Home Blog Page 40

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2024 ჩატარდება

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით 2021 წლიდან ხორციელდება, მისი კონცეფცია კი შემუშავებულია „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის“მიერ. ოლიმპიადის ორგანიზატორია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ის 10 ნოემბრამდე გაგრძელდება ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ-გვერდზე – www.agroolimpiada.ge. აგროოლიმპიადა ტესტირების საშუალებით ტარდება და ის სამ ეტაპს მოიცავს: რეგისტრაცია, ონლაინ ტესტირება და ტესტირება ფიზიკურ სივრცეში.

აგრარულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც აგრარული სფეროს სპეციალისტებს და ფერმერებს, ისე სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს. ოლიმპიადა ტარდება აგრონომიის, სასურსათო ტექნოლოგიის, სატყეო საქმის, ღვინის ტექნოლოგიის, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის, ვეტერინარიის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებებში.

ოლიმპიადის მთავარი იდეა მონაწილეთა ცოდნის შემოწმება, გამარჯვებულების გამოვლენა და მათი წარმოჩენაა. გამარჯვებულებისათვის დაწესებულია სხვადასხვა სახის პრიზი და ჯილდო.

აგრარული ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლების პოპულარიზაციას, ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ დარგში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობას.

ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ღაზაში ომი დასრულდეს – კამალა ჰარისი

როგორც პრეზიდენტი, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ღაზაში ომი დასრულდეს, მძევლები სახლში დაბრუნდნენ და პალესტინელმა ხალხმა შეძლოს განახორციელოს ღირსების, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის უფლება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული პარტიიდან“ კამალა ჰარისმა მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წელი რთული იყო ღაზასა და ლიბანში მსხვერპლის გათვალისწინებით.

„მინდა ვთქვა, რომ ეს წელი რთული იყო ღაზაში მსხვერპლისა და ნგრევის მასშტაბის გათვალისწინებით, ლიბანში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და დევნილობის გათვალისწინებით. ეს გამანადგურებელია“, – აღნიშნა ჰარისმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

4 ნოემბერს ქუთაისში +15 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

მზიანი დღეა ფოთში. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც. +12 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +10 იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო დღე იქნება. დღისით +13 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +5, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა – სალომე ზურაბიშვილი

მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა – მოლდოვას არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“ : რუსეთის მხრიდან მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000 ამომრჩეველმა გადაარჩინა. ჩვენი ძლიერი დიასპორის 1 000 000 წარმომადგენელი შეზღუდეს. ხმის მიცემის ნება მხოლოდ 34 000-ს დართეს,“ – წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, გუშინ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც, წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დღეა. კარგი განწყობა და ენერგიულობა საშუალებას მოგცემთ ჩანაფიქრი განახორციელოთ და საკუთარი ძალების ირწმუნოთ. წვრილმან პრობლემებს ადვილად გაუმკლავდებით. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დახმარება კოლეგებს ან მეგობრებს სთხოვოთ. გახსოვდეთ, რომ მატყუარა ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ, მაგრამ ვალდებული არ ხართ, ასეთების სიახლოვე აიტანოთ.

კურო

ამ დღეს გირჩევთ, რომ ძველი საქმეები დაასრულოთ, რათა ყურადღება აღარ გაგიფანტოთ და ახალი საქმის დაწყება შეძლოთ. თუმცა მანამდე მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩაატაროთ და მეტი ინფორმაცია მოაგროვოთ. პროფესიული თემების განხილვისას სირთულეები გელით. მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები ახალი პროექტების დაწყების საშუალებას არ გაძლევთ. საღამოს კარგად უნდა დაისვენოთ, რათა ძალების აღდგენა შეძლოთ.

ტყუპები

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. კითხვაზე პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ და მოსაფიქრებელი დრო ითხოვეთ. ამ დღეს მიზანს ერთი დიდი ნაბიჯით მიუახლოვდებით. ახალი ნაცნობობა მომავალში ძალიან გამოგადგებათ. საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბარი ოჯახური საკითხების მოგვარებაში და ურთიერთობების გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

თუ სიმართლის გაგება გსურთ, უსიამოვნო თემებზე საუბარი და კრიტიკის მოსმენა მოგიწევთ. ამჟამად უძრაობის ეტაპზე ხართ, მაგრამ განსხვავებულ ხედვას თუ ისწავლით, უამრავ ახალ შესაძლებლობას აღმოაჩენთ. ემოციური სტრესის მოსახსნელად საღამო სახლიდან მოშორებით, ძველი მეგობრების გარემოცვაში უნდა გაატაროთ.

