგს ევროკავშირში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ეს მოკლებული იქნება რაიმე საფუძველს და იმ მიზანს, რომ ევროკავშირის მხრიდან დავინახოთ მზადყოფნა საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას შეეხებოდა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ეს იქნება ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებს და მიმართული იქნება ამ ურთიერთობების გაუარესებისკენ და არა გაუმჯობესებისკენ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ტექნიკური გადაწყვეტილებაა.

„ეს არის ტექნიკური გადაწყვეტილება. დავაკვირდებით, რომელი ქვეყანა როგორ აღასრულებს ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობები უფრო დიდ სურათში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი – ვიქტორ ორბანმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას ბრიუსელთან დავაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

ვიქტორ ორბანმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას ბრიუსელთან დავაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, – ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„კარმელიტების მონასტერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელთან დავაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. პოლიტიკური თანამშრომლობის გარდა, ლიდერებმა ეკონომიკური და ენერგეტიკული საკითხები განიხილეს“, – წერს ზოლტან კოვაჩი.

კოვაჩის ცნობით, „პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიუსელისა და ჯორჯ სოროსის ქსელის თავდასხმები საქართველოს მშვიდობის მომხრე მთავრობის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს, ასევე უნდა შეწყდეს ევროკავშირის მიერ მისი ოპოზიციის დაფინანსება. მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არის და მისი მიღება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს“.

„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უნგრულ-ქართული ურთიერთობები საერთო ღირებულებებზეა აგებული, მათ შორის კულტურულ და ქრისტიანულ მემკვიდრეობასა და მშვიდობის მიმართ ერთგულებაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა უახლოეს წლებში საინვესტიციო და საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებისა და ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელობას, რათა ეს პოლიტიკური კავშირების სიძლიერეს შეესაბამებოდეს“, – აღნიშნავს უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის საბჭოს მიერ დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ინფორმაციას ავრცელებს

დღეს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერების თაობაზე, რამაც საქართველოს დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის ევროკავშირში მოგზაურობისას ვიზაზე განაცხადის გაკეთების საჭიროება, შეიძლება, გამოიწვიოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ძირითადი უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები ევროკავშირში ინტეგრაციის ძირითადი პრინციპებია. იმ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ამ ღირებულებებს ფეხქვეშ თელავენ, ევროკავშირში გამარტივებული შესვლით არ უნდა ისარგებლონ“, –  განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა, ტომაშ სიმონიაკმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის იმ წევრ ქვეყანაში მოგზაურობისთვის, რომელმაც სავიზო მოთხოვნები აღადგინა, საქართველოს დიპლომატები და ოფიციალური პირები ასევე აღარ ისარგებლებენ ისეთი შეღავათებით, როგორebიცაა, შემცირებული ვადა განაცხადის შესატანად, დაბალი სავიზო მოსაკრებელი და ნაკლები დამატებითი დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობა.

„ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს მიერ გასულ წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღების საპასუხოდ. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს კანონმდებლობა ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ძირითად უფლებებს, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებას და ასევე ზრდის სტიგმატიზაციას და დისკრიმინაციას. საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებები არღვევს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელთა საფუძველზეც დაიდო გამარტივების შეთანხმება და ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ინტერესებს. ეს, ასევე, არის რეაგირება საქართველოს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ 2028 წლამდე აღარ განაგრძობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების პროცესს.

სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შემდეგ კატეგორიებს შეეხება: საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ; საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს; დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ჩვეულებრივ პასპორტებს, კვლავ ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმება 2011 წლის პირველ მარტს შევიდა ძალაში. იგი ითვალისწინებდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებას ევროკავშირში ყოფნისთვის არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში. შეთანხმებაში არის პუნქტი, რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ მხარეს, „სრულად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ეს შეთანხმება საზოგადოებრივი წესრიგის, ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით“. 2017 წლის პირველ მარტს საბჭომ და ევროპარლამენტმა მიიღეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში მოგზაურობისას უვიზო რეჟიმი დაწესდა. შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების ძალაში შესვლის შემდეგ – და იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ – ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, გადაწყვიტონ, ინდივიდუალურად დააწესონ სავიზო მოთხოვნები დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური  პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელთათვის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეს ნიკოლოზ ბერიანიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც „ეხოკავკაზა“ იტყობინება, ე.წ. სასამართლო ბერიანიძეს დაქირავებულ მებრძოლად ომში მონაწილეობისთვის და სამხედროს სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში ადანაშაულებს. 

ამავე ინფორმაციით, ბერიანიძე მსახურობდა ქართულ ჯარში და მონაწილეობდა ნატოს ქვეყნების მიერ ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციებში. ქართველი მოხალისე სავარაუდოდ 2016 წელს ჩავიდა კიევში და აზოვის პოლკს შეუერთდა. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბერიანიძე მარიუპოლში იმყოფებოდა. 

„საგამოძიებო კომიტეტი“ ირწმუნება, რომ 2022 წლის მარტში კაცმა, სავარაუდოდ, ესროლა სამ რუს სამხედრო მოსამსახურეს.

ინფორმაციისთვის, აზოვის პოლკი 2014 წელს შეიქმნა. „აზოვის“ მებრძოლებმა მონაწილეობა მიიღეს მარიუპოლის დაცვაში 2022 წლის გაზაფხულზე, ტყვედ ჩავარდა რამდენიმე ასეული ჯარისკაცი. მოგვიანებით უკრაინამ მებრძოლების ნაწილი რუს ტყვეებში გაცვალა. 

ზოგიერთ მათგანს რუსეთში გრძელვადიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მათ შორის იყო ალექსანდრ მაქსიმჩუკი, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გაცვლისა და უკრაინაში დაბრუნების შემდეგ მან რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში სასტიკ წამებაზე ისაუბრა. 

პარტია „გახარია საქართველოსთვის” – აღმოჩნდა, რომ გიორგი გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქციურია

აღმოჩნდა, რომ გიორგი გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქციურია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების ფარგლებში მხოლოდ ერთი მოწმე გამოიკითხა ფორმალურად, რაც პარტიის აზრით, კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ თავდასხმა ივანიშვილის მიერ არის დაკვეთილი.

გიორგი გახარიას დაზარალებულად ცნობა მოვითხოვეთ ერთადერთი მიზნით: გვენახა საქმის მასალები და გავცნობოდით უმთავრეს მტკიცებულებას – ვიდეო ჩანაწერებს. დღეს გიორგი გახარიას წარმომადგენელი ბათუმში ჩავიდა საქმის გასაცნობად. აღმოჩნდა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქციურია. ვიდეო მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა პროკურატურამ არ მოგვცა ჩანაწერების ექსპერტიზაზე გაგზავნის ყალბი საბაბით მაშინ, როცა ასლები აქვთ. არ გადმოგვეცა უმნიშვნელოვანესი მოწმის – ზვიად ქორიძის გამოკითხვის ოქმი. ამასთან, გაირკვა, რომ თავდასხმიდან თითქმის 2 კვირის თავზე ფორმალურად გამოკითხულია მხოლოდ ერთი არაფრისმომცემი მოწმე.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავდასხმა ივანიშვილის დაკვეთითაა ორგანიზებული და პროკურატურა ასრულებს ივანიშვილის დავალებას მტკიცებულებების განადგურებაზე და სიმართლის გაყალბებაზე.

უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების გადმოცემაზე უარი კიდევ ერთხელ მიუთითებს რეჟიმის მოტივაციაზე გამორიცხოს ივანიშვილის როლი და მიჩქმალოს შეკვეთილი და ჩასაფრებით მოწყობილი თავდასხმის წინასწარ ორგანიზებული და ჯგუფური ხასიათი”, – ნათქვამია განცხადებაში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 28 იანვარს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8808 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8808 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8834 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0026 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0263 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0247 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.

შეიქმნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურული სივრცე, როგორც თბილისში, ასევე გონიოში – კახა კალაძე

ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. დღეს გვქონდა შეხვედრა მის აღმატებულებასთან, პრეზიდენტთან, სადაც გაფორმდა ჩვენი ქვეყნისთვის და ორმხრივი თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი, – განუცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს.

კახა კალაძის თქმით, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია Emaar Group შემოდის საქართველოში, რომელიც თბილისში და აჭარაში, ბათუმში განახორციელებს პროექტებს.

„რამდენიმე მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზრდება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ამ პროცესში ჩართული იქნება ქართული კომპანიები, ყველანაირად ძალიან კარგია. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიას თუ გადავხედავთ, არ მახსოვს ამ მასშტაბის და ამხელა ინვესტიცია კონკრეტულ ერთ პროექტში, რაც ძალიან მაგარია და ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ეს ნიშნავს იმას, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობა უკვე სულ სხვა საფეხურზე გადავიდა”, – განაცხადა თბილისის მერმა.

ევროკავშირის საბჭომ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერების შესახებ, – ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.