ლომი

თუ შანსს არ გამოიყენებთ, რომელიც დღეს მოგეცემათ, მოგვიანებით ძალიან ინანებთ, რომ წარმატებაზე უარი თქვით. შესაძლოა, გეშინიათ, რომ სცადოთ, გარისკოთ და შესაძლებლობა გამოიყენოთ, მაგრამ ასე თუ გააგრძელებთ, წარმატების შანსი დიდხანს აღარ მოგეცემათ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა , რუტინული საქმეების საკეთებლად და დაწყებული საქმეების დასასრულებლად. შეეცადეთ მშვიდად აღიქვათ რაც თქვენს გარშემო ხდება და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. ემოციურმა სტრესმა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს და გეგმების შეცვლა გაიძულოთ. თუ ხვდებით, რომ თქვენი გეგმები ახალს ვერაფერს მოგიტანთ, სხვა მიმართულებაზე ფიქრი უნდა დაიწყოთ.

სასწორი

ნუ დანებდებით, თუ ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით არ მიდის. იბრძოლეთ, რომ სიმართლეს ფარდა ახადოთ და გამარჯვება მოიპოვოთ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები და მოულოდნელი შეხვედრები. ახალი და საინტერესო საქმის კეთება სასარგებლო გამოცდილებას და პროფესიულ წარმატებას მოგიტანთ.

მორიელი

გირჩევთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ. მოერიდეთ რაიმეს შეცვლას ან ექსპერიმენტებს. ინიციატივას ნუ გამოიჩენთ, უმჯობესია დინებას მიჰყვეთ და მიმდინარე საქმეები დაასრულოთ. გადაწყვეტილების მიღებისას სწრაფად და უყოყმანოდ უნდა იმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელსაყრელ შანსს ხელიდან გაუშვებთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სიახლეები – სავარაუდოდ, თქვენი ოცნების ადამიანს შეხვდებით, რომელიც თქვენი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა გახდება.

მშვილდოსანი

ამ დღეს საყოველთაოდ მიღებული წესები უნდა დაიცვათ, მითითებებს მიჰყვეთ და პირობა არ დაარღვიოთ. ენდეთ, საკუთარ ინტუიციას და წინასწარმეტყველურ ნიჭს. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ასეთი ძალა ნამდვილად გაქვთ და ეცადეთ, ის საკუთარ თავში აღმოაჩინოთ. უმჯობესია მოლაპარაკებები ან სამუშაო დისკუსიები სხვა დღისთვის გადადოთ.

თხის რქა

თქვენი აქტიური პოზიცია პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. გუნდური მუშაობა ინდივიდუალურზე უფრო ნაყოფიერი იქნება – გაუზიარეთ თქვენი იდეები და წინადადებები კოლეგებს, იყავით მეგობრული და მშვიდად მიიღეთ კრიტიკა. საყვარელი ადამიანის ქცევა მოსვენებას არ გაძლევთ, მაგრამ ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. ეს თქვენს ურთიერთობაში მცირე შეფერხებაა და სხვა არაფერი.

მერწყული

ამ დღეს სასიამოვნო და სასარგებლო ნაცნობობა გელით. ადამიანი, რომელსაც გაიცნობთ, მომავალში თქვენი კარგი მეგობარი გახდება. ემოციების კონტროლი და რაციონალური მიდგომა მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ, უკეთესი იქნება, თუ დაგროვებას დაიწყებთ. მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავეთ, რადგან ამჟამად სწრაფად მოქმედების რესურსი არ გაქვთ. მიეცით საკუთარ თავს დასვენების უფლება და, უბრალოდ, მოდუნდით.

თევზები

გადაწყვეტილების მიღებისას წარსული გამოცდილება და ძველი შეცდომები არ დაივიწყოთ. ეცადეთ, არაკეთილსინდისიერ ადამიანებთან ბრძოლაში სიმართლის დასამტკიცებლად მეტი ინფორმაცია და მტკიცებულება მოიპოვოთ. მოთმინება მოიკრიბეთ და სამართლიანობის აღდგენას შეძლებთ.

,,დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ! – თქვენ, საქართველოს დადუმებულო ელჩებო”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დიპლომატებს დიპლომატიის დღეს ვერ მიულოცავს.

პრეზიდენტი საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე განმარტავს, თუ რატომ არ აქვს ქართველი დიპლომატებისთვის მილოცვის სურვილი.

“დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ!

მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ, სწორედ ჩემი ინიციატივით დაარსდა ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც უკავშირდება სულხან საბა ორბელიანის სახელს და მოღვაწეობას და ასეთ იუბილეს უნდა აღვნიშნავდეთ სიამაყით! მითუმეტეს, რომ სულხან საბა ჩვენი ევროპული მისწრაფებების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ევროპული გზის, რომელსაც მივაღწევთ მხოლოდ დიპლომატიით. მაგრამ არა, ვერა, არც მოლოცვის სურვილი, არც სიამაყის განცდა! დღეს მისი ხსენება სულ ცოტა უხერხულია, როცა ხელისუფლება იმ ნანატრ ევროპულ გზას ფეხქვეშ თელავს, როცა რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებს დიპლომატების უმრავლესობა დუმილით ხვდება და არ აპროტესტებს.

ამ დროს, თქვენ, საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში და კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის???გადადგომას თუ ვერ ბედავთ, ხმის ამოღებასაც ვერა, ან განსხვავებულ აზრის დაფიქსირებას, აბა რაღა დაგრჩენიათ? ნუთუ ესოდენ გეშინიათ?!

რა სულხან საბა, რა ღირსება, რა პროფესიონალიზმი? … მშვიდობა სწორედ, მაშინაა საფრთხეში, როცა ქვეყანას არ გივარგა დიპლომატია! თავისუფლება, მაშინაა საფრთხეში, როცა ვინც ემსახურება სახელმწიფოს, იმას საკუთარი ლანდის ეშინია! დამოუკიდებლობა კი საფრთხეშია, როცა ისინი, ვინც გარეთ უნდა განგაშის სიგნალებს აწვდიდნენ ჩვენ პარტნიორებს რუსეთის ჰიბრიდულ ქმედებებს ვითომც და ვერ იმჩნევენ! გაქვავებულები, გამქრალნი, საელჩოებში, ვით სოროებში დამალულნი, არავის მათი ხმა არ გაუგია, არჩევნებში ემიგრანტების ხმის მიცემის კონსტიტუციის დაცულიუფლებაც ვერ დაიცვეს და იმალებიან… ოღონდ ვინმეს არ გაახსენდეს მათი არსებობა! ისტორია არ დაგივიწყებთ და სულხან საბას კი მოეშვით ! მისი ხსენება ვერ გიშველით და მის სახელს ჩრდილს უყენებთ!”, – წერს პრეზიდენტი.

თურქეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

თურქეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთთან ერთად 53-მა ხელმომწერმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთობლივი წერილით მიმართა, რომელშიც მოითხოვენ ისრაელისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

წერილი, რომელიც თურქეთის ინიციატივით მომზადდა, ხელმოწერილია 52 ქვეყნისა და ორი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და გაერო-ში პირველ ნოემბერს წარადგინეს. ხელმომწერებს შორის იყვნენ საუდის არაბეთი, ბრაზილია, ალჟირი, ჩინეთი, ირანი და რუსეთი, ორგანიზაციებს შორის კი არაბული ლიგა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია.

„ჩვენ ყველა შესაძლებლობისას უნდა გავიმეოროთ, რომ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა გენოციდში თანამონაწილეობას ნიშნავს“, – განაცხადა ფიდანმა პრესკონფერენციაზე.

,,თუ ამერიკა გახდება მშვიდობის მომხრე, მაშინ ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრედ” -ვიქტორ ორბანი

ევროპას მოუწევს გადახედოს უკრაინის მხარდაჭერას, თუ დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩევა. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, კონტინენტი „მარტო ვერ ატარებს ომის ტვირთს“. ორბანის განცხადებით, ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ „ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრედ“.

„ამერიკაში მშვიდობის მომხრე პრეზიდენტი, იქნება, რისიც მე არა მხოლოდ მჯერა, არამედ ციფრებსაც ასე ვკითხულობ… თუ მოხდება ის, რასაც ჩვენ მოველით და ამერიკა გახდება მშვიდობის მომხრე, მაშინ ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრედ”, – დასძინა მან.