საბჭოს განმარტებით, სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შემდეგ კატეგორიებს შეეხებათ:

საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე ყოფნისას“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

საბჭო განმარტავს, რომ ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების ძალაში შესვლისთანავე – და იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლებულნი არიან სავიზო მოთხოვნისაგან – წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გადაწყვიტონ მიიღონ ეროვნული ზომები დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნის გამოსაყენებლად.

Emaar-ჯგუფის ინვესტიციით, მსხვილი დეველოპერული პროექტები თბილისსა და გონიოში განხორციელდება

უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ის ინვეატიციით, მსხვილი დეველოპერული პროექტები თბილისსა და გონიოში განხორციელდება.

საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმება კომპანიასთან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტია ფარგლებში გაფორმდა.

საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიციის შესახებ შეთანხმების

ხელმოწერის ცერემონია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი დაესწენენ.

დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ხოლო კომპანიის მხრიდან – დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.

საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის შესახებ შეთანხმება საქართველოში ორი მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას გულისხმობს, რომელთაგან ერთი თბილისში, ხოლო მეორე გონიოში აშენდება.

გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან გვქონდა საინტერესო შეხვედრა – მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ ხედავენ საქართველოს, როგორც პარტნიორს რეგიონში – მაკა ბოჭორიშვილი

გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. შევეხეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. ვისაუბრეთ ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ საქართველო არის მიმზიდველი, საინვესტიციო კლიმატის ქვეყანა.

„გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. შევეხეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. ვისაუბრეთ ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ საქართველო არის მიმზიდველი, საინვესტიციო კლიმატის ქვეყანა. გარდა ამისა, შესაძლებელია სხვადასხვა მიმართულებით შესაძლებელია, რომ ორ ქვეყანას შორის გაძლიერდეს კავშირები, მათ შორის, კულტურის, განათლების სფეროში თანამშრომლობის, ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით. გარდა ამისა, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, უსაფრთხოების გამოწვევებს, პერსპექტივებს, მათ შორის, საქართველოს ურთიერთობებს რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ძალიან საინტერესო იყო ის ხედვები, რაც გაგვიზიარა პრეზიდენტმა რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ძირითადი აქცენტი გაკეთდა საქართველოსთან მეტად თანამშრომლობაზე. მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ ხედავენ საქართველოს, როგორც პარტნიორს რეგიონში”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მთავარია, ქვეყანაში მშვიდობას და ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე – პრემიერი

ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას და საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, არაბთან გაერთიანებულ საამიროებში, ჟურნალისტებთან.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ამაში განსაკუთრებული არაფერია.

„რეალურად, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, მე ასე შევაფასებდი, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური, სიმბოლური საკითხია ეს ყველაფერი. ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას არ შეექმნას საფრთხე და საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე. რაც შეეხება იმას, ვიღაც ვიზას მოითხოვს საჯარო სამსახურში, თუ არ მოითხოვს, ეს არის აბსოლუტურად ტექნიკური საკითხი. შეგვიძლია ვიზითაც გავემგზავროთ ევროკავშირში და შეგვიძლია გავემგზავროთ უვიზოდაც, ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არსებითი მნიშვნელობა აქვს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ქვეყანას უნდა შევუნარჩუნოთ კვლავაც მშვიდობა და უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის ძირეული ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აბუ-დაბიში ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო, 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში – ირაკლი კობახიძე

დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო, 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, აღნიშნულ შეთანხმებას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის.

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, პირველ რიგში, შეხვედრა გვქონდა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, აბუ-დაბის მმართველთან, ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები მინისტრებთან, მთავრობის წევრებთან. განვიხილეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი, პოლიტიკური თანამშრომლობა და ბევრი ვიმსჯელეთ ეკონომიკურ პროექტებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა კონკრეტული, ძალიან საინტერესო მიმართულებები, სადაც კიდევ უფრო მეტად შეგვიძლია გავაღრმაოთ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში განახორციელებს საინვესტიციო მიმართულებით განსაკუთრებული გამოცდილების მქონე კომპანია, ეს არის ცნობილი EMAAR ჯგუფი. განხორციელდება ძალიან საინტერესო პროექტი, ეს არის მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ თბილისში, მეორე მხრივ ბათუმში, გონიოში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კიდევ უფრო დააჩქარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს სხვა ინვესტორებსაც ჩვენს ქვეყანაში.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას და EMAAR ჯგუფს, ის ხელმძღვანელს ბატონ ალაბარს, ყველას განსაკუთრებული მადლობა თანამშრომლობისთვის და დღევანდელი შეთანხმებისთვის, რასაც ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიური განვითარებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.