ორბანის თქმით, უკრაინა იქნება განხილვის თემა მომავალ კვირაში ბუდაპეშტში ევროპელი ლიდერების შეხვედრისას.

„ევროპა მარტო ვერ ატარებს (ომის) ტვირთს და თუ ამერიკელები გადაერთვებიან მშვიდობაზე, მაშინ ჩვენც გვჭირდება ადაპტაცია და ეს არის ის, რასაც განვიხილავთ ბუდაპეშტში“, – დასძინა მან.

,,თუ რამე გინდათ, გაწყვიტეთ ვაჭრობა რუსეთთან, აიღეთ იარაღი ხელში და იომეთ”- თენგიზ შარმანაშვილი

იმის გამო, რომ რუსული საფრთხე აიცილონ, ბალტიელები დაუფარავად გვერეკებიან ომში. ჩვენ სანქციებისკენ მოგვიწოდებენ და თუნდაც რუსეთში ალკოჰოლის ექსპორტით გვისწრებენ. ჩვენ ავღანეთში ამხელა მსხვერპლი გვქონდა ნატოს ოპერაციაში და მაგათი სამხედროები შტაბიდან ცხვირს არ ყოფდნენ, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.

როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, ჩვენ მხოლოდ მაშინ ავიღებთ იარაღს, როდესაც ჩვენი ინტერესების შესაბამისი იქნება.

„იმის გამო, რომ რუსული საფრთხე აიცილონ, ბალტიელები დაუფარავად გვერეკებიან ომში. ჩვენ სანქციებისკენ მოგვიწოდებენ და თუნდაც რუსეთში ალკოჰოლის ექსპორტით გვისწრებენ !!!! ჩვენ ავღანეთში ამხელა მსხვერპლი გვქონდა ნატოს ოპერაციაში და მაგათი სამხედროები შტაბიდან ცხვირს არ ყოფდნენ. მიეჩვივნენ ჩვენ ხარჯზე სამოთხისკენ მოძრაობას. აღარ გამოგივათ. გეყოთ. თუ რამე გინდათ, გაწყვიტეთ ვაჭრობა რუსეთთან, აიღეთ იარაღი ხელში და იომეთ იმ ღირებულებებისთვის, რისი დაცვისკენაც მოგვიწოდებთ. ჩვენ მხოლოდ მაშინ ავიღებთ იარაღს, როდესაც ჩვენი ინტერესების შესაბამისი იქნება. მოკავშირეობაც თქვენზე უკეთესი ვიცით ბევრად, ბევრჯერ დავამტკიცეთ. ჩვენი ბრალია, რომ ასეთი სულელები გგონივართ. თუმცა, ამას ბევრი ჩემი უსამშობლო თანამოქალაქე უწყობს ხელს სამწუხაროდ. ამ შეურაცხყოფებს კი დავიმახსოვრებთ.“-წერს შარმანაშვილი.

ევროკავშირმა Temu-ში აკრძალული პროდუქტების გაყიდვის საქმეზე გამოძიება დაიწყო

 ევროკავშირმა ოფიციალური გამოძიება დაიწყო, რომელიც ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა Temu-ში აკრძალული პროდუქტების გაყიდვას ეხება. ასევე, განიხილავენ მის დიზაინსაც, რომელიც მომხმარებლებში მასზე დამოკიდებულებას აჩენს, რადგან თამაშის მსგავსად ჯილდოებზეა აგებული.

„რეალური ეჭვებია იმის შესახებ, რომ აკრძალული პროდუქტების გაყიდვის წინააღმდეგ საკმარისი და ეფექტიანი ნაბიჯები არ იდგმება”, – აცხადებენ ევროკომისიაში.

საუბარია მედიკამენტებზე, სათამაშოებსა და კოსმეტიკურ საშუალებებზე. მიმდინარე წელს ევროპის სავაჭრო ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Temu-ში ნაყიდი 19 სათამაშოდან უმეტესობა ბავშვების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყო. ისინი საშიშ ნივთიერებებს შეიცავდა და მახვილი კუთხეები ჰქონდა.

„ჩვენი ძალისხმევა იმის გარანტიას გვაძლევს, რომ წარმატების თანასწორუფლებიანობას უზრუნველვყოფთ და ყველა პლატფორმა, მათ შორის Temu, პატივს სცემს ყველა იმ კანონს, რომლებიც ევროპის ბაზარს უსაფრთხოსa და სამართლიანს ხდის”, – ამბობს ევროკომისიის წარმომადგენელი, მარგრეტ ვესტაგერი.

მართალია, Temu პლატფორმიდან აკრძალულ პროდუქტებს დროდადრო შლის, მაგრამ ისინი მალევე ისევ ჩნდება. ევროპაში მიაჩნიათ, რომ ეს კონტროლის სისტემის გაუმართაობაზე მიანიშნებს, რაც უნდა გამოსწორდეს.

ევროპის ბაზარზე Temu 2024 წლის აპრილში შევიდა და ამ რეგიონში უკვე 90 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ეს პოპულარობა მას ვალდებულს ხდის, რომ ციფრული სერვისების კანონს დაემორჩილოს, რომელიც ძალაში გასულ წელს შევიდა და ჯარიმებსაც ითვალისწინებს.

ამის თავიდან ასაცილებლად Temu-მ უნდა დაამტკიცოს, რომ ევროკავშირის ეჭვები უსაფუძვლოა ან პლატფორმაში ეფექტიანი ცვლილებები შეიტანოს.

რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ბელოზერკას დასახლებას დაარტყეს, მტრის თავდასხმის ქვეშ სასწრაფო სამედიცონო დახმარების ბრიგადა მოექცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაბომბვის დროს ქუჩაში მყოფი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლი და ექთანი დაშავდნენ. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც.

საკოორდინაციო შეხვედრა შედგა, რომელსაც ყველა კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ, ვემზადებით სრული მობილიზებისთვის – ბრძოლა იქნება ბოლომდე – ირაკლი კუპრაძე

„ძლიერი საქართველოს“ წევრის ლიდერის, ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, ოპოზიციის საკოორდინაციო შეხვედრას სამი ოპოზიციური კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ.

კუპრაძის თქმით, “ძლიერი საქართველოს” შტაბში გამართულ შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ პარტია “გახარია – საქართველოსთვის” წევრები.

მისივე თქმით, ბრძოლა ბოლამდე გაგრძელდება.

“საკოორდინაციო შეხვედრა შედგა, რომელსაც ყველა კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ. ხვალინდელი ღონისძიება იგეგმება, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად! მაქსიმალურად ვემზადებით, სრული მობილიზებისთვის, მათ შორის მტკიცებულებების წარმოსადგენად, რომელიც ამტკიცებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიისაკუთრა, გააყალბა არჩევნები და სამწუხაროდ, ამაში მრავალი ათასი ადამიანი ჩართული ჰყავდა. ბრძოლა ბოლომდე იქნება, არ ვაპირებთ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას და პარლამენტში შესვლას“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, „გაყალბებულ არჩევნებს არავინ მიანიჭებს ლეგიტიმაციას“.

„საერთაშორისო პარტნიორებთან და ელჩებთან შეხვედრა ორი დღის წინ შედგა. ამას ესწრებოდა 26 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა, მათ შორის პირველი პირები – ელჩები. არის ძალიან სწორი პოზიცია მათი მხრიდან, რომ არჩევნები ჩატარდა უმძიმესი დარღვევების ფონზე და ისინი ელოდებიან მტკიცებულებებს, რომელიც ჩვენ უკვე გავაცანით და ასევე, ელოდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საბოლოო შემაჯამებელ დასკვნებს, რაც ასევე, არის ძალიან კრიტიკული პირველადი ინფორმაციით და საბოლოოდ მიიღებს იმ ფორმას, რომ ლეგიტიმაციას გაყალბებულ არჩევნებს არავინ არ მიანიჭებს.

პრეზიდენტთან კოორდინაცია არსებობს. ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი იმისთვის, რომ არჩევნები საზოგადოებამ დაიცვას – პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა და მან უკვე გააკეთა ბევრი რამ იმისთვის, რომ არსებობდეს კონსოლიდაცია, კომუნიკაცია და ასევე, ის მუდმივად კონსულტაციებს აწარმოებს და კონტაქტშია დასავლეთის პირველ პირებთან. კერძოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებთან, პრემიერ-მინისტრებთან და ცდილობს მაქსიმალურად, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესები დაიცვას”, – განაცხადა კუპრაძემ.